იტალიაში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში

683 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში. 25 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით იტალიაში სულ 7 503 ადამიანია  გარდაცვლილი.

დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 5 2010 ახალი შემთხვევა. ბოლო, ოფიციალური მონაცემებით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულია 74 386 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 9 362 ადამიანი, აქედან 25 მარტს 1 036 ადამიანი.

 

22 მარტს, იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ნემისმიერი მოქალაქისთვის აკრძალულია საჯარო ან კერძო ტრანსპორტით ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში წასვლა. ხოლო მათ ვისაც გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო სურს გადაადგილება, სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და თან იქონიონ.

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს „ბათუმელებს“. COVID-19 აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში. ის გადაყვანილი იქნა სარფის საბაჟოდან, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. 

დღეის მონაცემებით აჭარაში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. ექვსივე პაციენტს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის,ზაალ მიქელაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათგან ერთი პაციენტი იმყოფება განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ, რადგან აღენიშნება სხვა დაავადებებიც.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 75 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი.

 

როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“

„ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის… პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ,“ – ამბობს თბილისელი მოხალისე, თსუ-ს ტექნოლოგიების და ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის მენეჯერი, ნიკოლოზ მნათობიშვილი. იგი მე-6 დღეა პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში მოხალისეა და მოხუცებთან, ასევე, შშმ პირებთან პირველადი დახმარების ნივთები და საკვები მიაქვს.

პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში გეტყვიან, რომ საკმაოდ დიდია იმ ადამიანების სია, ვისაც უნდა დაეხმარონ. ზოგიერთ ჯგუფს საკმარისი რაოდენობის მოხალისე არ ჰყავს, სათანადო აღჭურვილობის პრობლემა აქვს, ან ბიზნესორგანიზაციების გააქტიურებას ელის…

„არ დამავიწყდება განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებიც თბილისის პერიფერიებში ცხოვრობენ, მაგალითად, ლილოს დასახლებაში,“ – გვიყვება მოხალისე ნიკოლოზ მნათობიშვილი. – „ხშირად არ გვაქვს ინფორმაცია და არც კი ვიცით, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მუყაოს ყუთებით გადატიხრულ ოთახებში, სასტიკ სიღარიბეში… ეს იმდენად დიდი ემოცია იყო, რომ ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაშიც შეიცვალა რაღაც. უფრო მეტად გიჩნდება სურვილი, რომ, ზოგადად, ჩართული იყო ყველაფერში.

ეს პლატფორმა როცა შეიქმნა, 400-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა ერთ დღეში, მაგრამ მაინც არაა ეს საკმარისი, ჩემი აზრით. კარგი იქნებოდა, სტუდენტების დაახლოებით 20 პროცენტი მაინც რომ იყოს ჩართული მოხალისეობრივ საქმეში. მე ვერეს ხეობის დატბორვის დროს ვიყავი პირველად მოხალისე და ახლაც დიდი სურვილით ჩავერთე.

ზოგჯერ ახალგაზრდებიც ფორმალურად ერთვებიან, რომ სხვებმა დაინახონ, ენთუზიაზმი გვაკლია. ხშირია მოსაზრება, რომ ვერ ხედავენ შედეგს – რომ ჩავერთო, მერე რა მოხდებაო, მაგრამ არაა ასე,“ – მიიჩნევს ნიკოლოზ მნათობიშვილი.

ბოლო რამდენიმე დღეა მოხალისედ მუშაობს ბათუმში თიკო აბაშიძე. იგი საქველმოქმედო ფონდ„იალქნის“ ხელმძღვანელია. თიკოს შეფასებით, ბიზნესს სხვების დახმარების სურვილი ამ დრომდე არ გაუჩნდა.

„ბიზნესმენებს მივწერეთ, მაგრამ გამოხმაურება ჯერ არ მიგვიღია… რამდენიმე პოსტი დავდეთ ჩვენს გვერდზე და გვეხმაურებიან ადამიანები, ზოგი თანხას გვირიცხავს, ზოგს პროდუქტი მოაქვს. 186 ოჯახს უკვე დავეხმარეთ. ჩვენ ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 100 ათასზე მეტი ქულა აქვთ, ანუ შემწეობას არ იღებენ. 200 ოჯახის სია მაქვს ახლა, ვინც გველოდება, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა…

ვეხმარებით იმ ოჯახებსაც, რომლებიც ყოველდღიურად შრომობდნენ, მაგალითად, თურქეთში გადადიოდნენ და ვაჭრობდნენ, ან თამბაქო გადაჰქონდათ და ასე შემდეგ,“ – გვიყვება თიკო აბაშიძე.

თიკო აბაშიძე

თიკო აბაშიძის თქმით, სოციალურ ქსელში საჯარო მოწოდების მიუხედავად, ამ დრომდე მოხალისეობის სურვილი ბევრს არ გამოუხატავს.

„ რამდენიმე გამოგვეხმაურა, მაგრამ პრობლემაა აღჭურვილობა, მხოლოდ პირბადე და ხელთათმანი არაა საკმარისი. ამ კუთხითაც პრობლემა გვაქვს. შესაძლებელია, მოხალისე დაგვეხმაროს, მაგალითად, პროდუქტის შეგროვებაში. ზოგი ვერ მოდის ოფისში და ურჩევნია, გამოგვატანოს… ამჟამად სულ სამი მოხალისე ვართ,“ – ამბობს თიკო აბაშიძე. ორგანიზაცია „იალქანი“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე #27, ბინა 16-ში მდებარეობს.

სხვების დასახმარებლად, განსაკუთრებით კი, უმუშევრად დარჩენილებისთვის, თანხის შეგროვება დაიწყო „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემაც. მან საკუთარი ფეისბუქიდან მიმართა ადამიანებს:

ვფიქრობ, 20 ლარი არავის დააზიანებს, ადამიანებს კი ძალიან დავეხმარებით. არ მინდა იყოს რამე შემაფერხებელი მიზეზი, ამიტომ სურვილისამებრ შეგიძლიათ დარიცხოთ 10 ან 5 ლარი, თუმცა ვისაც შეგვიძლია, იყოს 20 ლარი, საბანკო ამონაწერს დავდებ შემდეგ კვირაში, სულ რამდენი იქნება დარიცხული, ასევე დავწერ რამდენ და რომელ ოჯახებს დაეხმარეთ, გადავიღებთ ვიდეოსაც. ვფიქრობ, თითოეულ ოჯახს მივცეთ 200 ლარი, უფრო მეტი კარგი იქნებოდა, მაგრამ მაქსიმალურად ბევრი ოჯახი მოვიცვათ,“ – წერს თეონა თურმანიძე.

მარკეტინგის კომუნიკაციების სპეციალისტმა, ნათია სირაბიძემ კი ქველმოქმედების მიზნით ონლაინკურსი გახსნა. ის აპირებს 14+ ადამიანებს ასწავლოს პოზიტიური აზროვნება, პიარის ისტორია, მანიპულაციის ტექნოლოგიები, ეფექტური გაყიდვები, სოციალური პლატფორმების მართვა. ამ კურსს მსურველები უფასოდ გაივლიან, ხოლო სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ მათ ვინც, მინიმუმ 5 ლარს გადაურიცხავს რომელიმე ოჯახს ან მარტოხელა მოხუცს, ანუ იმ ადამიანს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ნათია ამბობს, რომ სახელდახელოდ შექმნილ ონლაინკურსში დღეისთვის უკვე 310 ადამიანი დარეგისტრირდა.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად თბილისში კიდევ ერთი ჯგუფი „გვერდიგვერდ“ შეიქმნა. ფეისბუქში ჯგუფს ამავე სახელწოდებით იპოვით.

„ჩვენ შეგვაწუხა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ბედმა… ადრეც იყვნენ, მაგრამ ახლა რა უნდა ქნან, უმუშევარი დარჩნენ. მე გესაუბრებით ადამიანებზე, რომელთაც მართალია პური აქვთ, მაგრამ კარტოფილი არ აქვთ, ამასაც ვერ ყიდულობენ. ჩვენთვის სულერთია, ვინ რითიც დაგვეხმარება, მივალთ, წამოვიღებთ და მივუტანთ ამ ადამიანებს. სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები ვართ და ახლა მოხალისეობა გადავწყვიტეთ,“ – გვითხრა საინიციატივო ჯგუფ „გვერდიგვერდის“ ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრე მაღრაძემ.

გვერდიგვერდ

ამ დროისთვის ყველაზე ვრცელი პლატფორმა, რომელიც მოხალისეებს აერთიანებს, „ერთიანობაა“. ეს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ზამბახიძემ შექმნა ვალერი ჩეხერიასთან და სანდრო კანდელაკთან ერთად.

ინტერნეტგვერდზე https://1anoba.ge/ შესაძლებელია დარეგისტრირდე მოხალისედ და საკუთარი მონაცემები მიუთითო. აქვე რეგისტრირდებიან ბიზნესორგანიზაციები, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია. ამავე გვერდზე რეგისტრირდებიან ბენეფიციარები, რომლებსაც დახმარების მიღება სურთ. ბენეფიციარი, თუ მას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, შესაძლებელია ის ოჯახის ახლობელმა დაარეგისტრიროს.

„ამ დროისთვის ჩვენ უკვე ვიყავით 60 ოჯახში და მისასვლელი ვართ 120 ოჯახში, მოხალისედ დარეგისტრირებულია დაახლოებით 900 ადამიანი. ეს მონაცემები იცვლება და ახლა ვაწყობთ ამ სისტემას, გვინდა, რაც შეიძლება გამართული და კარგად ორგანიზებული სისტემა შევქმნათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ზამბახიძემ, „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

„ერთიანობის“ ფარგლებში ძირითადად ეხმარებიან შშმ პირებს, მარტოხელა დედებს, ასევე 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მათ, ვისაც სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა აქვს.

ფოტო „ერთიანობის“ ფეისბუქგვერდიდან

„პრობლემები არის, მაგალითად, გადაფარვის კუთხით… გვინდა, რომ სისტემურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და აღარ მივიდეთ იმ ოჯახში, სადაც თბილისის მერია იყო. გვაქვს დონორებთან მოლაპარაკება, რომ მოხალისეები გადაამზადონ პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით. ჩვენ უნდა გვყავდეს მოხალისეთა რეზერვი.

ასევე ვამზადებთ რუკას, სადაც რეგიონების მიხედვით იქნება გაშლილი მოთხოვნები. ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ მარნეულსა და ბოლნისშიც, სადაც აკრძალული არაა საკვების გადატანა, ანუ შესაძლებელია მივიტანოთ საკვები და იქაურ მოხალისეებს დავუტოვოთ,“ – გვიყვება ნინო ზამბახიძე. ის მოხალისეების გამოჩენას რეგიონებშიც ელის.

პლატფორმა „ერთიანობის“ ორგანიზატორი საუბრობს პრობლემებზეც, რომელიც უკვე გამოჩნდა:

„მაგალითად, გვითხრა მოქალაქემ, რომ სჭირდებოდა საკვები პროდუქტი და როცა მივიდნენ მოხალისეები, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ უფასო საკვები მოინდომეს, სახლიდან გასვლა დაეზარათ და მოგვმართეს… ასევე იყო შემთხვევა, როცა ფულის სასწრაფო ჩარიცხვას გვთხოვდა მოქალაქე და მერე ანგარიშის დასახელების დროს თავადაც აერია და „აჭარაბეთის“ ანგარიშზე დამიდეთ თანხაო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ნინო ზამბახიძემ.

ფოტო „ერთიანობის“ ფეისბუქგვერდიდან
ფოტო ფეისბუქგვერდიდან

„მოქალაქეები ითხოვენ გადასახადების გადავადებას“ – ენერგოომბუდსმენი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადავადებას ითხოვენ – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი [ენერგოომბუდსმენი] სალომე ვარდიაშვილი ესაუბრა. იგი ამბობს, რომ მომხმარებელთა მიმართვა გაიზარდა.

„ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვა და სხვა მიზეზების გამო, ზოგი უხელფასოდ დარჩა, ზოგს მატერიალური მდგომარეობა გაუუარესდა, ითხოვენ გადასახადების გადავადებას“ – გვითხრა სალომე ვარდიაშვილმა.

იგი განმარტავს, რომ არცერთი მიმართვა გადასახადის პატიებას არ ითვალისწინებდა და მომხმარებლები მხოლოდ გადავადებას ითხოვენ, თუმცა მას, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველს, ამაში მოქალაქეების დახმარება არ შეუძლია.

„კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დაწესება პოლიტიკის თემაა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღება სამთავრობო დონეზე. სხვა შემთხვევეში შუამდგომლობები, რომც მქონდეს, დარჩება თხოვნად და სხვა არანაირი რეაგირება არ მოჰყვება.

ამ ეტაპზე თქვენ იცით, რომ მთავრობამ გადადგა არაერთი შემხვედრი ნაბიჯი, ისეთი, როგორიცაა გარკვეული გადასახადების გადავადება. თუმცა, ამ დროის ინფორმაციით, ეს არანაირად არ ეხება კომუნალურ გადასახადებს და როგორც ვიცი, არც იგეგმება“ – ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

კითხვაზე, რა რეკომენდაციები აქვს მომხმარებელთა უფლებების დამცველს კერძო კომპანიებისთვის, ასევე მთავრობისთვის ქვეყანაში შექმნილი კრიზის ფონზე, სალომე ვარდიაშვილმა გვიპასუხა, რომ მას კერძო კომპანიებისთვის ჰქონდა რეკომენდაციები, რომლებიც არ ითვალისწინებდა გადასახადების გადავადებას, მან კომპანიებს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება სთხოვა, იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ შეფერხდეს მიწოდება და როგორც თავად ამბობს, ეს რეკომენდაციები კომპანიებმა გაითვალისწინეს.

„ეს არის კანონით დადგენილი წესი და კანონის შეცვლა ჩემს რეკომენდაციასაც არ შეუძლია. ეს არის პოლიტიკის საკითხი, შესაბამისად, თანხების გადავადებაზე არანაირი რეკომენდაცია არ მქონია მთავრობასთან. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამაზე შეუძლიათ იფიქრონ მუნიციპალიტეტების დონეზე, მათ შეუძლიათ გარკვეული შეღავათების გაწევა მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ – ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

ამავე თემაზე: 

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

მარნეულში 1000 ადამიანს ტესტს უტარებენ კორონავირუსზე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 25 მარტს, მარნეულში 1000 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირებას  ჩაუტარებენ.  მარნეულში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც.

„ტესტები ჩინეთიდან არის შემოტანილი. ტესტირება პირველ რიგში იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, ვისაც კონტაქტები ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთან“ – გვითხრეს სამინისტროში.

მარნეულში კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების ტესტირება დღეს, 25 მარტს დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ამ დროისთვის მარნეულში 25-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება ვირუსის სიმპტომები და პირველ რიგში ტესტი მათ ჩაუტარდებათ.

ტიკარაძის თქმით, 200 ათას ტესტის შესყიდვაზე აქვს სახელმწიფოს ხელშეკრულება გაფორმებული და ტესტები მალე შემოვა ქვეყანაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში 23 მარტს კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

ორ მუნიციპალიტეტში კარანტინის მიზეზი გახდა ინიფიცრიებული პაციენტი მარნეულიდან, რომელსაც რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე ორი დღის მანძილზე, რაც მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ზომები შემოიღეს, ექიმებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 20 000-ზე მეტი ადამიანი მოინახულეს, გამოკითხეს და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩაუტარეს.

მათ შორის, ჩიქოვანის თქმით, მოქალაქეებს გაუზომეს ტემპერატურა და 20 000-დან სიცხე 25 ადამანს აღმოაჩნდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იმ პირებს შორის, რომლებსაც შემოწმებისას ტემპერატურა დაუდგინდათ, მხოლოდ 2 იყო საყურადღებო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა თანხების მობილიზება [ვერ] მოხერხდება ბათუმის ბიუჯეტში

2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით ბათუმის ბიუჯეტში წლის ბოლოს 158 მილიონი ლარი უნდა აისახოს.  ამაში შედის, როგორც ადმინისტრაციული გადასახდელები,  რენტის სახით და საკუთრებიდან მიღებული თანხები, ასევე, სხვა და სხვა გადასახდელი. მათ შორის რამდენიმე სახის გადასახადი მერიამ მთავრობის რეკომენდაციით გადაავადა.

პროგნოზის მიხედვით, მერია 32 მილიონის ამოღებას სათამაშო ბიზენისადან გეგმავდა, ამ დროისთვის ბათუმში სხვა კომერციულ ობიექტებთან ერთად ყველა კაზინო გაჩერებული და დაკეტილია, ისევე როგორც სასტუმროები და სხვა სახის ტურისტული ობიექტები.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მერიამ რამდენიმე კულტურული ღონიძიება შეაჩერა, რომელთა გამართვის ორგანიზებისთვისაც ბიუჯეტში ასობით ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, ეს თანხები შესაძლებელია სხვა მიმართულებითაც მიმართონ, თუმცა ის ვერ გაუტოლდება იმ დანაკლისის ნახევარსაც კი, რომელიც შეიძლება წლის ბოლოს, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს დააჩნდეს. აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შემოსავლების კუთხით 301 მილიონი ლარის აკუმულირებაა დაგეგმილი.

მესამე კვარტალში გადაუხდელ თანხებს, რომელებიც მთავრობამ ბიზნესს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გადაუვადა, რესპუბლიკურ ბიუჯეტში მეოთხე კვარტალში ელოდებიან, თუმცა ბიზნესის მეპატროენეებმა ჯერ ისიც კი არ იციან,  შეძლებენ თუ არა ხელფასები გადაუხადონ მარტში დისტანცირებულ შრომაზე გადასულ თანამშრომლებს.

ამ ფონზე როგორ შეძლებს მთავრობა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში თანხების მობილიზებას? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს.

„ამ შემთხვევაში მხოლოდ კვარტლებს შორის გადანაცვლება მოხდება. განკარგულების შინაარსის მიხედვით, რაც მიიღო მთავრობამ, ამით არ მომხდარა გადასახადებისგან გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ითვალისწინებდა გადასახადის გადავადებას მეოთხე კვარტლამდე, 2 სექტემბრამდე მიეცათ კომპანიებს შეღავათი, რომ მესამე კვარტალში არსებული გადახდები გადაეხადათ მეოთხე კვარტალში. კვარტლებს შორის გადანაცვლება ხდება, მესამე კვარტლის თანხები აკუმილირებული იქნება მეოთხე კვარტლის ბოლოს“- ამბობს აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინიტრის მნოადგილე თორნიკე კუჭავა.

როგორი მოცემულობა იქნება ბათუმის ბიუჯეტი წლის ბოლოს შემოსულობების ნაწილში,  ამის შესახებ ბათუმის მერიის მთავარი ფინანასტი არ საუბრობს. ის ამბობს, რომ ჯერ მუშაობენ, ამიტომაც პროგნოზებზე საუბარი ნაადრევია.

აჭარის მთავრობაში ჯერ არც ის იციან, რა თანხას მიიღებს აჭარა იმ თანხიდან, რომლის გამოყოფასაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორის სტიმულირებისთვის გეგმავს.

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

https://netgazeti.ge/news/436132/

ესპანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო – CNN

CNN წერს, რომ ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 3434 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინს მერე 27%-ით გაიზარდა. ქვეყანას ჯამში ინფიცირების 47 61 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული.

ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 6820.

ფოტო: CNN / ვირუსით გარდაცვლილები მიჰყავთ მადრიდში, პალაციო დე ჰიელოს ყინულის მოედანზე, რომელიც მორგად გადაკეთდა. ფოტო: კარლოს ალვარესი/Getty Images

არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა – სამინისტრო მშობლებს რჩევებს აძლევს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, რომ სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდეს. გარდა ამისა, დღეს 25 მარტს, სამინისტრომ რჩევები მისცა მშობლებსაც.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ.

[checklist]

  • დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს.
  • დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს…
  • შეინარჩუნეთ  ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან –  გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები.

[/checklist]

შეადგინეთ კვირის გეგმა

გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც. ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა – მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა. გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

მოუსმინეთ ბავშვებს

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური  მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე.

უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ

შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს.  ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი – გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი – საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები. გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ  მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება

როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით – მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ.

შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა

დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში:

[checklist]

  • ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი;
  • წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას;
  • იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ;
  • დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე;
  • ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს.

[/checklist]

იმ შემთხვევაში თუ მშობლები ვერ შეძლებენ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას, ასეთ შემთხვევაში სამინისტრო მშობლებს ფსიქოლოგთან დაკავშირებას სთავაზობს.

„მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზის ნომერია: 08 00 00 00 88. საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით [Skype  pscenter] მომსახურება უფასოა“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ძალიან გვწყინს, როცა წერენ, „წავიდნენ თავიანთ აზერბაიჯანში“ – სიძულვილის კამპანია FB-ში

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში იმატა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებმა.

აქტივისტები, რომლებმაც ფეისბუქში სიძულვილის ენის საპასუხოდ კამპანია წამოიწყეს, ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში იწერება უამრავი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი. ამის საპასუხოდ, აქტივისტები და მხარდამჭერები კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში აზიარებენ ტექსტს  –  „ვარ მარნეულელი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!“

„ბათუმელები“ ესაუბრა სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ წევრებს და სხვა აქტივისტებს, რომლებიც ამბობენ, თუ რატომ არის სახიფათო სიძულვილის ენით საუბარი და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების და დანარჩენი საზოგადოების რეაქციაზე ასეთ დროს.

ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვის აზრით,  ჩნდება შთაბეჭდილება, რომ აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფები ხელსაყრელ  მომენტს ეძებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ სომხური თემის მიმართაც იგივე აგრესია იქნებოდა, რასაც აზერბაიჯანული თემის მიმართ ავლენენ. ახლა მიეცათ საშუალება ვიღაც-ვიღაცებს, რომ  კორონავირუსის საფარქვეშ  გააღვივონ შოვინისტურ-ნაციონალისტურიგრძნობები,“- ამბობს „ბათუმელებთან“ ოქტაი.

მისი თქმით, შესაძლოა ზოგიერთ ფეისბუქანგარიშის მიღმა ე.წ. ბოტები და ტროლები იმალებიან, „მაგრამ მათ უკან ხომ დგას ვიღაც, ვისგანაც დაკვეთას იღებენ“? – ამბობს ის.

ოქტაის აზრით, ასეთ დროს, სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს დროული და ადეკვატური: „ჩვენ იმიტომ გვყავს მთავრობა დაქირავებული, რომ სწორედ ასეთ მავნე გამოვლინებებს ებრძოლოს. ამ დრომდე, მთავრობის წევრებიდან მხოლოდ ორი ადამიანის, არჩილ თალაკვაძის და ქეთევან ციხელაშვილის გამოხმაურება ვნახეთ,  ვფიქრობ პრემიერის, პრეზიდენტის დონეზეც უნდა გაკეთდეს განცხადება ამაზე, რომ შეწყდეს სიძულვილის გამომხატველი კომენტარები“.

ოქტაი ქაზუმოვის აზრით, როცა ერთი კონკრეტული ადამიანი არღვევს კანონს, ის არ უნდა განზოგადდეს მთელ ჯგუფთან ან ეთნოსთან.  მისი თქმით, ფეისბუკქზე დაწყებული კამპანიის (challenge) მიზანიც ის არის, რომ ადამიანების ცნობიერება შეიცვალოს.

„პირველი, გვინდა ამ კამპანიით ვაჩვენოთ, რომ ახლა უფრო მეტად არის საჭირო სახელმწიფოებრივი აზროვნება. იმ სიძულვილს, რომელსაც ცალკეული ადამიანები ავლენენ სოციალურ  ქსელებში, ჩვენ არ ვაზოგადებთ მთლიანად ქართულ ეთნოსზე, ჩვენ ვუდგებით ინდივიდუალურად და არ ვამბობთ „ქართველი ფაშისტები“ და ა.შ. ჩვენ ვამბობთ, რომ ფაშიზმს არ აქვს ეროვნულობა, ეთნიკური ნიშანი და შესაბამისად, ვინც აშავებს  და ქადაგებს შეუწყნარებლობას, შოვინიზმს და ნაციონალიზმს, მათ ვებრძვით როგორც კონკრეტულ პიროვნებას, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა. თუკი რომელიმე ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე განაზოგადებს ამ საკითხს მთლიანად ქართველებზე, მათ მიმართაც გვექნება შესაბამისი რეაქცია“ – გვეუბნება ოქტაი.

„მეც ვაპირებდი ვიდეოს გადაღებას ამ კამპანიის ფარგლებში, რადგან ძალიან დამწყდა გული სიძულვილის შემცველ კომენტარებზე. სამწუხაროა ისიც, რომ ასეთ შემთხვევებშიც კი ადამიანები მზად არიან თავდასხმისთვის,“ – გვეუბნება აითაჯ ხალილლი.

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს დღემდე უწევთ იმის მტკიცება, რომ ისინი ამ ქვეყანაში სტუმრად არ არიან. „ჩვენ  ეს ქვეყანა, საქართველო გვიყვარს იმ განცდებით და გრძნობებით, როგორც ქართველებს,“ – ამბობს ის.

მაჰარამ გოიუშლუც ეხმაურება ამ პროცესებს. მისი თქმით, ის გარემოება, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემი სახელმწიფო ენას კარგად არ ფლობს, არ არის მათი დანაშაული: „ეს არის სახელმწიფოს და განათლების სისტემის ბრალი, რადგან როცა 12 წელი სწავლობ სკოლაში და მაინც ვერ გასწავლიან ენას სათანადოდ“.

გარდა ამისა, მაჰარამ გოიუშლუც მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი დევნა ეთნიკური ნიშნით მიუღებელია.

„ჩემს პირადობის მოწმობაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და არა აზერბაიჯანის. მე ამ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქედ ვგრძნობ თავს და რა შუაშია აქ აზერბაიჯანი ან სხვა ქვეყნები, არ ვიცი. არ მესმის, ასე დისკრიმინაციულად რატომ აზროვნებენ ადამიანები. ეს ძალიან გვაწუხებს ახალგაზრდებს,“ – გვეუნება მაჰარამი.

მისი აზრით,მარნეულში კორონავირუსის გამოვლენა ვიღაცისთვის მხოლოდ საბაბი იყო:

„მარნეულში გამოვლინდა ერთი ფაქტი დაინფიცირების, მანამდე იყო 40-ზე მეტი შემთხვევა საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ასეთი აგრესია არ ყოფილა. მე ახლა ქვემო ბოლნისში ვარ, სოფელში და ადამიანები ცდილობენ დაიცვან იზოლაციის წესები.  სოფელში პატარა აფთიაქია და არანაირი სადეზინფექციო საშუალებები აღარ არის.

უფროსი ასაკის ადამიანებმა არ იციან კარგად ქართული, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება, რიგდება პროშურები, მეც ჩემი მხრივ ჩართული ვარ ამ პროცესში,“ – გვეუბნება მაჰარამი.

ფეისბუქში აგორებულ სიძულვილის შემცველ კომენტარებს ეხმაურება ჩინარა კოჯაევაც. ის მიიჩნევს, რომ ძალა ერთობაშია და დღეს არსებული გამოწვევების ფონზე ნამდვილად არ არის სიძულვილის დრო.

„ძალიან გვწყინს, როცა წერენ – „წავიდნენ თავიანთ აზერბაიჯანში“, ჩვენ საქართველოში დავიბადეთ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და საქართველო ჩვენი ქვეყანაცაა. ახლა უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით და არა ვიჩხუბოთ.

მე პირადად, ბევრი ქართველი მიდგას გვერდით, ბევრისგან ვგრძნობ მხარდაჭერას და არასდროს მსმენია მსგავსი დისკრიმინაცია, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც აქ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ისე წარმოაჩენს, თითქოს გაუნათლებლები ვართ და არაფერი არ ვიცით“.

დღეს, 25 მარტს, ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატულ სიძულვილის ენას პლატფორა „არა-ფობიაც“ გამოეხმაურა, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის ტალღის გამო, რომელიც მარნეულის კარანტინსა და თანმდევ მოვლენებს მოჰყვა.

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია – BBC

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპა კორონავირუსის ინფექციის ახალი ეპიცენტრი გახდა, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება აშშ-ში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. მრავალი ქალაქი და ქვეყანა კარანტინშია, შეწყვეტილია ავიამიმოსვლა, გაუქმდა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები.

ვირუსის მასშტაბური გავრცელების მიუხედავად, ჩინეთთან ახლოს მდებარე რამდენიმე ქვეყანამ შეძლო წარმატებით შებრძოლებოდა Covid-19-ის პანდემიას.

„არის ქვეყნები, რომელთაც მიიღეს ზომები და შეძლეს ეპიდემიის შეკავება. ჩემი აზრით, ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ მათგან. არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩინეთზე, სადაც Covid-19-ის  შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც იქ მიიღეს მკაცრი კარანტინის ზომები, რაც, შესაძლოა, უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში რთული იქნებოდა. რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ზომები, რომელიც ასევე ეფექტური აღმოჩნდა,“  – უთხრა BBC-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეპიდემიოლოგმა ტოლბერტ ნენსვამ.

მაგალითად,

  • ჩინეთის მეზობელ ტაივანში, სადაც 23,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის მხოლოდ 215 შემთხვევაა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.
  • ჰონგკონგს, სადაც 7,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სახმელეთო საზღვარი აქვს ჩინეთთან, თუმცა აქ ორ თვეში დადასტურებულია მხოლოდ 155 შემთხვევა, მათგან 4 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა ბოლო კვირაში შემთხვევების რაოდენობამ აქაც იმატა და ვირუსთან ბრძოლის ახალი მეთოდები იქნა მიღებული.
  • იაპონიაში, სადაც ცხოვრობს 120 მილიონი ადამიანი, ინფიცირების 1 100 შემთხვევაა, მაშინ როცა სამხრეთ კორეაში იტყობინებიან 9 ათასი ინფიცირებულის შესახებ, თუმცა ამ ქვეყანაშიც ინფექციის გავრცელება და გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო კვირებში შემცირდა.

პროფესორი ნენსვა მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნებმა წარმატებით აღკვეთეს კორონავირუსის გავრცელება სწორედ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებდნენ სწრაფად და გამოიყენეს ბრძოლის ახალი მეთოდები.

მაშ ასე, როგორია  კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური სტრატეგიები?

1. ტესტირება, ტესტირება და ისევ ტესტირება! 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ადრეული დიაგნოსტიკა არის ვირუსის გავრცელების შემაკავებელი ძირითადი ფაქტორი.

„რთულია იცოდე ვირუსის გავრცელების მასშტაბი და მიიღო შესაბამისი ზომები, თუ არ იცი რამდენი ადამიანია ინფიცირებული,“ – ამბობს პროფესორი ნენსვა.

მას ეთანხმება პროფესორი კრის ჯონსონიც, ეპიდემიოლოგი ტემპლის უნივერსიტეტიდან [აშშ].  იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გახდა ვირუსის გავრცელების შემაკავებელი – იმ ქვეყნებში, სადაც იყენებდნენ ტესტირებას, ინფიცირების მაჩვენებლებმა იკლო, მაშინ როცა იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირება არ იყო პრიორიტეტული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

„სამხრეთ კორეის ხელისუფლება დღეში ათი ათასამდე ადამიანს უტარებდა ტესტირებას, ეს ნიშნავს, რომ მათ ორ დღეში უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება, ვიდრე შტატებში მთელი თვის განმავლობაში,“ – უთხრა პროფესორმა ჯონსონმა BBC -ის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი აღნიშნავს, რომ ყველა იმ ადამიანის ტესტირება, რომელსაც აქვს კორონავირუსის სიმპტომები, არის პანდემიის აღმკვეთი.

„ჩვენ მარტივი რჩევა გვაქვს ყველა ქვეყნისთვის – დატესტეთ, დატესტეთ, დატესტეთ! ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირების საშუალება, მათ არ შეუძლიათ ებრძოლონ ამ პანდემიას დახუჭული თვალებით,“ – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. 

ის არ ეთანხმება სტრატეგიას, რომლის თანახმადაც ანალიზს უღებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ, რადგან იდენტიფიცირების გარეშე, იოლ ფორმებში გამოხატული ვირუსის გავრცელება გაგრძელდება.

2. ინფიცირებულების იზოლირება 

„სამხრეთ კორეა და ჩინეთი შესანიშნავად გაუმკლავდნენ მოქალაქეების ტესტირებას და კარანტინს,“  – აღნიშნავს პროფესორი ჯონსონი.

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოავლინა „სუპერ სიფხიზლე“ ვირუსის სავარაუდო გავრცელების კერების მიმართ და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მნიშვნელოვანწილად ინფიცირების მაჩვენებლის კლების მიზეზი.

„ადამიანებს მაღალი ტემპერატურით აგზავნიან სპეციალურ კლინიკებში, სადაც ხდება მათი ტესტირება Covid-19-ზე. თუ მათ აღმოაჩნდებათ ვირუსი, ხდება მათი იზოლირება ე.წ. საკარანტინო სასტუმროებში, რომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ,“ – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

ტაივანში, სინგაპურსა და ჰონგკონგში გამოიყენეს კიდევ ერთი მეთოდი: ისინი ახდენენ ყველა პოტენციურად სარისკო შემთხვევის იზოლირებას სახლში და ყველას, ვინც არღვევს კარანტინს, 3 ათასზე მეტი დოლარით აჯარიმებენ.

მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც პროფესორი ჯონსონი ამბობს, ყველაზე მთავარია ინფიცირებულების გამოვლენა და შესაძლო ინფიცირებულებისათვის თვალის დევნებაა.

მაგალითად, ტაივანსა და სინგაპურში ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდს მიმართავს იმის დასადგენად, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ინფიცირებულს – პაციენტისგან მიღებული ინფორმაციით დაწყებული, სათვალთვალო კამერების შემოწმებისა და ტრანსპორტით გადაადგილების აღრიცხვის ჩათვლით.

„12 მარტს ჰონგკონგში იყო 445 შემთხვევა და 14 900 ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარეს იმ ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში. მათგან 19 კორონავირუსით აღმოჩნდა ინფიცირებული,“ – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

3. მომზადება და სწრაფი რეაქცია 

პროფესორი ნენსვა ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ლოკალიზებისთვის უმნიშვნელოვანესია სწრაფი მოქმედება მანამ, სანამ ინფექცია მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოიცავს.

ისეთმა ქვეყნებმა, როგორცაა ტაივანი და სინგაპური, აჩვენეს, რომ ინფიცირებულების ადრეული დიაგნოსტიკა და იზოლაცია შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ეპიდემიის შესაჩერებლად.

ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექიმების ასოციაციის ჟურნალში [Journal of the American Medical Association]  გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტაივანის წარმატება ემყარება იმ ფაქტორს, რომ ქვეყანა უკვე მზად იყო მსგავსი სიტუაციისთვის და ჯერ კიდევ 2003 წელს აქ დაარსდა ეპიდემიოლოგიური კონტროლის ცენტრი.

ცენტრს, რომელიც შეიქმნა რეგიონში SARS ვირუსის აფეთქების შემდეგ და აერთიანებს რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და სამთავრობო უწყებას, უკვე შემუშავებული ჰქონდა როგორც თეორიული ბაზა, ასევე რეაგირების კონკრეტული მეთოდები.

„იყო მზად მოქმედებისთვის და იმოქმედო სწრაფად – ეს არის უმთავრესი დაავადების აფეთქების ადრეულ სტადიაზე. ევროპასა და აშშ-ში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები არა მხოლოდ მზად არ იყვნენ, არამედ რეაგირებდნენ ძალიან ნელა,“  – ამბობს პროფესორი ნენსვა.

იანვრის შუა რიცხვებში, მანამ, სანამ დადასტურდებოდა, რომ ახალი კორონავირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით, ტაივანმა უკვე დაიწყო ყველა იმ მგზავრის მოკვლევა და მათზე დაკვირვება, რომლებიც იმყოფებოდნენ უჰანში, საიდანაც კორონავირუსის აფეთქება დაიწყო.

ჰონგკონგის ხელისუფლებამ დაიწყო ტემპერატურის გაზომვა ქვეყანაში ყველა შემომსვლელ პუნქტზე უკვე 3 იანვრიდან და  14-დღიან კარანტინში სვამდა ქვეყანაში შემოსულ ყველა ტურისტს, ექიმებმა კი მიიღეს ბრძანება, ეცნობებინათ უჰანიდან ჩამოსული ყველა იმ პირის შესახებ, რომელთაც აღენიშნებოდათ ტემპერატურა ან რესპირატორულ-ვირუსული დაავადების ნიშნები.

4. სოციალური დისტანცირება 

„როცა ვირუსი გავრცელებას იწყებს, შემაკავებელი ზომები უკვე აღარ მუშაობს,“ – ამბობს პროფესორი ნენსვა.

გავრცელების სტადიაზე მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტური მეთოდია სოციალური დისტანცირება, როგორც ეს გააკეთეს ჰონგკონგსა და ტაივანში.

ჰონგკონგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ხალხი უნდა გადასულიყო დისტანცირებულ მუშაობაზე, დაკეტეს სკოლები და გააუქმეს ყველა ღონისძიება.

სინგაპურში, ადგილობრივ გაზეთ Straits Times-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ დაეკეტა სკოლები, მაგრამ ყოველდღიურად ატარებდნენ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტესტირებასა და მონიტორინგს.

5. ჰიგიენის ნორმების დაცვის პროპაგანდა 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ხელების რეგულარული დაბანა და ჰიგიენის ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

ბევრმა აზიურმა ქვეყანამ გამოიტანა ეს დასკვნა 2003 წელს, SARS ვირუსის აფეთქების შემდეგ. ამ ქვეყნებში მიხვდნენ, რომ ადამიანი არ ავადდება და ინფექციას არ გადასცემს სხვას, თუ კი დაიცავს ჰიგიენის ნორმებს.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სინგაპური, ჰონკონგი და ტაივანი, სპეციალური დისპენსერები ანტიბაქტერიული გელით პირდაპირ ქუჩაში დგას და იქ უკვე ძალიან პოპულარულია ნიღბის ტარება პროფილაქტიკის მიზნით.

იმის მიუხედავად, რომ ნიღაბი არც ისე ეფექტურია ინფიცირებისგან თავის დასაცავად, იგი მაინც ამცირებს რისკს, რომ ინფიცირებული ადამიანი ინფექციას სხვას გადასდებს დაცემინებისა და დახველების დროს.

____________________

წყარო: BBC 

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/YONHAP

სილქნეტის შეთავაზება, რომელიც ყველას გამოადგება, განსაკუთრებით მოსწავლეებს და სტუდენტებს

საყოველთაო თვითიზოლაციის პერიოდში, განსაკუთრებით კი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, სილქნეტმა უპრეცედენტოდ გაამარტივა ფიქსირებული ინტერნეტის გამოყენება, რისთვისაც შეიმუშავა ერთდღიანი და ერთკვირიანი შეთავაზებები. მათ, ვისაც დავალიანების გამო შეზღუდული აქვს ინტერნეტის მომსახურება, შესაძლებლობა ეძლევა სერვისის აღდგენის მოქნილი სქემით ისარგებლოს. 

[checklist]

  • 1 დღით პაკეტის აღდგენის ღირებულება – 1.5 ლარია;
  • 7 დღით პაკეტის აღდგენა შესაძლებელია – 10 ლარად; 

[/checklist]

ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ვინც დისტანციურ სწავლებას გადიან. 

სერვისის გააქტიურებისთვის, აბონენტმა უნდა დააფიქსიროს მოთხოვნა ცხელ ხაზზე 2100 100. აბონენტს გაუაქტიურდება ის ინტერნეტ პაკეტი, რასაც დავალიანებამდე მოიხმარდა. 

კომპანია სილქნეტი ზრუნავს, რომ მომხმარებელს სხვადასხვა მოქნილი სქემა შეთავაზოს, როგორც დავალიანების გადახდის, ისე მრავალფეროვანი აქციების კუთხით. ამჟამად, მიმდინარეობს მობილურ ქსელში ყველაზე მოთხოვნადი პაკეტების აქცია „სილქფესტის კვირეული“, ხოლო ოპტიკურ ქსელში „ბუსტის“ აქცია, რომელიც ერთი თვით უფასოდ გაუზრდის ინტერნეტ სიჩქარეს აბონენტს.

#დარჩისახლში#სილქნეტიზრუნავს

როგორ მკურნალობენ COVID-19-ს საქართველოში – მთავრობამ პროტოკოლი დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა 37-გვერდიანი პროტოკოლი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით 24 მარტს შევიდა ძალაში.

პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული COVID19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს.

COVID-19 პაციენტის მოვლა და მკურნალობა

პროტოკოლის თანხმად, COVID-19 შესაძლოა მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ.

მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ (კრიტიკულად).

ინკუბაციური პერიოდის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 1-14 დღეს, უმეტესად – 4-7 დღეს.

მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია. აღენიშნებათ მხოლოდ დაბალი ცხელება და საშუალოდ გამოხატული სისუსტე. მსუბუქად მიმდინარე დაავადების დროს სიმპტომების გაჩენიდან საშუალოდ 20 დღეში პაციენტი გამოჯანმრთელდება.

პროტოკოლის მიხედვით მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის. თუმცა ინფექციის გადაცემის პრევენციისთვის აუცილებელია პაციენტის იზოლაცია. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმტომური მკურნალობა, მათ შორის ცხელებით პაციენტებს უნდა დაენიშნოთ ანტიპირეტული საშუალებები.

მძიმე მიმდინარეობისას დაავადება პროგრესირებს სწრაფად. შესაძლოა განვითარდეს მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, მეტაბოლური აციდოზი, მულტი-ორგანოთა უკმარისობა და სხვა.

პროტოკოლის თანახმად, COVID-19-ით პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

ახლი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის შესახებ პროტოკოლში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი და ზოგიერთი მკვლევარის და ექსპერტის აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას.

[red_box]ვრცლად კვლევების შესახებ წაიკითხეთ აქ: 2 მასშტაბური კვლევა კორონავირუსის სამკურნალო საშუალების დასადგენად[/red_box]

პროტოკოლში წერია, რომ მსოფლიოში არსებული გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ითვლება ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რომლითაც მკურნალობას უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები არ საჭიროებენ. მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად. საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) ინიშნება შესაბამისი სქემით.”

ეს მედიკამენტი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID19-ის საპროფილაქტიკოდ, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

პროტოკოლში ვკითხულობთ, რომ ჰიდროქსიქლოროქინის ხელმისაწვდომობის არარსებობის შემთხვევაში, მის ალტერნატივად განიხილება კიდევ რამდენიმე მედიკამენტი, რომელთა ეფექტიანობას ჯერ კიდევ სწავლობენ.

გადაცემის გზები
  • COVID-19 გადაცემა ხდება წვეთოვანი და კონტაქტური გზით.
    შემთხვევათა უმრავლესობა ინფიცირდება სიმპტომურ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტით. ინფექციის წყარო შესაძლოა ასევე იყოს პაციენტი ასიმპტომური ინფექციით.
  • დახურულ სივრცეებში დიდი ხნით ყოფნისას ადამიანების ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ასევე აეროზოლითაც.
  • SARS-CoV-2 მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების და მაღალი ტემპერატურის მიმართ. გარემოში ძლებს რამდენიმე დღე (მაქსიმუმ 9 დღე). 560C-ზე ცოცხლობს 30 წუთი.
  • ვირუსი ინაქტივირდება უნივერსალური სადეზინფექციო (ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, 75%-იანი ეთანოლი, ქლოროფორმი, ქლორის შემცველი სხვა ნივთიერებები და სხვ.) საშუალებების გამოყენებით. საყოფაცხოვრებო სარეცხი დეტერგენტების გამოყენება ვირუსით დაბინძურებული ზედაპირების და საგნების გასაწმენდად ეფექტიანია.

26 მარტს ბათუმის ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 26 მარტს, 23 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება.

პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება.

მერიის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდება აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც და ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

„სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება. მოსახლეობას ვთხოვთ, ხვალ, 23 საათიდან თავი შეიკავოს აღნიშნული ქუჩებით გადაადგილებისგან,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

______________________

ფოტო:  ბათუმის მერია/სადეზინფექციო სამუშაოები

მცირე სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო გადაუხდის

4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროებს, რომლებსაც აქვთ ბანკის სესხი და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა პროცენტი გადაიხადონ, სახელმწიფო დაუფინანსებს სესხზე დარიცხული პროცენტის 80 პროცენტს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტს – უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.

მეწარმემ, რომელსაც მცირე, საშუალო ან საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს, კომერციულ ბანკში, საიდანაც სესხი აქვს აღებული, 2020 წლის 1-ელი  აპრილიდან 2020 წლის 1-ელი მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა წარადგინოს განცხადება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

მცირე სასტუმროს სესხი მიღებული უნდა ჰქონდეს [სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის ან/და რეკონსტრუქციის მიზნით] 2020 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით. სახელმწიფო კი, ზემოთ აღნიშნული ოდენობით სესხის პროცენტს გადაუხდის 6 თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

[checklist]

  • კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 ლარს.

[/checklist]

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში კი:

[checklist]

  • 300 000 აშშ დოლარს – აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;
  • 250 000 ევროს – ევროში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;

[/checklist]

[toggle title=”პროგრამა სრულად ნახეთ აქ:“]

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ   ბანკთან  გაფორმებული  აქვს სესხის  ხელშეკრულება  სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;

ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

ზ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მცირე, საშუალო, საოჯახო, გესთჰაუსის ტიპის სასტუმროებს), რომელიც გათვალისწინებულია სასტუმროდ, განთავსებულია ერთ საკადასტრო კოდზე ერთმანეთთან დაკავშირებული არანაკლებ 4 და არა უმეტეს 50 ფუნქციონირებადი სასტუმრო ნომრისგან;

თ) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში არსებულ ფართობზე განთავსებულ სასტუმროში;

ი) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;

კ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ლ) განაცხადი − კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მის პორტფელში პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სესხების თაობაზე;

მ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;

ნ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;

ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 1-ელი აპრილიდან 2020 წლის 1-ელი მაისის ჩათვლით პერიოდში.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე, საშუალო და საოჯახო ტიპის სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა ადგილობრივი სასტუმროებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისათვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

მუხლი 3. თანადაფინანსების მექანიზმი

1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას (რომელიც დათვლილია 2020 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით არსებულ სესხზე მომდევნო 6 თვის პერიოდზე),  სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის გამოყენება იმ სესხებისათვის, რომლის ვადამოსული გადახდა გრაფიკის შესაბამისად დგება მიმდინარე წლის 1-ელი მარტის შემდეგ, შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1-ელი მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1-ელ მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.

2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

3. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

4. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ის ბენეფიციარი, რომელთანაც სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული ამ დადგენილების შესაბამისად სესხის პროცენტის თანადაფინანსების 24-თვიანი პერიოდი.

5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.

6. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის ბენფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში:

− 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;

− 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ევროს – ევროში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში;

გ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.

2. პროგრამით გათვალისწინებული დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე მხოლოდ სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი/სესხები.

მუხლი 5. თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი,  თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-4 მუხლის  მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს.

3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად,  პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2020 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით მომდევნო 6 თვის პერიოდში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

− 80 პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

− 70 პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.

4. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია მარტიდან დაწყებული თანადაფინანსების მექანიზმის მოქმედების ექვსთვიანი ვადის განმავლობაში რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.

მუხლი 6. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა და განხორციელების სქემა

1. კომერციული ბანკი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.

2. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;

გ) სესხების გაცემის თარიღები;

დ) სესხების მიზნობრიობა;

ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;

ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;

ზ) სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა (რომელიც  ანგარიშდება 2020 წლის 1-ელი მარტიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში);

თ) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა.

3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.

4. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციარებისათვის სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად.

5. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

მუხლი 7. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 8. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა

1. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.

2. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 10. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

[/toggle]

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობაც დროებით დაიხურა. მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში მატულობს, პრეზიდენტმა კი 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

რა ცვლილებები შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკაში ვირუსის გავრცელების შემდეგ? შევა თუ არა ეკონომიკა რეცესიაში და რას ნიშნავს ეს? როგორ აისახება შექმნილი ვითარება მოქალაქეებზე? როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება/მასთან გამკლავება და რა გეგმა არსებობს საამისოდ? – ვრცლად ნახეთ ბმულზე:

https://netgazeti.ge/news/436132/?fbclid=IwAR1fV4QNRheKBFGOraDD7Ojbu5J0FzCCvAiH0Y9A8SAhvU1KpXnOILPAoVU

1.3 მილიარდი ადამიანი კარანტინში – ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება

დღეს, 25 მარტს, მსოფლიოში 2.6 მილიარდი ადამიანია იზოლაციაში, მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მოსახლეობის (1.3 მილიარდი) სრული კარანტინი გამოაცხადა – წერს „ბიბისი“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით, ინდოეთში კორონავირუსით 562 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.

25 მარტის 00:00 საათიდან 21 დღით ინდოეთში სრული კარანტინი გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელება შენელდეს.

„სახლიდან გამოსვლა აკრძალულია“, განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვაში და მოუწოდა მოსახლეობას, არ მიეცეს პანიკას. თუმცა დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში მაღაზიები ხალხით მალევე გადაივსო.

„ამ ეტაპზე უცნობია, როგორ შეძლებს მოსახლეობა საკვების და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას, ან საერთოდ მიეცემათ თუ არა ამის უფლება“, – წერს „ბიბისი“.

კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება მოჰყვა სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას – სულ რაღაც რამდენიმე დღეში 519 ახალ დადასტურებულ შემთხვევას და 10 გარდაცვალების ფაქტს.

პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ  გააფრთხილა საზოგადოება, რომ „ინდოეთის გადასარჩენად  ყველა ქუჩა, ყველა სამეზობლო უნდა ჩაიკეტოს. თუ ამ 21 დღეს კარგად არ გაუმკლავდება, შემდეგ ჩვენი ქვეყანა 21 წლით დაიხევს უკან. ეს კომენდანტის საათია, ჩვენ მოგვიწევს ეკომონიკური ფასის გადახდა, მაგრამ ეს ყველას პასუხისმგებლობაა“.

პრემიერმა მოგვიანებით ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ სურსათის პანიკური მომარაგება მხოლოდ ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს და განაცხადა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფდა მარაგის მიწოდებას.

მიუხედავადა ამისა, ადამიანები მაინც ქაოტურად აწყდებიან მაღაზიებს. დელის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, ბრინჯის, ფქვილის, პურის, ცომეულის, საკვები ზეთების სრული მარაგი ამოიყიდა. ქალაქ ღაზიაბადში კი პოლიცია ქუჩებში პატრულირებს და მეგაფონით ატყობინებს მაცხოვრებლებს, რომ სახლში უნდა დარჩნენ.

ყველა არაარსებითი საწარმო დაკეტილია, თუმცა საავადმყოფოები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სკოლები და უნივერსიტეტები დაკეტილი იქნება და თითქმის ყველა ტიპის საჯარო შეკრება აკრძალულია.

ახალი წესების დამრღვევებს 2 წლამდე პატიმრობა და მძიმე ფინანსური სანქცია ემუქრება.

პრემიერ-მინისტრმა მოდიმ ხაზი გაუსვა, რომ 21 დღიანი კარანტინი „აუცილებელია კორონავირუსის ჯაჭვის გასაწყვეტად“ და აღნიშნა, რომ განვითარებული ქვეყნებიც კი სერიოზული გამოწვევების წინაშე არიან ვირუსთან ბრძოლაში, სოციალური დისტანცირება კი ერთადერთი გზაა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ 2 მილიარდი დოლარი გამოიყოფოდა ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისთვის, საზოგადოებამ კი არ უნდა გაავრცელოს ჭორები და ინსტრუქციებს უნდა მიყვნენ.

ინდოეთში უკვე მოქმედებს საერთაშორისო და ადგილობრივ ფრენებზე აკრძალვა, ქვეყნის სარკინიზო სამგზავრო მიმოსვლაც დიდწილად შეჩერებულია.

რატომაა 1.3 მილიადი ადამიანის კარანტინი საჭირო? 

„ბიბისი“ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში კარანტინის გამოცხადებისას 519 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხელისუფლება უარესი სცენარისთვის ემზადება. ერთ-ერთი წინასწარი  პროგნოზით, ინდოეთში შესაძლოა შემთხვევები 300 მილიონამდე გაიზარდოს, საიდანაც 4-5 მილიონი შემთხვევა მწვავე იქნება.

ცნობისათვის, ოფიციალურ წყაროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 30 იანვარს დაფიქსირდა. 10 მარტს შემთხვევების ოდენობა 50-მდე გაიზარდა, 20 მარტს კი ინფიცირებულთა რიცხვი 250 იყო. კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი ინდოეთში 12 მარტს  დადასტურდა.

ინდოეთისთვის მკაცრი კარანტინია აუცილებელი, რადგან ქვეყანა ხალხმრავალი და მჭიდროდ დასახლებულია. ასე მარტივად გადაცემადი ვირუსისთვის მჭიდრო დასახლებები და ღარიბი მოსახლეობის დიდი ოდენობა განსაკუთრებით სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

კვადრატულ კილომეტრზე 450 ადამიანით, ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა, ზოგიერთ ღარიბ შტატში კი ეს რიცხვი ორჯერ მაღალია. ინდურ ოჯახებში საშუალოდ 4.5-5 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ამერიკაში ეს რიცხვი 2.5-ია, ამასთან, ოჯახების 40% ერთობლივია და მათ დიდ ნაწილს 60 წელს გადაცილებული ერთი ადამიანი ყავს, ერთი 18 წლამდე და დანარჩენი 18-60 წლებს შორის. ოჯახების 75% (900 მილიონი ადამიანი), რომლებიც 5 წევრისგან შედგება ორ ოთახიან ან უფრო პატარა სახლში ცხოვრობს, ღარიბ მოსახლეობაში კი ერთ ოთახში სამი ადამიანი ცხოვრობს.

შესაბამისად, ერთი დაავადებული ადამიანი ოჯახში სწრაფ გავრცელებას ნიშნავს. ამიტომაც არის აუცილებელი სრული იზოლაცია.

______________________

 მომზადებულია „ბიბისის“ სტატიებზე დაყრდნობით. 

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA-EFE 

ბათუმში ხვალ საღამოს რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ავარიული დაზიანების გამო 26 მარტს 00:00 საათიდან 27 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

ბაგრატიონის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე;
გურამიშვილის ქუჩას – ბაგრატიონის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე;
ბაგრატიონის შესახვევს – სრულად;
ლადო ასათიანის შესახვევს სრულად.

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, „რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“.

მერია ორ სკვერში საპირფარეშოებს იჯარით გასცემს – სარგებლობა ფასიანი იქნება

ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს.

ორივე საპირფარეშოს იჯარით გაცემაზე აუქციონი უკვე გამოცხადებულია. საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – 200 ლარი.

მომავალი მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია: უზრუნველყოს საპირფარეშოს გამართული მუშაობა ყოველდღიურად 10 საათიდან 24 საათამდე; მომსახურების ღირებულება (ფასი) კი შეინარჩუნოს არაუმეტეს 60 თეთრის ოდენობით.

მოიჯარემ საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მერიის შეთანხმებით ან/და მოთხოვნის საფუძველზე უნდა განახორციელოს საპირფარეშოების სარემონტო სამუშაოები; უზრუნველყოს მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება; იჯარის უფლებით გადაცემული ქონება კი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ.

აუქციონის პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ მოიჯარემ „სარგებლობაში მიღებულ ობიექტზე მესამე პირის რეკლამა განახორციელოს მხოლოდ მერიასთან შეთანხმებით, რისთვისაც მერიას უნდა წარუდგინოს დამოუკიდებელი ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა“.

მოიჯარემ უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადებიც.

აუქციონში გამარჯვებულის მიერ წლიური სარგებლობის საფასურის (იჯარის) გადახდა განხორციელდება თანაბარწილად კალენდარული წლის 1-ელ ივნისამდე და 1-ელ დეკემბრამდე.

აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 7 აპრილს დასრულდება.

ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი

დაზარალებულის მოსყიდვისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებულის დეიდა გაასამართლეს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული კაცის დეიდა დაზარალებულს, რომელსაც სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება უნდა მიეცა, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, 500 ამერიკული დოლარი მისცა და სთხოვა, სასამართლოში საერთოდ აღარ მისულიყო.

განაჩენის მიხედვით, ეს შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა – ვიდრე ყაჩაღობის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებას მისცემდა, შეხვედრა რესტორანში შედგა. პროკურატურამ  ბრალდებულის დეიდას მოწმის მოსყიდვის მუხლით წარუდგინა ბრალი.

ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ფული ნამდვილად გადასცა დაზარალებულს და ეს იმისთვის გააკეთა, რომ „მას მხოლოდ სიმართლე ეთქვა“.

გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის, ან თარჯიმნის მოსყიდვა, ან მისი იძულება ცრუ ინფორმაციის მიწოდების, ან ცრუ ჩვენების მიცემისთვის ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს მხოლოდ 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა 1500 ლარამდე შეუმცირა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო.

ბათუმში იუსტიციის სახლმა მუშაობა თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის გამო შეაჩერა

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ბათუმისა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 6 ფილიალში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლების მუშაობა დროებით შეჩერებულია. სამუშაო პროცესი ასევე შეჩერებულია 20 საზოგადოებრივ ცენტრში, მათ შორის, ჩაქვში.

იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების აღნიშნული ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული – აცხადებენ იუსტიციის სახლში.

„იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.

გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება,“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

პუშკინის ქუჩა ხანძრის შემდეგ [ფოტორეპორტაჟი]

25 მარტს, დილის ხუთ საათზე, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 მაღაზია დაიწვა, სამი კი დაზიანდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა.

დაიწვა ლაქ-საღებავების და სარემონტო მასალების მაღაზიები. მეპატრონეების თქმით,  სულ მცირე თითოეულ მათგანს 15 ათასი ლარის ზიანი მიადგა, ზოგ მაღაზიას კი 30 ათასზე  მეტი ლარის. არც ერთი მაღაზია დაზღვეული არ იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ხანძარი პუშკინის ქუჩაზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 მაღაზია დაიწვა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ინტერნეტ სიჩქარის გაზრდა „ბუსტის“ აქციით შეგიძლიათ

სილქნეტი ოპტიკური ქსელის ინტერნეტ მომხმარებლებს შეეძლება  “ბუსტის” აქციაში ჩაერთოს და  20მბ/წმით მომატებული ინტერნეტ სიჩქარე ერთი თვით გაიაქტიუროს  დამატებითი გადასახადის გარეშე.

აღნიშნული პირობა ხელმისაწვდომია ახალი აბონენტებისთვისაც
აქცია  24 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს.

აქციის დასრულების შემდეგ, “ბუსტის“ ჩართვა  სტანდარტული პირობით იქნება შესაძლებელი: 20მბ/წმით ინტერნეტ სიჩქარის გაზრდა კვლავ 4 ლარი იქნება.

აქციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2 100 100  და პორტალის mysilknet.com საშუალებით, ერთი თვის განმავლობაში.

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, 6 მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 25 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე,6 სავაჭრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დილით, 05:00 საათზე გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. „ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა,“ – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.]

ხანძარი პუშკინის ქუჩაზე. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ზარალი დათვლილი არ არის.

______

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 343 ადამიანს დაუდასტურდა

“ჩვენ გვაქვს 343 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – თქვა თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ 24 მარტს, გასული 24 საათის შეჯამებისას. მისივე ინფორმაციით, სულ თურქეთის მასშტაბით ამ დრომდე  1 872 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული.

მინისტრის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 952 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათი უმრავლესობის პასუხი უარყოფითი იყო.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით თურქეთში 7 ადამიანი დაიღუპა. 24 მარტის მონაცემებით COVID-19-ს თურქეთში კორონავირუსით სულ 44 ადამიანია გარდაცვლილი.

მთავარი ფოტო: Daily Sabah

ესპანეთში ერთ დღეში 514 ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა – ექიმებს ვირუსთან გამკლავება უჭირთ

ესპანეთში ექიმები ჩივიან, რომ საბაზისო ეკიპირებაც კი არ აქვთ, იმ პირობებში, როცა ერთ დღეში კორონავირუსით 514 ადამიანი გარდაიცვალა. 24 მარტის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 39 673 ადამიანია დაავადებული. აქედან ვირუსის მატარებელთა 13%-ს სამედიცინო პერსონალი შეადგენს – წერს „გარდიანი“. 

ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, 14 მარტის შემდეგ კარანტინია, თუმცა დაავადების გავრცელება არ ნელდება. კორონავირუსმა 24 მარტის მდგომარეობით ჯამში 2 696 ადამიანი იმსხვერპლა.

მადრიდის რეგიონში კორონავირუსის 12 352 შემთხვევაა დაფიქსირებული – ქვეყნის შემთხვევების მესამედი. ასევე, მხოლოდ მადრიდის რეგიონში COVID-19-ით 1535 ადამიანია გარდაცვლილი.

საავადმყოფოები, დამკრძალავი ბიუროები და კრემატორიუმები მადრიდში ვეღარ აუდიან მუშაობას. ყინულის მოედანი დროებით მორგად, მადრიდის იფემას საკონფერენციო ცენტრი კი 5 500-საწოლიან საველე საავადმყოფოდ გადაკეთდა.

დაავადებულ ჯანდაცვის მუშაკთა რაოდენობის ზრდასთან ერთად სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჭირო მასალები არ ჰყოფნით თავის დასაცავად.

სამშაბათს, დილას, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ  ჯანდაცვის 5400 წარმომადგენელი დაავადებულია ახალი კორონავირუსით. თითქმის 650 000 სწრაფი ტესტია განაწილებული სამედიცინო პერსონალზე, ისევე, როგორც მოხუცებულთა სახლებისა და ყველაზე დაზარალებული რეგიონებისათვის.

მადრიდის ამტის სამედიცინო ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილემ და ქირურგმა, ანხელა ჰერნანდეზ პუენტემ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა რიტორიკამ არ უნდა გადაფაროს ესპანეთის მიერ კორონავირუსზე რეაგირებისას გადადგმული არასწორი ნაბიჯები და შეცდომები.

„განცხადებები – „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია“ ან „ჩვენ ომის პირობებში ვართ“ არ უნდა ფარავდეს იმ ხარვეზებს მენეჯმენტში, რასაც რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ვხედავთ. ეს არ არის ომი: ეს ცუდად წარმართული ეპიდემიაა“.

მისი განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები დედაქალაქში გადატვირთული იყვნენ. დამცავი საშუალებების სერიოზული ნაკლებობაა, მათ შორის: სამედიცინო ნიღბების, სათვალეების და ხალათების:

„მადრიდი გადატვირთულია, რადგან საავადმყოფოებს არ აქვთ ეფექტური კოორდინაცია. ზოგიერთი საავადმყოფო გადაიჭედა გასული კვირის შუაშიც კი, მაშინ, როდესაც ზოგიერთი კვირას ან ორშაბათს შეივსო“.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებს თუ დავუჯერებთ, მადრიდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სრულიად გადავსებულია, ახალგაზრდების მკურნალობა ასაკოვნებთან შედარებით პრიორიტეტად მიიჩნევა, რადგან საკმარისი სასუნთქი აპარატები არ არის.

ჰერნანდეზ პუანტე აცხადებს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს რეგულარულად უწევთ გადაწყვეტილების მიღება აპარატურის გამოყენების შედეგიანობისათვის პაციენტის გადარჩენის შანსების გათვალისწინებით. იგი ამბობს, რომ იტალიის გაკვეთილი არ იყო გათვალისწინებული, სადაც ვირუსმა ასევე იმსხვერპლა ჯანდაცვის მუშაკები, განსაკუთრებით ასაკოვანები.

ფერნანდო სიმონმა, ესპანეთის ჯანდაცვის გადაუდებელი შემთხვევების ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს მძიმე კვირაა, თუმცა მალე ცხადი გახდება ხელისუფლების მკაცრი შეზღუდვის ზომები ახალი შემთხვევების შემცირებაში რამდენად წარმატებული იქნება – „ჩვენ ვნახავთ, პიკს უკვე მივაღწიეთ თუ არა“.

სიმონის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკი მალე რომც დადგეს, ახალი შემთხვევები მაინც იქნება, რადგან  დაინფიცირებიდან ფორმალურ დიაგნოსტირებამდე გარკვეული დროა და ეს შემთხვევების რაოდენობას მაინც დაემატება.

„ეს ნიშნავს, რომ დატვირთვა საავადმყოფოებსა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე გადაცემის კონტროლქვეშ მოქცევის შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება. ჩვენი ფოკუსი ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს და ჯანდაცვის იმ მუშაკებისაკენ, რომლებიც დატვირთვის ქვეშ ბევრად უფრო დიდხანს იქნებიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა“.

პანდემიის მასშტაბი ორშაბათს, 23 მარტს გაიზარდა, როდესაც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხუცებულთა სახლების დეზინფექციის დროს სამხედროებმა მიტოვებული და გარდაცვლილი მოხუცები აღმოაჩინეს ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში.

_________________

წყარო: გარდიანი

მთავარ ფოტოზე: გადაუდებელი სამხედრო დანაყოფის წევრებს გარდაცვლილები მადრიდში მდებარე ყინულის მოედნის ტერიტორიაზე გადაჰყავთ, რადგან მორგში ადგილები აღარაა

ფოტოს ავტორი: Denis Doyle/Getty Images

მოხალისეობის პირველი დღეები ბულგარეთის პატარა ქალაქში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე

ავტორი: ელზა ლემსაძე

გასულ წელს, მეგობრის დახმარებით, ძალიან კარგი პროგრამის შესახებ გავიგე, რომელიც Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მომდევნო ათი თვის განმავლობაში ბულგარეთში, ქალაქ სლივენის ადგილობრივ ორგანიზაციაში უნდა ვიმუშაო. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებას თუ შეცვლიდა. ვერც იმ პირველ ემოციას დავივიწყებ, როცა მაცნობეს, რომ შემარჩიეს. ასევე, ვერ წარმომედგინა ჩვენ ცხოვრებაში COVID-19 -ის მოულოდნელად შემოჭრაც.

2020 წლის მარტიდან ქალაქ სლივენში ჩამოვედი და მოხალისეთა გაცვლითი პროგრამის მონაწილე გავხდი. დაახლოებით 14 დღეა, რაც ბულგარეთში ვცხოვრობ. როგორც კი ვირუსს დავამარცხებთ, Radio E-volution-ში, ძალიან კარგ გუნდთან ერთად ვიწყებ მუშაობას. ამ დროის განმავლობაში ბევრი საინტერესო მეგობარი შევიძინე და მეტ-ნაკლებად, ქალაქის დათვალიერებაც შევძელი. ვფიქრობ, სლივენი ძალიან ჰგავს ბათუმს, პატარა, მყუდრო და ლამაზი ქალაქია. ქვეყანაში სიდიდით მე-8 ადგილზეა. როგორც აქ ჰყვებიან, ზოგადად ქალაქს ბევრი ტურისტი სტუმრობს, მაგრამ ამ ეტაპზე, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთი ქალაქი, პანდემიის გამო სლივენიც დაცარიელებულია.

ყველაზე მეტად, რაც აქ ახლა ხალხს აწუხებს, სწორედ ვირუსია. სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ქვეყნის ფარგლებში, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებაც აიკრძალა. ახლა ბევრი დრო მაქვს ბევრ საკითხზე ფიქრისთვის.  ერთ-ერთი  კულტურული სხვაობაა. ჩვენ ყველას ბევრი დრო გვაქვს ფიქრისთვის და ღირებულებების გადაფასებისთვის. მგონია, რომ COVID-19 დასრულების შემდეგ სამყარო განსხვავებულად მოგვეჩვენება.

ბულგარეთში დღეის მონაცემებით 190 ინფიცირებული, 3 დაღუპული და სამიც გამოჯანმრთელებულია. სტატისტიკა ყოველ წუთს ახალ დაინფიცირებულს აჩვენებს. ქუჩაში იშვიათად გავდივართ, რაც, გამოგიტყდებით და, ჩემთვის უჩვეულოა, მაგრამ მესმის, თუკი რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებ, ამით არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც ვავნებ.

ქალაქი სლივენი. ფოტო: ელზა ლემსაძე
ცარიელი კაფეები

უსაფრთხოების მიზნით, ყველა ასე იქცევა. ადამიანები აცნობიერებენ რისკს. კარანტინიდან ჯერ არავინ გაქცეულა. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება საკმაოდ რთულია, თავს მშვიდად ვგრძნობ. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ არსებულმა მდგომარეობამ პროდუქტის ფასებსა და მიწოდებაზე ზეგავლენა არ მოახდინოს. ქვეყანაში თითქმის ყველაფერი დაიხურა: კაფეები, რესტორნები, ბარები, ბანკები და სხვა თავშეყრის ადგილები. მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები მუშაობენ. ფასების ცვლილება პირბადეებსა და ხელთათმანებს შეეხო, სხვა დანარჩენი სტაბილურადაა. ყველა მარკეტს და აფთიაქს ანტისეპტიკური ხსნარი აქვს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია შესვლისთანავე. მაღაზიაში შესვლამდე ყველანი ველოდებით და გარკვეულ რიგს ვიცავთ, სანამ სხვები არ გამოვლენ. ორმეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია.

რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ. ამის უგულებელყოფა კარგს არ მოგვიტანს. როგორც დავინახეთ, ვირუსი არ ცნობს ასაკს, სქესს, რელიგიას, ეროვნებას. თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა უპირველესია ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად. ასე ბევრად მეტ დროს დავზოგავთ და ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის მებრძოლ მედიკოსებსაც დავეხმარებით, დავამარცხებთ ამ გამოწვევასაც და დავუბრუნდებით  ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თვითიზოლაცია, რომელიც ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა, დაგვიცავს ჩვენც და სხვებსაც, ამიტომ, როდესაც კარანტინიდან გაქცევაზე დავიწყებთ ფიქრს, უნდა გვახსოვდეს ჩვენ უკან მდგომი ადამიანები. უნდა გვახსოვდეს სახლში მყოფი მოხუცები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან, ექიმები, რომლებიც დღედაღამ დაუზოგავად მუშაობენ ჩვენთვის, ბავშვები და ქვეყნის თითოეული მოქალაქე. როდესაც ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად გვეხმარებიან, არ გვაქვს უფლება, მივიღოთ ეგოისტური გადაწყვეტილებები.

დავრჩეთ სახლში და ავიღოთ პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

_________________

 

რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“ 

დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“.

„როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია მავნებლურ რეპორტებს იყენებს, ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ მოქმედების კოორდინირება რომ გაურთულოს.

რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე წერს  Financial Times-იც.

„…მესიჯები, რომელიც იტალიას უკავშირდება, მიზნად ისახავს შიშის გაღრმავებას, რომ ეროვნულ ხელისუფლებას პანდემიასთან გამკლავების უნარი არ აქვს. ესპანურ ენაზე კი „აპოკალიპტური შინაარსის” მასალებია, სადაც კაპიტალისტებს ბრალს სდებენ ვირუსისგან მოგების მიღებაში. ასევე, ხაზგასმულია, თუ როგორ კარგად უმკლავდება რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ვირუსის გავრცელებას”, – აღნიშნულია Financial Times-ის სტატიაში.

რა ფორმით იყენებს რუსეთი კორონავირუსს, როგორც იარაღს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში? – ჩვენ რამდენიმე ონლაინგამოცემას გადავავლეთ თვალი, რომლებიც, „მითების დეტექტორის“ შეფასებით, პრორუსულ იდეოლოგიას ატარებენ. აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით მომუშავე მედიაგამოცემების გზავნილი საერთოა: „კორონავირუსი ამერიკამ შექმნა“, ხოლო ევროკავშირმა „თავისი რეალური სახე აჩვენა“ და საქართველოში ევროპას მალე შეიძულებენ. თხრობის ცენტრში, რა თქმა უნდა, რუსეთი და პუტინია, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა. 

პრორუსული მედიასაშუალებები, ძირითადად, რუსულ მედიას ეყრდნობიან. ხშირია შემთხვევაც, როცა სტატიის ავტორები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს.

„დამნაშავე ამერიკაა“ 

ე.წ. კრემლისტურ ქართულ მედიასაშუალებებში ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ რუსული პროპაგანდა კორონავირუსის წარმოშობას და მის გავრცელებას ამერიკას უკავშირებს. ნახავთ სტატიებსაც, სადაც მტკიცებულებების გარეშე, მაგრამ მტკიცებით ფორმაში გეტყვიან – ვირუსი, რომელმაც პანდემია გამოიწვია, ამერიკაში გამოიგონეს.

მაგალითად, ონლაინგამოცემ tvalsazrisi.ge-მ 23 მარტს გამოაქვეყნა სტატია: „COVID 19 შექმნეს ამერიკელებმა: აღმოჩენილია დამამტკიცებელი ფაქტები“. სტატიის მიხედვით, „ამერიკელმა ბიოლოგებმა ღამურებზე ექსპერიმენტების შედეგად შექმნეს ადამიანებისთვის სასიკვდილოდ სახიფათო კორონავირუსი“. გამოცემის ცნობით,  ამ ინფორმაციას ამერიკული ჟურნალი Nature ავრცელებს, თუმცა სტატიაში გალინკულია რუსული გამოცემა. ამ გვერდიდან Nature-ის კონკრეტულ სტატიაზე შეგიძლია გადახვიდე, საიდანაც გაიგებ, რომ საქმე ამერიკაში ჩატარებულ ერთ-ერთ ექსპერიმენტს ეხება, საუბარი არაა არავითარ მტკიცებულებაზე და მით უმეტეს „სასიკვდილო კორონავირუსის გამოგონებაზე“. სტატია 2015 წელსაა გამოქვეყნებული და მას ამერიკულ გამოცემაში Nature ასეთი სათაური აქვს: „ინჟირირებული ბაქტერიული ვირუსი იწვევს კამათს სარისკო კვლევების შესახებ“.

სქრინი: გამომცემლობის რედაქტორის განმარტება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – სტატიის სათაურამდე შეგხვდებათ 2020 წლის მარტში რედაქტორის მიერ გაკეთებული  ჩანაწერი: ვიცით, რომ ეს სტატია გამოიყენეს, როგორც მტკიცებულება და არ მოტყუვდეთ, აქ არაა არანაირი მტკიცებულება და საუბარია იმაზე, რომ ცხოველები არიან მეტწილად ვირუსის გადამტანი.

ონლაინგამოცემა tvalsazrisi.ge ჟურნალისტების თვალსაზრისებსაც გვთავაზობს, როცა საკითხი ამერიკის დადანაშაულებას ეხება.

„…არსებული სურათი კიდევ უფრო გვიმყარებს ეჭვებს, რომ COVID 19 ამერიკული სამხედრო იარაღია, ეპიდემია დღეს უტევს სამ რეგიონს, ამერიკის მთავარ ეკონომიკურ და სამხედრო ოპონენტებს მსოფლიოში… საქართველოში კი, რომელიც ღიად პროამერიკული სახელმწიფოა, ლუგარის ლაბორატორია მომზადებული შეხვდა,“ – წერს tvalsazrisi.ge-ს ერთ-ერთი ავტორი.

პრორუსული ქართული მედიაგამოცემები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობის შექმნას იმაზე, რომ პანდემიის უკან ამერიკა დგას. მაგალითად, tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა ტრამპის კომენტარი სათაურით – „ამერიკის პრეზიდენტი უარყოფს ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან მომაკვდინებელი ინფექციის გავრცელებას“.

„ტრამპმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს აბსურდული და თავხედური უწოდა… იმის მტკიცებულება, რომ ინფექცია არავითარ შემთხვევაში არ არის ჩინური წარმოშობის, არის ის ფაქტი, რომ ნულოვანი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

კორონავირუსი ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ

ევროპას ვირუსის გამოგონებასა და მის გავრცელებაში პრორუსული მედია არ ადანაშაულებს, თუმცა ონლაინგამოცემებში ევროპის მიმართ პანდემიის პირობებში პათოსი საერთოა: „ქართველების წარმოდგენები ევროპაზე უარესობისკენ იცვლება“. ამ ტიპის მასალებში ნახავთ მიმოხილვებს, თუ რამდენიმე ადამიანი იღუპება ევროპაში, კრიზისზე იტალიაში, იტალიელების ან იტალიის მთავრობის კრიტიკას, ან ამბავს იმაზე, თუ „როგორ მიატოვა ევროპამ იტალია“. ერთგვარი მიმოხილვის შემდეგ ჟურნალისტები ძირითადად საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოში ევროპა და ევროპული ღირებულებები პოპულარული აღარ იქნება.

მაგალითად, news front-ზე 23 მარტს გამოაქვეყნა სტატია „ქართველების წარმოდგენები ევროპაზე თანდათან უარესისკენ შეიცვლება“. ჟურნალისტი მიმოხილვას ასეთი მაგალითით და შეფასებით ასრულებს:

„საშინელი კადრები გავრცელდა ინტერნეტში – იტალიელი სახლში გარდაცვლილ დასთან ერთად მარტოა და არავინ მიდის საშველად! ამის შემდეგ ძნელია, არ შეგეცვალოს წარმოდგენა ევროპაზე, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო საიმედო ადგილზე… საქართველოში, ლიბერასტების პარპაშის მიუხედავად, აუცილებლად მოხდება მსოფლიოს შესახებ წარმოდგენების გადაფასება, ყალბი ოცნება ადგილს დაუთმობს რეალურ აღქმას,“ – ვკითხულობთ სტატიაში.

დასავლეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გაჩენას ელოდება tvalsazrisi.ge-ის ერთ-ერთი ჟურნალისტიც, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას სთავაზობს მკითხველს:

„საქართველოშიც და პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც შეიცვლება განწყობები, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ევროპულ სოლიდარობაზე და საერთო გამოწვევის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე, ვფიქრობ არათუ ჩვენ, არამედ დაუძლურებული, ბედის ანაბარა მიტოვებული იტალიელი ხალხი დაფიქრდება ევროკავშირიდან გასვლაზე…“ – წერს ის.

სქრინი ერთ-ერთი პრორუსული ონლაინგამოცემიდან

სტალინის და „რკინის ფარდის“ ნოსტალგიას არ მალავს კიდევ ერთი პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“. 23 მარტს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალაში: „საქართველო COVID 19 – უსმინეთ სტალინს“, ასეთი რამ წერია:

„…და კვლავ არ შემიძლია არ გავიხსენო სსრკ: სტალინის „რკინის ფარდა“ დღესაც „დაშვებული“ რომ ყოფილიყო, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის – საქართველოში, არ იქნებოდა. საბჭოთა მოქალაქეები უცხოეთში მიემგზავრებოდნენ სამუშაოდ, კონცერტების გასამართავად, დასასვენებლად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და არა მოხუცების ქაქის საწმენდად, ელიტარული გარყვნილებით დასაკავებლად ანდა საქურდად,“ – აღნიშნავს მასალაში თავად სტატიის ავტორი.

პრორუსულ მედიაგამოცემების უმრავლესობას აქვს რუბრიკები: „რუსეთი“ და „მსოფლიო“. ამ რუბრიკებში ახლა კორონავირუსის გავრცელების ტემპით იდება მასალები, სადაც ევროპას აქილიკებენ, მაგალითად, „საქართველო რომ გაასწრებს საფრანგეთს, ესე იგი, ევროკავშირში რა დონეა?“ – წერს news front-ი. ამ მასალაში საფრანგეთში მყოფი ქართველი ექიმის კომენტარია მოცემული, სადაც ის ვირუსის გავრცელების შემდეგ შექმნილ მდგომარეობას აღწერს. სტატიის ბოლოს მოგვიწოდებენ სხვა მასალების ლინკებზე გადავიდეთ და მას ამ ფორმის მითითებაც ახლავს: „წაიკითხეთ ევროკავშირის უვარგისობის შესახებ“.

ამავე გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ირლანდიის ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ღვთისმსახურების შეცვლილ წესს უკავშირდება. სტატიას ასეთი სათაური აქვს –  „ნაცვლად ლოცვის გაძლიერებისა… ანუ როგორ არ უნდა დავემსგავსოთ ევროპას“. მასალა გამოცემის მხრიდან ასეთი შეგონებით სრულდება:

„ახლა ზოგიერთი ჩვენი მკითხველი იტყვის, ეს არამართლმადიდებლებს ეხებათ და ჩვენ რა შუაში ვართო. არა, ბატონებო, ჩვენზეც გავრცელდება ასეთი „რეგულაციები“, თუკი ზომაზე მეტად „ვინტეგრირდებით“ უღმერთო ევროპაში – მით უმეტეს, კბილი უკვე მოგვისინჯეს და ზიარებაზე „ერთჯერადი კოვზების“ პროპაგანდა დაიწყეს მასმედიის საშუალებით. ირლანდიაც ერთჯერადი მაგალითი არ გახლავთ, იტალიის რიგ რეგიონებში ღვთისმსახურება საერთოდ აკრძალეს,“ – ვკითხულობთ სტატიაში.

კორონავირუსს რუსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს ნატო-ს წინააღმდეგაც. 23 მარტს, Front News-მა  გამოაქვეყნა სტატია: „რუსეთმა ნატო „დატროლა“, რა ბედი ელის ნატოს „მასშტაბურ“ წვრთნებს?“. „დატროლვას“ გამოცემა უწოდებს იმას, რომ კორონავირუსი რუსეთში 9 მაისს დაგეგმილ სამხედრო აღლუმს ვერ შეაჩერებს, რასაც რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები ადასტურებს, ნატო-მ კი, პანდემიის გამო გარკვეული ღონისძიებები შეაჩერა.

„…კორონავირუსმა ნატოს თავისი ადგილი მიუჩინა. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ამერიკა Defender Europe-2020-ში თავის მონაწილეობას შეზღუდავს, მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე მოასწრო ევროპაში 6000 სამხედრო პირისა და 12000 სატრანსპორტო და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად,“ – წერია სტატიაში.

კორონავირუსი და მსოფლიო „რუსი მეცნიერების იმედად“

პრორუსული ქართული მედიაგამოცემების კიდევ ერთი მიმართულება იმის ჩვენებაა, თუ როგორ არის დამოკიდებული ახლა მსოფლიო რუსულ მეცნიერებზე. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს მედიასაშუალებები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას რუსეთში ვაქცინის შექმნის მეცნიერულ მიღწევებზე, თუმცა ამ ინფორმაციებში ვერ იპოვით კონკრეტული მიღწევის დეტალებს. ვერც იმას, იზიარებენ თუ არა მას ამ მიმართულებით მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციები.

მაგალითად, ონლაინგამოცემა „სპუტნიკმა“ 20 მარტს გამოაქვეყნა ინფორმაცია: „რუსეთში ახალი კორონავირუსის გენომი მთლიანად გაშიფრეს“. გამოცემამ ეს მასალა РИА Новости-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, რომელმაც ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურისგან მიიღო. ამ ინფორმაციაში ვერც რომელიმე რუსული სამედიცინო ინსტიტუტის დასკვნას იპოვით, რომელიც გენომის სრულად გაშიფვრაზე საუბრობს.

„COVID 19“ რუსეთში ახალი ვაქცინის გამოცდა დაიწყო“ – ეს ინფორმაციაც „სპუტნიკმა“ გაავრცელა ისევ РИА Новости-ზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის გამოცდა რუსმა მეცნიერებმა დაიწყეს, თუმცა უცნობია, რა ახალ ვაქცინაზეა საუბარი, რის მიხედვით ტარდება კვლევა, ვინ არიან ამაში ჩართული, რა კავშირი აქვთ რუს მეცნიერებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კონკრეტულად ამ საკითხზე და ასე შემდეგ.

გამოცემა tvalsazrisi.ge-ზე ნახავთ ამ ამბავს: „კორონავირუსის დიაგნოზისთვის რუსეთის სატესტო სისტემებს აქვთ მაქსიმალური მგრძნობელობა და შეუძლიათ ვირუსის ერთჯერადი ასლები ამოიცნონ“. მასალაში აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციას რუსეთის „როსპოტრებნადზორი“ ავრცელებს.

ამავე პათოსის მატარებელია „სპუტნიკზე“ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიაც: „ლომონოსოვის უნივერსიტეტი: კორონავირუსის ვაქცინის შექმნა სამ თვეში შეგვიძლია“. ამ სტატიებში ნახავთ მოკლე მონაცემს იმაზეც, თუ რას აკეთებენ ამ დროს ევროპელი, ან ამერიკელი მეცნიერები, თუმცა სტატია და ინფორმაცია მეცნიერულ მიღწევებზე მხოლოდ რუსეთსა და რუს მეცნიერებს ეძღვნება.

პრორუსული მედიასაშუალებები მხოლოდ საეჭვო მეცნიერულ მიღწევებზე არ ავრცელებენ ინფორმაციას. „სპუტნიკმა“ ასევე გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც „რუსეთი იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება“. საუბარია მედიკოსების და ვირუსოლოგების რვა ბრიგადის იტალიაში გამგზავრებაზე.

ქართული მედიასაშუალებები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით რუსეთში დამზადებული ლაბორატორიული ტესტის სხვა ქვეყნებში გაგზავნაზე.

„ტესტებს გადასცემენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს – დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობას, ირანს, მონღოლეთისა და KPRK- ს წევრებს. ამასთან ტესტები გაიგზავნება ეგვიპტეში, სერბეთსა და ვენესუელაში,“ – წერდა მაგალითად, tvalsazrisi.ge 21 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეს გამოცემა 20 მარტს „როსპოტრებნადზე“ დაყრდნობით წერდა, რომ „რუსეთში უკვე შექმნეს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები.“

სქრინი: ერთ-ერთი კრემლისტური ონლაინგამოცემიდან

„ევროკავშირის მიერ სანქციებდადებული რუსეთი დახმარებას უწევს ევროკავშირის ქვეყანას“ – წერს „საქინფორმი“. აქაც ამბავი იმაზეა, თუ როგორი მოწყალეა პუტინი, ევროპას დახმარების ხელი რომ გაუწოდა.

რამდენი ადამიანია დაინფიცირებული კორონავირუსით რუსეთში? – რუსულ მედიაში და ქართულ პრორუსულ მედიაში ამ კუთხით მონაცემები იშვიათად ქვეყნდება. ბოლო მონაცემებით, რუსეთში 438 პირია დაინფიცირებული კორონავირუსით და ერთი გარდაიცვალა.

სხვა მედიასაშუალებები კი წერენ, რომ შესაძლოა, ოფიციალური სტატისტიკა რუსეთიდან  არ იყოს რეალური. მაგალითად, ALJAZEERA 23 მარტს წერდა: „არის თუ არა რუსეთი მზად კორონავირუსისთვის“. ამ სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რუსეთში 143 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის 14 ქვეყანას ესაზღვრება, მათ შორის, ნორვეგიას და ჩინეთს, საიდანაც ეს ვირუსი გავრცელდა.

რას აკეთებენ ტროლები? 

ტროლები, ასევე ფეისბუქგვერდები, რომლებიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდნენ, მუშაობენ ახლაც – ისინი ძირითადად იმ მედიაგამოცემების სტატიებს აზიარებენ, რომლებზეც ნაწილობრივ ზემოთ გიამბეთ. ტროლების გზავნილი აქაც საერთოა – კორონავირუსი ამერიკამ გამოიგონა და ევროპა მალე საქართველოს შესძულდება. სტატიებს ზოგიერთ შემთხვევაში ახლავს გამოხმაურებაც.

ზოგიერთს განსხვავებული მოლოდინიც აქვს, მაგალითად, დაჩი ქართველი, რომელსაც მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ უდევს და დიდი ალბათობით ტროლია, წერს:

„პუტინმა ხანგრძლივი, 20-წლიანი მომზადების შემდეგ მასონების მთავარ ბასტიონზე რუსეთში (ასევე სხვა ქვეყნებში) ე.წ. “მასონურ კონსტიტუციაზე” ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, რომელიც 2020 წლის აპრილის ბოლოსათვის უნდა დამთავრდეს, საერთო სახალხო გადაწყვეტილებით, გამარჯვების წერტილი უნდა დაისვას….“

ტროლები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თითქოს COVID-19-თან ბრძოლის გასაუმჯობესებლად დაავადებულთა ორგანიზმში ელექტრონული ჩიპის სავალდებულო წესით ჩასმას ითხოვს.

„აი, რასაც ვეჭვობდი, იმას აპირებს ამერიკა, ან დაივიწყებ უფალს და ემსახურები სატანას და იქნები მაძღარი, თუ ჩაიდგამ ამ ეშმაკისეულ ჩიპს“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე „ფეისბუქში“.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 743 ადამიანი გარდაიცვალა

743 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში. 24 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით იტალიაში სულ 6 820 ადამიანია  გარდაცვლილი.

დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 3 612 ახალი შემთხვევა. ბოლო, ოფიციალური მონაცემებით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ 69 176 ადამიანია.

 

22 მარტს, იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ნემისმიერი მოქალაქისთვის აკრძალულია საჯარო ან კერძო ტრანსპორტით ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში წასვლა. ხოლო მათ ვისაც გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო სურს გადაადგილება, სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და თან იქონიონ.

ამავე თემაზე:

პაოლო მიკაი – ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

ქართველი ექიმი, რომელიც იტალიაში Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

თამარ ჭლიკაძე Guardia Medica – ს მიმართულების ექიმია მილანთან ახლომდებარე ქალაქ ჩეზანო მოდერნოში (მონცე ბრიანცას პროვინცია). Guardia Medica იტალიური ჯანდაცვის სტრუქტურაში განყოფილებაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და სტაციონარულ მკურნალობას შორის.

როგორც ექიმი გვიყვება, კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის დეფიციტია სპეცსამოსი და ნიღბები, რა პირობებშიც დაუცველობის შეგრძნება აქვს ყველას, თუმცა აღჭურვილობით მარაგდებიან რეანიმაციის ექიმები. თამარ ჭლიკაძის მოვალეობა Covid 19-ის მსუბუქი ფორმების მქონე პაციენტების მკურნალობაა, დანიშნულებას გასცემს და გამოჯანმრთელების პროცესს აკვირდება.

„რეანიმატოლოგებს აქვთ ეკიპირება, მაგრამ ჩვენთვის ეს შეზღუდულია: ნიღბები, სპეცტანსაცმელი, ხელთათმანი – დეფიციტია. ფაქტობრივად, დაცულები არ ვართ. ბევრი რამ სჭირდება აღჭურვილობას და თან თითქმის ყველაფერი ერთჯერადია. ერთადერთი სათვალეა მრავალჯერადი და შეგიძლია გაწმინდო. ნიღბის გარდა სკაფანდრიც საჭიროა – ჩემი სახსრებით თავიდანვე ვიყიდე, მაგრამ არასაკმარისია. რუსეთიდან ჩამოსულ აღჭურვილობას ველოდებით მალე, ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია“, – ამბობს თამარ ჭლიკაძე.

როგორც ის გვიყვება, პაციენტებს სხვადასხვაგვარი მკურნალობა ენიშნებათ მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, 10 პაციენტიდან 7 კაცია, ლეტალური შედეგი კაცებისთვის დგება შემთხვევათა 7,2%-ში, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი 4,1%-ია. 70-79 წლის პაციენტებში, კერძოდ კაცებში ლეტალობა 8%-ია, ამავე ასაკის ქალების შემთხვევაში – 2%.

მონცე ბრიანცას პროვინციაში, სადაც თამარ ჭლიკაძე მუშაობს, მისი თქმით, კლინიკები გადავსებულია და საწოლები არ ჰყოფნით. თუმცა, გაცილებით რთული მდგომარეობაა ბერგამოში, სადაც ეპიდაფეთქების უსწრაფესი გავრცელება მოსახლეობის განსაკუთრებულმა სიმჭიდროვემ გამოიწვია.

ექიმი ამბობს, რომ სან პაულოსა და სან ჯერარდოში მომუშავე მისი მეგობარი ანესთეზიოლოგები დღე-ღამის უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიუხედავად იტალიის ჯანდაცვის სისტემის სიძლიერისა, ექიმი ყვება იმის შესახებ, თუ რა წინაპირობა იყო იტალიურ კლინიკებში პანდემიის გავრცელებამდე:

„ბოლო 10 წელია, რაც ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ექიმების, ექთნების რაოდენობა. ამ ხნის განმავლობაში ჰოსპიტალებში მცირდებოდა საწოლების რაოდენობაც, რადგან მედიცინა უმეტესად მინიინვაზიურ ოპერაციებზე გადავიდა. აღარ სჭირდებოდათ ბევრი საწოლი. ადრე საჭირო იყო პოსტოპერაციულ ეტაპზე პაციენტს 7-10 დღე გაეტარებინა ჰოსპიტალში, ახლა იმ დღესვე ან მაქსიმუმ 3 დღეში ეწერებიან. შესაბამისად, შემცირდა საწოლების რაოდენობა.

ეპიდაფეთქებისას უამრავი პაციენტი ერთად მოაწყდა კლინიკებს და არსებული რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდა. დაინფიცირდნენ ექიმები. ყოველთვის ასე ხდება ეპიდემიის დროს…“ – ამბობს თამარ ჭლიკაძე.

ქართველი ექიმი ამჯერად ახალი პროგრამით გაწერილ რეკომენდაციებს ელოდება, რომლის მიხედვითაც, მილანსა და მოლცე ბრიანცაში ექიმები და ექთნები მთელ მოსახლეობას შეისწავლიან, ივლიან სახლებში. იოლი ფორმების მქონეებს მკურნალობას დაუნიშნავენ შინ, რომ არ დამძიმდნენ.

ამ პროგრამის აუცილებლობა დადგა, რადგან ყველაზე სახიფათოები ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანები არიან, რომლებიც უსიმპტომოდ ატარებენ ვირუსს, ისე, რომ თავადაც არ იციან.

,,მაგალითად ლომბარდიაში, სადაც ძალიან მძიმეა მდგომარეობა, ვარაუდობენ, რომ შეიძლება 75% იყოს „ჯანმრთელი მატარებელი“ და არ ვიცოდეთ. აგრესიული ფორმები სწრაფად ვლინდება და ხანდახან ერთ დღეში ხდებიან ცუდად, ისე, რომ რეანიმაციაში ხვდებიან“, – ამბობს თამარ ჭლიკაძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 927 შემთხვევაა დადასტურებული, Covid-19-ით ქვეყანაში გარდაიცვალა 6077 ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 396 249 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 17 252-ს აღწევს.

პაოლო მიკაი – ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

24 მარტს გენუაში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 წლის იტალიელი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი პაოლო მიკაი. “ლა რეპუბლიკა” წერს, რომ იტალიური მედიასფერო პაოლო მიკაის გლოვობს. იგი ვირუსის სიმპტომებით გენუის საავადმყოფოში ის 10 დღის წინ მოათავსეს, დღეს კი გარდაიცვალა.

პაოლო მიკაი Mediaset-ის თანამშრომელი იყო.  40 წლის მანძილზე მის სახელს  უკავშირდება არაერთი ცნობილი ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი.

“40 წლის განმავლობაში ის ყოველთვის წინა ხაზზე იყო. მისი წყალობით ჩვენ გვაქვს ყველა დიდი სპორტული  მოვლენის, ქალაქების განვითარების და ტრანსფორმაციების ამსახველი ფოტორეპორტაჟები. მან სურათებით გვაჩვენა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გენუაში მოხდა. გენუის ხიდის ჩამონგრევიდან დაწყებული გენუის პორტში მდებარე სანავიგაციო კოშკის ტრაგედიით დამთავრებული,” –  წერს “ლა რეპუბლიკა”.

პაოლო მიკაის ნამუშევრების ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებს სამი კლინიკა მიიღებს – ინტერვიუ

ბოლო მონაცემებით ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პირს მკურნალობენ, 1500 ადამიანი კი აჭარაში კარანტინში იმყოფება. რამდენი ადგილი აქვს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს და რამდენი პაციენტის მომსახურებას შეძლებენ აჭარაში მედიკოსები საჭიროების შემთხვევაში? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ უპასუხა.

  • ქალბატონო ნინო, რამდენი ადგილი გვაქვს ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტებისთვის სრული სერვისის მისაღებად?

ინფექციურ საავადმყოფოში სულ არის 30 საწოლი, შესაბამისად ამ საავადმყოფოს შეუძლია 30 ინფიცირებულის მიღება.

რაც შეეხება ბოქსირებულ განყოფილებას, როდესაც მთლიანად კლინიკა ორიენტირებულია იმუშაოს დეზინფექციაზე, აღარ არის აუცილებლობა, რომ იყოს ბოქსირებული პალატა. თავიდან შესაძლო შემთხვევების გამიჯვნაზე მუშაობენ. რა თქმა უნდა, პაციენტი უნდა იყოს იზოლირებული უკვე დადასტურებული შემთხვევისაგან. როდესაც ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პასუხი გვაქვს, იმ პაციენტებისთვის უკვე ინფექციური კონტროლის დაცვით ხდება მომსახურების მიწოდება.

  • ბათუმში სხვა საავადმყოფო თუ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას, რომელია ეს საავადმყოფო და დაახლოებით რამდენი პაციენტის მიღებას შეძლებს?

რაც შეეხება სხვა კლინიკებს, როდესაც ნებისმიერი კლინიკა სანებართვო პირობებს იღებს, ერთ-ერთი პირობაა, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბოქსირებული პალატა.

აჭარაში გვაქვს 1550-ზე მეტი საწოლი, მაგრამ გადაწყვეტილება არის ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული, რომ ამ ინფექციაზე მხოლოდ კონკრეტული კლინიკები აწვდიდნენ მომსახურებას, რომ არ მოხდეს ინფექციის უფრო მასიური გავრცელება. ეს არის ინფექციური საავადმყოფო, „მედალფას“ კლინიკა და ბოლო გადაწყვეტილებით, ეს არის „ევექსის“ ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო.

ეს კლინიკები უკვე მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისაგან. ხვალ „მედალფა“ მოახერხებს, რომ გადაიყვანოს თავისი პაციენტები სხვაგან, ასევე, „ევექსის“ კლინიკა მზად იქნება რამდენიმე დღეში და შემდეგ ისინი მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულებზე იმუშავებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოქსირებული პალატები აქ აღარ იქნება მნიშვნელოვანი, მთლიანად კლინიკები იმუშავებენ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, რომ აქ აუცილებლად იქნება წინაპირობა, ინფექციური კონტროლის პირობების დაცვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაც არის პირველადი აუცილებლობა.

  • ეს კლინიკები რამდენი ადგილის შექმნას მოახერხებენ?

„მედალფაში“ იქნება 50 საწოლი, ევექსის კლინიკაში კი – 74. თუ მაინც იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, ამის მუდმივად გაზრდასა და საჭიროებებზე ყოველდღიური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ზრუნავს ცენტრალური მთავრობა და ჩვენც ვუერთდებით. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მსუბუქი პაციენტებისთვის სერვისის მიწოდება ხდებოდეს ამბულატორიულად, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში ჯანდაცვის ქსელის მეთვალყურეობის ქვეშ, ანუ ჩვენ ახლა ველოდებით უფრო დაზუსტებულ პროტოკოლს. საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება საწოლებით უზრუნველყოფა, ისე, რომ პაციენტი სერვისის გარეშე არ დარჩება.

  • ამ დროისთვის რამდენი ინფექციონისტი გვყავს ბათუმში და ამ მიმართულებით დამატებით გადამზადება ხომ არ მიმდინარეობს?

დღეს ჩვენ გვყავს 12 ინფექციონისტი ინფექციურ საავადმყოფოში. გარდა ამისა, თითქმის ყველა საავადმყოფოს ჰყავს ხელშეკრულებით აყვანილი ინფექციონისტი, მაგრამ როდესაც სიტუაცია მოითხოვს, ყველა თერაპიული მიმართულება მართავს აღნიშნულ ინფექციას.

გადამზადებას რაც შეეხება, პირველი და მთავარი გადამზადება ეს არის ინფეციური კონტროლის ღონისძიებები, რაზეც თითქმის ყველა კლინიკასთან გვქონდა ურთიერთობა, ემერჯენსების დონეზე. რა თქმა უნდა, ინფექციურთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ხვალ უკვე „მედალფაში“ და ქობულეთში, „ევექსის“ საავადმყოფოს პერსონალის ინსტრუქტაჟს გავივლით, ანუ ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

  • ვის ევალება კარანტინის მომსახურების ორგანიზება უშუალოდ? ზოგ შემთხვევაში აქ მოთავსებული ადამიანები საუკეთესო პირობებზე საუბრობენ და მადლობას უხდიან ექიმებს, ზოგიერთს კი პრეტენზიები აქვს. 

ეს არის სხვადასხვა უწყების საკოორდინაციო სფერო, მათ შორისაა: ტურიზმის სააგენტო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახური. მაგრამ კარანტინში შესვლის მომენტიდან ძირითადი საკოორდინაციო სფერო არის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. გაწერილია მიმართულებები. დღეს, მაგალითად, სტომატოლოგის დახმარებაც მოხერხდა ადგილზე, ასევე იყო მეტადონის პროგრამაში ჩართვის შემთხვევა და ასე შემდეგ. ძალიან მრავალპროფილური სპექტრი გვაქვს კარანტინებში. ვინაიდან კარანტინში უკვე 1500 ადამიანია, ჯანდაცვის მიმართულებით პრობლემებიც მრავალმხრივია და კოორდინაცია სჭირდება, რასაც ვახერხებთ ნამდვილად.

 

ნინო ნიჟარაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები:

„ყველაზე მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რა არის სოციალური დისტანცირება, დავიცვათ ის პრევენციული ღონისძიებები, რაც არის საპნით ხელის დაბანა, სადეზინფექციო ხსნარის სწორად გამოყენება. მჭიდრო კომუნიკაცია ნუ გვექნება, დავიცვათ ორი მეტრის რადიუსი ყველასთან ურთიერთობაში. თუკი პირს რაიმე საეჭვო სიმპტომები აღენიშნება და აქვს დამატებითი კონტაქტი თუნდაც უცხოეთში მოგზაურობის მქონე დაავადებულ პირთან, ან თვითონ მას აქვს მოგზაურობის ისტორია უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ან აქვს სარისკო პროფესია, მაგალითად, არის სასტუმროს თანამშრომელი, რომელსაც კომუნიკაცია ჰქონდა უცხოელებთან ან არის ტაქსის მძღოლი, რომელსაც ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა უცხოელებთან და აქვს გარკვეული გამოხატული სიმპტომატიკა, ცხელება, დროულად მიმართონ თუნდაც თავიანთ ოჯახის ექიმებს და იქედან მოხდება უკვე პრობლემების იდენტიფიცირება“.

ამავე თემაზე: 

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24 მარტის მონაცემით [19:30 საათი], საქართველოში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა. დღის განმავლობაში სტატისტიკა 9-ით გაიზარდა.

კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს ბათუმში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 4 055 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 252 პაციენტი. 

2 მასშტაბური კვლევა კორონავირუსის სამკურნალო საშუალების დასადგენად

ევროპაში COVID-19-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტული წამლების ცდები დაიწყო. 

კლინიკური ცდა „დისქავერი“, რომელსაც კოორდინაციას უწევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საზოგადოებრივი ინსტიტუტი,   ევროპული პროექტია, რომლის ფრანგული ნაწილიც საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტროს, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს, ასევე ჯანდაცვისა და სოლიდარობის სამინისტროს მიერ ფინანსდება.

კვლევაში მონაწილეობს 3 200 პაციენტი ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან. 

„დისქავერი“ იკვლევს ანტივირუსულ პრეპარატებს: რემდესივირ (ებოლას სამკურნალო პრეპარატი), ლოპინავირ/რიტონავირს (აივ-შიდსის სამკურნალო პრეპარატი) და ჰიდროქსიქლოროქინს (მალარიის საწინააღმდეგო წამალი).

ამავდროულად, ამავე მედიკამენტების მონაწილეობით, მიმდინარეობს ჯანმოს მასშტაბური კვლევა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტის დასადგენად, რომელშიც მონაწილეობს ტაილანდი, არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და შვეიცარია. კვლევაში, სახელად სოლიდარობა, მოწმდება ოთხი სხვადასხვა წამალი ან მათი კომბინაციები:

  • რემდესივირი
  • ორი წამლის კომბინაცია – ლოპინავირი და რიტონავირი
  • ორ პრეპარატს პლუს ინტერფერონი ბეტა 
  • ქლოროქინი

„ევრონიუსი“ წერს, რომ ევროპაში კლინიკური კვლევები მოიცავს ჰიდროქსიქლოროქინის შემოწმებას, პრეპარატის, რომლის პოტენციური ეფექტურობა COVID-19-ის მკურნალობაში, ფართოდ განიხილებოდა მედიაში. ეს არის ნაკლებად ტოქსიკური ვერსია მალარიის საწინააღმდეგო საშუალება ქლოროქინისა, რომელიც 1940-იანი წლებიდან გამოიყენება. 

წამალი გამოყენებული იქნა მარსელში, საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის მქონე 24 პაციენტის სამკურნალოდ, ცდის წინასწარი შედეგები კი  20 მარტს გამოქვეყნდა International Journal of Antimicrobial Agents-ში.

კვლევის თანახმად, მიუხედავად ნიმუშთა მცირე მოცულობისა, ჰიდროქსიქლოროქინითა და ანტიბიოტიკით მკურნალობამ რამდენიმე პაციენტში ვირუსის „შემცირება/გაქრობა“ აჩვენა.

„ექვსი დღის შემდეგ ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი სხვაობა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობდნენ ამ პრეპარატებით და რომლებიც არ მკურნალობდნენ,“ –  თქვა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა დიდიე რაულმა, რომელიც მარსელის იმ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელია, სადაც კვლევები ტარდება. მისივე თქმით, პაციენტების 75% გამოკეთდა მკურნალობის შედეგად.

დიდიე რაულმა თქვა, რომ ზოგიერთმა პაციენტმა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 48 საათში. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუწყება, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც მიიღებენ, ამ თერაპიით უმკურნალებენ,“ – წერს „ევრონიუსი“.

თუმცა ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტიანია ეს პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ორშაბათს გააფრთხილა ქვეყნები “შეუმოწმებელი მკურნალობის” შესახებ.

„ამჟამად არ არსებობს მკურნალობა, რომელიც დადასტურებულია, რომ ეფექტიანი იქნება COVID-19– ის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა  ტედროს გებრეისუსმა, თუმცა აღნიშნა, რომ დასაფასებელია სპეციალისტების მიერ გაწეული ძალისხმევა.

„სწორი მტკიცებულების გარეშე, შეუმოწმებელი წამლის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ცრუ იმედი“, – თქვა მან და დასძინა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების უკმარისობა, რომლებიც სხვა დაავადებების მკურნალობისთვისაა აუცილებელი.

ბათუმის ინფექციურში გადაყვანილ 5 ადამიანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაყვანილ ხუთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა ინფორმაცია.

ოთხივე პაციენტი კარანტინიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით, თუმცა ყველას პასუხი უარყოფითია, მათ COVID-19 არ აქვთ.

24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა, მათგან ორი ბათუმის ინფექციურში რჩება, ერთი პაციენტი კი, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნიდან იყო და ბათუმში სასტუმრო “ჰილტონში” თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, 23 მარტს, გვიან ღამით, სპეცრეისით გადაიყვანეს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა პაციენტი.

საქართველოში ამ დროისთვის [24 მარტის 12:0 სთ.] კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 67-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4 055სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252 ადამიანი.

ხმით ნატირლებსა და ფშაურ კაფიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს  – ფშაურ პოეტურ ტრადიციას – „ფშაურ კაფიასა“ და ფშაური „ხმით ნატირლებს“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში 2020 წლის 20 მარტს შევიდა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს კი მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან

თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა დასაჯოს ექიმი, რომელმაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მეშველიანმა გუშინ, 23 მარტს მიიღო.

საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, რომლისა დროსაც  თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო.

გადაწყვეტილება ამ საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის თებერვალში მიიღო. სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის პროფესიულმა საბჭომ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგს და ანესთეზიოლოგს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმა, ხოლო შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს სამი თვით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატი. ამ უკანასკნელი ექიმის მიმართ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სასამართლოში ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ, ის თემურ გაბაიძის მეუღლე იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლოს სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ და კონკრეტული ექიმის შესახებ გადაწყვეტილებაც ხელახლა მიიღოს.

„არაა გამორიცხული, იგივე გადაწყვეტილება მიიღოს საბჭომ, ან სულ არ დასაჯოს ექიმი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ისევ მივმართავთ სასამართლოს… ჩვენი მოთხოვნა იყო და არის ამ ექიმისთვის სერთიფიკატის გაუქმება. თემურ გაბაიძის საქმე და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის გზავნილი, როგორც საზოგადოების, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის იმ კუთხით, რომ სწორი სამართლებრივი დავის შემთხვევაში, შესაძლებელია სიმართლის დადგენა,“ – ამბობს ილონა დიასამიძე,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ის სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა.

სასამართლოს მიმართა  ამ საქმეზე სააგენტოს მიერ დასჯილმა ორმა ექიმმაც, ვისაც სერთიფიკატი გაუუქმეს. მათი სარჩელი მოსამართლე თამარ მეშველიანმა ცალკე განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ერთად გამოაცხადა – სასამართლომ ექიმების პოზიციები არ გაიზიარა.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით სულ სამ ექიმს გაუუქმეს სახელმწიფო სერტიფიკატი, მათგან ორს – „თემურ გაბაიძის საქმეზე“.

ამ საქმეზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. საია-ს იურისტის, ილონა დიასამიძის თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ ელოდება ექსპერტიზის შედეგს, რომლითაც უნდა დადგინდეს ექიმების შესაძლო ბრალეულობა „თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში“.

მაქსიმუმ ორი მგზავრი – ტაქსით მგზავრობის ახალი რეგულაციები ბათუმში

ბათუმის მერიის განცხადებით, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციების შესახებ, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ტაქსით მგზავრების გადაყვანის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

  • ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში
  • მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს
  • მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

ახალი რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავდა.

Exit mobile version