მთავარი,სიახლეები • • •

როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა პოლიტიკური პარტიები საქართველოში – ინტერვიუ საბჭოთა წარსულის მკვლევართან

14.10.2026
როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა პოლიტიკური პარტიები საქართველოში – ინტერვიუ საბჭოთა წარსულის მკვლევართან

დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს არ კრძალავენ. პოლიტიკური პარტიები იკრძალება ტოტალიტარულ რეჟიმებში.

საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, გაქრობის და განადგურების გამოცდილება.

1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა დაიწყეს „ზრუნვა“ მოესპოთ დაპყრობილ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი და გაექროთ ყველა, ვინც მათ იდეებს არ იზიარებდა.

ბოლშევიკებს პარტიების საბოლოო აკრძალვისთვის წლები და მძიმე რეპრესიები დასჭირდათ.

ოკუპაციის პირველ წლებში შეიქმნა ასეთი ვითარება – ლეგალურად არსებობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ პარტიებს, ვინც აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას და თანამშრომლობდა მასთან. ბოლშევიკებმა მოახერხეს ზოგიერთი პარტიის შიგნით განხეთქილების შეტანა (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტები და მემარცხენე ესერები), რომელთა ნაწილმა დაიწყო თანამშრომლობა რეჟიმთან და მიიღო პრესისა თუ ორგანიზაციული საქმიანობის შეზღუდული უფლება.

წამყვანი პარტიები (სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტთა ძირითადი ნაწილი), რომლებიც არ ცნობდნენ ოკუპაციას, უმკაცრესი სამხედრო-საგანგებო ზომებით გაანეიტრალეს.

აიკრძალა მათი პრესა, შეკრებები და კონფერენციები. 1921 წლის აპრილ-მაისში დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებების პირველი ტალღა.

პარტიები იძულებული გახდნენ სრულად იატაკქვეშეთში გადასულიყვნენ.

1922 წლის დასაწყისში შეიქმნა ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი – „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ (დამკომი). ხოლო 1922-1924 წლებში ბოლშევიკებმა მოახერხეს და პარტიებმა დაიწყეს ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ კამპანია.

საბჭოთა ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის მიზანი იყო არა უბრალოდ პარტიების  აკრძალვა, არამედ პროპაგანდისტული სურათის შექმნა, თითქოს ქართველმა პოლიტიკოსებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი საკუთარ იდეოლოგიაზე და თავად დაშალეს პარტიები.

ე.წ. „ჩეკა“ მეტეხის ციხეში მყოფ ასობით პოლიტპატიმარს აწამებდა, აშანტაჟებდა და ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებით აიძულებდა, ბოლშევიკურ პრესაში მოენანიებინათ საკუთარი წარსული და პარტია დაეტოვებინათ.

შედეგად, 1923 წლის აგვისტოში თბილისში გაიმართა „ყოფილი მენშევიკების“ თეატრალიზებული ყრილობა, სადაც პარტიის „თვითლიკვიდაცია“ გამოცხადდა. ანალოგიური სცენარით გააუქმეს სხვა პარტიებიც, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები და თვით კოლაბორაციონისტი მემარცხენე მოკავშირეებიც კი, რომლებიც კომპარტიას შეუერთეს.

1924 წლის დასაწყისისთვის საბჭოთა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობდნენ.

ირაკლი ხვადაგიანი

ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის წევრი ირაკლი ხვადაგიანი „ბათუმელებთან“ საუბრობს თუ როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა საბჭოთა ოკუპაციის დროს ქართული სახელმწიფოებრიობა და როგორ მოკლეს პოლიტიკური პროცესი.

  • როგორ და რა მეთოდებით დაიწყეს ბოლშევიკებმა ოპოზიციური პარტიების განადგურება 1921 წელს?

ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო და არა ტრაფარეტული. ოკუპაცია ხდება 1921 წლის თებერვალ-მარტში. ომის დამთავრებისა და სრული ოკუპაციის შემდეგ, როდესაც სისტემა იწყებს ტოტალიტარული ინსტიტუტების მოწყობასა და ძველი, დემოკრატიული სისტემის განადგურებას, პირდაპირი განკარგულება ან კანონი პარტიების აკრძალვის შესახებ არ მიუღიათ – გადაწყვეტილების დონეზე ასეთი რამ არ ყოფილა.

უბრალოდ, შეიქმნა დე-ფაქტო მოცემულობა: საბჭოთა სახელმწიფოში არ უნდა ეარსება პარტიებს, რომლებიც არ აღიარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. თუმცა ამ ეტაპზე რეჟიმი თავს ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა სრულიად გარანტირებულად და დომინანტად. გარე თვალისთვის მათ სჭირდებოდათ, თუნდაც ძალიან ფიქციური და მინიმალური, პლურალიზმის შირმის შენარჩუნება (რასაც, სხვათა შორის, ოფიციალური პროპაგანდით ბოლომდე აკეთებდნენ: სტალინური ტოტალიტარიზმის გავლის შემდეგაც კი საბჭოთა კავშირს ფორმალურად მართავდა არა მხოლოდ კომპარტია, არამედ „კომუნისტებისა და უპარტიოთა ბლოკი“).

თავიდანვე ასეთი დათქმა იყო: თუ არსებობს პარტია, რომელიც აღიარებს საბჭოთა ხელისუფლებას, ეთანხმება მის კურსს და თანამშრომლობს კომპარტიასთან, მას შეუძლია იარსებოს. ოკუპაციის პირველსავე კვირებში რუსულმა რეჟიმმა საქართველოში შეძლო ორი ყოფილი ოპოზიციური პარტიის შიგნით განხეთქილების შეტანა – სოციალისტ-ფედერალისტებსა და სოციალისტ-რევოლუციონერებში (ესერებში).

რამდენიმე ლიდერი და მცირე ნაწილი ჩამოსცილდა ამ პარტიებს, თავი გამოაცხადეს „მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებად“ და „მემარცხენე ესერებად“ და დაიწყეს თანამშრომლობა ბოლშევიკურ პარტიასთან. მათ ჰქონდათ არსებობის საშუალება – შეეძლოთ გაზეთის გამოცემა, ორგანიზაციის ქონა.

მაგრამ ის პარტიები, რომლებიც არ ეგუებოდნენ ოკუპაციას, დაუყოვნებლივ მოექცნენ დარტყმის ქვეშ. ეს იწყება ოკუპაციიდან ძალიან მალე.

1921 წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებების პირველი ტალღა წამოვიდა. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს ლეგალურად არსებობის საშუალება აეკრძალათ: მათ აპატიმრებდნენ იმ საბაბით, რომ ანტისაბჭოთა პარტიებს წარმოადგენდნენ; აეკრძალათ პრესა და ლეგალური გამოცემები.

ცხადია, გამორიცხული და შეზღუდული იყო ორგანიზაციული საქმიანობაც – კონფერენციების ჩატარება, ყრილობის ორგანიზება თუ მოქალაქეებთან ღია მუშაობა.

ფაქტობრივად, პირველივე კვირებში, როდესაც ძირითადი, მთავარი გავლენიანი პარტიები (სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტები) ცდილობდნენ მინიმალურ კომპრომისზე მაინც შეთანხმებულიყვნენ საოკუპაციო რეჟიმთან, იმ არგუმენტით, რომ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ დასაყრდენი საქართველოში, წარმოადგენდნენ მარგინალურ ძალას, რომლის ძალაუფლება მხოლოდ ხიშტებს ეყრდნობოდა, და თუ სურდათ საომარი მდგომარეობა არ გაღრმავებულიყო, მინიმალური კომპრომისი დაეშვათ პრესისა და ლეგალური არსებობის სახით, ეს მცდელობები უარით დასრულდა.

ბოლშევიკური რეჟიმისთვის პრესის თავისუფლება და არასაბჭოთა პარტიების ლეგალური არსებობა ფუნდამენტურად მიუღებელი იყო.

დაიწყო რეპრესიები.

პარტიები სრულად გადავიდნენ იატაკქვეშეთში და ეს ვითარება გაგრძელდა 1921-1922 წლების განმავლობაში. 1922 წლიდან კი, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რეჟიმი იწყებს ძლიერ, მასირებულ კამპანიას პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისთვის“.

ეს განსხვავდება პირდაპირი აკრძალვისგან: პარტიები ისედაც აკრძალულები არიან, იატაკქვეშეთში არსებობენ და 1922 წლის დასაწყისისთვის ქმნიან წინააღმდეგობის ერთიან ცენტრს – „დამოუკიდებლობის კომიტეტს“. მაგრამ რეჟიმს სჭირდება დაამტკიცოს და პროპაგანდისტულად აჩვენოს, თითქოს წინააღმდეგობა აღარ არსებობს და ეს პარტიები თვითონვე „გაიხრწნნენ“, დაიშალნენ.

საარქივო მასალების მიხედვით, 1922 წლის მეორე ნახევარში რეჟიმი აპირებდა საჩვენებელ გასამართლებას ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერებისა, თეატრალიზებულ საბჭოურ სტილში, თითქოს ეს იყო „სისხლისმღვრელი, დამნაშავე რეჟიმი“.

ამისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ. მეტეხის ციხეში მყოფმა პოლიტპატიმრებმა და პარტიის ლიდერებმა ამის შესახებ როდესაც შეიტყვეს, საპროტესტო წერილით მიმართეს რევკომს, შემდგომ უკვე სახალხო კომისართა საბჭოს. მათ განაცხადეს: „გავიგეთ, რომ აპირებთ ასეთ სასამართლოს ორგანიზებას; ცხადია, რასაც ემსახურება ეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას ერთი პირობით, პროცესი ჩატარდეს სრულიად ღია ვითარებაში და არა დახურულ კარს მიღმა, შერჩეული აუდიტორიით“.

წინააღმდეგობის მოძრაობა და პარტიები თავს იმდენად მყარად გრძნობდნენ, რომ იცოდნენ: ნებისმიერი ასეთი პროპაგანდისტული წამოწყება, თუკი ის საჯარო იქნებოდა, ავტომატურად გადაიქცეოდა თავად რეჟიმის საწინააღმდეგო სასამართლოდ. ამიტომ, და ასევე თავად კომპარტიის შიგნით არსებული განხეთქილებისა და ბრძოლის გამო (ე.წ. „ქართველ ნაციონალ-უკლონისტთა საქმე“), ეს სასამართლო პროექტი ჩავარდა და მიივიწყეს.

როდესაც 1922 წლის ბოლოს სტალინური ვერტიკალის კონსოლიდაცია მოხდა და საქართველოს კომპარტიაში სტალინის პროტეჟეების ხაზი გაბატონდა, აქედან იწყება დიდი კამპანია პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისა“.

  • რა მეთოდებს იყენებდნენ პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისათვის“ და  როგორ გაუმკლავდნენ ისინი ამ მეთოდებს?

ასობით და ათასობით პოლიტიკური პატიმარი გამოკეტეს ციხეებში სხვადასხვა პარტიიდან. მათზე სათითაოდ დაიწყეს ზეწოლა, ფსიქოლოგიური წნეხი, წამება, შანტაჟი. აიძულებდნენ, მიეღოთ გადაწყვეტილება: თუ ბოლშევიკურ პრესაში გამოაქვეყნებდნენ განცხადებას, რომ ტოვებდნენ პარტიას, გმობდნენ მის კურსს და ურიგდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, მათ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.

ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური განცხადებები. 1923 წლის პირველ ნახევარში ამან ბუმის სახე მიიღო. პირველი მთავარი სამიზნე იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. პარტიიდან გასულ ყოფილ წევრებს „ჩეკასა“ და კომპარტიის ზედამხედველობით ატარებინებდნენ სამაზრო და საოლქო კონფერენციებს, გამოჰყავდათ დელეგატები, ხოლო 1923 წლის აგვისტოში თბილისში ჩაატარეს ყოფილი მენშევიკების დელეგატების თეატრალიზებული ყრილობა. იქ ამ ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას, დაგმეს პარტიის წარსული და განაცხადეს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია საქართველოში აღარ არსებობს.

ეს იყო ინსტრუმენტალიზებული, დაშანტაჟებული პოლიტპატიმრების გამოყენებით დადგმული სპექტაკლი, რათა ეჩვენებინათ, თითქოს პარტიამ საკუთარი თავი თავადვე გააუქმა, რომ სისტემამ კი არ გააუქმა, არამედ თვითონ წევრებმა დაშალეს და შეუერთდნენ ხელისუფლებას.

ამის პარალელურად, ის პირველი ორი პარტიასაც, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტები და მემარცხენე ესერები, რომლებიც აქამდე არსებობდნენ და თანამშრომლობდნენ, იმავე პერიოდში აიძულეს, თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინათ დირექტივით: „ცალკე პარტიად ყოფნა აზრს მოკლებულია, ჩვენ ყველა უნდა გავხდეთ ბოლშევიკები“. მათი ლიდერები და აქტიური წევრები კომპარტიის რიგებში მიიღეს.

ამ კამპანიით სისტემამ ველი სრულად გაასუფთავა: 1923 წლის აგვისტოში მოხდა სოციალ-დემოკრატების „თვითლიკვიდაცია“, შემოდგომაზე ეროვნულ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ესერების.

1924 წლის დასაწყისისთვის რეჟიმი უკვე აცხადებდა, რომ წინააღმდეგობა აღარ არსებობს, პარტიები აღარ არიან, თვითონვე „გაიხრწნნენ“ და მცდარი გზა აღიარეს; ხოლო თუ ვინმე კიდევ იატაკქვეშეთში რჩებოდა, მათ მარგინალურ ჯგუფებად, ავანტიურისტებად და ჯაშუშებად ნათლავდნენ.

ამ დროს მნიშვნელოვანია, თავად წინააღმდეგობის მოძრაობა როგორ მოქმედებდა: იატაკქვეშა პარტიებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გარდა რამდენიმე ლიდერისა (მაგალითად, დამფუძნებელი კრების რამდენიმე ყოფილი დეპუტატისა, რომლებმაც ვერ გაუძლეს ზეწოლას), არ გაკიცხონ ის რიგითი ადამიანები, ვინც ხელს აწერდა ამ განცხადებებს და ციხიდან გამოდიოდა.

მთავარი იყო ამ ადამიანების ფიზიკური გადარჩენა. მეტიც, იყო საიდუმლო მითითება: ვისაც მიაჩნია, რომ ციხიდან გამოსვლით შეძლებს ისევ დაუბრუნდეს იატაკქვეშეთს, გამოიყენოს ეს ჩარჩო, თავი დააღწიოს ციხეს და კვლავ ჩაერთოს ბრძოლაში. ბევრმა ასეც გააკეთა. რეჟიმიც შეშფოთებული იყო, რადგან ხედავდა, რომ თავისუფლებაზე გამოსული ხალხი კავშირს არ წყვეტდა იატაკქვეშეთთან და პირიქით, ეხმარებოდა მათ.

და მეორე მომენტი: თვით ამ პროპაგანდისტულ სცენაზეც კი, ყრილობებზე, ზოგიერთი ყოფილი პარტიული მაინც რისკავდა და ამხელდა ამ ფარსს. იყო ასეთი დავით მურმანიშვილი, ძველი სოციალ-დემოკრატი, რომელმაც წამებისა და ზეწოლის შემდეგ ხელი მოაწერა განცხადებას, გამოუშვეს ციხიდან და დელეგატად მიიყვანეს ყრილობაზე.

როგორც კი სიტყვის თქმის საშუალება მიეცა, მან პირდაპირ გააშიშვლა მთელი ეს სპექტაკლი, თქვა, რომ ეს არის „ჩეკას“ ორგანიზებული ფარსი, აქ მყოფი ყველა ადამიანი ნაწამები და დაშანტაჟებულია. მან იცოდა, რომ მისი გამოსვლა პრესაში არ დაიბეჭდებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მომავალი თაობები ამ ჩანაწერებს მაინც ნახავდნენ და ეს დოკუმენტი დარჩებოდა იმის მტკიცებულებად, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ცხადია, ამის გამო ის მაშინვე ხელახლა დააპატიმრეს.

  • რა როლი ჰქონდა პოლიტიკურ პარტიებს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოწყობაში, როდესაც საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით?

1923 წლის ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ თეატრალიზებული სპექტაკლების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა დარჩა იატაკქვეშეთში და გააგრძელა ბრძოლა. მათ მოამზადეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება.

რეჟიმი ცდილობდა წინააღმდეგობის დისკრედიტაციას და აცხადებდა, რომ პარტიები აღარ არსებობდნენ, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. 1923 წლის ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ კამპანიის გარდა, პარტიების მიმართ სხვა რაიმე სპეციალური საკანონმდებლო გადაწყვეტილება არ მიუღიათ (ისინი ლეგალურად ისედაც არ არსებობდნენ). აჯანყება, მისი ჩახშობა, მასობრივი დახვრეტები და 1925 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული საჩვენებელი სასამართლო პროცესი ეხებოდა უშუალოდ აჯანყების ორგანიზატორებსა და ანტისაბჭოთა გამოსვლას და არა კონკრეტულად პარტიების სამართლებრივ გაუქმებას.

ეს პარტიები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, იატაკქვეშეთში განაგრძობდნენ არსებობას მთელი 1920-იანი წლების მეორე ნახევარშიც და 1930-იანების პირველ ნახევარშიც, 1937-1938 წლების „დიდ ტერორამდე“, რომელმაც უკვე ფიზიკურად გაანადგურა ამ მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობა.

რეჟიმმა მასობრივი რეპრესიებისა და პროპაგანდის მიუხედავად, ვერ შეძლო ვერავის დარწმუნება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, რომ ეს პარტიები აღარ არსებობდნენ.

ისინი იატაკქვეშეთში ატარებდნენ ყრილობებსა და კონფერენციებს, ირჩევდნენ ხელმძღვანელ ორგანოებს, ჰქონდათ რეგულარული კავშირი საზღვარგარეთ მყოფ პარტიულ ბიუროსთან და ლეგიტიმურ მთავრობასთან, გზავნიდნენ დელეგატებსა და მიმართვებს სოციალისტური ინტერნაციონალის ყრილობებზე.

ეს პარალელური რეალობა და წინააღმდეგობის მოძრაობა 1930-იანი წლების შუამდე ცოცხალი და აქტიური იყო.

  • როდის გაქრა პარტიული მრავალფეროვნება სინამდვილეში?

ერთპარტიული და ტოტალიტარული მმართველობა, ფაქტობრივად, 1921-1922 წლებიდანვე დამყარდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ის, რომ თუკი ვინმე ინდივიდუალურ დონეზე ჩაერთვებოდა საბჭოების ფიქციურ არჩევნებში (იმ პირობით, რომ სრულად გადამოწმებული, გაკონტროლებული და რეჟიმისთვის სანდო პირი იყო), მას არ უშლიდნენ.

1920-იანების მეორე ნახევრიდან და 1930-იანებში, ეს სისტემა სრულად ფორმალიზდა: უალტერნატივო, ფიქტიური არჩევნები, სადაც „კომუნისტებისა და უპარტიოთა ბლოკის“ ერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს. აქ არანაირი პოლიტიკა აღარ იყო – ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ტერორსა და ძალადობაზე დაფუძნებით აკონტროლებდა ყველა სფეროს.

დე-ფაქტო, ყველა პარტია, რომელიც არ ცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას, აკრძალული იყო ოკუპაციის პირველივე კვირებიდან. ეს პარტიები, როგორც იატაკქვეშა ორგანიზაციები, ქრებიან მხოლოდ „დიდი ტერორის“ დროს, 1937-1938 წლებში. ეს არის რეალური ქრონოლოგიური ზღვარი.

მანამდე, 1921-დან 1930-იანების ბოლომდე, ძველი პარტიები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, იატაკქვეშეთში აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. ფორმალურად კი, რა თქმა უნდა, ისინი მანამდეც არ არსებობდნენ – არ არსებობდა არანაირი ინსტიტუტი, რაც კლასიკური პოლიტიკური გარემოსთვისაა აუცილებელი.

  • რა გრძელვადიანი შედეგები მოჰყვა მრავალპარტიული პოლიტიკური ცხოვრების განადგურებას საქართველოში – საზოგადოების, სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის?

ტოტალიტარულმა საოკუპაციო რეჟიმმა მოსპო სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი ინიციატივების ყოველგვარი სივრცე. საბოლოო ჯამში მივიღეთ ე.წ. „საბჭოთა ადამიანი“ და საზოგადოება, რომელიც კასტრირებულია, დაკარგული აქვს ცოდნა, გამოცდილება და ინსტინქტიც კი, რომ საკუთარი თავი დაინახოს დამოუკიდებელ აქტორად.

ჩამოყალიბდა სისტემა, რომელსაც ადამიანი უნდა მორგებოდა. როდესაც მრავალპარტიულობა და კონკურენცია აღარ არის და ერთადერთი მმართველი სტრუქტურა ბატონობს ყველგან, იქ იწყება შიდა, ფრაქციულ-კლანური ბრძოლები. რესურსების მონოპოლიით რეჟიმი ინარჩუნებდა წესრიგს: ადამიანს არსებობისთვის სჭირდება ფუნქცია და შემოსავალი, ხოლო როდესაც ეს ყველაფერი ერთი აქტორის ხელშია, ის წყვეტს, ვის რა პრივილეგია ერგოს.

საზოგადოებას აღარ შეუძლია ეკონომიკური ალტერნატივების შექმნა, რასაც შეეძლო სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიების გაჩენა. პოლიტიკური ცხოვრება გასცდა საჯარო ველს და გადავიდა კულუარებში. ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლება დღემდე რჩება პოსტსაბჭოთა საზოგადოებების მთავარ გამოწვევად.

  • მინდა გკითხოთ დღევანდელობასთან კავშირზეც: დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ აპირებს აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, რამდენად აყენებს ეს ნაბიჯი დემოკრატიული საფარით მოსულ ხელისუფლებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გვერდით? როგორ ხედავთ ერთპარტიული ქვეყნის მომავალს?

მსგავსება და ტენდენცია, რა თქმა უნდა, აშკარაა. თუმცა დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებთან შედარებით ბევრად უფრო პრიმიტიულად გამოიყურება: საბჭოთა რეჟიმიც კი ერიდებოდა პირდაპირ აკრძალვას და ცდილობდა გარე თვალისთვის ისე შეეფუთა, თითქოს პარტიებმა თვითონვე გააუქმეს თავი და ბუნებრივად გაქრნენ.

პირდაპირი აკრძალვა კი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემას სხვა ალტერნატივა და რესურსი აღარ გააჩნია – ეს მის გამოუვალ მდგომარეობას უსვამს ხაზს. ის პირდაპირ ამბობს: „ჩემი მოწინააღმდეგე ხარ და გკრძალავ“.

მეორე მხრივ, უდიდესი განსხვავებაა რესურსებში: საბჭოთა რეჟიმს ზურგს უმაგრებდა უზარმაზარი იმპერიული სახელმწიფო, რომელმაც სისხლის ფასად, ოპონენტების ფიზიკური განადგურებითა და დიდი ტერორით შეინარჩუნა ძალაუფლება. მას ჰქონდა ტოტალური მონოპოლია ყველაფერზე, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო გარემოც კი ხელს უწყობდა ამ რეალობის დაკანონებას.

დღევანდელი სიტუაცია კი რადიკალურად განსხვავებულია: საქართველო არ არის რუსეთის მიერ პირდაპირ ანექსირებული. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს იმ იმედით, რომ გარემო ამას ხელს შეუწყობს, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მათი ძალაუფლება ძალიან მყიფეა. რეპრესიები რეალურ შედეგს ვერ აღწევს, რადგან საზოგადოებაში შიშის დათესვას ვერ ახერხებენ – პირიქით, ეს უკურეაქციას იწვევს. ადამიანებს არ ეშინიათ პროტესტის გამოხატვის.

ხელისუფლებას არ გააჩნია ის რესურსი, რაც ჰქონდა ტოტალიტარულ სისტემას – ფიზიკური ლიკვიდაცია, ადამიანების გაქრობა, ქონების სრული კონფისკაცია. შესაბამისად, რეჟიმს არ აქვს ბერკეტი, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს.

  • როგორია ისტორიის გაკვეთილი – რას ასწავლის ისტორია ტოტალიტარებს?

სამწუხაროდ, ისტორია ტოტალიტარებს ვერაფერს ასწავლის. ხშირად ვხედავთ, რომ ისინი ისტორიულ გაკვეთილებს ვერ ითვალისწინებენ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან.

საკითხია, რამდენად სწავლობს ამ გაკვეთილებს თავად საზოგადოება. თუკი საზოგადოებას ესმის ეს საფრთხეები და აცნობიერებს მათ, მაშინაც კი, როდესაც მას წართმეული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ის მაინც ინარჩუნებს მზაობასა და ენერგიას წინააღმდეგობისთვის. ისტორიული გაკვეთილების გააზრება სწორედ საზოგადოების გადარჩენის მთავარი წინაპირობაა.

___

მთავარი ფოტო: წითელი არმია თბილისში – 1921 წელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: