ქართველი ექიმი, რომელიც იტალიაში Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

თამარ ჭლიკაძე Guardia Medica – ს მიმართულების ექიმია მილანთან ახლომდებარე ქალაქ ჩეზანო მოდერნოში (მონცე ბრიანცას პროვინცია). Guardia Medica იტალიური ჯანდაცვის სტრუქტურაში განყოფილებაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და სტაციონარულ მკურნალობას შორის.

როგორც ექიმი გვიყვება, კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის დეფიციტია სპეცსამოსი და ნიღბები, რა პირობებშიც დაუცველობის შეგრძნება აქვს ყველას, თუმცა აღჭურვილობით მარაგდებიან რეანიმაციის ექიმები. თამარ ჭლიკაძის მოვალეობა Covid 19-ის მსუბუქი ფორმების მქონე პაციენტების მკურნალობაა, დანიშნულებას გასცემს და გამოჯანმრთელების პროცესს აკვირდება.

„რეანიმატოლოგებს აქვთ ეკიპირება, მაგრამ ჩვენთვის ეს შეზღუდულია: ნიღბები, სპეცტანსაცმელი, ხელთათმანი – დეფიციტია. ფაქტობრივად, დაცულები არ ვართ. ბევრი რამ სჭირდება აღჭურვილობას და თან თითქმის ყველაფერი ერთჯერადია. ერთადერთი სათვალეა მრავალჯერადი და შეგიძლია გაწმინდო. ნიღბის გარდა სკაფანდრიც საჭიროა – ჩემი სახსრებით თავიდანვე ვიყიდე, მაგრამ არასაკმარისია. რუსეთიდან ჩამოსულ აღჭურვილობას ველოდებით მალე, ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია“, – ამბობს თამარ ჭლიკაძე.

როგორც ის გვიყვება, პაციენტებს სხვადასხვაგვარი მკურნალობა ენიშნებათ მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, 10 პაციენტიდან 7 კაცია, ლეტალური შედეგი კაცებისთვის დგება შემთხვევათა 7,2%-ში, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი 4,1%-ია. 70-79 წლის პაციენტებში, კერძოდ კაცებში ლეტალობა 8%-ია, ამავე ასაკის ქალების შემთხვევაში – 2%.

მონცე ბრიანცას პროვინციაში, სადაც თამარ ჭლიკაძე მუშაობს, მისი თქმით, კლინიკები გადავსებულია და საწოლები არ ჰყოფნით. თუმცა, გაცილებით რთული მდგომარეობაა ბერგამოში, სადაც ეპიდაფეთქების უსწრაფესი გავრცელება მოსახლეობის განსაკუთრებულმა სიმჭიდროვემ გამოიწვია.

ექიმი ამბობს, რომ სან პაულოსა და სან ჯერარდოში მომუშავე მისი მეგობარი ანესთეზიოლოგები დღე-ღამის უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიუხედავად იტალიის ჯანდაცვის სისტემის სიძლიერისა, ექიმი ყვება იმის შესახებ, თუ რა წინაპირობა იყო იტალიურ კლინიკებში პანდემიის გავრცელებამდე:

„ბოლო 10 წელია, რაც ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ექიმების, ექთნების რაოდენობა. ამ ხნის განმავლობაში ჰოსპიტალებში მცირდებოდა საწოლების რაოდენობაც, რადგან მედიცინა უმეტესად მინიინვაზიურ ოპერაციებზე გადავიდა. აღარ სჭირდებოდათ ბევრი საწოლი. ადრე საჭირო იყო პოსტოპერაციულ ეტაპზე პაციენტს 7-10 დღე გაეტარებინა ჰოსპიტალში, ახლა იმ დღესვე ან მაქსიმუმ 3 დღეში ეწერებიან. შესაბამისად, შემცირდა საწოლების რაოდენობა.

ეპიდაფეთქებისას უამრავი პაციენტი ერთად მოაწყდა კლინიკებს და არსებული რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდა. დაინფიცირდნენ ექიმები. ყოველთვის ასე ხდება ეპიდემიის დროს…“ – ამბობს თამარ ჭლიკაძე.

ქართველი ექიმი ამჯერად ახალი პროგრამით გაწერილ რეკომენდაციებს ელოდება, რომლის მიხედვითაც, მილანსა და მოლცე ბრიანცაში ექიმები და ექთნები მთელ მოსახლეობას შეისწავლიან, ივლიან სახლებში. იოლი ფორმების მქონეებს მკურნალობას დაუნიშნავენ შინ, რომ არ დამძიმდნენ.

ამ პროგრამის აუცილებლობა დადგა, რადგან ყველაზე სახიფათოები ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანები არიან, რომლებიც უსიმპტომოდ ატარებენ ვირუსს, ისე, რომ თავადაც არ იციან.

,,მაგალითად ლომბარდიაში, სადაც ძალიან მძიმეა მდგომარეობა, ვარაუდობენ, რომ შეიძლება 75% იყოს „ჯანმრთელი მატარებელი“ და არ ვიცოდეთ. აგრესიული ფორმები სწრაფად ვლინდება და ხანდახან ერთ დღეში ხდებიან ცუდად, ისე, რომ რეანიმაციაში ხვდებიან“, – ამბობს თამარ ჭლიკაძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 927 შემთხვევაა დადასტურებული, Covid-19-ით ქვეყანაში გარდაიცვალა 6077 ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 396 249 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 17 252-ს აღწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან