52 წელი ერთი საკერავი მანქანით [ფოტო]


ისინი თავის პროფესიაზე მშვიდად და აუღელვებლად საუბრობენ. საუბრობენ ისე, რომ კერვას არ წყვეტენ და მათი ხმა საკერავი მანქანის ხმას ერევა. ისინი მკერავები არიან, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიის ადამიანები, ვისთანაც ორიგინალური ჩაცმა და საკუთარ გარდერობში ცვლილების შეტანა სიამოვნებას ანიჭებს.

ავთო ვაჩეიშვილი

52 წელია მკერავი ვარ. 1966 წელს დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ არ შემიწყვეტია. თავიდანვე რაღაც მიდრეკილება მქონდა, მიყვარდა ეს ხელობა და გადავწყვიტე გავყოლოდი ბოლომდე.

მშვიდი სამუშაოა, თუმცა  ზოგჯერ კლიენტის დამოკიდებულება მერთულება. ვითომ იცის რა უნდა, მაგრამ არ იცის და მე ვერ ვუმტკიცებ, რომ არ იცის. თავისებურად უნდა, მე რომ ვეუბნები, ისე არ ჯერავს, მერე გამოდის, რომ მე მართალი ვარ და ვაკეთებ ისევ ჩემს ჭკუაზე.

საკერავი მანქანა, რომელზეც ვკერავ 52 წელია მემსახურება. „22 კლასი“ ჰქვია და ამ ხნის მანძილზე ერთგულად მუშაობს. კი ძველი მანქანაა, მაგრამ ვერ ველევი. ახლები  ძალიან ძვირი ღირს და მაგის ყიდვის საშუალება არაა.

ხელფასს რაც შეეხება, იმაზეა დამოკიდებული, როგორი მუშაობა იქნება. ბოლო სამი თვე, ზამთრის სეზონზე 150-200  ლარი გამომდიოდა. თუმცა სხვა თვეებში, როცა მუშაობა არის 400-500 ავდივარ.

ავთო ვაჩეიშვილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მარინე ნიფანაძე

თითქმის 27 წელია მკერავი ვარ. სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, ახლა ქართულ ტრადიციულ სამოსს ვკერავ. მკერავი იმიტომ გავხდი, რომ ბავშვობის გატაცება იყო. მიყვარს ჩემის სამსახური. ბედნიერი ვარ, როცა აქ მოვდივარ და ვმუშაობ.

 

ნიფანაძე მარინე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მერიკო ქობულაძე

40 წელია მკერავი ვარ. მახსოვს, 1979 წელს დავიწყე მუშაობა, როგორც მკერავმა. სამწლიანი სამკერვალო დავამთავრე, მერე ერთი წელი პრაქტიკაზე ვიყავი. არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიით მუშაობაზე. კმაყოფილი ვარ ჩემი საქმით.

კი, ზოგჯერ პრეტენზიული კლიენტებიც გვყავს, მაგრამ ვეგუებით, რა ვქნათ. ჩვენს პროფესიას ეს ახლავს.

მერიკო ქობულაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნათელა ვაშაყმაძე

49 წელია მკერავი ვარ. 1970 წელს დავიწყე  მუშაობა. სოფელში დავიბადე, გავიზარდე  და არ მინდოდა იქ დარჩენა. წამოვედი  ქალაქში. საშუალო განათლება არ მქონდა, მერე ხელობა ვისწავლე და მკერავი გავხდი. საინტერესოა და მიყვარს ჩემი საქმე.

ნათელა ვაშაყმაძე

ქრისტინე გიორგაძე

რვა წელია მკერავი ვარ. ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროფესია. როგორ აგიხსნათ, როცა ვკერავ, ვმშვიდდები. კარგად  ვარ.

ქრისტინე გიორგაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი