უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში სრულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, კრემლი აცხადებს, რომ პუტინი მზად იქნება გასცეს ბრძანება არ დაარტყან უკრაინას მხოლოდ ერთ, არჩევნების დღეს.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა დღეს, 12 ოქტომბერს.
„…თუ მათ ნამდვილად სურთ კიევში არჩევნების ჩატარება, მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მზად იქნება გასცეს ბრძანება უკრაინაზე არჩევნების დღეს არ განახორციელონ დარტყმები. კონკრეტულად არჩევნების დღეს“ – ხაზგასმით თქვა პესკოვმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტარისას, რომ მას არჩევნების ჩასატარებლად 60 დღე სჭირდება, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს არ სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, არამედ სჭირდება „მდგრადი მშვიდობა მომავალი თაობებისთვის“.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იყო „სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“ დუმის არჩევნების შემდეგ, მაგრამ უკრაინამ საარჩევნო უბნები დაბომბა.
აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა 10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მან პუტინთან შეთანხმებას მიაღწია დიზელის მიწოდების თაობაზე და უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა, რომელსაც რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეეძლება.
სწორედ ამ განცხადების საპასუხოდ განაცხადა ზელენსკიმ, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება, თუ კი რუსეთი 60 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
დღეს, 12 ოქტომბერს, ამ თემას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ რუსეთი „უკრაინას ბრძოლის ველზე მოსვენებას არ მისცემს“.
„არა მგონია, რომ მან (ზელენსკიმ) ამოსუნთქვის საშუალება დაიმსახურა“, – თქვა მან.






