ბათუმის მერიამ საკრებულოში დასამტკიცებლად პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ახალი წესის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. საკრებულო საკითხს 2026 წლის 27 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს.
ახალი დადგენილების დამტკიცების შემთხვევაში უქმდება დღეს მოქმედი წესი, რომელიც 2010 წლის დადგენილებით იყო მიღებული და რომელშიც რამდენჯერმეა შეტანილი ცვლილება.
საკრებულოში წარდგენილი ახალი დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი „მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ საკრებულოს 2010 წლის დადგენილება მოყვანილი იქნას მოქმედ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, მათ შორის, ზუსტდება ტერმინთა განმარტება. გამოყენებული იქნება ტერმინი ავტოსატრანსპორტო საშუალება და ამ დადგენილების მიზნებისათვის მისი მნიშვნელობა.“
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი დადგენილებით „ზუსტდება პარკირების ადგილების განსაზღვრის წესი ქუჩების გადაკვეთიდან დაშორებასთან დაკავშირებით და ის განისაზღვრება 5 მეტრით, ნაცვლად 3-4 მეტრისა, რაც შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დანაწესს“.
მაგალითად, დღეს მოქმედი დადგენილებით;
- „პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით“.
ახალი დადგენილებით კი:
- „პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა
იყოს არანაკლებ 5 მეტრით“.
დღეს მოქმედი დადგენილებით ავტომანქანის დგომის წესსში მითითებული იყო – „მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა“. ახალი დადგენილებით კი, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ზუსტდება ავტომანქანის დგომის წესი, კერძოდ, „მართობული“ შეიცვალა სიტყვით „პარალელური“.
მიუხედავად იმისა, რომ „პარალელური“ დგომის წესი [გზის კიდის ან ბორდიურის პარალელურად ავტომობილის დგომა] ქალაქში მოქმედებს, ის შესაბამის დადგენილებაში ამ დრომდე არ წერია [მართობული და 90-გრადუსიანი დგომა კი ფაქტობრივად ერთი და იგივეა].
ახალი დადგენილებითაც კვლავ „იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის“, ოღონდ, „გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარკირების ადგილების გამოყენება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით ხდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებისათვის.“
„პროექტის მიღება არ საჭიროებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას და პროექტის განხორციელება არ მოახდენს პირდაპირ გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე“ – წერია განმარტებით ბარათში.
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
პარკირების მოქმედ წესებში ცვლილებები ქალაქის საკრებულომ წინა სხდომაზეც შეიტანა.
ამ თემაზე ვრცლად:
რა შემთხვევაში არ გადაიხდის პარკირების საფასურს ბათუმში შშმ პირი – მერია საცნობ ნიშნებს გასცემს






