მთავარი,სიახლეები • • •

10 თვეში ჯარიმებიდან 26,9 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში

16.11.2026
10 თვეში ჯარიმებიდან 26,9 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში

10 თვეში, ბათუმის ბიუჯეტში, ჯარიმებიდან 26 მილიონ 989 700 ლარი შევიდა. ანგარიშში, რომელიც ბათუმის მერიამ საკრებულოს წარუდგინა, მონაცემები დიფერენცირებული არ არის, თუმცა გასული წლის ანგარიშის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი ჯარიმებით შეგროვდა.

გასულ, 2025 წელს ბიუჯეტში, ჯარიმებიდან, 19 მილიონ 602 300 ლარი შევიდა, აქედან 13 მილიონ 676 000 ლარი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა იყო, 271 600 ლარი უბილეთო მგზავრობის, 56 100 ლარი კი ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისთვის დაკისრებული ჯარიმა.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მერია ჯარიმებიდან 24 მილიონის ამოღებას გეგმავს, ასეთია პროექტის პირველად ვარიანტში მოცემული პროგნოზი.

ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს ბიუჯეტში „სხვა შემოსავლები“ აერთიანებს, ამ თავში შედის მოსაკრებლებიც.

2026 წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით, საპროგნოზო მოცულობა 115 მილიონ 908 500 ლარით იყო განსაზღვრული. ფაქტობრივმა შესრულებამ კი 131 მილიონ 804 100 ლარი, ანუ გეგმის 114% შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში სხვა შემოსავლების წილი 33.9 პროცენტია.

საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით 10 თვეში ბიუჯეტში მობილიზებულია 14 მილიონ 059 800 ლარი, პროცენტებიდან კი 11 მილიონ 579 300 ლარი, ხოლო რენტის სახით, ანუ მუნიციპალური ქონების გაქირავებიდან მიღებულია 2 მილიონ 480 500 ლარი.

ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში 84 მილიონ 489 700 ლარი შევიდა. მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებლის სახით მიღებული 24 მილიონი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 53 მილიონ 979 200 ლარი.

საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 10 თვის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა 388 მილიონ  954 100 ლარი შეადგინა. ეს, მთლიანი შემოსულობების, 2026 წლის დაზუსტებული გეგმის მაჩვენებლის 76.0%-ია.

შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე 125 მილიონ 510 800 ლარი [შემოსულობების 32.3%] მოდის, გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებულ შემოსავლებზე – 124 მილიონ 933 800  ლარი [შემოსულობების 32,1%].

სხვა არასაგადასახადო შემოსავლებზე – 131 მილიონ 804 100 ლარი, შემოსულობების 33,9% და არაფინანსური აქტივების კლებაზე [პრივატიზებიდან მიღებულ შემოსულობაზე] – 6 მილიონ 705 300 ლარი, რაც შემოსულობების 1.7%  პროცენტია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: