მთავარი,სიახლეები

ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

30.05.2012 • 3028
ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

ოშკი, იშხანი – თურქეთში, აზიზიეს მეჩეთი და ახმედიეს უბანი – საქართველოში. ამ ისტორიული ტაძრების ნაცვალგებაზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ბათუმში. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ანუ ამჟამინდელ ართვინის გუბერნიაში მცხოვრებთ კი, ბათუმში მეჩეთის აშენების თემა არათუ აღელვებთ, თითქმის არ აინტერესებთ. მათ ერთი რამ იციან ზუსტად – ქართული ეკლესიების რესტავრაციით ყველაზე დიდ სარგებელს, ტურისტების სახით, თვითონვე მიიღებენ.

  • ოშკი

ოშკის ირგვლივ არც ერთი ცოცხალი არსება არ ჩანს, გარდა ვირისა, რომელიც ტაძრის დანგრეულ ნაწილში აშენებული სახლის ეზოში ზანტად იცოხნის. სადღაც ზევიდან მტრედების ღუღუნი ისმის მთელ ტაძარში. ოშკი ულამაზესი და შელახულია. მის ყოველ სვეტში იგრძნობა, რომ დიდი იმპერიის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა სრულიად მიტოვებულია.

სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ვიწრო გზას ხედავ ლამის ცამდე ასულ კლდებს შორის მოქცეულს, სადაც ადამიანები კანტიკუნტად გხვდებიან, ისინიც ძირითადად კაშხლების მშენებელი მუშები, სოფელ ოშკში ასული ფიქრობ, რომ აქ ცხოვრება იმ ეპოქაშია გაჩერებულა, როდესაც ოშკი აშენდა. ნანახით გამოწვეული ემოცია კი ცოტა ხნით ლაპარაკის უნარს გართმევს.

ყველაფრის ვიდეოფირზე აღბეჭდვას იწყებ. ტაძრის უკანა მხარეს საცხოვრებელი სახლებია აშენებული, მკაცრი კლიმატური პირობების შესაბამისი. არც აქ ჩანს ადამიანის ნასახი, სახლებიდან კვამლიც კი არ ამოდის. სამაგიეროდ, ტაძრის გარე ფასადზე სულ ცოტა სამი მონაკვეთი ისეა გაჭვარტლული, რომ ჩუქურთმების ნაკვალევს ძლივს ამჩნევ. ძნელი სათქმელია, ვინმეს შესცივდა და ცეცხლი გათბობის მიზნით გააჩაღა, თუ სოფლის ბავშვებმა გასართობად დაანთეს ღამით კოცონი.

ტაძრის შიგნით მართლა საოცრება გხვდება – გუმბათი, რომელიც ძალიან მაღლიდან დაგცქერის, ხელოვნების ნიმუშია. პირველი შოკის გასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის დიდ ხანს ვეღარ გაუძლებს – სულ სველია და დაობებული, გარშემო კი უზარმაზარი ბზარები აქვს. ძნელი სათქმელია კიდევ რამდენ ხანს შეძლებს თავის შეკავებას.

ფრესკების ნაკვალევი, ისევ ფრესკების ნაკვალევი, მერე ძველი ქართული წარწერები, ზოგი იკითხება, ზოგი – უკვე აღარ. ქვაზე გამოკვეთილ ჩუქურთმებს შორის ვაზი დომინირებს.
ტაძრის საყრდენი სვეტებისთვის თვალის შესავლებად გამოდიხარ გარეთ – ოთხი მთავარი სვეტიდან ერთ-ერთს ხის ბოძი აქვს შეყენებული. სამ სვეტზე ულამაზესი ჩუქურთმებია ამოკვეთილი…

ამ დროს ვიღაცის მზერას გრძნობ. ადამიანს ხედავ, ოშკელ კაცს. მას აშკარად სიამოვნებს უცხოებთან საუბარი, ის ოშკით იწყებს – ქართველებს აუშენებიათ მეათე საუკუნეშიო. ხუთი საუკუნეა პატრონი აღარ ჰყავდა, მაგრამ მაინც იდგა. მე-19 საუკუნის ბოლოდან 1980 წლამდე მეჩეთი გვქონდა, მაგრამ მერე ახალი მეჩეთი ავაშენეთ და ქართველების ტაძარი გავათავისუფლეთო.

ლაპარაკში გართული ვერც კი ამჩნევ, კიდევ ერთი კაცი როგორ შემოგემატა. დამტვრეული თურქულით აგრძელებ კითხვების დასმას. ერთ-ერთი დამხვდური ცდილობს, როგორმე გაამარტივოს ურთიერთობა და კითხულობს – Sprechen sie Deutsch? უარის მიღების შემდეგ დისკუსია ისევ ქართულ-თურქულად გრძელდება.

ოშკელი კაცები, რომლებიც ყოველი კუთხიდან მოეშურებიან ჩვენკენ და უკვე 15-მდე არიან, ყვებიან იმაზე, თუ რა რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება:

– აქ მხოლოდ მეცხოველეობას მივსდევთ. სამუშაო არ გვაქვს, არც შემოსავალი, ამიტომ ქალაქებში გავდივართ ან სულაც – ევროპაში.

ფაზილ ჩახმახჯი კი ამბობს, რომ ოშკში არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს. ქილისეს (ეკლესია) რესტავრაციის შესახებ მასაც გაუგია.

– გურჯები იყვნენ შარშან და თქვეს, რომ ოშკს რესტავრაცია უნდა ჩაუტარონ, მაგრამ აღარ გამოჩენილან. ახლა მთავრობამ თქვა, რომ ოშკი უნდა გააკეთონ. ამბობენ, ამ საქმეს 6 მილიონი ლირა სჭირდებაო. ტურისტები მოდიანი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ებრაელები ყველაზე ხშირად, მაგრამ თუ ეს ეკლესია აღდგება, უფრო მეტი ტურისტი მოვა, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.

– რამ დაანგრია ტაძარი, სახურავი სად წავიდა? ამ კითხვაზე ოშკელი კაცები ერთმანეთს უყურებენ. პასუხის გაცემას ახალმოსული ესერ ყალდი იღებს საკუთარ თავზე.

– რამ დაანგრია? – დრომ, ამინდმა, მეხმა, წვიმამ, ქვაა და დაინგრა. მოვლა სჭირდება. ჩვენ არაფერი შეგვიძლია, სულ 500-მდე ადამიანი ვცხოვრობდით 130 ოჯახში. ახალგაზრდები აქ აღარ ჩერდებიან. მეც სტამბულში ვიყავი და ახლახან ჩამოვედი. ქართველებს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ გააკეთეს.

ოშკის ტაძრის გვერდით აშენებული მეჩეთისთვის საპირფარეშო მოუწყიათ, რაზეც ქართველი ტურისტები ძალიან შფოთავდნენ, ამიტომ ოშკელებმა საპირფარეშო მოშორებით გადაიტანეს. ოშკელებს იმაზეც გაუგიათ, რომ ტაძრის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს. თუმცა, ამის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ხუსეინ მედდინი ბათუმშიც კი არასოდეს ყოფილა.

– ძალიან მინდა ჩამოსვლა, მაგრამ პასპორტი არ მაქვს. ჩემი ბიჭი ართვინში პოლიციელია, იმან მომატარა საზღვრისპირა ადგილები. მომეწონა იქაურობა.

ტაძარს თუ გავაკეთებთ, რა ჯობია, ალბათ მუზეუმი იქნება, აქ ქრისტიანები არ ცხოვრობენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თუ ძეგლს გააკეთებენ, შემოსავალი გაგვიჩნდება, ბევრი ხალხი მოვა.

ამასობაში ნამაზის დროც მოდის, მოლა კაცებს მეჩეთში უხმობს სალოცავად, ისინი ბოდიშს იხდიან და მეჩეთისკენ მიდიან. ვეღარ ვასწრებ ვიკითხო, რატომ ვერ გამონახეს ოშკელებმა ნაგვის ურნების დასადგმელად სხვა ადგილი. ნაგვით სავსე ურნები პირდაპირ ტაძრის შესასვლელთან დგას. მის გვერდით კი ბანერია განთავსებული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე.

ბანერზე წერია: „ოშკის ეკლესიას აქვს სამი სამლოცველო, სატრაპეზო, სემინარია, სკრიპტორიუმი, ეპისკოპოსის რეზიდენცია. აშენდა 963-973 წლებში ადარნასეს შვილის დავით III კურაპალატისა და ბაგრატ ერისთავის მიერ. მე-19 საუკუნის ბოლოდან 1980 წლამდე შიგ განთავსებული იყო მეჩეთი. ძეგლი შეყვანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში“.

  • იშხანი

ოშკიდან იშხანამდე მისასვლელად 40-მდე წუთია საჭირო. პირველად იშხანის გუმბათის სახურავს ხედავ – ფერადი სახურავი მზეზე საოცარ ფერებს ირეკლავს. იშხანში მისული ხვდები, რომ ის ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე – ოშკი. მომვლელის ხელი აშკარად ემჩნევა სახურავის გარეშე დარჩენილ ტაძარს, ირგვლივ სისუფთავეა. 10 წლამდე ბავშვების თავშეუკავებელ სიცილს ტაძარი ექოს აძლევს. სასკოლო ფორმაში ჩაცმული 4 გოგო და 4 ბიჭი თამაშს წყვეტს და მოურიდებლად გათვალიერებს.

– იცით, ამ ტაძარს რა ჰქვია?
– იშხან… იშხანნნნნ
– ვინ ააშენა ეს, თუ იცით?
– გურჯი ქილისე, გურჯი ქილისეეეეე… თითქმის რვავე ერთხმად იძახის და სიცილით გარბიან.
ჩვენი ტურის ყოვლისმცოდნე წევრი, გელა ამბავს ყვება.
– იშხანი ორ ეპოქას აერთიანებს. ადრე აქ პატარა ბაზილიკი ყოფილა, მე-10 საუკუნეში კი გაუფართოვებიათ და აი, ეს ტაძარი აუშენებიათ. სამლოცველოს პატარა გუმბათზე ღვთისმშობლის ხატია გამოსახული, მის ქვემოთ ზამთარ-ზაფხულ სისველეა. ამბობენ, რომ ხატი ტირის. ტურისტი ქართველები ამ სველი ადგილიდან მიწას იღებდნენ და მიჰქონდათ, მალე აქ ორმო გაჩნდა. მერე გავიგე, რომ მღვდლებს გაუფრთხილებიათ, ამ ქმედებისგან თავი შეიკავონ. ხმამაღალმა სიცილმაც კი შეიძლება დაიშალოს კედელი, არათუ მიწის აღებამ.

ამ ლეგენდის დასტური – ხატი მაღლიდან დაგვცქერის. თვალები, წარბები და ცხვირი შემორჩენია, სხვა დანარჩენი ალბათ დრომ და წვიმამ წაშალა…

მახსენდება, რომ „ბათუმელების“ მკითხველს უნდა გავუზიარო ნანახი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ქვების, ჩუქურთმების სინატიფის სიტყვებით გადმოცემაზე ფიქრი სისულელეა – ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო.

ტაძრიდან გამოსულებს იშხნელი კაცი შორიდან გვაკვირდება. მასთან მივდივართ. ჰამზა გუნი – გვეცნობა და ამბის მოყოლას იწყებს:

– მარჯვენა ფასადზე გამოსახული ლომი და გველვეშაპი ნახეთ? – ჩვენთან ასეთი თქმულებაა, რომ გველვეშაპი სომეხია, ლომი – რუსი. გვლევეშაპი და ლომი ქართველების გაკეთებული ეკლესიისთვის ერთმანეთს ეჩხუბებიან. ვინ მოიგო ამ ჩხუბში, არ ვიცი. მე ვიცი, რომ აქ დიდი ხნის წინ ქართველები ყოფილან, მერე რუსები.

აი, იმ კლდეს ხედავთ, ტაძრისთვის ქვებს თურმე იქედან ეზიდებოდნენ – ხელს მოშორებული კლდისკენ იშვერს გუნი. – ჩუქურთმებს დააკვირდით? 21-ე საუკუნეში ხეზეც კი ვერ ამოკვეთ ასეთ ჩუქურთმებს, რაც ქართველებს 10 საუკუნის წინ ქვაზე გამოუკვეთიათ…

მე 72 წლის ვარ, მახსოვს, როცა აქ სახურავი გავაკეთეთ და ნამაზს ვლოცულობდით. აქედან ჯამე 1978 წელში გავიდა, ტურიზმის მოხელეებმა გვითხრეს, რომ ჯამე სხვაგან უნდა გადაგვეტანა, აქაურობა კი სახურავის გარეშე დარჩა. თუ არ მიხედეს, დიდ ხანს ალბათ ვეღარ გაუძლებს.

გუნი ყვება, რომ იშხანში ქართველები აღარ ცხოვრობენ, სიმართლე გითხართ, არ ვიცი, აქ ქართველები როდის იყვნენ და სად წავიდნენ, ეტყობა, დიდ ქალაქებში გადასახლდნენო. სოფელი ახალგაზრდებისგან ახლაც იცლება, 20 კაცი მარტო გერმანიაშია წასული, სხვები – სტამბულში, ანკარაში… ისე, 300 ოჯახი ვცხოვრობდით, ახლა აქ არავის უნდა დარჩენა. სამი შვილი მყავს, მაგრამ აქ არც ერთი არ გაჩერდაო.

არ არის კარგი, როცა ტაძარი ასეთ დღეშია. გავიგეთ,რომ უნდა გააკეთონ და გვიხარია. ტურისტები თუ მოვლენ, ჩვენს ჩაიხანაში ჩაის დალევენ და შეიძლება სოფელიც გადაურჩეს დაცლასო.

  • ქალაქი იუსუფელი და ქართველები

ღამდება. იშხანიდან პირდაპირ იუსუფელისკენ მივეშურებით. პატარა მაღაზიაში ვეუბნებით, რომ მეჩეთებისა და ეკლესიების რესტავრაციის შესახებ იუსუფელელების აზრი გვაინტერესებს. გვირჩევენ, რომ ამ საკითხზე ქართველები ჩავწეროთ. „აი, აქ მუშაობს ქართველი, იმას ჰკითხეთ“, – გვირჩევს ქერა კაცი.

აფთიაქში ახალგაზრდა კაცი, რომელიც კომპიუტერთან ზის, ჩვენკენ თვალს აპარებს. იცინის და ქართულად გვეუბნება, რომ ერთ-ორ წუთში მოგვაქცევს ყურადღებას. მას ჯემალი ჰქვია.

ჯემალ სარიქაია: ერთწელიწად ადრე თქვენიდან მოსული იყვნენ აქ პროფესორები უნივერსიტეტიდან – თბილისიდან, ბათუმიდან. ისინი მითხრეს, რომ ოშკი და იშხანი უნდა გააკეთოთო და ჩვენთან მეჩეთები გააკეთონო. გაკეთება იმიტომ იქნება კარგი, რომ მოშლილი ეკლესია კარგი არ არის, ისტორია არი. თქვენშიც მეჩეთები გააკეთებენ, ესეც კარგი იქნება. თქვენც მოხვალთ ნახავთ, ბევრი მოდიხართ, ძაან მიხარდება. თქვენში მოსულები ნახავენ მეჩეთები, იქ ალოცებენ ღმერთს, ზაან კაი იქნება ყველასთვინ.

მე ვნახე ეკლესიები, ბევრი ვნახე, მარტო იშხანი არა. თქვენიდან ჩამოსული მეგობრებთან ერთად მიველ ვნახე, პარხალიც მაგარია, ოთხთაც კაია.

ეიუფ ქანთაროღლუ: ძველი ეკლესიებინა უნდა მოვაკეთოთო. კარგია მოკეთება ძველები, ჩვესთვისაც კარგი იქნება. ჩვენებურნი ჩამოვლენ ერთმანეთს გევცნობთ, ჩვენი კულტურება არ იკარგვის, ენასაც არ დეიკარგვის იქეური ქართველები ჩამოვლენ და ლაპარაკობთ. ორ წელწად უწინ ვნახე ეკლესიები. ზოგი ეკლესიები, სადაც მეჩეთი იყო, ისინი კარგია, არ დანგრეულა. იშხანი არ დანგრეულა, ოთხეკლესიას ბევრი დანგრეულა. პარხალი კარგია.

იქეური ქართველები წასულა თუ ენა დაივიწყეს, ისიც არ ვიცი. ქართველებმა მათი ისტორია არ იციან, როგორ დამჩალან, რატომ ქართულად ლაპარაკობენ, ისინი კარგად არ იციან. ისტორია დაკარგულია ჩვენთან, არ იციან კარგად. ზოგან იქაური ქართველები მოდიან და ისინი რაცხა ამბობენ, ჩვენც ისე ვიცით. თურქეთის ისტორიაში დაწერილ არაი ეკლესიები ვისია. თურქეთის ისტორიაში ვერ ვსწავლობთ იმასა.

ჩემი ძმა გასულ წელში წევდა ბათუმში იარა. ჩვენც ვაპირებთნა წევდეთ ერთ დღეს. ისე გაგონილი მაქ და კარგად არ ვიცი, ააშენონ თუ არა მეჩეთი. იქეურ ხალხს როგორც უნდა ისე იქნება კარგი. თუ უნდა აშენება, კაი იქნება, თუ ხალხ არ უნდა, არ იქნება კარგი.

აბდულაჰ ქანთაროღლუ: უწინ ყოფილა საქართველო აქაურობაი, მას უკან შექმნილა თურქისტან, ოსმალები ყოფილან მაშინ. მე თუ მკითხო, ეკლესიის გაკეთება კარგი იქნება. ხალხი წავლენ-მოვლენ დარჩება თარიღი. მოსული ხალხი კიდევ დეინახვენ ჩვენი ყოფილა უწინ, ძველათ გუკეთებიანო. ხალხს ეკლესია მოსწონ, რომ უნდა გაკეთდეს, არვინ არ იტყვის არ მოსწონან. ტურიზმი წავლენ-მოვლენო იტყვიან.

მღვდელი რომ იყოს, პრობლემა არ იქნება. აქაური ხალხი რას ამბობენ იცი? – თურქეთის ჯუმურიეთის (სახელმწიფოს) ქიმლიგი ზიდე და შენ რაცხა გინდა იყავ. მათებურა ომი, წაკიდება არ უნდანან.

მე ფოთში ჩასვლამდე ჩაველ და მევწონე, დიდი მიწა, კაი მიწა. მე ისე დევნახე ჩემი თვალით. მე ბათუმში ვიყავი, დევნახე ჯამე, ჰამა ჯამიკარსა არ მივსულვარ. ახალი ჯამე არ ვიცი, ჰამა ჰაბერში (ახალი ამბები) ყური ვკარი, გევგონე გაკეთდესო. კარგი იქნება, თუ გაკეთდება. ყოვლი ხალხი ღმერთი ერთი. ვინცხამ რა იცის, ისე წავა მის გზაზე. ისე არ არი მერე?

____

ამ მოგზაურობაში მხარდაჭრისთვის „ბათუმელები“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის „ტაქსი +“. ასევე ტურისტულ სააგენტო „ბათოტურის“ ხელმძღავანელს გელა სურმანიძესა და ფოტოგრაფ შოთა გუჯაბიძეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: