მთავარი,სიახლეები

მესაკუთრის განმარტება ფალიაშვილის #19-ში ბელეტაჟის დანგრევაზე

30.07.2017 • 3077
მესაკუთრის განმარტება ფალიაშვილის #19-ში ბელეტაჟის დანგრევაზე

დღეს ბათუმში, ფალიაშვილის #19-ში არსებული ბელეტაჟი დაანგრიეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ მისამართზე სახლი და 232  კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მის ამჟამინდელ მესაკუთრეს, მიხეილ კაკაბაძეს 21 ივლისს აქვს დარეგისტრირებული საკუთრებაში. დარეგისტრირებიდან 9 დღეში მესაკუთრემ ბელეტაჟი დაანგრია, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. სახლი მდებარეობს ძეგლის ზონაში. გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის მერიამ მიმართა რეკომენდაციით, სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ბატონო მიხეილ, რატომ დაანგრიეთ თქვენი ბელეტაჟი უკანონოდ? – ეს იყო პირველი კითხვა, რაც ფალიაშვილის #19-ს მესაკუთრეს, მიხეილ კაკაბაძეს დავუსვით.

„მე მაგ სახლში ვცხოვრობ 35 წელიწადია. მაქ დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემის ძმა ცხოვრობდა 47 წლიდან, ჩემი ოჯახი ცხოვრობს მაქ. ეს სახლი იყო ძალიან ავარიულ მდგომარეობაში, ექსპერტის დასკვნაც მაქვს, მოვიყვანე შესაბამისად მაგიტომ, მეთქი თუ შეიძლება გამაგრდეს… არავითარ შემთხვევაში, ექვემდებარება დემონტაჟსო. ჭერი თავზე გვენგრეოდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ეგ სახლი, არ იცხოვრებოდა და ავდექი და დავანგრიე. რა უნდა მექნა აბა?“

მიხეილ კაკაბაძის თქმით, ექსპერტი, ვინც ბელეტაჟის დემონტაჟის დასკვნა მოუმზადა, გვარად კახიძეა, თუმცა ამბობს, რომ მისი სახელი არ ახსოვს.

თუ გქონდათ ექსპერტის დასკვნა, მაშინ რატომ არ მიმართეთ მერიას შესაბამისი ნებართვის მისაღებად? – ეს იყო მეორე კითხვა, რაც მიხეილ კაკაბაძეს დავუსვით. „მაქ დავუშვი შეცდომა. მაქ გავეჭედე, მაქ უნდა მივსულიყავი, ვერ მოვიცალე თუ რა იყო არ ვიცი“, – უთხრა „ბათუმელებს“ მიხეილ კაკაბაძემ.

შემდეგი კითხვა იყო, თუ რის მშენებლობას აპირებს ბელეტაჟის ნაცვლად. „რა კორპუსის აშენება. მაქ მშენებლობა არ იქნება. თუ ავაშენებთ, ავაშენებთ სახლს. უნდა შემოვღობო. მაგენმა [მერიის ზედამხედველობის სამსახურმა] მითხრეს, რომ შემოღობეო. შემოღობეო და უნდა მოვიცადო. მერე განაცხადი უნდა შევიტანო“.

მიხეილ კაკაბაძე აცხადებს, რომ არ იცოდა მისი სახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხი თუ განიხილებოდა. „არა ქალბატონო. ეგ პირველად მესმის მამაჩემის სულს ვფიცავარ. მაგი თუ მასე იყო, მაშინ ამდენ ხანს სად იყვნენ, მოსულიყვნენ და რაღაცა გაეკეთებიათ, ჭერი თავზე რომ მენგრეოდა და კედლები რომ ცვიოდა. წარმოდგენა არ მაქვს ახლა რასაც თქვენ მეუბნებით. თქვენგან გავიგე პირველად“.

მიხეილ კაკაბაძისთვის სხვა კითხვების დასმაც გვინდოდა, მაგრამ თქვა, რომ მანქანას მართავდა და საუბრის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: