სოკარის განმარტება ხელვაჩაურში გაზის შეწყვეტაზე

ხელვაჩაურში დღეს დილიდან აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, შეზღუდვა გაზსადენზე გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობა წინასწარ sms შეტყობინებებით გააფრთხილეს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები.

კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურში 3 საათიდან  ეტაპობრივად აღდგება, საღამოს საათებში კი, გაზი ყველა აბონენტს მიეწოდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე: 16 114

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

დღეს, 4 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული.

ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

 გასულ წელს, 43 ათას ადგილზე 40 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, წელს ეს ციფრი გაზრდილია.

ათასი ლარი ჯარიმა საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“,  ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. შემთხვევები 1-2 აპრილს მოხდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

„ვჩეხავდი სერიოზულად“ – არჩილ ხაბაძე დეპუტატების ბიზნესინტერესებზე [ფარული ჩანაწერი]

ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ფარული ჩანაწერის ის ფრაგმენტი აჩვენა, სადაც, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე  [ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის] უცნობ პირს დეპუტატების: გია ვოლსკისა და ერეკლე ტრიპოლსკის აჭარაში ბიზნესინტერესებზე ელაპარაკება.

ტელეკომპანია „პირველის“ განმარტებით, აუდიოჩანაწერი ერთსაათიანია და ესაა საუბარი ორ პირს შორის. TV „პირველს“ ინფორმაცია „ოცნების“ ბათუმელმა აქტივისტმა, არჩილ გვიანიძემ მიაწოდა. ამის შესახებ გვიანიძემ თავად განაცხადა გადაცემა „პოლიტმეტრში“.

ფრაგმენტი ჩანაწერიდან, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა:

არჩილ ხაბაძე: გიორგი რაღაცაზე იყო ნაწყენი და არ ამბობდა, მე ერთი ორჯერ ვუთხარი…

უცნობი: გიორგი?

არჩილ ხაბაძე: კვირიკაშვილი, ცხვირი დარჩა გაშვერილი, რა ვიცი მე, იგი ხომ არ ვარ..

უცნობი: ისე რა იყო თემა?

არჩილ ხაბაძე: ვერ მივხვდი რაცხა.

უცნობი: დღემდე არ იცი?

არჩილ ხაბაძე: დღემდე არ ვიცი. ბოლო შეხვედრა რომ იყო და ჩავიყვანე უმაღლესი საბჭოდან ჩემი მინისტრები, ვერ მივხვდი, 13 მინისტრი დამახვედრა და რაცხა ყ… სიტუაცია შეიქმნა, ამის გამო არ იყო, რაცხა ჩაჩორტეს, ვერ მივხვდი, ვერ ვხვდები.

უცნობი: დღემდე არ იცი მიზეზი რა უნდა?

არჩილ ხაბაძე: არა, მე მითხრა მიზეზი, სისხლის გადასხმაა საჭიროო და მერე მაქ ვოლსკი..

უცნობი: სისხლის გადასხმაა საჭირო და ესე იგი ჩემს ფლაგზე გადმო და ჩემთანო?

არჩილ ხაბაძე: არა, სისხლის გადასმაა საჭირო რეგიონში, მაქ პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკებიც დამიპირისპირდნენ.

უცნობი: ვოლსკიც დაგიპირისპირდა და ტრიპოლსკიც?

არჩილ ხაბაძე: ხო, ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდათ აქ და ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე.

უცნობი: არ უკეთებდი?

არჩილ ხაბაძე: რა არ ვუკეთებდი, ტირ-პარკი მაგის არაა, ვოლკსის.

უცნობი: რომელი ტირ-პარკი?

არჩილ ხაბაძე: მეორე, იგი რომაა. მაგან იჩალიჩა. მერე ტრიპოლსკი მაგერ არ გვყავდა, ქობულეთში რომ ლაზიშვილს პატრონობდა და რაცხა, ახლა ჩაბარებული რომაა.

უცნობი: კაროჩე მაგენის ტენდერები და შავბნელი საქმეები ჩაჩეხე.

არჩილ ხაბაძე: ვჩეხავდი სერიოზულად.

უცნობი: მერე მაი ბიძინამ არ იცი ყველაფერი თუ არ ეუბნებოდი?

არჩილ ხაბაძე:  ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი, არ დადგა, იქამდე არ აქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთ, ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერში, რომელიც „TV პირველის“ ეთერში გავიდა, საკუთარ ხმას ვერ ცნობს, თუმცა, მსგავსი შინაარსის თემებზე, მისი შეფასებით, საეჭვო პირებთან სხვა დროსაც უსაუბრია და მათ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.

“მიზანმიმართულად ვაწვდიდი მცდარ ინფორმაციას” – ხაბაძე “TV პირველის“ ფარულ ჩანაწერზე

ჩაქვში, მაგისტრალზე ავტობუსი დაიწვა

ჩაქვში, 3 აპრილს,  დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის,  ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე, ავტობუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქობულეთის მერიის პრესცენტირის ინფორმაციით, ავტობუსი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა. შემთხვევის დროს ტრანსპორტში მძღოლის გარდა, არავინ იყო.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ცეცხლი მიმავალ ავტობუსს გაუჩნდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

რატომ აღმოჩნდნენ ძეგლის დამცველები და ზაურ ახვლედიანი საპირისპირო მხარეს – რივიერას საქმე

ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცების თაობაზე ბათუმის მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიას ისტორიული ზონის საზღვრებიდან იღებენ, ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. საბჭოს ეს შემადგენლობა 15 თებერვალს საგანგებოდ ამ საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბა. სხომის ოქმის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ორი წევრი, რომლებიც „რივიერას“ ტერიტორიის ზონიდან ამოღებას მხარს უჭერენ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი – ზაურ ახვლედიანი და მისი მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე იყვნენ. ამ უწყების ძირითადი მოვალეობა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაა, სწორედ ამიტომ ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რატომ უჭერს მხარს დოკუმენტს, რომლის დამტკიცებასაც ბათუმელი ძეგლების დამცველები ეწინააღმდეგებიან.

  • ბატონო ზაურ, თქვენ ეროვნული სააგენტოს საგანგებო სხდომაზე ითხოვდით მერიის მიერ დაკორექტირებული დოკუმენტის დამტკიცებას. მიიჩნევთ, რომ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ბათუმის ისტორიულ განაშენიანების ნაწილი არ არის?

წინააღმდეგობა ცალსახად არ დამიფიქსირებია. მე ვთვლიდი, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც იყო შენობები, როდის დაინგრა ისინი, რა გამოხმაურება მოჰყვა და რამდენი ისტორიული სახლი იდგა იქ, რაც ჩემი სტუდენტობის დროიდან მახსოვს, ეგ სხვა თემაა. შემდეგ ბიზნესცენტრი რივიერა, რომელიც შენდებოდა ასლან აბაშიძის პერიოდში და დაინგრა, ბურუნთაბიეს გორა, ამას რა გამოხმაურებები ჰქონდა, არ ვიცი – ეს კიდევ ცალკე საკითხია. ის მინდორი, რომელიც იქ წარმოიშვა საუკუნეებია არ წარმოშობილა თავისთავად. დაინგრა რაღაც შენობები და გადაეცა „სილქ როუდს“. იმ ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ზონაში შესვლა-არშესვლის საკითხი ჩემზე უკეთ გადაწყვიტეს ჩემზე უკეთესმა დარგის სპეციალისტებმა.

  • ოქმის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებს“ მოიპოვა, ყველა სპეციალისტი ამტკიცებდა – რომ ტერიტორია უნდა დარჩეს ზონაში, მხოლოდ თქვენ და თქვენი მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე იყავით წინააღმდეგი.

მაგრამ ვინც მომხრე იყო, მათი არგუმენტები რამდენად მისაღებია? – ამაზე თუ უმსჯელია ვინმეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ…

  • ოქმის მიხედვით, ნამდვილად მსჯელობენ და არგუმენტი არის ის, რომ ეს ტერიტორია ისტორიულად ძველი ბათუმის განაშენიანების ზონაშია.

მაგრამ როცა საუბარი არის იმაზე, რომ კანონის და კონვენციების ენით უნდა ვილაპარაკოთ, ეს შენობა შეიძლება თუ არა დაიდგას კონკრეტულ ტერიტორიაზე, მაშინ ისიც კანონით და კონვენციების დონეზე უნდა ვამტკიცოთ, კონკრეტული ისტორიული ნაწილი უნდა იყოს აქ თუ არა. მაგალითად, იმ საბჭოზე არ ყოფილა მსჯელობა სახაჭაპურე „რეტროს“ ტერიტორია, ხუთსართულიანი და ცხრასართულიანი სახლები უნდა იყოს ამ რუკაში თუ არა. „გეოგრაფიკის“ ნაწილში ის ტერიტორია არის ზონაში, ხუთსართულიანი და ცხრასართულიანი შენობები, კონკრეტულად ნურის ტბის უკანა ნაწილი. მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი მსჯელობა და მეტი მონდომება მერიის მხრიდან. დარგის სპეციალისტების მოსაზრებები, რაც საბჭოზე გამოითქვა, ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია.

  • მაშინ, რატომ არ მოითხოვეთ სხდომის პროცესში მეტი მსჯელობა და რატომ იყავით წინააღმდეგი?

თქვენ წარმოიდგინეთ, მე, როგორც სააგენტოს დირექტორი, ამ საკითხში ვიყავი ჩართული ორი დღით ადრე. მანამდე ამ რუკაზე ტენდერის გამოცხადების, მიმოხილვის, განხილვის და ასე შემდეგ საკითხებში ჩართული არ ვყოფილვარ – ესეც კიდევ სხვა პრობლემაა უწყებებს შორის. სააგენტოს წინა ხელმძღვანელები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პრეზენტაციებზე, დანარჩენ ნაწილში არასდროს არ დაინტერესებულან სააგენტოს პოზიციით, ამიტომ იყო სააგენტო ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში.

  • მაინც გამოვიდა, რომ ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომაზე თქვენ სწორედ ბათუმის მერიის პოზიციას იცავდით. თქვენ არ გითქვამთ, რომ ჩამოყალიბებული არ იყავით. თქვენ თქვით, რომ ხართ წინააღმდეგი.

მხოლოდ ჭაჭის კოშკის ტერიტორიასთან დაკავშირებით ვთქვი ეს, არა თუ სანაოსნოს შენობისა და შუქურას ტერიტორიაზე.

  • ანუ მიიჩნევთ, რომ ეს ტერიტორია უნდა დარჩეს ზონაში?

რა თქმა უნდა.

აქვე გთავაზობთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომის ოქმის დანართს, სადაც საბჭოს წევრები საკუთარ მოსაზრებები აქვთ ჩამოყალიბებული – თუ რატომ არ ეთანხმებიან რივიერას ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას. 

 

 

ამერიკული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ფინალისტები აჭარიდან

FLEX-ის, ანუ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „ბათუმელები“ სამ გამარჯვებულს ესაუბრა, ისინი სექტემბრიდან აშშ-ში ერთი წლით გაემგზავრებიან,  იცხოვრებენ ადგილობრივების  ოჯახებში და განათლებას მიიღებენ ამერიკულ სკოლაში.

ერთ-ერთი გამარჯვებული  16 წლის თამარ წითელაძეა. ის სოფელ კირნათში, მეთერთმეტე კლასში სწავლობს. FLEX-ში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო, მაგრამ ფინალში მეორე მცდელობისას გადავიდა. თამარის აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა  მას მეტ გამოცდილებას მისცემს.

„იმ ბავშვებისგან, ვინც „ფლექსის“ მონაწილე იყო, მესმოდა, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინეს იქ და გაიგეს სინამდვილეში რა უნდოდათ. ამიტომ, ჩემი ინტერესი ამანაც განაპირობა. ვფიქრობ პიროვნულ ზრდაში დამეხმარება ეს პროგრამა“ – გვეუბნება თამარი.

თამარ წითელაძე

გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის ერთგვარი თავგადასავალია. თამარსაც მსგავსი მოლოდინები აქვს. გარდა ამისა, მას უნდა რომ უკეთ გაერკვეს საკუთარ ინტერესებში:

„ძალიან მომწონს საგამომცემლო საქმიანობა, წერა, თარგმნა, ლიტერატურა… სკოლაში კარგად ვსწავლობ, მაგრამ ამერიკული სკოლები მოსწავლეებს უფრო მეტი განვითარების საშუალებას აძლევს, რადგან ბევრი სპორტული, სახელოვნებო და სამეცნიერო წრეები აქვთ, რომელიც ერთგვარი გამოწვევა იქნება ჩემთვის და თუ აღმოვაჩენ რაიმე ახალს, შესაძლოა ამით დავინტერესდე“.

თამარი ამბობს, რომ ოჯახისგან შორს აქამდე არ უცხოვრია, თუმცა ოკეანისგაღმა, დამოუკიდებლად ცხოვრების შიში არ აქვს. „ველოდები როდის გამომეხმაურება მიმღები ოჯახი, არ ვნერვიულობ, რადგან ვფიქრობ, რომ ოჯახი, რომელიც მზად არის მიმასპინძლოს, ცუდი არ იქნება“.

თამარი ამბობს, რომ რაც უფრო მრავალფეროვნად წარმოაჩენ საკუთარ თავს, მით უფრო მეტი შანსი გაქვს პროგრამაში გამარჯვების.

ბექა ბოლქვაძე ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. მეთერთმეტე კლასელია. გაცვლით პროგრამაში შარშან ისინიც მონაწილეობდა, თუმცა თამარის მსგავსად, ფინალში წელს გადავიდა. „ალბათ შარშანდელი გამოცდილებაც დამეხმარა“ – გვეუბნება ის.

ბექა ამბობს, რომ ამერიკაში სწავლა მისი ბავშვობის ოცნება იყო. „ფილმებს როცა ვუყურებდი, მომწონდა იქაური სკოლები. გარდა ამისა, კარგია, იმიტომ რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვევი და ესეც ალბათ უფრო გამზრდის“.

ბექას მოლოდინი აქვს, რომ ამერიკაში გატარებული ეს ერთი წელი მისთვის იქნება საუკეთესო. „ვეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა რაც იქ მექნება. ამ პროგრამის მეშვეობით უკეთ გავიცნობ ამერიკელებს, მათ კულტურას, ფასეულობებს, განათლების სისტემას. ალბათ ვნახავ მეგაპოლისებსაც და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს“.

ბექა ბოლქვაძე

ბექა ამბობს, რომ სკოლაში კარგად სწავლობს, თუმცა ჯერ კონკრეტული პროფესიის მიმართ ინტერესები ჩამოყალიბებული არ აქვს. „ვფიქრობ, ამერიკაში ყოფნა უფრო გამიფართოვებს თვალსაწიერს, სხვა კუთხით დამანახებს ბევრ რამეს, ფართო არჩევანი მექნება, რომ ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში და  რაც ქართულ სკოლაში ვერ შევძელი, მინდა რომ იქ მივიღო.

ელემენტარული რომ ავიღოთ, ამერიკულ სკოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპორტს, ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა სპორტი და იქაც ვეცდები, რომ სპორტით დავკავდე.  არის მუსიკალური ბენდები, დრამა და ეს მრავალფეროვნება დამეხმარება პროფესიული არჩევანის გაკეთებაში“ – ამბობს ბექა.

FLEX-ის მესამე ფინალისტი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეათეკლასელი, მარიამ გოგიტიძეა. „ამ პროგრამის შესახებ მეშვიდე კლასში გავიგე და მას შემდეგ სულ მინდოდა მონაწილეობა, რადგან საერთაშორისო გარემო, რომელიც ამერიკულ სკოლებშია, საინტერესოა“ – გვეუბნება ის.

მარიამ გოგიტიძე

მარიამის აზრით, კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება, განსხვავებული საგანმანათლებო სისტემა, ყოველთვის საინტერესოა. „მინდა ახალი მეგობრების გაჩენაც.“

მარიამს სურს ამერიკული სკოლაში სწავლისას მუსიკალურ ჯგუფში გაწევრიანდეს. ასევე უნდა გერმანული ენის შესწავლა: „ჩვენს სკოლაში ვსწავლობ, მაგრამ აქ არ გვაქვს კლუბი. იმ სკოლაში სადაც მივდივარ, გერმანული კლუბია და კარგია. შეიძლება ავირჩიო ტექნოლოგიური ან სამეცნიერო კლუბი“.

მარიამის აზრით, მისი გამარჯვება ლიდერულმა თვისებებმა განაპირობა. „ჯგუფური აქტივობის დროს ვცდილობდი ყველა ბავშვი ჩართულიყო პროცესში და ვფიქრობ ამანაც განსაზღვრა“.

მარიამი ამბობს, რომ ამერიკაში დიდი მოლოდინებით მიდის, თუმცა ქართულ სკოლაში დაბრუნებაც მისთვის რთული არ იქნება.

გაცვლითი პროგრამა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მოქმედებს, პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის მიზანი ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების დამყარება.

ომარ როდონაია ამჯერად თორნიკე რიჟვაძისგან ითხოვს ბინას

მოქალაქე ომარ როდონაია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, ან მთავრობის რომელიმე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას ითხოვს. მისი მოთხოვნა საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილებაა.

„დილიდან აქ ვარ… არ წავალ, ვიდრე არ შემხვდებიან და არ მომისმენენ. იურისტი გამოვიდა, განცხადება დაწერეო. იმდენი განცხადება დავწერე, სკოლაში თემა არ დამიწერია ამდენი. არავინ კითხულობს მოქალაქეების განცხადებებს,“ – ამბობს ომარ როდონაია.

ომარ როდონაია შშმ პირია, მას შესაბამისი საცხოვრებელი პირობები სჭირდება და წლებია ბინას ითხოვს. ბინის შესახებ დაპირებებს იგი პერიოდულად იღებს, თუმცა ამ დრომდე – ამაოდ.

„სახელმწიფოს შეუძლია მისი უზრუნველყოფა საცხოვრებლით, უმწეოთა თავშერსაფრის სახით, ხოლო სამომავლოდ, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამა დაინერგება, რომელიც მსგავსი პროგრამის გადაწყვეტასთან იქნება დაკავშირებული, აჭარის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მისი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

ომარ როდონაიას შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ 2015 წელს გამოაქვეყნა. სტატიას, რომელშიც აღწერილი იყო ომარ როდონაიას მძიმე საცხოვრებელი პირობები მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ მაშინ  დაუქირავეს მას ბინა  დახმარების მსურველებმა. დღემდე სწორედ ეს ადამიანები იხდიან ომარ როდონაიასთვის დაქირავებული ბინის ქირას.

ამ თემაზე:

”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ”

მგალობლიშვილის თქმით, მას აქვს ვერსია, ვის შეიძლება გაეკეთებინა ხაბაძესთან ფარული ჩანაწერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი, ფეისბუქზე გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერს, რომელიც დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.

ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ისმის აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ხმა, რომელიც თავისი გადადგომის მიზეზებზე უამბობს უცნობ თანამოსაუბრეს. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

„ადამიანის ფარულად ჩაწერა უმდაბლესი საქციელია, ამიტომ არ ვეუბნები ამის ჩამწერს გამარჯობას. ვინც ეს საქციელი წააქეზა ისიც არაკაცია“, – წერს ლადო მგალობლიშვილი ფეისბუქზე.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დეპუტატმა იცის, ვინ გააკეთა ფარული ჩანაწერი და აცნობა თუ არა ამის შესახებ პოლიციას? – „ბათუმელებმა“ ეს კითხვები ლადო მგალობლიშვილს დაუსვა.

ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ მას აქვს ვერსია, თუ ვის შეიძლება გაეკეთებინა ჩანაწერი:

„მე მაქვს ჩემი მოსაზრება, ხმაზე ეს ადამიანი ვიცანი, მაგრამ ამას ჯერჯერობით ხმამაღლა ვერ ვიტყვი. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. პირველ რიგში უნდა დადგინდეს, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, მერე მერე ხმები და მე იმის მომხრე ვარ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი. მე არ ვარ ფიგურანტი, ამ პროცესის მონაწილე და არანაირი უფლება არ მაქვს მივმართო [პოლიციას], მაგრამ რადგან საჯაროდ გავრცელდა ჩანაწერი, ალბათ მოხდება ფაქტის შესწავლა. ზოგადად, ამ ადამიანზე [ვინც გააკეთა ფარული ჩანაწერი] არა ვარ დიდი წარმოდგენის, ვიცნობ, მაგრამ არ ვესალმები“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ შეიძლებოდა ჩანაწერი გავრცელებულიყო ახლა, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია, თუმცა შესაძლოა პირადი განაწყენება გამხდარიყო ამის მიზეზი.

ცოტნე ანანიძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ: წყლის პრობლემა გამოსასწორებელია

ბათუმის ციხეში პატიმრებს, რომლებმაც ხელში მავუთულები გაიყარეს, ცოტნე ანანიძე შეხვდა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, პატიმრები ამ დროისთვის დეესკალაციის ოთახში განმარტოებით იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„მათ აღარ აქვთ გაყრილი ხელში მავთულები… ერთ-ერთს პატიმარს აქვს მხოლოდ ხელში მავთული. მე სამივე პატიმარს ცალ-ცალკე შევხვდი და სამივე მათგანმა დაადასტურა, რომ აქვთ წყლისა და ვენტილაციის პრობლემა. ერთ-ერთი მათგანი ასევე ყვება თანამშრომელთან სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ. მე მხოლოდ ამ სამ პატიმარს შევხვდი მას შემდეგ, როცა „ბათუმელების“ სტატიიდან ხელში მავთულების გაყრის შესახებ გავიგე,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

პატიმრების პროტესტს დღეს, 3 აპრილს, პენიტენციური სამსახურიც გამოეხმაურა. სამსახურის ცნობით, მათთვის უცნობია მიზეზი, რის გამო მიმართეს პატიმრებმა პროტესტის ამ ფორმას. პენიტენციური სამსახური პატიმრებისთვის წყლის გრაფიკით მიწოდებაშიც საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავს: „დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია,“ – განმარტავენ აქ.

ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს ამდაიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კი მიიჩნევს, რომ წყლის პრობლემა უპირობოდ მოსაგვარებელია, როგორც ბათუმის ციხეში, ასევე ციხესთან ახლოს მყოფ ოჯახებში.

„ციხეში წყლის პრობლემა გამოსასწორებელია და ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე აუცილებლად… კანონი მოითხოვს თავად პენიტენციური დაწესებულების 24-საათიან წყალმომარაგებას. აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას მიიჩნევს…

მოსაგვარებელია ვენტილაციის პრობლემაც. მე თავად დავათვალიერე ვენტილაციის სისტემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პატიმრებისთვის არ არის საკმარისი,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

 

ახალი პროექტები ერთსართულიანი სახლების ნაცვლად

ჰაიდარ აბაშიძის #8-ში, ერთი ორსართულიანი სახლისა და ორი ბელეტაჟის დემონტაჟის ხარჯზე ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. ეს ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, პროექტის შეთანხმების თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მოქალაქე ოთარ ჭეიშვილმა მიმართა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ამავე მისამართზეა რეგისტრირებული. შეითანხმებს თუ არა სააგენტო ამ ადგილზე ათსართულიან მშენებლობას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

ჰაიდარ აბაშიძის რვაში ამ დროისთვის ერთი ორსართულიანი სახლია, რომელსაც უკანა მხრიდან ეზო აქვს, ამ ეზოში კი სამი ერთსართულიანი ბელეტაჟი დგას. ეს სახლები დაცლილი და მოუვლელია, მოუვლელია ეზოც. სახლის გვერდით ავტომანქანების სამრეცხაოა. როგორც სააგენტოში წარდგენილი მონაცემებით ირკვევა, ინვესტორი სამრეცხაოს ტერიტორიასაც აითვისებს.

ჰაიდარ აბაშიძის #8- შიდა ეზო

ამ სახლების უკან მრავალბინიანი სახლია, რომელსაც ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხარეს აქვს ღია სადარბაზო და აივნები. ათსართულიანი შენობის მშენებლობის შემდეგ მათი სადარბაზო და აივნები მეთერთმეტე სართულამდე დაბნელდება.

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს ასევე ახალი პროექტის რენდერიც, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ აითვისებს ამ ადგილს ახალი სასტუმრო, მისი მშენებლობის შემდეგ.

 

გარდა ამისა, ზონალური საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს რამდენიმე საკითხი – ბათუმში, მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის, ფარნავაზ მეფის #63-ში ინდივიდუალური სახლის რეკონსტრუქციის, ფალიაშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის, ბაქოს ქუჩის #24-ში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისა და კიდევ სხვა რამდენიმე პროექტი.

ბათუმი. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #8

 

 

კოლონადები ზედხედით – ბათუმის ბულვარის ახალი ლოგო

ბათუმის ბულვარს ახალი ლოგო აქვს, მასზე ბულვარის ყველაზე სახასიათო დეტალი – კოლონადებია გამოსახული. ბათუმის ბულვარის ლოგო კონკურსის შედეგად შეირჩა, იგი სარეკლამო კომპანია „კოლექტივმა“ შექმნა.

„ბულვარი რებრენდინგს საჭიროებდა, გვსურს ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ, ამიტომაც ლოგო არის მაქსიმალურად მინიმალისტური, მარტივად გამოხატავს სათქმელს, ქმნის ინდივიდუალურობას და ჩანს ბულვარის იდენტობა ანუ ბულვარის სავიზიტო ბარათი – კოლონადა ზედხედით. ჩვენი სურვილიც ეს იყო, რომ უნიკალური და საინტერესო ყოფილიყო ლოგოტიპი.  ამ ელემენტის ფორმამ საშუალება მოგვცა, ლოგოტიპი გაგვეხადა მოქნილი და მრავალფეროვანი, სხვა გამოსახულებებთან მოსარგებადაც,” – ამბობს ბათუმის ბულვარის პრესსამსახური მაგდა ჯაიანი.

 

 

იხილეთ ბათუმის ბულვარის რებრენდინგი

2010 წლიდან ბათუმის ბულვარს არაოფიციალური ლოგოს სახით, ლათინური შრიფტით ნაწერი, მოჩუქურთმებული ტექსტი ჰქონდა:

გიორგი ერმაკოვი: „არჩილ ხაბაძესთან დღემდე გადასარევი ურთიერთობა მაქვს“

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც დღეს „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ბათუმში მის დაბალ რეიტინგს იმდროინდელ მერს, გიორგი ერმაკოვს უკავშირებს და ამბობს, რომ ის არ ემორჩილებოდა. არჩილ ხაბაძე ამ ფარულ ჩანაწერში საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა. უცნობი ხმა ამის საპასუხოდ ამბობს – „ერმაკოვს კიდე მილიონები აქვს გადარიცხული…“

ჩანაწერის მიხედვით, არჩილ ხაბაძეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილთანაც უსაუბრია. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ შეიძლება ამ ყველაფრის უკან მისი შემცვლელი ზურაბ პატარაძეც მდგარიყო [გულისხმობს აჭარის მთავრობის ასევე ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩია].

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს და ჩანაწერის შესახებ ჰკითხა. მან გვითხრა, რომ ჩანაწერი ჯერ არ უნახავს: „ქალაქგარეთ ვიმყოფები და ინტერნეტი არ იჭერს“.

ბათუმის ყოფილი მერის თქმით, ერთად მუშაობის პერიოდში არჩილ ხაბაძესთან თანამშრომლობის პრობლემები არ ჰქონია. „კოლეგიალური ურთიერთობა მქონდა და დღემდე გადასარევი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

არჩილ ხაბაძის ფარული ჩანაწერები დღეს „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

თავად არჩილ ხაბაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

პენიტენციური სამსახურის განმარტება პატიმრებზე, რომლებმაც ხელში მავთული გაიყარეს

„მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს,“ – აღნიშნულია წერილობით პასუხში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. ამ სამსახურის ინფორმაციით, სამი პატიმარი, რომლებმაც ხელში მავთული გაიყარეს და ერთმანეთს გადაებენ, ამჟამად „ბათუმის ციხეში“, დეესკალაციის ოთახში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პროტესტის ნიშნად მავთულების ხელში გაყრის შესახებ დღეს, 3 აპრილს, „ბათუმელებს“ ადვოკატმა, თეონა ნიკოლაიშვილმა უთხრა.

„მსჯავრდებულმა გ.მ.-მ 2019 წლის 1 აპრილს, 23:39 სთ-ზე, კისერზე კანქვეშ და მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან ე.წ „სპილენძის მავთული“  გაიყარა და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგ მის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დ. ჭ.-მ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან გაიყარა ძაფი და  მ.-ს მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მათ მესამე მსჯავრდებული, შ. დ.-ც შეუერთდა (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) – მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მ.-ს მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს. 2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ მარსაგიშვილი  საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც  დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს.

2 აპრილს, 23:25 სთ-ზე საკანში დარჩენილმა დ.-მაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დ. და ჭ. არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებით იმუქრებოდნენ. ამასობაში კი, თითებს შუა გაყრილი ძაფებით ერთმანეთზე გადაბმული პატიმრები ერთმანეთს ჩაეხსნენ, ხოლო ციხის თანამშრომლებმა ისინი დეესაკალციის ოთახებში გადაიყვანეს,“ – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაში.

პენიტენციური სამსახურისვე ცნობით, გუშინ, ღამით, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა „გაურკვეველი საშუალებით“ ორივე ხელზე მრავლობით ჭრილობა მიიყენა – 23 საათსა და 48 წუთზე. 4 წუთის შემდეგ კი, დაზიანება მეორე მსჯავრდებულმაც მიიყენა – ხელის მეორე და მესამე თითებს შუა.

„საქმის მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტში. მსჯავრდებულები ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ – აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

ამ სამი პატიმრის გარდა კიდევ 13 პატიმარი აწერს ხელს წერილს, რომელიც დღეს ბათუმის ციხიდან სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაუგზავნეს. კოლექტიურ წერილში პატიმრები სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, მათ შორის, სასმელი წყლის და ვენტილაციის პრობლემაზე. პატიმრების თქმით, განსაკუთრებით გაუსაძლისი დეესკალაციის ოთახია, სადაც ფანჯარა ჩაცემენტებულია, ხოლო საპირფარეშო იზოლირებული არ არის.

სასმელი წყლის პრობლემას ადასტურებს პენიტენციური სამსახურიც, თუმცა მათი თქმით, დაწესებულებას აქვს რეზერვუარი.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები საუბრობენ სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტებზე წვდომის პრობლემებზეც, რასაც პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

„…შემოდიან ხსენებულ საკნებში და გვართმევენ საწერ კალმებს, არ გვაწერინებენ განცხადება-საჩივრებს, არ მოჰყავთ სოციალი და ამ ყველაფერს ახორციელებენ ზემოთ ხსენებული დაწესებულების დირექტორისა და მისი მოადგილის დავალება-მითითებით… საკნებში მოთავსებისას ასევე შემოდიან და ძალის გამოყენებით გვადებენ „ნარუჩნიკებს,“, გვაგდებენ პოლზე უწყლოთ და უსაკვებოთ, ასევე, ხშირ შემთხვევაში გვართმევენ ტანსაცმელსაც…“ – წერენ პატიმრები.

PHR: სქესობრივი განათლების შესახებ ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ბავშვთა უფლებებს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)  „ბავშვის  უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვას და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება.

ახალი ცვლილებებით, გაიზარდა რელიგიური ორგანიზაციების როლი ბავშვთა ზრუნვისა და აღზრდის სფეროში. კერძოდ, კოდექსის პროექტის ამჟამინდელი ჩანაწერით (მუხლი 28.9) ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ჩაერთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების და ოჯახური თანაცხოვრების კონსულტირების მიზნით“.

ამავე პროექტის 29.4 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს და მონიტორინგს უწევს ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების საქმეებს. ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის ჩართვა და კონსულტირება“.

გარდა აღნიშნულისა, პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფიო კილაძემ, მედიასთან გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების მიღება მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება შესაძლებელი. რასაც შესაბამისი ცვლილება მოყვა ბავშვთა კოდექსის პროექტში (მუხლი 35.4).

PHR-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიუტციას, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის სამართლებრივ სტანდარტებს და აზიანებს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული კონვენციის დებულებათა განმარტებები ადგენს სტანდარტს ბავშვის რელიგიის და რწმენის თავისუფლების განხორციელებასა და მასში მშობელთა მხრიდან სამართლებრივი მოქმედების ფარგლების შესახებ, კერძოდ:

კონვენციის მე-14 მუხლი ხადად განამტკიცებს ბავშვის უფლებას რელიგიის თავისუფლებაზე. აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის მშობლებს განუსაზღვრავს ვალდებულებებს და უფლებას დაეხმაროს ბავშვს მისი რელიგიური ინტერესების და მიმართულებების განხორციელებაში, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა უფლებას ბავშვს გაუწიონ დახმარება რელიგიის თავისუფლების განხორციელებაში.

ამ უფლების მფლობელები არიან მხოლოდ ბავშვები და მათ არ აქვთ ვალდებულება ავტომატურად გაიზიარონ მშობლის რელიგიური შეხედულებები, უფრო მეტიც, მშობლის რელიგიური შეხედულებების და ტრადიციების მიყოლა და შენარჩუნება არის ბავშვის უფლება, რაშიც ხელი არავინ უნდა შეუშალოს. იმ შემთხვევაში როცა მშობელი ეწინააღმდეგება ბავშვის რელიგიურ არჩევას ან მოსაზრებებს, არცერთ მშობელს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. დავის შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა მიმართოს სასამართლოს, ამ უკანასკნელმა კი უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ბავშვის რელიგიური თავისუფლების უფლები. 

შესაბამისად, ბავშვის უფლებების კოდექსის მე-16 მუხლის ჩანაწერი „მშობლებს აქვთ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ“ წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის რელიგიის თავისუფლებასთან და შესაბამისად ეწინააღმდეგება კონვენციის ჩანაწერს.

წინა მსჯელობიდან გამომდინარე, ბავშვის ალტერნატიული ზრუნვის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში, მშობლის რელიგიური შეხედულებისამებრ რელიგიური ორგანიზაციის ჩართვა, საჭიროებს ბავშვისთვის დაცვის გარანტიის უზრუნველყოფას, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ სურს ან არ ეთანხმება რელიგიური ორგანიზაციის ჩართვას ამ გადაწყვეტილებაში.

„ბავშვის უფლებების კოდექსის“ 29.4 პუნქტის ჩანაწერი, რომელიც „ოჯახის მოთხოვნას“ აძლევს უპირატესობას რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩართვაში, არ არის კონვენციასთან შესაბამისი. „გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში არ ფლობენ აკადემიურ ცოდნას ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ბავშვისთვის საფრთხეს, კოდექსი არ აწესებს რაიმე დამცავ მექანიზმს, ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო კონსულტირების შემთხვევაში ბავშვების უფლებების დასაცავად.

ამავდროულად გაუგებარია მათი როლი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მოქმედების ფარგლები და პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება დაეკისროთ ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში. ამავე პრინციპით, ოჯახის მხარდამჭერი პროგრამის განხორციელებისას (მუხლი 28.9.), მხოლოდ „ოჯახის მოთხოვნით“ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩართვა, საფრთხეს უქმნის ბავშვის მიერ რელიგიის თავისუფლების განხორციელებას“-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

რაც შეეხება რეპროდუქციული და სექსუალური განათლების საკითხებზე მშობლის თანხმობის საკითხს, კოდექსის პროექტი კრძალავს ბავშვისთვის რეპროდუქციული უფლების სწავლებას მშობლის თანხმობის გარეშე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქციული და სქესობრივი განათლება არის ბავშვის უფლება, რომელიც გამომდინარეობს მისი დაცვის და ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტის მიწოდების კონვენციური ვალდებულებიდან.

აღნიშნული სწავლება უკავშირდება ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ვალდებულებებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა, ბავშვთა იძულებითი ქორწინება და ფიზიკური ძალადობა მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, აუცილებელია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ადეკვატურ ინფორმირებულობას და აკადემიური სახის სწავლებას უკავშირდება.

არსებითად მნიშვნელოვანია, აღნიშნული სწავლება განახორციელოს ამისათვის პროფესიულად მომზადებულმა პედაგოგმა და არა სხვა ნებისმიერმა პირმა, რომელიც არ ფლობს აკადემიურ ცოდნას. ამასთანავე, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს არაერთხელ გამოუთქვამს წუხილი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც თავს იკავებენ რეპროდუქციული და სექსუალური განათლების მიწოდებისაგან.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ სექსუალური განათლება უნდა იყოს სავალდებულო სასკოლო სწავლების ნაწილი ყველა ტიპის სკოლისთვის, მათ შორის სპეციალური სკოლებისთვის, ახალგაზრდების თავისუფლების შეზღუდვის ადგილებისთვის, აკადემიური სივრცეებისთვის. ასეთი სწავლება უნდა ითვალისწინებდეს ასაკობრივ თავისებურებებს  და ყველა არსებით ინფორმაციას აწვდიდეს ბავშვებს.

სექსუალურ განათლების დროს მშობლის თანხმობის შესახებ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ბავშვებსა და მოზარდებს მიაწოდონ სექსუალური განათლება და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ასაკთან შესაბამისად შემდეგ საკითხებზე: ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის გამოყენება, დაუგეგმავი და ბავშვობის ასაკში ორსულობის რისკები, აივ ინფექცია და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების მკურნალობა და პრევენცია. კომიტეტი ხაზგასმით მოუწოდებს სახელმწიფოებს უზრუნველყონ ყველა ბავშვისთვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება მიუხედავად იმისა მშობლები არიან თუ არა თანახმანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვის უფლებების კოდექსის ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში ქვეყნის კონსტიტუციასთან და საერთაშორისო დონეზე უკვე აღებულ ვალდებულებებთან, რაც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტებს წარმოადგენს“-ნათქვამია PHR-ის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

სქესობრივი განათლება სკოლაში სასულიერო პირების ჩართულობით – ჯაშის კომენტარი კილაძის ინიციატივაზე

რატომ დატოვა არჩილ ხაბაძემ თანამდებობა – TV „პირველი“ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

ტელეკომპანია „პირველი“ აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ხაბაძე საუბრობს, რა გახდა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზი.

ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს არჩილ ხაბაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტარია.

ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში კი ისმის:

არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი? არ დადგა, იქამდე ვერ აქონდათ… მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთ, ეს ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო, მარა ბიძინას რომ ველაპარაკე, ბათუმში არ გაქვსო, ბათუმში რატომ მაქვს დაბალი მე ვუთხარი, ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ, რომ ეს ერმაკოვი შემოგვტენეს ყ…. და არ მემორჩილება მე ვუთხარი და აკეთებს მისებურად…

უცნობი: ერმაკოვს კიდე მილიონები აქვს გადარიცხული…

არჩილ ხაბაძე: მე ვუთხარი აბა რა, რეალობა სახეზეა, აბა ზედა რაიონებში, ხელვაჩაურში და ქობულეთში ნორმალურია, მაინც საქმე კეთდებოდა და ნუ, ბათუმია მთავარიო და ეს იყო მიზეზი, ბიძინას რომ ველაპარაკე, ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დეემთხვა ეს ბულვარის თემაც და…

დეპუტატები ასე ამბობდნენ, რომ პრემიერს უნდა ვუთხრათო, ერთმა დეპუტატმა მითხრა და ეტყობა იგიც და არაა გამორიცხული ამის ნაჩალიჩარიც იყოს.

უცნობი: ვისი?

არჩილ ხაბაძე: თვითონ პატარაძის, მისი უკანა ფლანგებით..

უცნობი: ვისი, პატარაძის?

არჩილ ხაბაძე: ჰო.

არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი წელი და 8 თვე იმუშავა. მანამდე იგი „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.

„ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში…  წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ ბრიფინგზე 6 ივლისს, როცა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

არჩილ ხაბაძის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა, რომელმაც ამ პოსტზე ორი წელი იმუშავა, 2018 წლის 4 ივლისს მანაც დატოვა თანამდებობა  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელი თორნიკე რიჟვაძემ დაიკავა, რომელიც მერვე თვეა ამ თანამდებობაზეა.

 

ლეოგრანდში დაღუპულის დედის განცხადების შემდეგ მაშველი სამსახურიდან გაუშვეს 

„ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე მოგვმართა „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის დედამ. ის გვწერს: „ვარ ბექა შატაკიშვილის დედა, რომელიც დაიღუპა წინა წლის 24 ნოემბერს, ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის დროს. დედას, რომელსაც ერთი შვილი მყავდა და ისიც დამეღუპა, ვეძებდი ტელეფონს მთელი წელიწადი და თვეები, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფოტოები და ვიდეოები მინდოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი მაშველს ხანძრის დროს მოუპარია, სიმბარათის გარეშე ქონია სარგებლობაში და როგორც კი სიმბარათი გააქტიურა, ეგრევე ფაქტზე დაასწრო პოლიციამ“.

ბექა შატაკიშვილის დედა აცხადებს, რომ ტელეფონში, რომელიც პოლიციამ იპოვა, მისი შვილის ფოტოები წაშლილი იყო. „მისი ცოლ-შვილის ფოტოები იყო. ცოლს აჩუქა ტელეფონი“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქალბატონმა მათ გვერდზე დაწერა ეს ინფორმაცია, მაშველი, ვის შესახებაც საუბრობს ქალი, სამსახურიდან დაითხოვეს.

„ეს ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენთან. უწყებისთვის უცნობი იყო ამ ფაქტის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ ქალბატონმა მოგვწერა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. თუმცა, გამომდინარე იქედან, რასაც ეს ქალბატონი საუბრობს, არის მართლა შოკისმომგვრელი… ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი ჩვენთან აღარ მუშაობს. მოდით, მივანდოთ საქმე სამართალდამცავებს, მაგრამ არ მიგვაჩნია სწორად, თუ ვინმეს მიმართ რაიმე ტიპის, თუნდაც მცირედი ეჭვი არსებობს, ასეთი კითხვის ნიშნის მქონე ადამიანი ჩვენს რიგებში არ უნდა იყოს… რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერავინ დაარღვევს და ჩვენ არ ვადასტურებთ ამ ფაქტს, რადგან ჩვენ ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს. ვიდრე არ გაირკვევა სიმართლე, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა, რომ ეს ინფორმაცია არის მართალი, ტყუილი, სანამ შესაბამისი ორგანოები არ დაადგენენ სიმართლეს, ეს ადამიანი ვერ იმუშავებს ჩვენთან. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ქალბატონს“.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს გვეტყვიან. უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

2017 წლის 24 ნოემბერს ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ესმა ონიანის სახელობის კონკურსი მხატვრობასა და ლიტერატურაში

ესმა ონიანის სახელობის კონკურსი ლიტერატურასა და მხატვრობაში სამ ნომინაციაში გაიმართება: პოეზიაში, ესეისტიკასა და მხატვრობაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. კონკურსის თემაა: „თავისუფლების მკაცრი საკანი“. თემის მიხედვით მსურველებს ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ შექმნან ნაწარმოებები.

საკონკურსოდ წარდგენილი ესე არ უნდა აღემატებოდეს word-ის ფაილში შესრულებულ 3 გვერდს.

ნაწარმოებების წარდგენის ბოლო ვადაა 26 აპრილი. თითოეულ ნომინაციაში ჟიური ხუთ ფინალისტს გამოავლენს, ფინალისტებს შორის გამოვლინდება 1 გამარჯვებული თითოეულ  ნომინაციაში, სამი გამარჯვებულისთვის თითოეული ნომინაციიდან განსაზღვრულია საპრიზო თანხა 1000 ლარი, ასევე დაწესდება 1 სპეციალური პრიზი.

სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ ფინალისტებსაც და დაიბეჭდება ბროშურა, სადაც შევა 10-10 საუკეთესო ტექსტი (პოეზია, ესე) და 10 ნახატი.

ფინალისტებისა და გამარჯვებულების ვინაობა 12 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი.

პოეზიისა და ესეისტიკის ნომინაციაში მონაწილეებმა საკონკურსო ტექსტები უნდა გაგზავნონ მეილზე: art.khomli@gmail.com

მხატვრობის ნომინაციაში მონაწილეებმა საკონკურსო ნახატები (ფერწერა, გრაფიკა) უნდა წარადგინონ მისამართზე: თბილისი, გ.ტაბიძის 21.  საკონტაქტო ტელ: 597 02 82 33, 577 20 10 15.

კონკურსის ორგანიზატორები არიან სტუდია „ხომლი“ და თბილისის მერია; კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“.

„მარტივად არ ვბულინგდები“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ახალი მეჩეთის აგებაზე

კონსენსუსი – ამ სიტყვას ისევ აქტიურად იყენებს თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თემაზე საუბრის დროს. რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მუსლიმი თემი კონსენსუსზე, თუკი რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია? – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ მონაკვეთს გთავაზობთ, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეჩეთის აგების თემაზე საუბრობს.

ბატონო თორნიკე, ბათუმის მეჩეთზე თქვენი თავდაპირველი განცხადების გამო ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდით. რამდენიმე დღეში შეცვალეთ პათოსი და თქვით, რომ საზოგადოება უნდა შეთანხმდეს ახალი მეჩეთის აგებაზე. რატომ მოიქეცით ასე – ფეისბუქრეაქციის გამო, თუ მრჩევლების რეკომენდაცია იყოს ეს?

პირველი, რომ ეგრე მარტივად არ ვბულინგდები, ეს ერთი. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ეს არის სიღრმისეული მსჯელობის საგანი და მე ვრჩები იმავე აზრზე, რაც მაშინ განვაცხადე. ყველა გადაწყვეტილება იქნება ისე, როგორც ამ სახელმწიფოს ეკადრება, ისე, როგორც ამას საზოგადოებრივი კონსენსუსი მოითხოვს. რიგი საკითხები, როგორიცაა სამართლებრივი და სანებართვო, რა თქმა უნდა, ეს პროცედურების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

მერიასა და მუსლიმ თემს შორის სასამართლო განხილვა შეჩერებულია გაურკვეველი ვადით… თქვენ რატომ მიიჩნევთ, რომ კონსენსუსზე უნდა იყოს დამოკიდებული მუსლიმი თემი? ასე საზოგადოება შესაძლოა ვერასდროს შეთანხმდეს იმაზე, რომ ბათუმს ახალი მეჩეთი სჭირდება. 

მე გავუწიე ერთადერთ ფაქტორს ანგარიში და მას ყოველთვის გავუწევ, რადგან მე სხვა პასუხისმგებლობა მაქვს. ამ განცხადებით პრევენცია გავუკეთე იმ სპეკულაციებს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს სურდათ… საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლება არის დაცული. თუ არსებობს კონკრეტული პრობლემა, შეზღუდვა, ეს არის იმ კონკრეტულ კონფესიებთან განსახილველი. ამაში აქტიურადაა ჩართული იგივე რელიგიის სააგენტო. სანებართვო ამბები, ეს არის სასამართლოს კომპეტენცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პატივსაცემია, რომ ყველა რწმენის ადამიანს ჰქონდეს აღმსარებლობის და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის საშუალება.

როცა ამბობთ, რომ მუსლიმმა ჯგუფმა კონსენსუსს უნდა მიაღწიოს, ეს არ ნიშნავს უკვე იმას, რომ ამ ჯგუფის უფლება ირღვევა? 

მე ვთქვი ადრე და ახლაც ვამბობ, რომ თუ აშენდება, უნდა აშენდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ისე, როგორც ამ სახელმწიფოს ეკადრება. თუ ეს შეეხება კონკრეტულ საკულტო ნაგებობას, რომელიც შენდება ამ ქვეყანაში დადგენილი წესების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მუსლიმი მრევლის უფლება. ეს უფლება არის რეალიზებადი ჩვენს ქვეყანაში. თუ არსებობს ნებართვასთან დაკავშირებული პრობლემა, არსებობს ამაზე მიმდინარე სასამართლო დავა.

იცით თუ არა, რომ თვითონ მუსლიმ მრევლშიც არსებობს კონსენსუსის საჭიროება კონკრეტულ საკულტო ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით? ეს არის კონსენსუსის სტანდარტი, თუ როგორ და რა ფორმით უნდა შენდებოდეს საკულტო ნაგებობა. ნებართვის გაცემის გარეშე ამ ქვეყანაში საკულტო ნაგებობის აგების პრაქტიკა არსებობს? კონკრეტული საკულტო ნაგებობა, იქნება ეს ტაძარი მართლმადიდებლური, მეჩეთი, სინაგოგა თუ სხვა საკულტო ნაგებობა, ამ ქვეყანაში უნდა შემოწმდეს იმ დადგენილი წესების შესაბამისად, რაც ამ ქვეყანაში მოქმედებს.

ეს წესები ხომ საერთოა ყველასთვის? 

ეს წესები საერთოა, რა თქმა უნდა.

როცა, მაგალითად, მართლმადიდებლები აგებენ ახალ ტაძარს, რატომ არ ამბობთ იმავეს, რომ კონსენსუსია საჭირო, იქნებ წინააღმდეგია ვინმე? 

მუსლიმ თემსაც ჰყავს სამუფთო სამმართველო, ალბათ, იცით ამის თაობაზე. ტაძრების მშენებლობის დროსაც ხდება შესაბამისი პროცედურების დაცვა. მე აქ სანებართვო საკითხებში არ შევალ. ამ შემთხვევაში არსებობს სამუფთო სამმართველო… როცა ვამბობ კონსენსუსს, ვგულისხმობ, რომ თუნდაც შიგნით უნდა იყოს კონსენსუსი, რომ ეს დადგენილი წესის შესაბამისად აშენდეს. ეს განსაკუთრებით ფაქიზი თემაა. აქ ხომ ვერ გამოვა პოლიტიკოსი და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ არის დადგენილი წესები…

მთავარი ფოტო: პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამესთან, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელებმა“ პირველ აპრილს ჩაწერა. ინტერვიუს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

ბათუმში კიდევ სამი მაღაზიის გაქურდვა სცადეს – ბრალდებული არასრულწლოვანია

გუშინ ღამით ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩაზე, სათამაშოების ორი მაღაზიის – “პეპელასა” და “XS სათამაშოების” გაქურდვა სცადეს. ქურდობის მცდელობა იყო წიგნების მაღაზია “ბიბლუსშიც”.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ განცხადება დანაშაულის შესახებ მათთან დღეს დილით შევიდა. გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, იგი არასრულწლოვანია.

შსს-ში ამბობენ, რომ მაღაზიებიდან არაფერია წაღებული.

 

 ხელვაჩაურის მერი საგამოძიებოში გამოკითხვაზე: „იყო გასაუბრება“

ხელვაჩაურში სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების საქმეზე ხელვაჩაურის მერი – ჯუმბერ ვარდმანიძეც გამოკითხეს.

„კი, იყო გასაუბრება, მაგრამ რაზე ვისაუბრეთ, ვერ გეტყვით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯუმბერ ვარდმანიძის გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში დილის 4 საათამდე გაგრძელდა. ხელვაჩაურის მერმა შეხვედრის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზეც უარი თქვა.

„საბოლოო გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს შემდეგ… იყო გასაუბრება, მიდის გამოძიება, ნუ გავასწრებთ მოვლენებს,“ – აღნიშნა ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელებთან“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 3 აპრილს, გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს.

რა სტატუსით გამოკითხეს ან დაკითხეს ჯუმბერ ვარდმანიძე? – შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

 

 

მარიხუანა და სხვა ნარკოტიკი – რა ელით მძღოლებს ნარკოტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში

2019 წლის პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციას უფლება აქვს მძღოლი ნარკოტესტერის საშუალებით შეამოწმოს, იმყოფება თუ არა ის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების [მათ შორის მარიხუანას] ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

თუ პოლიციელს გაუჩნდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი პორტატული ნარკოტესტერის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ პირის შემოწმებას.

იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, პოლიციელი ვალდებულია პირი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას, რის შემდეგაც უნდა წარადგინოს კლინიკური ან/და ლაბორატორიული [ქიმიო-ტოქსიკოლოგიური] გამოკვლევისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. აღნიშნულ დეპარტამენტში გამოკვლევის ჩატარება ხდება ბიოლოგიური მასალის – ნერწყვის გამოკვლევით.

თუ მძღოლი უარს აცხადებს ნარკოტესტერის მეშვეობით შემოწმებაზე, პოლიციელი მძღოლს წარადგენს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების/სიმთვრალის დასადგენად.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი უარს იტყვის ლაბორატორიულ გამოკვლევაზე [ანუ უარს ამბობს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე], მისი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დგინდება მხოლოდ კლინიკური დასკვნით. ამას უშვებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი, სადაც შენიშვნის სახით გაწერილია, რომ „ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის თქმის შემთხვევაში – მხოლოდ კლინიკური დასკვნით“.

საიას იურისტის, პაატა დიასამიძის თქმით, ეს შექმნის პრობლემას, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მტკიცების დაბალი სტანდარტი, რის გამოც სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება განხორციელდეს პირის მიმართ – ცნონ ბრალდებულად და დააკავონ.

თუ მძღოლი უარს იტყვის ნარკოტესტერის შემდგომ კლინიკურ ან/და ლაბორატორიულ [ქიმიო-ტოქსიკოლოგიური] გამოკვლევაზე, ასეთ შემთხვევაში ნარკოტესტირების დადებითი პასუხი მიიჩნევა კლინიკური სიმთვრალის დამადასტურებელ ფაქტად/დასკვნად.

პირველი აპრილიდან ძალაში შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის და რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

ცვლილებები შევიდა ასევე „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაშიც.

ამ ბრძანების მიხედვით, მძღოლს უფლება აქვს მოითხოვოს, საკუთარი ხარჯით, ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით ერთი თვის განმავლობაში ბიოლოგიური მასალის [ნერწყვის] საკონტროლო ულუფის შენახვა.

საიას იურისტის, პაატა დიასამიძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი და მინისტრების ერთობლივი ბრძანება არ ითვალისწინებს კონკრეტულ განსაზღვრებას, თუ როგორ უნდა მოხდეს თავად პორტატული ნარკოტესტერის მეშვეობით პირის ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიჩნევა.

მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში, შესაძლოა ნარკოტესტერით შემოწმებაზე პირმა უარი არ თქვას და პასუხი იყოს დადებითი, თუმცა არ არის კანონით განსაზღვრული, ეს პირი რა შემთხვევაში ითვლება ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ანუ, პირმა ადრე მოიხმარა მარიხუანა, ნარკოტესტერმა აჩვენა დადებითი პასუხი, მაგრამ შესაძლოა შემოწმების მომენტში ეს პირი აღარ იყოს უშუალოდ ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

„მაგალითისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს, თუ რა ჩაითვლება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად, რაც წარმოადგენს მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობას. როდესაც ქმედება ითვალისწინებს სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კანონმდებელი ვალდებულია, განსაკუთრებული სიზუსტით განსაზღვროს, თუ რა შემთხვევაში შეიზღუდება ადამიანის უფლება.

ნარკოტესტერის მეშვეობით გადამოწმებაზე უარის თქმა შეიძლება გახდეს დაკავების საფუძველი, მაგრამ ეს იქნება საფრთხის შემცველი, ვინაიდან დაკავების საფუძველი არის პატრულ-ინსპექტორის ვარაუდი [რომელსაც არ აქვს სპეციალური ცოდნა], რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც შეიძლება გახდეს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი“, – აცხადებს პაატა დიასამიძე.

ამასთან, იურისტის თქმით, „პრობლემას წარმოადგენს მტკიცების სტანდარტი, ვინაიდან პირის დაკავების საფუძველი არის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. განსახილველ შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორის შეფასება, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, არ იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს“.

პაატა დიასამიძე თვლის, რომ „მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შეფასების განჭვრეტადი კრიტერიუმები ისე, როგორც ეს არის განსაზღვრული ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობის შემოწმებისას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე შეძენილია გერმანული წარმოების 10 000 ცალი ნარკოტესტერი, რაშიც ბიუჯეტიდან 540 ათასი ლარი [ერთ ნარკოტესტერში 54 ლარი] დაიხარჯა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ნარკოტესტერი, რომელიც სამინისტრომ შეიძინა, „ადგენს ნარკოტიკული საშუალებების შემდეგი კომპონენტების მოხმარებას ნერწყვის საშუალებით: მარიხუანა, ჰაშიში, THC; ამფეტამინი და მეტანმეტამინი [მათ შორის ექსტაზი]; კოკაინი; ოპიატები [მორფი, ჰეროინი].

ტესტირების სრული საშუალო დრო: 5 წუთი.

მარიხუანას შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალების მიღება მოხდა 8 საათის განმავლობაში“.

[red_box]საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით:[/red_box]

[checklist]

  • ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
  • ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
  •  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
  • ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
  • ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[/checklist]

 

ირანის საკონსულომ ბათუმში სპარსული ენის შემსწავლელი კურსი გახსნა

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში სპარსული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო. როგორც საკონსულოში ამბობენ, კურსის პროგრამაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საკონსულოში გამართულ  პრეზენტაციას  ესწრებოდნენ ირანის კონსული საქართველოში და ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აღმოსავლური ენების დეპარტამენტის თავმჯდომარე ემზარ მაკარაძე.

ათკაციანი ჯგუფი უკვე შეივსო, იგი ბსუ-ს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სტუდენტებითა და სხვა მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. კვირაში ორჯერ იქნება სწავლება – ორშაბათსა და ოთხშაბათს.

ექვსთვიანი კურსის ფარგლებში, მსურველები უფასოდ შეისწავლიან გრამატიკულად გამართულ სალაპარაკო ენას, რომელიც შეიძლება გამოადგეთ ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს მარტივი კომუნიკაცია თუ საქმიანი საუბარი. ენას შეასწავლის ირანელი ქართველი მოჰამედ რიგი, რომელიც 26 წელია საქართველოს მოქალაქეა.

საკონსულოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჯგუფი ჰყავთ.

 

 

 

 

პოლიციაში 4 მაჭახლელი დაიბარეს, გამოკითხვაზე მთელი სოფელი მიდის

დღეს, 3 აპრილს, ხელვაჩაურის პოლიციასთან მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ. საქმე იმაშია, რომ ამ ხეობაში გუშინ პოლიცია მივიდა და აქ მცხოვრები ოთხი პირის გამოკითხვაზე გადაყვანას აპირებდა. ხეობაში პოლიციას უარი უთხრეს ამ პირების გადაყვანაზე.

ოთხი მაჭახლელი, ვის გადაყვანასაც გამოკითხვაზე გუშინ აპირებდნენ, მონაწილეობდა ჰესების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში – სოფლის მოსახლეობამ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს ტოპოგრაფიული სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცა.

ხეობის მცხოვრები როინ მალაყმაძე ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელმა – ლევან ბაკურიძემ იჩივლა პოლიციასა და პროკურატურაში, რის საფუძველზეც პოლიციამ ოთხი პირი დაიბარა გამოკითხვაზე.

„გუშინ იყო პოლიცია ამ ოთხი პირის წასაყვანად მოსული. ჩვენ ვუთხარით, რომ ისინი მარტო არ წავლენ და მთელი ხეობა ჩავალთ გამოკითხვაზე. პოლიციას სურს გამოკითხოს თითქოსდა აქტიური ოთხი ადამიანი. ეს აქვთ პრაქტიკა – სხვაგანაც, სადაც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ასე გამოყოფენ ადამიანებს, რომ შემდეგ პროცესებზე მოახდინონ გავლენა. გამოკითხვაზე ის ადამიანები დაიბარეს, ვინც ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. ჩვენ არ გვინდა, ამ ადამიანების გამოყოფა, არც ახლა დავასახელებ მათ ვინაობას. ჩვენ, ყველა ერთად, მივალთ დღეს, 4 საათზე, პოლიციაში“, – უთხრა „ბათუმელებს“ როინ მალაყმაძემ.

როინ მალაყმაძის თქმით, კომპანიას, რომელსაც სურს სოფელში ახალი ჰესის მშენებლობა, ამ ხეობაში უკვე ათწლეულებია აქვს ერთი მოქმედი ჰესი, მაგრამ ამით სოფელს არავითარი სარგებელი არ მიუღია.

შენიშვნა: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურა კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა აქვს – „ბიჯი თრეიდის“ წარმომადგენელმა, ნონა ბაკურიძემ გვითხრა, რომ როინ მალაყმაძის მიერ დასახელებული ლევან ბაკურიძე საერთოდ არ ყოფილა სოფელში და პოლიცია თავად გამოიძახა:

„მე ვიმყოფებოდი ტოპოგრაფებთან ერთად. ისინი ასრულებდნენ იმ სამუშაოს, რომლის ნებართვაც გვაქვს სახელმწიფოსგან. მოვარდა ხალხი, ადგილი ჰქონდა ხელშეშლას და მე დავრეკე 112-ში. მოვიდა ხელვაჩაურის პოლიცია, ნახეს ადგილზე რაც ხდებოდა. განყოფილების წარმომადგენელმა გვთხოვა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. ამ დროს მოხდა ხალხის მობილიზება… გადით ხეობიდანო. ჩვენ წამოვედით. ჩვენ არ მიგვითითებია არავისზე, არავინ დაგვისახელებია… ეტყობა, რადგან შეტყობინება მოხდა, პოლიცამ დააფიქსირა რამდენიმე მოქალაქე.

ჩვენ არ ვყოფილვართ როინ მალაყმაძის საკუთრებაში და არც არავის საკუთრებაში… რასაც ვაკეთებდით, იმის უფლება გვაქვს. ეს არის მცირე, გამდინარი ჰესი და არ ითვალისწინებს წყლის დაგროვებას. ყველა აიგივებს ჩვენს ჰესს „სილქ როუდის“ ჰესთან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ჰესები განსხვავდება…

რაც შეეხება როინ მალაყმაძის განცხადებას, თუ რა სარგებელს ნახავს სოფელი – სოფელი ნამდვილად ნახავს სარგებელს, ხალხი დასაქმდება“.

 

 

 

ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა ხელებში მავთული გაიყარა და ერთმანეთს გადაება – ადვოკატი

„ისინი ითხოვენ წყალს, ვენტილაციას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, წამლებს… ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი და შემდეგ პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში განმარტოებით გადაჰყავთ,“ – ამბობს ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი. მისი აღწერით, ბათუმის ციხის ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი ერთმანეთს მავთულით 30 მარტს გადაება. მავთული პატიმრებმა ხელებში გაიყარეს.

„ერთ-ერთმა პატიმარმა მავთული ყელშიც გაიყარა… ლეიბი იატაკზე აქვთ დაგებული და ისე იძინებენ. ეს ის პატიმრები არიან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ციხეში სასმელი წყლის პრობლემაზე ჰქონდათ პრეტენზია,“ – ამბობს ადვოკატი, თეონა ნიკოლაიშვილი.

ბათუმის ციხეში სასმელი წყლისა და ვენტილაციის პრობლემაზე „ბათუმელები“ 28 მარტს წერდა. პატიმრების თქმით, განსაკუთრებით გაუსაძლისი უწყლოდ ყოფნა ე.წ. დეესკალაციის ოთახშია, სადაც ფანჯარა ჩაცემენტებულია, ხოლო ვენტილაცია ხშირად გამორთულია. განმარტოებით მყოფი პატიმარი დეესკალაციის ოთახშია, სადაც საპირფარეშო იზოლირებული არ არის. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, პაატა დიასამიძემ, რომელმაც პატიმრები ამ მდგომარეობაში უშუალოდ ნახა, ეს ვითარება არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა. ციხეში წყლის პრობლემის არსებობა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმაც დაადასტურა.

ადვოკატ თეონა ნიკოლაიშვილის შეფასებით, პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში გადაჰყავთ არა მხოლოდ მაშინ, როცა უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არსებობს, არამედ დასჯის მიზნითაც, რაც კანონით დაუშვებელია. მისივე თქმით, პატიმრებმა საერთო საჩივრითაც მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უცნობია, რატომ არ გადაიყვანეს ეს პატიმრები დეესკალაციის ოთახში. ეს ოთახი რეალურად იმ პატიმრებისთვისაა, ვინც საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას… ჩემთვის უცნობია ციხის ადმინისტრაციის რეაგირების შესახებ,“ – გვითხრა თეონა ნიკოლაიშვილმა.

რა რეაგირება მოახდინა სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებამ პატიმრების პროტესტზე – პენიტენციური სამსახურისგან განმარტებას მიღებისთანავე, აქვე შემოგთავაზებთ.

კვირის ბოლოს გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 3  აპრილის 21 საათიდან 4  აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,ზოგან – დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, ეკა ბარამიძე

გამოძიება: ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი კომპანიას თანხის დაუფლებაში დაეხმარა 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს.

გამოძიების პროცესში, ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, რომელიც, თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, დაეხმარა კომპანიის დირექტორს სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებაში, ხოლო კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტმა გასცა ყალბი დასკვნა, თითქოსდა ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ სამუშაოებთან.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარი იყო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2019 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდა. გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა. 

ავარია ბათუმში – ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

„მძიმედ დაშავებულები არ არიან, ძირითადად, დაჟეჟილობებით და მცირე ჭრილობებით გადავიყვანეთ ოთხი ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში [მახინჯაური] / 3.04.2019

ზონალურმა საბჭომ იმსჯელა სახლის პროექტზე, რომლის ორი სართულიც უკვე აშენებულია

კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოში დღეს იმსჯელეს სამშენებლო პროექტზე, რომელსაც უკვე აშენებენ. ზონალურმა საბჭომ კი ამის შესახებ არაფერი იცის, ან იცის და დუმს. კანონით, როდესაც მშენებლობა დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, პროექტს ჯერ ითანხმებს სააგენტოს ზონალური საბჭო, შემდეგ კი პროექტს განიხილავს მერია და გასცემს ნებართვას.

ზონალური საბჭოს წევრია ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი, რომლის სამსახურშიც შედის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება. სწორედ ეს განყოფილებაა ქალაქში უკანონო მშენებლობების კონტროლზე პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში კი მშენებელმა ისე ააშენა ორი სართული, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პროცესის აღკვეთა ვერ შეძლო. რატომ? ამაზე დღეს სხდომაზე მირიან მეტრეველს განმარტება არ გაუკეთებია. მას ზონალური საბჭოსთვის სხდომაზე არაფერი უთქვამს არც იმის შესახებ, რომ უკვე დაწყებულ სამშენებლო პროექტს განიხილავდნენ და არა დაგეგმილ პროექტს.

საკითხი ეხება ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში დაგეგმილ და ამავდროულად დაწყებულ მშენებლობას, სადაც ცოტა ხნის წინ ძეგლის ნიშნის მქონე შენობა დაანგრიეს. ზონალური საბჭოს სხდომაზე დღეს, 2 აპრილს, ამ ადგილზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტი განიხილეს და არა უკვე მიმდინარე პროექტი. საბჭოში წარდგენილი ვერსიით, შპს „ძმების სახლი“ აქ ათსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

შპს „ძმების სახლის“ პროექტის რენდერი, რომელიც დღეს ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს
ეს ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში ზუსტად ის ადგილია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს ინფორმაციით, შპს „ძმების სახლი“ მშენებლობას გეგმავს. როგორც ხედავთ, მშენებლობა დაწყებულია.

რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს ზონალურმა საბჭომ  წარდგენილი პროექტის დასაშვებობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ ვიცით. სხდომაზე თავის პოზიციას ყველა წევრი ღიად არ აფიქსირებს, ამიტომაც ზუსტ პასუხს სხდომიდან რამდენიმე დღეში, ოქმის მომზადების შემდეგ გავიგებთ.

ამ საკითხის  წარდგენას დღეს სხდომაზე ხმაური მოჰყვა: ზონალური საბჭოს წევრებს „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა მოუწოდა, არ დათანხმდნენ პროექტს და არ წაახალისონ უკანონობა, რადგან „მშენებელმა კომპანიამ ამ ადგილზე ძეგლის ნიშნის მქონე სახლი და მის გვერდით მდებარე კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრია“. მისმა შეფასებამ, რომ ასეთი გადაწყვეტილება დანაშაულის ტოლფასი იქნება, ზონალური საბჭოს წევრები გააღიზიანა.

„ქალბატონო ნინო, ძალიან ადვილად ეპყრობით სიტყვა დანაშაულს, თქვენ იურისტი არა ხართ, მე ვარ იურისტი. თუ ამდენი იცით, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ სახლს არ ჰქონდა სტატუსი. თუ დამნაშავეა, ციხეში უნდა იჯდეს. ყველა ციხეში, ყველა ციხეში – რამეს ხომ არ გახსენებთ ეს პათოსი?“ – მიმართა მას ზონალური საბჭოს წევრმა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ.

მშენებელი კომპანიის დირექტორი რაულ დიასამიძემ  „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ ისტორიული სახლი მას არ დაუნგრევია და ადგილი როცა შეისყიდა შპს „ძმების სახლმა“, ის უკვე დანგრეული იყო. რაც შეეხება ფალიაშვილის #16-ში არსებულ ბელეტაჟს, მშენებლის თქმით, ის ამორტიზებული იყო – „ამის ფოტოებიც მაქვს “.

მშენებელი კომპანიის დირექტორი ასევე ირწმუნება, რომ მშენებლობის ნებართვა აქვს, დოკუმენტის ასლის გამოგზავნაზე კი უარი გვითხრა. მანვე გვითხრა, რომ დღეს მისი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განიხილეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს, ის დაჯარიმებულია ტერიტორიის უკანონოდ შემოღობვისა და უნებართვო დემონტაჟის გამო, უნებართვოდ მშენებლობის დაწყებაზე კი ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი ბათუმში დაანგრიეს – ნებართვა მერიამ გასცა

 

ბათუმში აზოტის დიოქსიდის ჰაერში კონცენტრაცია კვლავ აჭარბებს დასაშვებ ნორმას

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ზოგიერთი ნივთიერების შემცველობები, კერძოდ, აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები, კვლავ აჭარბებს დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო,   ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხს უწევს მონიტორინგს. ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. 

26 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში 1.3-ჯერ. 27, 28, 29 მარტს და პირველ აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 30 მარტს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში-1.5-ჯერ, ხოლო 31 მარტს ისევ ქუთაისში – 1.4-ჯერ. 

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1,1-ჯერ.

ამ დღეების განმავლობაში აზოტის დიოქსიდის  კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე დაფიქსირდა, სადაც მაჩვენებელი დასაშვებ ნორმაზე 1,6-ჯერ მაღალია, თბილისში წერეთლის გამზირზე კი – 1.5-ჯერ.

 

სახელშეცვლილი „გაბრაზებული ბათუმელები“ ამჯერად აჭარის ტელევიზიას უბრაზდებიან

„აჭარის ტელევიზიის“ წინააღმდეგ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებამ – „ბათუმელთა დარბაზი“ ბრიფინგი გამართა. ეს საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიქმნა. მაშინ საზოგადოებას „გაბრაზებული ბათუმელები“ ერქვა.

„ამბები არის დაუბალანსებელი… ტელევიზია უნდა მოემსახუროს ხალხის ინტერესს და არა ცალკეული ადამიანების, ოპოზიციის მიზნებს“, – განაცხადა ბრიფინგზე ვალერი მოქერიამ.

საზოგადოების წევრებმა გააპროტესტეს, თუ რატომ გაუშვა ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვების ბოლოს ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის ანონსი.

„როცა ქვეყანაში უმუშევრობა ასე პრობლემაა, დიდი სიხარულით უნდა შუქდებოდეს ასეთი ამბავი… ისტორიას არ ახსოვს ასეთი ძლიერი პროექტი,“ – ამბობს გივი ყენია, საზოგადოების წევრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური დაუბალანსებლობაში დაადანაშაულა ნანა მეგრელიძემ, საზოგადოება „ბათუმელთა დარბაზის“ კიდევ ერთმა წევრმა. მან ვერ მოიყვანა კონკრეტული მაგალითი, რაც ამას დაადასტურებდა.

რატომ ერევა ორგანიზაცია არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში, ან თუკი ბალანსის პრობლემა არსებობს, რატომ არ მიმართავს „ბათუმელთა დარბაზი“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას? – საზოგადოების წევრები ამ კითხვებმა გააღიზიანა.

„ჩვენ ტრასფარენტებითაც მივალთ ტელევიზიასთან, თუკი ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ,“ – თქვა გივი ყენიამ.

„ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა, რა აქტივობა ჰქონდა ამ საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების დროს და რა გამორიცხავს იმას, რომ დღევანდელი ბრიფინგიც „ქართული ოცნების“ დაკვეთა არ არის?

„მართალია, მოვიკოჭლებთ, რომ არ ვჩანვართ… აქტივობა არ უნდა გვქონოდა,“ – აღნიშნა გიგი ყენიამ.

„ჩვენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კი არ ვიყავით, გაბრაზება გამოვხატეთ, რადგან საზოგადოება არჩევნებზე არ მოვიდა… რაც შეეხება აქტივობას, ბოლოს პლატონ გიგინეიშვილისთვის ბიუსტის გაკეთება მოვითხოვეთ. ასევე გავმართეთ შეხვედრა კარბამიდის ტერმინალზე,“ – გვიპასუხა ვალერი მოქერიამ.

„გაბრაზებული ბათუმელები“ – ეს მოძრაობა ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩამოყალიბდა. მაშინ მოძრაობა უარს ეუბნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დაუშვებლად მიაჩნდა ოპოზიციის დაბრუნება ხელისუფლებაში და მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

 

თორნიკე რიჟვაძე ინვესტიციების კლებაზე, რივიერასა და ქაოტურ მშენებლობებზე

„ეკონომიკის განვითარებასაც სჭირდება შესაბამისი, საპირწონე გადაწყვეტილებები“, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ ინვესტიციების კლების მიზეზებზე საუბრის დროს. არის თუ არა „საპირწონე“ თავისუფალი სივრცეების და მწვანე საფარის დაკარგვა, ისტორიული შენობების განადგურება? – თორნიკე რიჟვაძემ ამ ნაწილში გვიპასუხა, რომ „თვითმმართველობის საქმეში ვერ ჩაერევა“ და „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“ ვერ მიიღებს. რას ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობა და რაში გამოიხატება პოლიტიკური პასუხისმგებლობა? – გთავაზობთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან პირველ აპრილს ჩაწერილი ინტერვიუს ამ მონაკვეთს.

  • ბატონო თორნიკე, ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია დაანონსეთ. გვითხარით, ვინ არიან ეს ინვესტორები? 

ეს არის საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია და მისი პარტნიორები, ბენეფიციარები არიან ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეები. ამ ბიზნესჯგუფის ერთ-ერთ პარტნიორს უკვე აქვს მიმდინარე მშენებლობა ქობულეთში, რომელიც გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ, ეს არის 40-მილიონიანი პროექტი. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ ჯგუფთან. მათ მიიღეს დადებითი საინვესტიციო გადაწყვეტილება და მოხდება მწვანე ქალაქის მშენებლობა ქალაქში. ერთ-ერთ კონკრეტულ პირს ამ ჯგუფიდან აქვს სხვა რამდენიმე ტურისტული ბიზნესი, თუ არ ვცდები, შეკვეთილში მოქმედი სასტუმროები…

ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია აჭარაში, რაც აქამდე გვქონია და არის ევროპული ინვესტიცია, ამავე დროს მინიმუმ 500 ადამიანი დასაქმდება. ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ახალ ქალაქზე. იქ იქნება ბევრი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა…

  • აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში უცხოური ინვესტიციები 5.5 პროცენტით შემცირდა წინა წელთან შედარებით. რამ განაპირობა ეს კლება და რომელია ბოლო წლების მსხვილი ინვესტიცია, რაც შეგიძლიათ დაგვისახელოთ? 

როცა ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ მასშტაბებს ახასიათებს ციკლურობა. თქვენ იცით, რომ 2013 წელს დაიწყო აჭარაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა.  შესაბამისად, თუ გადახედავთ წლებს, ინვეტიციების შემოდინების კუთხით ენერგეტიკა იყო წამყვანი, დაახლოებით 40-50-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. ამიტომ ინვესტიციებს ახასიათებს ციკლურობა… შემდეგი თვეების განმავლობაში თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ გვექნება ახალი საინვესტციო პროექტები. კონკრეტულად რა, ახლა ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში, ხელისუფლების საზრუნავი არის ადამიანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებელი. ხარიხსობრივ მაჩვენებელში ვგულისხმობ იმას, რომ სარგებელი უნდა რჩებოდეს ადგილზე, ეს უნდა ქმნიდეს დამატებით ღირებულებას… ნახეთ, რამდენი სასტუმროა გაკეთებული, „ქორთიარდი“, „მერიოტი“, რომელიც შენდება. ასევე, თუ ნახავთ „გმირთა ხეივანს“, იქ ნახავთ, რომ დაახლოებით ნახევარმილიარდიანი ლარის პორტფელი არის იქ ჯამში…

თქვენ რა შეგრძნება გაქვთ, როცა გმირთა ხეივანში ჩაივლით, მოგწონთ ის დახურული სივრცე, რომელიც იქ გაჩნდა? მინდა, გკითხოთ: მისაღებია „უსისტემო და ქაოტური“ ინვესტიცია, როგორც ამას ქალაქის დამცველები გეუბნებიან?  

მე არ მაქვს ფუფუნება, შეგრძნებების დონეზე ვაკეთო ანალიზი და მივიღო გადაწყვეტილებები. მე სულ სხვა პასუხისმგებლობა მაქვს… უსისტემო და ქაოტური რომელია გმირთა ხეივანში? მე ვთქვი, რომ დაახლოებით ნახევარ მილიარდზე მეტი საინვეტიციო პორტფელი გაჩნდა იქ. თქვენ მეუბნებით კონტრარგუმენტად იმას, რომ ქაოტური და უსისტემოა მშენებლობა. მთავრობის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი ყველა ადამიანზე, რომელიც ამ რეგიონში ცხოვრობს, მათ კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შესაძლოა არ მოსწონდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდითი ეფექტების და შეგრძნებების დონეზე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაკისრია ყველა ადამიანის, ყველა ბავშვის წინაშე.

რაც შეეხება ქალაქმშენებლობას, სიღრმეებში არ ვაპირებ ჩასვლას, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი დგამს აქტიურ  ნაბიჯებს და თუ არსებობს კონრეტული გამოწვევები, ეს არის განგრძობადი, ცოცხალი პროცესი, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, ეკონომიკის განვითარებასაც სჭირდება შესაბამისი, საპირწონე გადაწყვეტილებები.

საპირწონეა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ან მწვანე საფარის განადგურება?

მოკლედ გიპასუხებთ: სულ რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვა ქალქმშენებლობის დოკუმენტის შესყიდვის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, მალე ქალაქს ექნება ხარისხობრივი დოკუმენტი, რომელიც შეძლებს ამ გამოწვევებზე ადეკვატური პოლიტიკის გატარებას.

ვისი ბრალია, რომ აქამდე ბათუმს არ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა? 

მე არ მიმაჩნია, რომ ბრალეულობებით და ამ ტერმინებით უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, იქნება ეს ყოფილი მერი თუ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ვისაც ხელეწიფებოდა თუნდაც ახლო პერსპექტივაში ამის შემუშავება, გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობის წილი. ახლა გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯი. დეტალები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მერიას მიმართოთ.

„სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტზე მინდა გკითხოთ – „რივიერაზე“ დადგეგმილ მშენებლობაზე. ეროვნულ სააგენტოსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 15 წევრიდან 13 მიიჩნევს, რომ ე.წ. რივიერა ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში უნდა იყოს. კომპანია ამბობს, რომ კანონს არ არღვევს. თქვენ რა კუთხით ხედავთ პრობლემას? 

ის პროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, სანებართვო პროცედურების თვალსაზრისით უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამის სტანდარტს. გამიჭირდება ტექნიკური საკითხების განხილვა და მჯერა, რომ ყველა ეს პროექტი შესაბამისი იქნება იმ სანებართვო და ქალაქმშენებლობით მოთხოვნებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მოქმედებს.

თუკი გამოვა, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და კანონს არ არღვევს, არ იქნება პრობლემა ცათამბჯენების აშენება „რივიერაზე“? 

ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს  სხვა პასუხისმგებლობა.

მოსახლეობასთან არ გაქვთ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც გეუბნებათ, რომ ჩაცემენტება არ სურს?

ჩაცემენტება და ეს კონკრეტული პროექტი რა შუაშია… მე, როგორც პოლიტიკურად პასუხისმგებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ყველა პროექტი უნდა გადიოდეს ყველა ფილტრს და შრეს, რომელიც არის გაწერილი.

როცა არ არის გაწერილი კონკრეტული რეგულაციები? – ახლახან ვისაუბრეთ ამაზე, რომ ახლა გამოცხადდა ტენდერი ქალაქმშენებლობის დოკუმენტის შემუშავებაზე…

კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. სამართლებრივი სივრცის მიღმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, იქნება თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?

თქვენ პოლიტიკური თანამდებობის პირი ხართ. მე მგონია, რომ ინტერვიუს ვწერ პოლიტიკოსთან…

მე კი გეუბნებით, რომ კონკრეტულ კომერციულ პროექტებთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, რა თქმა უნდა, მე არ ვავლენ. ეს პროექტები არ არის პოლიტიკური განსჯის საგანი. კონკრეტული პროექტები არის წარმოდგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვით. მე რაც მაქვს ინფორმაცია, მსჯელობს ამაზე შესაბამისი სანებართვო უწყებები.

თუ ფიქრობთ, რომ კანონის და კონკრეტული ნებართვის დაცვაა ამოსავალი, წინა ხელისუფლებას რას საყვედურობთ მაშინ? სანებართვო პირობები მაშინაც იყო შეთანხმებული, როცა კონკრეტული ძეგლები ნადგურდებოდა. 

მე ბევრი პრეტენზია მაქვს მიზანშეწონილობის ნაწილში… ჩვენ სხვა ტიპის და სხვა შინაარსის პრეტენზიები გვაქვს იმაზე, რაც კეთდებოდა, ეს ხდებოდა კერძო საკუთრების და ადამიანის ღირსების შელახვის ხარჯზე. 10 ათასამდე ქეისია, როცა კონკრეტულ ადამიანებს კერძო საკუთრების უფლება დაერღვა…

მე კულტურულ მემკვდირეობზე გკითხეთ…

მესმის, თქვენ საითკენაც მიგყავთ საუბრის ვექტორი. გიფიქსირებთ, ჩემთვის, როგორც რეგიონის ხელმძღვანელისთვის, ძალიან მნიშვლელოვანია ყველა ის ისტორიულ-კულტურული ფასეულობა, რაც ამ ქალაქშია.

თქვენ ხართ ამ პოსტზე იმიტომ, რომ დაიცვათ იგივე ისტორიული მემკვიდრეობა. 

კონკრეტულ პროექტებზე კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ეს დრო წავიდა, როცა კონკრეტული პროექტები ლაგდებოდა პოლიტიკურად. ამიტომ ვიძახი, რომ არსებობს შესაბამისი კითხვის ადრესატები.

თუ ასეა, იგივე კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს რატომ ხვდებით?

ხშირად ერთად ვხდებით ამ საკითხებზე. იმავე წარმატებით შემიძლია ვისაუბრო ზონალური საბჭოს შესახებ, რომელიც ექვემდებარება სამინისტროს, თუ გექნებათ კითხვები, მზად ვარ… თვითმმართველობის საკითხებში მე ვერ ჩავერევი. ჩვენ შეგრძნებების დონეზე, ძალიან დიდი ბოდიში, ვერ ვიმოქმედებთ.

თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელებმა“ პირველ აპრილს ჩაწერა. ინტერვიუს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

 

 

საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა

დღეს, 2 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი მერიის შენობაში დააკავეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებითაა დაკავებული.

ახალშენის კულტურის სახლის შენობის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“. სწორედ მეორე ეტაპის სამუშაოების დროს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კულტურის სახლს აქვს კიბე შენობაში შესასვლელი კარის გარეშე.

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარი იყო აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც 2019 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდა. გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა.

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში „ნარკობიზნესადქცეულ სფეროზე“

„თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ეს სფერო წლებია ნარკობიზნესად ჰქონდათ ქცეული პრაქტიკულად“, – ეს ფრაზა კულტურული მემკვიდრეობის დამცველებზე საუბრის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2019 წლის თებერვალში გამოიყენა. თორნიკე რიჟვაძემ მაშინ არ დააკონკრეტა, ვინ იგულისხმა ნარკობიზნესში ჩართულ პირებში.

რა ინფორმაცია აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და კონკრეტულად ვის დასდო ბრალი კულტურული მემკვიდრეობის დამცველებიდან „ნარკობიზნესში“ ჩართულობაზე? – ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაზეც „ბათუმელებმა“ ჰკითხა თორნიკე რიჟვაძეს. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს იმ მონაკვეთს, სადაც თორნიკე რიჟვაძეს „ნარკობიზნესზე“ გაკეთებული განცხადების დაკონკრეტება ვთხოვეთ.

  • ბატონო თორნიკე, შეგიძლიათ შეიტანოთ სიცხადე თქვენსავე განცხადებაში, რაც „ნარკობიზნესადქცეულ სფეროს“ უკავშირდება? 

თუ კარგად დააკვირდებით, ჩემი განცხადებების შემდგომ რამდენიმე პერსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მგონი, საერთო სურათი უკვე გამოიკვეთა. მადლობა, რომ ეს სიმართლე გაცხადდა. ჩემი განცხადება, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის უანგარო დამცველებს და არც მომავალში არ შეეხება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ უღრმეს პატივისცემას ამ ადამიანების მიმართ, მათ შორის, ყველა სამოქალაქო აქტივისტის მიმართ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იბრძვის იმ უფლებებისთვის და იცავს შეხედულებებს, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს.

პოლიტიკოსებსაც უნდა ჰქონდეთ შეხედულებები და ამით გამოირჩეოდეს სხვა, უპასუხისმგებლო ადამიანისგან. როცა ერთი ხელით ახდენ აპელირებას და ამის პარალელურად ითხოვ მარცხენა ან მარჯვენა კარებიდან კონკრეტულ პრივილეგიებს… სახელობით სიებს არ დავიწყებ, ეს არის თითზე ჩამოსათვლელი პერსონები. თქვენ თუ კარგად გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ჩემს განცხადებებს შემდეგ მოჰყვა თუნდაც ბიზნესწრეებიდან რაღაც აბსტრაქტული ზეწოლის ბრალდებები. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ის ადამიანები ბრიფინგებზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელით აპელირებდნენ და ეს მანტია ჰქონდათ მოსხმული.

  • საზოგადოებას ხომ აქვს უფლება იცოდეს, ვისზე საუბრობთ? ასე რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ მემკვდრეობის დამცველთა გუნდის დისკრედიტებას ცდილობთ, როცა ნარკობიზნესზე საუბრობთ.

მე მგონი, თქვენ შინაარსობრივად კარგად გაიგეთ, მე რასაც ვგულისხმობდი და რასაც შევადარე ნარკობიზნესი, თქვენ აღქმის პრობლემა არ გაქვთ. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ნარკობიზნესში რასაც ვგულისხმობდი, თუ გნებავთ, ჟარგონზე „ბარიგობას“ ვიტყვი, ამ ფასეულობებით პრაქტიკულად ეს სფერო გახადეს ვაჭრობის საგნად… პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. პატარა ქალაქში მაგის გარკვევა არ უნდა გაგიჭირდეთ… ყველა ადრესატმა ბოლომდე გაიგო, ვისაც ეს უნდა გაეგო.

ძალიან ვწუხვარ, თუ ნარკობიზნესი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ. პრაქტიკულად ნარკობიზნესად აქციეს-მეთქი, ასე ვთქვი მე. ყველა წინადადებაში, ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი განმარტების. შეიძლება, წინადადება, რომელიც წარმოვთქვით, იყოს სხვა ისტორიული მნიშვნელობის და სხვა შინაარსის მატარებელი, ვთქვათ, რომელიღაც სხვა საუკუნეში, ასევე, არსებობს ტელეოლოგიური [იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება არის წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელება – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა] არსი კონკრეტული წინადადების, ეს ნიშნავს შინაარსის აღქმას. მე სიტყვათწყობაც ზუსტად მახსოვს და ჰაერზე არაფერს ვამბობ.

  • ანუ რეალურად ნარკობიზნესი არ გიგულისხმიათ? 

სერიოზულად მეკითხებით მაგას? ნარკობიზნესი ზუსტი მნიშვნელობით გაიგეთ მაგ სიტყვათწყობაში? პრაქტიკულად ნარკობიზნესად აქციეს-მეთქი, ასე ვთქვი. თუ ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს თავისი შინაარსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გულისხმობს ამ კონკრეტული სფეროს მიმართ „ბარიგულ“ დამოკიდებულებას, სადაც ხდება სპეკულაცია ამ მართლაც ფასეულობის, რაც ძალიან ძვირფასია ამ ქალაქისთვის.

  • იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, ვინ რა სარგებელს იღებს მემკვიდრეობის დაცვით, რა სქემაზე საუბრობთ? 

კონკრეტული ადამიანები ამ ფასეულობას, ამ სენსიტირებას ამოფარებულები ცდილობენ უკანონო პრივილეგიების მიღწევას, თავიანთი ბიზნესების განვითარებას და სხვა სარგებლის მიღებას… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ.

  • თქვენ გეკუთვნით ეს ფრაზები: „ნარკობიზნესადქცეული სფერო“, „პირადად ვიძიებ შურს“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… რატომ არჩიეთ ეს აგრესიული რიტოროკა საჯარო გამოსვლების დროს? ეს თქვენი სტილია თუ მრჩევლების რეკომენდაციაა? 

ყველაფერს, რასაც ვამბობ და ვაკეთებ, არის ავთენტური, გამოხატავს ჩემს ხასიათს და შეხედულებებს, დამოკიდებულებებს. საზოგადოება შეაფასებს, რა მოეწონება და რა – არა.

 

_____

თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელებმა“ პირველ აპრილს ჩაწერა. ინტერვიუს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

 

 

ურეკში ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების, ასევე, ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 627 316 ლარია.

პროექტი მოიცავს ურეკის ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე, ბულვარის
პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს. მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი, სავალი ნაწილი ორივე მხარეს ფილაქნით, ახალი სანათები მთელს ქუჩაზე. გარე განათების სრულიად ახალი სისტემა.

რაც შეეხება თავად სანაპირო ზოლს ანუ ბულვარს – მოეწყობა ცენტრალური შესასვლელი [საჩრდილობლით]; ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ველობილიკი; მთავარი მოედანი [მოსასვენებელი ზონა საჩრდილობლებით]; სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის; ბულვარის მთელს სიგრძეზე მცირე მოედნები ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისათვის.

განხორციელდება ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელი გასასვლელების რეკონსტრუქცია; მოეწყობა მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი; რეკრეაციული ზონები; ბავშვთა გასართობი მოედნები/ზონები სპორტული აქტივობებისთვის, სანაპირო ზოლის მთელს სიგრძეზე.

პროექტით გათვალისწინებულია ასევე დეკორატიული გამწვანებისა და მოსასვენებელი ზონების, ველოსიპედების გასაქირავებელი ადგილის, პარკინგის და გაჩერებების მოწყობა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში უნდა შესრულდეს, თუმცა, როგორც ტენდერის პირობებშია მითითებული „აღნიშნული ვადა არ შეიცავს ურეკისთვის სეზონურად ყველაზე მეტად დატვირთულ თვეებს ივლისს და აგვისტოს. შესაბამისად სამუშაოების სრულად მიწოდება უნდა დასრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 12 კალენდარული თვის ვადაში“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 23 აპრილს სრულდება.

ურეკი / 2018 წ. / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

კიევი, ბაქო, ელ-რიადი – ბათუმის მიმართულებით 3 დაბალბიუჯეტიანი კომპანია იფრენს

უკრაინულ ავიაკომპანია SkyUp Airlines-სა და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ [AZAL]  სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Buta Airways-ს ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე მიანიჭეს.

უკრაინული SkyUp Airlines-ი ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევი 25 მაისიდან გეგმავს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

რაც შეეხება, ავიაკომპანია Buta Airways-ს, კომპანია ფრენებს ბაქო-ბათუმი-ბაქო 14 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ს, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით იწყებს ოპერირებას.

რეგულარული რეისები 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. ფრენები Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Exit mobile version