მთავარი,სიახლეები

სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება

01.12.2025 •
სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.

„შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“ – წერს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში წლების მიხედვით შემდეგი თანხა იყო გათვალისწინებული:

  • 2025 წელს – 112 805 000 ლარი
  • 2024 წელს – 109 007 300 ლარი
  • 2023 წელს – 107 265 000 ლარი
  • 2022 წელს – 48 103 400 ლარი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების მუხლში ჩაწერილია ასევე, რომ „გაგრძელდება სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესაწყობად. გარდა ამისა, შემუშავდება უმუშევრობის მხარდამჭერი სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, უმუშევრობის დაზღვევა და მისი დანერგვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა. მუშაობა გაგრძელდება შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების დასაახლოებლად საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.“

თუმცა, როდის შემუშავდება ეს „მექანიზმი“ და „სამოქმედო გეგმა“, დოკუმენტში ვადები დაზუსტებული არ არის.

დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა – სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ კი, პროგრამის დეტალებზე კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაცია თავის დროზე „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: