ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე სასწრაფოდ იყიდება ბინა

ბათუმში, ბარათაშვილის და გორგასლის ქუჩების კვეთაში, ძველ აშენებულ სამ სართულიანი სახლის მესამე სართულზე, იყიდება 75 კ/მ ფართობი ბინა. ძველი რემონტით. ბინას აქვს ორი დიდი ოთახი და დიდი აივანი.

ფასი: შეთანხმებით

მობ.:593 573 701

4 წლის ანრის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს 4 თვით შეუჩერეს სერტიფიკატი

4 წლის ანრი ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასკვნა დადო. სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ იაშვილის სახელობის  ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმს, კარინე აბგარიანს 4 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატი.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოში მოყვანილია კონკრეტული მიზეზები, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ „ვერ მოხდა დაავადების დროული ამოცნობა“. დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, არ ჩატარებულა ნევროლოგის კონსულტაცია, ასევე „უგულებელყოფილია ბარათში აღწერილი ძლიერი თავის ტკივილის ჩივილი…“

„ეს არაა სამართალი. აღარ მინდა ასე კვდებოდნენ პატარა ბავშვები… მე აუცილებლად მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დადგეს ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი,“ – ამბობს გარდაცვლილი ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე.

ანრი ბერიძე 2017 წლის მარტში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებული არ არის.

ამ თემაზე:

როგორ აგებენ ექიმები პასუხს დარღვევებზე ევროპაში

ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამას შეისყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი წინადადებების მისაღებად და მომსახურების ფასის დასადგენად სები ბაზრის კვლევას ატარებს.

„ეროვნულ ბანკში უნდა დაინერგოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების მოძიება/გადამოწმების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიები, რომლებიც არიან მხილებულნი ტერორიზმში, არიან პოლიტიკურად აქტიურნი, ან სხვა ნიშნით რისკის მატარებელნი. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს სკანირების სისტემას, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ შედგენილი ფიზიკური და იურიდიულ პირთა სიები და მათი მუდმივი განახლება…“ – აღნიშნულია სების ტექნიკურ დავალებაში.

ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფა, ეროვნული ბანკის მოთხოვნით, უნდა იყოს მზა სისტემა, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს მცირე მორგება ეროვნულ ბანკის სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნაა, მიმწოდებელმა წარმოადგინოს სისტემის მოხმარების სახელმძღვანელო, ინსტრუქცია, ასევე უზრუნველყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა სისტემური ადმინისტრატორების და პროგრამისტების ერთჯერადი ტრენინგი სისტემის ფუნქციონირების შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.

მიმწოდებელმა პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების გაწევა უნდა მოახდინოს სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 36 თვის განმავლობაში.

ტექნიკური დავალებიდან: 

„სიაში არსებულ თითოეულ  ჩანაწერზე უნდა არსებობდეს პროფილი, მოკლე დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: უნიკალური კოდი, სახელი (სახელწოდება), გვარი, სახელწოდების ვარიაცია, ალტერნატიული ჩანაწერი, კატეგორია, ქვეკატეგორია, სტატუსი, პოზიცია, ასაკი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი,  გარდაცვალების თარიღი, პასპორტის ნომერი,  SSN – ამერიკის სოციალური დაცვის ნომერი (USA Social Security Number), ლოკაცია, ეროვნება, დაკავშირებული კომპანიები, დაკავშირებული პირები, დამატებითი ინფორმაცია, სიების სახელწოდება, გარე წყაროები, სიაში შეყვანის თარიღი და პროფილის განახლების თარიღი.

პროგრამულ უზრუნველყოფაში ინტეგრირებული უნდა იყოს ყველა საბაზისო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამუშავებული სია, მათ შორისაა: OFAC, EU, UN, Interpol, World Bank, FATF, EBRD და ა.შ.  სია შინაარსობრივად მოიცავს 23 კატეგორიის ჩანაწერს, ესენია:

ბანკი  – ბანკები, ფიქტიური (შელ) ბანკების ჩათვლით, ქვეყნის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ბანკები და ბანკები, რომლებიც ექვემდებარებიან რეგულაციებს ან სანქციებს. არაავტორიზებული ყალბი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ბანკის სახით არიან წარმოდგენილნი.

შავი სიაში მყოფი – საერთაშორისო ან რეგიონული ფინანსური ორგანოს მიერ შავ სიაში შეტანილი (მაგალითად, მსოფლიო ბანკი ან სხვა რეგიონული განვითარების ბანკები). ევროკავშირის მიერ შავ სიაში შეტანილი თვითმფრინავი და ავიაკომპანიები.

ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც წარმოდგენილია როგორც მაღალი რისკის მქონედ ან არამოთანამშრომლედ (არაკოოპერირებადი) World-Check-ის, IMF-ის ან FATF-ის მიერ.  საერთაშორისო ორგანოს მიერ (გაერო/ევროკავშირი) ქვეყანაში ემბარგოს დადება ან გაუქმება  ქვეყანა, რომელიც FATF-ის მიერ არის შეტანილი არაკორპორატიული ქვეყნის ან ტერიტორიის სიაში.

კორპორაცია – იურიდიული პირი ან კომერციული საწარმო, გაუქმებული იურიდიული წარმონაქმნი, რომელიც არის დაჯარიმებული ან ემუქრება სანქციები რეგულაციის დარღვევისათვის, ან წარმონაქმნები, რომლებიც არიან შეტანილი სხვადასხვა ოფიციალურ რეგულაციის ან სანქციების გვერდებზე, როგორებიცაა OFAC, UN, SEC, UK FSA, ან US FRB. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი იურიდიული წარმონაქმნი.

ფინანსური დანაშაული – პიროვნება, რომელიც ცნეს დამნაშავედ, რომელიც გასამართლებულია იმგვარი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა ქონების მითვისება, ქურდობა, გაყალბება, ფულის გათეთრება, გამოძალვა, მექრთამეობა ან კორუფცია, გადასახადების თავიდან აცილება და სხვა.

ნარკოტიკები – პიროვნება, რომელიც ცნეს დამნაშავედ, რომელიც გასამართლებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებული  დანაშაულებისათვის, ნარკო ტრეფიკინგის ჩათვლით. პიროვნებები, რომლებიც ოფიციალურად არიან მიჩნეულნი როგორც ნარკო ტრეფიკერები ან კრიმინალები.

ორგანიზებული დანაშაული – ორგანიზებული კრიმინალური დანაშაულისთვის გასამართლებული პირი. (მაგალითად, მაფია, ტრიადი ან იაკუძა).

ომი – კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის, გენოციდისთვის ან ომის დანაშაულისათვის გასამართლებული პირი.

სხვა დანაშაული – პიროვნება, რომელიც გასამართლებულია FATF-ის რეგულაციების და სხვა კრიმინალური კატეგორიების დარღვევისათვის.

დიპლომატი – პიროვნება, რომელიც ფლობს დიპლომატიურ თანამდებობას დიპლომატიურ ორგანოში (მაგალითად, ელჩი, მინისტრი, მინისტრის მრჩეველი, ატაშე, რწმუნებული, გენერალ კონსულები, საპატიო კონსულები და კონსულები).

ემბარგო – ქვეყანა ან რეგიონი, რომელსაც აქვს დაწესებული ემბარგო ან სანქციები საერთაშორისოდ აღიარებული ორგანოს მიერ (მაგალითად, გაერო, ევროკავშირი).

ემბარგო ხომალდი – საზღვაო ხომალდი ან თვითმფრინავი, რომელიც ერთ ან მეტ ემბარგოს ან სანქციების სიაშია შეტანილი.

პიროვნება – პიროვნებას, რომელსაც ადანაშაულებენ, იმყოფება გამოძიების ქვეშ, დაპატიმრებულია, დაჯარიმებულია, იმყოფება დაკითხვაზე ან ასამართლებენ World-Check-თან დაკავშირებული დანაშაულისთვის, მაგრამ ჯერ არ არის გასამართლებული. პიროვნება, რომელიც დანიშნულია პოლიტიკურად აქტიური პირის თანამდებობაზე. პიროვნება, რომელიც შეტანილია მარეგულირებელ, სამართალდამცავი ორგანოების ან გლობალური სანქციების საყურადღებო სიაში, როგორიცაა OFAC, უფლებაჩამორთმეული დირექტორები ან ინტერპოლი.  პოლიტიკურად აქტიური პირის ახლო ნათესავი ან კომპანიონი.

ლეგალური – ადვოკატი, მაგისტრატი, მოსამართლე, გენერალური პროკურორი, სახელმწიფო პროკურორი და სხვა სამართლის სპეციალისტი პოლიტიკურად აქტიური პირების ქვეკატეგორიაში.  უფლებაჩამორთმეული ადვოკატი ან მოსამართლე. სამართლის სპეციალისტი, რომელიც ჩართულია სარისკო საქმიანობაში, როგორიცაა ადვოკატები მხილებულნი გაყალბებაში.

სამხედრო – მაღალი რანგის მქონე სამხედრო პერსონალი (სამხედრო ატაშეს ჩათვლით).

ორგანიზაცია – საერთაშორისო ორგანიზაციები და ორგანოები, როგორიცაა გაეროს სააგენტოები ან რეგიონული ორგანიზაციები და მათი ორგანოები, როგორიცაა ევროკავშირის ორგანოები. ფონდები, ინსტიტუტები, კანონით დადგენილი ორგანიზაციები და მარეგულირებელი ორგანოები (მაგალითად, ფინანსური მომსახურების დაწესებულებები, უსაფრთხოების და გადაცვლის კომისიები, უნივერსიტეტები).

პოლიტიკური პიროვნება – პიროვნება, რომელსაც ამჟამად უკავია ან ეკავა პოლიტიკური თანამდებობა. პიროვნება, რომელიც დაინიშნა მთავრობაში ან პოლიტიკურად აქტიური პირის თანამდებობაზე. პიროვნება იმგვარ ქვეყანაში, სადაც ხდება კაბინეტის მინისტრების, სახელმწიფო მდივნების და ამგვარი მოხელეების დანიშვნა და არა არჩევა. (მაგალითად, სამეფო ან სამხედრო სახელმწიფო). პოლიტიკური პარტიის ლიდერი.

პოლიტიკური პარტია – რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში ან აქტიური სტატუსით მოქმედებს ნებისმიერ ქვეყანაში.

პორტი – ქვეყანაში ან რეგიონში მდებარე საზღვაო ან საჰაერო პორტი, რომელსაც აკისრია ფინანსური, (აქტივების გაყინვის ჩათვლით) სავაჭრო ან სამხედრო ემბარგოები საერთაოშორისოდ აღიარებული ორგანოს მიერ (მაგალითად, გაერო, ევროკავშირი).

რელიგია – გავლენიანი რელიგიური ლიდერი ან რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტიკური, იურიდიული, სამხედრო, ფინანსური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით პიროვნება, რომელიც ჩართულია რელიგიურ გაერთიანებაში.

ტერორიზმი – პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელიც დაპატიმრებულია, დაჯარიმებულია, გასამართლებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორიზმთან. პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელიც იდენტიფიცირებულია საეთაშორისოდ აღიარებულ აკრძალვის, გაფრთხილების, ძებნილთა სიაში (მაგ. OFAC, UN, INTERPOL, სხვ.), როგორც დაკავშირებული ტერორიზმთან.

სავაჭრო კავშირი – სავაჭრო კავშირი, რომელიც ავრცელებს შესამჩნევ პოლიტიკურ გავლენას ან ზემოქმედებას, ან მდებარეობს აქტიური პოლიტიკური ნების გავლენის სფეროში. ადამიანთა დიდი ჯგუფის მობილიზება, რომლებიც ჩართულნი არიან ინდუსტრიულ უწესრიგობაში.

ხომალდი – არასანქცირებული საზღვაო ხომალდი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ემბარგოს ან სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანასთან, რეგიონთან ან ორგანიზაციასთან. საზღვაო ხომალდი, რომელიც არაპირდაპირ არის დაკავშირებული ემბარგოს ან სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანასთან, რეგიონთან ან ორგანიზაციასთან. განსაკუთრებული ინტერესის საზღვაო ხომალდი, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული ემბარგოს ქვეშ მყოფ ქვეყანასთან, რეგიონთან ან ორგანიზაციასთან, მაგრამ ატარებს დაკავშირებულ ან რისკის შემცველ ინფორმაციას“.

 

 

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი ბიჭის დედა კომპენსაციას მიიღებს

„უკვე შესაძლებელია გარდაცვლილ პირზეც მოითხოვოს ოჯახის წევრმა მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს ადვოკატი ემზარ პაქსაძე. მისი დაცვის ქვეშ მყოფი გულნარა სარიშვილის სარჩელი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს, 17 ივნისს, აღსრულების მოთხოვნით გულნარა სარიშვილმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

გულნარა სარიშვილის შვილი – 25 გიორგი ბოლქვაძე 2004 წელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლო განხილვა წლების განმავლობაში გაგრძელდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გულნარა სარიშვილს მატერიალური ზიანისთვის უნდა მიეღო 2 700 ევროს ეკვივალენტი ლარში, თუმცა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა, რადგან ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი სამედიცინო გულგრილობის შედეგად დაიღუპება.

უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბოლქვაძის ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, რის გამოც 2008 წელს ოჯახმა სტრასბურგს მიმართა.

2018 წლის 19 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო „მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება“.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე „სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესში არსებული დეფექტების გამო“.

ადვოკატი ემზარ პაქსაძე განმარტავს, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელახლა მიმართეს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც გულნარა სარიშვილის სასარგებლოდ სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება – 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„ეს საქმე აჩვენებს იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… ჩვენ დღეს მივმართავთ ასევე პარლამენტს, რომ შეცვალოს შიდა კანონმდებლობა ამ კუთხით. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისედაც ვეღარ ეტყვიან ადამიანებს უარს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე,“ – აღნიშნავს ადვოკატი ემზარ პაქსაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ ვუმკურნალოთ ნასიცხს ბავშვებში

ნასიცხი არის კანის გაღიზიანება, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება გაძლიერებული ოფლდენის და გადახურების დროს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენური ფაქტორიც.

ნასიცხმა შეიძლება თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია ახალშობილებში.

როცა ბავშვი გადახურდება, მისი ორგანიზმი ცდილობს თავი დააღწიოს ზედმეტ სითბოს ოფლის გამოყოფის გზით. თუმცა, ახალშობილებში საოფლე ჯირკვლების სადინარები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და ვერ უმკლავდება მისი გამოდევნის ფუნქციას.

ასეთ შემთხვევაში, ოფლი გროვდება საოფლე ჯირკვლების შესართავთან და აღიზიანებს მიმდებარე კანის მონაკვეთებს.

ნასიცხი გამოვლინდება წვრილი ვარდისფერი ან მუქი წითელი გამონაყარით რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გამჭვირვალე სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების გამოვლენა. ბუშტუკები ძალიან მალე შრება და გადაიქცევა ქერქად.

ლოკალიზაციის ადგილები ყველაზე ხშირად არის კანის ნაკეცები; მუხლებისა და იდაყვების მოსახარი; სინთეტიკური ქსოვილის შეხების ადგილები.

ნასიცხის დროს ბავშვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა – ნორმალური, მაგრამ დაზიანებული კანი ადვილად შეიძლება იქცეს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროდ.

დახმარება:

[checklist]

  • გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი. დედის რძე გაცილებით ამაღლებს პატარას იმუნიტეტს და ნასიცხი ძალიან მალე გადადის ხოლმე.
  • ხშირად აბანავეთ, შეგიძლიათ უბრალოდ სუფთა წყალი გაადავლოთ ან სულაც მცენარეული აბაზანა გაუკეთოთ , მთავარია, პატარას ოფლი მოაშოროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ.რეკომენდებულია ბავშვის დღეში არანაკლებ 3-ჯერ ბანაობა, ზაფხულში კი უფრო მეტჯერ (საპონი გამოიყენეთ დღეში ერთხელ)
  • აუცილებელია ჰაერის აბაზანები. დატოვეთ ხოლმე იგი შიშველი 10-15 წუთის განმავლობაში
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებს, ამ ადგილებში ოფლიანობა უფრო მეტია. თუ წყლის გადავლებას ვერ ახერხებთ, გრილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით გაწმინდეთ ეს არეები და დეტალურად გამშრალეთ.
  • ნუ გამოიყენებთ ტალკს და ცხიმიან კრემებს სხეულზე წასასმელად. ამით მხოლოდ უფრო მეტად ჩაკეტავთ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას შეუზღუდავთ.
  • არ გამოიყენოთ სინთეზური ქსოვილებისაგნ შეკერილი სამოსი. ტანსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის, რათა კანის სუნთქვას და „განიავებას“ ხელი შეუწყოთ.
  • ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყენეთ კონდიციონერი, ოთახის ტემპერატურა 22-23 გრადუსი უნდა იყოს.
  • არ დაივიწყოთ სითხეების გაზრდილი რაოდენობით მიწოდება. ოფლის სახით ხომ პატარას სითხეს კარგავს, რამაც შესაძლებელია გადახურება და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს
  • თუ შენიშნეთ, რომ ნასიცხი ბავშვის კანზე არ გადადის რამდენიმე დღის განმავლობაში, იმატებს ზომაში, მიდრეკილია დაჩირქებისკენ და ბავშვი გაღიზიანებულია, ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ინფიცირება.

[/checklist]
ამიტომ საჭიროა პედიტრთან ან დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა პროცესი შორს არ წავიდეს და დროულად მოხდეს ინფექციის სწორი მკურნალობა.

მთავარ ფოტოზე: დალილა ცივაძე


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

შსს: უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და გაწევრიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს ინფორმაციით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება,“-ნათქვმია შსს-ს განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

ვასაძემ 16 ივნისის გამოსვლაში ახსენა ქვიარაქტივისტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის შესაძლო მკვლელობაც, რაც, მისი თქმის, მას უნდა დააბრალონ და თქვა, რომ ეს ინფორმაცია უშიშროებისგან ჰქონდა. შსს-ის განცხადებაში ამ ნაწილზე არაფერია ნათქვამი. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ნაწილზე გამოძიებას.

ამავე თემაზე:

“მიიღებენ სიმეტრიულ პასუხს” – ლევან ვასაძე პოლიციასა და ქვიარ თემზე საუბრობს

უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ ან სუს-მა ვასაძის განცხადებებზე გამოძიება

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საქართველოს 1000 მოქალაქეს დაასაქმებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო კომპანიასთან, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტთან“ შეთანხმება მიღწეულია და კომპანია მომდევნო ორ წელიწადში თავის გემებზე 1000 ადამიანს დაასაქმებს.

„ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელსაც, ვფიქრობ, წარმატებით ჩავატარებთ. 2019-2020 წლის განმავლობაში კომპანიის გემებზე 1000 ადამიანი შეძლებს მუშაობას,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

პროექტის პირველი ეტაპი 10 ივნისს დაიწყო. „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საქართველოს 50 მოქალაქეს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, თავდაპირველად დასაქმდება 18-დან 40-წლამდე 50 ადამიანი ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერის“ პოზიციებზე.

„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ 2019 წელი აღიარა როგორც ქალების გაძლიერების წელი საზღვაო ინდუსტრიაში. საზღვაო ფორუმზე 2018 წელს  გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ქალთა საერთაშორისო და სავაჭრო ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ მემორანდუმის ფარგლებში გადავამზადებთ სწორედ შერჩეულ ოც გოგონას,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

საკრუიზო გემზე დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 800-დან 1200 ევრომდე იქნება.

საბუთების მიღება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 20 ივნისამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე საბუთებს  სააგენტო გადაარჩევს, შერჩეულ კანდიდატებს კი 24 ივნისს გასაუბრებას „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ წარმომადგენელი ჩაუტარებს.

გამოცდილება სასურველ პროფესიაში (ბარმენი, მიმტანი, „ჰაუს-ქიპერი“) და ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა – ეს არის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები.

მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენელი სასურველ კადრებს აარჩევს, ისინი გადამზადებას გაივლიან. შერჩეული 50 ადამიანიდან 20 აუცილებლად გოგო იქნება, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო UN Women-ისა და Wista Georgia-ს მხარდაჭერით გადაამზადებს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ საკუთარი ხარჯებით მოუწევთ გადამზადების კურსის გავლა ბათუმის საზღვაო სასწავლებლებში.

ყველა კანდიდატი „ქოლუმბია შიპმენეჯმენტთან“ ინდივიდუალურ კონტრაქტს გააფორმებს. შესაბამისად თავად აირჩევენ, თუ რა ხანგრძლივობით დასაქმდებიან – ოთხი, ექვსი თუ რვა თვით.

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ ერთ-ერთი მსხვილი გერმანული საზღვაო კომპანიაა, რომელიც  380 გემის მენეჯმენტს ახორციელებს, აქვს 20 საკრუიზო გემი და იახტა. ჯამში დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, მათგან რვაასამდე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეა.

€236 000 ნაცვლად 200 ათასისა – რატომ გაძვირდა აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათასი ევროს ნაცვლად 236 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. რატომ გაძვირდა მომსახურების შესყიდვა 36 ათასი ევროთი?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის წერილში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა, აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ სააგენტოში ადრე წარდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული, რომ 200 000 ევრო არ მოიცავდა დღგ-ს თანხას და წარმოადგენდა მომსახურების გამწევი პირის მიერ მისაღებ წმინდა თანხას გადასახადების გარეშე.

„სამინისტროს მიერ შერჩეული ორგანიზაცია წარმოადგენს არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რაც შესაბამისად გულისხმობს სამინისტროს მხრიდან დამატებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის გადახდ-ას ხაზინის ერთიან ანგარიშზე,“ – აღნიშნულია მინისტრის წერილში.

დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ 200 ათას ევროზე ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან სამინისტრომ 2019 წლის 18 აპრილს მისცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი, 2019 წლის 7 მაისს გამოსცა შესაბამისი განკარგულება. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს, სააგენტოს და აჭარის მთავრობასაც, გამორჩათ [ყოველ შემთხვევაში, არ დააზუსტეს] ის, რომ სახელმწიფო ხაზინაში გადასახდელი იყო დღგ-ს თანხა. შესყიდვის განხორციელებას რომ 36 ათასი ევროს დამატება სჭირდებოდა, ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სააგენტოს მხოლოდ ახლა, ორი დღის წინ, 2019 წლის 14 ივნისს მიმართა. მორიგი თანხმობის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავისი ახალი განკარგულებით, წინა განკარგულებაც უნდა გააუქმოს.

შესყიდვების სააგენტომ 36 ათასი ევროს საკითხი 20 ივნისამდე უნდა გადაწყვიტოს.

სამინისტროს განაცხადის მიხედვით „გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმილი კვლევა უნდა დაიწყოს უახლოეს პერიოდში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში, ამის შემდეგ შესასყიდი კვლევის შედეგების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/განვითარება“.

ვისთან გაფორმდება 200 ათას [ამჯერად 236 ათას] ევროზე [ეკვივალენტი ლარში] ხელშეკრულებასამინისტროში „ბათუმელებს“ ორი თვის წინ არ უთხრეს.

„სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა და ამჯერად მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის შემდეგ, სამინისტრო გადაწყვეტს, თუ ვისთან გააფორმოს ხელშეკრულება. რაც შეეხება თანხას, ის დაიხარჯება სამინისტროს ბიუჯეტიდან. ეს თანხა გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში,“ – გვითხრეს მაშინ სამინისტროში.

ვრცლად ამ თემაზე:

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში ბათუმში

ქალთა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს, 16 ივნისს, ბათუმში  საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში გაიმართა. გოგოებმა მარში ევროპის მოედნიდან  დაიწყეს, მემედ აბაშიძის ქუჩა გაიარეს, შემდეგ პირველი ქართველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ძეგლთან მივიდნენ, მსვლელობა კი ბათუმის დელფინარიუმთან დაასრულეს.

ქალთა ეკონომიკური ფორუმის მთავარი გზავნილი იყო „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ და ის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ქალების ხელშეწყობა და წახალისება იმ პროფესიებში, რომლებიც მანამდე  კაცების საქმიანობად მოიაზრებოდა. მათ შორისაა საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პროფესიებიც.

სტუდენტი გოგონების მარშს წინ მაშველი გოგოები მიუძღოდნენ.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

განახლებაში მოსახლეობა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს

დღეს, 16 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი განახლებაში დაგეგმილი ქარხსნის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი კერძო კომპანია გეგმავს ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენოს. სოფელში კი ამბობენ რომ დასახლებულ პუნქტში მსგავსი ტიპის ქარხნის აშენება დაუშვებელია.

“ქარხანა კარგია, მაგრამ არა სოფელში, არამედ დაუსახლებელ ადგილას უნდა გააკეთონ. მსგავსი ტიპის ქარხნები მჭიდროდ დასახლებულ ადგილას არ შენდება. ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოჰყოფს. იქ რომ ხანძარი ან რამე მოხდეს, ვინ აგებს პასუხს. არანაირი განრანტია არ გვაქვს რომ არ მოვიწამლებით. არ დავუშვებთ ამ ქარხნის აშენებას,” – ამბობს სოფელ განახლების მკვიდრი გიორგი ბერიძე.

სოფლის მცხოვრებლები ქარხნის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით ხელწერილების შეგროვებას აპირებენ, რომელსაც აჭარის მთავრობას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნიან.

 

 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ფეისბუქის ყალბი ანგარიშებით ხალხს ფულს სძალავდა

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქგვერდი“ შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა.

შსს-ს თანახმად, დაკავებულმა, ჯამში, 8 000 ლარი მიითვისა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.

გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლოკომოტივი – დინამო ბათუმის შეხვედრა 1:0 ანგარიშით დასრულდა

დღეს, 15 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა.

გუნდებს შორის შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა.  რამდენიმე საგოლე მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმის მიწურულამდე ანგარიში 0:0 იყო. მხოლოდ თამაშის 89 -ე წუთზე შეძლო „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სიხარულიძემ გოლის გატანა და ანგარიში 1:0 გახდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.

მიუხედავად “დინამო” ბათუმის მცდელობისა,  საბოლოო ანგარიში ტაბლოზე სწორედ 1:0 დაფიქსირდა. „დინამოელების“ მიერ ჩატარებული ბოლო ოთხი თამაშიდან ეს მათი პირველი მარცხია.

სატურნირო ცხრილში “დინამო” ბათუმი მეორე ადგილზეა 37 ქულით.  „ლოკომოტივმა“ კი, დღევანდელი მოგებით, მეხუთე ადგილზე აინაცვლა. გუნდს 25 ქულა აქვს.

პანდა პლაჟზე – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის აქცია ბათუმში

ბათუმის პლაჟზე გიგანტური პანდა გამოჩნდა. პანდას გამოჩენა  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა.

„ბუნებრივი რესურსების ზომიერი მოხმარებით, შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს ბუნება“ – ასეთია კამპანიის მთავარი გზავნილი.

დღეს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი მიმდინარეობს, სწორედ ფესტივალის ტერიტორიაზეა ინსტალაცია, რომელზეც დაინტერესებულ მოქალაქეს სხვადასხვა ინფორმაციის ამოკითხვა შეუძლია.

მაგალითად, ის რომ ტრანსპორტი მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაბინძურების მხრივ სიდიდით მესამე ინდუსტრიაა. ასევე ისიც რომ 2050 წლისთვის ოკეანეში უფრო მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი. პლასტმასის საწრუპის დაშლას კი 200 წელზე მეტი დრო სჭირდება.

პანდა პლაჟზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პანდა პლაჟზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ოშკი ხარაჩოებში – ფოტორეპორტაჟი ისტორიული ტაოდან

თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ოშკის ტაძრის გუმბათის რეაბილიტაცია გრძელდება.  საინფორმაციო აბრის მიხედვით,  ოშკის რეაბილიტაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

ასე გამოიყურება ოშკი დღეს. ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი

ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის 4 მაისს დაიწყო. ამას წინ უძღოდა საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელი ხელშეკრულებითაც ორმა ქვეყანამ აიღო მათ ტერიტორიაზე არსებული  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის  ვალდებულება. ოშკი  მეათე საუკუნეში ააგეს და ის იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო.

ოშკის რეაბილიტაცია. ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკი ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკი ხარაჩოებში.  ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკი ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი

ნახეთ რეპორტაჟი  არქივიდან:

ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

ავარია რუსთაველის ქუჩაზე – მოპედის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, მსუბუქი ავტომანქანა მოპედს შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, მოპედის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

სამი მაშველი, რომლებმაც 350 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამი მაშველი დააჯილდოვა.

იგორ აზნაურაშვილს, ანრი ნემსაძეს და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელები გადასცეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამივე მაშველმა გასულ წელს ჯამში 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

დღეს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 20 ქალია.

 

ქედაში 76 წლის გერმანელი ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და დაიღუპა

დღეს, 15 ივნისს, ქედაში, სოფელ გობრონეთში,  გერმანიის მოქალაქე,  76 წლის ჰანს რეინჰარდი, ველოსიპედით სეირნობისას გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

2 მასწავლებელი აჭარიდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. ათეულში მოხვდა ორი მასწავლებელი აჭარიდან:

  • მაია მენაბდე, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 
  • ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი 

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში სულ 74 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან რვა  აჭარიდან იყო .

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შესულ მასწავლებლებს წინ გასაუბრება ელით ჟიურისთან, რის შედეგადაც, პირველ სექტემბერს, გამოვლინდება ჯილდოზე წარდგენილი 5 საუკეთესო მასწავლებელი, 2019 წლის 5 ოქტომბერს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც დასახელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან გაიცემა, ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაა. 2018 წელს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. მას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10 000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს მონაწილე.

______________

ფოტოზე: მაია მენაბდე და ინგა მოსიძე. ფოტო FB

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი 10 მასწავლებლის ვინაობა ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. ათეულში მოხვდნენ:

  • თამარ ადამია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის #26 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი 
  • ხათუნა გოგალაძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყელების მასწავლებელი 
  • ლაურა გოტიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი 
  • ნათია კურტანიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიის მასწავლებელი 
  • მაია მენაბდე, ბათუმის #3 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 
  • ქეთინო მერიბაშვილი, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი 
  • ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი 
  • სალომე ფურცვანიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი 
  • მიხეილ ცქვიტაია, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი 
  • გიოირგი ჭაუჭიძე, მარნეულის #2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში სულ 74 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან რვა მასწავლებელი – აჭარიდან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შესულ მასწავლებლებს წინ გასაუბრება ელით ჟიურისთან, რის შედეგადაც, 1 სექტემბერს, გამოვლინდება ჯილდოზე წარდგენილი 5 საუკეთესო მასწავლებელი, 2019 წლის 5 ოქტომბერს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც დასახელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან გაიცემა, ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაა, 2018 წელს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. მას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს მონაწილე.

დღეს ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი დაიწყო

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი დაიწყო. ორდღიანი ღონისძიება ბიზნესში ქალების გაძლიერებისა და ქალი მეწარმეების წახალისების მიზნით ტარდება.

ფორუმის ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“  არიან. ასევე ფორუმის მხარდამჭერია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალების გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის  და  წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა.

„გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ – ეს ფორუმის მთავარი გზავნილი და   ქალების ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილია. კამპანიის მიზანია, გააუმჯობესოს  სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირები კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან.

 

ზღვისა და მთის მხარე – რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული აჭარაში

„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება დღეს საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში, სადაც ზღვის ნაპირზე გამართულ ზაფხულის ფესტივალზე სტუმრებს დღესასწაული და გართობა ელით. აჭარაში მოგზაურობა ბათუმით იწყება, ზღვისპირა ქალაქით, სადაც თანაბრად იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების რიტმი და ძველი საპორტო ქალაქის სიმყუდროვეც.

ახალი ბათუმი თანამედროვე, მასშტაბური არქიტექტურით იქცევს ყურადღებას, ძველი ბათუმის ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში კი ქალაქის ისტორია ცოცხლდება ერთ და ორსართულიანი კოხტა სახლებით.

ოსმალეთის იმპერიის, ბრიტანული ოკუპაციისა და საბჭოთა ეპოქის მომსწრე ბათუმის არქიტექტურამ და ყოფამ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანთა ცხოვრების წესი აირეკლა. ამ ერთ პატარა ქალაქში მოგზაურობა სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში მოგზაურობას ნიშნავს, მოგზაურობას, რომელსაც ფორთოხლის ყვავილების სურნელი სდევს თან: თუ გაგიმართლათ და ციტრუსის ყვავილობისას აღმოჩნდით აჭარაში, ეს სურნელი სამუდამოდ ბათუმსა და აჭარასთან  დაგაკავშირებთ, არ აქვს მნიშვნელობა აჭარის მთიანეთში იმოგზაურებთ, თუ ბათუმის ქუჩებში გაისეირნებთ.

თუ ქალაქში აქტიური დასვენების შემდეგ ბუნების სიმწვანე მიგიზიდავთ, ბათუმის ასწლოვანი ბულვარი და ქალაქის ბოტანიკურ ბაღში სუბტროპიკული მცენარეების ხეივნები და ფანჩატურები განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ზღვა და მთა, ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურორტები აჭარაში ერთმანეთის გვერდიგვერდაა და სამ დღეშიც კი შესაძლებელია ყველაფრის ერთდროულად ნახვა.

ნებისმიერი ტურისტული მიმართულება ბათუმში უსწრაფესად ვითარდება, რაც არც საერთაშორისო ტურისტული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილა. ბათუმი წელს World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება. მსოფლიო ტურიზმის
ფესტივალზე ბათუმი გამარჯვებულად წელს პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე დაასახელეს და ტურიზმის სფეროში „ოსკარად“ წოდებული ჯილდო გადასცეს.

ბათუმში და აჭარის ზღვის სანაპიროზე არის თანამედროვე, ფეშენებელური და შედარებით ბიუჯეტური სასტუმროები, მთაში კი სასტუმრო-სახლები მიიჩნევა საუკეთესო ადგილად, სადაც სოფლის ყოფას, კულინარიას და ფოლკლორს გაეცნობით.

საქართველოს ამ ერთ კუთხეში ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ, გააჩნია რა ტიპის დასვენებას არჩევთ: ოჯახთან ერთად გსურთ შვებულების გატარება და ზღვაზე მშვიდად დასვენება, თუ თავგადასავლები გირჩევნიათ მეგობრებთან ერთად; მთიან აჭარაში ზურგჩანთით და კარვებით მოგზაურობა გაქვთ გეგმაში, თუ თანამედროვე სასტუმროების კომფორტს ირჩევთ – აჭარაში ყველა ტიპის მოგზაური და დამსვენებელი იპოვის მისთვის სასურველ გარემოს.

თუ ოჯახთან ერთად აპირებთ ზღვაზე დასვენებას, აჭარაში ზღვისპირა კურორტების დიდი არჩევანია: ბათუმი, ქობულეთი, სარფი, კვარიათი, გონიო, ციხისძირი, ჩაქვი და მწვანე კონცხი…

ბათუმი ზღვისპირას აქტიური დასვენების, ქუჩებში სეირნობის, ქალაქური კაფეებისა და რესტორნების მოყვარულებს იზიდავს; ქობულეთის ხიბლი სანაპირო, ფიჭვნარი და ბუნგალოების ფართო არჩევანია; მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი, გონიო, სარფი და კვარიათი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ზღვისპირას უნდა გაერიდოს ქალაქის ხმაურს და ამავე დროს, ბათუმის ცენტრთანაც ახლოს სურს ყოფნა.

ზღვის შემდეგ თუ მთის სიგრილე მოგენატრებათ, შეგიძლიათ ბეშუმს ეწვიოთ, ზღვის დონიდან თითქმის 2 000 მეტრზე მდებარე კურორტს. ნაძვებით გარშემორტყმული ბეშუმი ხის პატარა კოტეჯებითაა გაშენებული. კურორტთან
ახლოს მემთეურები ცხოვრობენ, რომელთაგანაც დამსვენებლები ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტს: კარაქს, მაწონს, რძეს და ყველს ყიდულობენ.

ბეშუმი

ოჯახური დასვენების მოყვარულებისთვის ბეშუმი საუკეთესო კურორტი როგორც ზრდასრულების, ასევე, ბავშვებისათვის, რადგან სუფთა ჰაერი და მთის ეკოპროდუქტები ჯანსაღი დასვენების გარანტიაა. ზაფხულობით აქ შუამთობა იმართება, დოღი და გასართობი ღონისძიებები ბეშუმის სტუმრებსა და მასპინძლებს თანაბრად ახალისებს. ბეშუმში, როგორც წესი, ოჯახები ხის კოტეჯებს ქირაობენ. კურორტზე არის როგორც მცირე და საშუალო, ასევე,
მოზრდილი, რამდენიმე ოჯახზე გათვლილი კოტეჯებიც.

თუ ექსტრემალური თავგადასავლები გიტაცებთ, აჭარაში ზღვაზე დასვენებისას კატერით ან სკუტერით შეგიძლიათ ისეირნოთ, იფრინოთ პარაპლანით ან პარაშუტით, მაგრამ აჭარა ზღვის მიღმაც ბევრ სხვა მარშრუტს გთავაზობთ ექსტრემალური დასვენებისთვის.

გირჩევთ, მტირალას ეროვნული პარკის ზიპლაინით დაიწყოთ და ხეებს შორის, ტყეში გაბმულ თოკებზე ისრიალოთ ჰაერში გამოკიდებულებმა.

ზიპლაინით სარგებლობა ქედის სოფელ პირველ მაისშიცაა შესაძლებელი, სადაც შერვაშიძეების ღვინის მარანში ზიპლაინი ვენახს გადაუფრენს.

ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულებს შეუძლიათ ველოტური მოაწყონ ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მერისამდე, რისთვისაც სამთო ველოსიპედები დაგჭირდებათ. მერისი პატარა სოფელია კოლხური ბზის ტყით, ჩანჩქერით, ხეებით დაბურული ორღობეებით, მეცამეტე საუკუნის თაღოვანი ხიდით და ჭოროხის სანაპიროებით, სადაც ჯომარდობის ტურები ეწყობა. ჯომარდობა ჭოროხზე აჭარაში ჩამოსული ექსტრემალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სპორტია.

მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური მიმართულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია. ზღვის დონიდან 2 220 მეტრზე, კლდეზე მდებარე ხიხანის ციხემდე ციცაბო ბილიკებით 2 საათი უნდა იაროთ, რაც ფიზიკურ მომზადებას და დიდ ენერგიას მოითხოვს.

სანამ ციხეზე ახვალთ, შეგიძლიათ ხიხაძირში, მთისუბანში ან სოფელ ბაკიბაკოში კარვებით დაბანაკდეთ. კარგი აზრია, რომელიმე სოფელში საოჯახო სასტუმროს ეწვიოთ, სადაც ტრადიციულ კერძებსაც დააგემოვნებთ და მეორე დღეს დალაშქრავთ ხიხანს. სოფელ მთისუბანში შეგიძლიათ გზად კლდეში ნაკვეთი, ბუნებრივი მღვიმე-მაცივარი მოინახულოთ, სადაც მუდმივად, შუა ზაფხულშიც კი, ძალიან დაბალი ტემპერატურაა და ადგილობრივები მართლაც მაცივრად იყენებენ.

ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე

სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს, ვისაც ფეხით დიდხანს სიარული, ლანდშაფტზე დაკვირვება და ადგილობრივთა ყოფის ახლოდან ნახვა აინტერესებს, შეუძლია დაცული ტერიტორიები მოინახულოს, მტირალას, კინტრიშისა და მაჭახელას ხეობები.

„მაჭახელას თოფის გზა“ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში განთავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელოზის ბილიკები.

აუცილებლად ეწვიეთ მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც დაცული ტერიტორიაა. მტირალას პარში ღამის გათევა შეგიძლიათ ტურისტულ, ხის თავშესაფარ-ქოხებში, ვიზიტორთა ცენტრში ან კარავში, თუმცა პარკის ტერიტორიაზე საოჯახო სასტუმროებიცაა. მტირალას ეროვნულ პარკში ნახავთ ორასწლოვან წყლის წისქვილებს, ტბას, ჩანჩქერს, ხელუხლებელ კოლხურ ტყეს და გაზაფხულზე როდოდენდრონის ყვავილობას.

მტირალას ნაკრძალი, როდოდენდრონის ყვავილობა

ბათუმიდან 56 კმ-ით დაშორებულ სოფელ მერისში სხვა სახის დასვენებაა შესაძლებელი. აქ ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, გვახას საპიკნიკეს, სადაც ბუნებრივად მოწყობილ აუზში გუბდება სუფთა წყალი და ულამაზეს ხეობას ქმნის.  მერისი აჭარის სხვა სოფლებისგან იმით გამოირჩევა, რომ საოჯახო სასტუმროებში აქ აჭარული სამზარეულოს გარდა ხალხური ცეკვის და სიმღერის მასტერკლასებს სთავაზობენ სტუმრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერისიდან შესაძლოა იქაურ ჰანგებზე ამღერებული დაბრუნდეთ უკან.

მერისი
მერისი

თავგადასავლების მოყვარულებისთვის აუცილებლად სანახავი ადგილია მწვანე ტბა. ეს მარშრუტი კურორტ ბეშუმისა და გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც მოიცავს. გოდერძის უღელტეხილიდან ტბისკენ ფეხით სავალი ერთსაათიანი გზაა. გზად გხვდებათ მემთეურთა სოფელი ხის ქოხმახებით, მწყემსი ქალებით, თავსაფრიანი მოხუცებით და ულამაზესი ხედებით.

მწვანე ტბის სახელწოდება შემთხვევითი არ არის – ტბა მართლაც კამკამა მწვანეა. აქ ჩამომსვლელები ნაპირზე კარვებით რჩებიან ან უკან ბრუნდებიან და ბეშუმში ან გოდერძიზე
ბანაკდებიან.

მწვანე ტბა

და კიდევ ერთი ადგილი – თაგო. ხულოს მუნიციპალიტეტის ამ სოფლის გამორჩეულობის მიზეზი მარტივია: თაგო ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება. სწორედ ეს საბაგიროა მისი ხიბლი. პირველი, რაც თაგოში თვალში გხვდებათ, ხის ძველი სახლებია. მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ორღობეებიც კი სულ ხისაა. აქ ფიქრობ, რომ დროში მოგზაურობ და ასი წლით უკან აღმოჩნდი.

ფესტივალებისა და ტურების მოყვარულთათვის აჭარაში არაერთი ფესტივალი და საინტერესო ტური იმართება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალია, რომელიც ყოველ ზაფხულს ბათუმში ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებს უყრის თავს.

ბათუმში იმართება სოფლის ტურიზმის ორდღიანი ფესტივალი „განდაგანა“. ბათუმის ევროპის მოედანზე ამ დროს აჭარის კუთხეებისთვის დამახასიათებელ პროდუქტს, კერძებსა და ნაწარმს წარმოადგენენ. ფესტივალი ,,განდაგანა“
აჭარის სოფლებში ბათუმიდან გაუსვლელად გამოგზაურებთ. ადგილზეა შესაძლებელი ტრადიციული აჭარული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება, ფოლკლორული სიმღერებისა და ცეკვების ფონზე. აჭარაში იმართება ასევე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი: თვალწარმტაცი სანახაობა, როცა აჭარის ცას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მსგავს რამეს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ ნახავთ. ფესტივალები აჭარაში უამრავ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბათუმი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვისაც სასურველი ქალაქია. აქ ყოველწლიურად იმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის სტუმრებიც არიან მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები. ყოველი წლის სექტემბერში კი, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი იმართება, კინოს მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც საავტორო კინოს წლის საუკეთესო კოლექციებს
სთავაზობს მაყურებლებს.

ბათუმსა და აჭარაში შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმებს და ქალაქსა თუ ქალაქგარეთ არაერთი საინტერესო ტური შეგიძლიათ დაგეგმოთ.

შეგიძლიათ ერთი დღე ძველი ბათუმის აღმოჩენას დაუთმოთ და ტურის ფარგლებში გაიცნოთ სულ სხვა ბათუმი, თავისი მრავალფეროვანი ისტორიით, არქიტექტურითა და ქალაქური ლეგენდებით. თუკი თანამედროვე ბათუმის უკეთ გაცნობა გსურთ, შეგიძლიათ ბათუმის „შინაურული ტურით“ ისარგებლოთ, რომლის მიზანია ქალაქის სტუმრებს აჩვენოს ბათუმური შიდა ეზოები, ამ ეზოებში მზეს მიფიცხებული კატები, გასაშრობად გაფენილი ჭრელა-ჭრულა სარეცხის მწკრივები, მეწაღეები, მესაათეები და ნაცნობი ქუჩის ძაღლებიც კი, ერთი სიტყვით, შინაურად, ბათუმელად გაგრძნობინოთ თავი.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ აჭარაში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ის, ვისაც ეს მხარე არ უნახავს, კარგავს ზღვის და მთის ჰაერის თანაბრად სუნთქვის ბედნიერებას, ცხოვრების მთავარ, ადამიანებთან ურთიერთობის  სიხარულს, აქტიურ რიტმს, ბგერებს და ფერებს. თუმცა ეს ყველაფერი არის ის, რაც აქ ყოველ წელს გელოდებათ და არასდროს არის გვიანი გადაეშვათ ზღვისპირეთის თავგადასავლებში, სულერთია როგორ: მარტო,
მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად – აჭარა შენი მხარეა.

დღეს ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა

დღეიდან ზღვის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.  ზაფხულის ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია პლაჟზე, ანბანის კოშკის წინ,  დღის 14:00 საათზეა დაგეგმილი.

ასევე ორ საათზე დაიწყება და ხუთ საათამდე გაგრძელდება ფრანების შოუ. ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობებია გათვალისწინებული. ფესტივალი გვიან ღამით გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

სრული პროგრამა ნახეთ აქ:

  • 14:00-17:00 Stig (DJ)
  • 14:00-17:00 ფრანების შოუ
  • 14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები
  • 17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)
  • 20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“
  • 20:20 – 20:25 დღის ფერადი ფეიერვერკი
  • 21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers
  • 22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)
  • 22:00 – 22:30 ფანების შოუ
  • 22:40 – 23:00 ღამის ფეიერვერკი
  • 00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ

„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

 

გესმით თუ არა აჭარული დიალექტი? | ტესტი

ამ გასართობ ტესტში ზოგი რამ შესაძლოა ნაცნობი აღმოჩნდეს, ზოგიერთ გამოთქმას კი უკვე აჭარაშიც იშვიათად შეხვდებით.

შეგიძლიათ ეს ტესტიც სცადოთ:

შეამოწმე, როგორ გესმის აჭარული დიალექტი [ტესტი]

ბიზნესის მართვის სწავლება

როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სახელის სწორად შერჩევა და შესაძლებელია თუ არა მსგავსი ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რის შესახებაც “დემოკრატიის ინსტიტუტის” ტრენერმა ისაუბრა.

ტრენინგი “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩაატარა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსიც გაიარეს. ამჯერად კი პროგრამის ბენეფიციარები ბიზნესის მართვის კურსს დაესწრნენ.

ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ზოგიერთ მათგანს წარმატებული ბიზნესი აქვს, მსმენელთა ნაწილი კი სამომავლოდ გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რაშიც სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება.

“თითქმის ათი წელია ვკერავ, ადრე სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობდი, მაგრამ პირობები აღარ მაკმაყოფილებდა და წამოვედი. ძალიან მძიმე გრაფიკი მქონდა, ბევრჯერ ღამის 2 საათზეც გამოვსულვარ სამსახურიდან, იმდენად ბევრი იყო შეკვეთა. მოკლე დროში უნდა მოგვესწრო მისი დამზადება, ამიტომ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. ხელფასი ძალიან დაბალი იყო. ოჯახის წევრები ხშირად მსაყვედურობდნენ, ბოლოს გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად წამომეწყო საკუთარი ბიზნესი. თავდაპირველად გამიჭირდა მარტო მუშაობა, თვეში 200-300 ლარზე მეტი შემოსავალი არ მქონდა, ხარჯებს ძლივს ვფარავდი, მაგრამ დროთა განმავლობაში შეკვეთებმა მოიმატა და დღეს უკვე ძალიან ბევრი შეკვეთა მაქვს“, – გვითხრა ციურიმ ტრენინგის ერთ-ერთმა მსმენელმა. მას საკუთარი ბიზნესი უკვე რამდენიმე წელია აქვს და წარმატებული მეწარმეა.

ტრენინგის მსვლელობისას საკუთარი ბიზნესის წამოწყება დაგეგმეს სხვა მსმენელებმაც, სწავლების დასასრულს ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით სასწავლო კურსების დაგეგმვა სამომავლოდაც იგეგმება.

“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს იმერეთში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და აჭარაში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ხულოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

დღეს, 14 ივნისს, ხულოში, ღორჯომის თემში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.

„დაისეტყვა ღორჯომის თემის 5-6 სოფელი, ასევე აგარის და საციხურის ადმინსტრაციული ერთეულები. ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია ნათესები, მაგრამ რა ხარისხით, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ამ დროისათვის გასულია ხულოს მერი სოფლებში და ეცნობა სიტუაციას მოადგილესთან ერთად“ – გვითხრეს ხულოს მერიის პრესსამსახურში.

12 ივნისს სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის დააზარალა, სადაც დაზიანდა მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები.

უცხოეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტია – 2018 წელი

2018 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $ 1 579 მილიარდი შემოვიდა, 2017-ში $ 1.379 მილიარდი.

ყველაზე დიდი რაოდენობის ფულადი გზავნილი გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთიდან შემივიდა.

ქვეყნების პირველი ექვსეული, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენიბით იგზავნება საქართველოში ფული, ასე გამოიყურება:

ფულადი გზავნილების დიდი წილი, საქართველოდან წასული ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თნხებია.

ზოგიერთ სახელმწიფოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფულადი გზავნილების მიმღებნი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე არიან დამოკიდებული. ეს საფინანსო რესურსები, ძირითადად, კვებასა და ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებაზე იხარჯება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფულადი გზავნილები ინვესტირებისთვის და საკუთარი ბიზნესის დასაწყებადაც გამოიყენება,“ – ნათქვამია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების გამოკვლევაში.

საქართველოშიც ანალოგიური ტენდენცია შეიმჩნევა. გადმორიცხული თანხების ნაწილი სამომხმარებლო ხარჯების დასაფინანსებლად წარიმართება.

[three_fourth last=”no”]Content[/three_fourth]თანხის ნაწილის დაბანდება სხვადასხვა აქტივებში, მათ შორის უძრავ ქონებასა და საწარმოთა აქციებში ხორციელდება.

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა [ფოტო]

რვაფეხას [კაფე „ფანტაზიას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ივნისის ბოლოს რვაფეხაზე ყველა ძირითადი სამუშაო დამთავრდება და გასახსნელად მზად იქნება. ნაგებობას მოხსნიან სამუშაო ღობეს და ნებისმიერ მსურველის შეეძლება რეაბილიტირებული რვაფეხას ნახვა.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

ნახეთ როგორ გამოიყურება აღდგენილი რვაფეხა დღეს.

ასე გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ცნობილი ცხენთევზა ამ ფორმით აღადგინეს
რვაფეხა
აღდგენილი რვაფეხა
ასე გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

თინათინ ზოიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე იქნება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, თინათინ ზოიძე, მომავალი კვირიდან ახალ თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თინათინ ზოიძეს ამ დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნავენ.

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა სულხან ღლონტმა. ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დღეს წარადგინეს.

თინათინ ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ გაგვცემს პასუხს“.

თინათინ ზოიძე ტურიზმის მიმართულებით არაერთი წელია მუშაობს.

მთავარი ფოტო: თინათინ ზოიძე  FB გვერდიდან.

 

 

ჰერალდიკის საბჭო რუსეთის დროშის გამოფენის დარეგულირებას აპირებს

საქართველოში ყველა იმ ქვეყნის დროშის აღმართვა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს.

“რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან აქვს კონფლიქტი,” – ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში.

რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს სამხედრო კონფლიქტშია და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.

რუსეთის დროშის გამოფენასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო სკანდალი 26 მაისს მოხდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულზე, რუსულმა ფოლკლორულმა ჯგუფმა რუსეთის დროშით ჩაიარა ბათუმის ქუჩებში. ამ ფაქტის შემდეგ აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს.

რუსეთის დროშა გუშინ მედიაში ატეხილი სკანდალის შემდეგ ჩამოხსნა სასტუმრო „კასტელო მარემ“.

ამ სასტუმროს მფლობელი მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძეა.

 

 

ქობულეთის პლაჟზე გასახდელები და საშხაპეები მოეწყობა

ქობულეთის პლაჟზე მუნიციპალიტეტი 15 საშხაპეს და ამდენივე გასახდელს დაამონტაჟებს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვეზე ტენდერები ცალ-ცალკეა გამოცხადებული. საერთო სატენდერო ღირებულება 47 525 ლარია [გასახდელები – 16 500 ლარი და საშხაპეები – 31 025 ლარი].

ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 10 დღეში უნდა მოეწყოს საშხაპეები, ხოლო 20 დღეში – გასახდელები.

15 საშხაპისა და 15 გასახდელის მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან „ქობულეთის სანაპირო ზოლში გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობის ღონისძიების ფარგლებში“ დააფინანსებს.

გასახდელების მოწყობაზე წინადადებების მიღება 2019 წლის 23 ივნისს დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება. საშხაპეების შემთხვევაში კი, ეს ვადა 29 ივნისი – 4 ივლისია.

ხვალ, 15 ივნისს, ზღვის სეზონი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნება. ქობულეთში კი, როგორც მერიაში გვითხრეს, ცალკე ზღვის სეზონის გახსნა არა, მაგრამ 13 ივლისს ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება.

საშხაპისა და გასახდელის ნიმუში სატენდერო დოკუმენტებიდან

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი, დღეიდან ახალ თანამდებობაზე იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დანიშნა. მისი საკურატორო სფერო ისევ ტურიზმი იქნება.

სულხან ღლონტს უახლეს საათში წარუდგენენ სამინისტროს თანამშრომლებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი პოზიციაა თავისუფალი. ეს პოზიცია მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აჭარის პროკურატურამ მოადგილე არჩილ ვანაძე და კიდევ ექვსი თანამდებობის პირი დააკავა უფლებამოსილებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ბრალდებით.

2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა

შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყლის 72% იყო დანაკარგი. ამ წელს კომპანიამ მოპოვებული სასმელი წყლის მხოლოდ 28%-ი გაყიდა, შემოსავალის სახით კი 13 მილიონ 242 ათასი ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის მიხედვით,  ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებელი კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონ 633 ათასი ლარი იყო. „ბათუმის წყალმა“ იმავე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიიღო 1 მილიონ 950 ათასი ლარი. მიუხედავად წმინდა მოგებისა, დივიდენდი კომპანიას ქალაქის ბიუჯეტში არ გადაუხდია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“, სადაც გვითხრეს, რომ 2017 წელს კომპანიას წმინდა მოგება არ ჰქონია.

„ანგარიშგებაში ასახული ეს „წმინდა მოგება“არის იმის შედეგი, რომ ბათუმის მერია გვაწვდის უსასყიდლოდ მასალებს სხვადასხვა სამუშაოების შესრულების მიზნით. ამ მასალების თვითღირებულება კი, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აღირიცხება ფინანსურ ანგარიშგებაში. აქედან გამომდინარეა ასეთი სიტუაცია. ეს არის ჩვენი არასაოპერაციო შემოსავალი – მასალები [რომლებიც თვითღირებულებით აისახება] და რომლებიც შემდეგ ხმარდება წყალარინებისა და წყალმომარაგების იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებშიც ჩართულია „ბათუმის წყალი“. სწორედ ამის გამო ვერ ვანაწილებთ ჩვენ დივიდენდებს, ვინაიდან ეს არ არის წმინდა საოპერაციო შემოსავალი და მითუმეტეს მოგება“ – გვითხრა „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაზა გოგიტიძემ.

2017 წლის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა გარკვეულ კომპანიებს გასულ წელს დაევალათ. 2018 წლის ანგარიშგებების წარდგენის ვადა კი 2019 წლის ოქტომბრამდე აქვთ.

ზოგიერთი მონაცემი „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგებიდან:

 

[highlight color=”red”]მოპოვებული სასმელი წყალი და რეალიზაცია[/highlight] – „2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყალი შეადგენს 38,8 მილიონ კუბურ მეტრს, საიდანაც რეალიზებულია 11 მილიონი კუბური მეტრი. სხვაობა – 27,7 მილიონი კუბური მეტრი, ანუ 72%, წარმოადგენს დანაკარგს, რაც შეუსაბამოდ დიდი მოცულობაა“.

„დანაკარგი ჩვენ გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წაყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროცესი. ანუ, არსებული მთავარი ქსელი, რომლითაც წყალი სათავე ნაგებობიდან მოგვაქვს რეზერვუარებამდე და იქედან მოსახლეობამდე. ეს ქსელი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება. KFW-ს პროექტებით ალბათ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენ, ჯერჯერობით, კიდევ გვაქვს დიდი დანაკარგი“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

„ჩაქვის მთავარი გადამცემი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია, საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევამციროთ წყლის დანაკარგის მაჩვენებელი. ასევე ამ მონაკვეთზე ადგილი აქვს მომხმარებელთა უკანონო დაერთებების მრავალ ფაქტს, რომელიც საჭიროებს შესაბამისი პროცედურების ჩატარებას და სიტუაციის გამოსწორებას“, – აღნიშნულია 2017 წლის ფინანსურ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „2017 წლის განმავლობაში „ბათუმის წყალი“ უშუალოდ ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციასა და უზრუნველყოფას უწევდა წყალმომარაგების – 467 კმ, წყალარინების – 213 კმ და სანიაღვრე წყლების – 218 კმ. სიგრძის ქსელებს“

[highlight color=”red”]შემოსავალი[/highlight] – 2017 წელს „ბათუმის წყალმა“ მოსახლეობის მიერ კანალიზაციით და წყალმომარაგებით სარგებლობისთვის გადახდილი თანხით მიიღო 3 683 000 ლარი; კომერციული ორგანიზაციებიდან – 6 117 000 ლარი; საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან – 879 000 ლარი; ასევე სხვა შემოსავალი – 2 563 000 ლარი. კომპანიის შემოსავალმა სულ შეადგინა 13 მილიონ 242  ათასი ლარი.

[highlight color=”red”]სხვა შემოსავალი [სუბსიდიები][/highlight] – კომპანიამ 2017 წელს ასევე მიიღო: საპროცენტო შემოსავალი – 462 000 ლარი, პირგასამტეხლო – 59 000 ლარი, ბათუმის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით კი – 1 950 000 ლარი.

„სუბსიდიას ვიღებთ იმისთვის, რომ წყლის ტარიფი არ გაიზარდოს. არის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და KFW-ს შოროს  და ჩვენ სუბსიდირება გვეძლევა იმ მიზნით, რომ ტარიფი არის დაბალი“, – განაცხადეს „ბათუმის წყალში“.

ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „საწარმოს ძირითადი შემოსავალია მოხმარებული წყლის საფასური. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული სუბსიდირება, რომელიც განსაზღვრულია „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების“ ფარგლებში. მოცემულ ეტაპზე კომპანიის ძირითადი შემოსავლები ფორმირდება ტარიფებით, რომელიც ბათუმის საკრებულოს მიერ 2006 წლის 16 ნოემბრის დადგენილებითაა განსაზღრული“.

[highlight color=”red”]ხარჯები[/highlight] – „ბათუმის წყლის“ პირდაპირმა საოპერაციო და ცვეთის ხარჯებმა ჯამში 13 536 000 ლარი შეადგინა. ანგარიშგების მიხედვით, აქედან უშუალოდ ცვეთის ხარჯი – 4 379 000 ლარი იყო. დანარჩენი პირდაპირი ხარჯიდან შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ „ბათუმის წყალში“ დასაქმებულთა ხელფასებისთვის კი, 2017 წელს, 6 401 000 ლარი დაიხარჯა.

„პერსპექტივაში კომპანიის ქსელის, აბონენტების ზრდისა და ინფრასტრუქტრის გამართვის კვალობაზე მოსალოდნელია საექსპლუატაციო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც თავისთავად არსებული სატარიფო განაკვეთების პირობებში კიდევ უფრო გაზრდის საწარმოს ზარალის მოცულობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სუბსიდირების თემა, რომელსაც ახორციელებს დამფუძნებელი – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. სხვა პირობებში კომპანიის მენეჯმენტის წინაშე დადგება ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა ტარიფის მისადაგება, პერსონალის განვითარების გეგმა და ქსელის უზრუნველყოფის მართვა, რომელთა ოპტიმალურმა გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს სამომავლოდ საწარმოს მომგებიანი საქმიანობის წარმართვა“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ 2017 წლის ანგარიშგებაში.

„ბათუმელებმა“ კომპანიისგან 2018 წლის შემოსავლების შესახებაც გამოითხოვა მონაცემები.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით: „2018 წლის დარიცხული შემოსავლების ოდენობამ შეადგინა 15 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს წელი კომპანიას არ დაუმთავრებია მოგებით და, შესაბამისად, არ ჰქონდა წმინდა მოგება. ამასთან, 2018-2019 წლებში „ბათუმის წყალს“ არ გადაუხდია დივიდენდები, რადგან არ ჰქონდა წმინდა მოგება“.

„ბათუმის წყალში“, ამ კომპანიისგან ადრე მიღებული ინფორმაციით, 2018 წელს 457 ადამიანი იყო დასაქმებული. თანამშრომლების ხელფასებისთვის კი თვეში საშუალოდ 425 825 ლარი დაიხარჯა. კომპანიაში დასაქმებულთაგან 287 შტატში იყო, ხოლო 170 შტატგარეშედ მუშაობდა.

„ბათუმის წყალში“ გასულ წელს ასევე გვითხრეს, რომ სახელისა და გვარების მიხედვით, თუ ვინ რა პოზიციაზე მუშაობს კომპანიაში, არ მოგვაწვდიდნენ. შესაბამისად, მუნიციპალური საწარმო არ იძლევა არც იმ ინფორმაციას, თუ ვის რამდენი აქვს ხელფასი, თუნდაც, მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულებს. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია კომპანიისგან, შარშან, წერილობით მაინც გამოითხოვა.

კომპანიის საპასუხო წერილში აღნიშნული იყო, რომ, მიუხედავად იმისა, შპს „ბათუმის წყალი“ დაფუძნებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, „კომპანია მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან პირდაპირი დაფინანსებით, შესაბამისად, კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს.“

აქედან გამომდინარე „ბათუმის წყალმა“ მხოლოდ მომუშავეთა თანამდებობრივი პოზიციების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სახელ-გვარისა და ხელფასის ოდენობის გარეშე. კომპანიაში მაშინ ისიც განაცხადეს, რომ „გენერალური დირექტორია ერთადერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ინიშნება ბათუმის მერიიდან და კომპანიაში მხოლოდ ის ითვლება საჯარო მოხელედ. დირექტორის მიერ შევსებულია ქონებრივი დეკლარაცია და მასში დეტალურად არის მის შესახებ ყველა ინფორმაცია“.

მაშინ კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე იყო, რომელსაც ამავე წლის 21 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ ჰქონდა. „დეკლარაციის შევსების დროს ჩვენი წარმომადგენლის მიერ არ იქნა მონიშნული ის გრაფა, რომელიც აჩვენებდა, რომ „ბათუმის წყალი“ არის საჯარო დაწესებულება, რადგან კომპანია არ არის საჯარო დაწესებულება. ეს გრაფა რომ მონიშნულიყო ხელფასი გამოჩნდებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ თენგიზ ქოქოლაძეს ხელფასის სახით 2017 წელს დაერიცხა 53 ათას 295 ლარი [ანუ, 4 441 ლარი თვეში – ავტ.]“ – გვითხრეს მაშინ „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

2019 წლის 22 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში, თენგიზ ქოქოლაძეს, უკვე როგორც „ბათუმის წყლის“ ყოფილ დირექტორს აღნიშნული აქვს, რომ ამ თანამდებობაზე, 2018 წლის პირველი იანვრიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 37 ათას 597 ლარი და 79 თეთრი.

„ბათუმის წყლის“ ამჟამინდელ დირექტორს, მარინე გვიანიძეს, ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 ოქტომბერს აქვს შევსებული, თუმცა ხელფასის გრაფა შევსებული არ არის. მოქმედი დირექტორის ხელფასის ოდენობა კი, „ბათუმელებს“ კომპანიისგან ამ სტატიაზე მუშაობის პერიოდში წერილობით არ გამოუთხოვია.

წყალმომარაგების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები ჩაქვში / 13.06.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
მთავარი ფოტო: ჩაქვის წყალმომარაგების რეზერვუარი

Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo,  რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას აანონსებს, რომლის ძირითადი  მიზანია საქართველოში მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად შემუშავდა საგანგებო ტრენინგ მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედების და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებისთვის. კამპანია რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი, დაიწყება ივნისის ბოლოს დაგეგმილი პირველი ტრენინგების სესიით და შემდგომში ის კვარტალში ერთხელ პერიოდულობით გაგრძელდება.  ტრენინგებზე საუბარი იქნება მოძრაობის წესებსა და გზებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის შესახებ. მასტერკლასები უფასოა და უმასპინძლებს არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს.

პროექტის პრეზენტაცია 14 ივნისს, 10. 00 ზე  სასტუმროში „ სტამბა„ გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრება „ საქართველოს ალიანსი, უსაფრთხო გზებისთვის„ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და  ცნობილი ავტომბრობელი დათა ქაჯაია, ასევე მედიის წარმომადგენლები.Glovo  წელიწადზე ნაკლებია რაც ბაზარზე შემოვიდა, თუმცა დამაჯერებლად დაიკავა წამყვანი პოზიცია მიწოდებისა და მომსახურების სფეროში. კურიერების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც მათი, ასევე ზოგადად გზებზე უსაფრთხოების საკითხები. მოპედი შედარებით ახალი ტრანსპორტის სახეობაა ჩვენი ქალაქისთვის და მის მართვასთან დაკავშირებული თავისებურებების და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა, აქედან გამომდინარე დაიბადა ჩვენი ინიციატივა.  დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრენინგები, რომელიც ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, დიდ როლს შეიტანს ქალაქის სატრანსპორტო ეკოსისტემის გაუმჯობესებაში. „ გიგა ქერქაძე – Glovo საქართველოს გენერალური დირექტორი.

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გაყიდვის ფაქტები ბათუმში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის – ჯამში 2,160 ღერი – შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.

საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

______________________

 

სტალინი ლარნახევრად – სუვენირები საბჭოთა სიმბოლიკით ბათუმის ბულვარში

„სტალინი ლარ-ნახევარი ღირს, ჭიქა – 6 ლარი“, – გიპასუხებენ ბათუმის ბულვარში და ბულვარის მთავარ შესასვლელთან მყოფი სუვენირებით მოვაჭრეები. მათი თქმით, მაცივარზე მისაწებებელი სუვენირი ან ჭიქებს სტალინის გამოსახულებით და იქვე წარწერით: Georgia, ძირითადად, რუსი ტურისტები ყიდულობენ. სუვენირებს საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახულებით აქ ბევრგან შეხვდებით. კანონდარღვევაზე ამ დრომდე არავინ რეაგირებს. ზოგიერთი მოვაჭრე უხერხულობას გრძნობს, როცა სტალინს ყიდის, როგორც საქართველოს სიმბოლოს, თუმცა ამას ბიზნესის ინტერესით ამართლებს.

სტალინი ბულვარში

„წინა წლებში უფრო კარგად იყიდებოდა, ახლა იმდენად არა… ძირითადად რუსები ყიდულობენ, პოლონელებიც,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ეკა ხოროშვილმა. მას ვკითხეთ, არის თუ არა სტალინი მისთვის საბჭოთა ტერორის და ოკუპანტი რუსეთის სიმბოლო. „მე შეიძლება ბევრი რაღაც არ მინდოდეს, მაგრამ იყიდება, რა ვქნა?“ – მოკლედ გვიპასუხა მან და ტურისტებს მიუბრუნდა.

„კარგად იყიდება და ამიტომ ვყიდი. ევროპელები არ ყიდულობენ. ერთხელ იყო მხოლოდ, გასულ წელს, ორმა გერმანელმა იყიდა და დამამახსოვრდა… თუ ასეა, ჩავკეტოთ მაშინ საზღვარი და არ შემოვუშვათ რუსი ტურისტები საერთოდ. იმიტომ ვუშვებთ, რომ შემოსავალია ქვეყნისთვის ხო? ასეა ჩემთვისაც, ორ კაპიკს ვშოულობ. მე იძულებული ვარ ეს გავყიდო, ეს ჩემი საარსებო წყაროა. აგერ მაქვს ბათუმის ხედებიც, მაგრამ ეს ურჩევნიათ,“ – ამბობს სუვენირებით მოვაჭრე ქალი, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან დევნილია და მარტოხელა დედაა.

შეიძლება თუ არა გამართლდეს ეკონომიკური შემოსავლის მიღება, როცა საქმე ქვეყნის სიმბოლოს ეხება და იგივე რუსი ტურისტი ბათუმის ბულვარში ნაყიდ სუვენირს როცა შეხედავს, გაიხსენებს, რომ საქართველო „სტალინის ქვეყანაა“?

„დევნილი ვარ, სიკვდილს ძლივს გადავურჩი… რამდენი საშინელება ვნახე. რუსები საქართველოზე გიჟდებიანო, ამბობენ. სინამდვილეში კარგზე ყველა გიჟდება. აფხაზეთიც იმიტომ წაგვართვეს, წაიღეს… გთხოვთ, არ დაწეროთ ჩემი სახელი. მე აღარ გავყიდი სტალინებს,“ – გვითხრა მან.

სუვენირებს სტალინის ან საბჭოთა ოკუპაციის სხვა სიმბოლოკებით არ ყიდის ზოგიერთი მოვაჭრე, თუმცა მათ არ აქვთ პოზიცია, რატომ არ ყიდიან ოკუპაციურ სუვენირებს – დაჯარიმების შიშის გამო, თუ იმიტომ, რომ სტალინი რეპრესიებისა და ოკუპაციის სიმბოლოა.

გამონაკლისი ჟუჟუნა ნატარიძეა. მან გვითხრა, რომ სტალინის გამოსახულებებით სუვენირები მასთანაც მიუტანიათ მიმწოდებლებს, მაგრამ მის დატოვებაზე ყოველთვის კატეგორიულ უარს ამბობს.

„კომუნისტების წყობა ჩავაბარე მე იმ ქვეყანას. ახლა უფრო წინ წასულები ვართ, ასე მგონია. აბა, იმდენი ხალხის დახვრეტა, რა იყო? სტალინი ჩემთვის ომია, არ მინდა ომი. სტალინი ომის ბელადი იყოო, იტყვიან. სტალინმა კი არა, ხალხმა გაიმარჯვა,“ – აღნიშნა ჟუჟუნა ნატარიძემ და ფოტოს გადაღებაზეც დაგვთანხმდა. დახლზე დადებულ ქართლის დედის მინიქანდაკება დაიჭირა ხელში და ისე გამომხედა: „აი, ეს არის საქართველოს სიმბოლო“.

ჟუჟუნა ნატარიძე

„ამ სახის სუვენირების გაყიდვა არის კანონდარღვევა,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი „თავისუფლების ქარტიას“ ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.“

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ უნდა მოახდინოს.

„მიმართვის შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ. მისივე თქმით, მითითების შეუსრულებლობა 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

 

 

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ:)“ – მაშველ ქალებზე საკრებულოს წევრის დისკრიმინაციული გამონათქვამი 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი გოგონების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. სხდომის დაწყებისთანავე მან სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა.

სხდომის დასრულების შემდეგ კი, რომა დოლაბერიძეს საკრებულოს წევრთან, ენმ-ის წევრ ნოდარ დუმბაძესთან, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა:

„კულტურა ისწავლე მინიმუმ გაიგე?… შენ როგორც საკრებულოს წევრს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, – უთხრა მან საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრმა მას გაჩუმება ურჩია.

ჟურნალისტებს რომა დოლაბერიძემ უთხრა, რომ სხდომაზე საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა:

რატომ სთხოვენ ქალ მაშველებს სექსუალურობას და სიშიშვლეს

„გუშინ  საკრებულოს ერთმა წევრმა მოახდინა მაშველი გოგონების დისკრედიტაცია, საჯაროდ, ფეისბუქის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით მინდოდა გამეკეთებინა განცხადება, შეკითხვები დამესვა, მაგრამ თავმჯდომარემ არ მომცა ამის საშუალება, მიუხედავად დაპირებისა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ ასეთი ქმედებები, ეს არის ქალთა დისკრედიტაცია. პირიქით, მათ უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ გაძლიერდნენ ქალები, არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება,  მაშველი იქნება ის თუ სხვა. ასევე, როგორც ვიცით, ომარ მახარაძეს [პროფესორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა] უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ხელშეკრულება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მან საკუთარი ნებით დატოვოს საკრებულოს წევრის მანდატიც“.

ომარ მახარაძე დღეს სხდომას არ დასწრებია.

ნოდარ დუმბაძემ ფეისბუქში შემდეგი შინაარსის დისკრიმინაციული კომენტარი დაწერა:

ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ამ კომენტარით ირონიულად უპასუხა იმ ადამიანებს, რომლებიც გოგონებზე ცუდს წერდნენ. ნოდარ დუმბაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი კომენტარი  საკრებულოს წევრისგან შეურაცხმყოფელია ან დისკრიმინაციის წამახალისებელია:

„ამ შედეგზე არ მიფიქრია ნამდვილად იმიტომ, რომ არც მიგულისხმია, რომ რაღაც დისკრიმინაციული განცხადება გამეკეთებინა“, – თქვა მან.

კითხვაზე, ახლა მაინც თუ ფიქრობთ, რომ ეს იყო დისკრიმინაციული ტექსტი? – პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს. ნოდარ დუმბაძემ არც ის დამალა, რომ მას ეჭვი შეაქვს მაშველი გოგონების პროფესიონალიზმში.

„ქალი იქნება თუ კაცი, მაშველს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა, ის უნდა იყოს მომზადებული ჯერ ფსიქოლოგიურად, შემდეგ  – ფიზიკურად. დიახ, მე ეჭვი შემეპარა ამ გოგონების მომზადებაში. რატომ? – იმიტომ, რომ რა ვიცი. მათი მოვალეობების შესახებ გამოქვეყნებაზე კი უნდა ვთქვა, რომ ასე იპოვა მთავრობამ შემდეგ გამოსავალი, მას შემდეგ, რაც ატყდა აჟიოტაჟი, თავიდანვე არ დაუწერიათ, რომ მათ მხოლოდ პლაჟზე პატრულირება ევალებოდათ. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მომავალში იქნებიან ძლიერი მაშველები, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია არ უნდა დაეკისროს სტუდენტს, რომელიც არ არის მომზადებული“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

მისი თქმით, მომავალში ხუმრობის დროსაც სიფრთხილეს გამოიჩენს.

რომა დოლაბერიძე

გუშინ, 13 ივნისს, სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა სექსისტური და დისკრიმინაციული პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს პირველად აჭარის სანაპირო ზოლში მაშველებად გოგონებიც იმუშავებდნენ.

 

Exit mobile version