დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“.
„როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია მავნებლურ რეპორტებს იყენებს, ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ მოქმედების კოორდინირება რომ გაურთულოს.
რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე წერს Financial Times-იც.
„…მესიჯები, რომელიც იტალიას უკავშირდება, მიზნად ისახავს შიშის გაღრმავებას, რომ ეროვნულ ხელისუფლებას პანდემიასთან გამკლავების უნარი არ აქვს. ესპანურ ენაზე კი „აპოკალიპტური შინაარსის” მასალებია, სადაც კაპიტალისტებს ბრალს სდებენ ვირუსისგან მოგების მიღებაში. ასევე, ხაზგასმულია, თუ როგორ კარგად უმკლავდება რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ვირუსის გავრცელებას”, – აღნიშნულია Financial Times-ის სტატიაში.
რა ფორმით იყენებს რუსეთი კორონავირუსს, როგორც იარაღს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში? – ჩვენ რამდენიმე ონლაინგამოცემას გადავავლეთ თვალი, რომლებიც, „მითების დეტექტორის“ შეფასებით, პრორუსულ იდეოლოგიას ატარებენ. აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით მომუშავე მედიაგამოცემების გზავნილი საერთოა: „კორონავირუსი ამერიკამ შექმნა“, ხოლო ევროკავშირმა „თავისი რეალური სახე აჩვენა“ და საქართველოში ევროპას მალე შეიძულებენ. თხრობის ცენტრში, რა თქმა უნდა, რუსეთი და პუტინია, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
პრორუსული მედიასაშუალებები, ძირითადად, რუსულ მედიას ეყრდნობიან. ხშირია შემთხვევაც, როცა სტატიის ავტორები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს.
„დამნაშავე ამერიკაა“
ე.წ. კრემლისტურ ქართულ მედიასაშუალებებში ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ რუსული პროპაგანდა კორონავირუსის წარმოშობას და მის გავრცელებას ამერიკას უკავშირებს. ნახავთ სტატიებსაც, სადაც მტკიცებულებების გარეშე, მაგრამ მტკიცებით ფორმაში გეტყვიან – ვირუსი, რომელმაც პანდემია გამოიწვია, ამერიკაში გამოიგონეს.
მაგალითად, ონლაინგამოცემ tvalsazrisi.ge-მ 23 მარტს გამოაქვეყნა სტატია: „COVID 19 შექმნეს ამერიკელებმა: აღმოჩენილია დამამტკიცებელი ფაქტები“. სტატიის მიხედვით, „ამერიკელმა ბიოლოგებმა ღამურებზე ექსპერიმენტების შედეგად შექმნეს ადამიანებისთვის სასიკვდილოდ სახიფათო კორონავირუსი“. გამოცემის ცნობით, ამ ინფორმაციას ამერიკული ჟურნალი Nature ავრცელებს, თუმცა სტატიაში გალინკულია რუსული გამოცემა. ამ გვერდიდან Nature-ის კონკრეტულ სტატიაზე შეგიძლია გადახვიდე, საიდანაც გაიგებ, რომ საქმე ამერიკაში ჩატარებულ ერთ-ერთ ექსპერიმენტს ეხება, საუბარი არაა არავითარ მტკიცებულებაზე და მით უმეტეს „სასიკვდილო კორონავირუსის გამოგონებაზე“. სტატია 2015 წელსაა გამოქვეყნებული და მას ამერიკულ გამოცემაში Nature ასეთი სათაური აქვს: „ინჟირირებული ბაქტერიული ვირუსი იწვევს კამათს სარისკო კვლევების შესახებ“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – სტატიის სათაურამდე შეგხვდებათ 2020 წლის მარტში რედაქტორის მიერ გაკეთებული ჩანაწერი: ვიცით, რომ ეს სტატია გამოიყენეს, როგორც მტკიცებულება და არ მოტყუვდეთ, აქ არაა არანაირი მტკიცებულება და საუბარია იმაზე, რომ ცხოველები არიან მეტწილად ვირუსის გადამტანი.
ონლაინგამოცემა tvalsazrisi.ge ჟურნალისტების თვალსაზრისებსაც გვთავაზობს, როცა საკითხი ამერიკის დადანაშაულებას ეხება.
„…არსებული სურათი კიდევ უფრო გვიმყარებს ეჭვებს, რომ COVID 19 ამერიკული სამხედრო იარაღია, ეპიდემია დღეს უტევს სამ რეგიონს, ამერიკის მთავარ ეკონომიკურ და სამხედრო ოპონენტებს მსოფლიოში… საქართველოში კი, რომელიც ღიად პროამერიკული სახელმწიფოა, ლუგარის ლაბორატორია მომზადებული შეხვდა,“ – წერს tvalsazrisi.ge-ს ერთ-ერთი ავტორი.
პრორუსული ქართული მედიაგამოცემები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობის შექმნას იმაზე, რომ პანდემიის უკან ამერიკა დგას. მაგალითად, tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა ტრამპის კომენტარი სათაურით – „ამერიკის პრეზიდენტი უარყოფს ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან მომაკვდინებელი ინფექციის გავრცელებას“.
„ტრამპმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს აბსურდული და თავხედური უწოდა… იმის მტკიცებულება, რომ ინფექცია არავითარ შემთხვევაში არ არის ჩინური წარმოშობის, არის ის ფაქტი, რომ ნულოვანი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კორონავირუსი ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ
ევროპას ვირუსის გამოგონებასა და მის გავრცელებაში პრორუსული მედია არ ადანაშაულებს, თუმცა ონლაინგამოცემებში ევროპის მიმართ პანდემიის პირობებში პათოსი საერთოა: „ქართველების წარმოდგენები ევროპაზე უარესობისკენ იცვლება“. ამ ტიპის მასალებში ნახავთ მიმოხილვებს, თუ რამდენიმე ადამიანი იღუპება ევროპაში, კრიზისზე იტალიაში, იტალიელების ან იტალიის მთავრობის კრიტიკას, ან ამბავს იმაზე, თუ „როგორ მიატოვა ევროპამ იტალია“. ერთგვარი მიმოხილვის შემდეგ ჟურნალისტები ძირითადად საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოში ევროპა და ევროპული ღირებულებები პოპულარული აღარ იქნება.
მაგალითად, news front-ზე 23 მარტს გამოაქვეყნა სტატია „ქართველების წარმოდგენები ევროპაზე თანდათან უარესისკენ შეიცვლება“. ჟურნალისტი მიმოხილვას ასეთი მაგალითით და შეფასებით ასრულებს:
„საშინელი კადრები გავრცელდა ინტერნეტში – იტალიელი სახლში გარდაცვლილ დასთან ერთად მარტოა და არავინ მიდის საშველად! ამის შემდეგ ძნელია, არ შეგეცვალოს წარმოდგენა ევროპაზე, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო საიმედო ადგილზე… საქართველოში, ლიბერასტების პარპაშის მიუხედავად, აუცილებლად მოხდება მსოფლიოს შესახებ წარმოდგენების გადაფასება, ყალბი ოცნება ადგილს დაუთმობს რეალურ აღქმას,“ – ვკითხულობთ სტატიაში.
დასავლეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გაჩენას ელოდება tvalsazrisi.ge-ის ერთ-ერთი ჟურნალისტიც, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას სთავაზობს მკითხველს:
„საქართველოშიც და პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც შეიცვლება განწყობები, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ევროპულ სოლიდარობაზე და საერთო გამოწვევის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე, ვფიქრობ არათუ ჩვენ, არამედ დაუძლურებული, ბედის ანაბარა მიტოვებული იტალიელი ხალხი დაფიქრდება ევროკავშირიდან გასვლაზე…“ – წერს ის.
სტალინის და „რკინის ფარდის“ ნოსტალგიას არ მალავს კიდევ ერთი პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“. 23 მარტს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალაში: „საქართველო COVID 19 – უსმინეთ სტალინს“, ასეთი რამ წერია:
„…და კვლავ არ შემიძლია არ გავიხსენო სსრკ: სტალინის „რკინის ფარდა“ დღესაც „დაშვებული“ რომ ყოფილიყო, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის – საქართველოში, არ იქნებოდა. საბჭოთა მოქალაქეები უცხოეთში მიემგზავრებოდნენ სამუშაოდ, კონცერტების გასამართავად, დასასვენებლად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და არა მოხუცების ქაქის საწმენდად, ელიტარული გარყვნილებით დასაკავებლად ანდა საქურდად,“ – აღნიშნავს მასალაში თავად სტატიის ავტორი.
პრორუსულ მედიაგამოცემების უმრავლესობას აქვს რუბრიკები: „რუსეთი“ და „მსოფლიო“. ამ რუბრიკებში ახლა კორონავირუსის გავრცელების ტემპით იდება მასალები, სადაც ევროპას აქილიკებენ, მაგალითად, „საქართველო რომ გაასწრებს საფრანგეთს, ესე იგი, ევროკავშირში რა დონეა?“ – წერს news front-ი. ამ მასალაში საფრანგეთში მყოფი ქართველი ექიმის კომენტარია მოცემული, სადაც ის ვირუსის გავრცელების შემდეგ შექმნილ მდგომარეობას აღწერს. სტატიის ბოლოს მოგვიწოდებენ სხვა მასალების ლინკებზე გადავიდეთ და მას ამ ფორმის მითითებაც ახლავს: „წაიკითხეთ ევროკავშირის უვარგისობის შესახებ“.
ამავე გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ირლანდიის ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ღვთისმსახურების შეცვლილ წესს უკავშირდება. სტატიას ასეთი სათაური აქვს – „ნაცვლად ლოცვის გაძლიერებისა… ანუ როგორ არ უნდა დავემსგავსოთ ევროპას“. მასალა გამოცემის მხრიდან ასეთი შეგონებით სრულდება:
„ახლა ზოგიერთი ჩვენი მკითხველი იტყვის, ეს არამართლმადიდებლებს ეხებათ და ჩვენ რა შუაში ვართო. არა, ბატონებო, ჩვენზეც გავრცელდება ასეთი „რეგულაციები“, თუკი ზომაზე მეტად „ვინტეგრირდებით“ უღმერთო ევროპაში – მით უმეტეს, კბილი უკვე მოგვისინჯეს და ზიარებაზე „ერთჯერადი კოვზების“ პროპაგანდა დაიწყეს მასმედიის საშუალებით. ირლანდიაც ერთჯერადი მაგალითი არ გახლავთ, იტალიის რიგ რეგიონებში ღვთისმსახურება საერთოდ აკრძალეს,“ – ვკითხულობთ სტატიაში.
კორონავირუსს რუსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს ნატო-ს წინააღმდეგაც. 23 მარტს, Front News-მა გამოაქვეყნა სტატია: „რუსეთმა ნატო „დატროლა“, რა ბედი ელის ნატოს „მასშტაბურ“ წვრთნებს?“. „დატროლვას“ გამოცემა უწოდებს იმას, რომ კორონავირუსი რუსეთში 9 მაისს დაგეგმილ სამხედრო აღლუმს ვერ შეაჩერებს, რასაც რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები ადასტურებს, ნატო-მ კი, პანდემიის გამო გარკვეული ღონისძიებები შეაჩერა.
„…კორონავირუსმა ნატოს თავისი ადგილი მიუჩინა. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ამერიკა Defender Europe-2020-ში თავის მონაწილეობას შეზღუდავს, მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე მოასწრო ევროპაში 6000 სამხედრო პირისა და 12000 სატრანსპორტო და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად,“ – წერია სტატიაში.
კორონავირუსი და მსოფლიო „რუსი მეცნიერების იმედად“
პრორუსული ქართული მედიაგამოცემების კიდევ ერთი მიმართულება იმის ჩვენებაა, თუ როგორ არის დამოკიდებული ახლა მსოფლიო რუსულ მეცნიერებზე. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს მედიასაშუალებები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას რუსეთში ვაქცინის შექმნის მეცნიერულ მიღწევებზე, თუმცა ამ ინფორმაციებში ვერ იპოვით კონკრეტული მიღწევის დეტალებს. ვერც იმას, იზიარებენ თუ არა მას ამ მიმართულებით მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციები.
მაგალითად, ონლაინგამოცემა „სპუტნიკმა“ 20 მარტს გამოაქვეყნა ინფორმაცია: „რუსეთში ახალი კორონავირუსის გენომი მთლიანად გაშიფრეს“. გამოცემამ ეს მასალა РИА Новости-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, რომელმაც ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურისგან მიიღო. ამ ინფორმაციაში ვერც რომელიმე რუსული სამედიცინო ინსტიტუტის დასკვნას იპოვით, რომელიც გენომის სრულად გაშიფვრაზე საუბრობს.
„COVID 19“ რუსეთში ახალი ვაქცინის გამოცდა დაიწყო“ – ეს ინფორმაციაც „სპუტნიკმა“ გაავრცელა ისევ РИА Новости-ზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის გამოცდა რუსმა მეცნიერებმა დაიწყეს, თუმცა უცნობია, რა ახალ ვაქცინაზეა საუბარი, რის მიხედვით ტარდება კვლევა, ვინ არიან ამაში ჩართული, რა კავშირი აქვთ რუს მეცნიერებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კონკრეტულად ამ საკითხზე და ასე შემდეგ.
გამოცემა tvalsazrisi.ge-ზე ნახავთ ამ ამბავს: „კორონავირუსის დიაგნოზისთვის რუსეთის სატესტო სისტემებს აქვთ მაქსიმალური მგრძნობელობა და შეუძლიათ ვირუსის ერთჯერადი ასლები ამოიცნონ“. მასალაში აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციას რუსეთის „როსპოტრებნადზორი“ ავრცელებს.
ამავე პათოსის მატარებელია „სპუტნიკზე“ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიაც: „ლომონოსოვის უნივერსიტეტი: კორონავირუსის ვაქცინის შექმნა სამ თვეში შეგვიძლია“. ამ სტატიებში ნახავთ მოკლე მონაცემს იმაზეც, თუ რას აკეთებენ ამ დროს ევროპელი, ან ამერიკელი მეცნიერები, თუმცა სტატია და ინფორმაცია მეცნიერულ მიღწევებზე მხოლოდ რუსეთსა და რუს მეცნიერებს ეძღვნება.
პრორუსული მედიასაშუალებები მხოლოდ საეჭვო მეცნიერულ მიღწევებზე არ ავრცელებენ ინფორმაციას. „სპუტნიკმა“ ასევე გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც „რუსეთი იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება“. საუბარია მედიკოსების და ვირუსოლოგების რვა ბრიგადის იტალიაში გამგზავრებაზე.
ქართული მედიასაშუალებები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით რუსეთში დამზადებული ლაბორატორიული ტესტის სხვა ქვეყნებში გაგზავნაზე.
„ტესტებს გადასცემენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს – დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობას, ირანს, მონღოლეთისა და KPRK- ს წევრებს. ამასთან ტესტები გაიგზავნება ეგვიპტეში, სერბეთსა და ვენესუელაში,“ – წერდა მაგალითად, tvalsazrisi.ge 21 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეს გამოცემა 20 მარტს „როსპოტრებნადზე“ დაყრდნობით წერდა, რომ „რუსეთში უკვე შექმნეს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები.“
„ევროკავშირის მიერ სანქციებდადებული რუსეთი დახმარებას უწევს ევროკავშირის ქვეყანას“ – წერს „საქინფორმი“. აქაც ამბავი იმაზეა, თუ როგორი მოწყალეა პუტინი, ევროპას დახმარების ხელი რომ გაუწოდა.
რამდენი ადამიანია დაინფიცირებული კორონავირუსით რუსეთში? – რუსულ მედიაში და ქართულ პრორუსულ მედიაში ამ კუთხით მონაცემები იშვიათად ქვეყნდება. ბოლო მონაცემებით, რუსეთში 438 პირია დაინფიცირებული კორონავირუსით და ერთი გარდაიცვალა.
სხვა მედიასაშუალებები კი წერენ, რომ შესაძლოა, ოფიციალური სტატისტიკა რუსეთიდან არ იყოს რეალური. მაგალითად, ALJAZEERA 23 მარტს წერდა: „არის თუ არა რუსეთი მზად კორონავირუსისთვის“. ამ სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რუსეთში 143 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის 14 ქვეყანას ესაზღვრება, მათ შორის, ნორვეგიას და ჩინეთს, საიდანაც ეს ვირუსი გავრცელდა.
რას აკეთებენ ტროლები?
ტროლები, ასევე ფეისბუქგვერდები, რომლებიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდნენ, მუშაობენ ახლაც – ისინი ძირითადად იმ მედიაგამოცემების სტატიებს აზიარებენ, რომლებზეც ნაწილობრივ ზემოთ გიამბეთ. ტროლების გზავნილი აქაც საერთოა – კორონავირუსი ამერიკამ გამოიგონა და ევროპა მალე საქართველოს შესძულდება. სტატიებს ზოგიერთ შემთხვევაში ახლავს გამოხმაურებაც.
ზოგიერთს განსხვავებული მოლოდინიც აქვს, მაგალითად, დაჩი ქართველი, რომელსაც მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ უდევს და დიდი ალბათობით ტროლია, წერს:
„პუტინმა ხანგრძლივი, 20-წლიანი მომზადების შემდეგ მასონების მთავარ ბასტიონზე რუსეთში (ასევე სხვა ქვეყნებში) ე.წ. “მასონურ კონსტიტუციაზე” ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, რომელიც 2020 წლის აპრილის ბოლოსათვის უნდა დამთავრდეს, საერთო სახალხო გადაწყვეტილებით, გამარჯვების წერტილი უნდა დაისვას….“
ტროლები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თითქოს COVID-19-თან ბრძოლის გასაუმჯობესებლად დაავადებულთა ორგანიზმში ელექტრონული ჩიპის სავალდებულო წესით ჩასმას ითხოვს.
„აი, რასაც ვეჭვობდი, იმას აპირებს ამერიკა, ან დაივიწყებ უფალს და ემსახურები სატანას და იქნები მაძღარი, თუ ჩაიდგამ ამ ეშმაკისეულ ჩიპს“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე „ფეისბუქში“.