ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ეთნოსოფლის მშენებლობა აჭარის მთავრობამ 2021 წელს დაიწყო. პროექტი ზედა ჩხუტუნეთში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, ხოლო სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა.
სოფელ აჭრისწყალში, მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ზედა ჩხუტუნეთში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ვერ დაასრულეს.
შესყიდვა 1 მილიონ 540 170 ლარით იყო გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამუშაოების შესრულება 1 მილიონ 440 199 ლარად შესთავაზა. ხელშეკრულება 2021 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმდა.
ტენდერის პირობები სამშენებლო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟს, ადგილის სამშენებლოდ მომზადებას და შემდეგ მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებდა.
სატენდერო პირობებში წერია ისიც, რომ კომპანიას დემონტაჟის სამუშაოების ღირებულებას არ აუნაზღაურებდნენ, დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების სიმბოლურ ფასად გადაცემის სანაცვლოდ.
კომპანიას ახალი ცენტრის მშენებლობის სამუშაოები უკვე შესყიდული პროექტის შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.
შესყიდვების ვებპორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზად კი ჯერ სამშენებლო ტერიტორიის მიმართ ადგილობრივების ინტერესი, შემდეგ კი მეტეოროლოგიური პირობებია დასახლებული.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდით განუსაზღვრეს.
კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა.
2023 წლის 17 ივლისს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამოსცა ბრძანება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. შესყიდვების ვებგვერდზე კი ამ კონკრეტულ შესყიდვას მიენიჭა სტატუსი: „შეუსრულებელი ხელშეკრულება.“
თავის ბრძანებაში მინისტრი განმარტავს:
სამინისტრო მიიჩნევს, რომ 2022 წლის განმავლობაში შპს „მართ ბილდინგ ქომფანი“ საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა არადამაკმაყოფილებელი ტემპით, კერძოდ: ფინანსური გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული I ეტაპით განსაზღვრული 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ნაცვლად 2022 წლის 09 ივნისისა შესრულდა 2022 წლის 22 ნოემბრისათვის, ხოლო II ეტაპით განსაზღვრული 400000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 20 დეკემბრისათვის, დღემდე არაა შესრულებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 01 ოქტომბრის №67 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას 2023 წლის იანვარ-თებერვალში უამინდობის (თოვლი) მოტივით, სამინისტრო არ მიიჩნევს საპატიოდ.
შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, შპს „მართ ბილდინგ ქომფანის“ მიერ სახელშეკრულებო ღირებულებიდან – 1 მილიონ 440 197 ლარიდან, 2023 წლის 20 ივნისის მდგომარეობით დადასტურებული და ანაზღაურებული ჰქონდა 258 746 ლარის ღირებულების სამუშაოები [18%], ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების საბოლოო ვადა დასრულდა 2023 წლის 4 მაისს.
დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ კომპანიას სამშენებლო მოედანზე შესვლის პრობლემა ჰქონდა, რაზეც შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა. კომპანიის განმარტებით, სოფლის მკვიდრი აცხადებდა, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო მას ეკუთვნოდა. კომპანია სამინისტროს ასევე ატყობინებდა, რომ ამ პირს ადგილობრივებიც უჭერდნენ მხარს და სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვდა.
წერილი პრობლემის თაობაზე კომპანიის დირექტორმა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, თორნიკე კუჭავას 2021 წლის 11 ოქტომბერს მისწერა. 4 დღეში, 15 ოქტომბერს, კომპანიამ მინისტრის ყოფილ მოადგილეს კიდევ ერთხელ, ოფიციალურად აცნობა, რომ დემონტაჟი ვერ დაიწყო, რადგან ადგილობრივებმა შენობა ბოქლომით ჩაკეტეს და კომპანიას სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს.
კომპანია სამინისტროს სწერდა იმასაც, რომ შეფერხდა და ამის გამო ფინანსურ ზარალს განიცდიდა.
მსგავსი შინაარსის წერილი მიმწოდებლისგან სამინისტრომ კიდევ ორჯერ მიიღო – 2021 წლის 18 ოქტომბერს და 11 ნოემბერს. ბოლო წერილში კომპანია სამინისტროს აფრთხილებდა, რომ უმოქმედობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა.
დოკუმენტებში არ ჩანს, როგორ მოაგვარა სამინისტრომ ეს პრობლემა, თუმცა კომპანიის შემდეგი წერილის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 15 აპრილით არის დათარიღებული, კომპანია სამუშაოების შეფერხების მიზეზად უკვე მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებდა.
ამის შემდეგ კომპანიამ მხოლოდ ორჯერ მოახერხა სამინისტროში შესრულებული სამუშაოების დოკუმენტების წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო, შემდეგ ხელშეკრულება შეუწყვიტეს.