მთავარი,სიახლეები

„საქმრომ მამიდას ნიშანი დაუბრუნა, რეპრესირებულის შვილი არ მინდაო“ – 1 ოჯახის ტრაგიკული ისტორია

07.03.2024 •
„საქმრომ მამიდას ნიშანი დაუბრუნა, რეპრესირებულის შვილი არ მინდაო“ – 1 ოჯახის ტრაგიკული ისტორია

„სტალინმა გაანადგურა ჩვენი ოჯახი. სტალინი დესპოტი იყო, ძალიან ცუდი პიროვნება. ხალხი გააუბედურა. უდანაშაულო ხალხი დახვრიტა, არაფერში რომ ბრალი არ მიუძღოდათ, გარდა სამშობლოს სიყვარულისა,“ – ასე აფასებს სტალინურ რეპრესიებს ნანა გოგიტიძე, 1937 წელს დახვრეტილი რიზალი გოგიტიძის შვილიშვილი.

რიზალი გოგიტიძე 1888 წელს დაიბადა ქობულეთში. როგორც მისი შვილიშვილი, ნანა გოგიტიძე გვიყვება, მან განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო.

„1918 წელს, როდესაც ოსმალებმა შემოუტიეს აჭარას, იცავდა თავის მხარეს. ამ დროს აჭარაში შეიქმნა დივიზიონები. ერთ-ერთი ასეთი დივიზიონის ქვედანაყოფის მეთაურად დანიშნეს რიზალი გოგიტიძე, რომელიც იმ დროს ქობულეთის მაზრის კომისარი იყო.

1920 წელს, როდესაც საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო, საჭირო გახდა ამ დამოუკიდებლობის დაცვა. იმ პერიოდში აჭარის ყველა მაზრაში ტარდებოდა კრებები. ქობულეთის მაზრაში კრების ჩატარება დაევალა რიზალი გოგიტიძეს.

ერთ-ერთი მაშინდელი გაზეთი აღწერს, თუ როგორ მოუძღვებოდა ხალხს რიზალი გოგიტიძე და მისი მამა, ხუსეინ აღა გოგიტიძე ნოე ჟორდანიას პორტრეტით,“ – იხსენებს ნანა გოგიტიძე.

მისი თქმით, რიზალი გოგიტიძეს აჭარის 30-40-იან წლებში აჭარის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, რომელიც რამაზ სურმანიძის წიგნში, – „ტრაგედია ბათუმში“ – არის გამოქვეყნებული, რიზალი გოგიტიძე 1921 წელს გაამწესეს ხულოს მაზრის პოლიციის უფროსად.

1923 წელს რიზალი გოგიტიძე აჭარის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ დანიშნეს.  1925 წელს კი ქობულეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე გახდა. 1929 წელს აირჩიეს აჭარის ცაკ-ის წევრად. [ცაკ – ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, უმაღლესი საკანონმდებლო, განმკარგულებელი და მაკონტროლებელი ორგანო საბჭოთა საქართველოში, 1922-1938 წლებში].

1930 წელს რიზალი გოგიტიძე აჭარის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 1933 წელს გადავიდა აჭარის ცაკ-ში მომთაბარეთა რწმუნებულად, 1936 წელს კი აჭარის სატყეო მეურნეობის დირექტორი გახდა.

1937 წლის 5 ოქტომბერს რიზალი გოგიტიძე დააპატიმრეს. 1937 წლის 15 ოქტომბერს მას ე.წ. „სამეულმა“ დახვრეტა მიუსაჯა.

რიზალი გოგიტიძე (მარცხნიდან პირველი) მეგობრებთან ერთად
ფოტო: ნანა გოგიტიძის საოჯახო ალბომიდან

„1937 წლის ზაფხულში ბაბუა თავისი ცოლ-შვილით ისვენებდა ბეშუმში. მისი მეუღლე, ბებიაჩემი იყო ემინე მანელიშვილი.

ბაბუას ცოლისძმა ჩასულა თურმე ბეშუმში და უთქვამს – „დაჭერებია აჭარაში, ზექერია ლორთქიფანიძე, ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო მაშინ, ისიც დაიჭირესო და გთხოვ, თურქეთში გადადიო. როდესაც მდგომარეობა მიწყნარდება შემდეგ ისევ გადმოხვალო“.

მაგრამ რიზალის სასტიკი უარი უთქვამს, მე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის ხალხის და ქვეყნის წინაშე და არსად წავალო.

მეორე დღესვე ჩასულან და დაუპატიმრებიათ ბაბუა. მისი ცოლ-შვილი კი აწიოკებული დაუტოვებიათ.

ისეთი შიშის სინდრომი იყო ამ დაჭერების გამო აჭარაში, არავინ არ დაეხმარა ბათუმში წამოსვლაში. ბებია მიყვებოდა, ბევრი ვიწვალეთ და ისე ჩამოვედითო.

ჩამოვიდნენ და მათი სახლიდან ავეჯი გარეთ დახვდათ გამოყრილი, სახლში უკვე სხვა ოჯახი ცხოვრობდა.

მაშინ ლენინისა (ახლანდელი ზვიად გამსახურდია) და ტელმანის (ახლანდელი ფარნავაზ მეფე) ქუჩების კუთხეში ცხოვრობდნენ მეორე სართულზე. ამას გარდა, ციხისძირში ციტრუსის ბაღი ჰქონდა, ისიც ჩამოართვეს, ხოლო ქობულეთში მდებარე კერძო სახლი კომუნალური გაუხადეს.

დაიწყო ოჯახის დევნა და რეპრესიები.

ბიძაჩემი, რიზალის უფროსი ვაჟი, თბილისში, საინჟინრო ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობდა. კრება მოიწვიეს და გამორიცხეს, როგორც მავნებლის შვილი.

ბებიაჩემი დარჩა იზოლირებული ყველასგან. მათთან მისვლა ყველა შინაურს ეკრძალებოდა, იმიტომ, რომ ის იყო “მავნებლის” ცოლი და მისი შვილები “მავნებლის” შვილები.

ძალიან დიდი სულიერი და მატერიალური ზარალი განიცადეს.

ბაბუაჩემი სამეულის გადაწყვეტილებით 1937 წლის 15 ოქტომბერს დახვრიტეს ბათუმში. მაგრამ ოჯახს უთხრეს, რომ ის თბილისში, ავლაბრის ციხეში კუჭ-ნაწლავის ინფექციით გარდაიცვალა.

იქიდან მოყოლებული მისი საცოდავი მეუღლე, ემინე მანელიშვილი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ყოველდღე ელოდა მეუღლეს,“ – იხსენებს ნანა გოგიტიძე.

  • სტალინი და „მავნებლის ოჯახი“

სტალინს ზოგიერთი ეროვნულ გმირადაც აცხადებს… ბერიას დანაშაულიც არის მანდ, მე ვერ განვსჯი მაგას, მაგრამ სასტიკი პიროვნება იყო, სასტიკი. კაცი, რომელიც საკუთარ მეუღლეს ტყვიას ესვრის… ნადეჟდა ალილუევა მაგან არ მოკლა? იმისგან ყველაფერს უნდა ელოდე. ბებიას მაგის გახსენება არ უნდოდა. სტალინი დესპოტი იყო, ძალიან ცუდი პიროვნება. ხალხი გააუბედურა, უდანაშაულო ხალხი. არ შეიძლება, რომ სტალინს არ სცოდნოდა. ყველაფერი იცოდა.

სტალინმა გაანადგურა ჩვენი ოჯახი.

მამიდა პედაგოგიურ სასწავლებელში სწავლობდა და დანიშნული იყო დავით მახარაძეზე, როდესაც მამამისი, რიზალი გოგიტიძე დააპატიმრეს. დააპატიმრეს დავით მახარაძეც, რადგან რიზალის შვილზე იყო დანიშნული. შეაგდეს თურმე საპატიმროში რიზალისთან ერთად, ჰკითხეს ბაბუაჩემს – ამ კაცს თუ იცნობო.

რიზალიმ ახალგაზრდა კაციაო და არ გაწირა – „არა, მე პირველად ვხედავ ამასო“.

ციხიდან გამოსულმა დავით მახარაძემ მამიდას ნიშანი დაუბრუნა – აღარ წაიყვანა, რეპრესირებულის შვილი არ მინდაო.

მამაჩემი, მურადი გოგიტიძე, შესანიშნავი თვითნასწავლი მხატვარი იყო. როცა მისი მამა დააპატიმრეს, სკოლას ამთავრებდა. სამხატვრო აკადემიიდან ჩამოსულან, ჩააბაროს ჩვენთან აკადემიაშიო, მაგრამ ბაბუაჩემის დაპატიმრების შემდეგ მთელი ოჯახი მამაჩემს დააწვა კისერზე. ბებიამა ვეღარ გაუშვა მამაჩემი სასწავლებლად, რომ სამხატვრო აკადემიაში ესწავლა.

მაგრამ თვითნასწავლი მხატვრის პირობებზე, მაინც ბევრი გააკეთა.

ჩემი უმცროსი ბიძა, 16 წლის იყო, როცა ტრაგიკულად დაიღუპა.

რაც ბებიაჩემმა გადაიტანა… მთელი ცხოვრება, ყველაფერი ხუხულასავით დაენგრა.

არაფრის გულისთვის, არაფრის გულისთვის [დახვრიტეს] ნამდვილად.

ბებია გვიყვებოდა ხოლმე – ჩემს ძმას ეკრძალებოდა იმ პერიოდში ჩვენთან მოსვლა და ჩვენი ამბის მოკითხვაო.

ერთხელ ჩემი უფროსი შვილი, რიფათი, ჩემმა ძმამ დაინახა ქობულეთში, სადგურში, ბათუმში მიდიოდაო. ვერ მივიდა და ასე თვალით ანიშნა თურმე გამომყევიო. მოფარებულ ადგილას გავიდნენ და იქ დაელაპარაკა თურმე, რომ ოჯახის ამბავი გამოეკითხა.

ერთად რომ დამდგარიყვნენ და საუბარი გაებათ, მაგის უფლება არ ჰქონდათ. ისეთი შიშის სინდრომი იყო. ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდათ იმის გამო, რომ მაშინდელი საზომით, „მავნებლის ცოლი და შვილები“ იყვნენ. სრულ იზოლაციაში იყო ოჯახი.

რა არ გადაიტანა ბებიაჩემმა,“ – იხსენებს ნანა გოგიტიძე.

  • მემორიალი, როგორც რეპრესირებულთა ხსოვნის სიმბოლო

ოთხი წლის წინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განაცხადა, რომ ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე სამარხები იპოვეს. ეს სამარხები ეკუთვნოდა 1937 წელში დახვრეტილ პირებს. გამოაქვეყნეს სია და ამ სიაში ბაბუაჩემი 122-ე ნომრად არის ჩაწერილი.

მე მაინტერესებს დნმ ანალიზით ამ ნეშტების იდენტიფიცირება. თუკი მემორიალი გაკეთდება და ყველა ერთად დაიკრძალება, არც მაგის წინააღმდეგი არ ვარ. თუ ასე არ მოხდება, მაშინ მისი მეუღლის გვერდზე დავასაფლავებთ. ორივე მისაღებია ჩემთვის პრინციპში.

ვფიქრობ, მემორიალის გაკეთება მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ეს ხალხი, უდანაშაულო ხალხი იყო. იცავდნენ საქართველოს. [მათი დახვრეტა] იყო სტალინის დიდი დანაშაული. ამის [მემორიალის] ღირსი მაინც არიან. სხვა არაფერი მაგათ სახელმწიფოსგან არ მიუღიათ.

ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს რა წარსული გამოვიარეთ, რადგან მომავალი წარსულის ცოდნაზეა დაშენებული.

  • რეპრესიები ჩემი ხედვით

ნაღები ხალხი [დახვრიტეს] ყველა… მე ახლა ბაბუაზე კი არ ვამბობ, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი – ნაღები ხალხი ყველა. როგორ შეიძლება… სანდრო ახმეტელი, ამათი მოსპობა და განადგურება შეიძლებოდა?

რატომ ხვრეტდნენ? ალბათ არ უნდოდათ ეს განათლებული ხალხი, ქვეყნის განვითარება, ქვეყნის წინსვლა. ეს ხალხი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს და მოსპეს. აბა მიხეილ ჯავახიშვილს და ტიციან ტაბიძეს, ევგენი მიქელაძეს ვინ დააპატიმრებდა? რაღაც ელემენტარულისთვის, მის ცოლს თვალი დაადგა, შეიძლება გაანადგურო და მოსპო ოჯახი?

  • დახვრეტის მიზეზი და რეაბილიტაცია

ბებიაჩემი გაიხსენებდა ხოლმე – იმ დროს, როცა ხალხი ჯერ კიდევ ჩადრში იყო გახვეული, მე შლაპით კისლავოდსკში და ესენდუკში დავდიოდიო. ხალხი რომ უყურებდა ამათ ცხოვრებას, ალბათ ჩვენ მიმართ ბოღმა და შური ჰქონდათ. შეიძლება ესეც იყო მიზეზი.

ოფიციალური ბრალი არ ვიცით რა იყო. სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

1954 წელს მიიღო ბებიაჩემმა რეაბილიტაციის ცნობა. აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა გადასინჯა საქმე რიზალი გოგიტიძის ბრალდებაზე.

„უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1954 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1937 წლის 15 ოქტომბრის რ. გოგიტიძის მიმართ გაუქმებულია და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების უსაფუძვლობის გამო,“ – წერია რეაბილიტაციის ცნობაში.

ბებიას უხაროდა, რომ მისი ქმარი უდანაშაულო აღმოჩნდა. იცოდა მანამდეც, მაგრამ დოკუმენტითაც რომ დადასტურდა ბაბუას უდანაშაულობა, გაუხარდა.

ბებიას არაფრის არ ეშინოდა. იცოდა, რომ მისი მეუღლე მართალი იყო. როცა ბაბუა გამართლდა, პერსონალური პენსია დაუნიშნეს. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც გამოიარა, ცხოვრების ინტერესი არ დაუკარგავს. მაინც ძალიან მაგარი ქალი იყო, გაუტეხავი.

შვილიშვილებს მაინც ყველას ყურადღებას გვაქცევდა, მაგრამ რამდენ ხანსაც ვიცოცხლებ სულ გამახსენდება მისი ტირილი, მისი მოთქმა.

ციტრუსის ბაღის დაბრუნებას ვერ მოესწრო, ძალიან განიცდიდა. ჩემმა ბიძაშვილებმა გამოისყიდეს, როცა ბებია გარდაიცვალა. ქობულეთის სახლიც დავიბრუნეთ.

ერთი პერიოდი მინდოდა ის სახლიც დამებრუნებინა ბათუმში, მაგრამ მერე იმდენი დოკუმენტაციის მოძიება იყო საჭირო, გადავიფიქრე.

ჩემი აზრით, იმ სულიერ ზარალს, ვერავინ აანაზღაურებს, მაგრამ მატერიალური, რაღაც უნდა მიიღონ [ოჯახებმა]. ასე უკვალოდ გადაშენება ამ ხალხის არ შეიძლება.

ოჯახებს ქონება ჩამოართვეს, გაანადგურეს, ყველაფერი წაართვეს, ამიტომ [სახელმწიფომ] ეს მატერიალური ზარალი რაღაცით უნდა აანაზღაუროს. სხვას არაფერი აღარ ეშველება. ჩემი აზრით, ასე უკვალოდ რეპრესირებულების წაშლა და გაქრობა, შეუძლებელია.

ისინი უდანაშაულოდ დახვრეტილი ხალხია, არაფერში რომ ბრალი არ მიუძღოდათ, გარდა სამშობლოს სიყვარულისა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: