ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება

24.06.2020
გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება

საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ იმ დასახლებების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. „7 მაღალმთიანი დასახლება, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით შეირჩა“, – მოგვწერეს რეესტრიდან.

დასახლებები, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება:

[checklist]

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები.

[/checklist]

„2016 წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი – სამზე მეტჯერ. რეფორმით გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, 815 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. რეგისტრირებულმა ფართობმა კი  ჯამში 1 021 645 ჰა შეადგინა (24.05.2020 მონაცემებით). შედარებისთვის, დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25 წლის მანძილზე რეგისტრირებული იყო დაახლოებით იგივე ოდენობის მიწის ფართობი“, – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან.

რაც შეეხება გომისმთას, მას სტატუსი ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით მიენიჭა [ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა]. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“.

გომისმთის მიმდებარედ სახლები წლებია მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზეც აქვთ, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კონკრეტულად კი, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

იმის შესახებ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მაისში განაცხადა. მთავრობის ინფორმაციით, მომავალი წლის დასაწყისიდან პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. საქართველოს მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

ამ თემაზე ვრცლად:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

 

მთავარი ფოტო: გომის მთა ივნისში / 2019 წელი / გურამ მურვანიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: