ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელს მფარველობის სანაცვლოდ კომპანიის წილებს სთხოვდა, 2025 წელს 165 964 ათასი ლარი აქვს აღებული ხელფასის სახით. ანუ თვეში 13 800 ლარი ხელზე.
ამ დეკლარაციაში არაფერი წერია იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც 300-მილიონიანი ბრუნვა აქვს ფარული ჩანაწერების მიხედვით, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა და რომელშიც ნანა ყეინიშვილი საუბრობს.
რა ქონებას აჩვენებს ნანა ყეინიშვილი 2025 წლის დეკლარაციაში? [2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია კი ჯერ შევსებული არ აქვს].
მიწები და ბინები:
2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილის სახელზე ფიქსირდება 2 მიწის ნაკვეთი. 14 760 კვ.მეტრი მიწა ახმეტაში, სოფელ ვეძებში, რომელიც 1500 ლარად შეუძენია 2023 წელს და 1500 კვ. მეტრი, კოჯორში, სოფელ ბეთანიაში, რომელიც 2000 ლარად აქვს ნაყიდი 2018 წელს. მიწას ჰყავს მეწილე თათია ლოლაძე, რომელიც ნანა ყეინიშვილის ქალიშვილია და ასევე ფიგურირებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაში. თავის მხრივ თათია ლოლაძე საქართველოში წითელი ჯვრის პრეზიდენტია.
ნანა ყეინიშვილს ბინა აქვს თბილისში, დიღომში, რომლის კვადრატულობა და ფასი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. ამ ბინაშიც მეწილედ თათია ლოლაძე ჰყავს.
მეორე ბინა – 212 კვ.მეტრი თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე აქვს, რომელიც 30 000 ლარად შეუსყიდია 2022 წელს და ჰყავს 2 მეწილე – დავით გოგლიჩიძე და ვიტალი ქიარიმოვი.
2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ყეინიშვილი საბანკო ანგარიშებზე 42 842 ლარი და 2887 დოლარი და 4 889 ევრო ინახავს.
2025 წლის ქონებრივი დეკლარაციაში ნანა ყეინიშვილი ასევე წერს, რომ 137 225 დოლარი მას მძღოლებმა ანგარიშზე ჩაურიცხეს.
„კონვერტაციის შედეგად ჩემი კუთვნილი თანხები ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ჩემს მძღოლებს“, თუმცა მხოლოდ ერთი პირის – ზურაბ აბხაზოვის სახელი აქვს მითითებული. როგორ ყეინიშვილი აღნიშნავს, მძღოლები მას თანხის გადახურდავებაში ეხმარებოდნენ. არსად არ არის მითითებული თანხის წარმომავლობა.
წილები კომპანიებში:
- შპს „დანიელი 2022“ – 100%
- შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ – 30%
- შპს „ნათმეტალ საქართველო“, რომელიც ყეინიშვილის თქმით, არასდროს უმუშავია.
- შპს „სადმელი ჰესი“ – 100%
- შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“, რომელიც 2023 წელს დაურეგისტრირებია.
ნანა ყეინიშვილი დეკლარაციაში უთითებს, რომ ამ კომპანიებიდან მოგება არ მიუღია. მოგების გრაფაში ყველგან წერია – 0.
აქვს სასტუმროს ბიზნესი [შპს დავინანა], სადაც 50% წილს ფლობს. არც ამ სასტუმროს მოგება არ აქვს მითითებული დეკლარაციაში.
სესხები:
ნანა ყეინიშვილს 2023 წელს 600 000 დოლარი აქვს აღებული სესხად და აქედან 235 000 დოლარი, გასავალში აქვს მითითებული.
ამავე წელს, მის კომპანიებში ყეინიშვილის წილების მმართველად ნათია ლოლაძე ინიშნება. დეკლარაციაში არსად არ არის მითითებული ამ კომპანიებიდან იღებს თუ არა რაიმე შემოსავალს ნანა ყეინიშვილი.
2024-2025 წელს, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ნანა ყეინიშვილს 50 000 დოლარი გაუცია სესხიდან.
10 ოქტომბერს, რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც კრიპტოკომაპნიის – „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ სთხოვს ნანა ყეინიშვილი მათ მიერ დაარსებული კომპანიის 49%-ის დათმობას.
არსებობს მათი საუბრის აუდიო ჩანაწერიც, რომელიც „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლებმა სუს-ის თანხმობით გააკეთეს.
ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი ამბობს, რომ აქვს კომპანია „ვიპ ფეი“, რომლის წლიური ბრუნვა 300 მილიონ ლარს აღწევს.
როგორც „თავისუფლება“ წერს, შპს „ვიპ ფეი“ 2022 წლის ივლისშია დაფუძნებული და კომპანიის იურიდიულ მისამართად ნიაბის ქუჩის #50 აქვს მითითებული, ანუ ის სახლი, სადაც ნანა ყეინიშვილი ცხოვრობს.
თუმცა ყეინიშვილის 2025 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არც ეს სახლი აქვს ნახსენები, არც აღნიშნული კომპანია და შემოსავლები.

სქრინი „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებიდან.
ჩანაწერის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში ამ კომპანიამ ეროვნული ბანკისგან საგადახდო პროვაიდერის – PSP (Payment Service Provider) სტატუსი მიიღო, იმ პერიოდში მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად ნანა ყეინიშვილი იყო.
ფარულ აუდიოჩანაწერში ყეინიშვილი ჰყვება, რომ ეროვნულ ბანკში „ვიპ ფეის“ PSP -ს (Payment Service Provider) რეგისტრაციაში ბანკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაეხმარა, რომელსაც დეპუტატობის დროს პარლამენტის კომიტეტში საქმიანობიდან იცნობდა.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩიეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ეკრძალებოდა კომერციული საქმიანობა და ბანკის რეგულირებულ სფეროში ბიზნესის ფლობა.
ჩანაწერის მიხედვით, ყეინიშვილი კომპანია “ვიპ ფეის” ფორმალურ გასხვისებას იწყებს.
ამავე ჩანაწერში ყეინიშვილი კიდევ ერთ ახალ კომპანიას – „მულტიპრაიმს” ახსენებს, რომელსაც მისი თქმით, დაახლოებით 2 კვირაში ეროვნული ბანკი დაარეგისტრირებს, როგორც საგადახდო პროვაიდერს – PSP-ს.
ყეინიშვილი ახალგაზრდა ბიზნესმენებს თანამშრომლობის სანაცვლოდ ამ ახლადშექმნილ კომპანიაში წილებსაც სთავაზობს.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნანა ყეინიშვილს 2024 წელს ასევე დაურეგისტრირებია კომპანიები. მაგალითად „მანი იქსჩეინჯ პლიუსი”, რომელიც ვალუტის გადამცვლელია.
რადიო „თავისუფლება“ ასევე საუბრობს ყეინიშვილის შესაძლო კავშირზე შპს “კრიპტო ექსჩეინჯთან”, რადგან გამოძიების მიხედვით, ამ კომპანიამ ეროვნულ ბანკში ვასპის რეგისტრაცია 2024 წლის სექტემბერში გაიარა, 10 თვეში კი მისი დირექტორი გახდა გელა მუნჯიაშვილი, რომლის გვარი ყეინიშვილთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაშიც ჩანს.
მუნჯიაშვილი „ვიპ ფეის” დირექტორიცაა და ასევე, ყეინიშვილის ყოფილი ქმრის იმ კომპანიის, რომელიც ვერცხლის ქუჩის #1-ში ბიზნესცენტრს ფლობს.
ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი ახსენებს ბიძინა ივანიშვილსაც, რომელზეც ამბობს, რომ ივანიშვილი მისთვის „ძალიან საპატივსაცემლო ადამიანია“.






