ბათუმი,მთავარი,სიახლეები

€236 000 ნაცვლად 200 ათასისა – რატომ გაძვირდა აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევა

16.06.2019 • 2103
€236 000 ნაცვლად 200 ათასისა – რატომ გაძვირდა აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათასი ევროს ნაცვლად 236 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. რატომ გაძვირდა მომსახურების შესყიდვა 36 ათასი ევროთი?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის წერილში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა, აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ სააგენტოში ადრე წარდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული, რომ 200 000 ევრო არ მოიცავდა დღგ-ს თანხას და წარმოადგენდა მომსახურების გამწევი პირის მიერ მისაღებ წმინდა თანხას გადასახადების გარეშე.

„სამინისტროს მიერ შერჩეული ორგანიზაცია წარმოადგენს არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რაც შესაბამისად გულისხმობს სამინისტროს მხრიდან დამატებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის გადახდ-ას ხაზინის ერთიან ანგარიშზე,“ – აღნიშნულია მინისტრის წერილში.

დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ 200 ათას ევროზე ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან სამინისტრომ 2019 წლის 18 აპრილს მისცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი, 2019 წლის 7 მაისს გამოსცა შესაბამისი განკარგულება. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს, სააგენტოს და აჭარის მთავრობასაც, გამორჩათ [ყოველ შემთხვევაში, არ დააზუსტეს] ის, რომ სახელმწიფო ხაზინაში გადასახდელი იყო დღგ-ს თანხა. შესყიდვის განხორციელებას რომ 36 ათასი ევროს დამატება სჭირდებოდა, ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სააგენტოს მხოლოდ ახლა, ორი დღის წინ, 2019 წლის 14 ივნისს მიმართა. მორიგი თანხმობის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავისი ახალი განკარგულებით, წინა განკარგულებაც უნდა გააუქმოს.

შესყიდვების სააგენტომ 36 ათასი ევროს საკითხი 20 ივნისამდე უნდა გადაწყვიტოს.

სამინისტროს განაცხადის მიხედვით „გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმილი კვლევა უნდა დაიწყოს უახლოეს პერიოდში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში, ამის შემდეგ შესასყიდი კვლევის შედეგების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/განვითარება“.

ვისთან გაფორმდება 200 ათას [ამჯერად 236 ათას] ევროზე [ეკვივალენტი ლარში] ხელშეკრულებასამინისტროში „ბათუმელებს“ ორი თვის წინ არ უთხრეს.

„სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა და ამჯერად მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის შემდეგ, სამინისტრო გადაწყვეტს, თუ ვისთან გააფორმოს ხელშეკრულება. რაც შეეხება თანხას, ის დაიხარჯება სამინისტროს ბიუჯეტიდან. ეს თანხა გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში,“ – გვითხრეს მაშინ სამინისტროში.

ვრცლად ამ თემაზე:

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: