მთავარი,სიახლეები

ასლან ჭანიძე მერის გადადგომაზე: თუ ზეწოლის ქვეშ იყო, გადადგომამდე უნდა ეთქვა

16.07.2020 • 2198
ასლან ჭანიძე მერის გადადგომაზე: თუ ზეწოლის ქვეშ იყო, გადადგომამდე უნდა ეთქვა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. კომახიძე ირწმუნება, რომ მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო. გადადგომის მიზეზებზე მან არსებითი განმარტება არ გააკეთა, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა „მნიშვნელოვანი პროექტები“, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ქალაქში. რაზე მეტყველებს ქალაქის არჩეული მერის გადადგომა და რა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეულ მერზე ზეწოლის საფუძველი? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე საუბრობს.

  • ასლან, ლაშა კომახიძის ამ ფორმით გადადგომა, არის თუ არა მინიმუმ ამომრჩევლის უპატივცემულობა და რატომ?

მე მიმაჩნია, რომ ეს არის მოქალაქეების შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ კომახიძის მიმართ ბევრი კითხვა არსებობდა და ბევრი უკმაყოფილება იყო საზოგადოებაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, იქნება ეს „რივიერას“ თუ „ამბასადორ ბათუმის“ პროექტები. თუმცა  ყველაზე აღმაშფოთებელი ამ გარემოებაში ისაა, რომ ადამიანი გადადგა და არსებითი განმარტება არ გააკეთა გადადგომის მიზეზებზე. მერი, მორალურადაც და კანონითაც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ, როცა მათ არაფერს ეუბნები და ისე მიდიხარ, ეს უკვე შეურაცხყოფაა.

  • როგორ ფიქრობთ, რას ვერ გაუძლო კომახიძემ და რის გამო შეიძლება ყოფილიყო ის ზეწოლის ქვეშ?

მე მახსოვს მისი ინტერვიუები და მისი განცხადებები, როცა ის იყო მერობის კანდიდატი და საუბრობდა საკუთარ პრინციპულობაზე, ხოლო შემდეგ ხელს აწერდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არაპოპულარული იყო ქალაქისთვის. მას უკვე აქვს ხელი მოწერილი ისეთ პროექტებზე, რაც მის მიმართ ბევრ კითხვას აჩენდა, ამიტომ არ ვიცით, რა შეიძლება ყოფილიყო ზეწოლის საფუძველი.

თუ გადადგომის მოთხოვნის საფუძველი არის ის, რომ ყოფილ მერს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ მას კანონის შესაბამისად უნდა ეგო პასუხი. შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ მას დიდი პირობები ჰქონდა დადებული არჩევნების დროს, ან შესთავაზეს რაიმე სხვა, იყო საარჩევნო სიაში შეყვანაზეც საუბარი და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ მოხდა. მე არ ვიცი ლაშა კომახიძე რა მდგომარეობაში იმყოფება, უბრალოდ, თუკი მას რაიმე პრობლემები ჰქონდა, თუ ის იყო ზეწოლის ქვეშ, ამაზე გადადგომამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება.

  • კანონმდებლობით, თუკი ლაშა კომახიძე 15 ივლისამდე დატოვებდა თანამდებობას, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. თუკი მასზე ხდებოდა ზეწოლა, ხომ შეეძლო ეს ბერკეტი მაინც გამოეყენებინა თვითმმართველობის სასარგებლოდ. როგორ ფიქრობთ, ეს რატომ არ გააკეთა?

არ ვიცი. ალბათ ეს იყო მოთხოვნა, რადგან თუ ასე არ იქნებოდა და დროზე ადრე ჩატარდებოდა არჩევნები, პოლიტიკური ძალა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვერ მოასწრებდა მერობის კანდიდატის შერჩევას. ამიტომ, მოიფიქრეს მექანიზმი, რომ გავიდოდა კომახიძე შვებულებაში და ამ საკანონმდებლო ბერკეტს არ გამოიყენებდა. ფაქტია, რომ კომახიძეს ჰქონდა ბოლო შანსი, ეს ინსტრუმენტი გამოეყენებინა, მაგრამ არ გამოიყენა.

  • ლაშა კომახიძეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული პირი, არჩილ ჩიქოვანი შეცვლის. ეს ფაქტი, როცა მთავრობის აპარატიდან ინიშნება ქალაქის მერი, რაზე მეტყველებს?

აქ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ იქნება დანიშნული მერი, რადგან უკვე პრობლემაა ის, რომ მერი დანიშნული იქნება და არა ხალხის მიერ არჩეული. ბუნებრივია, მთავრობა გადაწყვეტილებას იმ ადამიანზე შეაჩერებდა, ვის მიმართაც აქვს მეტი ნდობა. თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა ძალთა ბალანსი, ბათუმს ისევ ახალი მერი ეყოლება.

  • ეს ფაქტი მეტყველებს თუ არა თვითმმართველობის დასუსტებაზე?

რა თქმა უნდა, ჩვენ, ფაქტობრივად, დეცენტრალიზაცია აღარ გვაქვს. ქვეყანა იმართება ზემოდან ქვემოთ, რაც კონსტიტუციურ პრინციპსაც ეწინააღმდეგება. მარტო ბათუმის მერზე არ ვსაუბრობ, რადგან არაერთი მერი გადადგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და ასევე გვესმის, რომ მერების გადადგომა მეტყველებს იმაზე, რომ თვითმმართველობა არ გვაქვს, რადგან  საზოგადოებას აქვს განცდა, რომ არც ლაშა კომახიძის გადადგომაა მისი გადაწყვეტილება, არც ხარაგაულის მერის და არც სხვა მერების.

  • ერთ-ერთ კომენტარში თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ქალაქის მერი უფრო მეტად უნდა იყოს ქალაქის განვითარებით დაინტერესებული და ხელს არ უნდა უშლიდეს ბიზნესს. ხომ არ უკავშირდება რაიმე სხვა პროექტებს კომახიძის გადაყენება?

ეს გამოჩნდება მას შემდეგ, თუ ჩვენ ვიხილავთ ისეთი მშენებლობების ბუმს, რომელიც მიუღებელია ქალაქისთვის. „რივიერაზე“ ან „ამბასადორ ბათუმის“ პროექტებზე უარესი რაღა უნდა აშენდეს ბათუმში, რასაც კომახიძეც კი არ დათანხმდა.

ისიც არ ვიცით, ახალდანიშნულმა მერმა სამ თვეში ისეთი რა უნდა გააკეთოს, რომ წინასაარჩევნოდ ხალხის ნდობა მოიპოვოს. შესაძლოა კომახიძის გადაყენება მის დაბალ რეიტინგს უკავშირდება ან შიდა პოლიტიკურ ბრძოლებს.

  • ჩიქოვანზე გკითხავთ ბოლოს, გარდა იმისა, რომ ის მთავრობის აპარატში მუშაობდა, აქვს ძალოვან უწყებებში მუშაობის წარსულიც.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან მოდის თვითმმართველობაში, რადგან დეცენტრალიზაცია უკვე მოშლილია და შეუძლიათ არჩეულ მერსაც თითი უქნიონ. ის ჩიქოვანიც იგივე ზეწოლის ქვეშ იქნება და ორჯერ მეტადაც შესაძლოა, რადგან პირდაპირ დანიშნულია და არა არჩეული. პრობლემაა ის, რომ ქალაქს წელიწადი და ორი თვე ეყოლება არა არჩეული, არამედ დანიშნული მერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: