ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე იქნება. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა.

დავუკავშირდით თავად ზაალ მიქელაძესაც, რომელმაც მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები შედგა.

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია 2016 წლიდან. იგი პროფესიით ექიმია, სხვადასხვა წელს მუშაობდა ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრად და მოადგილედ სამედიცინო დარგში; ასევე, იყო სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო მენეჯერი და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი.

„შაქარასთვის“ – ახალგაზრდების სოლიდარობის აქცია ბათუმში

„შაქარასთვის“, „არა ძალადობას“, „რაც შეიძლება ნაკლები შაქარა ამ ქვეყანას“, „სამყარო გავხადოთ ნაკლებად ძალადობრივი“ – ამ გზავნილებით დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ახალგაზრდები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ აქციაზე ის მელოდია ჩართეს, რომელიც, მათივე თქმით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა.

აქციის მონაწილეები სიტყვითაც გამოვიდნენ. მათი თქმით, ისინი დღეს ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამაში მთელ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ:

„სახელმწიფო უნდა იყოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი“, – ამბობენ ახალგაზრდები.

„გვსურს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. ქვეყანაში არის საფრთხე, რომ ჩვენ შეიძლება შინ ვერ დავბრუნდეთ ცოცხლები. მთავარი ბერკეტი და გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო – სახლიდან გასულებს რომ არ გვქონდეს იმის შიში, რომ შესაძლოა სახლში ვერ დავბრუნდეთ“, – ამბობს აქციის მონაწილე მალხაზ გაბისონია.

„თუ გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი, უნდა გამოვიდეთ ამ შავბნელი მენტალიტეტიდან და  დავადგეთ იმ სწორ გზას, რასაც ჰქვია განათლება. ძალა წიგნიერებაშია და არა ძალადობაში“, – ამბობს ლაშა კომახიძე, აქციის მონაწილე.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღის წვეულებიდან, სადაც ახალგაზრდებმა იჩხუბეს, გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეს პოლიცია იძიებს. გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. ამ საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

ბათუმში გვირაბის შესასვლელთან ავტომანქანა დაიწვა

დღეს, 17 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ბათუმში, გვირაბთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეხაჯა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

 

ბათუმის ერთი ქუჩიდან ინფექციურში 6 ადამიანს მკურნალობენ მოწამვლის სიმპტომებით

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ციური აბულაძის თქმით, დღეს, 17 ივლისს, საავადმყოფოში 6 პაციენტი მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს.

„შემოიყვანეს 6 ადამიანი, სავარაუდოდ, ნაწლავური ინფექციაა ან მოწამვლა. ამჟამად ვუწევთ სამედიცინო დახმარებას, კვლევებს ჩაატარებენ ეპიდემიოლოგები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის მოწამვლის მიზეზი,“ – ამბობს ციური აბულაძე.

მისი თქმით, ერთი ადამიანი კლინიკაში თვითდინებით შევიდა, 5 კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

„როგორც ვიცი, ერთი ადგილიდან არიან შემოყვანილნი და ეს არის შარაშიძის ქუჩა,“- ამბობს დირექტორი. მისი თქმით,  ყველა პაციენტი სრულწლოვანია.

ციური აბულაძე ამბობს, რომ არც ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

შარაშიძის ქუჩა ბათუმის მუნიციპალური სერვისცენტრის ადმინისტრაციაში შედის. „ბათუმელები“ აღნიშნული ცენტრის მენეჯერს სულიკო გოგოლიშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, დილით ის იმყოფებოდა შარაშიძის ქუჩაზე, თუმცა კონკრეტულად არის თუ არა ამ ადამიანების ინტოქსიკაცია წყალთან კავშირში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„ამ შემთხვევას იძიებს სურსათის ეროვნული სააგენტო და გაირკვევა რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. კონკრეტულ მიზეზს ვერავინ ვერ ასახელებს, თუმცა რამდენიმე ადამიანმა ახსენა, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს წყალს,“-ამბობს გოგოლიშვილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიას ქსელი არ აქვს.

„შარაშიძის დასახლებაში “ბათუმის წყალს” ქსელი არ აქვს. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ინტოქსიკაცია წყლისგან მიიღეს, ჩვენი აბონენტები არ არიან. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმ აბონენტებზე, რომლებიც ირიცხებიან ჩვენთან და არიან ჩვენი მომხმარებლები,” – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზუსტი დრო, როდის დასრულდება პროექტი, უცნობია.

„ფულიანმა იყიდა შენობა და გვტოვებს უსახლკაროდ“ – მოქალაქეები დახმარებას რიჟვაძეს სთხოვენ

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს ქუბულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა. მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა, სადაც 12 ოჯახია შესახლებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრისა და იმავდროულად ქობულეთის ბაზრის დირექტორის, მალხაზ რომანაძის ბიძაა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შენობა, შესაბამისად, საკრებულოს წევრის საკუთრებაში გადავიდა, ნათესავზე კი, ფორმალურადაა გაფორმებული.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთან, შენობის დასათვალიერებლად მისულმა საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ მოქალაქეებს შენობიდან გაასახლებს.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ უსახლკაროდ დარჩებიან. თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ისინი პრობლემის მოსაგვარებლად ითხოვდნენ – სურთ საცხოვრებელი ფართობის დაკანონება ან ადგილმონაცვლეობა.

„ჩვენც ქართველი ხალხი ვართ, ჩვენც საქართველოს შვილები ვართ. 8 წლის განმავლობაში ყველანაირი გასაჭირი ავიტანეთ, გვინდა ახლა გვერდით დაგვიდგნენ და არ გაგვაუბედურონ. უცებ აუქციონზე მოვიდა ვიღაც ფულიანი, შეისყიდა შენობა და გვტოვებს უსახლკაროდ. გაითვალისწინოს  მყიდველმა ჩვენი პირობები და დაგვაკმაყოფილოს თავად ან მერიამ. მთავარია, არ დაგვტოვონ უსახლკაროდ, ღია ცის ქვეშ,“ – გვითხრა აქციის მონაწილე მზექალა აბაშიძემ. მას, როგორც თავად ამბობს, სამსახური არ აქვს და სოცილაური დახმარებით ცხოვრობს.

აქციის მეორე მონაწილე, მელანო ბოლქვაძე, ჰყვება პირობების შესახებ, რომელიც ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაშია. კითხვაზე, გამოსახლების შემთხვევაში შეძლებს თუ არა მისი ოჯახი დამოუკიდებლად ბინის ქირაობას, მან გვიპასუხა, რომ ეს შეუძლებელია.

„გაგვიწიოს რიჟვაძემ შუამავლობა, აქვს მას უფლება, რომ გაგვიფორმოს, სადაც ვცხოვრობთ ან სხვაგან მოგვცეს საცხოვრებელი, რომ არ დავრჩეთ ქუჩაში. შანსი რომ მქონოდა დამოუკიდებლად ცხოვრების, 8 წელი აქ არ ვიცხოვრებდი პატარა ბავშვებთან ერთად. 8 წელი 8 დღე არ არის. უწყლოდ და უშუქოდ ვიცხოვრეთ. სადმე წასასვლელი რომ გვქონოდა, ამ პირობებში არ ვიცხოვრებდით. ორი კილომეტრიდან ვეზიდებით სასმელ წყალს, სახურავიდან წყალი ჩამოგვდის. აქედანაც თუ გამოგვყრიან და ქუჩაში დაგვტოვებენ, ეს უკვე მთავრობის სირცხვილია,” – ამბობს მელანო ბოლქვაძე.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნის მიუხედავად თორნიკე რიჟვაძე დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებს არ შეხვედრია. მის ნაცვლად მთავრობის სახლის წინ მოქალაქეებთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე მივიდა.

ფუტკარაძე მოქალაქეებს სიტყვიერად დაჰპირდა, რომ მათი ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება:

„ჩვენს სახელმწიფოს, პირადად მე, კომუნიკაცია მექნება მყიდველთან, რის შედეგად შევთანხმდებით, რა ალტერნატივით დავაკმაყოფილებთ მცხოვრებლებს,“ – თქვა აქციაზე აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ქობულეთიდან, ირაკლი ჯანყარაშვილი ამბობს, მინისტრის მოცემული პირობა საკმარისი არ არის და აქციები პერმანენტულად გაგრძელდება მანამ, სანამ მისი პირობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ ექნებათ მოქალაქეებს – კონკრეტული გეგმა, თუ რით და როგორ რა დროში დააკმაყოფილებენ უსახლკარო მოქალაქეებს.

როგორც ჯაბა ფუტკარაძემ თქვა აქციის მონაწილეებთან, მოლაპარაკებებს შენობის მყიდველთან ის დღეიდანვე შეუდგება, აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ  დააკვირდებიან პროცესს, თუ რა შედეგი იქნება მიღწეული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააგრძელებენ აქციებს.

აქციის მონაწილე, მზევინარ ვანაძე, რომელსაც სავარაუდოდ გამოსახლება ელის ყოფილი სტატისტიკის შენობიდან, ამბობს, რომ მიუხედავად აქციის მონაწილეებთან შეხვედრისა, მინისტრს მათთვის თითქმის არაფერი უთქვამს.

„რა გარანტია გვაქვს, რომ დიდხანს იქნება თავის ადგილზე ჯაბა ფუტკარაძე და მოგვხედავს? დაგვიწეროს პირობა წერილობით და დავუჯერებთ, ან გაყიდული შენობა დააბრუნონ უკან. არ გვჯერა სიტყვიერი დაპირებების. კონკრეტული და გადამწყვეტი პასუხი მინისტრს არ უთქვამს,“ – ამბობს მზევინარ ვანაძე. მისი ოთხსულიანი ოჯახიც 8 წელია ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაშია შესახლებული.

