თორნიკე რიჟვაძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა

დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დინამიკურად ვითარდება.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული „ვიშეგრადის ოთხეულის“ ფორმატში, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა. გარდა ამისა, თქვენი მხარდაჭერა ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში (ODA) ძალიან ძვირფასია ჩვენთვის,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩეხეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დაესწრნენ ბიზნესფორუმს ”საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა”, რომელიც 14 სექტემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.