მთავარი,სიახლეები

2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი

18.03.2024 •
2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებ სულეიმან ნაკაშიძესა და ფადიმე გვიანიძეს ოთხი შვილი ჰყავდათ – პეტრე, ჯემილე, ციალა და ლამარა. სულეიმანი აჭარისწყალზე, მაღაზიაში მუშაობდა. ფადიმე დიასახლისი იყო და ოთხ შვილს ზრდიდა.

1950 წლის ზამთარი იდგა, როცა მათი ცხოვრება სხვა, ათასობით უდანაშაულო ოჯახის მსგავსად ტრაგიკულად შეიცვალა. სტალინის ბრძანებით, სულეიმანი და ფადიმე, თავიანთ შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყინულიან და უდაბურ ადგილებში.

„ღამის პირველი საათი იყო, როცა „სალდათებმა“ მოგვაკითხეს. მამა მაღაზიაში მუშაობდა, გამოუვლიათ, წამოუყვანიათ ისიც. ყველანი ერთ მანქანაზე შეგვყარეს და ქალაქში ჩამოგვიყვანეს. ზღვისპირას იდგა მატარებელი. გაავსეს ვაგონი ჩვენსავით გადასახლებული ხალხით, დაკეტეს კარები და წაგვიყვანეს.

არ ვიცოდით, სად მივდიოდით. სალდათებმა, რომელიც მატარებლის ვაგონებს აცილებდნენ, მხოლოდ ერთი რამე გვითხრეს – ისეთი ადგილას მიდიხართ, სადაც ბამბის კრეფა მოგიწევთო. რთული იყო გზა. ჩვენს ვაგონში ორი ფეხმძიმე ქალი იყო, გზაში ასტკივდათ მუცელი და ვაგონში იმშობიარეს. 15 დღე მივდიოდით და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩაგვიყვანეს ყაზახეთში,“ – 74 წლის წინ მომხდარს იხსენებს ლამარა ნაკაშიძე-ბერიძე.


11 წლის იყო ლამარა, როდესაც მშობლებთან და და-ძმასთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. მან ყაზახეთში, გადასახლებაში 3 წელი გაატარა. ახლა 85 წლისაა. ამბობს, რომ ბევრი ამბავი დაავიწყდა, ბევრიც დაივიწყა.

რაც არ დავიწყებია არის ის სირთულე და, როგორც თავად ამბობს, სიმწარე, რომელიც გადასახლებაში მან და მისმა ოჯახმა გამოიარა.

„ალგაბასი ერქვა ადგილს, სადაც გადაგვასახლეს. სამოთახიან სახლში ერთი ოთახი მოგვცეს. მიწური იყო სახლი. იატაკი არ იყო. კედლებიც მიწის იყო, ზემოდანაც მიწა. საწოლები არ იყო. მიწაზე ხომ ვერ დავწვებოდით. მამაჩემმა ხეები ნახა, დაქსელა და საწოლებივით გააკეთა. მაგაზე ვწვებოდით.

თავიდან რომ ჩავედით, უკაცრიელი ჩანდა ყველაფერი. დაინტერესდა მამაჩემი ნუთუ აქ ხალხი არ ცხოვრობსო?

კი ცხოვრობსო, მაგრამ ეშინიათ თქვენიო – იქაურმა ზედამხედველმა გვითხრა. ამბავი მოვიდა – „ისეთი ხალხი მოდის, რომლებიც ადამიანის სისხლს წოვენო. ამიტომ ეშინიათ გარეთ გამოსვლაო“. მერე კი გაგვიცნეს და გაიგეს ვინც ვიყავით.

მძიმე იყო გადასახლება. უცხო ადგილას შედიხარ, უცხო ენა… ძნელი იყო, გაგვიჭირდა ძალიან. მაგ გადასახლების გამო ბავშვობიდან ვიყავით გამწარებული,“ – იხსენებს ლამარა ნაკაშიძე – ბერიძე.

 

გადასახლებაში ოჯახმა სამი წელი გაატარა და მშობლიურ სოფელში მას შემდეგ შეძლეს დაბრუნება, რაც იოსებ სტალინი მოკვდა.

„სამი წელი ვიყავით გადასახლებაში. მეოთხე წელს წამოვედით. ზოგი ადრე, გამოუშვეს. ყველა ერთად არ მოჰყადათ. ნაწილ-ნაწილ წამოიყვანეს ხალხი. მოგივიდოდა ფურცელი და წამოხვიდოდი.

საქართველოში მატარებლით წამოვედით. ჩამოვედით ბათუმში. ერთი კვირა ქალაქში დავრჩით. ჩვენს სოფელში მისვლამდე შლაგბაუმი იყო და უსაბუთოდ არ გვიშვებდნენ. მერე მამაჩემმა გააკეთებინა საბუთები და წავედით. სახლი დაგვხვდა. ძროხებიც კოლექტივს ჰყავდა წაყვანილი და უკან დაგვიბრუნეს. მერე რა ვიცი, თანდათან დავლაგდით და ცხოვრება გავაგრძელეთ.

მიზეზი არავინ იცოდა, ყველა მაგას კითხულობდა – რატომ გაგვასახლეს? რა მოხდა? ჯერ ჩაგვიყვანეს, მერე უკან მოგვაბრუნეს. ხალხი ამბობდა – სტალინმა არ იცოდა, ბერიამ გადაგვასახლაო…“ – იხსენებს ლამარა ნაკაშიძე-ბერიძე.

თქვენ როგორ გჯერათ, შეიძლებოდა სტალინს არ სცოდნოდა? ვკითხეთ ლამარა ბერიძეს.

„ჰმ…. მთავრობამ რამე არ იცოდეს ისე იქნება?“ – კითხვაზე კითხვა დაგვიბრუნა მან.

„დედაჩემს ის შიში აქვს გამოყოლილი, რომ სტალინის პერიოდში ვერაფერს იტყოდიო. ეს დრო აღარაა უკვე, მაგრამ დედას ის ბავშვური შიში მაინც აქვს. არადა რაც გამოიარა, სტალინის ბრალი იყო ეგ. თითქოს დედაჩემი ამბობს, არ იცოდა სტალინმა ბერიამ გაგვასახლაო, მაგრამ ეგ ცრუ ზღაპარია. როგორ არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც სათავეში უდგას სახელმწიფოს. ადამიანებს ასახლებ და რისთვის?

არავინ არ იცის დღემდე, რატომ იყვნენ სამი წელი რეპრესირებული. ბევრი უდანაშაულო ოჯახი დაიღუპა. სტალინის ბრალი იყო, აბა ვისი ბრალი იყო?,“ – საუბარში ჩაერთო ლამარას შვილი მზევინარ ბერიძე.

მზევინარ ბერიძე დედასთან ერთად

მზევინარი და მისი და-ძმა დედის მიერ მოთხრობილ ისტორიებზე გაიზარდნენ. მზევინარის თქმით, დედა სულ უყვებოდა იმ გზაზე, რისი გავლაც მოუწიათ ყაზახეთისკენ მიმავლებს.

„საშინელ გაჭირვებას უყურა გზაში. ისეთი ყინვა იყო, მატარებლის კარს ვერ აღებდნენო. ბევრი გზაში, ვაგონშივე კვდებოდაო. ყაზახეთში მთელი დღეები ბამბავს ვკრეფდით, სიცხეები იყო, გვიჭირდა ბამბის კრეფა, მაგრამ არავინ გვაძლევდა დასვენების უფლებასო.

ძალიან რთული და მძიმე პერიოდი აქვს გამოვლილი,“ – ამბობს მზევინარ ბერიძე.

აჭარამ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, მეოცე საუკუნის 30-იან 50-იან წლებში მასობრივი რეპრესიების რამდენიმე ტალღა გამოიარა. 1937-38 წლის რეპრესიების შემდეგ, როდესაც ადამიანებს ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა 1944 წელს დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1946-52 წლების რეპრესიები კი საქართველოში მცხოვრებ ათასობით ოჯახს შეეხო. გავრცელებული პრაქტიკა იყო, ჯარისკაცები ან/და ოფიციალური პირები ოჯახებში მიდიოდნენ, სპეციალურ მანქანაში სვამდნენ და დიდ ქალაქებში მიჰყავდათ, სადაც მზად იყო სატვირთო მატარებლის ვაგონები შუა აზიაში წასასვლელად. გზის ხანგრძლივობის და გაუსაძლისი პირობების გამო გადასახლებულთა ნაწილი გზაში იღუპებოდა.

გადასახლებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: