როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა პოლიტიკური პარტიები საქართველოში – ინტერვიუ საბჭოთა წარსულის მკვლევართან

დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს არ კრძალავენ. პოლიტიკური პარტიები იკრძალება ტოტალიტარულ რეჟიმებში.

საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, გაქრობის და განადგურების გამოცდილება.

1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა დაიწყეს „ზრუნვა“ მოესპოთ დაპყრობილ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი და გაექროთ ყველა, ვინც მათ იდეებს არ იზიარებდა.

ბოლშევიკებს პარტიების საბოლოო აკრძალვისთვის წლები და მძიმე რეპრესიები დასჭირდათ.

ოკუპაციის პირველ წლებში შეიქმნა ასეთი ვითარება – ლეგალურად არსებობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ პარტიებს, ვინც აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას და თანამშრომლობდა მასთან. ბოლშევიკებმა მოახერხეს ზოგიერთი პარტიის შიგნით განხეთქილების შეტანა (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტები და მემარცხენე ესერები), რომელთა ნაწილმა დაიწყო თანამშრომლობა რეჟიმთან და მიიღო პრესისა თუ ორგანიზაციული საქმიანობის შეზღუდული უფლება.

წამყვანი პარტიები (სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტთა ძირითადი ნაწილი), რომლებიც არ ცნობდნენ ოკუპაციას, უმკაცრესი სამხედრო-საგანგებო ზომებით გაანეიტრალეს.

აიკრძალა მათი პრესა, შეკრებები და კონფერენციები. 1921 წლის აპრილ-მაისში დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებების პირველი ტალღა.

პარტიები იძულებული გახდნენ სრულად იატაკქვეშეთში გადასულიყვნენ.

1922 წლის დასაწყისში შეიქმნა ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი – „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ (დამკომი). ხოლო 1922-1924 წლებში ბოლშევიკებმა მოახერხეს და პარტიებმა დაიწყეს ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ კამპანია.

საბჭოთა ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის მიზანი იყო არა უბრალოდ პარტიების  აკრძალვა, არამედ პროპაგანდისტული სურათის შექმნა, თითქოს ქართველმა პოლიტიკოსებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი საკუთარ იდეოლოგიაზე და თავად დაშალეს პარტიები.

ე.წ. „ჩეკა“ მეტეხის ციხეში მყოფ ასობით პოლიტპატიმარს აწამებდა, აშანტაჟებდა და ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებით აიძულებდა, ბოლშევიკურ პრესაში მოენანიებინათ საკუთარი წარსული და პარტია დაეტოვებინათ.

შედეგად, 1923 წლის აგვისტოში თბილისში გაიმართა „ყოფილი მენშევიკების“ თეატრალიზებული ყრილობა, სადაც პარტიის „თვითლიკვიდაცია“ გამოცხადდა. ანალოგიური სცენარით გააუქმეს სხვა პარტიებიც, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები და თვით კოლაბორაციონისტი მემარცხენე მოკავშირეებიც კი, რომლებიც კომპარტიას შეუერთეს.

1924 წლის დასაწყისისთვის საბჭოთა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობდნენ.

ირაკლი ხვადაგიანი

ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის წევრი ირაკლი ხვადაგიანი „ბათუმელებთან“ საუბრობს თუ როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა საბჭოთა ოკუპაციის დროს ქართული სახელმწიფოებრიობა და როგორ მოკლეს პოლიტიკური პროცესი.

  • როგორ და რა მეთოდებით დაიწყეს ბოლშევიკებმა ოპოზიციური პარტიების განადგურება 1921 წელს?

ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო და არა ტრაფარეტული. ოკუპაცია ხდება 1921 წლის თებერვალ-მარტში. ომის დამთავრებისა და სრული ოკუპაციის შემდეგ, როდესაც სისტემა იწყებს ტოტალიტარული ინსტიტუტების მოწყობასა და ძველი, დემოკრატიული სისტემის განადგურებას, პირდაპირი განკარგულება ან კანონი პარტიების აკრძალვის შესახებ არ მიუღიათ – გადაწყვეტილების დონეზე ასეთი რამ არ ყოფილა.

უბრალოდ, შეიქმნა დე-ფაქტო მოცემულობა: საბჭოთა სახელმწიფოში არ უნდა ეარსება პარტიებს, რომლებიც არ აღიარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. თუმცა ამ ეტაპზე რეჟიმი თავს ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა სრულიად გარანტირებულად და დომინანტად. გარე თვალისთვის მათ სჭირდებოდათ, თუნდაც ძალიან ფიქციური და მინიმალური, პლურალიზმის შირმის შენარჩუნება (რასაც, სხვათა შორის, ოფიციალური პროპაგანდით ბოლომდე აკეთებდნენ: სტალინური ტოტალიტარიზმის გავლის შემდეგაც კი საბჭოთა კავშირს ფორმალურად მართავდა არა მხოლოდ კომპარტია, არამედ „კომუნისტებისა და უპარტიოთა ბლოკი“).

თავიდანვე ასეთი დათქმა იყო: თუ არსებობს პარტია, რომელიც აღიარებს საბჭოთა ხელისუფლებას, ეთანხმება მის კურსს და თანამშრომლობს კომპარტიასთან, მას შეუძლია იარსებოს. ოკუპაციის პირველსავე კვირებში რუსულმა რეჟიმმა საქართველოში შეძლო ორი ყოფილი ოპოზიციური პარტიის შიგნით განხეთქილების შეტანა – სოციალისტ-ფედერალისტებსა და სოციალისტ-რევოლუციონერებში (ესერებში).

რამდენიმე ლიდერი და მცირე ნაწილი ჩამოსცილდა ამ პარტიებს, თავი გამოაცხადეს „მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებად“ და „მემარცხენე ესერებად“ და დაიწყეს თანამშრომლობა ბოლშევიკურ პარტიასთან. მათ ჰქონდათ არსებობის საშუალება – შეეძლოთ გაზეთის გამოცემა, ორგანიზაციის ქონა.

მაგრამ ის პარტიები, რომლებიც არ ეგუებოდნენ ოკუპაციას, დაუყოვნებლივ მოექცნენ დარტყმის ქვეშ. ეს იწყება ოკუპაციიდან ძალიან მალე.

1921 წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებების პირველი ტალღა წამოვიდა. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს ლეგალურად არსებობის საშუალება აეკრძალათ: მათ აპატიმრებდნენ იმ საბაბით, რომ ანტისაბჭოთა პარტიებს წარმოადგენდნენ; აეკრძალათ პრესა და ლეგალური გამოცემები.

ცხადია, გამორიცხული და შეზღუდული იყო ორგანიზაციული საქმიანობაც – კონფერენციების ჩატარება, ყრილობის ორგანიზება თუ მოქალაქეებთან ღია მუშაობა.

ფაქტობრივად, პირველივე კვირებში, როდესაც ძირითადი, მთავარი გავლენიანი პარტიები (სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტები) ცდილობდნენ მინიმალურ კომპრომისზე მაინც შეთანხმებულიყვნენ საოკუპაციო რეჟიმთან, იმ არგუმენტით, რომ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ დასაყრდენი საქართველოში, წარმოადგენდნენ მარგინალურ ძალას, რომლის ძალაუფლება მხოლოდ ხიშტებს ეყრდნობოდა, და თუ სურდათ საომარი მდგომარეობა არ გაღრმავებულიყო, მინიმალური კომპრომისი დაეშვათ პრესისა და ლეგალური არსებობის სახით, ეს მცდელობები უარით დასრულდა.

ბოლშევიკური რეჟიმისთვის პრესის თავისუფლება და არასაბჭოთა პარტიების ლეგალური არსებობა ფუნდამენტურად მიუღებელი იყო.

დაიწყო რეპრესიები.

პარტიები სრულად გადავიდნენ იატაკქვეშეთში და ეს ვითარება გაგრძელდა 1921-1922 წლების განმავლობაში. 1922 წლიდან კი, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რეჟიმი იწყებს ძლიერ, მასირებულ კამპანიას პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისთვის“.

ეს განსხვავდება პირდაპირი აკრძალვისგან: პარტიები ისედაც აკრძალულები არიან, იატაკქვეშეთში არსებობენ და 1922 წლის დასაწყისისთვის ქმნიან წინააღმდეგობის ერთიან ცენტრს – „დამოუკიდებლობის კომიტეტს“. მაგრამ რეჟიმს სჭირდება დაამტკიცოს და პროპაგანდისტულად აჩვენოს, თითქოს წინააღმდეგობა აღარ არსებობს და ეს პარტიები თვითონვე „გაიხრწნნენ“, დაიშალნენ.

საარქივო მასალების მიხედვით, 1922 წლის მეორე ნახევარში რეჟიმი აპირებდა საჩვენებელ გასამართლებას ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერებისა, თეატრალიზებულ საბჭოურ სტილში, თითქოს ეს იყო „სისხლისმღვრელი, დამნაშავე რეჟიმი“.

ამისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ. მეტეხის ციხეში მყოფმა პოლიტპატიმრებმა და პარტიის ლიდერებმა ამის შესახებ როდესაც შეიტყვეს, საპროტესტო წერილით მიმართეს რევკომს, შემდგომ უკვე სახალხო კომისართა საბჭოს. მათ განაცხადეს: „გავიგეთ, რომ აპირებთ ასეთ სასამართლოს ორგანიზებას; ცხადია, რასაც ემსახურება ეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას ერთი პირობით, პროცესი ჩატარდეს სრულიად ღია ვითარებაში და არა დახურულ კარს მიღმა, შერჩეული აუდიტორიით“.

წინააღმდეგობის მოძრაობა და პარტიები თავს იმდენად მყარად გრძნობდნენ, რომ იცოდნენ: ნებისმიერი ასეთი პროპაგანდისტული წამოწყება, თუკი ის საჯარო იქნებოდა, ავტომატურად გადაიქცეოდა თავად რეჟიმის საწინააღმდეგო სასამართლოდ. ამიტომ, და ასევე თავად კომპარტიის შიგნით არსებული განხეთქილებისა და ბრძოლის გამო (ე.წ. „ქართველ ნაციონალ-უკლონისტთა საქმე“), ეს სასამართლო პროექტი ჩავარდა და მიივიწყეს.

როდესაც 1922 წლის ბოლოს სტალინური ვერტიკალის კონსოლიდაცია მოხდა და საქართველოს კომპარტიაში სტალინის პროტეჟეების ხაზი გაბატონდა, აქედან იწყება დიდი კამპანია პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისა“.

  • რა მეთოდებს იყენებდნენ პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისათვის“ და  როგორ გაუმკლავდნენ ისინი ამ მეთოდებს?

ასობით და ათასობით პოლიტიკური პატიმარი გამოკეტეს ციხეებში სხვადასხვა პარტიიდან. მათზე სათითაოდ დაიწყეს ზეწოლა, ფსიქოლოგიური წნეხი, წამება, შანტაჟი. აიძულებდნენ, მიეღოთ გადაწყვეტილება: თუ ბოლშევიკურ პრესაში გამოაქვეყნებდნენ განცხადებას, რომ ტოვებდნენ პარტიას, გმობდნენ მის კურსს და ურიგდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, მათ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.

ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური განცხადებები. 1923 წლის პირველ ნახევარში ამან ბუმის სახე მიიღო. პირველი მთავარი სამიზნე იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. პარტიიდან გასულ ყოფილ წევრებს „ჩეკასა“ და კომპარტიის ზედამხედველობით ატარებინებდნენ სამაზრო და საოლქო კონფერენციებს, გამოჰყავდათ დელეგატები, ხოლო 1923 წლის აგვისტოში თბილისში ჩაატარეს ყოფილი მენშევიკების დელეგატების თეატრალიზებული ყრილობა. იქ ამ ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას, დაგმეს პარტიის წარსული და განაცხადეს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია საქართველოში აღარ არსებობს.

ეს იყო ინსტრუმენტალიზებული, დაშანტაჟებული პოლიტპატიმრების გამოყენებით დადგმული სპექტაკლი, რათა ეჩვენებინათ, თითქოს პარტიამ საკუთარი თავი თავადვე გააუქმა, რომ სისტემამ კი არ გააუქმა, არამედ თვითონ წევრებმა დაშალეს და შეუერთდნენ ხელისუფლებას.

ამის პარალელურად, ის პირველი ორი პარტიასაც, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტები და მემარცხენე ესერები, რომლებიც აქამდე არსებობდნენ და თანამშრომლობდნენ, იმავე პერიოდში აიძულეს, თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინათ დირექტივით: „ცალკე პარტიად ყოფნა აზრს მოკლებულია, ჩვენ ყველა უნდა გავხდეთ ბოლშევიკები“. მათი ლიდერები და აქტიური წევრები კომპარტიის რიგებში მიიღეს.

ამ კამპანიით სისტემამ ველი სრულად გაასუფთავა: 1923 წლის აგვისტოში მოხდა სოციალ-დემოკრატების „თვითლიკვიდაცია“, შემოდგომაზე ეროვნულ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ესერების.

1924 წლის დასაწყისისთვის რეჟიმი უკვე აცხადებდა, რომ წინააღმდეგობა აღარ არსებობს, პარტიები აღარ არიან, თვითონვე „გაიხრწნნენ“ და მცდარი გზა აღიარეს; ხოლო თუ ვინმე კიდევ იატაკქვეშეთში რჩებოდა, მათ მარგინალურ ჯგუფებად, ავანტიურისტებად და ჯაშუშებად ნათლავდნენ.

ამ დროს მნიშვნელოვანია, თავად წინააღმდეგობის მოძრაობა როგორ მოქმედებდა: იატაკქვეშა პარტიებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გარდა რამდენიმე ლიდერისა (მაგალითად, დამფუძნებელი კრების რამდენიმე ყოფილი დეპუტატისა, რომლებმაც ვერ გაუძლეს ზეწოლას), არ გაკიცხონ ის რიგითი ადამიანები, ვინც ხელს აწერდა ამ განცხადებებს და ციხიდან გამოდიოდა.

მთავარი იყო ამ ადამიანების ფიზიკური გადარჩენა. მეტიც, იყო საიდუმლო მითითება: ვისაც მიაჩნია, რომ ციხიდან გამოსვლით შეძლებს ისევ დაუბრუნდეს იატაკქვეშეთს, გამოიყენოს ეს ჩარჩო, თავი დააღწიოს ციხეს და კვლავ ჩაერთოს ბრძოლაში. ბევრმა ასეც გააკეთა. რეჟიმიც შეშფოთებული იყო, რადგან ხედავდა, რომ თავისუფლებაზე გამოსული ხალხი კავშირს არ წყვეტდა იატაკქვეშეთთან და პირიქით, ეხმარებოდა მათ.

და მეორე მომენტი: თვით ამ პროპაგანდისტულ სცენაზეც კი, ყრილობებზე, ზოგიერთი ყოფილი პარტიული მაინც რისკავდა და ამხელდა ამ ფარსს. იყო ასეთი დავით მურმანიშვილი, ძველი სოციალ-დემოკრატი, რომელმაც წამებისა და ზეწოლის შემდეგ ხელი მოაწერა განცხადებას, გამოუშვეს ციხიდან და დელეგატად მიიყვანეს ყრილობაზე.

როგორც კი სიტყვის თქმის საშუალება მიეცა, მან პირდაპირ გააშიშვლა მთელი ეს სპექტაკლი, თქვა, რომ ეს არის „ჩეკას“ ორგანიზებული ფარსი, აქ მყოფი ყველა ადამიანი ნაწამები და დაშანტაჟებულია. მან იცოდა, რომ მისი გამოსვლა პრესაში არ დაიბეჭდებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მომავალი თაობები ამ ჩანაწერებს მაინც ნახავდნენ და ეს დოკუმენტი დარჩებოდა იმის მტკიცებულებად, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ცხადია, ამის გამო ის მაშინვე ხელახლა დააპატიმრეს.

  • რა როლი ჰქონდა პოლიტიკურ პარტიებს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოწყობაში, როდესაც საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით?

1923 წლის ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ თეატრალიზებული სპექტაკლების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა დარჩა იატაკქვეშეთში და გააგრძელა ბრძოლა. მათ მოამზადეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება.

რეჟიმი ცდილობდა წინააღმდეგობის დისკრედიტაციას და აცხადებდა, რომ პარტიები აღარ არსებობდნენ, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. 1923 წლის ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ კამპანიის გარდა, პარტიების მიმართ სხვა რაიმე სპეციალური საკანონმდებლო გადაწყვეტილება არ მიუღიათ (ისინი ლეგალურად ისედაც არ არსებობდნენ). აჯანყება, მისი ჩახშობა, მასობრივი დახვრეტები და 1925 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული საჩვენებელი სასამართლო პროცესი ეხებოდა უშუალოდ აჯანყების ორგანიზატორებსა და ანტისაბჭოთა გამოსვლას და არა კონკრეტულად პარტიების სამართლებრივ გაუქმებას.

ეს პარტიები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, იატაკქვეშეთში განაგრძობდნენ არსებობას მთელი 1920-იანი წლების მეორე ნახევარშიც და 1930-იანების პირველ ნახევარშიც, 1937-1938 წლების „დიდ ტერორამდე“, რომელმაც უკვე ფიზიკურად გაანადგურა ამ მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობა.

რეჟიმმა მასობრივი რეპრესიებისა და პროპაგანდის მიუხედავად, ვერ შეძლო ვერავის დარწმუნება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, რომ ეს პარტიები აღარ არსებობდნენ.

ისინი იატაკქვეშეთში ატარებდნენ ყრილობებსა და კონფერენციებს, ირჩევდნენ ხელმძღვანელ ორგანოებს, ჰქონდათ რეგულარული კავშირი საზღვარგარეთ მყოფ პარტიულ ბიუროსთან და ლეგიტიმურ მთავრობასთან, გზავნიდნენ დელეგატებსა და მიმართვებს სოციალისტური ინტერნაციონალის ყრილობებზე.

ეს პარალელური რეალობა და წინააღმდეგობის მოძრაობა 1930-იანი წლების შუამდე ცოცხალი და აქტიური იყო.

  • როდის გაქრა პარტიული მრავალფეროვნება სინამდვილეში?

ერთპარტიული და ტოტალიტარული მმართველობა, ფაქტობრივად, 1921-1922 წლებიდანვე დამყარდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ის, რომ თუკი ვინმე ინდივიდუალურ დონეზე ჩაერთვებოდა საბჭოების ფიქციურ არჩევნებში (იმ პირობით, რომ სრულად გადამოწმებული, გაკონტროლებული და რეჟიმისთვის სანდო პირი იყო), მას არ უშლიდნენ.

1920-იანების მეორე ნახევრიდან და 1930-იანებში, ეს სისტემა სრულად ფორმალიზდა: უალტერნატივო, ფიქტიური არჩევნები, სადაც „კომუნისტებისა და უპარტიოთა ბლოკის“ ერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს. აქ არანაირი პოლიტიკა აღარ იყო – ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ტერორსა და ძალადობაზე დაფუძნებით აკონტროლებდა ყველა სფეროს.

დე-ფაქტო, ყველა პარტია, რომელიც არ ცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას, აკრძალული იყო ოკუპაციის პირველივე კვირებიდან. ეს პარტიები, როგორც იატაკქვეშა ორგანიზაციები, ქრებიან მხოლოდ „დიდი ტერორის“ დროს, 1937-1938 წლებში. ეს არის რეალური ქრონოლოგიური ზღვარი.

მანამდე, 1921-დან 1930-იანების ბოლომდე, ძველი პარტიები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, იატაკქვეშეთში აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. ფორმალურად კი, რა თქმა უნდა, ისინი მანამდეც არ არსებობდნენ – არ არსებობდა არანაირი ინსტიტუტი, რაც კლასიკური პოლიტიკური გარემოსთვისაა აუცილებელი.

  • რა გრძელვადიანი შედეგები მოჰყვა მრავალპარტიული პოლიტიკური ცხოვრების განადგურებას საქართველოში – საზოგადოების, სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის?

ტოტალიტარულმა საოკუპაციო რეჟიმმა მოსპო სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი ინიციატივების ყოველგვარი სივრცე. საბოლოო ჯამში მივიღეთ ე.წ. „საბჭოთა ადამიანი“ და საზოგადოება, რომელიც კასტრირებულია, დაკარგული აქვს ცოდნა, გამოცდილება და ინსტინქტიც კი, რომ საკუთარი თავი დაინახოს დამოუკიდებელ აქტორად.

ჩამოყალიბდა სისტემა, რომელსაც ადამიანი უნდა მორგებოდა. როდესაც მრავალპარტიულობა და კონკურენცია აღარ არის და ერთადერთი მმართველი სტრუქტურა ბატონობს ყველგან, იქ იწყება შიდა, ფრაქციულ-კლანური ბრძოლები. რესურსების მონოპოლიით რეჟიმი ინარჩუნებდა წესრიგს: ადამიანს არსებობისთვის სჭირდება ფუნქცია და შემოსავალი, ხოლო როდესაც ეს ყველაფერი ერთი აქტორის ხელშია, ის წყვეტს, ვის რა პრივილეგია ერგოს.

საზოგადოებას აღარ შეუძლია ეკონომიკური ალტერნატივების შექმნა, რასაც შეეძლო სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიების გაჩენა. პოლიტიკური ცხოვრება გასცდა საჯარო ველს და გადავიდა კულუარებში. ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლება დღემდე რჩება პოსტსაბჭოთა საზოგადოებების მთავარ გამოწვევად.

  • მინდა გკითხოთ დღევანდელობასთან კავშირზეც: დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ აპირებს აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, რამდენად აყენებს ეს ნაბიჯი დემოკრატიული საფარით მოსულ ხელისუფლებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გვერდით? როგორ ხედავთ ერთპარტიული ქვეყნის მომავალს?

მსგავსება და ტენდენცია, რა თქმა უნდა, აშკარაა. თუმცა დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებთან შედარებით ბევრად უფრო პრიმიტიულად გამოიყურება: საბჭოთა რეჟიმიც კი ერიდებოდა პირდაპირ აკრძალვას და ცდილობდა გარე თვალისთვის ისე შეეფუთა, თითქოს პარტიებმა თვითონვე გააუქმეს თავი და ბუნებრივად გაქრნენ.

პირდაპირი აკრძალვა კი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემას სხვა ალტერნატივა და რესურსი აღარ გააჩნია – ეს მის გამოუვალ მდგომარეობას უსვამს ხაზს. ის პირდაპირ ამბობს: „ჩემი მოწინააღმდეგე ხარ და გკრძალავ“.

მეორე მხრივ, უდიდესი განსხვავებაა რესურსებში: საბჭოთა რეჟიმს ზურგს უმაგრებდა უზარმაზარი იმპერიული სახელმწიფო, რომელმაც სისხლის ფასად, ოპონენტების ფიზიკური განადგურებითა და დიდი ტერორით შეინარჩუნა ძალაუფლება. მას ჰქონდა ტოტალური მონოპოლია ყველაფერზე, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო გარემოც კი ხელს უწყობდა ამ რეალობის დაკანონებას.

დღევანდელი სიტუაცია კი რადიკალურად განსხვავებულია: საქართველო არ არის რუსეთის მიერ პირდაპირ ანექსირებული. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს იმ იმედით, რომ გარემო ამას ხელს შეუწყობს, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მათი ძალაუფლება ძალიან მყიფეა. რეპრესიები რეალურ შედეგს ვერ აღწევს, რადგან საზოგადოებაში შიშის დათესვას ვერ ახერხებენ – პირიქით, ეს უკურეაქციას იწვევს. ადამიანებს არ ეშინიათ პროტესტის გამოხატვის.

ხელისუფლებას არ გააჩნია ის რესურსი, რაც ჰქონდა ტოტალიტარულ სისტემას – ფიზიკური ლიკვიდაცია, ადამიანების გაქრობა, ქონების სრული კონფისკაცია. შესაბამისად, რეჟიმს არ აქვს ბერკეტი, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს.

  • როგორია ისტორიის გაკვეთილი – რას ასწავლის ისტორია ტოტალიტარებს?

სამწუხაროდ, ისტორია ტოტალიტარებს ვერაფერს ასწავლის. ხშირად ვხედავთ, რომ ისინი ისტორიულ გაკვეთილებს ვერ ითვალისწინებენ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან.

საკითხია, რამდენად სწავლობს ამ გაკვეთილებს თავად საზოგადოება. თუკი საზოგადოებას ესმის ეს საფრთხეები და აცნობიერებს მათ, მაშინაც კი, როდესაც მას წართმეული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ის მაინც ინარჩუნებს მზაობასა და ენერგიას წინააღმდეგობისთვის. ისტორიული გაკვეთილების გააზრება სწორედ საზოგადოების გადარჩენის მთავარი წინაპირობაა.

___

მთავარი ფოტო: წითელი არმია თბილისში – 1921 წელი

„საქართველო მხოლოდ ივანიშვილისაა“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში პარტიების გაუქმებაზე

როგორ ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

„კორუფციაში რომ არ ამხილონ „ოცნება“, ამიტომ აუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს“ - რას ამბობს ხალხი ბათუმში

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2 165 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.

საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ მონაცემები 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).

ამავე დროს, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების – 245.9 ლარით (10.5%). „საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს“ – წერს საქსტატი.

საქსტატი ადარებს 2025 წლის მონაცემებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორშიც და წერს, რომ 2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამეწარმეო, ბიზნეს სექტორს, აქ, სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა.

„საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1 პროცენტით) დარგში დაფიქსირდა“ – წერს საქსტატი.

საქსტატი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

წყარო: საქსტატი

ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 14 ოქტომბერს, ALDE ავრცელებს, „ლიბერალთა და დემოკრატთა პარტია ევროპისთვის“.

„ალდეს“ ცნობით, ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.

როგორც ALDE აცხადებს, ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით დაახლოებით 14:00 საათზე ფეისბუქში პოსტი გამოქვეყნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც, სადაც მისი საზღვარზე დაკავების მიზეზებზე წერს:

„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში.

თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.

ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.

სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე“-წერს ჯაფარიძე.

დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტი

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ე.წ. დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება.

კანონპროექტი, რომელიც „ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა, უკვე მიიღეს პირველი მოსმენით.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევა სააღსრულებო წარმოებათ შესახებ კანონში. კერძოდ, 45-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ქონების ტიპებს, რომელთა დაყადაღება არ შეიძლება, დაემატება შემდეგი შინაარსის პუქნტი:

„[ყადაღას არ ექვემდებარება] ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით“.

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა თანხა მაქსიმუმ 2000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ვალის გამო მშობელს საბანკო ანგარიშები დაყადაღებული ჰქონდა, აქამდე ე.წ. დეკრეტული შვებულების თანხასაც ვერ აიღებდა. თუმცა, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ აღნიშნულ თანხას სააღსრულებო ბიურო ვეღარ შეეხება.

უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე – მედია

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა ამერიკული Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, რომელიც უფრო სწრაფად მუშაობს და აუცილებელია დრონების ოპერატორებისთვის.

გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ფრონტის ხაზზე მყოფ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავეს აცხადებს სერგეი სტერნენკო, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ცნობილი ბლოგერი.

„Starlink-ის ტერმინალები ღამით შეიზღუდა. სიგნალები 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას გაქრა. ამან ხელი შეუშალა არაერთ მნიშვნელოვან მისიას. SpaceX-მა, სავარაუდოდ, ამ ზომებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით მიმართა“ – წერს სტერნენკო ფეისბუქზე.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ერთ-ერთმა მეთაურმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ „კარგავენ“ ორი უკრაინულ დრონთან კონტაქტს, რაც ხელს უშლის სამხედრო მისიის გაგრძელებას.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური ცნობებით, უკრაინამ Starshield-ის გამოყენება 2024 წელს დაიწყო.

14 ოქტომბერს, ღამით, რუსეთი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს უკრაინის დედაქალაქს. კიევში მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა რუსეთის შეტევის შედეგად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის შესახებ პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 557 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 650. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 414 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 535 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 51 195 ერთეული [+54]
  • MLRS – 2 212 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 704 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 563 589 ერთეული [+1 827]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 951 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 162 789 ერთეული [+371]
  • სპეცტექნიკა – 4 828 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

11 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა შავ ზღვაში გემზე დრონების თავდასხმის შედეგად

ზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ 1 დღით დათანხმდება

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ბათუმში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს მცირედ იმედს მაინც მისცემდა, რომ ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შეხვდებიან. მერიამ ბინის მოთხოვნის შესახებ განაცხადების გადარჩევა დაიწყო, თუმცა უცნობია, რამდენი განცხადებაა განსახილველი და რა ვადაში გეგმავს შესაბამისი კომისია მეორე ეტაპზე გადასვლას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი აცხადებს, რომ საცხოვრებელი არ აქვს და არც შეძენა შეუძლია. ბევრი ცხოვრობს დაქირავებულ ფართობში და როგორც თავად ამბობენ, გაუსაძლის პირობებში. ამ მოქალაქეებს შორის არიან სოციალურად დაუცველები და მარტოხელა დედები. 

მათ რიცხვში არ შედიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამაში სურთ მონაწილეობა, მათ საცხოვრებლის გამოსყიდვა თვითღირებულების ფასად შეუძლიათ, თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ბინა კომერციულ ფასად, თუნდაც ბანკის დახმარებით შეიძინონ.

„იაფ სახლში“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერიამ ბოლოს ბინები საპარლამენტო არჩევნების წელს გადასცა ოჯახებს. ამის შემდეგ პროექტი ფაქტობრივად შეჩერებულია, მერია ადგილს ეძებდა მშენებლობის დასაწყებად, მაგრამ ჯერ ვერ იპოვა.

როგორ შეიცვალა ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის პოლიტიკა არასაარჩევნო წლებში? – ამის შეფასება „ბათუმელებმა“ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონულ კოორდინატორს, მალხაზ ჭკადუას სთხოვა, რომელიც ბათუმში ბიუჯეტის ხარჯვას და პროგრამების განხორციელების ეფექტურობას სწავლობს.

  • ბატონო მალხაზ, ბოლო პერიოდში უსახლკაროებმა ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შორის არიან ოჯახები, რომლებიც წლებია  ითხოვენ საცხოვრებლით უზრუნველყოფას და აცხადებენ, რომ ბინის ქირას ვეღარ იხდიან. გაჟღერდა თუ არა ხელისუფლების ან მერიის მხრიდან კონკრეტული ინიციატივა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დასახელდა თუ არა კონკრეტული ვადები, როდისთვის გეგმავენ ამ საკითხის გადასაჭრელად რეალური ნაბიჯების გადადგმას? 

ზოგადად აჭარაში განსახლების საკითხი, ეხებოდა ეს უსახლკაროებს თუ ეკომიგრანტებს, ყოველთვის ხასიათდებოდა გარკვეული სტიქიურობით, არათანმიმდევრულობით. ვგულისხმობ ადგილობრივი ხელისუფლების ან რეგიონული ხელისუფლების, ავტონომიური მთავრობის მხრიდან.

ეს ერთი მხრივ პრობლემა იყო იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა მდგრადი პოლიტიკის დოკუმენტი და მეორე, გადაწყვეტილებები ყოველთვის იყო დაკავშირებული დღის წესრიგთან და სწორედ აქ იჩენს თავს მთავარი პრობლემა:

ჩვენ არ გვაქვს უსახლკარო მოქალაქეებთან ან ეკომიგრანტებთან დაკავშირებით პრობლემების გადაჭრის გამჭვირვალე სისტემა, სადაც ადამიანს ექნება გარკვეული მოლოდინი, როგორც პროცესის ღიაობის, ასევე მისი საჭიროებების დაკმაყოფილების და მეორე – ჩვენთან ყოველთვის თავს იჩენს პოლიტიკური კორუფციის პრობლემა, როდესაც ხელისუფლება ადმინისტრაციული ხარჯებით ცდილობს ამომრჩევლის გული მოიგოს, როგორც პარტიამ და მიიღოს მეტი ხმა.

2024 წლის ივლისში „ოცნების ქალაქში“ 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება საბინაო საცხოვრისით ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ბათუმში უსახლკაროების აქციებს წესით უნდა მოეტანა შედეგი. აქციის მონაწილეები ძირითადად ბათუმის მერიას მიმართავდნენ თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის ყოფილი საკუთრების დანაწილებასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, საუბარია გოგოლის ქუჩაზე აშენებულ რამდენიმე კორპუსზე. მაგრამ ჩვენ ზეპირი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული დაპირებების მიღმა დოკუმენტი არ გვინახავს.

საკრებულოს, საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უნდა ესჯელა ამაზე, მოეთხოვნა ბათუმის მერიისთვის ვადები და ისეთი კრიტერიუმები, რომელიც არ დატოვებდა ეჭვებს მიკერძოებასთან დაკავშირებით და სხვა თუ არაფერი, უბრალოდ მოსთხოვდა პასუხს, სულ რამდენი ადამიანია დასაკმაყოფილებელი საბინაო ფონდიდან, რამდენს უდგას გადაუდებელი საჭიროება და ზოგადად, ასრულებს თუ არა მერია თავის ფუნქციას ამ მიმართულებით.

ჩვენ ეს არც საკრებულოში გვინახავს და არც მერიაში.

მალხაზ ჭკადუა

საკრებულოს ამისთვის პოლიტიკური ნება არ აქვს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ უნდა, რომ მცირედი არაკომფორტული კითხვაც კი დაუსვას მერიას.

ბათუმის მერიას კი არ აქვს იმის პოლიტიკური ნება, რომ აქ და ახლა დააკმაყოფილოს ეს ადამიანები, ჩაატაროს წინარე სამუშაო, მოიწვიოს კომისიაში ურბანული, სოციალური, დემოგრაფიული საკითხების სპეციალისტები და ა.შ. 

ამიტომაც, პრაქტიკულად მოლოდინი მაქვს, რომ მომდევნო არჩევნების წინ ბათუმის მერია ისევ დაჩქარებული წესით მიიღებს რაღაც დოკუმენტს, დადგენილებას ან მერიის თუნდაც ბრძანებას, რომლითაც ნაჩქარევად მოხდება ლენტის გაჭრა, ტაშის დაკვრა და საუბარი იმაზე, რომ თურმე ძალიან კარგი სოციალური და განსახლების პოლიტიკა აქვს ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას.

  • თქვენს მიერ ჩამოთვლილი მაგალითებიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება მანამდე არსებული პროგრამებითა და უკვე შექმნილი რესურსებით სარგებლობდა. ბოლო წლების დაკვირვებით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტში თანხები მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც პრობლემა მწვავდება და კითხვები ისმის. მაგალითად, წლევანდელი წლის ბიუჯეტი ისე დამტკიცდა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მხოლოდ მოგვიანებით ჩასვეს თანხა პროექტირებისთვის. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს ბიუჯეტის დაგეგმვის ასეთი მიდგომა?

პირველი, რაც მერიას სჭირდება, არის ზუსტი და უტყუარი მონაცემები, თუ რამდენი ბინა ან ფართობი აქვს საბინაო ფონდში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ფონდი არსებობს, უბრალოდ ან სადღაც დოკუმენტებშია გაბნეული ეს მონაცემები, ან არცერთმა ადმინისტრაციამ არ იზრუნა იმაზე, რომ მონაცემები ჰქონოდათ ზუსტი. 

გვახსოვს კონტრაქტები, როდესაც კონკრეტულ სამშენებლო კომპანიებს, ოფიციალურად, მხოლოდ იმიტომ უზრდიდნენ სიმაღლის კოეფიციენტს, რომ ამის სანაცვლოდ მერიას მიეღო რამდენიმე ფართობი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებდა საბინაო ფონდისთვის და ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

პრობლემა ალბათ არის ამ მონაცემების არათანმიმდევრულად დამუშავება, ერთიანი ბაზის უქონლობა და შემდგომ შესაბამისად განაწილება, თუ ვის რა უნდა ერგოს და რა კრიტერიუმებით. 

ახლა პრაქტიკულად მერიამ არ იცის, თუ რა სჭირდება და როდის სჭირდება, თორემ შეიძლება რესურსების სიმცირის პირობებში მან თავისუფლად მიმართოს რეგიონულ მთავრობას, ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც აქვს ცალკე საბიუჯეტო პროგრამა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად.

ასევე, ნებისმიერ დროს შეუძლია აჭარის მთავრობას თავისი ბიუჯეტიდან გამოყოს კაპიტალური მშენებლობისთვის დამატებითი თანხები ბათუმის მერიისთვის, თუ მერია დაადასტურებს ამას.

მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ მერიაა აქ დამნაშავე. ჩვენ გვაქვს რეგიონში პოლიტიკის დონეზე არათანმიმდევრული მიდგომის და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედების ტენდენცია, რაც ქმნის ქაოსურ, სტიქიურ და სრულიად გაუგებარ ვითარებას მოქალაქეებისთვის. 

ამიტომ, რატომ არ აშენებს „იაფ სახლს“ – ეს მერიას უნდა ვკითხოთ და მერი იქნება თუ მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია განსახლების პოლიტიკაზე, იმედია, გარკვეულ პასუხს მაინც გაგვცემს, თუ რატომ არის ასეთი მწვავე პრობლემა იგნორირებული თვითმმართველობის მიერ.

  • უსახლკაროთა საკითხებზე შექმნილი კომისიის გამჭვირვალობის საჭიროებაზეც მინდა გკითხოთ. ბათუმის მერიის ბოლო განცხადებიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ კომისიას ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს და განცხადებების გადარჩევა დაიწყო. არ დასახელებულა არც შემოსული განცხადებების რაოდენობა, არც კომისიის შემადგენლობა და არც შერჩევის კრიტერიუმები, რომელთა ცვლილებასაც წინა წლებში ვადევნებდით თვალს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესის სრული ღიაობა საზოგადოებისთვის და რას ნიშნავს მერიის მხრიდან მხოლოდ ბუნდოვანი და ზოგადი პასუხები?

ეს ნიშნავს იმას, რომ მერია არ არის მზად ამ პროცესისთვის, ისე, როგორც უნდა იყოს მზად ადმინისტრაციული ორგანო პროცესის სამართავად და მეორე, მათ არ უნდათ, პოლიტიკური ნების დონეზე, პოლიტიკური ღიაობის დონეზე, პროცესში ჩართონ გარე დამკვირვებლები, რომლებსაც აუცილებლად ექნებათ კითხვები და ამ კითხვებზე პასუხების მიღების მოთხოვნა.

დემოკრატიულ პროცესში რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა? – შენ ამით აზღვევ გარკვეულ რისკებს, მათ შორის მენეჯმენტის შეცდომის შესაძლო რისკებსაც.

თქვენ თუ გახსოვთ, ბათუმის ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის დროს, როდესაც „იაფი სახლის“ პროგრამით გათვალისწინებული კორპუსის მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი, სწორედ მედიამ და სამოქალაქო სექტორმა აღმოაჩინა, რომ ხუთსართულიან კორპუსს არ ჰქონდა ლიფტი. ამის შემდეგ დაკორექტირდა სატენდერო დოკუმენტაცია და გაითვალისწინა მერიამ, რომ იქ ლიფტი უნდა ყოფილიყო. ერთი მხრივ თითქოს ტრაგიკომიკურად ჟღერს ეს ამბავი, მაგრამ ნამდვილად ფაქტია და შეიძლება თქვენს მკითხველსაც ახსოვს.

ამიტომ გარე პირების მონაწილეობა აკადემიური, კვლევითი სფეროდან, ისეთი სფეროებიდან, სადაც აქვთ მახვილი მზერა ან შესაბამისი გამოცდილება, ყოველთვის აჯანსაღებს პროცესს.

აუცილებელია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს ამის ნება და ღია იყოს, დახურული კარების შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესიც ძალიან დაბალია.

ალბათ მერია უნდა იყოს მოწადინებული იმისთვის, რომ გამოაცხადოს ღია კარის დღე, თუნდაც მიიღოს კითხვები ონლაინ ან ღია შეხვედრა გამართოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, რომ საზოგადოებას უთხრას – აი, ამ და ამ პრინციპით ვმოქმედებთ, ეს კრიტერიუმები შევიმუშავეთ, ან ვმუშაობთ ამ კრიტერიუმებზე და თქვენი აზრი, თქვენი მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, მივიღებთ მხედველობაში.

ასეთი მოცემულობა იქნებოდა ნორმალურ მუნიციპალიტეტში, სადაც მოქალაქეების და სპეციალისტების ექსპერტული აზრი იქნებოდა გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ „ნორმალურ“ მუნიციპალიტეტში. აქ საჯარო სივრცეების მიტაცებისა და ახალი მშენებლობების მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გაუარესებული საცხოვრებელი მდგომარეობის პირობებშიც კი ვერ ახერხებს მერია ჩაერიოს პროცესში და იზრუნოს იმაზე, რომ გარკვეული ბალანსი მაინც იყოს დაცული კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.

ამიტომ ეს პროცესი აბსოლუტურად ისე მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო.

მე სხვას არ ველოდი, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდის ბათუმის საკრებულო იქცა მერიის გადაწყვეტილებების სანოტარო ბიუროდ და მერიის თანამდებობის პირები მეტწილად არც კი იწუხებენ თავს, რომ არათუ საზოგადოებას, არამედ საკრებულოს წევრებსაც კი ჩააბარონ ანგარიში. კონტროლის მექანიზმი სრულიად მოშლილია.

ასეთ პირობებში ვერცერთი პროგრამა ვერ განხორციელდება და არ განხორციელდება ისე, როგორც საჭიროა.

  • ცალკე თემაა ე.წ. საბინაო ფონდი და ის ბინები, რომლებიც წლებია დაკეტილია მერიისა და მთავრობის მიერ. ცნობილია, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ ნამატი, ფართობის 10%-ის სახით, ქალაქს უნდა მიეღო და მომავალშიც უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ასეთ პროექტზე გაიცა ნებართვა და ქალაქმა საზოგადოებრივი სიკეთეები დათმო, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია დღემდე არ არსებობს, რამდენი ბინა აქვს მერიას ამ შეთანხმებებიდან…

ბათუმის მერიას და საკრებულოს მარტივად შეუძლია ნების არსებობის შემთხვევაში ეს პრობლემა აღმოფხვრას. გახსნას სპეციალური ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია თუ სად რა მშენებლობა მიმდინარეობს ნებართვებში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე უკვე აღრიცხული და აღსარიცხი ქონებებით.

ახლა რა ვითარებაცაა საბინაო ფონდთან დაკავშირებით, ეს არის კორუფციის უზარმაზარი ორმო, სადაც ნებისმიერი ადამიანი ჩაიკარგება, თუ მოინდომებს გარკვეული ინფორმაციის მიღებას, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი და შეიძლება მერიის მაღალჩინოსნებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებსაც კი, რომლებიც მერიაში მუშაობენ, გაუჭირდეთ ერთი ბოლოს მეორესთან დაკავშირება. ბევრი ინფორმაცია იყრის თავს და სისტემატიზაცია ხდება თუ არა ამ ინფორმაციის, ისე, როგორც საჭიროა, ჩვენ არ ვიცით.

ახლა რა ვითარებაც აქვს ბათუმის მერიას საბინაო ფონდთან დაკავშირებით, ყოველთვის გააჩენს ეჭვს კორუფციაზე, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით რით ხელმძღვანელობს მერია, როცა გადასცემს მოქალაქეებს ბინებს; რატომ ხდება მაინცდამაინც ქალაქის დღესასწაულებზე ბინების გადაცემა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის; რატომ არ შეიძლება ამან მიიღოს სხვა ხასიათი, რაც გვეცოდინება გამჭვირვალედ, სხდომების ან ვებგვერდის დახმარებით?!

ის, რომ მერია მალავს ამაზე ინფორმაციას, კიდევ უფრო მეტად გვიმტკიცებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი მიმდინარეობს გარკვეული კორუფციული რისკებით. 

  •  და ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რა გამოდის, რომ კიდევ რამდენიმე ზამთრის გადატანა მოუწევთ უსახლკარო მოქალაქეებს?

არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს პრობლემა მოგვარდება ქალაქში.

ბათუმი, მართალია, იზრდება ძალიან სწრაფად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხმა ამ სიჩქარეში კიდევ უფრო იკარგება. მაშინ როცა მუნიციპალიტეტი უნდა გამოხატავდეს ყველას ინტერესს, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქის მართვა, პრაქტიკულად, გადავიდა სამშენებლო ჯგუფებისა და გავლენიანი, ძალიან მდიდარი მშენებლების ხელში. 

ჩვენ ამ ადამიანებს ვხედავთ საკრებულოში, ამ ადამიანებს ვხედავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უახლოეს გარემოცვაში, აქ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც აქვს გარკვეული საჭიროებები, დაკარგულია, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელისუფლება მიტაცებულია და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოძლიერდეს სწორედ ასე კორუმპირებული გზით, ბიზნესჯგუფებისა და ჩინოვნიკების ან ყოფილი ჩინოვნიკების დაჯგუფებების დახმარებით.

ეს არის სულ ამბავი.

_________

ფოტოზე: უსახლკარო მოქალაქეების აქცია ბათუმის მერიასთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ვფიქრობ, 5 წელში ისევ ვერ ვიცნობთ ქალაქს, ბევრი ინვესტორი შემოვა – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში

„კოლიერსის“ 2026 წლის აგვისტოს თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბათუმში უძრავი ქონების შეძენისას, უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა. ამასთან ბათუმში ბინები ისევ ძვირდება.

რა ტენდენციებია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, რომელი ქვეყნიდან ყიდულობენ ძირითადად ბინებს და რა მიზნით, ამის შესახებ „ბათუმელები“ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული განვითარების მენეჯერს, ლევან ტაბიძეს ესაუბრა. 

  • ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის დღევანდელ მდგომარეობას, რა ტენდენციებია?

ბოლო კვლევებს თუ დავაკვირდებით, უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა იზრდება. ბოლო პერიოდში უფრო დიდი მოთხოვნა გაჩნდა მზა ბინებზე, ანუ მეორად ბაზარზე. უფრო მეტი მეორადი ბინა იყიდება, ვიდრე პირველადი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს კვლევები უძრავი ქონების შესახებ.

ამასთან, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა კვლავ გრძელდება და ამის უკუსვლა არ ჩანს არსად. ბაზარი მდგრადია.

რა თქმა უნდა, გარე ფაქტორები, როგორიც არის ირანის საკითხი, ომები, მოქმედებს, თუმცა იმ დონეზე მაინც არა, როგორც მოლოდინი იყო.

  • მეორად ბინებზე გაზრდილი მოთხოვნა რას უკავშირდება – მზა ბინებზე მოთხოვნა ხომ არ გაზარდა ზოგი მიმდინარე, მშენებარე პროექტის დაუსრულებლობამ და, შესაბამისად, მშენებარე პროექტებისადმი საზოგადოებაში ნდობა ხომ არ შეირყა?

ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ინვესტორებმა უკვე დააფიქსირეს თავისი მოგება და გადაყიდეს ის აქტივი, რაც ჰქონდათ. ხოლო შემდეგ მოახდინეს ახალ, მშენებარე პროექტებში ინვესტირება.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ქართველი მყიდველები ძირითადად მაინც უყურებენ მზა ბინებს. ჩემი კლიენტების მაგალითზე რომ გითხრათ, ოჯახები, ვინც ქირით ცხოვრობენ, ირჩევენ იყიდონ მზა ბინა იპოთეკით და ქირის ნაცვლად იპოთეკაში იხადონ ფული.

რაც შეეხება ნდობის გაქრობას, ვერ ვიტყვი, რომ ნდობა გამქრალია მშენებარე ბინების მიმართ.

კი, არის გარკვეული, ერთეული მშენებარე პროექტები, სადაც ნამდვილად შეიქმნა პრობლემები, თუმცა ძირითადი მასა მშვენივრად იყიდება. თუმცა უნდა ვთქვა ისიც, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არის ჩაბარების ვადაში გადაცდომები. ზოგ პროექტში საშუალოდ ექვსთვიანი დაგვიანებაა, ზოგან უფრო მეტიც.

  • რა ტიპის ბინები იყიდება უფრო მეტად? ბიუჯეტური, საშუალო ფასის საცხოვრებელი ფართობები თუ პრემიუმ კლასის პროექტები?   

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამად საშუალო ფასის ბინები უფრო მოთხოვნადია – 60%-ზე მეტი საშუალო ფასის ბინებზეა მოთხოვნა. შემდეგ მოდის დაბალბიუჯეტიანი ბინები. ბაზრის საკმაოდ მცირე წილი უკავია პრემიუმ კლასის ბინებს. 3000 დოლარზე მეტი რაც ღირს კვადრატული, იმ ბინებს ვგულისხმობ.

  • ფასზეც გკითხავთ, რა ღირს საშუალო ბიუჯეტურ ბინაში კვადრატული მეტრი?

დღეს ბათუმში, კვადრატულ მეტრზე მთელი ბაზრის საშუალო შეწონილი ფასი უნდა ვიანგარიშოთ 1350 დოლარი. ეს ციფრი მიახლოებითია. საშუალო ბინა გამოდის 50-55 კვადრატი, სადღაც 70 000 დოლარის ფარგლებშია საშუალო ფასის ბინის ღირებულება.

  • თქვენი შეფასებით ბათუმში უძრავ ქონებაზე არსებული ფასები რამდენად შეესაბამება ბინების რეალურ ღირებულებას?

თვითღირებულება საკმაოდ გაზრდილია. ფასზე მოქმედებს არა მარტო  სურვილი, რომ უნდა ღირდეს ამდენი და ამდენი, არამედ სხვა ფაქტორებიც.

მაგალითად, მიწის ღირებულება, პროექტირება, კვალიფიციური მუშახელი საკმაოდ დეფიციტურია, რაც ცალკე პრობლემაა. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ხარჯებზე გადის და თვითღირებულებაში აისახება.

ამასთან, პრემიალურ პროექტებში, ფასს ცალკე ბრენდიც განსაზღვრავს. უცხოელი მყიდველები ძირითადად ყიდულობენ აპარტამენტების ტიპის ბინებს – ეს მათთვის საინვესტიციოდ მომგებიანია.

ხარისხს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ და საკმაოდ მაღლა ასწიეს სტანდარტი, როგორც მშენებლობის ხარისხის, ასევე ბინის გეგმარებებიც შეიცვალა. ეს ყველაფერი ფასშიც აისახა. ბუნებრივია, თუ უფრო მაღალი ხარისხის მშენებლობა გვინდა, ეს რა თქმა უნდა, ფასზე იქონიებს გავლენას. იქ უკეთესი ხარისხის კარ-ფანჯარა გვინდა, უკეთესი მასალა… სარემონტო სამუშაოების ღირებულებაც გაზრდილია.

  • გარდა ახალაშენებული ბინებისა, მეორად ბინებზეც გაიზარდა ფასი. ამ შემთხვევაში რა ფაქტორები განაპირობებს ზრდას?

ბინის ყიდვის მსურველთა რაოდენობა არის ალბათ მეტი. ფასი ყოველთვის ბაზარს მიჰყვება. თუ მოთხოვნა არ არის მაღალი, შესაბამისად ფასებიც არ გაიზრდება.

ბევრი ოჯახი გადმოდის ქალაქში საცხოვრებლად, რადგან სამუშაო ადგილები ქალაქშია ძირითადად. ეს ზრდის მოთხოვნას ბინებზე და იზრდება ფასიც.

ლევან ტაბიძე, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული განვითარების მენეჯერი
  • Colliers-ის 2026 წლის აგვისტოს კვლევის მიხედვით, უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციაში შეადგინა 52%. თქვენი დაკვირვებით, რა იწვევს უცხოელი მყიდველების ასე გააქტიურებას?

მოდით, ცოტა კვლევაზეც ვთქვათ. რეალურად ჩვენთან საკმაოდ რთულია რაიმე სახის ანალიტიკა გავაკეთოთ.

მე რა ციფრებზეც ვისაუბრე ამ ინტერვიუს განმავლობაში, ეს ნაწილობრივ კვლევებს ეყრდნობა, ნაწილობრივ ჩემს პირად გარიგებებს, რაც ბაზარზე ხდება. მოკლედ, გვაქვს ეს სურათი: თუ ვიღებთ ახალაშენებულ კორპუსებს, ანუ ახალ პროექტებს, აქ ყოველთვის გარიგებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხდება ცოტა მოგვიანებით. სიტყვაზე, მე დღეს რომ დავიწყებ მშენებლობას, შეიძლება რეესტრში ეს გარიგება ერთი წლის თავზე დავარეგისტრირო.

იგივე Colliers-ის კვლევაშიც წერია, რომ შარშან ორი საკმაოდ მსხვილი პროექტი ჩაბარდა. შესაბამისად, ამანაც იმოქმედა ამ მონაცემებზე. ორივე პროექტი იყო საინვესტიციო.

ბათუმში დღეს რა მშენებლობებიც მიდის, იგივე სანაპირო ზოლი რომ ავიღოთ, უმეტესად არის საინვესტიციო ტიპის აპარტამენტები. იქ უძრავ ქონებას ყიდულობენ უცხოელი ინვესტორები. ვიცი რამდენიმე პროექტი, რომლის რეგისტრაციაც ორ წელიწადში მოხდება და იგივე გავლენა ექნება ამ კვლევებზე.

ქართველებიც საკმაოდ ბევრ ბინას ყიდულობენ. ბევრი ემიგრანტი ყიდულობს ბათუმში ბინებს – იქ გამომუშავებულ ფულს აქ დებენ მშენებარე პროექტებში.

ბევრი დეველოპერი, სარეკლამო კამპანიას ძირითადად მიმართავს ემიგრანტებზე და მათთვის ხელსაყრელ პირობებს დებს შეთავაზებებში.

  • გამოდის ამ ფაქტორთა ერთობლიობამ განაპირობა ის მონაცემი, რის მიხედვითაც აგვისტოში უძრავი ქონების შემძენთა 52 % უცხოელი იყო?

რა თქმა უნდა. აღნიშნული ციფრების ცალკე განხილვა თუ კონტექსტიდან იქნება ამოგლეჯილი, ცოტა რთულია.

იგივე, როდესაც ვამბობ, რომ საშუალო შეწონილი ფასი ბაზარზე არის 1350 დოლარი, ესეც მერყევი ფასია. რადგან არის პროექტები, სადაც 3000 დოლარი ღირს კვადრატული მეტრი და არის პროექტები, სადაც 1000 დოლარად შეგიძლიათ იყიდოთ უძრავი ქონება. ბათუმის შემოგარენში არის პროექტები, სადაც 1000 დოლარზე ქვემოთაც შეიძლება ყიდვა.

TBC Capital-ის, Galt & Taggart-ის კვლევებს თუ ვნახავთ, სადაც ბაზრის სეგმენტირებაა განხილული, საკმაოდ დიდი წილი ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე უკავია ისრაელს. რამ განაპირობა? შეიძლება კრიზისმა ახლო აღმოსავლეთში, ბევრი სხვადასხვა ფაქტორია. შესაძლებელია, რომ ეს განაპირობა ჩვენი პროექტების საინვესტიციო მიმზიდველობამ.

  • რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ყველაზე აქტიურად დაინტერესებული დღეს ბათუმში უძრავი ქონების შეძენით?

უძრავი ქონების ბაზრის საკმაოდ დიდი წილი უკავია ისრაელს. წინა წლის მონაცემებით, თუ არ ვცდები, 12% ეკავა. შემდეგ მოდის დსთ-ს ქვეყნები – რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი. ახლა დაემატა უზბეკეთი. შემდეგ უკვე მოდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი.

  • რა მიზნით ყიდულობენ უცხოელები ბათუმში ბინებს, საინვესტიციოდ თუ მუდმივ საცხოვრებლად?

სააგენტო, როდესაც უძრავ ქონებას ყიდის, პირველი კითხვა, რომელსაც უცხოელ კლიენტს ვუსვამთ, არის მიზნის შესახებ – რისთვის გჭირდებათ ეს უძრავი ქონება?

უმეტესად ეს არის საინვესტიციო შენაძენი. ზოგი აკეთებს ასე – ყიდულობს მშენებლობის დასაწყისში და შემდეგ ყიდის დასრულებულ პროექტს.

საკმაოდ დიდი წილია მათიც, ვინც აპარტამენტებს ყიდულობს დღიური გაქირავებისთვის. ბოლო პერიოდში ბევრი უცხოელი ყიდულობს საცხოვრებელ უძრავ ქონებასაც.

  • თქვენი დაკვირვებით რამდენად გახდა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი უცხოელ მყიდველზე დამოკიდებული?  

ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ რა თქმა უნდა, ყველაფერს, რაც დღეს ბათუმში შენდება, ვერ ვიყიდით. ეს მშენებლობები მათ შორის გათვლილია უცხოელებზეც, უცხოურ ინვესტორებზე.

ბევრი მშენებლობის სტატუსი თავიდანვე განსაზღვრულია – აპარტოტელი, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ვფიქრობ კარგია, თუ შემოვა ბევრი ინვესტორი, ვინც დააბანდებს თანხას და გააკეთებს ჩვენთან ბიზნესს. მათი ინტერესი იქნება, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს, რათა გააქირაოს უძრავი ქონება. შესაბამისად, ეს აისახება საბიუჯეტო შენატანებზეც.

  • უცხოელი მყიდველების ზრდა როგორ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, მაგალითად, უძრავი ქონების ფასზე, ქირის ფასზე, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაზე?

ყველა მშენებლობას აქვს თავისი სტატუსი, მიზანი, ვისთვის, რისთვის. დეველოპერი მშენებლობას რომ იწყებს, თავიდანვე განსაზღვრავს, ვისთვის არის ეს კორპუსი განკუთვნილი.

აპარტამენტები, აპარტოტელები არის ბიზნესისთვის განკუთვნილი. შესაბამისად, უმეტესად მიმართულია უცხოელ მყიდველზე.

უცხოელების შემოდინება ფასებზე გავლენას ახდენს – სხვანაირად ვერც მოხდება. კი, ქირავნობის ფასი გაზრდილია ისედაც, თუმცა ბათუმში სეზონურად იზრდება და იკლებს ქირის ფასები.

კარგად იცით ალბათ – სეზონზე ყველა ყველაფერს აქირავებს, ფასი იზრდება. სეზონი რომ მთავრდება, ისევ იკლებს.

პირად დაკვირვებას გაგიზიარებთ. საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში. ჩემი მყიდველის 2/3 ქართველია. ქართველი ემიგრანტები მათ შორის. ერთ-ერთი კორპუსის მართვაში ვიყავი ჩართული, სადაც არის 590 ბინა. ამ ბინების 80% შეიძინეს ქართველებმა.

რომ შევაჯამოთ, ჩემი დაკვირვებით, საცხოვრებელ ბინებს ძირითადად ყიდულობენ საქართველოს რეზიდენტები და ბიზნესისთვის განკუთვნილ ქონებას უფრო ყიდულობს უცხოელი.

ჩემი აზრით, ჩვენი ბაზარი „ბუშტი“ არ არის და არ გასკდება ახლო მომავალში.

რა თქმა უნდა, ფასების ზრდაც მოჰყვება ამას, თუმცა დღეს ყველაფერზე იზრდება ფასები და უძრავ ქონებაში ფასის ზრდა გასაკვირი არ უნდა იყოს. სტაბილურად ვვითარდებით, ბევრი ახალი საინტერესო პროექტია დაგეგმილი ბათუმში, როგორც საცხოვრებელი, ასევე ბიზნესის ტიპის. ბევრი ინვესტორი შემოვა და ვფიქრობ, ხუთ წელიწადში ისევ ვერ ვიცნობთ ქალაქს, როგორც… [ახლა ვერ ვცნობთ].

ამავე თემაზე:

„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან

„ივანიშვილს შესაძლოა გადაასწროს ვინმემ – კობახიძე უფრო მეტს შესთავაზებს რუსეთს“ | ინტერვიუ 

„არ ვიცი, ივანიშვილი ხედავს თუ არა, მაგრამ ალბათ უფრო ხედავს – საკმაოდ ფხიზელი ადამიანია. მისი ამ ნეგატიური სელექციის შედეგად ფაქტობრივად ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაყვნენ ივანიშვილს ამ სცენარში, რომ რუსეთს ჩაბარდეს ქვეყანა, ოღონდ თვითონ პირადი კეთილდღეობა ჰქონდეთ. ამავდროულად, შეიძლება რუსეთის სამსახურში გადაასწროს ვინმემ ივანიშვილს და მაშინ უკვე ივანიშვილი აღარ იქნება ის ერთადერთი პიროვნება, რომელიც რუსეთის დავალებას შეასრულებს.

აი, ასეთ პოტენციალს მე ვუყურებ კობახიძეში. კობახიძე ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის სიამოვნებით კიდევ უფრო მეტს შესთავაზებს რუსეთს,“ – მიიჩნევს იურისტი, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი შალვა შავგულიძე, მას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ვესაუბრეთ: რა ეტაპზე გადადის „ოცნება“ და რა ქვეყანას მივიღებთ ოპოზიციის გარეშე?

„ლელოს“ ინფორმაციით, პარტიების აკრძალვის პროცესები უკვე ჩაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში – 21 ოქტომბერს, 22 ოქტომბერს და 23 ოქტომბერს.

„უკვე საკმაოდ შეერყა ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ –  ტყუილები აღარ ჭრის. ამიტომაც, ჩემი აზრით, გადაწყვიტეს, რომ მოდი, საერთოდ ოპოზიცია ავკრძალოთ, თორემ ვინმემ მართლა არ გაიმარჯვოსო…

ჩემი აზრით, „ოცნებაში“ მაინცდამაინც ბევრსაც არ ფიქრობენ, რა და როგორ გააკეთონ – რუსეთიდან რა ინსტრუქციაც მოდის, ის უნდა გააკეთონ.

ტოტალიტარული მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია ერთპარტიული მმართველობის სისტემა… ვიქნებით რაღაც კოლბაში, ჩაკეტილ ქილაში, შეიძლება საარსებოდ ჰაერი შემოვიდეს ქილის თავზე დატოვებული ნახვრეტიდან, რომ სუნთქვა შევძლოთ, ცივილიზებული სამყარო იქნება ჩვენს მიღმა,“ – გვესაუბრება შალვა შავგულიძე.

„ბათუმელებმა“ შალვა შავგულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატია, იურისტი და უფლებადამცველი, „გირგვლიანის საქმის“ ადვოკატი:

  • ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა ეტაპზე გადადის ქვეყანა, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები იკრძალება? 

ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენ ეს გამოცდილება გავლილი გვაქვს – ეს არის საბჭოთა, ტოტალიტარული მმართველობა. მმართველობა, როდესაც არსებობდა მხოლოდ ერთი პარტია, როდესაც მოქალაქეები იწოდებოდნენ მოქალაქეებად, მაგრამ ეს იყო უბრალოდ მოსახლეობა, სტატისტიკა, რომელსაც არავითარი არჩევანის უფლება არ გააჩნდა და იძულებული იყო, მიეღო მოცემულობა: აი, ეს იქნება შენი ხელისუფლება და სხვა გზა არ გაქვს! ეს არის ტოტალიტარული მმართველობა.

საბჭოურისგან განსხვავებით, დღევანდელ რუსეთში კიდევ უფრო ცინიკურ სახეს იღებს ეს მოდელი, როცა ფორმალურად ერთი-ორ სატელიტ პარტიას ქმნის მმართველი პოლიტიკური ძალა და მოჩვენებითი სურათია – თითქოს არსებობს დემოკრატია, თითქოს არჩევანის საშუალება აქვს მოსახლეობას. ამით ხარკს უხდიან დემოკრატიის რაღაც ფორმებს.

ჩვენთანაც ალბათ ერთ-ორ სატელიტურ პარტიას შემოიყვანს ივანიშვილი საარჩევნო სივრცეში და, რა თქმა უნდა, თვითონ ექნება უმრავლესობა – აბსოლუტური კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე. ეს უკვე აღარ არის სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო. ეს არის ტოტალიტარიზმი. ავტოკრატიას, ავტოკრატიულ დიქტატურას უკვე გასცდა „ქართული ოცნება“. ამ სისტემებში თუ განსხვავებული პოზიციის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა ეზღუდება მოქალაქეს, ტოტალიტარიზმის შემთხვევაში განსხვავებული პოზიცია უბრალოდ არ არსებობს.

შალვა შავგულიძე

ტოტალიტარული მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია ერთპარტიული მმართველობის სისტემა. რა მნიშვნელობა აქვს ამას: პარტია ერქმევა, მონარქი, დესპოტი – არჩევანი არ აქვს მოქალაქეს. აი, აქ მიჰყავთ ქვეყანა.

სხვანაირად ვერც მართავენ ამ ქვეყანას. რა გადაწყვეტილებაც აქვს სამწუხაროდ ივანიშვილს მიღებული – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეს დაუბრუნოს საქართველო – ამის შესრულებას სჭირდება ტოტალიტარიზმი.

ივანიშვილს აქვს ვალდებულებები რუსეთის წინაშე და იძულებულია, მოემსახუროს ამ ვალდებულებებს. ამ ამოცანას ვერ შეასრულებს დემოკრატიული მმართველობის წესით მოწყობილი ქვეყანა, თუ მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი, მაგალითად, გადაირჩიონ მთავრობა.

  • რუსულ ორბიტაზე სრულად დასაბრუნებლად კიდევ რა დარჩა გასაუქმებელი ივანიშვილს? მაგალითად, კრიტიკული მედია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს? 

დიახ, კრიტიკული მედია ინერციით არსებობს და ჩემი აზრით, არსებობს მანამდე, ვიდრე ივანიშვილს ასე ურჩევნია პოლიტიკურად, ყალბი სურათის შესაქმნელად, მაგრამ ეს ჯერჯერობით. შემდეგ კრიტიკული მედიაც, რა თქმა უნდა, აიკრძალება.

ამიტომაც ვამბობ, რომ თუ ინსტიტუციებზე კონტროლი სრული არ იქნება, ივანიშვილი ამ განაცხადს – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება – ვერ შეასრულებს. ყველა ინსტიტუტი ემორჩილება მმართველი პოლიტიკური პარტიის ნებას და ეს პარტია ემორჩილება მის ნებას.

დაკისრებულ ამოცანას ივანიშვილი თუ ვერ შეასრულებს, მას პასუხს მოსთხოვენ: შენ დაგვპირდი ამას და ვერ გაამართლე. ივანიშვილმა იცის, რომ პასუხი რუსეთის მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი, თუ ვალდებულება არ შესრულდა.

ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, როცა ივანიშვილის ინტერესები და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები განსხვავებულია. მოსახლეობის ინტერესია დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაცია, სადაც მენტალურად არის ჩვენი ადგილი, ეს არის სწორედ რომ ქრისტიანული ცივილიზაცია. 

უკვე საკმაოდ შეერყა ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ – ტყუილები აღარ ჭრის. ამიტომაც, ჩემი აზრით, უკვე გადაწყვიტეს, რომ მოდი, საერთოდ ოპოზიცია ავკრძალოთ, თორემ ვინმემ მართლა არ გაიმარჯვოს.

  • არსებობს მოსაზრება, რომ პარტიების აკრძალვის საქმე რეალურად ივანიშვილს სჭირდება ევროპასთან სავაჭროდ, რადგან მან არ იცის, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და შესაძლოა ევროპასთან მიბრუნება დასჭირდეს. ამ მოსაზრების ავტორებს მოჰყავთ არგუმენტი, რომ პუტინმაც კი ვერ შეძლო მარტივად ყველა ოპოზიციური ძალის გაქრობა. გამოსვლადია პრაქტიკულად პარტიების აკრძალვა? 

სწორედ იმიტომ, რომ თვალსაჩინოდ ერთპარტიული არ ყოფილიყო სისტემა და ეთამაშა დემოკრატიულობა, ამიტომაც შექმნა პუტინმა სატელიტი პარტიები. აქაც გვეტყვიან, რომ პარტიები კი არ ავკრძალეთ, არამედ თითქოს აი, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციურია. ისევ გვეტყვიან, რომ მრავალპარტიული არჩევნები გვაქვს. მოჩვენებითად შექმნიან ფასადს, რასაც აკეთებს პუტინი.

ჩემი აზრით, „ოცნებაში“ მაინცდამაინც ბევრსაც არ ფიქრობენ, რა და როგორ გააკეთონ – რუსეთიდან რა ინსტრუქციაც მოდის, ის უნდა გააკეთონ.

მოდის ინსტრუქცია, რომ აი, ჩვენ ეს ასე გავაკეთეთ და ამან გაამართლა, მაგალითად, NGO-ების აკრძალვამ საზოგადოებაზე კონტროლი გაადვილა, ამიტომაც, ჩვენთან რუსულ კანონს  გამჭვირვალობა დაარქვეს სახელად – ასე ხდება სხვა დავალებების შესრულება, ანუ ქართულად თარგმნიან ინსტრუქციას და შეაქვთ პარლამენტში…

წლების წინ უნდოდა ამას დანახვა და უფრო ადრე იყო საჭირო წინააღმდეგობის გაწევა – ნათელი იყო, რომ ივანიშვილს ეს მიზნები ჰქონდა. მე პირადად 2014 წელს დავტოვე „ქართული ოცნება“ და წავედი ოპოზიციაში. ორი წელი პარლამენტში ყოფნა სრულიად საკმარისი იყო, რომ ეს გამხდარიყო თვალსაჩინო. სასამართლო რეფორმა იყო, პროკურატურის რეფორმა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულაციები, რაც „მოსმენების კანონის“ სახელით არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ჩანდა, რომ მაშინაც იბრძოდა „ოცნება“, რომ უნდა მიგვეღო რუსული ტიპის და არა დასავლური, სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტის მქონე კანონმდებლობა.

მაშინ იყო საჭირო დაპირისპირება, როცა კიდევ არსებობდა ძლიერი, დასავლურ ცივილიზაციაზე ორიენტირებული ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ ხდებოდა ასე, რომ აი, ეს შეეხო ჯერ სხვას და ჩვენ ზოგს მინისტრად გვნიშნავს, ზოგს – კიდევ რაღაც. გზადაგზა ვინც წუწუნს დაიწყებდა, ნელ-ნელა თვითონ გაყარა.

  • რა რესურსი დარჩა, თქვენი დაკვირვებით, სახელმწიფოს გადასარჩენად? 

ახლა ეს ბრძოლა უფრო რთული ხდება. გაცილებით მეტი კონტროლი აქვს ინსტიტუციებზე, ვიდრე ჰქონდა ვთქვათ 2014-2015 წლებში.

ერთიცაა, ძალიან თუ მოუჭერს, შესაძლოა, ამას ამოხეთქოს და აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებზე წავიდეს. ასე გადაირჩინოს თავი.

ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა არჩევნებზე არ დადის ამომრჩევლის ნახევარიც კი. ვინც „ოცნებას“ აძლევს ხმას, ის 100% -ით მიდის არჩევნებზე, რადგან უნდა დაანახოს ხელისუფლებას თავისი ერთგულება. ვინმეს თუ ეს დაეზარება, მიაკითხავენ და მიიყვანენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინც არჩევნებზე არ მიდის. მოქალაქეების ნაწილისგან გვესმის: არც ისაა ჩემი, არც – ეს, ამიტომაც, არ წავალ არჩევნებზე და მივხედავ ჩემს თავს, მაგრამ ვერ მიხედავ, პირიქით, ის მოგხედავს, ვინც დაგაჯდება თავზე ძალადობით.

შესაძლებელია, დიდმა რეპრესიებმა უკურეაქცია გამოიწვიოს და ამომრჩევლის ეს ნაწილი გამოფხიზლდეს. ძალიან დიდი ფასი აქვს გადახდილი საქართველოს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვან წევრად გახდომისთვის და ეს ყველაფერი ახლა წყალში იყრება. ამხელა მსხვერპლია გაღებული: ადამიანური მსხვერპლი, რეალურად ჯერჯერობით დაკარგული ტერიტორიები, ეს ყველაფერი იკარგება და ასეთ ვითარებაში მოქალაქეთა ნახევრის სახლში დარჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა.

  • თქვენი აზრით, არჩევნების გაყალბების მიუხედავად, მაინც აქვს არჩევნებში მონაწილეობას აზრი? 

მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ სხვა შესაძლებლობას. გაიბუტნენ პოლიტიკური პარტიები და რას იზამს ახლა პუტინი? იტყვის, რომ მე ვერ ავიტან ამას და დავთმობ ჩემს ინტერესებს? უნდა დამანახო ძალა, რომ დაგითმო. ეს დაახლოებით ომის სიტუაციას ჰგავს: მაგალითად, მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს და შენ მხოლოდ ავტომატი გაქვს. შენ ამ დროს ამბობ, რომ ეს არ არის სამართლიანი ომი: ის ტანკით მეომება, მე კიდევ ავტომატით ვარ. მოდი, საერთოდ აღარ ვიომებ. ამით რას მოიგებ?

ბოიკოტი, ჩემი აზრით, არ იყო სწორი. პარლამენტში როცა ვიყავი და შემოვიდოდა ცუდი კანონი, მესმოდა ოპოზიციის განცხადებები, რომ ეს საშინელი კანონია და ბოიკოტს უცხადებდნენ. შენ იმიტომ აგირჩიეს პარლამენტში და გიხდიან ფულს ბიუჯეტიდან, რომ იქ უნდა ილაპარაკო. თუ არ მოგწონს კონკრეტული კანონპროექტი, უნდა გამოიყენო შენი დრო და აუხსნა საზოგადოებას, რატომაა ეს კანონი ცუდი.

ამომრჩევლების დიდი ნაწილი, მაგალითად, 80-90 % თუ მივა არჩევნებზე – ვთქვათ, გააყალბეს 10-20 % – ამომრჩევლის დიდი ნაწილი მაინც წალეკავს. ამას უკვე ვეღარ გააყალბებ. ამიტომაც, თითოეულმა მოქალაქემ, პირველ რიგში, უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რაც აკისრია ცივილიზებული სახელმწიფოს მოქალაქეს, თუ არ ვიბრძოლებთ ამისთვის, ვიქნებით რაღაც კოლბაში, ჩაკეტილ ქილაში, შეიძლება საარსებოდ ჰაერი შემოვიდეს ქილის თავზე დატოვებული ნახვრეტიდან, რომ სუნთქვა შევძლოთ, ცივილიზებული სამყარო იქნება ჩვენს მიღმა, სადაც იქნება კარგი განათლება, ჯანდაცვა, უზრუნველყოფილი ხანდაზმულები…

  • და ისევ ილუზიას შეგვიქმნიან, რომ ამ კოლბაში ყოფნა ყველაზე კარგია? 

დიახ, ცოტა ჰაერს შემოუშვებენ, რომ ბიოლოგიურად არსებობა შევძლოთ, წახვალ სამსახურში, მიიღებ იმდენს, რომ არსებობა შეძლო. არც ისე შორია საბჭოთა წარსული, რაც გამოვიარეთ. შეიძლება, ვიღაცას არ ახსოვს, ან ახალი თაობაა, მაგრამ ნათელია, რაც იყო. ამ რეალობაში დავბრუნდებით.

რაც მთავარია: ტოტალიტარიზმის დროს ადამიანს ესპობა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. შენ შენი მიდრეკილებები გაქვს, შენი პოტენცია, ეს ყველაფერი ტოტალიტარიზმის დროს კვდება, რადგან არავინ გაძლევს განვითარების საშუალებას.

ტოტალიტარიზმში არავის არ სჭირდება შენი დამოუკიდებელი აზრი, რომელიც სტანდარტს გაცდენილია. შენ უნდა იყო სტატისტიკური ერთი მოსახლე – სიტყვა მოქალაქესაც ვერ გამოვიყენებ. ადამიანის მთავარი მახასიათებელია თავისუფალი ნება, ღმერთმა ეს უბოძა ადამიანს და ამით განვსხვავდებით სხვა ბიოლოგიური არსებებისგან. როცა არ გაქვს თავისუფალი ნება და ვერ ირჩევ, რა გირჩევნია, ადამიანად ვეღარ რჩები, რაღაც ბიოლოგიური არსება ხარ, არსებობ, მაგრამ ხარ გალიაში შემწყვდეული.

ასე ცხვრის ფარაც არსებობს, მაგრამ როცა დრო მოვა, ვიღაცას გაპარსავენ, რადგან მატყლი დასჭირდებათ. რაღაც პერიოდის შემდეგ რომელიმე ცხვარს დაკლავენ, რადგან ვიღაცას მწვადი მოუნდება. მაინც ძოვს ბალახს ცხვრის ფარა, მეეს გაიძახის და მიიწევს წინ. ასე იქცევიან ადამიანები ცხვრის ფარად, ოღონდ ძოვონ ეს ბალახი, მერე რა, რომ ვიღაცას გაპარსავენ, ვიღაცას დაკლავენ, მაგრამ ასეთია ცხოვრება.

არცერთ ნორმალურ ადამიანს აქ დაბრუნება არ უნდა. რატომ იყო, რომ როცა არსებობდა „რკინის ფარდა“, რამდენი ადამიანი მოკლეს იმის გამო, რომ ბერლინის კედელს ახტებოდა დასავლეთ გერმანიაში მოსახვედრად? დასავლეთიდან აღმოსავლეთში არავინ გარბოდა. ასეთი არავის უნახავს. იმიტომ გარბოდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთში, რომ იქ ხედავდნენ თავისუფლებას. სწორედ თავისუფლებაა ადამიანის უმთავრესი მოთხოვნა. ეს არ არის აბსტრაქცია. თავისუფლება არის, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი ნება: რა მსურს, რა მინდა? რა პოტენციალი მაქვს? რის განვითარება მინდა?

  • გამოსდის ივანიშვილს, თქვენი აზრით, თავისუფლების მოსპობა ამ ქვეყანაში? 

არ ვიცი, ივანიშვილი ხედავს თუ არა, მაგრამ ალბათ უფრო ხედავს – საკმაოდ ფხიზელი ადამიანია. მისი ამ ნეგატიური სელექციის შედეგად, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაყვნენ ივანიშვილს ამ სცენარში, რომ რუსეთს ჩაბარდეს ქვეყანა, ოღონდ თვითონ პირადი კეთილდღეობა ჰქონდეთ.

შეიძლება რუსეთის სამსახურში გადაასწროს ვინმემ ივანიშვილს და მაშინ უკვე ივანიშვილი აღარ იქნება ის ერთადერთი პიროვნება, რომელიც რუსეთის დავალებას შეასრულებს. აი, ასეთ პოტენციალს მე ვუყურებ კობახიძეში. კობახიძე ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის კიდევ უფრო მეტს შესთავაზებს სიამოვნებით რუსეთს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, როცა დრო მოვა და ეს საჭირო გახდება.

ასეთი ნაბიჯების გადადგმა ივანიშვილს უფრო გაუჭირდება, ჩემი აზრით, ვიდრე კობახიძეს და იმ ადამიანებს, ვისაც ის იკრებს ირგვლივ. ვფიქრობ, კონკურენცია გაჩნდება რუსეთის კარზე, ვინ ვის გადაასწრებს, ასე ვთქვათ, ვინ უფრო მეტს შეუსრულებს. შეიძლება, დადგეს მომენტი, რომ აი, ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ ვერ ბედავენ გადადგან პირდაპირი ნაბიჯები რუსეთისკენ და აღიარონ ოკუპირებული ტერიტორიები, ან რაღაც ახალი ხელშეკრულებით მიებან რუსეთს. ამ დროს რუსეთი ეტყვის ივანიშვილს მადლობას იმისთვის, რაც გააკეთა, მაგრამ უნდა ჩაიწიოს, რადგან ახალგაზრდები უფრო საჭიროა, ესენი უფრო გვჭირდება ახლაო.

  • თითქმის ორი წელია გრძელდება საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები. ამ ტიპის საზოგადოებაში ივანიშვილი, ან რუსეთი ხედავს დიქტატურის დამყარების პირობას? 

იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ არც ის მიმაჩნია სწორედ, რაც ხშირად მესმის: არა, კაცო, საქართველო ბელორუსი არ არის, აქ ეს არ გამოვა. ქართველები არ ვიყავით იგივე საბჭოთა კავშირში? ნაკლებად მოვერგეთ საბჭოურ რეპრესიებს, ნაკლებად ვწერდით ანონიმებს ერთმანეთზე, თუ ერთმანეთი ნაკლებად დაახვრეტინეს ქართველებმა? რით არ მოვერგეთ კარგად ტოტალიტარიზმში ცხოვრებას?

ამის იმედად ყოფნა, რომ თურმე რაღაც საქართველოში არ გამოვა, არასწორი იქნება. არანაკლები როლი გვაქვს შესრულებული ტოტალიტარული მმართველობის ჩამოყალიბებაში. მართალია, ეს მაშინ რუსული ფენომენი იყო, მაგრამ მას სჭირდება მორჩილი მოსახლეობა. ჩვენც მოვერგეთ მშვენივრად, ძალიან დიდი როლი შევასრულეთ და დიდი ფასიც გადავიხადეთ – წესიერი ადამიანი არ დავტოვეთ, რომ არ დაგვეხვრიტა.

გამოფხიზლება იქნება არჩევნებზე მისვლა, რადგან ამხელა სიკეთე შეიძლება დაიკარგოს, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე გვაქვს გადახდილი იმის გამო, რომ რუსულ, ამ არაპროგრესულ სივრცეს მოვწყდეთ და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გავხდეთ.

  • როგორ შეიძლება მოიქცეს ამომრჩეველი, თუ მას უკვე 2028 წლის არჩევნებზე რეალური ოპოზიციური პარტია ბიულეტენზეც აღარ დახვდება? აქამდე კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი ამბობდა, რომ ოპოზიცია სუსტია, ვერ დაანახეს ალტერნატივა. 

სწორი შეკითხვაა, მაგრამ ძალიან რთულია პასუხის გაცემა. თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ მხოლოდ მმართველი პარტია და სატელიტი ერთი-ორი პარტიაა არჩევნებში, მართლაც ძალიან ძნელია მოქმედება, თუმცა სიტუაცია ყოველთვის გვაჩვენებს რაღაც გამოსავალს. აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე. ჩემი აზრით, მაინც არის შესაძლებლობები, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, ვთქვათ, ერთი ან ორი, რომელიც არ არის აკრძალული, ან ვერ აიკრძალება.

არ ვიცი, რამდენად შეძლებს „ოცნება“ ამ რეპრესიების ბოლომდე მიყვანას. ვხედავთ, რომ იგივე პარტიების საბოლოოდ აკრძალვაზე თავს იკავებენ. ჩემი აზრით, გააჩნია რა სიტუაცია იქნება: თუ შეხედავს ივანიშვილი, რომ ამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ძალიან დაბალია, იტყვის, რომ აი, ბატონო, არ ავკრძალე და მაინც გავიმარჯვეო. თუ საფრთხეს დაინახავს ამ პარტიებში, მაშინ გვეტყვიან, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია პარტიები და აკრძალა, რამდენიმე სატელიტს შემოგვაჩეჩებენ და თითქოს ეს არჩევნებია.

ესეც ტოტალიტარიზმის თვალსაჩინო ინდიკატორია, რომ ცნებებს შეუცვალო მნიშვნელობა: პატრიოტიზმი ერქმევა სამშობლოს ღალატს, თავისუფლება – მონობას და ასე შემდეგ.

თავისთავად პარტიების აკრძალვა ისეთი საშინელებაა, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს და მოჰყვება კიდეც პროტესტი. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ და მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ არ ვიღებთ ტოტალიტარიზმს, არ შევეგუებით, მაგრამ ეს პროტესტი რომ გადაიზარდოს ხელისუფლების შეცვლაში, კონკრეტულ, პოლიტიკურ მექანიზმს უნდა მოფიქრება. მე სხვა მექანიზმს ვერ ვხედავ, თუ არა არჩევნები.

ივანიშვილს თამაშის შესაძლებლობები უნდა შევუზღუდოთ. ამისთვის კი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორად. საზოგადოებამ არჩევნები ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, როგორც თვითგადარჩენის მექანიზმი. მთავარი ძალაა მოქალაქეთა აქტიურობა, რაც თავისით ვერ გაჩნდება, ამას სჭირდება სწორი შეთავაზება, იმ პოლიტიკური ძალების გამოკვეთა, რომლის იმედი მიეცემა მოქალაქეთა 50 %-ს, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, მაგრამ ეს ხალხი, ცხადია, არაა „ოცნების“ ამომრჩეველი, ის პოტენციურად ოპოზიციის ამომრჩეველია.

11 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა შავ ზღვაში გემზე დრონების თავდასხმის შედეგად

13 ოქტომბერს შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში, კრაპეცის სანაპიროდან 17 მილის დაშორებით, დრონის დარტყმის შედეგად ჩაიძირა სავაჭრო გემი HS Dignity-ი.

გემის ეკიპაჟის 11 წევრი დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 5 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს. ბულგარული მედიის ცნობით, გემი ძალიან სწრაფად ჩაიძირა, რაც, შესაძლოა, ძლიერ დარტყმაზე მიუთითებდეს.

ასევე დღეს, 13 ოქტომბერს, ბულგარეთის სანაპიროზე დრონები დაესხა თავს მალტის დროშის ქვეშ მცურავ, უკრაინელი მფლობელის გემ „Chelsea 3“-ს. საზღვაო მაშველებმა შეძლეს გემის ეკიპაჟის გადარჩენა. მედიის ცნობით, ეკიპაჟის წევრები უკრაინის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

„რუსული დრონი. დრონმა სამჯერ დაგვაგდო, რუსულმა დრონმა“ – ციტირებს ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გადარჩენილ მეზღვაურს. 

გემებზე თავდასხმა ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა.

ბულგარეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თავდასხმა რუსული დრონებით განხორციელდა. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.

ბოლო კვირის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ბულგარეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში დრონებით თავდასხმა ხდება სავაჭრო გემებზე. 6 ოქტომბერს დრონები დაესხა თავს ორ სატვირთო გემს, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ALFA WATAN-სა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ABLE-ს. გემი სახელად ALFA WATAN-ი ჩაიძირა, ეკიპაჟის წევრები დაკარგულად გამოაცხადეს.

____________

ფოტოზე: „Chelsea 3“. ფოტო: ბულგარეთის საზმაუ

„გათენდება ვტირი, დაღამდება – ვტირი. ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 4 შვილის დედის თქმით, მის ქმარს დეპორტაცია ემუქრება

„წერა-კითხვა არ ვიცი, არცერთ ენაზე, რადგან მშობლებმა სკოლაში არ შემიყვანეს. მეტროებში და ქუჩებში დავდიოდი და მოწყალებას ვითხოვდი.

14 წლის ასაკში გამათხოვეს. იქაც მძიმე ცხოვრება მქონდა, რადგან ცუდად მექცეოდა დედამთილი. ერთხელ სარდაფში თოკებით დამაბა, რის გამოც ვენებიც კი გადავიჭერი.

შემდეგ დედაჩემმა წამომიყვანა სახლში, რადგან ვუთხარი, აქ არ გავჩერდები, თავს მოვიკლავ – მეთქი.

ამ დროს ერთი შვილი უკვე მყავდა და მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. ორივე შვილის გაზრდა მარტოს მომიწია. როცა ძალიან გამიჭირდა, ბავშვები ბავშვთა სახლში მივიყვანე, მე ვმუშაობდი და ასე ვარჩენდი. ბავშვის მამა მათზე არ ზრუნავდა“, – ამ ისტორიას 35 წლის დიანა მარტინოვა ყვება „ბათუმელებთან“.

დიანა გვეუბნება, რომ ახლაც მძიმე ბრძოლას გადის, რადგან მისი მეუღლე ებენიზერ ოქრანი, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, პოლიციამ დააკავა და შსს-ს საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება.

ოქრანს ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, დიანას კი 4 შვილთან ერთად – ისევ მარტოდ დარჩენა.

„ჩემი მეუღლე სამი თვეა დაკავებულია. მითხრეს, რომ ქვეყნიდან უნდა გააძევონ. ოქრანი აფრიკიდან არის, განადან და აქ ცხოვრობს რამდენიმე წელია. ახლა გაძევებას უპირებენ. მე არც ადვოკატი მყავს, რომ მისი უფლებები დავიცვა და არც წერა-კითხვა ვიცი, განცხადებები ან საჩივრები რომ დავწერო.

4 წლის შვილთან ერთად ყოველდღე მივდივარ იზოლატორთან და ყურადღებას არავინ მაქცევს. ახლაც რამდენიმე საათია აქ ვდგავარ და არავინ მცემს პასუხს. ბავშვს შია, სწყურია, ნერვიულობს. ჩემი უფროსი შვილი აუტისტია და თუ წამალი დროულად არ მივეცი, აგრესიული ხდება. 

წამლის ფულიც კი არ მაქვს და ფეისბუქში ვთხოულობ. ქირის ფულიც გადასახდელია და ამ ყველაფერზე ისევ მე მიწევს მარტოს გამკლავება“, – გვეუბნება დიანა მარტინოვა.

ამბობს, რომ დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია.

„მინდობილობა კი მაქვს ჩემი მეუღლისგან, მაგრამ ხელსაც კი ვერ ვაწერ დოკუმენტებს. აქამდე პირადობის მოწმობაც კი არ მქონდა და ჩემმა მეუღლემ გამიკეთა. არ მინდა, რომ ჩემი მეუღლე ქვეყნიდან გააძევონ, რადგან მე და ჩემს შვილებს აქ სხვა მარჩენალი არ გვყავს.

როცა ჩემი ქმარი დააკავეს, სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ნერვიულობის გამო მუცელი მომეშალა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ არავინ არაფრად მაგდებდა“, – ამბობს დიანა.

დიანამ 10 ოქტომბერს მიგრაციის დეპარტამენტიდან მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ პატიმრობაში მყოფ უცხოელს უფლება აქვს დღეში ერთხელ მიიღოს მისთვის სასურველი ვიზიტორი. სხვა დეტალები დიანასთვის უცნობია.

„მე ვითხოვდი, რომ მე და ჩემს მეუღლეს მოგვცენ ქორწინების უფლება, ოფიციალური რეგისტრაცია ვერ მოვასწარით. ვითხოვ, რომ ნოტარიუსი შეუშვან და მოგვცენ ხელის მოწერის უფლება, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღე.

უცხოელები თუ არ უნდათ, მაშინ რატომ შემოუშვეს ქვეყანაში. როცა შვილი გვყავს და ერთად ვცხოვრობთ, ახლა უნდა გააძევონ ქვეყნიდან და ოჯახი უნდა დაგვინგრიონ? ქმარს ქვეყნიდან უშვებენ და ცოლ-შვილმა რა უნდა ვქნათ აქ, ვიმათხოვროთ?“ – ამბობს დიანა მარტინოვა.

ის მისი მეუღლის ისტორიის გადახედვას ითხოვს.

„უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენს გვყავს შვილი, რომელსაც აქვს აუტიზმი. ბავშვს სჭირდება მამა. არ შეიძლება დაანგრიო ოჯახები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა. მისცენ ჩემს მეუღლეს ქვეყანაში ცხოვრების უფლება, ჩვენ შვილი გვყავს“, – ამბობს დიანა.

მისი თქმით, წარსულში მძიმე ცხოვრება გამოიარა და არსებობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლა დღესაც უწევს.

„წერა-კითხვა იმიტომ არ ვიცი, რომ მშობლებმა არ მიმიყვანეს სკოლაში. არც დედამ იცოდა წერა-კითხვა და იმასაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა.

მარკეტებში ან სხვაგან ვიმუშავებდი, მაგრამ რადგან კითხვა არ ვიცი, სალაროსთან ვერ ვიმუშავებ. ამიტომ დალაგებაზე დავდივარ ხოლმე, ადრე სამკერვალო ფაბრიკაშიც ვმუშაობდი. ახლა ისევ უნდა გავიარო მძიმე გზა“, –  ამბობს დიანა.

დიანას სამი ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.

უფროსი შვილი 20 წლის გახდა, მეორე 18 წლისაა, მესამე და მეოთხე კი 12 და 4 წლის არიან. აქედან სამი – ალიონა, ფატიმა და სოლომონი, მასთან ერთად ცხოვრობენ რუსთავში, უფროსი თამარი კი „კარიტასის“ დღის ცენტრში სწავლობს და ღამითაც იქ რჩება. სწორედ ამ ცენტრის მეშვეობით ახერხებს მისი შვილი განათლების მიღებას და განვითარებას.

დიანას თქმით, შვილები დაჰყავს სკოლაში, პატარა კი – ბაღში.

„მამა აღარ მყავს, გარდაიცვალა, დედასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ისედაც არ მეხმარებოდნენ არაფერში. ერთი ძმა მყავს, მაგრამ მასაც თავისი ოჯახი ჰყავს და ისინიც მათხოვრობით ირჩენენ თავს.

სამწუხაროდ, არც ჩემს ძმას ასწავლეს მშობლებმა. სკოლაში მე მივიყვანე, მინდოდა, რომ ევლო, მაგრამ მშობლებმა გამოიყვანეს და მასაც ისეთივე რთული ცხოვრება აქვს დღეს, როგორც მე“, – გვეუბნება დიანა.

ის წუხს იმაზე, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ქალის უფლებებს დაიცავს.

„ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ქალები ვართ დაჩაგრული. ჩვენს უფლებებს არავინ იცავს. მერე რომ გამოვა ქალი ქუჩაში და მათხოვრობას დაიწყებს ან სხვა რამეს, დასცინიან. აბა რა ქნას, როგორ უნდა გადაარჩინოს ოჯახი.

ამ ბავშვს მამა სჭირდება, მე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, სამი თვის ბინის ქირაც მაქვს გადასახდელი. სად წავიდე, ქუჩაში დავიძინოთ? ეს გაუხარდებათ? სხვას რატომ უნდა შევაცოდო თავი, როცა ქმარი მყავს, მუშაობდა და თავის ოჯახს არჩენდა. ამაზე ვინ გამცემს პასუხს, ვის მოვთხოვო.

რა ვქნა შვილები ვაიძულო რომ მარჩინონ? მე ვარ ვალდებული, რომ ჩემს შვილებს მივხედო, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას. გათენდება ვტირი, დაღამდება ვტირი, დავიღალე ყველაფრით“, – გვეუბნება დიანა მარტინოვა.

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს, სასამართლო დატოვა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დღეს, 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

გუშინ, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობა, რომლითაც ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა.

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი. მას მოსამართლეობის ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

ერთი წლის წინ, გასული წლის 17 ოქტომბერს, უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი თვით ადრე საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მოსამართლე ირინა იმერლიშვილმაც. 

ამავე თემაზე:

პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძემ თვითგანრიდება მოითხოვა – მას უარი უთხრეს

ოჯახებს სახლები ენგრევათ, კორპუსის მშენებლობა კი გრძელდება – ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებთა ბრძოლა

„თუ დაზიანდება, ახალს ავაშენებთ“, –  ასე გვიპასუხეს ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, #75, 77 და 79 – ში მშენებლებმა, როცა მათ სამშენებლო ტერიტორიის მიჯნაზე მდებარე სახლების უსაფრთხოებაზე ვკითხეთ. „ბათუმელებს“ იგივე უთხრა მშენებელი კომპანიის, შპს „ჯეო 2020“-ის ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა, ბეგლარ ბოლქვაძემ ერთი თვის წინაც.

ამ ქუჩაზე მოქალაქეებმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა არც მოსამართლე მარინა ფომაევამ გაითვალისწინა – მოსამართლემ მშენებლობა არ შეაჩერა.

ამავე თემაზე: ზიანი თუ მიადგებათ, ჩვენ ავანაზღაურებთო

მშენებლობის ასეთ სტანდარტს ბათუმში მერია ამკვიდრებს იმით, რომ მსგავსი ფაქტების შემდეგ დღის წესრიგში არ დგება საკითხი – რატომ იწვევს მშენებლობა ხშირად მეზობლად არსებული სახლების დაზიანებას. ამას კანონი არ უშვებს. სხვა მსგავს შემთხვევაზე მოქალაქემ „ბათუმელებს“ აჩვენა ბათუმის მერიის ოფიციალური პასუხი, სადაც ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური მოქალაქეს წერს, რომ თუ რაიმე ზიანი მიადგება, მშენებელი აანაზღაურებს.

არადა მოქალაქეს კითხვები ჰქონდა საცხოვრებლის უსაფრთხოებაზე, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

„კომპანია აანაზღაურებს“ – ბათუმის მერიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც სახლის ჩამონგრევის რისკებზე წერს

ასე გამოიყენა შპს „ჯეო 2020“-ის დირექტორმაც მერიის დამკვიდრებული პრაქტიკა.

შპს „ჯეო 2020“ ბესიკის ქუჩაზე, #75, 77 და 79-ში 26-სართულიან კორპუსს აშენებს. ამ მასშტაბის შენობას შესაბამისი საძირკველიც სჭირდება, მისი მომზადებისთვის მიმდინარე სამუშაოების სიმძლავრემ და რყევებმა მეზობლად საცხოვრებელი გარემო – ეზო, სახლები დააზიანა. სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი 1294 კვ.მეტრია და კომპანია სრულად იყენებს მას.

აქ მცხოვრებმა ადამიანებმა მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთ უწყებას შეატყობინეს, რომ მათი სახლების და ეზოების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ადგილზე არაერთხელ მივიდნენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, როგორც თავად გვიყვებიან, არაფერი შეცვლილა და ისინი ახლა გაცილებით უფრო საშიშ გარემოში ცხოვრობენ:

„ბზარები კიდევ გაჩნდა, ზოგი უფრო გაღრმავდა, ეზო დაწეულია. კედელი ყანყალებს“, – გვიყვება თემურ ჯიჯავაძე, მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ნებართვა შპს „ჯეო 2020“-მა ბესიკის ქუჩაზე 2024 წლის ოქტომბერში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კომპანიას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [კ2] 3,5 დან 14,2-მდე გაუზარდეს. საპროექტო შენობა 25-სართულიანია, დამატებით ერთ, ტექნიკურ მიწისქვეშა სართულზე კი პარკინგის მოწყობას გეგმავენ.

შენობის სიმაღლე 83,30 მეტრი უნდა იყოს.

პროექტის რენდერი
მონიშნულია მშენებლობის ადგილი

„პოლიცია რომ მოვიდა, მოვიდა კომპანიის დირექტორიც. ისე ცინიკურად იქცეოდა, პოლიციელი ძალიან გაღიზიანდა ბოლოს, უთხრა, ბიჭო შენ რა გაცინებსო – გვიყვება ერთ-ერთი სახლის მფლობელი.

„საბოლოოდ პოლიციელმა, მოურიგდითო გვირჩია“, – გვითხრა თემურ ჯიჯავაძემ. 

მუნიციპალურმა ინსპექციამ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.ინფორმაცია გამოითხოვეთ და მოგაწვდითო – გვითხრეს ინსპექციაში. პასუხის მოწოდებას ეს უწყება მინიმუმ 10 სამუშაო დღეს ანდომებს.

თუმცა მოქალაქეებმა მოგვაწოდეს მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადგილზე დათვალიერების შემდეგ შედგენილი დოკუმენტი, ე.წ. მითითება, რომლითაც ვიგებთ, რომ კომპანიამ სანებართვო პირობები დაარღვია.

იმავე დოკუმენტის მიხედვით, შპს „ჯეო 2020“-ს პირობების გამოსასწორებლად გონივრული ვადა, 7 დღე მისცეს, თუმცა მომიჯნავედ მცხოვრებთა ინფორმაციით, კომპანიას სამუშაოები არ შეუჩერებია.

ამონარიდი მუნიციპალური ინსპექციის მითითებიდან

საძირკვლის მომზადების სამუშაოებს შპს „ჯეო 2020“ ახლაც აგრძელებს [13 ოქტომბერს]. ბზარები კი სამშენებლო ტერიტორიის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებსა და მასზე არსებულ შენობებზე „ბათუმელებს“ კიდევ უფრო გაღრმავებული დახვდა.

მოსახლეობა ითხოვს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს ვითარება და მერია, როგორც ნებართვის გამცემი ორგანო, გახდეს იმის გარანტი, რომ მათ საკუთრებას ზიანი არ მიადგება.

სამშენებლო ტერიტორიის მომიჯნავედ მცხოვრები თემურ ჯიჯავაძის თქმით, კომპანიის მფლობელი სთხოვს დაუმტკიცოს, რომ ზიანი მის სახლსა და ეზოს სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ მიადგა.

ამავე დროს, მშენებელს ნებართვის მიღებამდე მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებული შენობების კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა ჩატარებული და მერიისთვის წარდგენილი აქვს და ნაკლებად სავარაუდოა კომპანიის დირექტორს არ ახსოვდეს რა წერია ამ დოკუმენტში.

ის, რომ ამ სახლებს ბზარები არ ჰქონდა, კარგად იციან მერიაშიც, რაც დოკუმენტითაც დადასტურებულია:

მერიაში წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 40-წლიანი გამოცდილების ექსპერტმა, ლევან იმედაძემ  გამოიკვლია საპროექტო შენობიდან 20 მეტრამდე მანძილით დაშორებული შენობა-ნაგებობები და დაადგინა, რომ თითოეული მათგანი იყო ექსპლუატაციისათვის ვარგისი. არცერთ შემთხვევაში სპეციალისტს არ დაუწერია, რომ შენობას ჰქონდა ბზარები, არცერთ შემთხვევაში მას ამ შენობების მდგრადობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, სხვაგვარად მერია აქ მშენებლობის ნებართვას ვერ გასცემდა.

ამონარიდი დოკუმენტიდან

მოქალაქეების თქმით, მათ მაინც მოუწიათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსათვის მიმართვა შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ექსპერტს შესწავლა ჯერ არ დაუწყია.

კიდევ ერთო საინტერესო დეტალი დოკუმენტებიდან:

სამშენებლო დოკუმენტებს შორის არის არქიტექტორის საექსპერტო დასკვნა, სადაც ექსპერტი ბესიკის ქუჩაზე დაგეგმილი კორპუსის პარამეტრებს მიმოიხილავს მთავრობის N41 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. დასკვნაში კი წერს, რომ ლუკა ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი შესაბამისობაშია ტექნიკურ რეგლამენტთან, ანუ შენობის მისამართი არასწორადაა მითითებული.

ამონარიდი დოკუმენტიდან

ვისია „ჯეო 2020“ და რა გავლენებით სარგებლობენ მისი მფლობელები? 

შპს „ჯეო 2020“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მის 30 პროცენტს დავით შამილაძე ფლობს, 70 პროცენტს  კი – შპს „აბ დეველოპმენტი“, რომლის 100 პროცენტს ბეგლარ ბოლქვაძე და ბეგლარ ქედელიძე თანაბრად ინაწილებენ. ისინი წილებს ფლობენ სხვა სამშენებლო კომპანიებშიც, მათი ბიზნეს პარტნიორია ასევე დავით ბედინაძე.

ბეგლარ ბოლქვაძე იყო ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის ბიზნესპარტნიორი. ისინი ერთობლივად ფლობდნენ შპს „ველ ბილდინგის“.

შპს „ველ ბილდინგი“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, მამუკა კაკაბაძემ 2023 წლის ივნისში დააფუძნა. მაშინ ის აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. ძველ ბათუმში კორპუსის მშენებლობის ნებართვის პარალელურად ბათუმის საკრებულოს წევრის კომპანიამ 12-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიიღო გონიოს სანაპიროზე.

შპს „ველ ბილდინგის“ დაფუძნებიდან მალევე, 2 თვეში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოხელემ კომპანიის 55 პროცენტი შპს „აბ დეველოპმენტს“ გადაუფორმა კონკრეტული ვალდებულებით, 45% კი საკუთრებაში დაიტოვა. მაშინ „აბ დეველოპმენტის“ წილებს ბეგლარ ბოლქვაძე და ირაკლი ანანიძე ფლობდნენ.

„ბათუმელებმა“ კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ამჯერად ვერ შეძლო. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თიბისიში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 10 უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა თიბისისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კომპანიის მიდგომებს ახალგაზრდების განვითარებისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით და გაიგეს, რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა მათ, ვისაც კარიერის დაწყება თიბისიში სურს.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანელური დისკუსია იყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს პროგრამის მონაწილე სტაჟიორებისა და მენტორების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის ყოველდღიურობაზე, სამუშაო პროცესსა და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც თიბისიში პროფესიული განვითარების პირველ ეტაპზე იღებენ. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და პასუხები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც პროგრამის შიდა პროცესებს ყველაზე კარგად იცნობენ.

შეხვედრის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ სტაჟირების პროგრამაში წარმოდგენილი ყველა მიმართულების წარმომადგენელს, მიეღოთ ინფორმაცია კონკრეტული სფეროების შესახებ და უშუალოდ გაეგოთ, როგორია მუშაობა თიბისის სხვადასხვა გუნდში. ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ადამიანური რესურსების მიმართულების წარმომადგენლებს, რომლებმაც შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს.

თიბისისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი პოტენციალის აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას ნიშნავს. სტაჟირების პროგრამით თიბისი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გამოცადონ საკუთარი ძალები, ისწავლონ პროფესიონალებისგან და პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან კარიერულ გზაზე.

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი. გაეცანი მიმართულებებს, აირჩიე შენთვის საინტერესო სფერო და დღესვე დარეგისტრირდი თიბისის სტაჟირების პროგრამაზე.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, გაბედო და სცადო.

დრონების თავდასხმა 2 გემზე შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროზე – ერთი გემი ჩაიძირა

13 ოქტომბერს, შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში დრონებმა ორ გემზე მიიტანეს შეტევა. ერთი გემი ჩაიძირა.

პირველადი ცნობებით, გემის ჩაძირვისას სულ მცირე 4 ადამიანი გადაარჩინეს. გემის ეკიპაჟის დანარჩენი წევრების შესახებ ინფორმაცია და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რაც შეეხება მეორე გემს, მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ, უკრაინელი მფლობელის გემ „Chelsea 3“-ს ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 18 საზღვაო მილის (33 კმ) მოშორებით, ღამის 1:30 საათზე სამი დრონი მოხვდა და დააზიანა.

მაშველებმა შეძლეს გემის ეკიპაჟის გადარჩენა. ეკიპაჟის წევრები უკრაინის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. დაშავებული მეზღვაურებიდან ხუთმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ერთმა – დამწვრობა.

ეს ბულგარეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი მსგავსი ტიპის მეორე შემთხვევაა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ იგი აპირებს რუსეთის ელჩი დაიბაროს ამ „მიუღებელი“ თავდასხმების გამო.

ამავე თემაზე:

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს

რა დაკარგეს ქართველმა სტუდენტებმა გერმანული ფონდების ქვეყნიდან გასვლით

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის გამო გერმანულმა ფონდებმა საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ფონდებს შორისაა ადენაუერის ფონდიც.

ეს ის ფონდებია, რომლებიც ქართველ სტუდენტებს სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და კვლევების წარმოებას უფინანსებდნენ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

რა დაკარგეს ამ ფონდების ქვეყნიდან გასვლით ქართველმა სტუდენტებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიკოს გიორგი ჯავახიშვილს ესაუბრა, ილიას უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, რომელიც ადენაუერის ფონდის სტიპენდიატი იყო 2022-2024 წლებში.

  • ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, გერმანულმა ფონდებმა ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „ოცნების“ კანონმდებლობა აღარ აძლევს მათ ქართველი ახალგაზრდების დაფინანსების საშუალებას. რა დაკარგეს ამით როგორც უნივერსიტეტებმა, ასევე მკვლევრებმა?

ყველაზე დიდი პრობლემა და შეიძლება ითქვას ტრაგედია ამ ფონდების გასვლის შემთხვევაში არის ის, რომ საქართველოში სამეცნიერო კვლევები ფაქტობრივად შეჩერდება.

განსაკუთრებით ადენაუერის ფონდის გასვლის შემთხვევაში გამოჩნდება ეს, რადგან ისინი ხუთზე მეტ მიმართულებას აფინანსებდნენ სამაგისტრო საფეხურზე, მათ შორის ორი ისეთი მიმართულება ჰქონდათ მონიშნული, როგორიცაა რელიგიის კვლევები და თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამების დაფინანსება.

სტუდენტზე გაცემული სტიპენდია შეადგენდა დაახლოებით 300 ევროს, რაც, დამეთანხმებით, რომ საქართველოში მაგისტრატურის სტუდენტისთვის საკმაოდ დიდი თანხაა და ხშირად ის აღემატება ექთნის და ექიმის ხელფასსაც კი.

წარმოიდგინეთ, როცა არქივები ფასიანია საქართველოში და ნებისმიერი სხვა უწყებიდანაც ინფორმაციის გამოთხოვა უწევს მკვლევარს, იქნება ეს ეროვნული არქივი თუ სხვა, ეს სტიპენდია იყო გახსნილი ფანჯარა იმისათვის, რომ ისტორია გეკვლია და დაგემუშავებინა.

უამრავი სტუდენტი მხოლოდ იმიტომ გახდა წარმატებული, რომ ამ ფონდის დახმარებით დიდ დროს უთმობდა მეცადინეობას. შესაბამისად, თუ რამე დაზარალდა ამ ფონდების ქვეყნიდან გასვლით, პირველ რიგში დაზარალდა ქართული სოციალური მეცნიერებები. დაზარალდნენ დამოუკიდებელი მკვლევრები, რომლებიც საქართველოს ისტორიასა თუ კულტურაზე მუშაობდნენ.

გარდა ამისა, მკვლევრებსა და სტუდენტებს ადენაუერის ფონდის ეგიდით შესაძლებლობა ეძლეოდათ გაცვლით კონფერენციებში მიეღოთ მონაწილეობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში.

სტიპენდიის მფლობელები მიდიოდნენ პოლონეთში, გერმანიაში ან ჩეხეთში და ეცნობოდნენ თავიანთ თანატოლ, ახალგაზრდა მეცნიერებს, ისტორიკოსებს და გეოგრაფებს, რაც ხელს უწყობდა როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საქართველოს ცნობადობის გაზრდას.

  • ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იმისკენ, რომ სწორედ ისტორიის კვლევისთვის შეეშალათ ხელი და მეორე ის, რომ მოეწყვიტათ ჩვენი განათლების სისტემა ევროპულისგან?

წესით, ნორმალურ, დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობა თავად ზრუნავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დაფინანსებაზე და მხარს უჭერს ასეთი კვლევების განვითარებას, მაგრამ საქართველოში ისტორიის და თუნდაც ფოლკლორისტიკის, თეოლოგიის დაფინანსება არ ხდება. იმიტომ კი არა, რომ ფული არ არის, პოლიტიკური ნება არ არსებობს.

ნამდვილად გამოიძებნება ხუთი ქართველი ფილოსოფოსის დასაფინანსებელი 1200 ლარი ოთხი წელიწადში, ამის სურვილი რომ არსებობდეს, რადგან იციან, რა ალტერნატივები შეიძლება გამოაჩინოს საზოგადოებრივი ქსოვილის შესწავლამ და ბუნებრივია, ეს არ უნდათ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის უკუსვლით არიან დაკავებული.

ამიტომ, მეცნიერება უნდა მოსპონ, რადგან ის ხსნის სამყაროს და გვაჩვენებს უკეთეს ალტერნატივებს.

  • „მოგვმართონ და დავრთავთ დაფინანსების უფლებასო“ – ასე ამბობდა „ოცნების“ ხელისუფლება რუსული კანონების განხილვისას. თუმცა ფაქტია და ეს ჩანს ფონდების განცხადებებიდანაც, რომ მათ არ მისცეს უფლება დაეფინანსებინათ საქართველოში მეცნიერება. იქნებ კონკრეტული მაგალითებით ავუხსნათ მკითხველებს, რა დააკარგვინეს ქვეყანას და რატომ?

მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, როგორც დემოგრაფიულად, ასევე ლანდშაფტურად. ინგრევა და ნადგურდება ძველი ქართული ძეგლები.

ადენაუერის ფონდის ერთ-ერთი ბოლო პროექტი გახლდათ თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა. არც კი უფიქრიათ კულტურის სამინისტროში, თუ როგორ შეიძლება ამ ხეობის პოპულარიზება, რომ უფრო მეტი ადამიანი ესტუმროს და აღმოაჩინოს თრუსოს ხეობის უამრავი ძეგლი, შესანიშნავი ჩანჩქერები, მთები, მდინარეები და წყაროების სისტემა და ამ ყველაფრის კვლევას აფინანსებდა ადენაუერის ფონდი.

გამოდის, რომ ახლა აღარც ხეობა იქნება შესწავლილი და საქართველოს მოსახლეობასაც არ ექნება სათანადო ცოდნა ამ მემკვიდრეობის შესახებ. საკუთარი ისტორიის, ლანდშაფტის, ბუნების და ძველი ციხე-კოშკების კვლევაზე გვჭირდება თურმე მთავრობის თანხმობა.

ეს არის ზეწოლა პირდაპირი გაგებით საქართველოს კულტურაზე, რადგან როგორ შეიძლება, რომ თრუსოს კოშკების გადარჩენის პროგრამა სანქცირდებოდეს ხელისუფლებისგან.

და ეს კანონიც, [გრანტების შესახებ] იმიტომ არის მართლა რუსული და სწორედ ამიტომაც დაერქვა ეს სახელი, რომ იმას აკეთებს, რაც რუსებმა გაუკეთეს ამ ქვეყნას და მის იტორიას – გადაშალეს და გადაღებეს.

ასე მარტივად გადაშლიან ესენიც, რომ აქეთა მხარეს აღარავინ დარჩეს პასუხის გამცემი და მოპასუხე, თუნდაც იმიტომ, რომ არ იქნება საკმარისი ცოდნა და არგუმენტი, აღარ იქნება კრიტიკული დამოკიდებულება.

  • არის ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, როგორ ფიქრობთ?

ნამდვილად ასეა, კი და აქ მხოლოდ ძეგლების ან არქიტექტურის დაფინანსებაზე არ იყო საუბარი, ჩვენ გვაქვს არამატერიალური კულტურის ძეგლებიც, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და ფოლკლორისტების მუშაობასაც უწყობდა ხელს ადენაუერის ფონდი.

საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ აუკრძალავთ ეთნოგრაფიის დაფინანსება საქართველოში და ახლა ვიღებთ მოცემულობას, როცა სახელმწიფო, რომელსაც ფული არ ემეტება ფოლკლორისთვის, არც ჩვენს მეგობრებს აძლევს საშუალებას, რომ დაგვეხმაროს.

მერე უკვირთ, მოსახლეობა რატომ მცირდება, პატრიოტიზმი რატომ არ არის, რატომ სუსტდება სამოქალაქო ღირებულებები და იზრდება ნიჰილიზმი.

მეცნიერება არის ხიდი ცოდნას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ამ ხიდს, დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო აშენებს. აქ კი ამ ხიდებს გვინგრევენ და სამუდამოდ სწირავენ ქართველ ხალხს უპერსპექტივობისთვის.

  • ამავე დროს საუბრობენ პატრიოტიზმზე, რელიგიაზე, ოჯახზე…

ახლა მივიღეთ მოცემულობა, სადაც სამეცნიერო საქმიანობა, პროფესიული ეთიკა და უკეთეს მომავალზე ფიქრი ჩაანაცვლა ყალბმა რიტორიკამ, პოპულიზმმა და ისტორიის ინსტრუმენტალიზებამ. ისინი „ქართველობას“ იყენებენ როგორც ინსტრუმენტს, რომ განადგურონ უკეთესი მომავლის პერსპექტივაც და ქართველი ხალხის ცხოვრებაც.

ახლა მართლა ვცხოვრობთ რაღაც ტყუილში და ბოროტად გამოყენებული განწყობების კორიანტელში, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს არც მათთვის და არც ქართველი ხალხისთვის.

ახლა, როცა უამრავი სექტორი ნადგურდება და უამრავი ადამიანი ვეღარ აკეთებს საყვარელ საქმეს, ისინი იწყებენ ისტორიის ინსტრუმენტალიზებას და ძარცვას.

  • მას შემდეგ რაც რუსული კანონები მიიღეს, გახსენდებათ თუნდაც ერთი პროექტი, ერთი მკვლევარი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ დააფინანსა? არ ვგულისხმობ ისეთ პროექტებს, რომელიც პირდაპირ შედის პარტიულ ინტერესებში, დამოუკიდებელ მკვლევრებს ან პროექტებს ვგულისხმობ.

ადენაუერის ფონდი მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფინანსებდა ევროპის კვლევების პროგრამას და ეს პროგრამა უკვე მძიმე დღეშია.

მივიღეთ მოცემულობა, რომ სტიპენდიები სამაგისტრო დონეზე ქვეყანაში აღარ არსებობს და თუ არსებობს, ეს არის რაღაც მიზერული და თან ერთჯერადი.

რატომ უნდა გაყვეს ადამიანი მეცნიერებას თუ იცის, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა არ აქვს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, ევროპული ფონდების დახმარებით ხდებოდა ქართველი მეცნიერების ჩართვა საერთაშორისო ან რეგიონულ დისკუსიებში და ცალკე აღებული ამას ვერ ახერხებდნენ მანამდე ქართული უნივერსიტეტები.

ამ ფონდების ხელშეწყობით ხდებოდა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა საქართველოში და ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების გაგზავნა ევროპაში ცოდნის გაცვლის და საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილეობისთვის.

ახლა ეს ყველაფერი შეჩერდა, მეცნიერება აღარ არის პრიორიტეტული, აღარ არის საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე. ვერანაირად ვეღარ ხდება ახალგაზრდების დაინტერესება – რატომ უნდა გახდეს ის ეთნოგრაფი ან თუნდაც მუსიკის ისტორიკოსი.

ამ ფონდების საშუალებით კი გრძნობდი, რომ საინტერესო იყავი არა მხოლოდ უნივერსიტეტისათვის, არამედ გარე სამყაროსთვის. ახლა ეს დამოკიდებულება ქრება და ვიღებთ თაობას, რომელიც საკუთარ პროფესიულ ცოდნას მოკლავს და დათრგუნავს, იმიტომ, რომ მათ სახელმწიფო ვერ დაეხმარება და მეგობრები კიდევ მტრად არიან გამოცხადებულნი.

  • თუკი აქ აღარ იქნება დაფინანსების მიღების შესაძლებლობები, როგორ ფიქრობთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ქართველმა სტუდენტებმა ისევ ევროპაში დაიწყონ მომავლის ძებნა და ქვეყანა დატოვონ?

ქართველი სტუდენტები რის გამოც ხვდებოდნენ სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების ყურადღების ცენტრში, იყო იმის დამსახურება, რომ სწორედ ეს გერმანული თუ სხვა ფონდები უჭერდნენ მხარს ამ სტუდენტებისთვის განვითარებას და ეს ხდებოდა იმის წინაპირობა, რომ შემდეგ მიეღოთ სხვადასხვა პრესტიჟული სტიპენდია ევროპის უნივერსიტეტებში. კონკურენტულები ვიყავით ქართველი სტუდენტები საერთაშორისო ბაზარზე.

მაგრამ ახლა, როცა აღარ ექნებათ ამ ფონდებისგან მსგავსი მხარდაჭერა სტუდენტებს და ვერც ისეთ გამოცდილებას ვეღარ მიიღებენ, როგორც აქამდე იღებდნენ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით, აღარავის მოუნდება მათში ფულის ჩადება.

რომც მოინდომონ ამის გამო ემიგრაციაში წასვლა, შანსები მაინც მცირდება, რადგან იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებსაც ისინი აირჩევენ, კონკურენტები ეყოლებათ სხვა პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, იქნება ეს სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ სხვა, რომლებიც ასევე შესაძლოა მუშაობდნენ საბჭოთა წარსულის კვლევებზე და რატომ უნდა აიყვანოს, მაგალითად, კემბრიჯის ან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებმა ქართველი ნაკლებად ძლიერი და უფრო მეტიც, ბევრად დასუსტებული სტუდენტი, მაშინ როცა ამ ქვეყნებიდან ბევრად ძლიერი კანდიდატები იქნებიან კონკურენციაში.

ამ შემთხვევაში ქართველი სტუდენტები დაიჩაგრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არც სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნებათ და არც საერთაშორისო მეგობრების.

  • გამოდის, საქართველო ყველაფერს კარგავს, რაც ამ 30 წლის განმავლობაში ბრძოლით მოვიპოვეთ, თუნდაც განათლების სფეროში?

ამ მოცემულობით დავუბრუნდებით 1983 წლის ნიშნულს და ქართველ ბიოლოგებს, მათემატიკოსებს, ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებს გაუჭირდებათ დაეწიონ საერთაშორისო სტანდარტს და კიდევ 40 წელი იქნება საჭირო, რომ ისევ დავუბრუნდეთ არსებულ მდგომარეობას.

30-40 წელი ეს ნიშნავს ოთხ თაობას ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების და ნულიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.

  • რატომ შეიძლება უნდოდეს ხელისუფლებას ამის გაკეთება საკუთარი ქვეყნისთვის?

უბრალოდ არ სურთ კრიტიკული კითხვების დამსმელი, მომავალზე ორიენტირებული, უკეთეს ცხოვრებაზე მოფიქრალი ადამიანების არსებობა საქართველოში, რადგან ასეთი საზოგადოება წინაღობას უქმნის მათ განზრახვას.

ეს არ არის მხოლოდ რუსეთის სურვილი, უნივერსალური სახელმძღვანელოა ავტორიტარების და იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი, სინგაპური, ჩრდილოეთ კორეა თუ ვენესუელა, ყველა ერთ დაწერილ მოდელს იყენებს. ოდესღაც ჰიტლერმა და სტალინმა შექმნეს ეს მოდელები და ახლა გადმოაკოპირეს სხვადასხვა მასშტაბით ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, რაც ჯერ კიდევ ვერ გადაიაზრა დემოკრატიულმა სამყარომ.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ეფიქრათ რუსეთის და ავტორიტარიზმის აღმასვლაზე, ფიქრობდნენ კენგურუების დაცვაზე, რომელიც ჩემი აზრით გადასარევი ამბავია, მაგრამ კენგურუების რაოდენობა აშკარად მზარდია, დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობა კი მცირდება.

ამიტომ უნივერსალური მიდგომაა ავტორიტარებისთვის, რომ მათ უნდა გაანადგურონ კრიტიკული მედიები, მეცნიერება და კრიტიკული საზოგადოება.

წესიერ საზოგადოებაში ხომ ასე ხდება, რომ ჯერ ჟურნალისტი მიდის მეცნიერთან, საუბრობენ პრობლემაზე, შემდეგ მედიისგან იგებს მთელი საზოგადოება ამ პრობლემაზე და ამის შემდეგ მიდის საპარლამენტო მოსმენები და მიდის მსჯელობა პრობლემის მოგვარებაზე. ანუ დიდი ქსოვილია დემოკრატია.

ახლა კი მივიღეთ რა, რომ მედიაც რეპრესირებულია, აკადემიაც, ოპოზიციაც და სამოქალაქო საზოგადოებაც და დემოკრატიის განვითარების ნაცვლად გადავარდით მე-18 საუკუნეში ტირანიაში, სადაც ვიღაც ერთი მონარქი მართავს.

ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ რაღაც პერიოდში რეჟიმები არსებობას წყვეტენ და მე იმედი მაქვს, რომ გლობალურ და ლოკალურ დონეზე რაღაცები აუცილებლად შეიცვლება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 555 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 412 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 534 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 51 141 ერთეული [+51]
  • MLRS – 2 211 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 704 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 561 762 ერთეული [+1 889]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 942 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 162 418 ერთეული [+362]
  • სპეცტექნიკა – 4 823 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე

„აშშ-მ არ უნდა მისცეს პუტინს ფინანსური მხარდაჭერა“ – ამერიკელი სენატორების განცხადება

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ 1 დღით დათანხმდება

„სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში“ – ინტერვიუ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში“ – ინტერვიუ

„არ დარჩება უკრაინა მარტო. ჩემი აზრით, სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას და მთლიანად დაიკავოს უკრაინა, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში. დამერწმუნეთ, უკრაინელები არ შეწყვეტენ ბრძოლას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე, მას ტრამპის ბოლო განცხადებებზე ვესაუბრეთ: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ უკრაინას აშშ-ის მხარდაჭერა აღარ ექნება და თუ ასე მოხდა, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება უკრაინა?

„აქ საუბარია, პირველ რიგში, ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებზე და სტარლინკზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინისთვის ამ ომში,“ – გვიყვება სამხედრო ანალიტიკოსი. ვახტანგ კაპანაძის აზრით, პუტინი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს ბრძოლის ველზე, ამიტომაც ცდილობს ცივი ზამთრით ისევ შეაშინოს უკრაინა, თუმცა:

„ზამთარი რუსეთშიც არის, თანაც არანაკლები, ვიდრე უკრაინაშია. დღეს უკრაინა ახერხებს და სარკისებურად პასუხობს რუსეთს: დაარტყეს უკრაინის ხიდებს? – უკრაინელებმა დაარტყეს ტაგანროგში მთავარ სარკინიგზო დამაკავშირებელ ხიდს… უკრაინა რუსეთს არ რჩება ვალში – უფრო და უფრო ავითარებს დარტყმების შესაძლებლობებს.

არც რუსებისთვის არ იქნება ეს ზამთარი შოკოლადი,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე. იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერდოღანის ბოლო განცხადებებს, რომელიც მას შემდეგ გაკეთდა, როცა რუსებმა შავ ზღვაში თურქეთის გემს დაარტყეს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, ტრამპის ახალმა განცხადებებმა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, აშშ რუსულ დიზელს შეიძენს და ასე შემდეგ, გააჩინა მოსაზრება, რომ უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ შეძლებს წარმატების მიღწევას ომში. თქვენი აზრით, რაზეა გათვლილი ტრამპის ეს გზავნილები?

შემიძლია გითხრათ ის, რომ შედეგი ამ შეთანხმებისა ნულოვანიც კი არაა ამერიკისთვის. ფაქტობრივად, ამერიკა არაფერს არ იღებს ამ მოლაპარაკებიდან. ნავთობის ეს რაოდენობა, რაც დაასახელა ტრამპმა, რომ უნდა მიიღოს რუსეთიდან ეტაპობრივად, ფაქტობრივად, არაფერია ამერიკისთვის.

რაც მთავარია, პუტინი სანაცვლოდ არაფერს აკეთებს: პუტინის ადმინისტრაციიდან აშშ-მ მიიღო მხოლოდ ის შეტყობინება, რომ რუსეთის ხელისუფლება იფიქრებს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებაზე.

არ ვიცი, რა გათვლით მოქმედებდა ტრამპი. ფაქტია, რომ ამერიკელების რეაქცია ძალიან მძაფრია. როგორც დემოკრატებმა განაცხადეს, ეს არის შეთანხმება სატანასთან, რომელიც ეხმარება ირანს, აწვდის იარაღს ამერიკელების დასახოცად.

მეორე მხრივ, გაურკვეველია, სად აქვს რუსეთს ამდენი დიზელი, რომ ამერიკას მიაწოდოს? ცნობილია, რომ რუსეთს თავად არ ჰყოფნის ნავთობი და აკრძალული იყო მისი ქვეყნიდან გატანა. იქეთ ყიდულობს რუსეთი დიზელს.

აშშ-ს, ბუნებრივია, გააჩნია უკრაინაზე ზემოქმედების ბერკეტები. შეიარაღების მიწოდებაზე აშშ ფულს იღებს და ეს არა მგონია შეწყვიტონ. აქ საუბარია, პირველ რიგში, ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებზე და სტარლინკზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინისთვის ამ ომში.

  • ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც: „დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“, – თქვა მან. ანალიტიკოსების ნაწილი მსჯელობს იმაზე, რომ პუტინს რადგანაც არავითარი წარმატება არ აქვს ბრძოლის ველზე, მას სურს უკრაინას აიძულოს კაპიტულაცია. მოწოდებები უკრაინის ახალ პრეზიდენტზე ამიტომ ხომ არ ისმის, რომ ზელენსკის შემცველი მარტივად დათანხმდეს პუტინის მოთხოვნებს? 

პრეზიდენტის არჩევა არის ხალხის საქმე და ეს არის უკრაინის მოსახლეობის უფლება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არაა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი, მაგრამ ზელენსკი ითხოვს ორ თვეს, ზუსტად 60 დღეს, რომ ჩატარდეს არჩევნები. ამისთვის საჭიროა 2 თვე, ანუ 60 დღე მშვიდობა, რომ არ იყოს სროლა და ჩატარდეს არჩევნები. ამაზე არაა თანახმა რუსეთი.

სხვა საკითხია, რამდენად კორექტულია, როცა ზელენსკის სთხოვ გადადგომას და პუტინს არ ეუბნები იმავეს.

  • არსებობს ვერსია, რომ ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინც ზელენსკის შეცვლის, ის შესაძლოა უფრო მარტივად დათანხმდეს პუტინის მოთხოვნებს. პუტინი კი ხედავს, რომ ბრძოლის ველზე არანაირი წარმატება არ აქვს და ცდილობს, უკრაინა აიძულოს კაპიტულაციას დათანხმდეს. 

პუტინი აცხადებს, რომ არ დაჯდება ზელენსკისთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ზელენსკი მზადაა, დაჯდეს პუტინთან მოლაპარაკებაზე. პუტინი იძახის, რომ ზელენსკის თუ მოლაპარაკება სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში.

არადა ჩავიდა თავის დროზე მოსკოვში პოლონეთის მთელი დელეგაცია და ვერ ჩაფრინდა დანიშნულების ადგილზე.

ტრამპმა ხვალ შესაძლოა სულ სხვა რაღაც თქვას, ბოლომდე ვერ მიჰყვები მის განცხადებებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ განცხადებებით ჩანს, რომ ტრამპი ცდილობს პუტინის გათეთრებას. ამბობს, რომ პუტინთან თითქოს შეიძლება დალაპარაკება და ასე შემდეგ. არა მგონია, ამერიკის ინტერესებში იყო პუტინის გათეთრება.

სხვათა შორის, ამ დღეებში უნდა შევიდეს ჯორჯიის შტატში, ნავსადგურ სავანაში ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელმაც უნდა შეიტანა 37-38 ათასი ტონა დიზელი ამერიკაში. ეს არის მონაცემები, რომელმაც გამოჟონა მკვლევართა ჯგუფიდან. ეს გემი გამოსული სანკტ-პეტერბურგიდან 22 სექტემბერს და თავიდანვე გეზი ჰქონდა აღებული შტატებისკენ. ტრამპი ამ დროს 9 ოქტომბერს აცხადებს ხელშეკრულების შესახებ.

გამოდის, რომ ეს შეთანხმება მანამდე არსებობდა. ეს ნახევრად სიმართლე, ნახევრად იმედი, ნახევრად ოცნება ძალიან დამაზიანებელია. თვითონ ტრამპის პოლიტიკური წონა საკმაოდ დაზარალებულია.

ტრამპის ამ განცხადებამდე ზელენსკიმ თქვა: ნუ დახოცავენ ჩვენს ბავშვებს და ჩვენ არ დავარტყამთ რუსეთის დიზელის წარმოების ცენტრებს. მეორე დილით აცხადებს ტრამპი, რომ მიღწეულია რუსეთს და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავიო.

ამას რა მოჰყვა? ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთმა დაარტყა ხარკოვის თბოელექტროსადგურს. ანუ რა გამოდის: ტრამპმა 9-ში განაცხადა ენერგეტიკული ზავის შესახებ და 11-ში რუსეთმა უკრაინას ისევ დაარტყა. ზელენსკი ამბობს და ჩვენც ამას ყველა კარგად ვხედავთ, რომ ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის არის აღქმული, როგორც აგრესიის გაგრძელების უფლება.

ნავთობის დეფიციტი ძირითადად მაინც გამოწვეულია ჰორმუზის სრუტის ამბით და არა რუსეთ-უკრაინის ომით. ამერიკას უკვე კარგა ხანია რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეწყვეტილი ჰქონდა. ამიტომაც, ვერ გეტყვით, რეალურად რა დგას ტრამპის ამ განცხადებების უკან.

  • თუ დავუშვებთ, რომ აშშ მართლაც შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას – თქვენ სტარლინკს გაუსვით ხაზი და ასევე ამერიკული დაზვერვის მნიშვნელობას უკრაინისთვის – რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინა?

უკრაინისთვის უფრო რთული გახდება საომარი მოქმედებების წარმოება, თუმცა გერმანიამ, პოლონეთმა, ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მარტო არ დარჩება.

ფაქტია ისიც, რომ ევროპა საკმაოდ ინტენსიურად ემზადება საომარი მოქმედებებისთვის, მაგალითად, გერმანია-ჰოლანდიამ გააძლიერეს სადაზვერვო მონაცემების გაცვლის სისტემები. დრონების პოლკის ჩამოყალიბებას აპირებს გერმანია და ამისთვის უკრაინელი კონსულტანტები ჩაიყვანეს გერმანიაში. გადაიარაღება და მოდერნიზაცია მიმდინარეობს აქტიურად ევროპის ბევრ ქვეყანაში.

ჩემი ერთი ნაცნობი გერმანელი ექიმის განცხადებით, სწავლებები ჩაატარეს გერმანიის დიდ საავადმყოფოებში, სცენარით დღეში 1000 დაჭრილის მიღება როგორ უნდა შეძლოს საავადმყოფომ…

არ დარჩება უკრაინა მარტო. ჩემი აზრით, სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას და მთლიანად დაიკავოს რუსეთმა, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში. დამერწმუნეთ, უკრაინელები არ შეწყვეტენ ბრძოლას. ეს გამორიცხულია, რომ მოხდეს.

  • თავდაცვის ორგანიზება, რასაც ამ დრომდე წარმატებით ახერხებს უკრაინა ფრონტის ხაზზე, შესაძლებელი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელება ამერიკის ჩართულობის გარეშე? 

ისეთივე წარმატებული ვერ იქნება, როგორც აქამდე. უკრაინას დასჭირდება მეტი რესურსი, მეტი ძალისხმევის გაღება. შეიძლება უკრაინამ დონბასი დაკარგოს, მაგრამ ის, რომ ეს იქნება რუსეთის საბოლოო გამარჯვება უკრაინაზე, ასე არ იქნება.

  • სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილს აქვს ასეთი მოლოდინი, რომ თუ პუტინმა უკრაინის დაყოლიება ვერ შეძლო, შესაძლოა, ბევრად უფრო გართულდეს მდგომარეობაში უკრაინაში მორიგი ზამთრის გადატანის კუთხით – პუტინმა გამოიყენოს ყინვა, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი.

ზამთარი რუსეთშიც არის, თანაც არანაკლები, ვიდრე უკრაინაშია. დღეს უკრაინა ახერხებს და სარკისებურად პასუხობს რუსეთს: დაარტყეს უკრაინის ხიდებს? – უკრაინელებმა დაარტყეს ტაგანროგში მთავარ დამაკავშირებელ ხიდს. დაარტყეს რუსებმა მონაცემთა დაცვის ცენტრს უკრაინაში? – უკრაინელებმა „იანდექსი“ აუფეთქეს რუსებს და ორი დიდი ცენტრი გაუთიშეს. „იანდექსი“ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მანქანის გამოძახება იქნება, თუ ბანკში ანგარიშების ოპერირება, რუსეთში ეს ყველაფერი „იანდექსით“ ხდება.

ასე რომ, უკრაინა რუსეთს არ რჩება ვალში – უფრო და უფრო ავითარებს დარტყმების შესაძლებლობებს. შესაბამისად, არც რუსებისთვის არ იქნება ეს ზამთარი შოკოლადი.

  • პუტინს აწყობს კონფლიქტის ამჟამინდელი მოცემულობით გაყინვა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობის შეჩერება, თუ იკვეთება სხვა ამოცანა, რომლის რესურსიც შეიძლება რუსეთს ჰქონდეს?

პუტინს ერთი ამოცანა აქვს ამ მოცემულობაში: როგორმე შეინარჩუნოს სტატუს-კვო და არსებული მიკრო-სამყარო. პუტინი ხვდება, რომ ვერც მსოფლიო გავლენა ექნება და არც უკრაინის აღება არ შეუძლია რეალურად. მოლაპარაკებაც ამიტომ არ აწყობს პუტინს, რადგან იქ რომ დაჯდეს, ვითარება უნდა შეიცვალოს. პუტინს უნდა, მოლაპარაკება დასრულდეს მისთვის მისაღები შედეგით, ამისთვის კი, უნდა გქონდეს უპირატესობა, რომ მოწინააღმდეგემ რაღაც დაგითმოს.

ასე რომ, მან დონბასი უნდა წაიღოს, რომ რაღაც მაინც უთხრას თავის მოსახლეობას. პუტინმა უნდა შექმნას რაღაც ტიპის წარმატების ილუზია, თორემ დაეშალა ქვეყანა თავზე.

  • ევროპელი ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთისგან ელოდებიან მასშტაბურ ჰიბრიდულ თავდასხმებს. ამის შესახებ ისაუბრა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც. რა სახის შეიძლება იყოს ეს თავდასხმები და რა განზრახვით? 

ყველა მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებული: მოსყიდვიდან დაწყებული, დრონების შეღწევით დასრულებული. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ლიკვიდაცია და დააკავეს დაქირავებული კილერები.

რუსებმა თურქების გემს დაარტყეს შავ ზღვაში. კაპიტანი მოკლეს და ერთი მეზღვაური დაჭრილია. ამ გემს გადაჰქონდა სიმინდი და ნეიტრალურ წყლებში დაარტყეს. რამდენიმე დღის წინ ასევე დაარტყეს გემს, სადაც 22 კაცია დაკარგული. ეს გემი არც უკრაინაში მიდიოდა და არც უკრაინიდან არ მოდიოდა. ეს გემი ბულგარეთის წყლებში ჩაძირეს.

ამით რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოძრაობა შავ ზღვაზე პრობლემა გახადოს და უკრაინიდან ტვირთების გატანა შეაფერხოს.

არენაზე გამოდის უკვე ერდოღანი, რომელმაც უკრაინას გაუგზავნა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, 25 მილიმეტრიანი საზენიტო ქვემეხები, რომელიც საკმაოდ ეფექტურია დრონების წინააღმდეგ, როგორც უკრაინელები იძახიან, თურქეთი შვეიცარიასთან ერთად ეცდება მოლაპარაკებების ორგანიზებას რუსეთს და უკრაინას შორის.

თურქეთი შავი ზღვის რეგიონში წამყვანი ქვეყანაა. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია.

  • ერდოღანის გამოჩენამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი? 

შეიძლება ითამაშოს, მაგრამ უფრო მიმაჩნია, რომ ჩინეთი თუ ჩაერთვება, მაშინ უფრო სწრაფად იქნება ცვლილებები. ტრამპისგან განსხვავებით, ჩინეთს ნამდვილად შეუძლია პრინციპული პოზიციები დაიკავოს.

ახლა მთავარია, ჩინეთს რამდენად აწყობს ომის შეწყვეტა, რომ რუსები კიდევ უფრო აღარ დასუსტდნენ – ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა.

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

თიბისი მომხმარებლებს გზავნილების განაღდების შესაძლებლობას განსაკუთრებული კონვერტაციის კურსით, 24/7-ზე სთავაზობს – სახლიდან გაუსვლელად, მობაილბანკისა და ინტერნეტბანკის საშუალებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებასა და მათთვის დამატებითი სარგებლის შექმნაზე.

12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მობაილბანკსა და ინტერნეტბანკში გზავნილების განაღდებისას მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ წამახალისებელ კამპანიაში და მოიგონ 1 000, 5 000 ან 10 000 ლარი.

კამპანიაში მონაწილეობისთვის მომხმარებელმა მინიმუმ 300 ლარის, დოლარის ან ევროს  ოდენობის გზავნილი უნდა გაანაღდოს. გამარჯვებულები კი სამი საპრიზო კატეგორიის მიხედვით გამოვლინდებიან: ყოველკვირეული პრიზი – 1 000 ლარი, ყოველთვიური პრიზი -5 000 ლარი, სუპერპრიზი -10 000 ლარი.

კამპანიის დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

თიბისის მობაილბანკში, პირველად საქართველოში, შესაძლებელია გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაციაც – ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია, დააკონვერტიროს ზუსტად ის თანხა, რომელიც იმ მომენტში სჭირდება, დარჩენილი თანხა კი მიღებულ ვალუტაში უსაფრთხოდ შეინახოს.

გაანაღდეთ გზავნილები მარტივად თიბისიში და ჩაერთეთ წამახალისებელ კამპანიაში. რაც უფრო მეტ გზავნილს გაანაღდებთ, მით მეტი შესაძლებლობა გექნებათ, მოიგოთ 1 000, 5 000 ან 10 000 ლარი.

რატომ ხმება თხილი და როგორ შეუძლიათ ფერმერებს ბაღების გადარჩენა

„გურიასა და სამეგრელოში თხილი ხმება. საგანგაშო მდგომარეობაა. ჩართულნი არიან სპეციალისტები, მაგრამ კონკრეტული მიზეზი არ იციან, რა იწვევს ნარგავების ხმობას. ასე თუ გაგრძელდა, მაქსიმუმ 5 წელიწადში ბაღები აღარ გვექნება,“ – ფერმერი გიორგი თოდუა „ბათუმელებთან“ თხილის მასობრივი ხმობის შესახებ საუბრობს.

გიორგი თოდუა წლების განმავლობაში თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. ახლა თავად აქვს თხილის ბაღი და პრობლემა, რომელზეც საუბრობს, უშუალოდ მის ბაღსაც ეხება.

„დაახლოებით ბოლო 4 წელია, რაც დაიწყო თხილმა ხმობა. ნელ-ნელა მოიმატა გამხმარმა ნარგავმა. რომ წარმოიდგინოთ, ბუჩქზე რამდენიმე ტოტი ხმება – ხუთი, ათი, ზოგჯერ ოცი ტოტიც კი.

ამბობენ, რომ რაღაც ბაქტერიაა ხმობის გამომწვევი, რომელიც თხილს აქვს და სამუშაო იარაღებითაც კი გადადისო. როგორც ვიცი, ჩართული იყო სამინისტრო, ჩამოიყვანეს იტალიელი სპეციალისტები, შეისწავლეს, თუმცა კონკრეტული მიზეზი, რატომ ხმება თხილი, ჩემთვის, როგორც ფერმერისთვის, დღემდე უცნობია.

ერთი ვერსია იყო, სპილენძით უნდა შეიწამლოს თხილი, რომ გადარჩესო. შეწამლეს წელს ფერმერებმა თხილი, მაგრამ მაინც ხმება,“- ამბობს გიორგი თოდუა.

მისი თქმით, წელს გაუქმდა მეთხილე ფერმერების დახმარებაც, რამაც ზიანის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა. მანამდე წლების განმავლობაში ფერმერები 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარებას იღებდნენ.

„ის 500 ლარი მნიშვნელოვანი დახმარება იყო ფერმერისთვის, ბაღის მოვლა-პატრონობაში ხარჯავდნენ. სამწუხაროდ, გაუქმდა ეს დახმარებაც. ამ თანხას ფერმერები მცენარეების მოვლას ახმარდნენ. სასუქი უნდა თხილს, შეწამვლა, რომ ჯანსაღი დარჩეს და კარგი მოსავალი მოგცეს.

წელს ეს პროგრამა აღარ იყო და ფერმერებს მარტოს მოუწიათ გამკლავება დაავადებასთან,“ – ამბობს გიორგი თოდუა „ბათუმელებთან“.

“თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა” 2022-2025 წლებში ფინანსდებოდა და ჯამურად 60-მდე მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

პროგრამის მიზანი საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო.

საქართველოში თხილის ხმობის მიზეზს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი 2021 წლიდან იკვლევს.

სწორედ ამ დროიდან ფიქსირდება გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თხილის ხმობის შემთხვევები.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა.

მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბაქტერიული დაავადებები – ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), თუმცა დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს მცენარის დასუსტება, კლიმატური ცვლილებები, გვალვა, ჭარბტენიანობა, ნიადაგის მაღალი მჟავიანობა და სხვა ბიოტური თუ აბიოტური სტრესფაქტორები,“ – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაკეთებულ განმარტებაში, რა იწვევს თხილის ხმობას.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, პირველადი კვლევების მიხედვით, დაავადების მიმართ განსაკუთრებით მიმღებიანია ტონდა ჯიფონის და ანაკლიურის ჯიშები, განსაკუთრებით – ტონდა ჯიფონის ჯიშის თხილი.

თხილის უეცარი ხმობის დამახასიათებელი სიმპტომებია: მცენარის  ფოთლების გაყვითლება მუქი ნეკროზული ყავისფერი ლაქებით, ტოტებზე ვერტიკალური  ნახეთქები, ჭკნობის და  ხმობის ნიშნებით, ტოტის  ჰორიზონტალურ გადანაჭერზე ღეროს  გულის (ქსილემის) გამუქება, შტამბზე კორძებით შემოსაზღვრული ნახეთქები, სპეციფიკური ლაქები და სხვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს რჩევები აქვს ფერმერებისადმი, თუ როგორ შეიძლება შეამცირონ თხილის უეცარი ხმობის განვითარების რისკი.

ცენტრის ინფორმაციით, რეკომენდებულია თხილის პლანტაციის მექანიკური გათიბვა განათიბის ადგილზე დატოვებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური ჰერბიციდების გამოყენება. გვალვის დროს რეკომენდებულია ბაღის მორწყვა.

საშემოდგომო-საგაზაფხულო გასხვლის დროს რეკომენდებულია ჯერ გაისხლას დაავადებული ბუჩქები, მოიჭრას დაზიანებული ტოტები, გაიტანონ ბაღიდან და დაწვან.

„საბაღე ინსტრუმენტები ყოველი დაზიანებული მცენარის შემდეგ უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით, სხვა სადეზინფექციო ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით. დეზინფექცია აუცილებელია ყოველ ახალ მცენარეზე გადასვლისას.

გასხვლის შემდეგ მცენარეები უნდა დამუშავდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად.

ფოთოლცვენის დაწყებისას (50–70%) აუცილებელია სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება. რეკომენდებულია სპილენძის შემცველი პრეპარატების ორჯერადი შესხურება შემოდგომით და ორჯერადი შესხურება ადრე გაზაფხულზე, ეტიკეტზე მითითებული დოზირებით.

უნდა შეიზღუდოს რიგთაშორისებში ნიადაგის მოხვნა და კულტივაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება დაზიანებული ფესვების ნაწილებით.

იმ ბაღებში, სადაც დაავადების ძლიერი კერებია და ბუჩქები მთლიანად გამხმარია, ხოლო ახალი ამონაყრები აღარ ვითარდება, მცენარეები აუცილებელია მთლიანად ამოიძირკვოს და განადგურდეს.

აუცილებელია ამბროზიის ხოჭოს (Anisandrus dispar) და შავი ხარაბუზას (Oberea linearis) სისტემატური კონტროლი, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების ალბათობა.

სავეგეტაციო პერიოდში უნდა შეიზღუდოს სისტემური ჰერბიციდების (გლიფოსატი) გამოყენება,“ – ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ფერმერებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში.

თხილის უეცარი ხმობის ფაქტს პარალელურად თურქი მეცნიერებიც სწავლობენ.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ხელშეწყობით, აჭარას, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთს თურქ მეცნიერთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც ბაქტერიოლოგიის, მიკოლოგიისა და ვიროლოგიის სპეციალისტები შედიოდნენ.

მეცნიერებმა გამხმარი თხილის ნიმუშები აიღეს. ამის შემდეგ უკვე დაგეგმილია ლაბორატორიული ანალიზი და პათოგენების იდენტიფიკაცია თურქეთში.

კვლევის დასრულების შემდეგ მეცნიერები ქართველ ფერმერებს ურჩევენ, თუ რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ და როგორ უნდა გადაარჩინონ ხმობას თხილის ბაღები.

FAO-ს ინფორმაციით საქართველოს თხილის სექტორი მოიცავს დაახლოებით 58,000 ჰექტარს და საარსებო წყაროს უზრუნველყოფას თითქმის 72000 ფერმერული შინამეურნეობისთვის ქვეყნის მასშტაბით.

ამავე თემაზე:

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 12 ოქტომბერს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს სტამბოლი-ბათუმის რეისს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეკიპაჟმა მიიჩნია, რომ სათანადო ხილვადობა არ იყო, ამიტომ ამ რეისის თვითმფრინავი ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში დაჯდება.

__

განახლება: თვითმფრინავი უკვე დაჯდა ქუთაისის აეროპორტში

რას ჰყვება ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთის ციხეში გატარებულ დროზე

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა ევან გერშკოვიჩმა რუსეთში უკანონო 16-თვიანი პატიმრობა, ორ ქვეყანას შორის პატიმრების ისტორიული გაცვლა და რამდენიმე დღის წინ გამოსული მისი წიგნის – This Cursed Beautiful Land („ეს დაწყევლილი ლამაზი ქვეყანა“) – დეტალები გამოცემა The New Yorker-ის პოდკასტის ეთერში განიხილა.

მოსკოვში მივლენილი ახალგაზრდა ამერიკელი კორესპონდენტი 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს და საპატიმროში 16 წელი მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით. ის 2024 წლის 1-ელ აგვისტოს პატიმრების მასშტაბური, სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევით ორგანიზებული გაცვლისას გაათავისუფლეს.

ინტერვიუს გავლენიანი მედიის მთავარი რედაქტორი დევიდ რემნიკი უძღვებოდა. გერშკოვიჩმა ასევე დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე, პატიმრობისას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და შინ დაბრუნების რთულ პროცესზე ისაუბრა.

შეკერილი საქმე და მძევალთა დიპლომატია

გერშკოვიჩის განმარტებით, ის დააკავეს არა შპიონაჟისთვის, არამედ იმიტომ, რომ მძევალთა დიპლომატიის მორიგ რაუნდში კრემლს სავაჭრო ბერკეტი ჰქონოდა.

2022 წლის მიწურულს ვლადიმირ პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს შპიონის დაკავება დაავალა. გერშკოვიჩის თქმით, ეს ნიშნავდა „ახალ ხორცს“ დასავლეთთან სავაჭროდ. რუსეთს უშიშროების დაქირავებული მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის დახსნა სურდა. ის გერმანიაში იხდიდა სასჯელს.

კრასიკოვი გერმანულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი რუსული სახელმწიფო იყო.

მოსკოვმა ვაშინგტონზე ზეწოლისათვის ამერიკელი პატიმრების შეგროვება დაიწყო. როდესაც გერშკოვიჩი ეკატერინბურგში დააკავეს, ის მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. „მათ არ ვუწამებივარ, ჩემგან არც რაიმე ინფორმაციის მიღება უცდიათ. მხოლოდ ბრალი წამიყენეს. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვიღაცაში გასაცვლელად ვჭირდებოდით“, – ამბობს გერშკოვიჩი.

როდესაც ის ლეფორტოვოს ციხეში გადაიყვანეს, იმავე საღამოს რუსეთის ტელევიზიამ ღიად თქვა, რომ „ტყვეთა ფონდში“ მატება იყო.

  • ლეფორტოვოს ციხეში

გერშკოვიჩს ისე ეპყრობოდნენ, როგორც დიდი ღირებულების პატიმარს. იმ დროს, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა პატიმრობაში დაიღუპა, გერშკოვიჩთან სიფრთხილეს იჩენდნენ. „მიფრთხილდებოდნენ ისე, როგორც გასაყიდად გამზადებულ ახალთ-ახალ ამანათს“, – ამბობს გერშკოვიჩი.

ერთ დღეს, როდესაც მისი დაშავებული მუხლი შეამოწმეს, გერშკოვიჩი ციხის თანამშრომელს ეხუმრა: „ამანათი დაუზიანებელი უნდა იყოს, არა? თორემ მისი ფასი დაეცემა“. თანამშრომელმა მიუგო: „ეს მე არ მითქვამს, მაგრამ დიახ“.

უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებელმა გერშკოვიჩს  უთხრა: „ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები შევაგროვეთ თქვენ წინააღმდეგ, რომ პატიმრობაში გაგიშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში – მოგწამლავდით“. იზოლაციის მიუხედავად, გერშკოვიჩს ბიბლიოთეკით სარგებლობის ნება დართეს. იმხანად ბიბლიოთეკაში ჯერ კიდევ ინახავდნენ დისიდენტების ნაშრომებს, უკრაინელი მწერლების წიგნებსა და მემუარებს, რომლებიც ცხრა თვის შემდეგ გააქრეს.

  • ნავალნის გარდაცვალება, როგორც განსაცდელი

ადვოკატებმა გერშკოვიჩს შეატყობინეს, რომ საერთაშორისო მედიის  თანახმად, გასაცვლელთა შორის ის, პოლ ველანი და ალექსეი ნავალნი უნდა ყოფილიყვნენ. შორეული არქტიკის საპატიმროში ნავალნის გარდაცვალების ამბავმა გერშკოვიჩი ძლიერ დაამწუხრა: „ის ძალიან მამაცი იყო. ასეთი ადამიანები იშვიათია. მისმა სიკვდილმა შოკში ჩამაგდო. მომდევნო ოთხი დღე მთლიანად ბურუსით იყო მოცული“.

  • გათავისუფლების ტრავმა

16-თვიანი პატიმრობის შემდეგ საზოგადოებაში დაბრუნება რთული აღმოჩნდა. გერშკოვიჩი გათავისუფლებას აღწერს, როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან შინ დაბრუნებას. ის ცხოვრობდა გარემოში, სადაც ყველაფერს აკონტროლებდნენ, სადაც მას ყველა უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. მისი სენსორული აპარატი გადატვირთული აღმოჩნდა.

გერშკოვიჩის თქმით, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ გონებით ისევ საპატიმროში ბრუნდებოდა. არა რუსეთში, არამედ კონკრეტულად საპატიმროში, იმიტომ, რომ იქაურობა ნაცნობი იყო და ნაცნობ გარემოში თითქოს კომფორტულადაც კი გრძნობდა თავს. მას საკუთარი თავის საპოვნელად თერაპია და თითქმის იმდენივე დრო, 16 თვე, დასჭირდა, რამდენიც პატიმრობაში გაატარა.

პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძემ თვითგანრიდება მოითხოვა – მას უარი უთხრეს

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობა – ეს მოსამართლე „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან“ თვითგანრიდებას ითხოვდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განჩინება დღეს, 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით, რაც №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველს წარმოადგენს.

მოსამართლის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში იგი იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე იკავებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც. გარდა ამისა, მითითებული პოლიტიკური გაერთიანების წევრობის პერიოდში, ის აირჩიეს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად, სადაც ითავსებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს.

პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, როგორც უფლებადამცველი ადვოკატი და შემდგომ, უკვე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას, იგი სხვადასხვა ტრიბუნიდან, საჯაროდ, აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს) მათი მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული სისტემური დანაშაულებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამო.

პოლიტიკური დებატებისას, მათგან ღიად მოითხოვდა პასუხისმგებლობის აღებას სწორედ იმ ქმედებებზე, რომლებიც №1979 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მთავარ არგუმენტებად არის მოხმობილი. მეტიც, პარლამენტის ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მან პირდაპირ მოუწოდა პარტიის დაშლისა და პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისაკენ,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

რა არგუმენტით არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობა?

„მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. ეს უკანასკნელი კი შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის მოსამართლეებისაგან, რომელთა აცილების შემთხვევაში, არ არსებობს სხვა მოსამართლით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა.

ამდენად, მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ საფრთხე შეუქმნას სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

შესაბამისად, აცილების ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს საკმარისი სიფრთხილით, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სასამართლოს ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ არ დაკარგოს საზოგადოების ის ნდობა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უსათუოდ უნდა ატარებდეს და მის არსებით მახასიათებელს წარმოადგენდეს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუუციო სასამართლოს განჩინებაში.

———

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: №1979 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამჯერად რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა. რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას მოითხოვს.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2026 წლის 6 ოქტომბერს გადაეცა.

 

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ 1 დღით დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში სრულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, კრემლი აცხადებს, რომ პუტინი მზად იქნება გასცეს ბრძანება არ დაარტყან უკრაინას მხოლოდ ერთ, არჩევნების დღეს.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა დღეს, 12 ოქტომბერს.

„…თუ მათ ნამდვილად სურთ კიევში არჩევნების ჩატარება, მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მზად იქნება გასცეს ბრძანება უკრაინაზე არჩევნების დღეს არ განახორციელონ დარტყმები. კონკრეტულად არჩევნების დღეს“ – ხაზგასმით თქვა პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტარისას, რომ მას არჩევნების ჩასატარებლად 60 დღე სჭირდება, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს არ სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, არამედ სჭირდება „მდგრადი მშვიდობა მომავალი თაობებისთვის“.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იყო „სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“ დუმის არჩევნების შემდეგ, მაგრამ უკრაინამ საარჩევნო უბნები დაბომბა.

აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა 10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მან პუტინთან შეთანხმებას მიაღწია დიზელის მიწოდების თაობაზე და უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა, რომელსაც რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეეძლება.

სწორედ ამ განცხადების საპასუხოდ განაცხადა ზელენსკიმ, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება, თუ კი  რუსეთი 60 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

დღეს, 12 ოქტომბერს, ამ თემას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ რუსეთი „უკრაინას ბრძოლის ველზე მოსვენებას არ მისცემს“.

„არა მგონია, რომ მან (ზელენსკიმ) ამოსუნთქვის საშუალება დაიმსახურა“, – თქვა მან.

ფოთის ტერმინალმა ცხრა თვეში 336 საკონტეინერო გემი მიიღო – სტატისტიკა

„,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2026 წლის პირველი ცხრა თვის ოპერაციული შედეგები გამოაქვეყნა.

ტერმინალის 2026 წლის იანვარი-სექტემბრის სტატისტიკის თანახმად, საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 525 211 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.

„წლის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ტერმინალმა 65 759 TEU დაამუშავა“ – წერს ტერმინალი.

ორგანიზაციის ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტეინერო გემების შემოსვლის რაოდენობაც:

„წლის პირველ ცხრა თვეში „,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 336 საკონტეინერო გემს უმასპინძლა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 268 გემს შეადგენდა. მხოლოდ სექტემბერში ნავსადგური 45 საკონტეინერო გემს მოემსახურა“. 

ფოთის ტერმინალის ცნობით, განსაკუთრებით მაღალი ზრდა გენერალურმა ტვირთებმა აჩვენა: მათმა მოცულობამ 324 656 ტონას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 61,7%-ით მეტია.

ზრდა დაფიქსირდა საბორნე ოპერაციების მიმართულებითაც. საანგარიშო პერიოდში საბორნე ტვირთების მოცულობამ 162 843 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელი 123 350 ტონა იყო.

ტერმინალი აღნიშნავს, რომ მზარდი ტვირთნაკადებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის საპასუხოდ ახალი, მრავალფუნქციური მობილური საპორტო ამწეს შეიძენენ, რომლის მიწოდება 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი და  მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პორტის საკონტეინერო გამტარუნარიანობა 650 000 TEU-ს გადააჭარბებს, ხოლო როგორც კონტეინერიზებული, ისე არაკონტეინერიზებული ტვირთების დამუშავების წლიური შესაძლებლობა დაახლოებით 500 000 ტონით გაიზრდება.

„აშშ-მ არ უნდა მისცეს პუტინს ფინანსური მხარდაჭერა“ – ამერიკელი სენატორების განცხადება

11 ოქტომბერს შვიდმა ამერიკელმა სენატორმა განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსული დიზელის საწვავის იმპორტის დაშვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ამერიკელ სენატორთა ჯგუფი აცხადებს, რომ აშშ-მ პუტინს მხარი არ უნდა დაუჭიროს ფინანსურად.

„2022 წელს კონგრესმა ცალსახად აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, რათა ხელი შეეშალა ამერიკული დოლარით პუტინის სასტიკი ომის დაფინანსებაში უკრაინის წინააღმდეგ.

კონგრესმა ნათლად განაცხადა: შეერთებულმა შტატებმა არ უნდა განახორციელოს ნავთობის იმპორტი რუსეთიდან მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარას.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, დაუშვას რუსული დიზელის საწვავის იმპორტი შეერთებულ შტატებში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კანონს. ადმინისტრაციამ ასევე არ გაიარა კონსულტაცია კონგრესთან და არ წარმოადგინა რაიმე დასაბუთება თავისი გადაწყვეტილებისთვის, რასაც კანონი მოითხოვს.

შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მისცეს პუტინს ფინანსური მხარდაჭერა, სანამ რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას. ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები ორპარტიული კოალიციიდან: ჯინ შაგინი, სიუზან კოლინსი, რიჩარდ ბლუმენტალი, ლიზა მურკოვსკი, რონ უაიდენი, ტომ ტილისი და ჯონ კურტისი.

ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას წინ უძღოდა ტრამპის პუტინთან დიზელის მიწოდებაზე გადაწყვეტილების კრიტიკა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში.

ამერიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც, მისი თქმით, ხელს შეუშლის ტრამპს სანქციების მოხსნაში, რომელსაც ეწოდება „რონალდ რეიგანის მშვიდობის აქტი ძლიერების გზით“.

9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და გლობალური ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ.

ზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე

„თუ რუსეთს სურს, შევაჩეროთ ჩვენი გრძელვადიანი დარტყმები მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ექსპორტზე, მაშინ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ სისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და შეწყვიტოს ჩვენი ხალხის მკვლელობა. ეს სამართლიანია“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 12 ოქტომბერს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმების კამპანია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ყოველ ზამთარს, რუსეთი ცდილობს ამ მიმართულებით თავდასხმების გაძლიერებას.

„ჩვენთან ყოველდღიურად ხდება ელექტროენერგიის გათიშვა. რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ბენზინის დეფიციტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვა ჩვენი საპასუხო დარტყმების გამო მტკივნეულია. და ეს არ არის იგივე მოცულობის [ნავთობპროდუქტი], რაც შეიძლებოდა დაკარგულიყო ჰორმუზის კრიზისის გამო“ – თქვა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ დასაწყისშივე დაუჭირა მხარი ვაშინგტონის იდეას რუსეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმის შეჩერების შესახებ, თუ რუსეთი შეწყვეტდა დარტყმებს უკრაინის ენერგოსექტორზე.

  • რა ხდება?

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი დარტყმებით უკრაინამ ზიანი მიაყენა დიზელის საწვავის გლობალურ მომარაგებას.

„ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის“, — განაცხადა ტრამპმა.

საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, არჩევნები ჩაატაროს ორთვიანი სრულ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში.

„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის. და თუ პრეზიდენტ ტრამპსაც სურს არჩევნებში რაიმე ცვლილების დანახვა, — მე ეს ასევე ვუთხარი მის გუნდს — გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორთვიანი, 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, — უთხრა ზელენსკიმ ABC News-ს.

დონალდ ტრამპმა, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებდა და ინდოეთს ტარიფები დაუწესა რუსული საწვავის შეძენის გამო, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციებს 7 აპრილამდე აჩერებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დასთანხმდა 300 000 ტონა დიზელის დაუყოვნებლივ გამოშვებას „ამერიკულ და გლობალურ ბაზარზე“, 500 000 ტონის — ნოემბერში და კიდევ ერთი მილიონის ამის შემდეგ. ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ რუსული დიზელის კიდევ სამი მილიონი ტონის „მოკლე პერიოდში“ მიწოდება დამოკიდებული იქნება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინის თავდასხმის ქვეშ არიან.

2 დღეში „ოცნების“ მხარდასაჭერად 400 ყალბი ანგარიში შექმნეს – ISFED

„

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] წერს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელიც სოციალურ მედიაში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ხელოვნურად ხდის პოპულარულს.

ორგანიზაციის განცხადებით, ქსელის ანგარიშები, მათ შორის InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე, იწონებენ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს. 

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მოწონებული პოსტების დიდი ნაწილი ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეს, ევროკავშირთან ურთიერთობასა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხება. მათ შორის, ამ არაავთენტური ქსელის ანგარიშებმა მოიწონეს:

  • ირაკლი კობახიძის განცხადება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის, საპროცესო შეთანხმებაზე: „აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება“
  • ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის კომენტარები მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე;
  • კახა კალაძის შეფასებები, რომ 4 ოქტომბრის „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ ევროსტრუქტურებმა დააფინანსეს;
  • ირაკლი კირცხალიას გამოხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის, განცხადებაზე, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“;
  • შალვა პაპუაშვილის განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის, წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე;
ყალბი ანგარიშები „ოცნების“ მხარდასაჭერად. ISFED-ის კვლევიდან.

ISFED-ის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებულია ძირითადად ქართული სახელისა და გვარის მქონე 415 არაავთენტური ანგარიში. ანგარიშების უდიდესი ნაწილი სულ ორ დღეში, 2026 წლის 25-26 აგვისტოს შეიქმნა.

„მათი უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებას იყენებს, ანგარიშების დიდი ნაწილი დახურულია და ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდებს იწერს“ – აღნიშნავს ორგანიზაცია. 

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, ქსელში, ასევე, გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი რამდენიმე ანგარიში. მათი შექმნის თარიღები ემთხვევა იმ პერიოდებს, როდესაც შეიქმნა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომლის შესახებაც „სამართლიანი არჩევნები” ადრე წერდა და რომელი ქსელის დიდი ნაწილი Meta-მ საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა.

გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ანგარიშები ერთი ცენტრიდან იმართება და მათი მიზანი მმართველი პარტიის პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა.

გამოვლენილი ქსელის 424 ანგარიშიდან 303 შექმნილია 2026 წლის 25 აგვისტოს, ხოლო 109 – მომდევნო დღეს, 26 აგვისტოს. შესაბამისად, ქსელის 97% ორი დღის განმავლობაში ამოქმედდა.

ამ ანგარიშების ფეისბუქის საიდენტიფიკაციო ნომრები (ID) ერთმანეთთან ახლოს, ვიწრო დიაპაზონშია განთავსებული, რაც მათ მოკლე დროში მასობრივ რეგისტრაციაზე მიუთითებს“- წერს ISFED.

ასევე, ორგანიზაციის კვლევით, ქსელში გამოვლინდა 11 ანგარიში, რომლებიც 2024 წლის იანვარსა და აპრილში შეიქმნა. მათგან სამი 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო შვიდი 19-23 აპრილის პერიოდშია შექმნილი.

„სწორედ ამ თარიღებში შეიქმნა ასობით ყალბი ანგარიში იმ ქსელიდან, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ „იმედის“ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახვის ხელოვნური გაპოპულარულების შესწავლისას გამოავლინა.

424 ყალბი ანგარიშიდან 295 პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებულ გამოსახულებას იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ქსელის ხელახლა შექმნილი ანგარიშები ძირითადად სწორედ ასეთ ფოტოებს ეყრდნობა, მაშინ, როდესაც ადრე გამოვლენილ ქსელებში რეალური ადამიანებისგან მოპარული სურათების გამოყენება უფრო ხშირი იყო.

გარდა ამისა, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა 22 ანგარიში, რომლებიც პროფილის ფოტოდ ცნობილი სპორტსმენების, მსახიობებისა და რეჟისორების სურათებს იყენებდნენ.

ყალბი ანგარიშები ფეისბუქზე/ISFED-ის კვლევა.

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევით, გამოვლენილი ანგარიშების უმრავლესობა, 298 პროფილი, დახურულია, ხოლო  – 92 ღია. დახურულ პროფილებზე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, მეგობრების სია და გამოქვეყნებული პოსტები არ ჩანს, თუმცა ხელმისაწვდომია ანგარიშის შექმნის თარიღი და გამოწერილი გვერდები.

„ღია პროფილების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ანგარიშების აქტივობა რამდენიმე დღეს ფიქსირდება. კერძოდ, 108 ანგარიშიდან 43 აქტიური იყო (გამოაქვეყნა დამატებითი ფოტოები) 2026 წლის 6 სექტემბერს, 35 – 7 სექტემბერს, ხოლო 26 – 9 სექტემბერს.

ქსელის კოორდინირებულ მართვაზე მიუთითებს მომწონებელთა სიებში ანგარიშების თანმიმდევრობაც.

ფეისბუქი რეაქციების სიას დაახლოებით მოწონების დროის მიხედვით ალაგებს, ამიტომ რეალური მომხმარებლები სხვადასხვა პოსტზე სხვადასხვა რიგით ჩნდებიან. ქსელის შემთხვევაში კი ერთი და იგივე ანგარიშები ათ სხვადასხვა პოსტზე იდენტური თანმიმდევრობით გვხვდებიან.

მაგალითად, ცხრა ანგარიში ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე, ასევე „Tbilisi news“-ის პოსტებზე ყოველთვის ერთნაირი რიგით დგას.

მომწონებელთა სიებში გამოვლინდა ქსელის ანგარიშების 10 ბლოკი, რომლებიც სულ მცირე ხუთ სხვადასხვა პოსტზე ზუსტად ერთი და  იმავე თანმიმდევრობით, ზედიზედ მეორდება. ეს მიუთითებს, რომ ანგარიშები პოსტებს ჯგუფურად, ერთი სიიდან იწონებენ.

ამასთანავე, ყალბი ანგარიშების უდიდესი ნაწილი ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდს იწერს. მაგალითად, 235 ანგარიშს გამოწერილი აქვს გვერდი „Tbilisi news-ი“.

აღსანიშნავია, რომ პოსტის მომწონებელი ყალბი ანგარიშებიდან 333 „Tbilisi news“-ის ორ სხვა პოსტსაც იწონებს.

ამ ორ პოსტზე მომწონებლები თითქმის იდენტური თანმიმდევრობით გვხვდებიან: ერთ შემთხვევაში 51 ანგარიში ორივე პოსტის მომწონებელთა სიაში ზუსტად ერთი და იმავე რიგითობით მეორდება.

„Tbilisi news“-ის სახელით მოქმედი გვერდი (Tbilisinews.ge) 2026 წლის 3 სექტემბერს შეიქმნა და თბილისთან ან საქართველოსთან დაკავშირებულ სიახლეებს არ აქვეყნებს.

2026 წლის 8 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე გვერდზე 27 ინგლისურენოვანი პოსტი გამოქვეყნდა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და სოციალური მედიის ავტომატიზაციის შესახებ.

პოსტების უმეტესობა ავტომატურად გენერირებულ კონტენტს ჰგავს: ერთი და იგივე ტექსტი რამდენჯერმეა გამოქვეყნებული, ერთ-ერთ პოსტში კი ბმულის ნაცვლად შაბლონის ჩანაწერი „[YourArticleLink]“ დარჩა.

25 პოსტს 0-1 რეაქცია აქვს, 7 და 9 ოქტომბრის ორ პოსტს კი, შესაბამისად, 352 და 349 მოწონება, კომენტარისა და გაზიარების გარეშე.

7 ოქტომბრის პოსტს 416 ნახვიდან 352-ს რეაქცია მოჰყვა, რაც ბუნებრივი აუდიტორიისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ ორი პოსტის მომწონებლების აბსოლუტური უმრავლესობა იმავე ქსელს მიეკუთვნება, რომელმაც „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები მოიწონა“ – წერს ISFED.

ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებზე ინტერაქციის ხელოვნური გაზრდა ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ბოლო თვეებში მსგავსი ქსელები რამდენჯერმე გამოვლინდა.

„2026 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, რომელზეც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. პოსტს თავდაპირველად ძირითადად კრიტიკული კომენტარები და სიცილის რეაქციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოწონებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ პოსტზე 1551 არაავთენტური ანგარიში გამოავლინა, რომლების უდიდესი ნაწილი სინქრონულად იყო შექმნილი – მაგალითად, 99 ანგარიში 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო 250 – იმავე წლის 19-23 აპრილს. ქსელი მოპარულ და AI-ით გენერირებულ ფოტოებს იყენებდა და „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ გვერდებს იწერდა.

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოვლენილი ანგარიშებიდან 1343 ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა.

მიმდინარე საქმეში გამოვლენილი 2024 წლის ანგარიშები სწორედ ამ თარიღებშია შექმნილი. გარდა ამისა, „მითების დეტექტორმა“ 2026 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 400-ზე მეტი არაავთენტური პროფილი გამოავლინა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს იყენებდნენ“- წერს „სამართლიანი არჩევნები“.

ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა.

შენობა „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონიას კომპანიას ეკუთვნის.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ცათამბჯენში ხანძარი.

„ბათუმელები“ ადგილზე იმყოფება, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 554 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 410 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 527 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 51 090 ერთეული [+51]
  • MLRS – 2 209 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 703 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 559 873 ერთეული [+1 416]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 927 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 162 056 ერთეული [+553]
  • სპეცტექნიკა – 4 818 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის ხელფასი თვეში 13 800 ლარია – რას მალავს ის დეკლარაციაში

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელს მფარველობის სანაცვლოდ კომპანიის წილებს სთხოვდა, 2025 წელს 165 964 ათასი ლარი აქვს აღებული ხელფასის სახით. ანუ თვეში 13 800 ლარი ხელზე.

ამ დეკლარაციაში არაფერი წერია იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც 300-მილიონიანი ბრუნვა აქვს ფარული ჩანაწერების მიხედვით, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა და რომელშიც ნანა ყეინიშვილი საუბრობს.

რა ქონებას აჩვენებს ნანა ყეინიშვილი 2025 წლის დეკლარაციაში? [2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია ჯერ შევსებული არ აქვს].

მიწები და ბინები:

2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილის სახელზე ფიქსირდება 2 მიწის ნაკვეთი. 14 760 კვ.მეტრი მიწა ახმეტაში, სოფელ ვეძებში, რომელიც 1500 ლარად შეუძენია 2023 წელს და 1500 კვ. მეტრი, კოჯორში, სოფელ ბეთანიაში, რომელიც 2000 ლარად აქვს ნაყიდი 2018 წელს. მიწას ჰყავს მეწილე თათია ლოლაძე, რომელიც ნანა ყეინიშვილის ქალიშვილია და ასევე ფიგურირებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაში. თავის მხრივ თათია ლოლაძე საქართველოში წითელი ჯვრის პრეზიდენტია.

ნანა ყეინიშვილს ბინა აქვს თბილისში, დიღომში, რომლის კვადრატულობა და ფასი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. ამ ბინაშიც მეწილედ თათია ლოლაძე ჰყავს.

მეორე ბინა – 212 კვ.მეტრი თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე აქვს, რომელიც 30 000 ლარად შეუსყიდია 2022 წელს და ჰყავს 2 მეწილე – დავით გოგლიჩიძე და ვიტალი ქიარიმოვი.

2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ყეინიშვილი საბანკო ანგარიშებზე 42 842 ლარს, 2887 დოლარსა და 4 889 ევროს ინახავს.

2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ნანა ყეინიშვილი ასევე წერს, რომ 137 225 დოლარი მას მძღოლებმა ანგარიშზე ჩაურიცხეს.

„კონვერტაციის შედეგად ჩემი კუთვნილი თანხები ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული აქვთ ჩემს მძღოლებს“, თუმცა მხოლოდ ერთი პირის – ზურაბ აბხაზოვის სახელი აქვს მითითებული. როგორც ყეინიშვილი აღნიშნავს, მძღოლები მას თანხის გადახურდავებაში ეხმარებოდნენ. არსად არ არის მითითებული თანხის წარმომავლობა. 

წილები კომპანიებში:

  • შპს „დანიელი 2022“ – 100%
  • შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ – 30%
  • შპს „ნათმეტალ საქართველო“, რომელსაც ყეინიშვილის თქმით, არასდროს უმუშავია.
  • შპს „სადმელი ჰესი“ – 100%
  • შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“, რომელიც 2023 წელს დაურეგისტრირებია.

ნანა ყეინიშვილი დეკლარაციაში უთითებს, რომ ამ კომპანიებიდან მოგება არ მიუღია. მოგების გრაფაში ყველგან წერია – 0.

აქვს სასტუმროს ბიზნესი [შპს დავინანა], სადაც 50% წილს ფლობს. არც ამ სასტუმროს მოგება არ აქვს მითითებული დეკლარაციაში.

სესხები:

ნანა ყეინიშვილს 2023 წელს 600 000 დოლარი აქვს აღებული სესხად და აქედან 235 000 დოლარი გასავალში აქვს მითითებული.

ამავე წელს მის კომპანიებში ყეინიშვილის წილების მმართველად ნათია ლოლაძე ინიშნება. დეკლარაციაში არსად არ არის მითითებული ამ კომპანიებიდან იღებს თუ არა რაიმე შემოსავალს ნანა ყეინიშვილი.

2024-2025 წელს, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ნანა ყეინიშვილს 50 000 დოლარი გაუცია სესხიდან.

მიმდინრე წლის 10 ოქტომბერს რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც კრიპტოკომპანიის – „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ სთხოვს ნანა ყეინიშვილი მათ მიერ დაარსებული კომპანიის 49%-ის დათმობას.

არსებობს მათი საუბრის აუდიოჩანაწერიც, რომელიც „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლებმა სუს-ის თანხმობით გააკეთეს.

ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი ამბობს, რომ აქვს კომპანია „ვიპ ფეი“, რომლის წლიური ბრუნვა 300 მილიონ ლარს აღწევს.

როგორც „თავისუფლება“ წერს, შპს „ვიპ ფეი“ 2022 წლის ივლისშია დაფუძნებული და კომპანიის იურიდიულ მისამართად ნიაბის ქუჩის #50 აქვს მითითებული, ანუ ის სახლი, სადაც ნანა ყეინიშვილი ცხოვრობს.

თუმცა ყეინიშვილს 2025 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არც ეს სახლი აქვს ნახსენები, არც აღნიშნული კომპანია და შემოსავლები.

სქრინი „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებიდან.

ჩანაწერის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში ამ კომპანიამ ეროვნული ბანკისგან საგადახდო პროვაიდერის – PSP (Payment Service Provider) სტატუსი მიიღო, იმ პერიოდში მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად ნანა ყეინიშვილი იყო.

ფარულ აუდიოჩანაწერში ყეინიშვილი ჰყვება, რომ ეროვნულ ბანკში „ვიპ ფეის“ PSP -ს (Payment Service Provider) რეგისტრაციაში ბანკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაეხმარა, რომელსაც დეპუტატობის დროს პარლამენტის კომიტეტში საქმიანობიდან იცნობდა.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩიეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ეკრძალებოდა კომერციული საქმიანობა და ბანკის რეგულირებულ სფეროში ბიზნესის ფლობა.

ჩანაწერის მიხედვით, ყეინიშვილი კომპანია “ვიპ ფეის” ფორმალურ გასხვისებას იწყებს.

ამავე ჩანაწერში ყეინიშვილი კიდევ ერთ ახალ კომპანიას – „მულტიპრაიმს” ახსენებს, რომელსაც მისი თქმით, დაახლოებით 2 კვირაში ეროვნული ბანკი დაარეგისტრირებს, როგორც საგადახდო პროვაიდერს – PSP-ს.

ყეინიშვილი ახალგაზრდა ბიზნესმენებს თანამშრომლობის სანაცვლოდ ამ ახალშექმნილ კომპანიაში წილებსაც სთავაზობს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნანა ყეინიშვილს 2024 წელს ასევე დაურეგისტრირებია კომპანიები. მაგალითად „მანი იქსჩეინჯ პლიუსი”, რომელიც ვალუტის გადამცვლელია.

რადიო „თავისუფლება“ ასევე საუბრობს ყეინიშვილის შესაძლო კავშირზე შპს “კრიპტო ექსჩეინჯთან”, რადგან გამოძიების მიხედვით, ამ კომპანიამ ეროვნულ ბანკში ვასპის რეგისტრაცია 2024 წლის სექტემბერში გაიარა, 10 თვეში კი მისი დირექტორი გახდა გელა მუნჯიაშვილი, რომლის გვარი ყეინიშვილთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაშიც ჩანს.

მუნჯიაშვილი „ვიპ ფეის” დირექტორიცაა და ასევე, ყეინიშვილის ყოფილი ქმრის იმ კომპანიის, რომელიც ვერცხლის ქუჩის #1-ში ბიზნესცენტრს ფლობს.

ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი ახსენებს ბიძინა ივანიშვილსაც, რომელზეც ამბობს, რომ ივანიშვილი მისთვის „ძალიან საპატივსაცემლო ადამიანია“.

როგორი ამინდი იქნება 11-12 ოქტომბერს ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21:00 საათიდან 12 ოქტომბრის 21:00 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო

ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო

ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 552 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 408 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 521 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 51 039 ერთეული [+39]
  • MLRS – 2 205 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 701 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 558 457 ერთეული [+1 531]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 924 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 161 503 ერთეული [+557]
  • სპეცტექნიკა – 4 815 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დიპ სტეიტის „დანიშნული“ პრემიერები „ქართულ ოცნებაში“ | ეჭვიანი პოდკასტი

ირაკლი ღარიბაშვილიც დიპ სტეიტის აგენტი აღმოჩნდა? „ოცნების“ უკვე მერამდენე პრემიერზე ამბობენ ამას?

თუ დიპ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის და „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, როგორც ამას მმართველი პარტია გვიმტკიცებს, მაშინ როგორ მოხვდნენ მისი აგენტები „ოცნების“ ხელისუფლებაში? ეს „ეჭვიანი პოდკასტია“ და პირველ ეპიზოდში გიყვებით: როგორ აღმოჩნდა თავად „ოცნების“ მთავრობა მის მიერვე შეთხზული „დიპ სტეიტის“ აგენტი.

ეჭვიანი პოდკასტი | დიპ სტეიტის „დანიშნული“ პრემიერები „ქართულ ოცნებაში“

„ეჭვიანი პოდკასტი“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ახალი პროდუქტია, რომელშიც ორი ჟურნალისტი ერთ მნიშვნელოვან ამბავს, განცხადებას ან ნარატივს იღებს და მას დეტალურად, კრიტიკული თვალით განიხილავს.

„დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია“- პოლიტპატიმარ მანუჩარ მიქელაძის წერილი ციხიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძე, გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ გამარჯვების მოლოდინით დაღლილ ჩვენს საზოგადოებას.

როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალაუფლება მიტაცებული ხალხის მძარცველი, მჩაგვრელი, კორუმპირებული, ქვეყნის მტერთან კოლაბორანტი, დასანქცირებული, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კლავს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, ქვეყნიდან გარბიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათ ადგილს უკონტროლოდ შემოსული უცხოელები ანაცვლებენ, საზოგადოება კი დაყოფილი და გახლეჩილია, ამ დროს ჩვენი დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია ქვეყნის წინაშე.

სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოებით არ გამოიხატება, მას ბრძოლა, თავგანწირვა, შრომა და მოვლა-პატრონობა სჭირდება.

წინაპრების თავგანწირვით მოვედით დღემდე, ჩვენ კი საკუთარი ქვეყნის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლის განადგურებას ვუყურებთ და არ ვრეაგირებთ. ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

როდემდე შეიძლება ითმინო პოლიტიკური უმსგავსობა ქვეყანაში და ეს დამამცირებელი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მოგმართავთ, რომ კარგად გაიზროთ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა შვილების წინაშე. გამოფხიზლდი, გაბრაზდი და გააპროტესტე ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ.

გააპროტესტე ოპოზიციის უმოქმედობა და მოუწოდე დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ. გამოსავალი ისევ ჩვენშია.

გამოდი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად და დადექი გამარჯვებამდე. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, გჯეროდეს გამარჯვების“-წერს მანუჩარ მიქელაძე ციხიდან.

მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.

Exit mobile version