მთავარი,სიახლეები

100 წლის ქეთოს ამბები – „ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გავიარე“

24.11.2023 • 16713
100 წლის ქეთოს ამბები – „ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გავიარე“

„ნუ მეძახი ქალბატონს, უბრალოდ ქეთო დამიძახე“ – მითხრა ბათუმელმა ქეთევან ლორიამ საუბრისას. ქეთევანი, იგივე ქეთო, 100 წლისაა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელია.

მას ომში გატარებულ წლებზე, სტუდენტობაზე, მასწავლებლობის წლებზე და ახლანდელ სურვილებზე ვესაუბრეთ.

ქეთევანს სახლში ვსტუმრობდით. იგი კართან შეგვეგება. მოკლე, თეთრი თმა აქვს, ხშირი წარბები და ინტერესით სავსე მზერა. ხელით მანიშნა, რომელ ოთახში უნდა შევსულიყავი.

საკუთარ ცხოვრებაზე საუბარს რთული ბავშვობიდან იწყებს.

„ბავშვობაში ყველაფერი მაკლდა. ობოლი ვიყავი, მამა არ მყოლია, დედა მზრდიდა. განათლება არ ჰქონდა დედაჩემს. მშიოდა, მწყუროდა, მციოდა, მაგრამ დედაჩემი ტყავს იძრობდა სახეზე და როგორც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა ჩემი და ჩემი დის გასაზრდელად. სამტრედიის რაიონში, სოფელ მეორე ნიგორზღვაში გამზარდა დედამ.

1942 წელს სტუდენტი გავხდი. სოფელში ამბობდნენ, რა ნახა ნინა ლორიამ შვილი უმაღლესში რომ გაუშვაო. დედაჩემი იძრობდა ტყავს და მასწავლა“, – იხსენებს ქეთო.

ქეთო 18 წლის იყო ინსტიტუტში ქართული ენასა და ლიტერატურის სპეციალობაზე რომ ჩააბარა, თუმცა სწავლის დაწყებიდან მალევე, 1942 წლის 22 ივნისს ფრონტზე აღმოჩნდა. ქეთო მეორე მსოფლიო ომში წავიდა, როგორც მოხალისე.

ქალის თქმით, მისი მოვალეობა ომში საჰაერო დაზვერვა იყო: „უნდა ამოგვეცნო, რომელი იყო მტრის თვითმფრინავი და რომელი – ჩვენი. უნდა გვეპასუხა ტელეფონისთვისაც. ომი ომია, მოთხოვნა – მოთხოვნა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, კაცი იყავი თუ ქალი. ასეც უნდა ყოფილიყო“.

ქეთომ ომში 3 წელი და 6 თვე გაატარა და 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია ცხოვრება.

„ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გადავიარეთ. წარმოგიდგენიათ?! აგვისტო იყო: სიცხე, მტვერი, შიმშილი, წყურვილი… ერთ ღამეს დავისვენეთ სადღაც და თურმე ვენახში ვიყავით. მარცვალი მომხვდა ხელში. გავჭყლიტე, წვენი გამოვიდა, გავსინჯე – ტკბილი ყურძენი ყოფილა და ვჭამე ეს მტვრიანი ყურძენი, მშიოდა ძალიან.

4 აგვისტოს წავედით ოდესიდან და 8 სექტემბერს ჩავედით რუმინეთში, სადაც რამდენიმე ქალაქი გამოვიცვალეთ.

ფაშიზმზე გამარჯვება რუმინეთის ქალაქ გალაცში ვიზეიმეთ. დეტალურად მახსოვს ის დღე. მე ვიყავი მორიგე და იმ ზარსაც მე ვუპასუხე, რომელიც ამ ამბავს გვატყობინებდა. ძალიან გაგვაბედნიერა ამ ამბავმა. ვერ გაარკვევდი ვინ ვის კოცნიდა და ეხუტებოდა. დიდი ზეიმი მოვაწყვეთ და მახსოვს, კარგადაც მოვილხინეთ“, – მიყვება ქეთო.

„ყველაზე მეტად ომში ყოფნისას დედა მენატრებოდა.

ომიდან რომ დავბრუნდი, მახსოვს, დედაჩემი დახეული, ათასგან დაკერებული კაბით დამხვდა, ფეხშიშველი, თავზე რაღაც ნაჭერწაკრული. „დედა, ხომ არ წახვალ აწიო“ – მითხრა და ჩამეხუტა.

მთელი სოფელი შეკრებილიყო ჩემს დასახვედრად. ყველას ძალიან მოვნატრებოდი“, – იხსენებს ქეთო.

კარგად ახსოვს ისიც, თუ როგორ უჭირდა ხალხს, რომ თითქმის აღარავის ახსოვდა, რა გემო ჰქონდა პურს და მათი „პური“ საფქვავში გამოტარებული, სიმინდგაცლილი ტარო იყო.

„ინსტიტუტი რომ დავამთავრე ომიდან დაბრუნების შემდეგ, ამას მაშინდელ რექტორს, ვლადიმერ ქემხაძეს ვუმადლი. ომიდან დაბრუნებულს სად უნდა მეშოვა სამოქალაქო ტანსაცმელი? გადაწყვეტილი მქონდა მუშაობა დამეწყო და რექტორს ცნობის ასაღებად მივაკითხე, რომ ნამდვილად ვიყავი ომის მონაწილე და მოხალისედ ინსტიტუტიდან გამიშვეს.

სამხედრო ტანსაცმელი მეცვა. კაბინეტში რომ მივაკითხე რექტორს, რაღაცას წერდა. შეიძლება-მეთქი? – ვუთხარი და გაიქნია თავი – არაო, მაგრამ ქალის ხმა რომ გაიგონა, იფიქრა, ვინ მკითხულობსო და გამომხედა. სამხედრო ფორმაში რომ მნახა, მითხრა – მოდი, მოდიო. ჩამიხუტა გულში, მეამბორა შუბლზე, რით გემსახურო შვილოო.

ჩემი ამბავი მოვუყევი. მან მითხრა, ცნობას ერთს კი არა, ათს მოგცემ, მაგრამ რად გინდა ცნობა, თუ ცოდნა არ გექნებაო. დაგეხმარები და დაამთავრე სწავლაო. დავიჯერე მისი რჩევა დარიგება, მაგრამ დედამ კინაღამ გამლახა – რით გასწავლო, საშუალება რა გვაქვსო? ვუთხარი, ყველაფერს მივიკლებ და როგორმე ვისწავლი – მეთქი.

რა უნდა ექნა დედაჩემს. დაიდებდა ზურგზე ერთ კალათა ხილს, წაიღებდა სამტრედიაში, გაყიდდა იმას, იყიდდა პროდუქტს და ასე გაგვქონდა თავი. ასე ტანჯვით დავამთავრე ინსტიტუტი“.

100 წლის ქეთო ლორია

26 წლის ვიყავი, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და მეჯინისწყლის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა ქართულის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ.

წარმოიდგინეთ, ერთ სკოლაში 56 წელი შეუცვლელად ვიმუშავე. პირველად რომ მივედი მეჯინისწყალზე, ახალგაზრდა მასწავლებელი ვიყავი. თავის ქებაში არ ჩამომართვათ ახლა, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი ვიყავი ახალგაზრდობაში.

პირველი გაკვეთილიდან ყველაფერი მახსოვს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ასე ხანდაზმული ვარ, მეხსიერება ლომის მაქვს. ყველაფერი მახსოვს.

მოსწავლეებმა აიღეს მერხები და „ბრახ-ბრუხ, ბრახ-ბრუხ“ დააწყებინეს. გავჩერდი. მიჭირავს ეს ჟურნალი ხელში და ვუყურებ ბავშვებს. რომ არ დავიწყე ყვირილი, თავისით გაჩერდნენ. ჰოდა, ვუთხარი, მე თქვენი მასწავლებელი ვარ, ძალიან მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა და თქვენც ძალიან მიყვარხართ-მეთქი. მიხვდნენ, რომ არ ვიყავი გასაქცევად მისული და მარტივად მიმიღეს“.

მახსოვს, პირველ გაკვეთილზე „მგზავრის წერილები“ ავუხსენი მოსწავლეებს. გასუსულები მისმენდნენ. აღარ გაუვიდათ „ბრახა-ბრუხი“.

თანამედროვე მოსწავლესთან ხმის აწევა დაუშვებელია. მოსწავლე უნდა გყავდეს, როგორც უმცროსი მეგობარი“, – მეუბნება ქეთო.

ქეთოს გამორჩეულად უყვარს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება – „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“ და „დიონისოს ღიმილი“.

„ძალიან მიყვარდა კითხვა, მაგრამ ახლა ვეღარ ვხედავ და ვეღარ ვკითხულობ. სხვათა შორის, ვიხსენებ მონაკვეთებს წიგნებიდან, ვიმეორებ და ასე გამყავს დრო, თან ვცდილობ არაფერი დამავიწყდეს.

ძალიან ვუყვარდი ბავშვებს და მეც მიყვარდა ბავშვები. არასდროს არ მიყვირია მათთვის. არც მაშინ, თუ რაიმეს აშავებდა და ხელი მეშლებოდა საგაკვეთილო პროცესში. როცა ეშმაკობდა მოსწავლე ან რაიმე ამისთანა, მე გავჩერდებოდი და ვუყურებდი. რომ ხვდებოდა ბავშვი, არ ვეჩხუბებოდი, თვითონ ჩერდებოდა“, – მიხსნის მასწავლებელი და დასძენს, რომ ყოფილი მოსწავლეები პერიოდულად სტუმრობენ კიდეც.

ქეთო თავის მომავალ მეუღლესაც მეჯინისწყალზე შეხვდა. ამბობს, რომ სიყვარულით დაქორწინდა: „ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, ძალიან ნიჭიერი. ერთი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს“.

მასწავლებელი მეჯინისწყალზე ბათუმიდან დადიოდა გაკვეთილების ჩასატარებლად. მას კარგად ახსოვს ბათუმი, რომელიც ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. სეირნობით ვეღარ სეირნობს და გული სწყდება, რომ მისი სახლის აივნიდან გაშლილი ხედი ახალმა შენობამ „დააბნელა“.

ქეთოს იმაზეც ვკითხე, წარსულიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ-მეთქი.

„ჩემი წარსულიდან ყველაფერი მენატრება. სულ მაქვს მონატრების განცდა. მაშინაც მენატრებოდა ყველაფერი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, რადგან ომი იყო და არავის არაფერი არ გვქონდა.

მენატრება ჩემი სოფელი, ჩემი ეზო, ჩემი სახლ-კარი. რომ დავწვები, ღამე მახსენდება, თუ რომელი ხე სად იდგა, რა ხილი ება ზედ და ათასი ამისთანა რამ.

ახლა ვერ წავალ, უკვე ხნიერი ვარ და რომ იყოს საშუალება, წავიდოდი და ვნახავდი ჩემს სოფელს. ძალიან მიყვარს. ჩემი მეზობლებიდან ახლა ვინ იქნებიან შემორჩენილები, მაგრამ სახლები ხომ მაინც იქნება? სოფელი იქნება, გორები იქნება. ის გორებიც მიყვარს, ის მდინარეც მიყვარს… ყველაფერი იქაური მიყვარს“, – მითხრა ქეთომ.

100 წლის ქალი გვეუბნება იმასაც, რომ ადამიანების ერთმანეთისგან რაიმე ნიშნით გარჩევა დაუშვებელია: „არ აქვს მნიშვნელობა იგი ლამაზია თუ არალამაზი. არ უნდა უღალატო ადამიანს, უნდა ემეგობრო, გაჭირვებისას დაეხმარო. უნდა შეგეძლოს მისი გამხნევება. აი, ეს ქმნის ერთობლივ სიყვარულს ადამიანებს შორის“.

ქეთო საყვარელ კერძებზე გვიყვება და ხაზს უსვამს, რომ საშინლად არ უყვარს შავი ლობიო:

„ხორცეულობა მაინცდამაინც არ მიყვარს. მიყვარს მწვანე ტყემალი. მწვანე ტყემალი მიყვარს, წითელი – არა!

მეც კარგად ვამზადებ. გადასარევად. ბოსტნეული მიყვარს – ფხალი, პარკი ლობიო, კეჟერა ფხალი. კეჟერა იცით რა არის? კარგად უნდა არიო ნიგოზში და უგემრიელესია. შესუნელებული ბადრიჯანი, ბულგარული… ყველანაირი ბოსტნეული მიყვარს“, – მეუბნება ქეთო და იცინის.

საუბრის ბოლოს, ქეთომ გაგვანდო ისიც, რომ მისი საყვარელი დღე კვირაა.

„კვირა დღე მიყვარს. კვირას ვისვენებ. სულ დასვენებული არა ვარ, რას ვაკეთებ?! – არაფერს, მაგრამ ეს დღე მაინც განსაკუთრებით მიყვარს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: