ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ფეისბუქის ყალბი ანგარიშებით ხალხს ფულს სძალავდა


ბათუმში თაღლითობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქგვერდი“ შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა.

შსს-ს თანახმად, დაკავებულმა, ჯამში, 8 000 ლარი მიითვისა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.

გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი