მთავარი,სიახლეები

„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

15.03.2024 • 4486
„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მე 30 წლის შვილს ხელმოკიდებული ვატარებ, ახლაც სახლში ჩავკეტე და ისე წამოვედი აქციაზე. რა ვქნა, რიჟვაძე, მე პენსიის ფულით ხომ ვერ ვიყიდი ბინას?

ერთი კუთხე მომცენ, როცა ამდენი ცათამბჯენია ბათუმში და ამდენი უსახლკარო ადამიანი,“ – მეგაფონიდან მიმართა უსახლკარო მაგული ფუტკარაძემ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს, 15 მარტს გაიმართა.

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები უკვე ორი წელია ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ, თუმცა მერია ამ ადამიანების პროტესტს არ იმჩნევს: აქციის მონაწილეების თქმით, მათი პირობები და მდგომარეობა არც კი შეუსწავლიათ.

ამჯერად უსახლკაროებმა აჭარის მთავრობასთან გადმოინაცვლეს. აქციების ერთ-ერთი მონაწილეა მაგული ფუტკარაძეც, რომელიც გასულ წელს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ბარცხანის დასახლებაში მდებარე მიტოვებულ სახელმწიფო შენობაში სხვა უსახლკაროებთან ერთად შეიჭრა.

„ამ ცივ იატაკზე შევხდებით ახალ წელს“ – თქვეს მაშინ უსახლკაროებმა, თუმცა მეორე დღეს მათ შენობის დატოვება მოუხდათ – უფლების მიუხედავად, საკვების შეტანის საშუალება არ მისცეს.

მაგული ფუტკარაძე გვიყვება, რომ ყველაზე ბოლომ დავტოვე ის სახლი, სადაც შევიჭერითო. მან დღევანდელ აქციაზე მეგაფონით გააჟღერა, რა პირობა შესთავაზა თორნიკე რიჟვაძის წარმომადგენელმა, რომელმაც ამ გამოსახლების შემდეგ დაიბარა და შეხვდა.

„მოვედი აქ და 2 ათასი ლარი შემომთავაზეს, გაჩერდიო. მე ვუთხარი, შენ გეყოფა 2 ათასი ლარი, შენს შვილს ეყოფა-მეთქი? შენი იყოს ეს ფული და მე სახლ-კარი მომეცით-მეთქი, ასე ვუთხარი. მე 2 ათასი ლარი არ ამიღია.

შვილი გამიხდა ავად, თორემ ალბათ მეც ვიღაცას დავეხმარებოდი. ჩემი შვილი გემზე ცურავდა და იქ შეემთხვა რაღაც, მესამე რეისზე. შვიდი წელია ამ დღეში ვარ,“ – განაცხადა მაგული ფუტკარაძემ.

რამდენიმე წელია დახმარებას და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს მზიური ბალაძეც. ის შშმ შვილთან ერთად 38 წელია ნაქირავებში ცხოვრობს. მზიური ბალაძემ აქცია ბათუმის მერიიდან მიღებული ახალი წერილობითი პასუხი გვაჩვენა:

„მივწერე თორნიკე რიჟვაძეს დახმარებისთვის და გადაუმისამართებიათ წერილი ბათუმის მერიაში. ისევ იგივეს მწერენ, რომ არ აქვთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა, სოციალურად დაუცველი ადამიანების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება.

ხელისუფლება ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ თითქოს ხალხზე ზრუნავენ, სინამდვილეში, ეს არის განუკითხაობა. იმის საშუალება ნამდვილად არსებობს, რომ ღამის გასათევი გვქონდეს. ევროკავშირში გვინდა შესვლა და ასე გვინდა შევიდეთ, ამდენი უსახლკარო ადამიანით?“ – კითხულობს მზიური ბალაძე.

უსახლკარო ადამიანები ითხოვენ, მათთვის სოციალური საცხოვრისი აშენდეს, ან შეღავათიანი პირობებით გადასცენ ბინა. აქციის მონაწილეები არიან მარტოხელა დედები, ეკომიგრანტები, მევახშეობით დაზარალებული, ან საბანკო სესხის გადაუხდელობის გამო გამოსახლებული ადამიანები.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც, რომელიც აქციის მონაწილეებს პრობლემების ინდივიდუალურად შესწავლას დაჰპირდა.

„ახლა თუ იწყებს მთავრობა შესწავლას, ეს უბრალოდ დაცინვაა,“ – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა, მოძრაობის ლიდერმა – „სახალხო სამართალი“. ის ბათუმში უსახლკაროების აქციას შეუერთდა ორგანიზაციასთან ერთად – „ხმა ერისა, გზა ხსნისა“.

„ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ დავხვდით „ქართულ ოცნების“ ლიდერებს, როცა პარტაქტივს შეხვდნენ და დავუძახეთ მამუკა მდინარაძეს, დაგველაპარაკო. მოვიდა და იმანაც ეს გვითხრა, შევისწავლითო. გამეცინა. წინა ხელისუფლების დროს, როცა ოპოზიციაში იყვნენ, გვპირდებოდნენ პრობლემის მოგვარებას და კიდევ თუ არ შეუსწავლიათ…

აღარ დარჩა ამდენი საქართველო. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სისტემური ცვლილებებისთვის, დაუმორჩილებლობა არის გამოსავალი,“ – გვითხრა მამისა ჯაფარაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერებმა ბათუმელ უსახლკაროებს მოუწოდეს, 9 აპრილს შეუერთდნენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ზუგდიდში. მოძრაობის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კონკრეტულ სტრატეგიას გააჟღერებენ, როგორ უნდა მოგვარდეს უსახლკარობის პრობლემა.

„ჩვენ დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ, პირველ რიგში, საბანკო სისტემას, ეს სისტემა შეუძლია შეცვალოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს აქვს ამის ბერკეტი. ყველა ხელისუფლება მოქმედებს „მე ხელი დამიბანიას“ პრინციპით. როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ველაპარაკებით, გვპასუხობენ, ვერ ჩავერევით ორ კერძო სუბიექტს შორის დავაშიო, მაგრამ მანამდე, როცა ადამიანს უფლებას ართმევენ, სად არის ხელისუფლება?

პირადადა მე საბანკო სისტემა არ შემხებია, მაგრამ ხუთი შვილის მამა ვარ, ევროპაში გამხიზნა სახელმწიფო სისტემამ, დავიგულე ოჯახის წევრები მშვიდად და ისევ აქ წამოვედი საბრძოლველად, 6 წელი ვიყავი საფრანგეთში და 2023 წელს დავბრუნდი. მე ვიბრძოლებ სამართლიანობის აღდგენისთვის“, – გვითხრა გიორგი კუხალეიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის სახელით, აქციის მონაწილეებს ბათუმიდან ზუგდიდში უფასო ტრანსპორტირებას დაჰპირდნენ.

ვინ აფინანსებს საზოგადოებრივ მოძრაობას და რომელ პოლიტიკურ ძალასთანაა დაკავშირებული „ხმა ერისა, გზა ხსნისა?“ – გიორგი კუხალეიშვილმა „ბათუმელებს“ უპასუხა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აქვს კავშირი, საზოგადოებრივი მოძრაობა კი, შემოწირულებებით ფინანსდება.

საპროტესტო აქციაზე გიორგი კუხალეიშვილმა ასევე თქვა, რომ უნდა აღდგეს სამართალმემკვიდრეობა. „სახელმწიფოებრიობა დაირღვა 1992 წლის 6 იანვარს, როცა მოხდა სამხედრო გადატრიალება… არანაირი ხელისუფლება ჩვენ არ გვიშველის, ხელისუფლება თვითონ საშველია,“ – აცხადებს გიორგი კუხალეიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: