„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა.
ეს რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ სკოლებში სწავლა გახდება 11-წლიანი, უმაღლეს სასწავლებლებში კი შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა.
რატომ არის დაანონსებული რეფორმა რეალურად იზოლაციისკენ მიმართული და არა პროგრესული?
კობახიძის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა განათლების სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ექსპერტი, განათლების სპეციალისტი. მათი შეფასებით, ამ ცვლილებებით ქართული განათლების სისტემა კიდევ უფრო დაშორდება დასავლური განათლების სისტემას და ქართული ატესტატი თუ დიპლომი დაკარგავს საერთაშორისო აღიარებას.
მაგალითად, საშუალო სკოლის ატესტატი ფაქტობრივად უპერსპექტივო გახდება, რადგან ამერიკულ და ევროპულ სკოლებში სწავლა 12 ან 13-წლიანია და თუ ქართველი მოსწავლე გადაწყვეტს, რომ სწავლა დასავლეთის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში გააგრძელოს სკოლის დასრულების შემდეგ, ის ამას ვეღარ შეძლებს – დასავლეთი ასეთ ატესტატს არ აღიარებს და მოსწავლეს მოუწევს მთელი რიგი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა იმისათვის, რომ რომელიმე ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტში მოხვდეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე შვილებს არ ატარებს საჯარო სკოლაში და მათ განათლებაში დაახლოებით 40 ათას ლარს იხდის წელიწადში. თავად კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განათლება გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.კობახიძე ამ პრობლემაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „მანდაც შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა 12 წლის დახურვა, შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა. თუ არადა, ნებისმიერ ახალგაზრდას, მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან დახუროს, საზღვარგარეთ მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
აქ, ალბათ, თვალშისაცემია სიტყვა „ნებისმიერი“, რადგან ხარისხიანი განათლება საქართველოში მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია კერძო ან უცხოურ სკოლებში, რაზეც ძირითადად, მდიდარი საჯარო მოხელეების და „ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილებს თუ მიუწვდებათ ხელი.
საშუალო და ღარიბი სოციალური შესაძლებლობის ოჯახები კი უცხოეთში ვერ შეძლებენ თავიანთი შვილების გაგზავნას მე-12 კლასის დასასრულებლად, რაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და სასკოლო განათლების მისაღებად გრანტები თითქმის არ არსებობს.
ქვეყანაში, სადაც 700 000-მდე ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 70 ათასამდე ბავშვი შიმშილობს ოფიციალური მონაცემებით, ამ ოჯახებს ეუბნებიან, რომ „შეუძლიათ, შვილებს მე-12 კლასი უცხოეთში დაასრულებინონ.
სპეციალისტების შეფასებით, ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა ახალგაზრდებს საქართველოდან ართმევს შესაძლებლობას, განათლება დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღონ, მიუხედავად მათი ოჯახური მდგომარეობისა. წლების მანძილზე ხელმოკლე ოჯახები სწორედ იმიტომ ახერხებდნენ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მოპოვებას, რომ ქართული განათლების სისტემა თანხვედრაში იყო დასავლურ განათლებასთან.
გუშინ დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, „ოცნების“ მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში ზღუდავს ფაკულტეტების რაოდენობას.
„1 ქალაქი, 1 ფაკულტეტი“ – ამბობს კობახიძე. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, სამართალს ან მენეჯმენტს ისწავლით მხოლოდ ერთ რომელიმე უნივერსიტეტში და არა ყველგან.
კობახიძემ ასევე ისაუბრა პროფესორების შემცირებაზე და თქვა, რომ ერთ ფაკულტეტზე საკმარისია ერთი პროფესორი. სხვა აკადემიური პერსონალი დაიკავებს მხოლოდ ასისტენტების პოზიციას.