ამავე თემაზე:

ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს

ალო ჰიგიენა – დასუფთავების საუკეთესო სამსახური ბათუმში, ადგილზე მისვლით

„ალო ჰიგიენა“ ბათუმში, ადგილზე მისვლით გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ხალიჩების, სავარძლებისა და სკამების რეცხვა, საწოლებისა და ლეიბების წმენდა, კერამიკის, გრანიტის და მარმარილოს ზედაპირების წმენდა, გაპრიალება, სახლებისა და კომერციული ფართობების სარემონტო სამუშაოების შემდგომი დასუფთავება, ავტომობილის სალონის ქიმწმენდა და სხვა.

კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ამერიკული ტექნიკით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორგანიზაცია იყენებს სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივ ნივთიერებებზე დამზადებულ ჰიგიენურ საშუალებებს. 

Covid 19 პრევენციისათვის კომპანია იყენებს ბუნებრივი, ახალი თაობის სადეზინფექციო საშუალებებს. ვირუსთან ბრძოლისას ქიმიურ ნივთიერებების გამოყენება ადამიანების ჯანმრთელობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, “ალო ჰიგიენას” ბუნებრივი საშუალებები დეზინფექციისა და წმენდისთვის საუკეთესოა.

კომპანია „ალო ჰიგიენა“, ბათუმში 2016 წლიდან საქმიანობს. ამ მოკლე დროში ის შეუცვლელ პარტნიორად იქცა ბრენდული სასტუმროების, რესტორნების, კაზინოებისა და გასართობი ცენტრებისთვის.

ვისაც დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება გსურთ, გთავაზობთ უფასო და პროფესიონალურ კონსულტაციას. 

დაგვიკავშირდით: 

ტელ: 514 20 00 40 ქართული

ტელ: 558 67 19 79 ინგლისური, თურქული

მისამართი: ჰ.აბაშიძის 66/ბათუმი

www.alohigiena.ge

instagram

facebook

 

ბათუმში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს. მოზარდს ორი დღე ეძებდნენ.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, „მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება“.

არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს შევიდა აღნიშნულ სამსახურში, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები როგორც წლის ზედაპირზე, ასევე წყალში.

რა არის მამუკა ხაზარაძისთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი – ლელოს ლიდერის საარჩევნო პროგრამა

„ლელოს“ ლიდერები აჭარაში ამომრჩეველს ხვდებიან, ხსნიან პარტიულ ოფისებსაც. წინასაარჩევნო პროგრამა ამ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია მათი ხედვები, მაგალითად, ისინი გვპირდებიან ქვეყანაში, „სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები“ და იმ რეალობაში, როცა მოსამართლეები უვადოდ უკვე დანიშნულები არიან, „სასამართლო სისტემის სრულად განახლებას“.

როგორ აპირებს „ლელო“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას? – „ბათუმელებმა“ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მამუკა, თქვენ ხსნით რეგიონულ ოფისებს. როგორია ამომრჩევლის დაინტერესება და რა მოტივაციით მოდიან თქვენთან ადამიანები, ვინ არის „ლელოს“ ამომრჩეველი, რა ტიპის ამომრჩეველია?

ჩვენ ხულოში გავხსენით რიგით 28-ე რეგიონული ოფისი. ეს რაოდენობა გაიზრდება უახლოეს ორ კვირაში 40-მდე. სექტემბრისთვის გვექნება 70-მდე ოფისი და დავფარავთ სრულიად საქართველოს. მინდა გითხრათ, რომ განწყობა ხულოში, სამტრედიასა თუ ზუგდიდში, სადაც ჩვენ ვხდებით მოქალაქეებს, არის ერთი და იგივე, ადამიანებს არ უნდათ ასე ცხოვრების გაგრძელება. არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც არ ჰყავს ემიგრანტი, დროებით საშოვარზე ან მუდმივად წასული. საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, უმუშევრობა და, რაც ყველაზე მძიმე მოსასმენია, იმედის დაკარგვის ზღვარზე არიან ადამიანები, რომ საშველი არ იქნება.

  • რატომ მოდიან თქვენთან, რა მოლოდინი აქვთ?

სრულიად საქართველო 30 წლის განმავლობაში აღმოვჩნდით ორი არჩევანის წინაშე: ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობა როცა დაიწყო, არჩევანი იყო ვიღაცის საწინააღმდეგოდ… ახლა არის არჩევანი უიმედობის წინააღმდეგ. ჩვენ სხვანაირად ვაყენებთ საკითხს: ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამბობს, ხვალ რა შეიძლება გავაკეთოთ და ამის საშუალებას გვაძლევს დიდი ბრძოლის შედეგად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ჩვენ ვართ ალტერნატივა სწორედ იმ ორი ძალის – „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“, რომელსაც პრაქტიკულად მონოპოლიზებული ჰქონდა სიტუაცია. უმეტეს შემთხვევაში, ერთი საწყისიდან იკვებებოდნენ ისინი, რაც კარგად ჩანს სასამართლო სისტემაში, პროკურატურის თემაში და იმ პორტირებულ ადამიანებში, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადავიდნენ „ოცნებაში“. ამიტომაც ფუნდამენტურად, სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

ამომრჩეველს ახლა უნდა იხილოს ალტერნატივა და გააკეთოს არჩევანი ხვალინდელ დღეზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ განსხვავებულები არა მხოლოდ ხედვის, სახელის ან ფერის თვალსაზრისით, არამედ ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა: ესაა უმუშევრობა, სიღატაკე თუ ეკონომიკური პრობლემები. ჩვენ ვიცით, ინვესტიცია როგორ შემოვიტანოთ ქვეყანაში… ჩვენ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანი იქნება მიზანი და არა საშუალება. ჩვენ გვყავს 90 პროცენტი ახალი სახეები, ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალკე თავიანთ სფეროში მყარად იდგნენ ფეხზე, მაგრამ ყველამ მიატოვა თავისი საქმე, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ გემის გადარჩენაა, რომელიც იძირება.

  • აქვე გვითხარით, ვის მოიაზრებთ მაჟორიტარობის კანდიდატებად ბათუმში?

მე შემიძლია ერთი სახელი დაგისახელოთ: ესაა აჭარის ორგანიზაციის ლიდერი – ირაკლი კუპრაძე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ის სულ 25 წლისაა, მასში თავმოყრილია ბევრი საუკეთესო თვისება, რაც კი შეიძლება ადამიანში იყოს. ირაკლი იყო ყოველთვის მებრძოლი და ყველა დაჩაგრულის გვერდით… ირაკლის უნდა უკეთესი საქართველო, უკეთესი აჭარა, ბათუმი. ჯერ ირაკლი არ დაგვისახელებია, ის ერთ-ერთი ლიდერია. ვიწყებთ უპრეცედენტო გამოკითხვის კამპანიას, როცა ადამიანებს ვკითხავთ, ვინ უნდათ, რომ იხილონ პარლამენტში. ასეთი წინასაარჩევნო კამპანია არავის ჩაუტარებია… ჩვენ რეალურად სახალხო პარტიად გადავიქეცით, უკვე 30 ათასზე მეტი ვართ რეგისტრირებული, აქედან 5 ათასი პარტიის წევრია, 25 ათასი – მხარდამჭერი.

  • თქვენ განაცხადეთ, რომ თბილისში ელენე ხოშტარიას არ დაუყენებდით კონკურენტს. მიიღეთ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება? 

კი, ეს იყო ჩემი განცხადება. მინდა გითხრათ, რომ დღესაც იმავე აზრზე ვარ ელენე ხოშტარიაზე, როგორც მებრძოლ ადამიანზე. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

  • საარჩევნო პროგრამა ჯერ არ გაქვთ, თუმცა ცნობილია თქვენი ხედვები ამა თუ იმ საკითხზე. დავიწყოთ ბათუმით, რადგან ამ დღეებში ბათუმელებს ხვდებით. თქვენ განაცხადეთ, რომ კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე არ უნდა ააწყო მომავალი. ბათუმის ბიუჯეტის შემოსავლების მესამედი სათამაშო ბიზნესის გადასახადია, რით აპირებთ მის ჩანაცვლებას? 

კაზინო არ არის ყველაზე დიდი ნაწილი სათამაშო ბიზნესის, კაზინოების გარდა ჩვენ გვაქვს „ონლაინ გემბლინგი“ რასაც ჰქვია, რომელიც არის ძალიან დიდი – ეს არის სლოტკლუბები და ასე შემდეგ. ეს შეადგენს 14 მილიარდ ლარს ქვეყნის მასშტაბით – თითქმის იგივე, რაც ქვეყნის ბიუჯეტია და აქედან ჩვენი შემოსავალი არის დაახლოებით 200 მილიონამდე ლარი…

არ შეიძლება ერთ ინდუსტრიაზე იყო მხოლოდ დამოკიდებული, თანაც ისეთ ინდუსტრიაზე, რომელსაც არაფერი ინტელექტუალური არ შემოაქვს შენთვის და რომელიც არის საფრთხის შემცველი, რადგან, პრაქტიკულად, არ კონტროლდება რა ტიპის ფული ირეცხება ამ ინდუსტრიაში. არანაირი ზრდა ამას ეკონომიკისთვის არ მოაქვს. ჩვენი ხედვა არის ასეთი: ან ძალიან სერიოზული შემოსავალი უნდა შემოდიოდეს და კონკრეტულად უნდა ჰქონდეს მთავრობას განსაზღვრული, რომ თუ 14-მილიარდიანი ბრუნვიდან საქართველოს ბიუჯეტში შემოდის მილიარდი, ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ამ 5 მილიარდს ჩავდებთ განათლების სისტემაში.

  • ანუ თუკი ყოველწლიურად მილიარდი შემოვა აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, მისაღებია? 

გადასახადები უნდა გაიზარდოს და ნელ-ნელა უნდა ჩანაცვლდეს სხვა ინდუსტრიით. როცა გადასახადები იზრდება, ინდუსტრია, ბუნებრივია, ნელ-ნელა ინტერესს კარგავს…

ბათუმი უნდა გახდეს საზღვაო სერვისების ცენტრი. ბათუმი უნდა გადაიქცეს არა კაზინოების და სათამაშო გემბლინგის, არამედ ბიზნესის ქალაქად. ვფიქრობ, მთლიანად ქართველები უნდა მივტრიალდეთ პირით ზღვისკენ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არ გაგვიკეთებია. დღეს არ გვყავს ჩვენი ფლოტი, არ გვაქვს არანაირი სერვისი, არანაირი გემთშემკეთებელი და ისეთი სერვისები, რომლებიც ამ ინდუსტრიას მოემსახურება. ჩვენ არ გვაქვს გეგმა, რომ ბათუმი ამის ეპიცენტრი გავხადოთ, ქართული დროშა გავხადოთ ყველაზე მიმზიდველი საზღვაო დროშა.

ჩვენ უნდა განვავითაროთ საზღვაო ლიზინგი, საზღვაო არბიტრაჟი, იურიდიული მომსახურება, გემთმფლობელებს შევთავაზოთ რეგისტრაცია და, შესაბამისად, ამ სერვისების მიყიდვა კომპანიებზე. ეს არის ძალიან დიდი ინდუსტრია. ასეთი ხედვა იწვევს ქალაქის აბსოლუტურად განსხვავებულად პოზიციონიერებას მსოფლიო მასშტაბით… ეს ამ ქალაქს, მატერიალური თვალსაზრისით, შესაძლოა, არაფერი დაუჯდეს. ამისთვის საჭიროა კანონმდებლობის, კონცეფციის მიღება და საქართველოს საზღვაო კონცეფციის დადება.

  • თქვენ ამომრჩეველს ჰპირდებით საარბიტრაჟო სისტემის მოწყობასაც. ამისთვის რა რესურსი არსებობს? 

ჩვენ თუ მოვახერხებთ, რომ, მაგალითად, საერთაშორისო საზღვაო საარბიტრაჟო სისტემა დავაფუძნოთ ბათუმში, რომელიც განიხილავს დავებს და თქვენ იცით, რომ საზღვაო დავები ცალკე მეცნიერებაა, ასევე გემების სალიზინგო მომსახურება, რადგან გემებს არავინ ყიდულობს თანამედროვე მსოფლიოში, გემებს აფინანსებენ სალიზინგო კომპანიები, ამას სჭირდება ხედვა, კონცეფცია. ამას სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივა – საზღვაო დარგს სჭირდება საკმაოდ სერიოზული პაკეტის შექმნა, რომ უკრაინული, რუსული, თუნდაც იტალიური ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის გემებმა გადაწყვიტონ, რომ ბათუმშია ყველაზე კარგი ბაზა იმისთვის, რომ მე ქართული დროშის ქვეშ ვიცურო.

ჩვენ გემი კი არა, ნავიც არ გვაქვს. მთელი ჩემი ბავშვობა ბათუმში მაქვს გატარებული. ერთი სიამოვნება იყო, როცა ვუყურებდი მეთევზეებს. ორი დღის წინ შევხდი 70 მეთევზეს ბათუმში. ქალაქს, რომელიც არის ზღვასთან გაშენებული, არ აქვს მეთევზეთა უბანი, სადაც შესაძლოა დილით, მაგალითად, ტურისტმა ან თუნდაც ბავშვმა დაინახოს, როგორ იტვირთება მეზღვაურთა ნავები ბადეებით და როგორ გადის ზღვაში, როგორ შემოაქვს საღამოს თევზი, იქვე რომ იყოს საბითუმო ბაზრობა და მოეწყოს თევზის რესტორნების ქსელი. ეს არის ეგზოტიკა – ნებისმიერი ზღვისპირა სოფელი თუ ქალაქი მსოფლიოში ამით საზრდოობს, დღეს კი, ნავს ვერ ნახავთ მთელ სანაპიროზე. სამაგიეროდ, ნახავთ სხვა ქვეყნის გემებს, რომლებიც ხშირად ბევრ წესს არღვევენ, მათ მხოლოდ ლიცენზიის თანხა აქვთ გადახდილი და გააქვთ ეს თევზი. ეს ნორმალურია, მაგრამ, მაგალითად, ბულგარეთმა, სადაც ასევე გაცემულია ლიცენზიები სხვა ქვეყნების მეთევზეებზე, ჩაუდო პირობად, რომ ეს თევზი იქვე უნდა გადამუშავდეს და მათი ხალხი დასაქმდეს. ამით წელიწადში 80 მილიონ ევროს ტოვებენ, გარდა ლიცენზიის გადასახადისა. საკითხების ამგვარი გადაწყვეტით, შეგვიძლია გადავარჩინოთ უამრავი ინდუსტრია და გადავარჩინოთ ადამიანები მათ უკან.

მაგალითად, ცნობილი იყო იგივე შუახევის, ქედის თამბაქო. ინდუსტრია იყო და ეს არ დაწყებულა საბჭოთა კავშირის დროს. დღეს დაბეგვრის ახალი სისტემა მათ [ისეთ] სიტუაციაში აგდებს, რომ ამ ადამიანებს აღარ უღირთ, ვეღარ აგრძელებენ ამას. როცა ნედლეულს მოიწევენ, ჩაბარების საშუალება უნდა ჰქონდეთ. სწორედ ეს – მეთევზეებისა და მეთამბაქოების საკითხი არის ჩემთვის პოლიტიკა.

  • თქვენი გათვლებით რამდენი წელი დასჭირდება სიღარიბის დაძლევას და როგორ აპირებთ ამას კონკრეტულად? თქვენი დაპირებაა ასევე განათლების ხელმისაწვდომობა და ვიცით, როგორი პრობლემებიცაა, განსაკუთრებით სოფლად იგივე ინტერნეტთან წვდომის კუთხით. 

მე ფოკუსირებულად გელაპარაკეთ ერთ დარგზე… მარტო ოჯახის გამოკვებაზე არ არის ლაპარაკი, არამედ საფუძველი უნდა ჩაუყარო ინდუსტრიას, რომელსაც შემდეგი განვითარება ექნება. მთლიანობაში ვერ გადავწყვეტთ ჩვენ ვერც უმუშევრობის პრობლემას და ვერც ინვესტიციების შემოსვლას, თუკი ქვეყანაში ყველა დარგს არ შეეხო სერიოზული რეფორმა. პირველ რიგში, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. არავინ ფულს არ ჩადებს ამ ქვეყანაში, თუ გვექნება ის სასამართლო, პროკურატურა, რომელიც შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რომელიც გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“.

  • ჩვენ უკვე გვყავს უვადოდ არჩეული მოსამართლეები, როგორ აპირებთ ამ სისტემის განახლებას, რაც ასევე თქვენი წინასაარჩევნო გზავნილია. სასამართლო კლანზე თქვენი ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილიც საუბრობს. 

ეს უნდა შეიცვალოს სერიოზული საკანონმდებლო პაკეტით, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ამავდროულად, დრო რომ არ დავკარგოთ, უნდა გამოვაცალკევოთ ბიზნესდავების პალატა. ჩვენი ერთ-ერთი იდეა არის ის, რომ საქართველოში დავაფუძნოთ ლონდონის არბიტრაჟი. სად იქნება ტერიტორიულად, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ დიდმა კორპორაციებმა, რომლებსაც შემოვიყვანთ ამ ქვეყანაში, იცოდნენ, რომ მურუსიძის სასამართლოში არ ექნებათ დავა…

ანუ რომ დავაკონკრეტოთ, ისევ შეცვლით კონსტიტუციას და ჩაწერთ, რომ მოსამართლეები უვადოდ აღარ ინიშნებიან? გაუშვებთ უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს და ეს მისაღებია?

ეს მისაღები და იდეალური ვარიანტია ჩემთვის იმიტომ, რომ თუ ჩვენ მთლიანად არ განვაახლეთ ეს სიტუაცია, ნდობა თუ არ აღდგა თითოეული მოქალაქის მხრიდან სასამართლოს მიმართ, ჩვენ ვერ განვვითარდებით. ეს ტრაგიკული ამბავი, რაც მოხდა, ვგულისხმობ გიორგი შაქარაშვილის შემთხვევას, რასთან გვაქვს საქმე? – უნდობლობასთან. პრაქტიკულად, გამომძიებლები ჩაანაცვლეს ჟურნალისტებმა. სხვადასხვა ჟურნალისტისგან  ფაქტების კორიანტელი მოდის, რომელიც, წესით, ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიების კომპეტენცია.

  • თქვენ როგორ შეარჩევთ მოსამართლეებს?

დეტალებში ნუ წავალთ, ამის მექანიზმი არსებობს, როგორ გამოარჩიო საუკეთესო ადამიანები… ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ასეთი რამ, შეთანხმება კონსენსუსის გზით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ იარსებებს ამ პარლამენტში. თუ ეს არ გავაკეთეთ, რასაც ახლა მე გეუბნებით, მაშინ ჩვენ ისევ ამ წრეზე ვიტრიალებთ. ამიტომაც, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ, ვინც არ უნდა იყოს, ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას [უარი] სატელეფონო სასამართლოზე.

თუ ეს ადამიანები [არსებული მოსამართლეები. ავტ.] თავიდან ჩააბარებენ, ოღონდ ძალიან მაღალი სტანდარტით, ვფიქრობ, შესაძლებელია, ისინი თავიდან დაინიშნონ. სამაგიეროდ, აღდგება ნდობა ამ ინსტიტუციის მიმართ. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ საგამოძიებო ორგანო გამოვიდეს პროკურატურიდან, ასევე სუსიდან, უნდა გაუქმდეს საგადასახადო პოლიცია… ეს უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც შეერთებულ შტატებშია FBI, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური ადამიანებით და არ იქნება დამოკიდებული ვიღაცის ტელეფონზე.

  • რა გამორიცხავს იმას, რომ თქვენც არ მოგინდებათ იქონიოთ პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე ან საგამოძიებო ორგანოზე? 

ჩვენ ამას იმიტომ გავაკეთებთ, რომ სხვა მოცემულობა გვაქვს – ეს აღარ იქნება უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული პარლამენტი. 2024-ში იქნება სრული პროპორციული არჩევნები და გამარჯვებულ პარტიას სხვა გზა არ დარჩება, რადგან მას მეორედ აღარ აირჩევენ. ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს იმისთვის, რომ მართლა ქვეყნისთვის გააკეთო საქმე და არა პოლიტიკური კლანისთვის, რომელიც მოდის ხელისუფლებაში… კლანი ჰქვია იმას, დღეს რა სიტუაციაც გვაქვს, როცა ბიუჯეტს პრაქტიკულად ჯიბეში იდებ. ჩვენი ბიუჯეტის 40 პროცენტი არის შესყიდვები. ამ 40 პროცენტის დაახლოებით 30 პროცენტამდე შესყიდვები იყო პირდაპირი წესით. წარმოიდგინეთ, ჩვენ მიერ გადახდილი ფულით რამდენიმე ჩინოვნიკი პირდაპირი წესით ყიდულობს სერვისს. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პირდაპირ შესყიდვასა და ტენდერს შორის განსხვავება არის 10-დან 15 პროცენტამდე. 8 მილიარდი ლარის პირდაპირი შესყიდვები განხორციელდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ტენდერები ტარდება დაახლოებით 70 პროცენტში, მაგრამ ამ ტენდერების ნახევარში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს.

  • თქვენ რატომ არ შეიძლება გაგიჩნდეთ იგივე ცდუნება? 

ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ თქვენ უნდა გადახედოთ იმ გუნდს, რომელიც მოდის ხელისუფლებაში. ეს არის ახალი თაობა, ახალი მენტალობა. ჩემი თანაგუნდელები ძირითადად არიან დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები. მე ხუთი შვილი მყავს და ისინი დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ… ჩვენ უნდა ვენდოთ ამ ადამიანებს და მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს. იგივე ანა ნაცვლიშვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ან კახა კოჟორიძე, ირაკლი კუპრაძე – ეს ადამიანები როგორ მოდიოდნენ აქამდე. მამუკა ხაზარაძის გაკეთებული საქმეები უნდა ნახოთ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მე ბანკირი ვარ და ამ დროს ბანკი ერთ-ერთი ბიზნესი იყო – 100 კომპანია მაქვს ამ ქვეყანაში გაკეთებული და ამ ბანკში მთელი მოსახლეობის 40 პროცენტი ინახავს ანაბარს.

  • იქნებ ადამიანებს სხვა არჩევანი არ აქვთ?

ვერ დაგეთანხმებით, საქართველოში სულ 25 ბანკი იყო და დღეს 16 ბანკია, ნახევარი არის საერთაშორისო ბანკი. შეიძლება თქვენ დაგაძალოთ ვინმემ, რომელ ბანკს აირჩევთ?

  • ამ ქვეყანაში რთული არაა იპოვო ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა და აპროტესტებს არსებულ საბანკო პოლიტიკას და საპროცენტო განაკვეთებს. 

მე წელიწად-ნახევარი წამოსული ვარ ბანკიდან და მგონი არც საბანკო პროცენტი შეცვლილა ამ ქვეყანაში და არც რამე განსაკუთრებული, როცა ამბობდნენ მაშინ, რომ ხაზარაძე აწესებდა საბანკო პირობებს… მე  სინამდვილეში აქციონერი ვარ ერთ-ერთი მსხვილი ბანკის, რომელიც მე შევქმენი. მიუხედავად იმისა, რომ წამოსული ვარ და არანაირ ადვოკატირებას არ ვაპირებ, ყოველთვის გავიმეორებ, რომ საქართველოში თუ რაიმე გამჭვირვალე ინდუსტრია შეიქმნა, რომელმაც გაუძლო 2008 წლის ომს და არც ერთ ადამიანს არ დაუკარგავს ერთი თეთრიც კი, ეს არის საბანკო ინდუსტრია. პრაქტიკულად დღეს თუ ეკონომიკა არსებობს, ეს არის ამ 16 ბანკის დამსახურება… ვიღაცამ აურია ბანკები, მიკროსაფინანსო კრედიტები, რომლებმაც პრაქტიკულად მართლაც გააუბედურეს ხალხი, რადგან იძლეოდნენ 300 და 500-პროცენტიან კრედიტებს.

  • ბანკებსაც არ აქვთ დაბალი ტარიფები და ეს ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. მიკროსაფინანსოსაც იმიტომ მიმართავს ადამიანი, რომ ბანკიდან სესხის გამოტანა რთულია. 

რატომ არ აძლევდა? – იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ვერ შექმნეს ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტები, ეკონომიკის განვითარება, მდგრადი ხელფასი, ადამიანების დასაქმება. ერთადერთი, რაც უნდათ ადამიანებს, ჰგონიათ, რომ კრედიტი უნდა მიიღოს.

ბანკი არის ყველაზე კონტროლირებადი მსოფლიოში და საქართველოში განსაკუთრებით… მას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, უამრავი აუდიტორი. საქართველოს საბანკო სისტემაში საპროცენტო განაკვეთი არის ყველაზე დაბალი რეგიონში: თურქეთთან, უკრაინასთან, სომხეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან შედარებით. თუ ვიღაცას უნდა, რომ ევროპის მსგავსი სამპროცენტიანი კრედიტები იყოს,  მაშინ ჩვენ ევროპისნაირი ქვეყანა უნდა ვიყოთ.

  • რატომ არ უნდა გვქონდეს სწორება ევროპაზე? 

ძალიან  მწყდება გული, რომ საქართველო დღეს არის ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზე სიღარიბის კუთხით. თუ სიღარიბის მიხედვით ბოლოდან მეორე ადგილზეა ქვეყანა, საბანკო სექტორი რატომ უნდა შეადარო იტალიურს ან ფრანგულს?

ჩვენ ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ნომერი მერვე, ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალგადასახადიანი ქვეყნების სიაში. კითხვა მაქვს: თუ ასეა, მაშინ რა გვჭირს, ფულს რატომ არავინ დებს ამ ქვეყანაში? იმიტომ, რომ არ ენდობიან ამ ქვეყანას, არ ენდობიან „ქართული ოცნების“ მმართველობას, რადგან იგივე ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა რადიკალურად სხვა მდგომარეობაში უნდა გადაიყვანოს, რასაც ჰქვია ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობა, ამას ებრძვის სახელმწიფო. ამ დროს ხედავ, რომ შენმა ჩრდილოელმა მეზობელმა უკვე ორი პორტი გახსნა. როცა ანაკლიის პროექტი მზად იყო და ჩვენ 2020-ის ბოლოსთვის პირველი გემი უნდა მიგვეღო, სახელმწიფომ დაიწყო აქტიური ბრძოლა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ეს არ იყო ჩვენი პირველი გარიგება. ჩვენ 6 მილიარდი გვაქვს ამ ქვეყანაში შემოტანილი, მაგრამ ის არ იყო ანაკლიის პორტზე და ხელს არ უშლიდა არაფერს. ახლა კითხვა მაქვს: ანაკლია, რომელიც კონსტიტუციაში წერია, რომ  უნდა აშენდეს და რომელზეც დაწყებული პრემიერით, ივანიშვილით დასრულებული ყველა ამბობდა, რომ პრიორიტეტია, ექვსი თვე გავიდა, რაც ჩვენ ამ პროექტს ჩამოგვაშორეს, სხვა ინვესტორი რატომ არ მოიყვანეს, ტენდერი რატომ არ ჩაატარეს?

მე შარშან გამოვედი პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე და იქ ვთქვი: ბანკიდან ხო გვაგდებთ, გასაგებია, მაგრამ თუ ანაკლიის ჩაძირვა გინდათ, კაცურად გვითხარით, რადგან ჩვენ ახლავე ჩავიწევით, ანაკლია არ დაანგრიოთ-მეთქი. მათ უნდოდათ მიზეზი, რომ თითქოს მამუკა ხაზარაძემ ფული გაათეთრა 12 წლის წინ და ეს არის მიზეზი. შე დალოცვილო, შენ სად ხარ, როგორც სახელმწიფო, გზა რატომ არ მიგყავს. ივანიშვილი და გახარია პირდაპირ ამ სქემის ნაწილია, რადგან თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვს, გამოდის, რომ შენ ჩრდილოელი მეზობლის დავალებას ასრულებ.

  • თქვენ ამომრჩეველს ასევე ჰპირდებით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას. სად შეამცირებთ ამ ხარჯებს და რა დასაბუთებით? 

ავტოპარკის სისტემა რომ ავიღოთ, რაც ჩვენს ქვეყანაშია, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არაა. ჩვენს კომპანიებში ყველა გადავიყვანეთ ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებზე, რადგან ეკოლოგიური კატასტროფა ხდება ჩვენთან. ბათუმი იქნება ეს თუ თბილისი, უბრალოდ, სუნთქვა შეუძლებელია. სამოქალაქო მოძრაობები დაიწყო და მართლაც ასეა, ყველგან გაიგუდები. ჩვენს შემთხვევაში ჯერ უნდა ჩამოერთვათ ეს მანქანები ჩინოვნიკებს, რაც ახლა ჰყავთ, დავუტოვოთ უნდა ახალი ტიპის, ეკოლოგიური ავტომანქანები. ეს ავტომანქანები არ უნდა ემსახურებოდეთ მათ მეუღლეებს და შვილებს სკოლაში წასასვლელად, წამოსასვლელად. ჩამორთმეული მანქანები უნდა გაიყიდოს აუქციონზე. ასევე, საჯარო სექტორში უნდა იყოს მანქანა გამოძახებით, რასაც შესაბამისი ლოჯისტიკა სჭირდება.

მთავარი კომპონენტი არის ის, რომ დღეს ქვეყანაში იმდენივე კერძო დასაქმებულია, რამდენიც არის სახელმწიფო მოხელე. ჩვენს ქვეყანაში 250 სიპია [საჯარო სამართლის იურიდიული პირი], რომელმაც ბიუჯეტს მიაყენა 3-მილიარდიანი ზარალი. გამოდის, რომ მე და თქვენ ვაფინანსებთ ამ ადამიანებს, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებსაც იქეთ ვუხდით ფულს და ისინი ზარალს ნახულობენ. მაგალითად, რკინიგზას მართავს სახელმწიფო, ის ზარალიანი კომპანიაა, მილიარდამდე ზარალი ნახა. საქართველოს რკინიგზა, ტრანზიტული ქვეყნის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში შესაძლოა იყოს ზარალიანი? ეს ადამიანები ხელფასსაც იღებენ, პრემიებსაც და მარტო ბათუმი-თბილისის მატარებლით შეიძლება იამაყო… ეს არის ძარცვის და უპატრონობის, კორუფციის და ნეპოტიზმის პრობლემა.

ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში

“შინაურული შეკრება რომ მოხდა, კანონიერი ქურდიც იყო ამაში ჩართული…” – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. ბათუმში “ზონდერჯგუფების შექმნის საქმეზე” ბრალდებულმა ამჯერად აქცენტის გაკეთება ე.წ. კანონიერ ქურდებზე არჩია, თუმცა მან კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

“ჩვენ მხოლოდ სურსათს ვარიგებდით ხულოში პანდემიის დროს… კამათი იმ დღეს ეზოში ჩვენი მანქანის ხმაურს მოჰყვა, ხმა მართლა ჰქონდა მანქანას…

კრიმინალების გამო ვიჯექი ადრე ციხეში და ახლაც. საწყენია, რომ პოლიცია, რომელიც უნდა ებრძოდეს კრიმინალს, პირიქით არის… მე პოლიციის უფროსმა მითხრა, დაგიჭერო და დამიჭირა,” – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს რეზო წულუკიძემ.

საუბარია ბათუმში, აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს.

რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

რეზო წულუკიძეს დღევანდელ პროცესზე” ამ კონსპირაციულ შეხვედრებზე არ უსაუბრია.

“დეტალებზე ახლა არ ვილაპარაკებ, დასკვნით სიტყვაში ჩამოვაყალიბებ ყველაფერს,” – დასძინა რეზო წულუკიძემ.

მოწმეების დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლეს ბრალდებულ ელდარ ანთაძის ადვოკატმა – დავით ჯაფარიძემ მიმართა.

“როგორ შეიძლება უწყვეტ ჩხუბში, რომელიც სულ 40 წამს გაგრძელდა, ორივე მხარე იყოს დაზარალებული და ბრალდებულიც? ელდარ ანთაძე, რომელიც დაჭრეს, როგორ არის ბრალდებული და დაზარალებულიც? ეს სერიოზული ლაფსუსი აქვს ბრალდების მხარეს… ვიდეომასალა ამხელს მოწმეებს სიცრუეში,” – უთხრა მოსამართლეს დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გამოძიება თავდაპირველად ცემის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი პროკურატურამ ბრალი დაამძიმა.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ გამოძიების და დაკავების პროცესში ჩართული სამართალდამცველების ჩვენებები მოისმინა.

რომელი “კანონიერი ქურდი” იყო ჩართული ამ პროცესში? – ვკითხეთ ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმას, ფირუზ წულუკიძეს პროცესის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, “კანონიერი ქურდი” თურქეთში  მყოფი დავით ტუღუშია, მეტსახელად “ენცო ბატუმსკი”.

“მაგან გამოაგზავნა კაი ბიჭები, რომლებმაც დაჭრეს რეზო და ელდარი…” – გვითხრა ფირუზ წულუკიძემ. მისი ვერსიით, კოტე ანანიაშვილი და დავით რიჟვაძე “ენცოს ჯგუფთან” დიდი ხანია თანამშრომლობენ. შესაბამისად, „ენცოს ჯგუფი“ იმან გააღიზიანა, რომ წულუკიძეების ახალი ჯგუფის სახით, შესაძლოა, მას ძლიერი კონკურენტი გასჩენოდა.

“…იყო რამდენიმე შეხვედრა და საბოლოოდ ჩვენ უარი ვთქვით. ჩვენ არ ვიყიდებით, ჩვენ ჩვენი ფულით ვარიგებდით პროდუქტებს, მანქანა უნდა გვეყიდა, აღარ ვიყიდეთ და ხალხში დავარიგეთ,” – ირწმუნება ფირუზ წულუკიძე.

_____

წულუკიძე-ანთაძის საქმეზე ბათუმში რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები. ბრალდებულების ახლობლები მიიჩნევენ, რომ პატიმრობა უკანონოა, რადგან ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დაჭრეს, დაპირისპირებულ მხარეს მყოფი პირებიდან კი არავინ დაუკავებიათ.

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, ბრალდებულების ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ მოთხოვნისთანავე მთავრობიდან “სოციალური დახმარება” – 2-2 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდამჭერი გახდა

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი – მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს.

აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის – SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიროების მხარდაჭერით.

პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებენ.

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა.

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია. არსებულ რთულ პერიოდში თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან, მათზე მაქსიმალურად მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის მათ განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ.

„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური, მაღალი დონის კადრების არსებობა იმისთვის, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვის იყოს სასურველი მიმართულება და ქართულმა სასტუმროებმა ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუმრებს. სწორედ ამიტომ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდაჭერა ვფიქრობთ რომ ინდუსტრიისთივის არის ძალიან დროული და რელევანტური “, – ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

აღნიშნული პროექტი თიბისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და ტურიზმის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება.

ბათუმში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

დღეიდან, 17 ივლისიდან, ბათუმში ფუნქციონირება განაახლა ადაპტირებულმა პლაჟმა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტივტივა ეტლები და შესაბამისი საპლაჟო ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის წელსაც უფასო იქნება.

ადაპტირებულ პლაჟზე 5 ტივტივა ეტლია; განახლდა გასახდელები და საინფორმაციო ბანერი.

ადაპტირებული პლაჟი ბათუმში პირველად 2019 წელს გაიხსნა:

როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სანაპირო ზოლის ვიზიტორებისთვის:

 

[checklist]

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • სანაპიროზე ყოფნის დროს გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული შეზლონგი, ქოლგა და სხვა საზღვაო ატრიბუტი;
  • არ გამოიყენოთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი და შეწოვადი გადასაფარებლები;
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე);
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
  • გამოყენებული პირბადეები, ხელთათმანები და სხვა სახის ნარჩენები მოათავსეთ სპეციალურად განთავსებულ დახურულ ურნაში
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 05 ან 116 001

[/checklist]

 

მთავარი ფოტო: ტივტივა ეტლი / ბათუმი 2019 / ფოტო: „ბათუმის ბულვარი“

ბათუმში 910 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – 17 ივლისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 910 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 30 537 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება  2147 პირი.

თბილისი – მიუნხენი – „ლუფთჰანზა“ კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება.

რეგულარულ რეისებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

 

სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან,“-ამბობს ეკა დგებუაძე.

მისივე განცხადებით, „სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს“.

„სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ კოორდინაციაში ვიყავით და ვართ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმ დროისათვის არსებულ ეპიდვითარებაზე.

ჩვენი მთავარი მიზანია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო,“-ამბობს მინისტრის მოადგილე.

სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის პირველი მარტიდან შეწყვეტილია. სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა. განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა სკოლებს გაკვეთილები ონლაინ, დისტანციურად ჩაეტარებინათ.

 ამავე თემაზე:

სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

 

შს სამინისტრომ 112-ის ახალი ემბლემა დაამტკიცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, 16 ივლისს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემა დაამტკიცა.

„112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წითელ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით, ასევე, ლურჯ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით.

საჭიროების შემთხვევაში, „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ რიცხვით − „112“ ან რიცხვით − „112“ და დასახელებით: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

112-ის ემბლემის ნიმუშები / წყარო: შს მინისტრის ბრძანება

2020 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობამ „112“-ის გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაათანაბრა და 40 თეთრი გახადა.

შესაბამისად, ფიზიკური პირებისთვის აღნიშნული გადასახადი თვეში 20 თეთრით გაძვირდა, იურიდიული პირებისთვის კი 10 თეთრით შემცირდა.

ამ თემაზე:

112-ის გადასახადი ფიზიკური პირებისთვის იანვრიდან გაორმაგდა

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა, ინდოეთში – 1 მილიონს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 17 ივლისის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში სულ დადასტურებულია Covid19-ის 2 012 151 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 76 688 ადამიანი, გამოჯანმრთელდა  1 397 531 პირი.

ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით.

Covid19-ის გავრცელების რუკაზე პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დღეის მონაცემებით, კორონავირუსის 3 576 430 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 138 359 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის უკვე 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული ინდოეთში, რომელიც მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით. ინდოეთში 25 602 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

კორონავირუსის შემთხვევები ასევე გაზრდილია რუსეთში, პერუში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მექსიკასა და ჩილეში.

17 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 13 809 681 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 589 990 ადამიანი.

__________________

ფოტოზე: ბრაზილია, კოპაკაბანას სანაპირო, აქციაზე აქტივისტი ასობით ჯვარით მიანიშნებს იმ შეცდომაზე, რაც ბრაზილიის ხელისუფლებამ დაუშვა კორონავირუსთან ბრძოლაში. ქვეყნის პრეზიდენტმა, ბოლონარუ, თავიდან აცხადებდა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გრიპი იყო. ფოტო: ევროპის პრესპოტო სააგენტო. EPA/ANTONIO LACERDA

მეორე დღეა ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეორე დღეა ეძებენ ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ მიმდინარეობდა ზღვის ფსკერის დათვალიერება.

მაშველები დაკარგულ მოზარდს „პიერ ბათუმის“ მიმდებარედ, ზღვაში ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. ზღვაში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 16 ივლისს, დილით, 07:00 საათზე შევიდა.

ქვეყნიდან გაძევების მიზნით რა შემთხვევაში დააკავებენ უკანონოდ მყოფ უცხოელს – ახალი ბრძანება

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით, უცხოელს – საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად – მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, „თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა“.

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შესაბამისი ცვლილება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“, 2020 წლის 23 მაისის ბრძანებაში შეიტანა.

ახალი ცვლილება 2020 წლის 16 ივლისიდან შევიდა ძალაში.

პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის დაშვებულია 2020 წლის 13 ივლისიდან. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 10 ივლისს მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი საჰაერო საზღვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან არის გახსნილი – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ივნისის ბრძანებაში [№81] კი აღნიშნულია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდეს სატელეფონო ნომერზე 598 08 00 97 მიღებული ზარების მეშვეობით“.

ამ თემაზე:

უცხოელს, რომელმაც საქართველო ვერ დატოვა, ქვეყანაში ყოფნის უფლება 31 ივლისამდე აქვს – კორონავირუსი

„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, “ქურდული სამყაროს” წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ხსენებული “ქურდული გარჩევის” ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა.

მ.გ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 20-21 ივლისს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

ევრო-2000 და საზღვაო აკადემია მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სკოლა ევრო–2000-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შპს სკოლა „ევრო–2000“-ს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, მხარეები მოსწავლეთა და სტუდენტთა მოთხოვნების შესაბამის, ერთობლივ მიზნობრივ ღონისძიებებს განახორციელებენ.

კერძოდ, საბუნებისმეტყველო მიმართულებით, საგნების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ისარგებლებენ ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებს ხარისხიანი ცოდნის მიღებასა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაში.

მემორანდუმის თანახმად, საზღვაო აკადემიის ბაზაზე მოსწავლეებისათვის განხორციელდება კარიერის მართვის ხასიათის სასწავლო კურსი, რაც დაეხმარება მათ პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვაში, გაანალიზებასა და გააზრებული კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში.

დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა – 17 ივლისის მონაცემები

17 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1010 შემთხვევა, 885 პაციენტი განიკურნა,  15  – გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დღეს კარანტინში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 ადამიანი.

სარფის გავლით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე რაოდენობით სამრეწველო დანიშნულების საქონელი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

სონიას ნაქარგები [ვიდეო]

მთიან აჭარაში ძნელად იპოვით ოჯახს, სადაც თეთრ ტილოზე შესრულებული ფერადი ნაქარგები არ ინახება. აჭარელი ქალები ტილოებზე  სხვადასხვა ნახატს ქარგავენ –  ძირითადად ყვავილებსა და ორნამენტებს, თუმცა ასევე შეგხვდებათ ამოქარგული ჩიტები და ცხოველები.

ქარგვა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის ჰობიცაა და კულტურული ტრადიციაც. ადრე თითქმის არ იყო ოჯახი, სადაც ქალი არ ქარგავდა და არ ქსოვდა. ხელსაქმის ცოდნა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. გოგოებს ხელსაქმეს დედები და ბებიები პატარაობიდანვე ასწავლიდნენ.

სონია ბერიძის ნაქარგები

სონია ბერიძე მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლომანაურში ცხოვრობს. ასობით სხვა გოგოს მსგავსად, ქსოვა და ქარგვა მასაც ბებიამ ასწავლა.

„ქსოვა აჭარაში ოჯახური ტრადიციაა. გათხოვილ გოგოს ყველაფერი უნდა სცოდნოდა. ოჯახში რომ შევიდოდა, ქმარ-შვილისთვის უნდა მიეხედა. ბებიაჩემი ფატყუმე ძალიან ხელმოსაქმე ქალი იყო. ქსოვა მან მასწავლა. ბუხრის უკან დამსვამდა ზამთრის პირზე და დამაწყებინებდა ქსოვას. ჩემთვის წინდები მოვქსოვე სულ პირველად. ქსოვას მოჰყვა ქარგვა, რომელიც დედისგან ვისწავლე,“ –  იხსენებს სონია.

სონია ბერიძე

სად პოულობს ორნამენტებს და აქვს თუ არა მას რაიმე სიმბოლური დანიშნულება, ვკითხეთ სონიას. ის ამბობს, რომ ხშირად საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნაქარგებს, ზოგჯერ კი ნახატს ჟურნალებში პოულობს და შემდეგ თავად აწყობს ფერებში. სონიას ბევრი ნაქარგი გაჩუქებული აქვს. უფრო ცოტა – გაყიდული. სახლში მოქარგულ თეთრეულს ინახავს, რომელიც სტუმრისთვისაა განკუთვნილი.

სონიამ თავისი მეზობელი, მანანა ცეცხლაძე გაგვაცნო. 36 წლის მანანა სამი შვილის დედაა. მან ქსოვა და ქარგვა დედისგან ისწავლა.

„ბავშვი ვიყავი და მაინტერესებდა, რას აკეთებდა დედა. დავჯექი და ვისწავლე. ახლა ჩემი შვილი როცა უყურებს, რომ ვქარგავ, მთხოვს ვასწავლო. ასე გადაეცემა თაობიდან თაობას ეს ცოდნა.

მთავარია, ტექნიკა იცოდე. იმას, თუ რა ამოქარგო, თავად არჩევ. მაგალითად, ამ ფარდაგზე ამოქარგული ვარდი ფარდიდან ავიღე და შემდეგ ჩემი ფანტაზიით გავაფორმე ფერებით,“ – გვიყვება მანანა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარგვა შრომატევადი პროცესია და ერთი ტილოს მოქარგვას ზოგჯერ ერთი თვეც კი სჭირდება, ქალები თავიანთ ნაქარგებს იშვიათად ყიდიან, ძირითადად აჩუქებენ. მთაში ერთგვარი  ტრადიციაა, ახალშექმნილ ოჯახში როცა მიდიან სტუმრად, აუცილებლად მიაქვთ ხელით ნაქარგი საჩუქრად.

______

მასალა მომზადებულია პროექტის “ფოტოისტორიები რეგიონიდან” ფარგლებში. პროექტს “თავისუფალი ასოციაცია” ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. 

პანდემიის დროს დაზარალებულებზე უკვე 80,8 მილიონი ლარის კომპენსაცია გაიცა – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამასთან, უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.

16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525-მა პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

მონაცემებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე.

იმ მოქალაქეებმა კი, რომლებთაც რეგისტრაციასთან ან კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ, უნდა დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, ან დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოს ელექტრონული ფოსტის საშუალებთ: infosesa@moh.gov.ge

 

ამ თემაზე:

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის მშენებარე მრავალბინიანი კომპლექსის საცხოვრებელი ბინების [582 ბინა] გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 62 ათასი ლარია.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების ქსელის (მრიცხველების განთავსების ადგილიდან) პროექტს (1 ბინა 2 წერტი: გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი (დანადგარების გარეშე). საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმებული უნდა იყოს შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან”.
  • საცხოვრებელი ბინების შიდა წყალმომარაგების (ცივი, ცხელი), გათბობისა და შიდა კანალიზაციის პროექტს (დანადგარების გარეშე).

[/checklist]

დამატებითი მოთხოვნა: „იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდება ანაზღაურების გარეშე. პროექტირების პერიოდში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი წერილობით თანხმდება სამინისტროსთან“.

წინადადებების მიღება ტენდერში 2020 წლის 22 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. საპროექტო დოკუმენტაცია სამინისტროს, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 75 დღეში უნდა ჩაბარდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ 320 001 ლარზე აქვს გაფორმებული [სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო].

ამ პროექტს თან ახლავს ელექტროობისა და წყალსადენ-კანალიზაციის პროექტებიც, თუმცა მათში არ არის გათვალისწინებული ქსელების მოწყობა უშუალოდ საცხოვრებელ ბინებში. სამინისტრომ „ინჟარქიტექტს“ „დოკუმენტაციის 95 დღის დაგვიანებით“ წარდგენისთვის პირგასამტეხლო – 54 ათას 400 ლარი გადაახდევინა.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე კი, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 38 745 999 ლარია. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

2020 წლის 16 ივლისის მდგომარეობით, კომპანია „დაგისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 8 659 491 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 22%].

კორპუსის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

მთავარი ფოტო: კორპუსები „ოცნების ქალაქში“ / რენდერი პროექტიდან

ასლან ჭანიძე მერის გადადგომაზე: თუ ზეწოლის ქვეშ იყო, გადადგომამდე უნდა ეთქვა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. კომახიძე ირწმუნება, რომ მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო. გადადგომის მიზეზებზე მან არსებითი განმარტება არ გააკეთა, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა „მნიშვნელოვანი პროექტები“, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ქალაქში. რაზე მეტყველებს ქალაქის არჩეული მერის გადადგომა და რა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეულ მერზე ზეწოლის საფუძველი? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე საუბრობს.

  • ასლან, ლაშა კომახიძის ამ ფორმით გადადგომა, არის თუ არა მინიმუმ ამომრჩევლის უპატივცემულობა და რატომ?

მე მიმაჩნია, რომ ეს არის მოქალაქეების შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ კომახიძის მიმართ ბევრი კითხვა არსებობდა და ბევრი უკმაყოფილება იყო საზოგადოებაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, იქნება ეს „რივიერას“ თუ „ამბასადორ ბათუმის“ პროექტები. თუმცა  ყველაზე აღმაშფოთებელი ამ გარემოებაში ისაა, რომ ადამიანი გადადგა და არსებითი განმარტება არ გააკეთა გადადგომის მიზეზებზე. მერი, მორალურადაც და კანონითაც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ, როცა მათ არაფერს ეუბნები და ისე მიდიხარ, ეს უკვე შეურაცხყოფაა.

  • როგორ ფიქრობთ, რას ვერ გაუძლო კომახიძემ და რის გამო შეიძლება ყოფილიყო ის ზეწოლის ქვეშ?

მე მახსოვს მისი ინტერვიუები და მისი განცხადებები, როცა ის იყო მერობის კანდიდატი და საუბრობდა საკუთარ პრინციპულობაზე, ხოლო შემდეგ ხელს აწერდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არაპოპულარული იყო ქალაქისთვის. მას უკვე აქვს ხელი მოწერილი ისეთ პროექტებზე, რაც მის მიმართ ბევრ კითხვას აჩენდა, ამიტომ არ ვიცით, რა შეიძლება ყოფილიყო ზეწოლის საფუძველი.

თუ გადადგომის მოთხოვნის საფუძველი არის ის, რომ ყოფილ მერს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ მას კანონის შესაბამისად უნდა ეგო პასუხი. შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ მას დიდი პირობები ჰქონდა დადებული არჩევნების დროს, ან შესთავაზეს რაიმე სხვა, იყო საარჩევნო სიაში შეყვანაზეც საუბარი და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ მოხდა. მე არ ვიცი ლაშა კომახიძე რა მდგომარეობაში იმყოფება, უბრალოდ, თუკი მას რაიმე პრობლემები ჰქონდა, თუ ის იყო ზეწოლის ქვეშ, ამაზე გადადგომამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება.

  • კანონმდებლობით, თუკი ლაშა კომახიძე 15 ივლისამდე დატოვებდა თანამდებობას, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. თუკი მასზე ხდებოდა ზეწოლა, ხომ შეეძლო ეს ბერკეტი მაინც გამოეყენებინა თვითმმართველობის სასარგებლოდ. როგორ ფიქრობთ, ეს რატომ არ გააკეთა?

არ ვიცი. ალბათ ეს იყო მოთხოვნა, რადგან თუ ასე არ იქნებოდა და დროზე ადრე ჩატარდებოდა არჩევნები, პოლიტიკური ძალა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვერ მოასწრებდა მერობის კანდიდატის შერჩევას. ამიტომ, მოიფიქრეს მექანიზმი, რომ გავიდოდა კომახიძე შვებულებაში და ამ საკანონმდებლო ბერკეტს არ გამოიყენებდა. ფაქტია, რომ კომახიძეს ჰქონდა ბოლო შანსი, ეს ინსტრუმენტი გამოეყენებინა, მაგრამ არ გამოიყენა.

  • ლაშა კომახიძეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული პირი, არჩილ ჩიქოვანი შეცვლის. ეს ფაქტი, როცა მთავრობის აპარატიდან ინიშნება ქალაქის მერი, რაზე მეტყველებს?

აქ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ იქნება დანიშნული მერი, რადგან უკვე პრობლემაა ის, რომ მერი დანიშნული იქნება და არა ხალხის მიერ არჩეული. ბუნებრივია, მთავრობა გადაწყვეტილებას იმ ადამიანზე შეაჩერებდა, ვის მიმართაც აქვს მეტი ნდობა. თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა ძალთა ბალანსი, ბათუმს ისევ ახალი მერი ეყოლება.

  • ეს ფაქტი მეტყველებს თუ არა თვითმმართველობის დასუსტებაზე?

რა თქმა უნდა, ჩვენ, ფაქტობრივად, დეცენტრალიზაცია აღარ გვაქვს. ქვეყანა იმართება ზემოდან ქვემოთ, რაც კონსტიტუციურ პრინციპსაც ეწინააღმდეგება. მარტო ბათუმის მერზე არ ვსაუბრობ, რადგან არაერთი მერი გადადგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და ასევე გვესმის, რომ მერების გადადგომა მეტყველებს იმაზე, რომ თვითმმართველობა არ გვაქვს, რადგან  საზოგადოებას აქვს განცდა, რომ არც ლაშა კომახიძის გადადგომაა მისი გადაწყვეტილება, არც ხარაგაულის მერის და არც სხვა მერების.

  • ერთ-ერთ კომენტარში თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ქალაქის მერი უფრო მეტად უნდა იყოს ქალაქის განვითარებით დაინტერესებული და ხელს არ უნდა უშლიდეს ბიზნესს. ხომ არ უკავშირდება რაიმე სხვა პროექტებს კომახიძის გადაყენება?

ეს გამოჩნდება მას შემდეგ, თუ ჩვენ ვიხილავთ ისეთი მშენებლობების ბუმს, რომელიც მიუღებელია ქალაქისთვის. „რივიერაზე“ ან „ამბასადორ ბათუმის“ პროექტებზე უარესი რაღა უნდა აშენდეს ბათუმში, რასაც კომახიძეც კი არ დათანხმდა.

ისიც არ ვიცით, ახალდანიშნულმა მერმა სამ თვეში ისეთი რა უნდა გააკეთოს, რომ წინასაარჩევნოდ ხალხის ნდობა მოიპოვოს. შესაძლოა კომახიძის გადაყენება მის დაბალ რეიტინგს უკავშირდება ან შიდა პოლიტიკურ ბრძოლებს.

  • ჩიქოვანზე გკითხავთ ბოლოს, გარდა იმისა, რომ ის მთავრობის აპარატში მუშაობდა, აქვს ძალოვან უწყებებში მუშაობის წარსულიც.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან მოდის თვითმმართველობაში, რადგან დეცენტრალიზაცია უკვე მოშლილია და შეუძლიათ არჩეულ მერსაც თითი უქნიონ. ის ჩიქოვანიც იგივე ზეწოლის ქვეშ იქნება და ორჯერ მეტადაც შესაძლოა, რადგან პირდაპირ დანიშნულია და არა არჩეული. პრობლემაა ის, რომ ქალაქს წელიწადი და ორი თვე ეყოლება არა არჩეული, არამედ დანიშნული მერი.

ბათუმში 679 პირი კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 16 ივლისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 679 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 29 627 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება  2 236 პირი.

ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში 2013 წლიდან გამოჩნდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ჩიქოვანი 2013 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელ სამართალდამცავ უწყებებში ეტაპობრივად დაწინაურდა, „ოცნების“ ხელისუფლებაში კი საჯარო თანამდებობები მიიღო.

მას შემდეგ, რაც ლაშა კომახიძემ გადადგომის შესახებ განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი უკვე ბათუმის ვიცე-მერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთ წელზე მეტ ხანს ექნება შესაძლებლობა მართოს ქალაქი, ყოველგვარი არჩევნების გარეშე.

სამართალდამცავი უწყებებიდან სამთავრობო სტრუქტურაში არჩილ ჩიქოვანი 2013 წელს გადაიყვანეს [2013 -2017 წლებში] – აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მას გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ჩააბარეს. ეს უწყება აჭარაში მაღალბიუჯეტიან პროექტებს ახორციელებდა.

2018 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ ჩაიბარა, ის მთავრობის აპარატის უფროსი გახდა და დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

საჯარო უწყებებშიც კი, არაოფიციალურად ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩიქოვანი თავისი გავლენებით აგვარებს ყველაფერს, სადაც თორნიკე რიჟვაძეს პრობლემები ექმნება.

წინა ხელისუფლების დროს, 2004-2013 წლამდე სხვადასხვა პერიოდში არჩილ ჩიქოვანი აჭარის პროკურატურაში, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს გამომძიებლად, ამავე სამმართველოს  სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების უფროსად მუშაობდა. დადასტურებულია, რომ თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი დიდი ხანია მეგობრობენ და რიჟვაძე ჩიქოვანის მეჯვარეა.

2010 წელს არჩილ ჩიქოვანი საქართველოს შს სამმართველოს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გმს ინსპექტორი იყო. ამავე წელს ის საქართველოს თავდაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად დანიშნეს, სადაც 2013 წლამდე იმუშავა.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით [რომელიც 2018 წელსაა შევსებული] საჯარო სამსახურებში მუშაობენ არჩილ ჩიქოვანის ოჯახის წევრები – მისი მეუღლე, მარიამ დავითაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანური მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტია. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს არჩილ ჩიქოვანის დედა – მალვინა კილაძე. გზების დეპარტამენტში ხელშეკრულებით დაასაქმეს მისი ძმა დავით ჩიქოვანი, იუსტიციის სამინისტროს აჭარის რეგიონულ ოფისშია დასაქმებული მისი ძმის მეუღლე ნინო ჩიქოვანი.
ბათუმის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს თქვა, რომ გადადგა. ის ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო.
___
მთავარი ფოტო: თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი

ბათუმის უკვე ყოფილი მერი ირწმუნება, რომ იძულებით არ გადამდგარა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან გადადგომის მიზეზად „გუნდური ხედვა“ დაასახელა და განაცხადა, რომ იძულებას და ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია.

„მინდა დაგიდასტუროთ ინფორმაცია ჩემი ქალაქ ბათუმის მერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არის ჩემ მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით და ამ ყველაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქის ინტერესებს და იმ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას, რომლებიც ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს.

ჩემი ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ იქნებოდა დამაზიანებელი, ლაშა კომახიძემ ასე უპასუხა – „შემდეგი კითხვა, თუ შეიძლება“, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ განმარტა: „დამაზიანებელში ვგულისხმობ, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქალაქი, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით საბიუჯეტო შემოსავლების კრიზისის ფონზე, ახლა საჭიროა ერთიანობა, გუნდურობა“.

ქალაქის უკვე ყოფილმა მერმა ჭორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან იყო დაპირისპირებული. „ეს ინფორმაცია არის უბრალოდ გავრცელებული ჭორი, ჩვენ ახლაც გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა,“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

მან ასევე დაადასტურა, რომ ვიცე-მერის თანამდებობა დაიკავა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, რომელიც ახლა ათი თვის განმავლობაში შეასრულებს ბათუმის მერის მოვალეობას.

„რაც შეეხება კანდიდატურის შერჩევას, ჩემ მიერ მოხდა გათვალისწინება საერთო ხედვის, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული, ეს არის ძალიან დიდი პრობლემების და ძალიან საპასუხისმგებლო საკითხების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა. …თუ ადამიანები მზად არიან ამ პასუხისმგებლობისათვის, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის არ დატოვებდა თანამდებობას, განიხილებოდა მისი დაკავება.

„არავითარი იძულების და ძალდატანების ფაქტს ან მცდელობას ადგილი არ ჰქონია, იყო კონსულტაციები და ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი, ვფიქრობ, არის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ყოფილმა მერმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. მან აღნიშნა, რომ აქვს „ღირსეული შეთავაზებები“:

„თუმცა, ამ საკითხზე ჯერჯერობით ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს საკუთარი თავი მოვიაზრო სხვა სფეროში, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ კერძო სექტორი. შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული ტიპის საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო სამუშაო,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, ყოფილ კოლეგებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს და, ასევე, „ქართული ოცნების“ გუნდს.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით „ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება“.

2020-2021 წლების სეზონისთვის, სამინისტროს განცხადებით, არის გარკვეული ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით:

[crosslist]

  • „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.
  • ჩვეულებრივი გვრიტის სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.
  • 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე ნადირობის ვადაც და განისაზღვრა 1-ლი ოქტომბრიდან [ნაცვლად 15 ოქტომბრისა] 1-ელ მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1-ლი მარტი კი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული“.

[/crosslist]

სამინისტროს განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის [10 ლარი] გადახდის დამადასტურებელი ქვითარი [დედანი] და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

ნადირობის აკრძალული მეთოდები, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები – ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისთვის იხილეთ ამ ბმულზე.

 

ღალღა / ფოტო: birdguide.club

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შევიდა „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში, კერძოდ პირველ პუნქტში – „ფრინველები“. ამ ბრძანებით იმ ფრინველების ჩამონათვალიდა, რომლებზეც ნადირობა დაშვებულია, ამოღებულია ღალღა.

„ბათუმელებს“ სამინისტროში უთხრეს, რომ არის ტექნიკური შეცდომა, რომელიც გამოსწორდება. შესაბამისად ღალღაზე ნადირობა დაშვებული იქნება 22 აგვისტოდან – 15 თებერვლამდე პერიოდში, დღიური ლიმიტი – 5 ცალი.

ამონარიდი მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის №2-601 ბრძანებიდან, რომელშიც არ არის ღალღა. სამინისტროში განაცხადეს, რომ არის ტექნიკური შეცდომა და ამ ჩამონათვალს ღალღა დაემატება

 

 

ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს

ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციას თვითნებურად შესახლებულები მართავენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ.

„ჩვენ მე-8 წელია სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში ვცხოვრობთ, უსახლკარო ვიყავით. ახლა შენობა აუქციონზე გაყიდეს და საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ იყიდა. ის ასევე ქობულეთის ბაზრის დირექტორია. მალხაზ რომანაძეს უთქვამს, არჩევნებამდე ვადროვებ და მერე გამოვყრი ყველასო…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა ირემაძე, ის მათ შორისა, ვინც თავისუფლების 19-ში ცხოვრობს. ამ მისამართზე სულ 12 ოჯახია უკანონოდ შესახლებული.

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრის, მალხაზ რომანაძის ბიძაა.

„საკრებულოს წევრი რადგან არის, ვითომ ბიძას ამოეფარა… სინამდვილეში ჩვენს შენობაშიც მალხაზ რომანაძე იყო მოსული, მაშინ არ ვიცოდით არაფერი, რომ შენობა უკვე ნაყიდი ჰქონდა. დაათვალიერა ოთახები, იკითხა, აქ ნესტი არისო და წავიდა. არ უთქვამს, რომ უკვე ნაყიდი აქვს შენობა… ჩვენ წვრილი შვილებით ვერსად წავალთ,“ – გვიყვება მამუკა ირემაძე.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ეკომიგრანტები არ არიან, მაგრამ უსახლკაროები არიან და წასასვლელი არსად აქვთ. მათ ამ დროისთვის ცალ-ცალკე ხვდება ქობულეთის მერი – მირიან ქათამაძე. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, შენობის გასხვისებამდე ქობულეთის მერიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ იქ უკანონოდ შესახლებულები ცხოვრობენ.

„აუქციონის დროს ყველა დაინტერესებული პირისთვის მითითებული იყო ინფორმაცია შენობის თვითნებურად დაკავების თაობაზე. აუქციონის შედეგად ქონება კერძო მესაკუთრემ შესაბამისი პირობების შესრულების ვალდებულებით შეიძინა. მოსახლეობის საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ჩართულობით, ინვესტორთან ერთად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

„ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა ქობულეთის საკრებულოს წევრს, მალხაზ რომანაძეს. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობენ ქობულეთში, აბაშიძის 116-ში მცხოვრები ადამიანები. ამ მისამართზე 8 ოჯახია თვითნებურად შესახლებული. ისინი ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას სთხოვენ ენერგოკომპანიას.

„ეს არის სკოლის ყოფილი შენობა… საერთო მრიცხველი აქვთ, ჩვენ ვიშუამდგომლეთ ენერგოკომპანიასთან და ველოდებით პასუხს,“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა Covid19-ის 3 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 10 პაციენტი.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1006 შემთხვევა, 883 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 136 პაციენტი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 ადამიანი.

_______________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმის სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს 10 წელი მიუსაჯა – ნარკოდანაშაული

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება „3,4“ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა).

ასევე დადგინდა, რომ ს.ბ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

ს.ბ. 2019 წლის 24 დეკემბერს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რა ღირს ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება

მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე ტესტირება [ფასიანი მომსახურება] აჭარის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრშია შესაძლებელი. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო ტესტირებას, ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხორციელდება.

თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორის, ხათუნა შერვაშიძის თქმით, ცენტრში ტარდება PCR ტესტირება და სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე.

„PCR ტესტირება ღირს 200 ლარი, თუმცა გააჩნია, გვაქვს სხვადასხვა კონტრაქტები და ხელშეკრულებებიც. პასუხის გაცემის დრო ჩვენ გვაქვს რეგულაციით განსაზღვრული – 24 საათი. თუმცა ვითვალისწინებთ იმას, რომ ახლა აქტიურად მეზღვაურები ტოვებენ ქვეყანას, ამიტომ მეზღვაურებმა რომ დრო არ დაკარგონ, ვასწრებთ 5-6 საათში იყოს პასუხი. ფასი იგივეა, თუ მომსახურება სტანდარტულ დროში ხდება. ეს დრო განსაზღვრული გვაქვს დილის 10 საათზე და საღამოს 6 საათზე [ორ ცვლაში ვმუშაობთ]. მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ტესტირება მეზღვაურს, მაგალითად, შუაღამით დასჭირდა. ასეთ დროს არის განსხვავებული, ინდივიდუალური ტარიფი,“ – გვითხრა ხათუნა შერვაშიძემ.

რაც შეეხება სწრაფ ტესტირებას კორონავირუსის მიმართ ანტისხეულებზე, დირექტორის თქმით, ფასი 60 ლარია და პასუხი არის 15 წუთში.

საქართველოს მთავრობამ, 2020 წლის 9 ივლისს, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის“ [NCDC] ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების ღირებულება დაადგინა.

ამ დადგენილებით, NCDC-ის შემთხვევაში, სწრაფი ტესტირება კორონავირუსის მიმართ ანტისხეულებზე 70 ლარი ღირს, ხოლო სწრაფი ტესტირება კორონავირუსის მიმართ ანტიგენზე – 90 ლარი.

კორონავირუსის სეროლოგიურ მარკერებზე კვლევის [თითო მარკერი] ღირებულებად 70 ლარი განისაზღვრა, ხოლო PCR  [პჯრ – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია] რეალურ დროში კორონავირუსის დეტექციისთვის მასალის აღების გათვალისწინებით 250 ლარი, PCR რეალურ დროში კორონავირუსის  დეტექციისთვის [არაუმეტეს 6 საათისა] – 320 ლარი.

კორონავირუსზე ტესტირების ფასები NCDC-სთვის / წყარო: მთავრობის დადგენილება

ამავე თემაზე:

მეზღვაურები კარანტინს დატოვებენ, თუ ყოველ 60 საათში გაივლიან PCR ტესტს საკუთარი ხარჯით

მეზღვაურები კარანტინს დატოვებენ, თუ ყოველ 60 საათში გაივლიან PCR ტესტს საკუთარი ხარჯით

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურებისთვის კარანტინისა და იზოლაციის სპეციალური პირობები დამტკიცდა.

მეზღვაურები ქვეყანაში შემოსვლისას გადიან 14-დღიან კარანტინს, თუმცა სპეციალური პირობები საშუალებას იძლევა, მეზღვაურის სურვილის შესაბამისად შემცირდეს საკარანტინო სივრცეში გასატარებელი დღეების რაოდენობა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ამისათვის:

  • სრულყოფილად უნდა შეივსოს სააგენტოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე: mta.gov.ge
  • მეზღვაურს ჩაუტარდება კორონავირუსზე PCR ტესტირება და მიღებული შედეგი თუ უარყოფითია, დატოვებს საკარანტინო სივრცეს იმ პირობით, რომ 14-დღიანი ვადის გასვლამდე ყოველ 60 საათში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.

ბათუმში PCR ტესტირების ფასი 200 ლარია, შესაბამისად, მეზღვაურს ყოველ 60 საათში ტესტირებისთვის, 14 დღის განმავლობაში საშუალოდ 1120 ლარის გადახდა მოუწევს.

Exit mobile version