მთავარი,სიახლეები

როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“

25.03.2020 • 3724
როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“

„ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის… პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ,“ – ამბობს თბილისელი მოხალისე, თსუ-ს ტექნოლოგიების და ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის მენეჯერი, ნიკოლოზ მნათობიშვილი. იგი მე-6 დღეა პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში მოხალისეა და მოხუცებთან, ასევე, შშმ პირებთან პირველადი დახმარების ნივთები და საკვები მიაქვს.

პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში გეტყვიან, რომ საკმაოდ დიდია იმ ადამიანების სია, ვისაც უნდა დაეხმარონ. ზოგიერთ ჯგუფს საკმარისი რაოდენობის მოხალისე არ ჰყავს, სათანადო აღჭურვილობის პრობლემა აქვს, ან ბიზნესორგანიზაციების გააქტიურებას ელის…

„არ დამავიწყდება განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებიც თბილისის პერიფერიებში ცხოვრობენ, მაგალითად, ლილოს დასახლებაში,“ – გვიყვება მოხალისე ნიკოლოზ მნათობიშვილი. – „ხშირად არ გვაქვს ინფორმაცია და არც კი ვიცით, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მუყაოს ყუთებით გადატიხრულ ოთახებში, სასტიკ სიღარიბეში… ეს იმდენად დიდი ემოცია იყო, რომ ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაშიც შეიცვალა რაღაც. უფრო მეტად გიჩნდება სურვილი, რომ, ზოგადად, ჩართული იყო ყველაფერში.

ეს პლატფორმა როცა შეიქმნა, 400-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა ერთ დღეში, მაგრამ მაინც არაა ეს საკმარისი, ჩემი აზრით. კარგი იქნებოდა, სტუდენტების დაახლოებით 20 პროცენტი მაინც რომ იყოს ჩართული მოხალისეობრივ საქმეში. მე ვერეს ხეობის დატბორვის დროს ვიყავი პირველად მოხალისე და ახლაც დიდი სურვილით ჩავერთე.

ზოგჯერ ახალგაზრდებიც ფორმალურად ერთვებიან, რომ სხვებმა დაინახონ, ენთუზიაზმი გვაკლია. ხშირია მოსაზრება, რომ ვერ ხედავენ შედეგს – რომ ჩავერთო, მერე რა მოხდებაო, მაგრამ არაა ასე,“ – მიიჩნევს ნიკოლოზ მნათობიშვილი.

ბოლო რამდენიმე დღეა მოხალისედ მუშაობს ბათუმში თიკო აბაშიძე. იგი საქველმოქმედო ფონდ„იალქნის“ ხელმძღვანელია. თიკოს შეფასებით, ბიზნესს სხვების დახმარების სურვილი ამ დრომდე არ გაუჩნდა.

„ბიზნესმენებს მივწერეთ, მაგრამ გამოხმაურება ჯერ არ მიგვიღია… რამდენიმე პოსტი დავდეთ ჩვენს გვერდზე და გვეხმაურებიან ადამიანები, ზოგი თანხას გვირიცხავს, ზოგს პროდუქტი მოაქვს. 186 ოჯახს უკვე დავეხმარეთ. ჩვენ ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 100 ათასზე მეტი ქულა აქვთ, ანუ შემწეობას არ იღებენ. 200 ოჯახის სია მაქვს ახლა, ვინც გველოდება, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა…

ვეხმარებით იმ ოჯახებსაც, რომლებიც ყოველდღიურად შრომობდნენ, მაგალითად, თურქეთში გადადიოდნენ და ვაჭრობდნენ, ან თამბაქო გადაჰქონდათ და ასე შემდეგ,“ – გვიყვება თიკო აბაშიძე.

თიკო აბაშიძე

თიკო აბაშიძის თქმით, სოციალურ ქსელში საჯარო მოწოდების მიუხედავად, ამ დრომდე მოხალისეობის სურვილი ბევრს არ გამოუხატავს.

„ რამდენიმე გამოგვეხმაურა, მაგრამ პრობლემაა აღჭურვილობა, მხოლოდ პირბადე და ხელთათმანი არაა საკმარისი. ამ კუთხითაც პრობლემა გვაქვს. შესაძლებელია, მოხალისე დაგვეხმაროს, მაგალითად, პროდუქტის შეგროვებაში. ზოგი ვერ მოდის ოფისში და ურჩევნია, გამოგვატანოს… ამჟამად სულ სამი მოხალისე ვართ,“ – ამბობს თიკო აბაშიძე. ორგანიზაცია „იალქანი“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე #27, ბინა 16-ში მდებარეობს.

სხვების დასახმარებლად, განსაკუთრებით კი, უმუშევრად დარჩენილებისთვის, თანხის შეგროვება დაიწყო „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემაც. მან საკუთარი ფეისბუქიდან მიმართა ადამიანებს:

ვფიქრობ, 20 ლარი არავის დააზიანებს, ადამიანებს კი ძალიან დავეხმარებით. არ მინდა იყოს რამე შემაფერხებელი მიზეზი, ამიტომ სურვილისამებრ შეგიძლიათ დარიცხოთ 10 ან 5 ლარი, თუმცა ვისაც შეგვიძლია, იყოს 20 ლარი, საბანკო ამონაწერს დავდებ შემდეგ კვირაში, სულ რამდენი იქნება დარიცხული, ასევე დავწერ რამდენ და რომელ ოჯახებს დაეხმარეთ, გადავიღებთ ვიდეოსაც. ვფიქრობ, თითოეულ ოჯახს მივცეთ 200 ლარი, უფრო მეტი კარგი იქნებოდა, მაგრამ მაქსიმალურად ბევრი ოჯახი მოვიცვათ,“ – წერს თეონა თურმანიძე.

მარკეტინგის კომუნიკაციების სპეციალისტმა, ნათია სირაბიძემ კი ქველმოქმედების მიზნით ონლაინკურსი გახსნა. ის აპირებს 14+ ადამიანებს ასწავლოს პოზიტიური აზროვნება, პიარის ისტორია, მანიპულაციის ტექნოლოგიები, ეფექტური გაყიდვები, სოციალური პლატფორმების მართვა. ამ კურსს მსურველები უფასოდ გაივლიან, ხოლო სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ მათ ვინც, მინიმუმ 5 ლარს გადაურიცხავს რომელიმე ოჯახს ან მარტოხელა მოხუცს, ანუ იმ ადამიანს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ნათია ამბობს, რომ სახელდახელოდ შექმნილ ონლაინკურსში დღეისთვის უკვე 310 ადამიანი დარეგისტრირდა.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად თბილისში კიდევ ერთი ჯგუფი „გვერდიგვერდ“ შეიქმნა. ფეისბუქში ჯგუფს ამავე სახელწოდებით იპოვით.

„ჩვენ შეგვაწუხა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ბედმა… ადრეც იყვნენ, მაგრამ ახლა რა უნდა ქნან, უმუშევარი დარჩნენ. მე გესაუბრებით ადამიანებზე, რომელთაც მართალია პური აქვთ, მაგრამ კარტოფილი არ აქვთ, ამასაც ვერ ყიდულობენ. ჩვენთვის სულერთია, ვინ რითიც დაგვეხმარება, მივალთ, წამოვიღებთ და მივუტანთ ამ ადამიანებს. სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები ვართ და ახლა მოხალისეობა გადავწყვიტეთ,“ – გვითხრა საინიციატივო ჯგუფ „გვერდიგვერდის“ ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრე მაღრაძემ.

გვერდიგვერდ

ამ დროისთვის ყველაზე ვრცელი პლატფორმა, რომელიც მოხალისეებს აერთიანებს, „ერთიანობაა“. ეს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ზამბახიძემ შექმნა ვალერი ჩეხერიასთან და სანდრო კანდელაკთან ერთად.

ინტერნეტგვერდზე https://1anoba.ge/ შესაძლებელია დარეგისტრირდე მოხალისედ და საკუთარი მონაცემები მიუთითო. აქვე რეგისტრირდებიან ბიზნესორგანიზაციები, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია. ამავე გვერდზე რეგისტრირდებიან ბენეფიციარები, რომლებსაც დახმარების მიღება სურთ. ბენეფიციარი, თუ მას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, შესაძლებელია ის ოჯახის ახლობელმა დაარეგისტრიროს.

„ამ დროისთვის ჩვენ უკვე ვიყავით 60 ოჯახში და მისასვლელი ვართ 120 ოჯახში, მოხალისედ დარეგისტრირებულია დაახლოებით 900 ადამიანი. ეს მონაცემები იცვლება და ახლა ვაწყობთ ამ სისტემას, გვინდა, რაც შეიძლება გამართული და კარგად ორგანიზებული სისტემა შევქმნათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ზამბახიძემ, „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

„ერთიანობის“ ფარგლებში ძირითადად ეხმარებიან შშმ პირებს, მარტოხელა დედებს, ასევე 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მათ, ვისაც სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა აქვს.

ფოტო „ერთიანობის“ ფეისბუქგვერდიდან

„პრობლემები არის, მაგალითად, გადაფარვის კუთხით… გვინდა, რომ სისტემურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და აღარ მივიდეთ იმ ოჯახში, სადაც თბილისის მერია იყო. გვაქვს დონორებთან მოლაპარაკება, რომ მოხალისეები გადაამზადონ პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით. ჩვენ უნდა გვყავდეს მოხალისეთა რეზერვი.

ასევე ვამზადებთ რუკას, სადაც რეგიონების მიხედვით იქნება გაშლილი მოთხოვნები. ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ მარნეულსა და ბოლნისშიც, სადაც აკრძალული არაა საკვების გადატანა, ანუ შესაძლებელია მივიტანოთ საკვები და იქაურ მოხალისეებს დავუტოვოთ,“ – გვიყვება ნინო ზამბახიძე. ის მოხალისეების გამოჩენას რეგიონებშიც ელის.

პლატფორმა „ერთიანობის“ ორგანიზატორი საუბრობს პრობლემებზეც, რომელიც უკვე გამოჩნდა:

„მაგალითად, გვითხრა მოქალაქემ, რომ სჭირდებოდა საკვები პროდუქტი და როცა მივიდნენ მოხალისეები, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ უფასო საკვები მოინდომეს, სახლიდან გასვლა დაეზარათ და მოგვმართეს… ასევე იყო შემთხვევა, როცა ფულის სასწრაფო ჩარიცხვას გვთხოვდა მოქალაქე და მერე ანგარიშის დასახელების დროს თავადაც აერია და „აჭარაბეთის“ ანგარიშზე დამიდეთ თანხაო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ნინო ზამბახიძემ.

ფოტო „ერთიანობის“ ფეისბუქგვერდიდან

ფოტო ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: