მთავარი,სიახლეები

„სურთ ხალხმა თავი დაიცენზუროს“ – „ოცნება“ ტერმინებთან ბრძოლას იწყებს

23.06.2026
„სურთ ხალხმა თავი დაიცენზუროს“ – „ოცნება“ ტერმინებთან ბრძოლას იწყებს

კომუნიკაციების კომისია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ საქმეს განიხილავს ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“.

„თქვენ ცდილობთ დაამკვიდროთ ტერმინები, რომელიც ვიღაცამ, სადღაც, ოდესღაც გამოიყენა“, – ამბობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა ტერმინზე, რომელსაც საერთაშორისო მედია იმ პირებთან დაკავშირებით იყენებს, რომლებიც თავიანთი მრწამსის და შეხედულებების გამო იდევნებიან.

რა მიზანი აქვს რეალურად კომუნიკაციების კომისიას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს.

  • ნათია, როგორც ვიცით, კომუნიკაციების კომისია ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ედავება ისეთი ტერმინების გამოყენებას სიუჟეტში, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „პოლიტიკური პატიმრები“. თუმცა ის ამონარიდი, რომელიც მელაძის თქმით, ComCom-ს ჰქონდა საჩივარში მოყვანილი, არ არღვევს იმ სტანდარტს, რასაც ედავებიან. რას ემსახურება ამ ტერმინებზე შეტევა, თქვენი აზრით?

დავიწყოთ იქედან, რომ, ზოგადად, „კომკომი“ განიხილავს საქმეებს, რომელსაც არ ჰყავს ეგრეთ წოდებული მომჩივანი. ანუ ამით არავინ შეწუხებულა. ყველაზე მეტად, მიკერძოებით შეიძლება წუხდებოდეს აუდიტორია და ის უნდა ჩიოდეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

ზოგადად, ჟურნალისტური მიკერძოების თემების განხილვის გადაბარება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის, რომელიც აქამდე გვარდებოდა მაუწყებელთა თვითრეგულირების სისტემებით, არასწორი მიდგომაა. ვერ ნახავთ ვერცერთ ევროპულ მაუწყებელს, რომელთა გაერთიანების წევრიც არის კომუნიკაციების კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს, მით უმეტეს მაშინ, როცა ამას დაზარალებული მხარეც არ ჰყავს.

არ ვლაპარაკობ მარტო საზოგადოებაზე, შეიძლება პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდეს და რომელიმე პოლიტიკური პარტია ჩიოდეს, რომ ვთქვათ, ესა და ეს ზიანი მომადგა და ამას არგუმენტირებულად ამტკიცებდეს. ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს უწევს ფიქრი იმაზე, რა კუდი გამოვაბა ახლა ამ ტერმინოლოგიას, რომ გავამტყუნო მაუწყებელი?

ეს არ უნდა იყოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია ზოგადად, არასწორი სისტემაა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. სინამდვილეში, არანორმალურია ეს, რაც შექმნეს.

ტერმინებზე მსჯელობა „ტვ პირველთან“ მიმართებით მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა მაგალითად პროსამთავრობო არხებზე თითქმის ყოველდღე გვხვდება ტერმინოლოგია, მაგალითად: „აკაცუკები“, „რადიკალური ჯგუფები“, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ასე შემდეგ. აი, ახლაც რომ გახსნათ მათი ვებგვერდები, ქარდებშია გამოტანილი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

ასეთი ტიპის ტერმინოლოგიას შეხვდებით, რომელიც კიდევ უფრო მიკერძოებულია, ვიდრე ტერმინი „სინდისის პატიმრები“.

„სინდისის პატიმრები“ ბევრად უფრო ნაკლებად მიკერძოებული ტერმინია, რადგან როცა ადამიანს ეწოდება სინდისის პატიმარი, ეს ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს. აქ არის პოლიტიკური მდგენელი, თუ რას ემყარება ეს ტერმინი.

„სინდისის პატიმრები“ იყენებენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები და ეს არ არის ჟურნალისტების გამოგონილი ტერმინი. ის, რაც მე ჩამოგითვალეთ საპირწონედ, იქ კიდევ უფრო მეტად შეგიძლიათ დაადგინოთ მიკერძოება, ამ ფონზე ამას არ განიხილავს კომუნიკაციების კომისია, რაც აჩვენებს შერჩევითობას.

„სინდისის პატიმრები“ ვერ გავა ეპითეტში, რადგან ეს არის კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული შეფასებითი განმარტება და არა ეპითეტი.

„აკაცუკი“, „რადიკალები“ და ასე შემდეგ არის ეპითეტი, რომელიც არეთიკურია და მათი გამოყენება არასწორია, ოღონდ გამოხატვის თავისუფლებით აბსოლუტურად დაშვებული.

ესეც არანორმალურია, როცა უკრძალავ მედიას გამოიყენოს ეპითეტი. თუ არის მიკერძოება და ამით ვინმე ზიანდება, ეს შეიძლება იყოს არაეთიკური, ოღონდ ეს წმინდა ეთიკური განხილვის საგანია. ეს ვერაფრით ვერ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის ან რაიმე დასანქცირებ-დაჯარიმების ამბავი. ეს განხილვა აბსოლუტურად არანორმალური და მიუღებელია.

  • მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობდა [მელაძესთან] ჩართვაში, რომ „თქვენ გინდათ დაამკვიდროთ „სინდისის პატიმრები“ და ყოველდღიურად გამოიყენოთ? ანუ კონკრეტულად ეს ტერმინი იწვევს გაღიზიანებას?

ვიღაცამ, ოდესღაც, სადღაც კი არა, ზუსტად ვიცით ვინ გამოიყენა „აკაცუკი“, ვინ გამოიყენა „რადიკალური ოპოზიცია“, ვინ გამოიყენა რაღაც ტიპის ტერმინი, რომელსაც პრო – ოცნების არხები ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც იარლიყს აკანონებენ. ამას უფრო ჰყავს დაზიანებული მხარე.

თუკი ვინმე შეიძლება დაზიანდეს ყველაზე მეტად მედიურ კომუნიკაციებში, ეს ვერაფრით იქნება ძალაუფლებაში მყოფი ძალა, რომელსაც თმენის მაღალი ვალდებულება აქვს. ეს, პირველ რიგში, შეიძლება იყოს დაუცველი ჯგუფები, ადამიანები, ვისაც არ აქვთ ძალაუფლება ხელთ და ისინიც კი არ მიმართავენ კომუნიკაციების კომისიას, არ არის ეს მოთხოვნა. სად გინახავთ სასამართლოში რიგითი ადამიანის მიერ დაწერილი საჩივარი მედიის წინააღმდეგ? მე არ მინახავს.

არც კანონების გამკაცრებამდე, არც მანამდე, როცა ლიბერალური კანონენი გვქონდა, არცერთ პერიოდში, ადამიანს ჰქონდა ეს ინსტრუმენტი ხელში. რიგითი ადამიანი მედიის წინააღმდეგ არ მიდიოდა, რადგან ზუსტად იცის მედიის სარგებელი და ზუსტად იცის, რომ თუკი რამის გასწორება უნდა, მიმართავს მედიას და როგორმე მიაღწევს სამართალს ნებისმიერი ტიპის მედიაში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, პირადად ჩემთვის, იმის უფლება, რომ „პრო-ოცნების“ მედიებმა უძახოს ხალხს „აქაცუკები“, ეს უფლება ჩემთვის არის უზენაესი უფლება. მართლა გეუბნებით, არავის საქმე არ არის, რას დაუძახებს და როგორ დაუძახებს, თუკი ამის მერე შუღლი არ ღვივდება და ვინმეს რაღაცა მყისიერი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმე.

  • ყოფილა პრეცედენტი, რომ მარეგულირებელ კომისიას, „იმედის“, „პოსტივის“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ წამოეწყოს დავა ტერმინებზე?

არ მახსენდება. მაგრამ ჩვენთან – „ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან“ დაკავშირებით იყო ერთი სასამართლო დავა, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გვიჩივლა გამოძიების გამო და ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ [მაშინ შეუმჩნეველი დარჩა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ეს კანონები მიღებული]. მაშინ სასამართლომ დაგვიდგინა, რომ ტერმინი უნდა გამოგვეცვალა. ჩვენ გვქონდა გამოყენებული ტერმინი „შუამავალი კომპანია“. მათი აზრით, უნდა გამოგვეყენებინა არა „შუამავალი კომპანია“, არამედ „გაყიდვების კომპანია“.

პროპაგანდისტულ მედიებთან დაკავშირებით, არასდროს არ ყოფილა, რომ ედაოს კომუნიკაციების კომისიას.

ყოფილა ტერმინების განხილვა სასამართლოში, ოღონდ ყოფილა სწორედ ძალაუფლებაში მყოფი პირების მხრიდან დავა. კომუნიკაციების კომისიის მიერ ტერმინოლოგიის განმარტებები გვაქვს ახლა, ახალი თავმჯდომარის პირობებში. ძველ თავმჯდომარეს ამაზე ხელი არ მოუწერია.

  • მიზანი რა შეიძლება იყოს – ის, რომ „ოცნებას“ სურს დაასუსტოს, დააზიანოს კრიტიკული მედია კიდევ უფრო მეტად, თუ მედიიდან გააქრონ ტერმინები: „სინდისის პატიმარი“, „პოლიტიკური პატიმარი“ ან ისეთი ტერმინები, რომელიც მათი ხელისუფლების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ?

მიზანი არის თვითცენზურა და, ზოგადად, თვითცენზურის ძალიან ძლიერ ტალღას ვხედავ უკვე ადამიანების ქცევებში. ჟურნალისტებში ყველაზე ნაკლებად, მაგრამ ახლა წავიკითხე, რომ სოცქსელები ბევრმა პირადზე გადაიყვანა საჯაროდან.

ყველაფერი მიმართულია თვითცენზურისკენ. სად აქვს ამხელა რესურსი ნებისმიერი ტიპის ხელისუფლებას, რომ მასა ბოლომდე აკონტროლოს? ამიტომ მასამ თავისი თავი თვითონ უნდა აკონტროლოს, თვითონ უნდა დაიცენზუროს და ამისკენ არის მიმართული ყველაფერი.

  • გამოდის გაუვიდა „ოცნებას“, რადგან თვითცენზურის ტენდენცია გამოჩნდა?

არის ამის რისკები, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ მედიაშია.

„ტვ პირველი“ არ არის პირველი, ვისაც უჩივლა მარეგულირებელმა – წინა კვირას „ფორმულა“ გააფრთხილეს გარკვეული ტერმინების გამო. უბრალოდ, „ფორმულამ“ დიდად არ შეცვალა ტერმინოლოგია.

მე ვამბობ, რომ საქართველოში ყველაზე მედეგი ინსტიტუცია აღმოჩნდა მედია, რომელიც არ დარეგისტრირდა რაღაც რეესტრებში, დაიტოვა ტერმინოლოგია, მიდგომები, თავისი სარედაქციო პოლიტიკა. სწორია, არასწორია, ეთიკურია, არაეთიკურია – ამაზე არ ვსაუბრობ. პირიქით, მივესალმები კიდეც, რომ ეთიკასთან დაკავშირებული მსჯელობები გვქონოდა პროფესიულ სივრცეებში. ეს სჭირდება მედიას, ეს სჭირდება „ტვ პირველსაც“, ეს სჭირდება „ტვ ფორმულასაც“, რა თქმა უნდა.

ეს კარგი პროცესი იქნებოდა, მაგრამ არაფერი ესაქმება ამ მსჯელობას კომუნიკაციების კომისიაში, როცა თავმჯდომარეს უწევს გამოიგონოს კუდები, როგორ ახსნას, რატომ არის „სინდისის პატიმრები“ მიკერძოებული ტერმინი, როცა შეიძლება ის საერთოდაც არ იყოს მიკერძოებული ტერმინი.

  • როგორც ვიცი, ხელმეორე გაფრთხილების შემთხვევაში მაუწყებელს შესაძლოა შეუჩერონ ავტორიზაცია და ეს ხომ არ აქვთ მიზნად?

დიახ, ავტორიზაციის შეჩერებას ითვალისწინებს, მაგრამ მანდ კიდევ კარგი, რომ კარგი კანონებით დავხვდით. მე თუ მკითხავთ, ავტორიზაციის შეჩერებაზე უფრო დიდი პრობლემა დღეს არის ტელევიზიებისთვის ფინანსური მდგომარეობა, ფინანსური ჯარიმები უფრო გააჩერებს ტელევიზიებს.

და ამის მაგალითი გვაქვს წინ, როცა ტელევიზიები თვითონ იუქმებენ თავს. გაუქმდა ტელეკომპანია „ბორჯომი“, გაჩერებულია „მეცხრე არხი“. გაიგო ვინმემ? „ქართული ოცნება“ არ შეჭრილა ამ ტელევიზიებში, მაგრამ შექმნა გარემო, რომ გაჩერდნენ.

„ტვ 25“-იც ფინანსების გამო გაჩერდა აჭარაში და ნიუსს ვეღარ აკეთებს. „ქართული ოცნება“ არ არის ის ხელისუფლება, რომელიც შეიჭრება ტელევიზიებში, „ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც აიძულებს მედიებს თვითლიკვიდაციას და თვითცენზურას. ეს არის მისი მმართველობის სტილი.

  • ამ დროისთვის ასამდე სინდისის პატიმარი გვყავს ციხეში და ამის შეხსენება ალბათ აღიზიანებს „ოცნებას“. ალბათ ასევე ცდილობს, რომ არც საზოგადოებას მოხვდეს ყურში ამბები ადამიანების შესახებ, რომლებიც ციხეებში საკუთარი შეხედულებების გამო გამოამწყვდიეს და არა დანაშაულისთვის. ეს უნდა „ოცნებას“?

რა თქმა უნდა, აღიზიანებთ „სინდისის პატიმრები“ და „პოლიტიკური პატიმრებიც“.  მახსოვს ამაზეც იყო „ფორმულასთან“ დავა.

ალბათ აქვთ კონკრეტული დავალებები, რომელი ტერმინოლოგიის ჩახსნა უნდათ და ამ მიმართულებით მუშაობენ.

თუმცა არ მინახავს, რომ ვთქვათ „პოსტივის“ და „იმედს“ ედავებოდნენ, რატომ იყენებს „აქაცუკებს“,  „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, „რადიკალურ ჯგუფებს“ და რაღაც მსგავს ეპითეტებს. თუ დაინტერესდება, ახლაც ნახავს „სქროლვის სააგენტო“ ამ ყველაფერს მათ ეთერებში და სოციალურ ქსელებში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: