ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

30.03.2025 •
რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

ბათუმის მერს საკრებულო აძლევს თანხმობას გარე ვაჭრობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გასცეს საზოგადოებრივი სივრცეები [მათ შორის ტროტუარი] და დაადგინოს საფასურიც. შესაბამისი პროექტი [ფასებთან ერთად] საკრებულოში უკვე შეტანილია და მას 31 მარტს სხდომაზე განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი სივრცეების შეღავათიან ფასად პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემის უფლება ბათუმის მერს საკრებულომ 2021 წლის აპრილში მისცა.

მიზეზად მაშინ კორონავირუსის პანდემია დასახელდა და ამ უფლებით მერს 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით უნდა ესარგებლა [მოგვიანებით საკრებულომ თავის განკარგულებაში შეიტანა ცვლილება და კორონავირუსის გამო დადგენილი შეღავათიანი ფასები გარევაჭრობისთვის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დატოვა].

ამ თემაზე: მერია ტროტუარებს გადასცემს რესტორნებს პირდაპირი წესით და შემცირებული ფასით

საკრებულოში შეტანილი ახალი განკარგულების პროექტის მიხედვით დადგენილია განსხვავებული/გაზრდილი ფასები და 1 კვადრატული მეტრი ტერიტორიის სარგებლობისთვის ქალაქის სხვადასხვა ზონაში თვეში 15-დან 30-მდე ლარია.

განკარგულების პროექტში აღნიშნულია:

  • „ქალაქ ბათუმის მერს მიეცეს თანხმობა საზოგადოებრივი სივრცის გარევაჭრობისათვის, ასევე რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე სივრცის მაგიდის და სხვა ნივთის [მათ შორის I კლასის ობიექტის] განლაგებისათვის, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან, საზოგადოებრივი სივრცე(ები) პირდაპირი განკარგვის წესით გასცეს სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, მოქმედი გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესითა და სხვა მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
  • ქალაქ ბათუმის მერს მიეცეს თანხმობა დაადგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის საფასური, დანართის შესაბამისად.“

ამ დანართის მიხედვით ფასები ყოველთვიურად შემდეგნაირად განისაზღვრა:

წყარო: ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი

განკარგულების პროექტს თან ახლავს რუკა, რომელზეც ქალაქის ტერიტორია 5 ზონად არის დაყოფილი [ზემოთ აღნიშნული ფასებიც ამ ზონების მიხედვით არის დადგენილი]:

წყარო: ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი

ზემოთ აღნიშნული ფასები მას შემდეგ იქნება დადგენილი, რაც საკრებულოს ახალი განკარგულება შევა ძალაში. ამ განკარგულების პროექტს კი, საკრებულო დიდი ალბათობით 2025 წლის 31 მარტს სხდომაზე დაამტკიცებს.

„განკარგულების მიღება ხელს შეუწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში [ტროტუარი და სხვა] სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გაცემის მოწესრიგებას, მეწარმეობის ხელშეწყობასა და განვითარებას“ – აღნიშნულია განკარგულების განმარტებით ბარათში.

ბათუმის მერია გარევაჭრობის ადგილებს საკუთარი ინიციატივით ან დაინ­ტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განსაზღვრავს და შესაბამის ნებართვებს გასცემს, თუმცა მერიის ნებართვა ყველასთვის ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი.

ბათუმში მიტაცებული საჯარო სივრცეები დიდი ხანია საზოგადოების კრიტიკის საგანიცაა, თუმცა არაფერი იცვლება. მუნიციპალიტეტი, მიუხედავად შესაბამისი დადგენილებების თუ განკარგულებების მიღებისა, პრობლემას არ აგვარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის საკრებულოს მიღებული აქვს ერთი დადგენილება, რომელიც 2021 წლის პირველი მაისიდან არის ძალაში შესული.

ამ დადგენილებით, თუ ბათუმში ტროტუარის სიგანე არის 2,5 მეტრის ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში გარევაჭრობა არ დაიშვება. 3 მეტრი და მეტი სიგანის ტროტუარის შემთხვევაში კი, განსაზღვრულია, თუ რა პერიმეტრზე დაიშვება გარევაჭრობა და ტროტუარის რა ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი:

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში მაისიდან გარევაჭრობის ახალი წესი ამოქმედდება

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: