„მტკიცებულებები უკვე გადმოგვცა პროკურატურამ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ნინო ლომინაძე.
ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის წინასასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეგ, 27 ნოემბერს გაიმართება. ამ პროცესზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაცვის და ბრალდების მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და სადავოობის საკითხი, ასევე, ეს საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.
27 ნოემბრის სხდომაზე სასამართლო იმსჯელებს ზურაბ ჭავჭანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზეც. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ბათუმელი მედროშის გათავისუფლებას მოითხოვს გირაოს სანაცვლოდ.
„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაპირველად დაპატიმრებულ ზურაბ ჭავჭანიძეს პროკურორმა აჩვენა ვიდეო, როგორც დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ბათუმელი მედროშე დროშით ხელში.
რა მტკიცებულებები გაჩნდა „ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში“ ამჯერად?
„კვლავინდებურად ვიდეომტკიცებულებებია, თუმცაღა ძალადობის შემცველი არცერთი მტკიცებულება არ გვაქვს საქმეში. ზურაბ ჭავჭანიძეს ასევე ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას მისი ხელში ჩაგდების მიზნით, თუმცა წარმოდგენილ ვიდეოებში ჩანს, რომ ზურაბ ჭავჭანიძე შედის ეზოში და ბორდიურზე ჩამოჯდება. რამდენად ჰქონდა მას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების განზრახვა – ეს არის სამართლებრივი დავის და შეფასების საგანი და სწორედ ეს არის სადავო ჩვენი მხრიდან, რამდენად სახეზე გვაქვს შემადგენლობა ამ მუხლის.
რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თუნდაც მცდელობასთან დაკავშირებით. პროკურატურის პოზიცია არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და უსაფუძვლო ბრალდება… ზურაბ ჭავჭანიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს,“ – გვიყვება ადვოკატი ნინო ლომინაძე.
რით ადასტურებს პროკურატურა იმას, რომ ბათუმელი მედროშე ძალადობდა?
„პროკურატურის ვერსიაა, რომ იმ დროს შესაძლოა სხვა ჩადიოდა ჯგუფურ ძალადობას და თითქოსდა ერთიანი განზრახვით მოქმედებდნენ. მერე რა, რომ ქმედება მას არ განუხორციელებია? დაახლოებით ასეთი მოცემულობაა,“ – განმარტავს ნინო ლომინაძე.
„ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე“ ისევ შეუძლია პროკურატურას ახალი მტკიცებულებების წარდგენა, მაგალითად, ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას. ამ საქმეზე მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი უკვე წარმოდგენილია.
ნინო ლომინაძეს ზურაბ ჭავჭანიძე საკანშიც უნახავს:
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური აქვს, ნორმალური იმ პირობებში, სადაც იმყოფება.
მისი გზავნილი არის, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას. ანუ გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობას, ან რაიმე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას რაიმე ფორმით.
ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებით ბრალდება საკმაოდ სუსტია. არ დასტურდება უტყუარად არც ერთი გარემოება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა წარდგენილ ბრალში ზურაბ ჭავჭანიძე გამტყუნდეს.
ამიტომაც, ზურაბ ჭავჭანიძის პატიმრობაში ყოფნაც არის უკანონო მისთვის, ვინაიდან არც მიმალვის საფრთხე არსებობს და არც რაიმე გარემოება, რომელიც საფრთხის შემცველად შეიძლება იქნეს მიჩნეული,“ – აღნიშნა ნინო ლომინაძემ, ზურაბ ჭავჭანიძის ინტერესების დამცველმა.
ამ თემაზე:
„განზრახვაც კი არ მქონია ძალადობისო, შეშფოთდა, როცა ბრალი წაუკითხეს“ – ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი






