მთავარი,სიახლეები

„განზრახვაც კი არ მქონია ძალადობისო, შეშფოთდა, როცა ბრალი წაუკითხეს“ – ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი

09.10.2025
„განზრახვაც კი არ მქონია ძალადობისო, შეშფოთდა, როცა ბრალი წაუკითხეს“ –  ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი

„როდესაც ბრალი წაუკითხეს, შეშფოთდა – განზრახვაც კი არ მქონია მაგის, რასაც კითხულობთ, არანაირად ჩემი მიზანი ეგ არ იყო, არანაირი ძალადობა მე არ განმიხორციელებიაო,“ – ადვოკატი ნინო ლომინაძე ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის შესახებ გვიყვება, რომელსაც დღეს, 9 ოქტომბერს დილით გამომძიებელმა ბრალდების შესახებ დადგენილება წაუკითხა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„ემოციურად ძალიან რთული იყო ამ ბრალის გაცნობა ბატონი ზურაბისთვის. არ დაეთანხმა, არ არის სწორი, რასაც მე მედავებიანო, სასამართლოზე ვრცლად ვილაპარაკებო, თვითონ განმარტა….

რომ დავინახე, რომ ვიღაცები რაღაცებს ისროდნენო, მივბრუნდი და ვეხვეწებოდი, არაფერი არ ისროლოთ, არ გააკეთოთ ასეთი რაღაც, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი არისო და ძალადობასაც მედავებიანო? მას არ დაუკონკრეტებია, ვის მიმართავდა… მივედი უბრალოდ და პოლიციელებს ველაპარაკებოდიო. მხოლოდ ეს იყო ჩემი იქ ყოფნის ერთადერთი მონაწილეობა და არანაირი განზრახვა მსგავსი მიმართულებით არ მქონიაო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ნინო ლომინაძე.

დღეს, 9 ოქტომბერს, „ოცნების“ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გუშინ, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 13 ადამიანს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს. ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც დროშით ხელში სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში გადაადგილდება. რა სამართლებრივი არგუმენტით შეიძლება ეს ჩაითვალოს დანაშაულად?

ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ საქმის მასალებს სავარაუდოდ დღის ბოლოს გადასცემენ და მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ შეძლებს ბრალდების სამართლებრივ შეფასებას.

ადვოკატის თქმით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის გამოკვეთილი, კონკრეტულად რა ქმედების ჩადენა მიიჩნია პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობად:

„პროკურატურა ამბობს, რომ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა პაატა ბურჭულაძემ და გააცნო სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მტკიცედ უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, ასევე მოუწოდა, ათონელზეო გადავიდეთო.

რადგანაც ზურაბ ჭავჭანიძე იქ იმყოფებოდა, მხოლოდ ამის საფუძველზეა დაკვალიფიცირებული ამ მიმართულებით.

ნინო ლომინაძე

ძალადობას რაც შეეხება, აქ უკვე ზურაბ ჭავჭანიძის ინდივიდუალურ ქმედებაზე არ საუბრობს პროკურატურა. ძალადობრივი ჯგუფები რადგანაც იყვნენ იქ, თვითონ იძალადა თუ არ იძალადა, ეს დაკონკრეტებული არ არის. შეიძლება, ჩემს გარშემო ბევრი ძალადობდეს, მაგრამ მე არ მქონდეს არც განზრახვა, არც მიზანი და არც შესაბამის ქმედებას არ ვახორციელებდე,“ – განმარტავს ადვოკატი ნინო ლომინაძე.

რას ნიშნავს, როცა პროკურატურა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ძალადობის ჩადენის კონკრეტულ ფაქტს ვერ ასახელებს?

„სისხლის სამართლის კოდექსი – საპროცესო და მატერიალურიც ადგენს, რომ პირმა უნდა აგოს პასუხი მხოლოდ იმ ქმედებაზე, რაც უშუალოდ მან განახორციელა. არ შეიძლება პირმა აგოს სხვის ქმედებაზე პასუხი. უნდა დასტურდებოდეს განზრახვა, რომ მისი განზრახვა იყო ძალადობა, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს პირის ბრალის შერაცხვა უკვე სასამართლოს ეტაპზე.

ქმედება არ გვაქვს. ქმედება უნდა გვქონდეს, რომ შემადგენლობა გვქონდეს. იქ რომ მე რიგითი გამვლელი ვიყო და სულაც არ ვიყო მონაწილე, უნდა მიმიჩნიონ მონაწილედ, თუ ქმედება არ განვახორციელე?

მე შეიძლება სტრატეგიული ობიექტი გადავკვეთე, გადავედი, მაგრამ რა განზრახვა მქონდა, მქონდა თუ არა ხელში ჩაგდების მიზანი?“ – კითხულობს ადვოკატი ნინო ლომინაძე.

ხომ არ იძალადეს პოლიციელებმა ზურაბ ჭავჭანიძეზე დაკავების დროს, ან მის შემდეგ?

„ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ეს ვკითხე და მიპასუხა, პირიქით, მთელი გზა ვესაუბრებოდი პოლიციელებსო“, – დასძინა ადვოკატმა.

სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია ზურაბ ჭავჭანიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.

ამ თემაზე:

ზურაბ ჭავჭანიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – რა ბრალი წარუდგინეს დაკავებულებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: