„ბათუმის მერიაში გვითხრეს, რა გეგონათ, სულ მაქ იქნებოდითო? მაინც და მაინც ჩვენ, მცირე მოვაჭრეებს თუ გაგვივიდა ვადა, 20 წელია მთავრობაში არიან და მათ ვადა არ გაუვიდათ?“ – ამბობს ქალი, რომელიც სუვენირებით ვაჭრობდა ბათუმში და დღეს, 27 აპრილს უკვე მეორედ ჩავიდა ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფთან“, რომ ამ გზით მიეწვდინა ხმა ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის.
ბათუმში სუვენირებით და ხილით მოვაჭრე ათობით ადამიანი უმუშევარი 2026 წლის თებერვლიდან დარჩა – ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები გოგებაშვილის ქუჩიდან, ასევე ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან აიღო. მოვაჭრეებმა ამ დრომდე არ იციან, მოახერხებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას და რა პირობებში. მათ აღარ მისცეს საშუალება, იმავე სანებართვო პირობებით ემუშავათ ჯიხურებში, სადაც წლებია მუშაობდნენ.
დღეს, 27 აპრილს, ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფის“ შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან მივიდნენ, რადგან „ის წყვეტს ყველაფერს“ და ეს რომ ასეა, სუვენირებით მოვაჭრეების საქმეშიც გამოჩნდა: მოვაჭრეები განმარტავენ, რომ წინა აქციის შემდეგ, როცა აქცია ისევ შეკვეთილში გაიმართა, აქციის მონაწილეებს იმავე დღეს შეხვდა ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.
„მანამდე ჩაწერილი ვიყავით და არ გვხდებოდა… გიორგი ცინცაძემ თქვა, რომ იმ ეტაპზე არ იცოდა, რა როგორ მოხდებოდა. მივეცით ვადა 30 დღე. 30 დღის შემდეგ გვითხრეს, რომ ისევ ფიქრის რეჟიმში არიან,“ – ამბობენ მოვაჭრეები.
სუვენირებითა და ხილის წვენებით მოვაჭრეების წინა აქცია შეკვეთილში 2026 წლის 24 მარტს გაიმართა.
დღეს სუვენირებით მოვაჭრეებს შეკვეთილში არავინ შეხვედრია. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ მათ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ბათუმის მერიასთან გამართეს აქცია და კიდევ ერთხელ შეხვდნენ ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს.
ამ თემაზე:
ივანიშვილის სასტუმროსთან შეკვეთილში საპროტესტო აქციას მართავენ






