„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.
2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის მასშტაბით, ბიუჯეტის ხარჯზე 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ადამიანი დაასაქმეს, თუმცა ეს დასაქმება ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა დროინდელ ტანკს ორი სოცდაუცველი ალაგებდა.
„ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ გაანადგუროს მისგან დამოუკიდებელი რესურსები და მოახდინოს სიღარიბის კვლავწარმოება. იმიტომ, რომ სიღარიბეში მყოფი ადამიანები პირდაპირ არიან დამოკიდებული კონკრეტული პარტიის კეთილ ნებაზე… „ოცნების“ ეს სტრატეგია ძალიან თვალსაჩინოა,“ – მიიჩნევს სალომე შუბლაძე.
„ბათუმელებმა“ სალომე შუბლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადამიანის უფლებების გუნდის ხელმძღვანელია.
- ქალბატონო სალომე, რას აჩვენებს თქვენთვის სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის გაჩერება?
ჯერ კიდევ 2024 წელს ვამბობდით, რომ ამ პროგრამის შემოღების პერიოდულობა აშკარად დაემთხვა საარჩევნო ციკლს, ის გაიწერა იმგვარად, რომ განზრახ მანიპულაციური იყო, ტოვებდა ინტერპრეტაციის სივრცეს. აიმედებდნენ სოცდაუცველებს, რომ კი, 4-წლიანი კონტრაქტი გაქვთ, მაგრამ არ გამორიცხავდნენ შესაძლებლობას, რომ ოთხი წლის შემდეგ ეს კონტრაქტი რაღაც ფორმით გაგრძელდებოდა.
სწორედ ამიტომ ვამბობდით თავიდანვე, რომ პოლიტიკური მიზნებით შეიძლება მომხდარიყო ამ პროგრამის გამოყენება და შემდეგ გაუქმებულიყო.
პირველ რიგში, ეს არის უმძიმესი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროგრამაში. ჩვენ ამ პროგრამას ვაკრიტიკებდით იმიტომ, რომ ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა, ვერ ახერხებდა სოციალური დაუცველების სათანადოდ გადამზადებას და მათ შრომით ბაზარზე გაყვანისთვის მომზადებას, მაგრამ თავისი აზრით, ეს პროგრამა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ბევრი ოჯახისთვის. 40 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროგრამის ფარგლებში.

სალომე შუბლაძე
ჩვენ კვლევაც ჩავატარეთ ამ პროგრამით დასაქმებულ ადამიანებთან. ისინი ამბობდნენ, რომ ეშინიათ პროგრამა არ გაუქმდეს, რადგან დამატებით 300 ლარი ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი სოციალური შემწეობის ფონზე.
საარჩევნო ციკლის გასვლასთან ერთად, ადამიანების გამოყენების შემდეგ, ისინი მიატოვეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის კომენტარს ვუსმენდი დღეს, რომელიც ამბობდა, შრომით ბაზარზე გვაქვს დეფიციტი და ჩვენი მიზანია, ღია შრომის ბაზარზე გავიდნენ ეს ადამიანები და კომპანიებმა თავად დაიქირაონო. ეს არის აბსოლუტურად ცინიკური განცხადება და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამაში იყვნენ ჩართული, უბრალოდ ვერ დასაქმდებიან. ამას თვითონ ამბობდნენ. ისინი ტრადიციულ სამუშაო ადგილებზე ვერ იმუშავებენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი, ამ ვაკანსიების უმრავლესობა – სადაც ისინი დაასაქმეს – იყო ფიქციური…
- მაგალითად, საბჭოთადროინდელ ტანკს ქედაში, სოფელ წონიარისში ალაგებდა…
დიახ, იყო სასაფლაოს მოწესრიგება, ან სოფლის გზის დალაგება…
ამიტომაც, ეს პროგრამა გაუქმდა და ეს ადამიანები რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმდებიან, ტყუილია. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გარეშე.
- გამოჩნდა მკაფიოდ, რომ ეს პროგრამა „ოცნებამ“ გამოიყენა საარჩევნო მიზნით? „ოცნებამ“ გამოიყენა მილიონები ბიუჯეტიდან: 2022 წელს – დაახლოებით 48 მილიონი, 2023 წელს – 107 მილიონი, 2024 წელს – 109 მილიონი, 2025 წელს – 112 მილიონი. ეს იყო ცალსახად საბიუჯეტო რესურსის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის?
დიახ, ნამდვილად ასეა.
მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის გარდა, ადგილზე გვეუბნებოდნენ ადამიანები, რომ პარტია „ქართული ოცნება“ მათ სთხოვდა ხმა მიეცათ, მხარი დაეჭირათ და ასე შემდეგ.
„ქართული ოცნება“ ამ რესურსს იყენებდა იმისთვის, რომ მორჩილებაში ჰყოლოდა ეს ხალხი.
სამწუხაროდ, ეს არ არის არანაირი გამონაკლისი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისგან, იგი სახელმწიფო რესურსებს, სოციალური დაცვის პოლიტიკის ზომებს იყენებს იმისთვის, რომ მისი პარტიული, ელექტორალური მხარდაჭერის მობილიზება შეძლოს.
ინსტრუმენტალიზების და შემდეგ მიტოვების სურათი იმდენად აშკარაა, რომ არ ვიცი, ეს როგორ უნდა უარყონ. თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი.
- სიღარიბე საარჩევნო პერიოდში ივანიშვილმა თავის მოკავშირედ აქცია და ახლა ამის საჭიროება აღარ აქვს?
დიახ, „ოცნება“ იყენებს სიღარიბეს და იმას, რომ ადამიანები დამოკიდებული არიან ხელისუფლებაზე.
„ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სიღარიბის ფონზე ადამიანებს არ ჰქონდეთ შემოსავალი, რომელსაც ის ვერ გააკონტროლოს.
ვხედავთ, რომ ყოველწლიურად იზრდება საჯარო სექტორში არამხოლოდ მოხელეების რაოდენობა, არამედ სახელმწიფო კომპანიებში, ადგილობრივ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების რაოდენობა. ვინც დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე, ისინი პირდაპირ არიან მიბმული „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე. იგივე რაღაც ადგილობრივი ეროვნული გრანტების სააგენტოს შექმნა და ამ ორგანიზაციების სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე ჩამოკიდება… ყველა ეს მიმართულება აშკარად აჩვენებს „ქართული ოცნების“ განზრახვას.
როცა ადამიანი არ არის დამოკიდებული რაღაც პოლიტიკურ ძალაზე, მას აქვს უფრო მეტი ავტონომია, მეტი თავისუფლება, გამოხატვის არჩევანის თავისუფლება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ გაანადგუროს მისგან დამოუკიდებელი რესურსები და მოახდინოს სიღარიბის კვლავწარმოება.
ეს იმიტომ, რომ სიღარიბეში მყოფი ადამიანები პირდაპირ არიან დამოკიდებული კონკრეტული პარტიის კეთილ ნებაზე, რომ გადარჩნენ ფიზიკურად. ამ ადამიანების შემდეგ პოლიტიკური მანიპულირება, მათი მართვა, იძულებაც კი, არის ძალიან მარტივი.
სამწუხაროა ეს რეალობა, მაგრამ „ოცნების“ ეს სტრატეგია ძალიან თვალსაჩინოა.
- რა იცვლება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომელიც ივანიშვილს პოლიტიკურად აღარ სჭირდება?
მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული ნდობის საკითხი, როცა პოლიტიკური ძალა ადამიანებს მიაგდებს – ცუდ სიტყვას, „მიაგდებს“ ვიყენებ, მაგრამ სინამდვილეში ასე იქცევა ეს პოლიტიკური ძალა. ეს, რა თქმა უნდა, უნდა აჩენდეს ნდობის კრიზისს, ეჭვებს ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უნდობლობაც არის ფუფუნება. ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები უნდობლობასაც ვერ გამოხატავენ. გააზრება კი არ არის პრობლემა, არამედ უძალობა.
დღესაც ეს ადამიანები რჩებიან დამოკიდებული ამ პოლიტიკურ ძალაზე და იციან, რომ ძალაუფლება არის პარტიის ხელში.
არ მაქვს ამის ილუზია, რომ ეს გამოიწვევს არსებით დამოკიდებულების ცვლილებას პოლიტიკური პარტიის მიმართ.
- კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ივანიშვილის მიდგომა: ღარიბ ადამიანებს იყენებს მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თქვენი დაკვირვებით, ეს რამეს შეცვლის პოლიტიკურად?
მგონია, რომ თუ პოლიტიკური აქტორები ამ საკითხზე სათანადოდ არ ილაპარაკებენ, სათანადოდ არ გაეცნობიან ადგილობრივ ჯგუფებთან, ასევე, ვიდრე მოწყვლადი ჯგუფები არ დაინახავენ, რომ პოლიტიკური აქტორები ამ ქვეყანაში მართლა ღელავენ და აქვთ ხედვა მათი რეალობის გამოსწორების, იქამდე პოლიტიკური ცვლილების პოტენციალი რთულია, რომ დავინახოთ.
მეორეს მხრივ, პოლიტიკური პარტიების მიმართ გატარებული რეპრესიების და დაანონსებული აკრძალვის ფონზე, არ მინდა, რომ ძალიან კრიტიკული ვიყო პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც თვითონ ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ აქამდეც ეს საკითხები – ხშირად გვითქვამს და უბრალოდ გავიმეორებ – ნამდვილად არ ხვდებოდა მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში.
საიმისოდ, რომ „ქართული ოცნება“ დანახულ იქნეს, როგორც ანტისოციალური ძალა, როგორიც ის ნამდვილად არის და ამას ადასტურებს ეს ქმედებაც, აქამდე მასობრივი გამოსახლებები და ასე შემდეგ, ამას სჭირდება სერიოზული პოლიტიკური მუშაობა, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
ამ თემაზე:






