მთავარი,სიახლეები

იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს

06.04.2019 • 2165
იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი არ პასუხობს კითხვას,  იყვნენ თუ არა სამარხების გათხრის პროცესში ჩართული სპეციალისტები. იგი ამბობს, რომ ეს არ იცის და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს 21 აპრილს, ნეშტების დაკრძალვის დღეს მოგვაწვდის. საუბარია 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტებზე, რომელთა აღმოჩენის შესახებაც ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გაავრცელა. დახვრეტილების შთამომავლებს აინტერესებთ, ჩატარდება თუ არა კვალიფიციური შესწავლა ინფორმაციის ნამდვილობის დასადასტურებლად და ასევე, თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებისთვის. ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იოანე გორელიშვილი პასუხობს:

  • მინდა გკითხოთ  ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხის შესახებ. პირველ რიგში გვაინტერესებს, იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართული სპეციალისტები, ჩატარდა თუ არა რაიმე სახის ექსპერტიზა?

ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ მეკითხებით, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. არ ვიცი ჩატარდა თუ არა რაიმე კვლევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე წიგნში და ინტერვიუშიც არის დაფიქსირებული, რომ სწორედ ამ ადგილზე იყო ეს სამარხი გაკეთებული. გარდა ამისა, იყო ერთი პიროვნება, რომელიც მოვიდა და გვითხრა, რომ თვითონ იყო შემსწრე და იცოდა ტერიტორია, სადაც ისინი შემდეგ დამარხეს, ნახა ეს ხალხი, როდესაც ჩაყარეს მიწაში. ჩვენ გავთხარეთ სწორედ ის ადგილი და აღმოჩნდა რეალობა. ამავდროულად ჩვენ ვნახეთ, რომ ყველას აქვს ხელები უკან შეკრული და კეფაში ნატყვიარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დახვრიტეს. ჯიბეებში მათ აქვთ მონეტები, რომლებიც 1935-1936 წლების მონეტებია.

  • თუ სპეციალისტები არ ყოფილან ჩართული…

დნმ-ის ანალიზის ჩატარება ყველას შეუძლია, ჩვენ ამის მომხრე ვართ და ამდენი დროის განმავლობაში, სწორედ ამიტომ არ დავმარხეთ ეს მიცვალებულები. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და მცდელობა იმისა, რომ დნმ-ის ანალიზი ჩატარებოდა ყველას. უბრალოდ, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ჩვენ, ეკლესიას, ეს თანხები არ გაგვაჩნია.

  • მთავრობასთან გქონდათ ეს მოლაპარაკებები თუ მათ შთამომავლებთან? 

დიახ, მთავრობასთან და მე მგონი ახლობლებთანაც, ეს რამდენჯერმე იყო გამოქვეყნებული და დაინტერესების შემთხვევაში, თუ ვინმეს სურვილი ექნება, ჩვენ მზად ვართ სიამოვნებით, რომ დნმ-ის ანალიზი გაუკეთდეთ.

  • რეპრესირებულების შთამომავლები ამბობენ, რომ მხოლოდ გუშინ, 5 აპრილს გაიგეს ამის შესახებ და ის, რომ 21 აპრილს აპირებენ მათ დაკრძალვას, მათთვის მიუღებელია. მათ სურთ, რომ ჩატარდეს გამოკვლევა. 

მანამდე არის კიდევ ორი კვირა, ამავდროულად თუ იქნება გამოხმაურება, შეუძლიათ რაღაც ნაწილი აიღონ, დაკრძალვის შემდეგ იქნება ნუმერაცია და მათ ეცოდინებათ, რომელი მიცვალებული, რომელ ადგილზეა დასაფლავებული. ამის შემდეგ მაინც გააკეთონ დნმ-ის ანალიზი.

  • მთავრობა რა სახით არის ჩართული?

უფლება მოგვცა მთავრობამ, რომ გვეწარმოებინა გათხრები, ახლა რა მონაწილეობას მიიღებს, ამაზე ვერ გეტყვით.

  • რაც შეეხება იმას, რომ 600 ადამიანია სიაში და ნაპოვნია მხოლოდ 150 ნეშტი?

ისინი სხვადასხვა ადგილზე არიან და გათხრები გაგრძელდება.

  • მთავრობამ არ აიღო პასუხისმგებლობა საქმეში სპეციალისტების ჩართვაზე?

ამ ყველაფერზე 21-ში ჩაგეწერებით და იქ გაგცემთ პასუხს.

ამავე თემაზე:

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: