მთავარი,სიახლეები

როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები

31.03.2024 •
როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები

1937 წლის ნოემბერში, სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმში დააპატიმრეს ცნობილი სახალხო მთქმელი მემედ აღა ჭყონია თავის ორ შვილთან ერთად.

წლების განმავლობაში მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. დაპატიმრებას გადარჩენილი მემედ აღას შვილიშვილი, ჯემალ ჭყონია, 23 წელი ეძებდა უკვალოდ გამქრალ ბაბუას, მამას და ბიძას. ძიება 1961 წელს დასრულდა, როცა ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა აიღო და მიხვდნენ, რომ მემედ აღა ჭყონია და მისი შვილები სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

მემედ აღა ჭყონია ქობულეთში დაიბადა 1860 წელს. მამამისი, ყურშუმ აღა ჭყონია ქობულეთელი აზნაური იყო. როცა ქართველმა ეთნოგრაფმა თედო სახოკიამ აჭარა-გურიაში იმოგზაურა, ის ამ მოგზაურობის დროს შეხვედრია ყურშუმ აღას. თედო სახოკიამ მის მიერ მოყოლილი ლექსი, თამარ მეფის შესახებ თავის წიგნში – „მოგზაურობანი“ შეიტანა.

ყურშუმის შვილი, მემედ აღა ჭყონია ლექსებს წერდა და ცნობილი იყო როგორც სახალხო მთქმელი. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მემედ აღამ ბევრი განსაცდელი გამოიარა. იმ მწირი ინფორმაციის თანახმად, რაც მემედ აღა ჭყონიას შესახებ იძებნება, მემედ აღა დაახლოებული ყოფილა სერგეი მესხთან და ნიკო ნიკოლაძესთან. თავიანთ წერილებში ნიკოლაძეც და სერგეი მესხიც ხაზს უსვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა მემედ ჭყონია აჭარისთვის.

61 წლის იყო მემედ აღა ჭყონია, როცა წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ბევრი სხვა ქართველის მსგავსად მუჰაჯირი გამხდარიყო და თურქეთში გაქცევით ეშველა თავისთვის, მემედმა და მისმა ოჯახმა საბჭოთა საქართველოში გააგრძელა ცხოვრება 1937 წლის სტალინურ რეპრესიებამდე.

მემედ ჭყონიას სამი შვილი ჰყავდა, ქალიშვილი – ფეფეში და ორი ვაჟი – ყედიმი და ხუშუტი.

როცა 1937 წელს მემედ აღა ჭყონია დააპატიმრეს, მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა მისი ორი შვილიც – ყედიმი და ხუშუტი.

რეაბილიტაციის ცნობით, რომელიც მემედ აღას გაქრობიდან 23 წლის შემდეგ, 1961 წელს აიღო ოჯახმა, ჩანს, რომ შინსახკომის სამეულმა მემედ ჭყონიას განაჩენი 1937 წლის 22 ნოემბერს გამოუტანა.

„მამაჩემი ჯემალ ჭყონია და მისი ძმა 12-14 წლის ასაკის იყვნენ, როცა ბაბუა, მამა და ბიძა დაუპატიმრეს. ბავშვები გამოყარეს იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობდნენ.

მემედ აღას ქობულეთში დიდი სახლი ჰქონდა. ის სახლი ჩამოართვეს და კომუნალურად აქციეს, სხვა ოჯახები შეასახლეს. 16 ოჯახი ცხოვრობდა მერე ამ სახლში.

მემედი და მისი შვილები კი წაიყვანეს და მერე მათ გზა-კვალს ვეღარასდროს მივაგენით,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ საკუთარი ოჯახის ისტორიას მემედ ჭყონიას შვილთაშვილი, გულნაზ ჭყონია.

რა მიზეზით შეიძლება დაეპატიმრებინათ 80 წლის სახალხო მთქმელი და მისი ორი ვაჟი? – ვკითხეთ გულნაზი ჭყონიას.

რეპრესირებულის შვილთაშვილი ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი დღემდე არ იციან.

„მემედ აღა შეძლებული აზნაური იყო, რომელიც საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდა როგორც ქობულეთში, ისე ბათუმში.

დახვრეტის მიზეზი? არაფერი მიზეზი არ იყო.  80 წლის ადამიანს რა შეიძლებოდა დაეშავებინა ისეთი რომ დაეხვრიტათ?

უბრალოდ შეძლებული ოჯახი იყო და ბევრი მიწები ჰქონდათ ქობულეთში. შეიძლება ვინმე შურის თვალით უყურებდა, მაშინ ბევრი დასმენები იყო, სიმდიდრეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ალბათ ერთადერთი მიზეზი ეგ  იყო,“ – ასე ხსნის თავისი დიდი ბაბუის დახვრეტის მიზეზს გულნაზი ჭყონია.

  • რეაბილიტაცია

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია.

ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეძებდნენ გამქრალ ნათესავებს, გაუჩნდათ შანსი გაეგოთ მათი დაკარგული ახლობლების ამბავი.

„აჭარის ასსრ უმაღლეს სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ გადასინჯული იქნა საქმე მემედ აღა ყურშუმის ძე ჭყონიას ბრალდებაზე.

აჭარის ასსრ უმაღლეს სასამართლოს პრეზიდიუმის 1961 წლის 3 ივნისის დადგენილებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1937 წლის 22 ნოემბრის დადგენილება მემედ აღა ყურშუმის ძე ჭყონიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოუსპო ბრალდების უსაფუძვლობის გამო.

მემედ აღა ჭყონია დაპატიმრებამდე მუშაობდა ბათუმის ხის დამამუშავებელ ქარხანაში დარაჯად. მემედ აღა ყურშუმის ძე ჭყონია რეაბილიტირებულია,“ – ვკითხულობთ რეაბილიტაციის ცნობაში, რომელიც მემედ აღას შვილიშვილმა, ჯემალ ჭყონიამ 1961 წელს აიღო.

მამაშვილი – მემედ და ყედიმ ჭყონია

  • ყედიმ ჭყონია

„ჯანყი გურიაში“ ხომ იცით ფილმი? ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო 1928 წელს. აი, მანდ მონაწილეობს ბაბუაჩემი, ყედიმ ჭყონია. ლამაზი, ახოვანი, შეხედული კაცი ყოფილა ბაბუაჩემი. ალბათ ამიტომ მისცეს ეპიზოდური როლი,“ – იხსენებს გულნაზი ჭყონია.

რეპრესირებულის შთამომავლის თქმით, მისი მამა, ჯემალ ჭყონია ხშირად იხსენებდა იმ დღეს, როცა მამა დაუპატიმრეს.

„ყედიმ ჭყონია ბათუმში დააპატიმრეს. 26 მაისის, მაშინდელი კიროვის ქუჩაზე ცხოვრობდა ოჯახით.

მამაჩემი, ჯემალ ჭყონია მიყვებოდა: დაპატიმრებიდან მეორე დღეს, დილით მოვიდა სახლში მამაჩემი. ყველას დაგვემშვიდობა. გვითხრა – მე ახლა წამიყვანენ, დამკითხავენ და გამომიშვებენო. რკინიგზის სადგური იქვე იყო. სადგურის მიმართულებით წავიდაო. ამის შემდეგ მის შესახებ არაფერი აღარ ვიცითო“.

მაგის შემდეგ სულ ეძებდა მამაჩემი თავის მამას და ბაბუას. აგზავნიდა ქალაქებში სურათებს, წერილებს… იქნებ სადმე ცოცხლები არიანო.

ფილმში „ჯანყი გურიაში“ ხომ მონაწილეობდა ბაბუაჩემი. მამაჩემმა ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ ამ ფილმის ფირი მოეპოვებინა. წავიდა თბილისში, კინოსტუდიაში, გადაიწერა ფირი და ჩამოიტანა.

ის სპეციალური აპარატიც მოიტანა სახლში, რომელიც ფირის გაშვებას ჭირდებოდა.

26 მაისის ქუჩაზე ვცხოვრობდით, დიდი სახლი გვქონდა. დიდ ოთახში ვიკრიბებოდით ნათესაობა და ამ უხმო კინოს ვუყურებდით. ათასჯერ მაქვს ეპიზოდური ბაბუაჩემის კადრები ნანახი.

მოგვიანებით კინოთეატრშიც გავიდა ეს ფილმი. კინო „თბილისი“ რომ იყო ერას მოედანზე, იქ გადიოდა. ერთი დღე მამაჩემმა მთელი მისი სანათსაო შეკრიბა და ყველა ერთად წაგვიყვანა, რომ გვენახა ფილმი,“ – იხსენებს გულნაზი ჭყონია.

გულნაზ ჭყონიას თქმით, მამამისი ოჯახის მიმართ გატარებულ რეპრესიებში სტალინს ადანაშაულებდა.

„მამაჩემი ყოველთვის სტალინს ადანაშაულებდა, მამამისის, ბაბუის და ბიძის გაქრობაში. 1994 წელს მამაჩემი ტრაგიკულად დაიღუპა. სულ ენატრებოდა მამა და ბაბუა. ამბობდა – ისინი რომ ცოცხალი ყოფილიყვნენ, სხვანაირად წავიდოდა ჩვენი ცხოვრებაო.

თუმცა არ ცხოვრობდა მამაჩემი ცუდად, ყველაფერი ააწყო და კარგად ცხოვრობდა, მაგრამ მაინც დიდი სინანული ჰქონდა რომ ეს მოხდა – უდანაშაულო ადამიანები ასე უგზო-უკვლოდ გაქრნენ,“ – ამბობს გულნაზი ჭყონია.

მისი თქმით, ხელვაჩაურში, მესამე სამხედრო ბაზაზე ნეშტების აღმოჩენის ამბავმა, ოჯახს იმედი გაუჩინა, რომ ერთ დღეს, შეიძლება მათი წინაპრებიც იპოვონ.

„თუკი ნეშტებს იპოვიან, ვეთანხმები, რომ იყოს ყველა რეპრესირებულისთვის ერთი ადგილი, სადაც ყველა მივალთ და პატივს მივაგებთ. ჩვენ თუ დავკრძალავთ, ჩვენთვის იქნება მარტო მნიშვნელოვანი ის საფლავი.

თუ ეს იქნება მემორიალი, ვფიქრობ უფრო დიდი პატივი იქნება მათთვის, უგზო-უკვლოდ გამქრალი ადამიანებისთვის,“ – ამბობს გულნაზ ჭყონია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: