მთავარი,სიახლეები

ბათუმის უკვე ყოფილი მერი ირწმუნება, რომ იძულებით არ გადამდგარა

16.07.2020 • 1119
ბათუმის უკვე ყოფილი მერი ირწმუნება, რომ იძულებით არ გადამდგარა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან გადადგომის მიზეზად „გუნდური ხედვა“ დაასახელა და განაცხადა, რომ იძულებას და ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია.

„მინდა დაგიდასტუროთ ინფორმაცია ჩემი ქალაქ ბათუმის მერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არის ჩემ მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით და ამ ყველაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქის ინტერესებს და იმ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას, რომლებიც ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს.

ჩემი ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ იქნებოდა დამაზიანებელი, ლაშა კომახიძემ ასე უპასუხა – „შემდეგი კითხვა, თუ შეიძლება“, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ განმარტა: „დამაზიანებელში ვგულისხმობ, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქალაქი, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით საბიუჯეტო შემოსავლების კრიზისის ფონზე, ახლა საჭიროა ერთიანობა, გუნდურობა“.

ქალაქის უკვე ყოფილმა მერმა ჭორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან იყო დაპირისპირებული. „ეს ინფორმაცია არის უბრალოდ გავრცელებული ჭორი, ჩვენ ახლაც გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა,“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

მან ასევე დაადასტურა, რომ ვიცე-მერის თანამდებობა დაიკავა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, რომელიც ახლა ათი თვის განმავლობაში შეასრულებს ბათუმის მერის მოვალეობას.

„რაც შეეხება კანდიდატურის შერჩევას, ჩემ მიერ მოხდა გათვალისწინება საერთო ხედვის, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული, ეს არის ძალიან დიდი პრობლემების და ძალიან საპასუხისმგებლო საკითხების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა. …თუ ადამიანები მზად არიან ამ პასუხისმგებლობისათვის, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის არ დატოვებდა თანამდებობას, განიხილებოდა მისი დაკავება.

„არავითარი იძულების და ძალდატანების ფაქტს ან მცდელობას ადგილი არ ჰქონია, იყო კონსულტაციები და ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი, ვფიქრობ, არის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ყოფილმა მერმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. მან აღნიშნა, რომ აქვს „ღირსეული შეთავაზებები“:

„თუმცა, ამ საკითხზე ჯერჯერობით ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს საკუთარი თავი მოვიაზრო სხვა სფეროში, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ კერძო სექტორი. შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული ტიპის საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო სამუშაო,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, ყოფილ კოლეგებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს და, ასევე, „ქართული ოცნების“ გუნდს.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: