მთავარი,სიახლეები • • • •

ბათუმის მერია 3 მილიონ ლარად 67 მოსაცდელს ყიდულობს, დაპირებული 150-ის ნაცვლად

27.11.2026
ბათუმის მერია 3 მილიონ ლარად 67 მოსაცდელს ყიდულობს, დაპირებული 150-ის ნაცვლად

ბათუმის მერიას ქალაქში ავტობუსის გაჩერებებზე 150 ცალი მოსაცდელის მონტაჟი ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც 3 მილიონი ლარი იყო გაწერილი, თუმცა ახლახან გამოცხადებული ტენდერით ირკვევა, რომ ამ თანხით მხოლოდ 67 ცალ მოსაცდელს იყიდიან და დაამონტაჟებენ.

1 მოსაცდელის შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტში 44 776 ლარია გათვალისწინებული.

2026 წლის ბიუჯეტში ეწერა, რომ „მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე კონსტრუქციული ნაგებობების შეძენა, დემონტაჟი და მონტაჟის სამუშაოები მრავალწლიანი პროექტია; სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2026-2027 წწ.] შეადგენს 3 000 000 ლარს“. მიმდინარე წლისთვის 500 ათასი ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული. დანარჩენი 2,5 მილიონი კი, მომდევნო, ანუ 2027 წლისთვის.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტშიც აღნიშნულია, რომ „ბათუმში, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გადახურული მოსაცდელების მოწყობა [შეძენა/მონტაჟი] მრავალწლიანი პროექტია; სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2026-2027 წწ.] შეადგენს 3 000 000,00 ლარს“.

ანუ, არც საერთო რაოდენობა [150 ცალი მოსაცდელი] და არც მათი შეძენა-მონტაჟისთვის საჭირო თანხა [3 მილიონი ლარი] არ შეცვლილა. შესაბამისად, მოსაცდელების მოწყობისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტშიც 2,5 მილიონი ლარია გაწერილი.

2026 წლის ბიუჯეტის და ბიუჯეტის პროექტის ეს მონაცემები რომ ავიღოთ, ასე ვთქვათ, მათემატიკურად ყველაფერი წესრიგშია, თუმცა არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი.

მაგალითად, 2026 წლის ბიუჯეტში ერთი მოსაცდელის ფასი 3 333 ლარია მითითებული, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ერთი მოსაცდელის ფასად მითითებულია 16 667 ლარი.

67 მოსაცდელის მოწყობაზე 3 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კი, 1 ცალი მოსაცდელის შესყიდვის ფასი 44 776 ლარი გამოდის.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც მოსაცდელი კონსტრუქცია არ დგას

ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა.

წყარო: ტენდერი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ტენდერის მიხედვით 67 მოსაცდელის შეძენა-მონტაჟისთვის 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული [ეს ფასი ტენდერის შედეგის მიხედვით დაზუსტდება].

ტექნიკური დავალება ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 23 დეკემბერს დაიწყება და 28 დეკემბერს დასრულდება. მოსაცდელების მოწყობის ბოლო ვადა 2027 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდია. საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.

რატომ გამოაცხადეს 3 მილიონი ლარით ტენდერი 67 მოსაცდელის შეძენა-მონტაჟზე და არა 150 მოსაცდელზე? გამოაცხადებენ თუ არა დარჩენილ 83 მოსაცდელზე ტენდერს და რა ფინანსებით? – ამ საკითხების გასარკვევად „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში ახალი მოსაცდელები დაგეგმილ 150-ვე ლოკაციაზე მოეწყობა. მერიაში აცხადებენ, რომ მოსაცდელების მოწყობის ფასი მოგვიანებით დაზუსტდა და 2027 წლის ბიუჯეტში თანხა დამატებით გამოიყოფა.

„პროექტის განხორციელებისთვის 2026-2027 წლების ბიუჯეტებში ჯამურად 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ დაზუსტდა მოსაცდელების შესყიდვისა და მონტაჟის ღირებულება. შესაბამისად, გამოცხადებული 3-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში შესაძლებელი იქნება 67 მოსაცდელის შეძენა და მონტაჟი.

პროცესი გაგრძელდება, 2027 წლის ბიუჯეტში განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები და გამოიყოფა დამატებითი ფინანსური რესურსი, რაც დარჩენილ ლოკაციებზეც მოსაცდელების მოწყობას უზრუნველყოფს“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან.

ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული ადგილები, თუ სად იგეგმება ახალი მოსაცდელების მონტაჟი.

შესასყიდი მოსაცდელების ნიმუშები ტენდერიდან

„ბათუმელები“ 4 წლის წინ შეეცადა გაერკვია, რამდენი გაჩერება იყო ბათუმში, რამდენ გაჩერებაზე იდგა მოსაცდელი ჯიხური, ვის ევალება მათი დადგმა და ა.შ. თუმცა მაშინ კონკრეტული სტატისტიკის მიღება ვერ მოხერხდა, ვერც ბათუმის მერიიდან და ვერც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“.

ამ თემაზე: ბათუმი ავტობუსის მოსაცდელების გარეშე – რას ამბობენ მერიაში

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, ბათუმის სხვადასხვა უბანში შპს „ალმას“ ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით. „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. თუმცა, ბათუმში უკვე არსებული მოსაცდელები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ამ თემაზე ვრცლად:

3 მილიონი ლარი ავტობუსის მოსაცდელებისთვის ბათუმში – უცნობია, სად და რის დადგას აპირებენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: