მთავარი,სიახლეები

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საქართველოს 1000 მოქალაქეს დაასაქმებს

16.06.2019 • 3115
„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საქართველოს 1000 მოქალაქეს დაასაქმებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო კომპანიასთან, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტთან“ შეთანხმება მიღწეულია და კომპანია მომდევნო ორ წელიწადში თავის გემებზე 1000 ადამიანს დაასაქმებს.

„ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელსაც, ვფიქრობ, წარმატებით ჩავატარებთ. 2019-2020 წლის განმავლობაში კომპანიის გემებზე 1000 ადამიანი შეძლებს მუშაობას,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

პროექტის პირველი ეტაპი 10 ივნისს დაიწყო. „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საქართველოს 50 მოქალაქეს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, თავდაპირველად დასაქმდება 18-დან 40-წლამდე 50 ადამიანი ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერის“ პოზიციებზე.

„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ 2019 წელი აღიარა როგორც ქალების გაძლიერების წელი საზღვაო ინდუსტრიაში. საზღვაო ფორუმზე 2018 წელს  გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ქალთა საერთაშორისო და სავაჭრო ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ მემორანდუმის ფარგლებში გადავამზადებთ სწორედ შერჩეულ ოც გოგონას,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

საკრუიზო გემზე დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 800-დან 1200 ევრომდე იქნება.

საბუთების მიღება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 20 ივნისამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე საბუთებს  სააგენტო გადაარჩევს, შერჩეულ კანდიდატებს კი 24 ივნისს გასაუბრებას „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ წარმომადგენელი ჩაუტარებს.

გამოცდილება სასურველ პროფესიაში (ბარმენი, მიმტანი, „ჰაუს-ქიპერი“) და ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა – ეს არის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები.

მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენელი სასურველ კადრებს აარჩევს, ისინი გადამზადებას გაივლიან. შერჩეული 50 ადამიანიდან 20 აუცილებლად გოგო იქნება, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო UN Women-ისა და Wista Georgia-ს მხარდაჭერით გადაამზადებს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ საკუთარი ხარჯებით მოუწევთ გადამზადების კურსის გავლა ბათუმის საზღვაო სასწავლებლებში.

ყველა კანდიდატი „ქოლუმბია შიპმენეჯმენტთან“ ინდივიდუალურ კონტრაქტს გააფორმებს. შესაბამისად თავად აირჩევენ, თუ რა ხანგრძლივობით დასაქმდებიან – ოთხი, ექვსი თუ რვა თვით.

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ ერთ-ერთი მსხვილი გერმანული საზღვაო კომპანიაა, რომელიც  380 გემის მენეჯმენტს ახორციელებს, აქვს 20 საკრუიზო გემი და იახტა. ჯამში დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, მათგან რვაასამდე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: