„სილქფესტის“აქციით მრავალფეროვან პირობებს გაიაქტიურებენ მომხმარებლები შეუზღუდავად

მხოლოდ 29 სექტემბერს სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მინიმალურ ფასად, მთელი თვით, სასაუბრო წუთები, SMS-ები, დიდი მოცულობის ინტერნეტპაკეტები გაიაქტიურონ.

„სილქფესტის“ აქციით აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე თქვენთვის  სასურველი პირობა და კომბინაციით *202# ჩაირთეთ:

[checklist]

  • 200 ლოკალური წუთი  +200 SMS – 4 ლარად
  • 4 GB მობილური ინტერნეტი – 5 ლარად
  • 700 ლოკალური წუთი – 9 ლარად
  • 20 GB მოცულობის ინტერნეტი  – 12 ლარად

[/checklist]

„სილქფესტით“ სარგებლობა შეუძლიათ როგორც  ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

 სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე. თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; 

სმს იგზავნება ადგილობრივი მიმართულებით ყველგან, სადაც გზავნილის ფასი შეადგენს სტანდარტულ საფასურს; სმს ბონუსი არ გავრცელდება ზოგიერთ სპეციალურ/მოკლე ნომერზე, ასევე  საზღვარგარეთ გაგზავნის შემთხვევაში, გამონაკლისია კორპორაციული ნომრები, რომლებიც ბონუსს მხოლოდ იმ საერთაშორისო მიმართულებით გამოიყენებენ, სადაც გზავნილის ფასი 6 თეთრია.  

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებგვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

„საუბარია 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ბათუმში“ – ენმ-ს ბრიფინგი

„სავაჭრო ცენტრის ნაცვლად ქალაქში ყაზარმები გვიშენდება“ – ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე იმ მშენებლობებზე, რომლებიც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს. როგორც ამის შესახებ „ბათუმელები“ წერდა, მერიას მშენებლობების ნებართვა გაცემული არ აქვს.

„მიწის ნაკვეთი, სადაც უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს, ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ აჭარას“, რომლის მფლობელიც არის გალიფ ოზთურქი. მან ამ მიწის ნაკვეთზე მოიჯარედ აიყვანა „მეტრო ატლას ჯორჯია“, რომლის პარტნიორები ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ამ ადამიანებმა დაიწყეს რაღაც ტიპის საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ვერსად  ვპოულობთ.

ინფორმაცია, რაც მოვიძიეთ, არის ის, რომ სასტუმროები: „ინტურისტი“, „ეიფორია“, „ლეგენდა“, „სქაი თაუერი“ და სხვა ათობით დიდი და მცირე ზომის სასტუმრო ბათუმში უკვე იქცა სხვა ფუნქციის მატარებელ დაწესებულებად“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

დღეს, 28 სექტემბერს, მათ მედიასთან წარმოადგინეს სატელეფონო ჩანაწერი ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელთან, რომელიც ეუბნებოდა მოქალაქეს, რომ ვერ შეძლებდა ნომრის დაჯავშნას, რადგან სასტუმროს ახალი მფლობელი ჰყავს და არ აქვს ინფორმაცია, რა ფორმატით გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

„საუბარია წლის ბოლომდე 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ამ ქალაქში, ნაწილი უკვე შემოსულია და ამ სასტუმროებში ცხოვრობს. რა ხდება და რისთვის შემოდის ამ რაოდენობის ჩინელი მიგრანტი ბათუმში? ჩვენი ინფორმაციით, ეს არის არალეგალური ჩინური ონლაინკაზინოების IT მართვის ცენტრი. თუმცა ამის პარალელურად კრიპტოვალუტის წარმოების ნაწილის გადმოტანაც იგეგმება ჩინეთიდან ჩვენს ქალაქში. როგორც გვეუბნებიან, აქ არის როგორც ფულის გათეთრების ნაწილი, ასევე უნდა შეიქმნას რაღაც ტიპის, ჩვენთვის უცნობი კიბერლაბორატორია. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, მაგრამ არ არსებობს პასუხები.

რატომ ვამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი? როცა გოგოლის პირველ ნომერში მივედით და უკანონო მშენებლობები გავაპროტესტეთ, ადგილობრივებმა, მათ შორის, იქ დასაქმებულმა პირებმაც გვითხრეს, რომ  ზედამხედველობის სამსახურს აკრძალული აქვს ობიექტზე მისვლა და ჯარიმის გამოწერაც კი. თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი უძლურები არიან და არ შეუძლიათ უკანონო დასახლებასთან ახლოსაც კი მივიდნენ“, – ამბობს კირთაძე.

ბრიფინგზე იმყოფებოდა ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა ქაშიბაძეც, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა ამ დასახლების მშენებლობამ ქვეყნისთვის პრობლემა შექმნას.

„რუსეთი მიზეზს ეძებს, როდის დაგვარტყას და დღეს პირდაპირ კარებთან ვუქმნით ამის მიზეზს. ერთი ლაბორატორია გვაქვს და ორი წელია ამ ლაბორატორიით ვახერხებთ, რომ კორონავირუსს ვებრძოლოთ და ესეც რომ არ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვიქნებოდით. ახლა კიდევ მეორე უბედურება შეიძლება გავიჩინოთ. გვითხრან რა შენდება და რისთვის, შეიძლება ისეთი კარგი რამეა, რომ ტაშიც დავუკრათ, შეიძლება ამას მოჰყვეს კიბერუსაფრთხოების პრობლემები ან რეალურად მივიღოთ ეთნიკური კატასტროფა ამ ქალაქში“, – ამბობს კახა ქაშიბაძე.

მისი თქმით, თუ ინვესტიციაა და სამუშაო ადგილები იქმნება, მაშინ რატომ არ არის ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი.

„მე არ ვარ წინააღმდეგი არც ჩინელების და არც სხვა ერის ხალხი, მაგრამ მაშინ, როცა დასაქმების კატასტროფული პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, ახლა მზად ვართ სხვას დავუთმოთ სამუშაო ადგილები, თუკი ეს ნამდვილად ინვესტიციაა? თუ ინვესტიციაა, მაშინ რატომ არ გვეუბნებიან რა ტიპის ინვესტიციაა, როგორ წარმოუდგენია ვინეს ამ ქალაქში ამდენი ადამიანი შემოვიდეს, ამხელა ფინანსური რესურსით და აქ არაფერი არ უნდა ხდებოდეს. არსებობს კითხვები, რომლებსაც ხელისუფლება პასუხს არ სცემს“, – ამბობს კახა ქაშიბაძე.

მისი თქმით, ჩინეთი ცნობილია არალეგალური სამუშაოებით, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვრებს გარეთ.

„მიუხედავად ბიზნესის განვითარებისა, ეს არის კომუნისტური ქვეყანა და მისი იდეური აზროვნება არის ყოველთვის დამალული, ფარული. საკუთარ ქვეყანაში მილიონობით დაფარული მუშახელი ჰყავს. როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო ჩამოსული და საქართველომ დიდი პორტის პროექტი გააჩერა, მაშინ პირდაპირ თქვა ამერიკამ, რომ  ეს ქვეყანა უარს ამბობს ევროპაზე და გადადის რუსეთზე და ჩინეთზე. დიდი ალბათობით, მათ გარკვეული ინფორმაცია ამის შესახებ ჰქონდათ ალბათ.  სავარაუდოდ, ისინი ამ პროექტს გულისხმობდნენ,“- ამბობს კახა ქაშიბაძე.

_____________________

ამავე თემაზე:

ბათუმში უკანონოდ აშენებული 7 კორპუსის საკითხის გაშუქებისას ჟურნალისტზე იძალადეს

როდის განახლდება წყლის მიწოდება გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ბათუმში წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • გორგილაძის ქუჩა
  • ლერმონტოვის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე

კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება განახლდება 20:00 საათზე.

ქურციკების რაოდენობა 200-ზე მეტია, დაიბადა მეშვიდე თაობა – სააგენტო

კახეთში, სამუხის ველზე, ქურციკების რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ქურციკის, იგივე ჯეირნის სახეობა, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.

2013 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო. პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად, ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება, სამუხის ველზე ქურციკების უკვე მეშვიდე თაობა დაიბადა და რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა.

„ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება“ – წერს სააგენტო.

„რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე

დღეს, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააპატიმრებენ.

„რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო?… მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში.

სააკაშვილის ერთადერთი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფო ძლიერია და „მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ დღეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი შემოვა, მას ასიათასობით მასზე გაბრაზებული ადამიანი დახვდება.

„დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი ღამე, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება ისიც შევა ციხეში. სააკაშვილი არის მსჯავრდებული, ის იმსახურებს ციხეს, რადგან მან გამოუსწორებელი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, ეს არის სიყალბე.

რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მობილიზება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ახლა ჩვენ შეგვხედეთ რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გაბრაზებული ადამიანი. პასუხი მარტივია, სახელმწიფო გასცემს პასუხს.

სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, როგორც კი ჩვენს ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს, მედიასთან.

წუხელ, 27 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა.

____

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/565306/

ბათუმში ნატოს ხომალდები შემოვიდა

საქართველოში ტერიტორიულ წყლებში, ბათუმში, ნატოს ხომალდები შემოვიდა.

შემოსულია ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი – SNMCMG2, რომლის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები.

შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.

შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება.

ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.

 

ნატოს გემები ბათუმში. ფოტო: შსს
ნატოს გემები ბათუმში. ფოტო: შსს

 

40 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 2185 ახალი შემთხვევა

28 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2185 ახალი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 40 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარაში – 121, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 153, შიდა ქართლში – 148, გურიაში – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 215, კახეთში – 413, მცხეთა-მთიანეთში – 61, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

როცა ზურგში სუსის სუნთქვა გესმის – ოპოზიცია და არჩევნები აჭარაში

„სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ. იმედია, სამომავლოდ იტყვიან სიმართლეს“, – ეს ფრაზა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ახსენა, როცა მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ვკითხეთ პრობლემებზე, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აწყდებიან. ბათუმის მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია და მის უკან ასობით ადამიანის დაშინება, მუქარა და მოსყიდვა იმალება.

„კარდაკარ სიარულის დროს მივხვდი – გაჩნდა განცდა, რომ არავინ არის დაცული,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი. მისთვის ეს წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე მეტად ე.წ. სუსის ფაილებთან ასოცირდება.

„ორმაგი ეფექტი ჰქონდა ამ ფაილებს. ერთი მხრივ, გააღრმავა პროტესტი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველას გვისმენს უკანონოდ და მეორეა ის, რომ მოქალაქეს გაუჩინა განცდა – ვინ დამიცავს? ამომრჩეველი შესაძლოა გისმენდეს, მაგრამ პოზიციების ღიად დაფიქსირების ეშინიათ,“ – გვიყვება ვახტანგ კალოიანი.

დაშინება – პოლიტიკური ოპოზიცია ბათუმში დღეს ყველაზე ხშირად ამ პრობლემას ახსენებს. ოპოზიცია ასევე საუბრობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, პლაკატებზე „ოცნების“ პლაკატების გადაკვრის ფაქტებზე, მოსყიდვის მცდელობებზე, იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში ე.წ. ნეიტრალური წევრები ისევ „ოცნების“ აქტივისტები არიან, ან იმაზე, რომ გადასატანი ყუთის სიები მაქსიმალურად და ხელოვნურად ივსება.

გიორგი კირთაძე – „ოცნების“ საარჩევნო შტაბს ბათუმში სუსი და გალდავა ხელმძღვანელობენ“

ტიტე აროშიძე კი არ ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, როგორც ეს ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ და თავად ბატონ ტიტეს ჰგონია. არამედ შტაბს სუსი და [ავთანდილ] გალდავა ხელმძღვანელობენ,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი. მას ვკითხეთ, რის საფუძველზე ვარაუდობს ასე. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ წელს „ოცნება“ ყველა მიმართულებით დაშინებაზე მუშაობს, რადგან რთულად აქვთ საქმე.

გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, ფინანსურ შემოწირულობებზე – ბიზნესმენების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს.

„ფინანსური შეწირულობის ნაწილში სუსია ჩართული, რომ რომელიმე ბიზნესმენმა არ გაბედოს რომელიმე ოპოზიციის დაფინანსება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩვენთან ვინც მუშაობს, მოხალისებრივ საწყისებზეა ჩართული… პლაკატები და ბანერებიც ასობით არის გამოკრული არჩილ ჩიქოვანის ქალაქში, უხერხულიც კია, რა თავისუფალი ადგილი დარჩა, იქ სიძულვილის გამომხატველი ბანერი გააკრეს…

ამას გარდა, პრობლემაა ისევ საარჩევნო ადმინისტრაციები, რადგან 103 საარჩევნო უბანზე ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ წესით და კანონით ნეიტრალურები, არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები, პირდაპირ „ოცნების“ შტაბიდან გამოგზავნილი ხალხი შეარჩიეს“, – გვიყვება გიორგი კირთაძე.

„ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატის დაკვირვებით, ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი ამ არჩევნებზე საჯარო მოხელეების დაშინებაა. მას ამის მაგალითად საბავშვო ბაღის აღმზრდელები მოჰყავს.

გიორგი კირთაძემ, „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი

„პირდაპირ სიებს ადგენენ, ვინ არის მხარდამჭერი. ვინც უარს ამბობს მხარდაჭერაზე, მას ემუქრებიან გაშვებით. ამას ჩვენთან პირად საუბრებში არაერთი თანამშრომელი ადასტურებს, მაგრამ ღიად საუბარს ვერავინ ბედავს… თენგიზ აფხაზავა უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში, რომელიც ახლა შვებულებაშია… იგივე ხდება საჯარო სტრუქტურებში, ააიპ-ებში, მათ გადაუნაწილეს საარჩევნო უბნები და დაავალეს მხარდამჭერების სიების შეგროვება,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

მას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაბურულშუშებიან მანქანებს ნახავს, სადაც ადამიანებს ფულს დაურიგებენ და ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცდებიან.

„ტემპერატურა აუცილებლად აიწევა… მე გაჩვენებთ ადამიანებს 2 ოქტომბერს, რომლებსაც 100-ლარიანი კუპიურები ექნებათ ხელში. ამას ჩემთვის და თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანები გააკეთებენ, რადგან სუსი უფრო ენდობა მაგათ,“ – დასძინა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.

„გადასატანი ყუთების სიებს ხელოვნურად ზრდიან“ – ვაჟა დარჩია, „ლელო“ 

„გადასატანი ყუთების სიებს ხელოვნურად ზრდიან, რომ შემდეგ იოლად მოახერხონ ამომრჩეველზე ზეწოლა“, – ირწმუნება ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს სიის მე-2 ნომერი. მან ბათუმში 22 უბანი დაგვისახელა, სადაც გადასატანი ყუთების სიები თითქმის შევსებულია.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 3 პროცენტი შეიძლება იყოს გადასატანი ყუთის სიაში. ეს სია წინასწარ უნდა შედგეს და იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ შეძლებენ.

„ბათუმელებმა“ ერთ-ერთ უბანზე – 91-ე უბანზე სცადა მონაცემის გადამოწმება, რასაც „ლელო“ ასახელებს“. აღმოჩნდა, რომ აქ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაა 1451, გადასატანი ყუთის სიაშია – 39. ამ უბანზე მაქსიმუმ 43 ამომრჩევლის დარეგისტრირება შეიძლება გადასატანი ყუთის სიაში.

„მოგეხსენებათ, კიდევ რამდენიმეს დამატება შეგვიძლია და გვაქვს კიდეც ამის საჭიროება, ჯერ არ მოუმართავთ,“ – გვიპასუხა 91-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გულნაზ ნაგერვაძემ. – „მე თვითონ გონიოში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ გადასატანი ყუთი…თუ რამე უზუსტობა იქნება, შეგვიძლია სიის კორექტირება,“ – გვიპასუხა მან.

ამ თემაზე გასულ კვირას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდა ბრიფინგი. ამ პარტიის წარმომადგენელმა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში – ირმა ხოროიშვილმა მოგვაწოდა ბათუმის 61-ე უბანზე გადაღებული არაოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც ამომრჩევლების გასწვრივ ნახავთ გრაფას „პარტიული კუთვნილება“. აქ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების გასწვრივ მითითებულია – 41.

„ჩემი ინფორმაციით, ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბიდან უბანზე შესული სია. შტაბიდანაც შეიძლება სთხოვონ უბანს კონკრეტული ამომრჩევლის გადასატანი ყუთის სიაში შეტანა, მაგრამ არა ამ ფორმით, ეს არაოფიციალური დოკუმენტია, რომელიც კომისიამ სარეგისტრაციო ჟურნალშიც გაატარა. ეს არის დარღვევა. ფოტო ჩვენმა წარმომადგენელმა გადაიღო ამ უბანზე. ვაპირებთ, საჩივარი დავწეროთ. ჯერ არ დამიწერია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირმა ხოროიშვილი.

არაოფიციალური დოკუმენტი ბათუმის 61-ე უბანზე, რომლის მიხედვითაც გადასატანი ყუთის სიის ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას

„არ ვიცი, რა სიაზეა საუბარი, ეს გასარკვევია, მე აპოლიტიკური ვარ… გადასატანი ყუთის სიაში, როგორც მახსოვს, მხოლოდ 5 კაცია,“ – გვითხრა დავით მიქელაძემ, ბათუმის 61-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ.

გადასატანი ყუთების სიების გარდა, „ლელოდან“ ბათუმის საკრებულოს კანდიდატი ვაჟა დარჩია კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს – რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამოყენება წინასაარჩევნოდ.

„გასულ წელსაც იმუშავა ამ მეთოდმა. წელს, მაგალითად, ჭაობის დასახლებაში ჩვენ ვიცით სამი ფაქტის შესახებ. როცა ადამიანები დაკავებული არიან ნარკოდანაშაულის გამო, ხოლო მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, საძმაკაცოს ეუბნებიან, რომ გათავისუფლდება პატიმარი იმ შემთხვევაში, თუკი „ოცნებას“ დაუჭერენ მხარს… სამწუხაროდ, სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრა ვაჟა დარჩიამ.

„ბანერების ადგილიც წინასწარ აითვისეს“ – კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დაჯავშნა ისეთი ადგილები, სადაც ხალხმრავლობაა.

ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი

„ჩვენ გვაქვს მხოლოდ სამი ბანერი. ერთ-ერთი ბანერის გვერდით, ის ძალადობის გამომხატველი ბანერი გამოგვიკრეს… პლაკატებზე კი, „ოცნების“ პლაკატები გადააკრეს,“ – გვიყვება ვაჟა დარჩია. მან  ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში გადაღებული ვიდეო გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც „ლელოს“ პლაკატების ნაწილი რეკლამისთვის განკუთვნილ დაფებზე ჩამოხეულია, ნაწილზე კი, „ოცნების“ კანდიდატების პლაკატია გადაკრული.

„ხელისუფლებას მოუწია ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა,“ – ვახტანგ კალოიანი 

რუსთავსა თუ დმანისში ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილს აქვს განცდა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე „ქართულ ოცნებას“ უარის თქმა მოუწევს და ეს ძირითადად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.

„საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ხელისუფლებას მოუწია ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა… თქვენ ნახეთ ევროკავშირის საელჩოსთან დაპირისპირებაც, როცა „ოცნებამ“ საკუთარი აქტივისტების მობილიზება მოახდინა, მაგრამ მათი გადამალვა მალევე მოუწია.

დასავლეთის ინსტიტუტების ჩართულობის დამსახურებაა ისიც, რომ ხელისუფლება ცდილობს, ფორმალურად კანონი არ დაარღვიოს, ასეთი ფონის შექმნას ცდილობს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი და „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

ვახტანგ კალოიანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, „ოპოზიციური ერთობა“

ვახტანგ კალოიანის დაკვირვებით, ხელისუფლება ძირითადად ცდილობს ადმინისტრაციული რესურსის აქტიურად გამოყენებით გავიდეს ფონს.

„ალბათ, აქვთ ამ ადამიანების შვებულებები და ფორმალური მხარე შესაძლოა მოწესრიგებულია, მაგრამ აქტიურად ვხედავთ საჯარო მოხელეებს კანდიდატებთან შეხვედრების დროს… გარდა ამისა, ოპოზიციის საერთო პრობლემაა დაფინანსებაც. წელს ბიზნესი ვეღარ ბედავს რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსებას. ფინანსები რომ არ გვაქვს, მგონი, ეს ცალსახად ჩანს,“ – დასძინა ვახტანგ კალოიანმა.

„ოპოზიციას რომ დაუჭირეთ მხარი, ოპოზიციამ გააკეთოს ახლა სანიაღვრეო“ – ბექა დიასამიძე 

„ძირითადად სანათესაო მუშაობს, რთულია ფაქტების მოძიება,“ – ამბობს ბექა დიასამიძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი. ის იზიარებს სხვა ოპოზიციური ძალების შეფასებას, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ბექა დიასამიძე თვლის, რომ „დღეის მდგომარეობით მდგომარეობა ნორმალურია“.

„ზოგადად, დაშინებულია ხალხი, აგიტაციასაც ვატარებთ, მაგრამ როცა იგებენ, რომ ოპოზიციიდან ვართ, თავს გვარიდებენ, ეშინიათ სამსახურების დაკარგვის, დასმენის და ასე შემდეგ… ადამიანების ნაწილს ისევ აშინებთ საჯაროდ პოზიციების დაფიქსირების. ჩვენი მიზანია, რომ რეალურად ბევრ ადამიანთან მივიდეთ და ავუხსნათ, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ. მაგალითად, ურეხის დასახლებაში ერთ-ერთ უბანზე სადაც წინა არჩევნებზე „ოცნებამ“ წააგო, ეუბნებიან თურმე მოსახლეობას, ოპოზიციამ მოაგვარეს სანიაღვრეს პრობლემაო, ამომრჩეველი გვიყვება ამას. მეორე უბანში, სადაც „ოცნებას“ მისცეს ხმა, მოაგვარეს პრობლემა და აღარ გვინდა საუბარიო. ვაპირებ ამ საკითხზე განცხადებით მივმართო მერიას,“ – გვითხრა ბექა დიასამიძემ.

ბექა დიასამიძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.

„ახლობელს ვერ ჩაწერ, რთულია ფაქტების მოძიება“ – აკაკი გვიანიძე 

„ძირითადად ასე ხდება: მიდის კანდიდატთან ოჯახის წევრი, ახლობელი, მეზობელი და ეუბნება, რომ კანდიდატურა უნდა მოხსნას. ახლობელს ვერ ჩაწერ, რთულია ფაქტების მოძიება,“ – მიზეზებს განმარტავს აკაკი გვიანიძე, რის გამოც ექსპრემიერის – გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიიდან ადამიანები კანდიდატობის პოზიციებს ტოვებენ, თუმცა თავად ამის შესახებ არც კი საუბრობენ. აკაკი გვიანიძე „გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიის მეორე ნომერია.

ეს პოლიტიკური ძალა ათეულობით შემთხვევაზე საუბრობს, როგორ დაატოვებინეს ადამიანებს საჯარო სამსახური იმის გამო, რომ „საქართველოსთვის“ მხარდამჭერი გახდნენ, ან შემდეგ როგორ ათქმევინეს კანდიდატობაზე უარი. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ, მაგალითად, უცნობია პარტიისთვის, რა მოხდა ხულოს ორი მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში.

აკაკი გვიანიძე – „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი

„არის შემთხვევები, როცა იყო ზეწოლა, მაგრამ კანდიდატებმა ზეწოლას გაუძლეს და ისინი ისევ ჩვენი კანდიდატები არიან… სხვები კი, ვინც კანდიდატობაზე უარი ათქმევინეს, იმედია, მალე მოვა დრო და ამ ყველაფერზე ღიად ისაუბრებენ. ჩვენ არ ვბრაზობთ მათზე, პირიქით, თანავუგრძნობთ… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს პოლარიზების შემცირებას და სამართლიანი არჩევნების აღქმას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ.

აკაკი გვიანიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე:

„უზარმაზარი ფინანსები იხარჯება „ოცნების“ სასარგებლოდ და ამას ყველა ვხედავთ. უამრავი აგიტატორი აიყვანეს, კოორდინატორი, უსამართლო გარემოა… ჩვენ ვუყურებთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასაც, რაზეც „ბათუმელებიც“ წერდა.

ერთადერთი სროლა არ არის, თუმცა ამის გამო მადლობას არ უნდა ვუხდიდეთ, მგონი, მთავრობას,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 121 ახალი შემთხვევა | 28 სექტემბერი

28 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 40 ადამიანი გარდაიცვალა.

27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.

 

პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთიდან დევნილი, მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის დროს დააჯილდოვა ღირსების მედლით პრეზიდენტმა დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია.

„ისე მოხდა, რომ ეს [დაჯილდოება] ხდება 27 სექტემბერს. ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვინც არ გაიარა ეს პერიოდი, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია. მაგრამ მე რომ დღეს აქა ვარ, თქვენთან, იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებული იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს იმ ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც წინ არის. ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა!

მინდა ყველასგან გითხრათ დიდი მადლობა, მეც ვარ ემიგრანტის შვილი. მე მგონი თქვენ გახდით ყველა იმ ახალგაზრდისთვის მაგალითი, ვინც გავიდა ქვეყნიდან, გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა, თუ შეგიძლია, თუ მზად ხარ დაიხარჯო მთლიანად, ეს არის მაგალითი, რომ შეიძლება ყველაფერს მიაღწიო“, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიზაინერს.

დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისთვის.

კანონის ჩანაწერის მიხედვით, „ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის“.

ვისთვის არის განკუთვნილი კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ჯანმომ დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პარასკევს, 24 სექტემბერს COVID-19-ის სამკურნალო მესამე მეთოდს გაუწია რეკომენდაცია.

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Regeneron-ის მიერ წარმოებული, მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ ჯანმრთელობის სპეციფიკური პროფილის მქონე პაციენტებისთვის. პრეპარატი ბაზარზე გამოაქვს შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-ს.

მონოკლონური ანტისხეულები „კაზირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ აშშ-ში REGEN-COV-ის სახელით არის ცნობილი, სხვა ქვეყნებში კი – Ronapreve-ის.

სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ჯანმოს ექსპერტები წერენ, რომ მკურნალობა რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის, როგორებიც არიან ხანდაზმული ადამიანები ან პაციენტები, რომელთა იმუნური სისტემა მკვეთრად დასუსტებულია, მაგალითად კიბოს ან ორგანოს გადანერგვის გამო.

„ეს რეკომენდაცია ემყარება სამი კვლევის ახალ მტკიცებულებებს, რომლებსაც ჯერ საექსპერტო შეფასება არ გაუვლიათ, მაგრამ შედეგები აჩვენებენ, რომ „კაზირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ ამცირებენ ჰოსპიტალიზაციის რისკს და სიმპტომების ხანგრძლივობას მძიმე დაავადების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, როგორიცაა არავაქცინირებული, ხანდაზმული, ან იმუნოსუპრესიული პაციენტები” – წერია BMJ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ჯანმოს ექსპერტების აზრით, მკურნალობა ასევე რეკომენდებულია მძიმე ან კრიტიკული კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებიც სერონეგატიურები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემდეგაც კი, მათ ვერ შეძლეს ვირუსზე საკუთარი ანტისხეულების პასუხის შექმნა.

ეს მეორე რეკომენდაცია ემყარება კვლევის მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ “კაზრივიმაბი” და “იმდევიმაბი” ამცირებენ სიკვდილიანობას და სერონეგატიურ პაციენტებში მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას.

აქვე წერია, რომ ყველა სხვა კოვიდ -19 პაციენტისთვის, ანტისხეულებით მკურნალობის რაიმე სარგებელი ნაკლებად სავარაუდოა.

“კაზირივიმაბი” და “ინდევიმაბი” წარმოადგენენ მონოკლონურ ანტისხეულებს, რომლებიც კომბინაციაში გამოყენებისას ებმიან SARS-CoV-2-ის წვეტის ცილას, რითაც ანეიტრალებენ ვირუსის უნარს, დააინფიციროს უჯრედები.

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებას 2021 წლის ივლისში, პირველად იაპონიამ მისცა ავტორიზაცია. წამლების ეს კომბინაცია გადაუდებელი გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა ევროკავშირმა, აშშ-მ, ინდოეთმა, შვეიცარიამ და კანადამ.

ჯანმო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მკურნალობის მაღალი ღირებულებისა და იმის გამო, რომ ის არ არის ხელმისაწვდომი, წამლების შემსყიდველი საერთაშორისო სააგენტო UNITAID აწარმოებს მოლაპარაკებებს შვეიცარიული კომპანია Roche -ს ლაბორატორიასთან, რათა მიაღწიონ მედიკამენტის დაბალ ფასსა და თანაბარ განაწილებას მსოფლიოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

 

სახელმწიფო ინსპექტორს სუსის შემოწმებისკენ მოუწოდებენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ სუსის საქმიანობა შეისწავლოს.

კერძოდ, ორგანიზაციები ითხოვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიყენოს ინსპექტირების მექანიზმი და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი.

კოალიციის განცხადებით, სუსის სისტემაში შემავალ სააგენტოს გააჩნია ფარული ელექტრონული მიყურადების სრული შესაძლებლობა. იმისათვის, რომ პირს მოუსმინონ, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისტემურ მოსმენასთან.

„სისტემურ უკანონობას სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება და, იმ პირობებში,  როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუსი მის ხელთ არსებულ ინფრასტრუქტურას კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულირების გვერდის ავლით, ბოროტად იყენებს, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი საკითხის სათანადოდ შესასწავლად.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმია შემოწმება,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მოქმედი კანონმდებლობით, უწყება, რომელსაც სუსის შემოწმება შეუძლია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია. ეს სამსახური უფლებამოსილია შევიდეს შეზღუდული დაშვების არეალში, გაეცნოს ტექნიკურ ინსტრუქციებს, მათ შორის სახელმწიფოს საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, ასევე მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაციის შესახებ საზოგადოებამ 13 სექტემბერს შეიტყო. კერძოდ, მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ.

მათ შორის, ცნობილი გახდა  ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიყურადების შესახებ.

გასაჯაროებულ ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე, პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ ქრთამის აღების შემთხვევებზე  და სხვა.

ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე 100 მლნ დოლარის ინვესტიციას ამბასადორი განახორციელებს

ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ჯამური საინვესტიციო პორტფელი 100 მლნ დოლარს შეადგენს და ის 2 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნება 1 მილიონი დოლარის  ოდენობის საბანკო გარანტია.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

პროექტს საფუძვლად დაედება ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

სკოლის მასწავლებლებს ხვალ PCR ტესტს ჩაუტარებენ

დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა 4 ოქტომბრიდან, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა სკოლის პედაგოგებს ხვალ, 28 სექტემბრიდან PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. სკოლის დირექტორებს მოლოდინი აქვთ, რომ სკოლებში განახლდება სწავლა და ამას ადასტურებს მასწავლებელთა ტესტირების ქვეყნის მასშტაბით დაწყება.

„ტესტირების პროცესი უკვე ორგანიზებულია. როგორც გვითხრეს, ისევ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვლენ სკოლებში და PCR ტესტს ჩაუტარებენ ყველა მასწავლებელს…

კონკრეტული გადაწყვეტილება სწავლის სკოლებში დაწყებაზე ჯერ მიღებული არ არის, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბალია და დიდი ალბათობით სწავლა სკოლებში დაიწყება 4 ოქტომბრიდან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მე-2 სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე.

მე-2 სკოლის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება. სკოლის დირექტორის თქმით, ეს სწავლის პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან შიდა სამუშაოები უკვე პრაქტიკულად დასრულებულია.

დღევანდელი, 27 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 1.8%, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 2.9%, ბოლო 14 დღის კი – 3.2%.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

ამ თემაზე:

აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განახლდება

ვინ არიან ხელვაჩაურის მერობის კანდიდატები

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 კანდიდატი იბრძვის მერობისთვის. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები), „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“.

კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.

  • მიშა ბოლქვაძე– ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5]

მიშა ბოლქვაძე ჯერ კიდევ  ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრია. იგი ამ მოწვევის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

მიშა ბოლქვაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. იგი 2006 წლიდანაა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. წლების განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იყო ორი მოწვევის საკრებულოს წევრი.

მიშა ბოლქვაძე
  • ჯუმბერ ბერიძე – „გახარია – საქართველოსთვის“ [საარჩევნო ნომერი 25]

ჯუმბერ ბერიძე 2015 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, უფრო ადრეულ წლებში კი, საბაჟოზე მუშაობდა.

ჯუმბერ ბერიძე
  • ზაზა დიასამიძე – „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41] 

ბოლო პერიოდამდე ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. ბოლო რამდენიმე თვეა ის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს.

ზაზა დიასამიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის ახლო მეგობარია.

ზაზა დიასამიძე

 

აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განახლდება

აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს განახლდება.

ამის საფუძველს იძლევა კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში.

დღევანდელი, 27 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 1.8%, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 2.9%, ბოლო 14 დღის კი – 3.2%.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

ამ დროისთვის აჭარა ამ კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს – რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე ნაკლებია.

განახლდება თუ არა სკოლის შენობებში სწავლა აჭარაში 4 ოქტომბერს, ამ კვირაში გახდება ცნობილი.

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია კორონავირუსზე.

სად შეიძლება აჭარაში ძაღლისა და კატის ცოფზე უფასოდ აცრა 28 სექტემბერს

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

აჭარაში კომპანიონი ცხოველების ცოფზე უფასოდ აცრა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:

  • ბათუმი – გოგებაშვილის 46 ა – რეგიონული სამმართველოს ოფისი
  • ხულო – სტალინის ქ. №2
  • შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1
  • ქედა – 26 მაისის ქ.№ 2
  • ხელვაჩაური – მაჭახლის №23
  • ქობულეთი – აღმაშენებლის №44

ცოფზე უფასო აცრის აქცია მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდება.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2021 წლის მთავარი გზავნილია – „ცოფი: ფაქტები შიშის ნაცვლად“.

ამავე თემაზე: 

„განსაკუთრებით საშიშია კბენა თავზე, კისერსა და თითებზე“ – რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

მიწისძვრა კუნძულ კრეტაზე – დაიღუპა 1, დაშავდა 11 ადამიანი

5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დღეს, 27 სექტემბერს.

ბერძნული მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1, 11 ადამიანი კი დაშავდა.

ბერძნული გამოცემა ta nea-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაღუპული მამაკაცი ეკლესიაში აღდგენით სამუშაოს ასრულებდა.

დაზიანებულია შენობებიც.

_______________

ფოტო: cretalive.gr

 

ესპანეთის კუნძულზე ვულკანის ლავა ოკეანეს უახლოვდება | ფოტო

ესპანეთის კუნძულ პალმაზე ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა ატლანტის ოკეანეს უახლოვდება, რამაც, შესაძლოა, აფეთქება და კუნძულზე ტოქსიკური აირის ღრუბლების გავრცელება გამოიწვიოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ სახლში და დახურონ კარ-ფანჯრები.

ვულკანის ამოფრქვევა კუნძულზე 19 სექტემბერს დაიწყო. კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ასობით მცირე მიწისძვრა. კუნძულიდან მოხდა 6 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუაცია.

სპეციალისტების თქმით, ვულკანის ამოფრქვევის პროცესი შესაძლოა ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდეს.

26 სექტემბერი, ლა პალმა. EPA-EFE/MIGUEL CALERO
წყარო: twitter
წყარო: twitter
წყარო: twitter
წყარო: twitter
27 სექტემბერი. EPA-EFE/ANGEL MEDINA

ნომინაცია „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის“ – გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები

ბიზნესს წარმატებისთვის მხოლოდ ინოვაციური იდეა არ ჰყოფნის — გამოწვევებით სავსე გზაზე, მას მხარდაჭერა, აღიარება და დაფასებაც სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბიზნესსოციუმის ყველაზე დიდი ღონისძიება — ბიზნესდაჯილდოება, რომელსაც თიბისი უკვე მეექვსე წელია მართავს.

წელს, ისევე როგორც გასულ ღონისძიებებზე, ბიზნესდაჯილდოება საზოგადოების წინაშე სიახლით წარსდგება და მცირე და საშუალო ბიზნესებს დააჯილდოებს ორ ახალ ნომინაციაში: „რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა“  და „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის.“

ჩვენ მოგითხრობთ, რას გულისხმობს ნომინაცია „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის“, გაგაცნობთ ჟიურის წევრებსა და მათ მოსაზრებებს ბიზნესდაჯილდოების შესახებ.

გიორგი ისაკაძე — Forbes საქართველო, მთავარი რედაქტორი

გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ღონისძიებას, რომელიც ბიზნესსამყაროში სიახლეებს წარმოაჩენს და მონაწილეების ენთუზიაზმს განაპირობებს, შემფასებლებსა თუ საზოგადოებაში, მუდმივი არსებობა უწერია.

„მიმაჩნია, რომ ღონისძიების თვითმყოფადობაზე, საკითხის მიმართ არსებული მუდმივი ინტერესი მიანიშნებს — ინტერესი, პირველ რიგში, მონაწილეების მხრიდან და შემდეგ — მთლიანად საზოგადოებისგან. ბიზნესდაჯილდოების უნიკალურობაა, რომ ამოუწურავია მონაწილეობის მსურველთა ენთუზიაზმი. ფაქტი, რომ ადამიანები ბიზნესდაჯილდოებას ელოდებიან, ნიშნავს, რომ ღონისძიება შედგა”, — ამბობს გიორგი და დასძენს, რომ პროექტი აყალიბებს საქმიან საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია სიახლეებით.

გიორგის თქმით, ახალ ნომინაციაში ჟიური ელის ბიზნესებს, რომლებმაც თანამშრომლობით ერთმანეთს და საზოგადოებას სარგებელი მოუტანეს. იგი ბიზნესებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რადგან მათი ცნობადობა ამაღლდება, გაიცნობენ სხვა მეწარმეებს და დაამყარებენ კავშირებს.

„ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, პიროვნულ და საქმიან ურთიერთობებში, რეპუტაციულად დონეს ამაღლებს. ბიზნესდაჯილდოებაში ჩართულია ბევრი მედია და გარდა ცნობადობისა, გაძლევთ ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქავეყანაში ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. ამიტომაც, ყველას ვთხოვ, რაც შეიძლება მეტი გაბედული იდეითა და მწყობრი პროექტით შეავსონ განაცხადი და ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა”.

ანი კვარაცხელია — ექსპორტის განვითარების ასოციაცია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

„ბიზნესდაჯილდოება ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ბიზნესებს ასე მასშტაბურად უწყობს ხელს განვითარებაში. Რაც მთავარია, კონკურსი არ არის ორიენტირებული ბიზნესის მხოლოდ ერთ რომელიმე მიმართულებაზე — იგი აერთიანებს სხვადასხვა სექტორს, არის მრავლისმომცველი და მასშტაბური”, — ამბობს ანი კვარაცხელია.

ანიც, გიორგის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ღონისძიების დახმარებით ბიზნესს საშუალება ეძლევა საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინოს, ეხმარება მათ კავშირების დამყარებასა და თავიანთ საუკეთესო თუ ნაკლოვან მხარეებს უჩვენებს.

„ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ვისურვებდი დიდხანს იარსებოს, გაფართოვდეს და კიდევ უფრო მეტი ბიზნესის შესახებ გააგებინოს საზოგადოებას”, — ამბობს ანი.

იგი მიიჩნევს, რომ ნომინაციაში – „საუკეთესო თანამშრომლობისთვის” – გასამარჯვებლად ბიზნესებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ — მათ უნდა აჩვენონ პარტნიორობის მასშტაბი, შედეგები და მისი გავლენა ერთმანეთსა თუ საზოგადოებაზე.

ანი მცირე და საშუალო ბიზნესებს ასეთ რჩევას აძლევს: „გქონდეს საკუთარი ბიზნესი დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს ძალიან დიდ კონცენტრაციასა და ენერგიას. თუმცა, ამ გზაზე გახსოვდეთ, რომ თქვენ ცვლით სამყაროს უკეთესობისკენ.”

ივანე ლექვთაძე — EFSE, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

ივანეს აზრით, ბიზნესდაჯილდოება სამეწარმეო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს, ემსახურება მეწარმეებისა და ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას და რაც მთავარია, აღიარებს მათ წვლილს ბიზნეს საქმიანობაში.

„ჩვენი ფონდი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია. ვფიქრობ, თიბისისთან ერთად კარგ საქმეს ვემსახურებით და ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და სამეწარმეო კულტურის განვითარებას”, — ამბობს ივანე.

ბიზნესდაჯილდოების უპირატესობებზე საუბრისას, ივანე აღნიშნავს, რომ ღონისძიება უკეთესად წარმოაჩენს როგორც ახალბედა სტარტაპებს, ისე მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიდს ბიზნესებს.  „ყოველ წელს ასობით აპლიკაცია შემოდის. დაინტერესებულია ყველა ტიპის ბიზნესი. ჩვენ კი გადაწყვეტილებას მათი ზომის ან პროფილის მიხედვით კი არა, კონკრეტულ ნომინაციებთან აპლიკაციების შესაბამისობით ვიღებთ. ამიტომაც, ისეთ კომპანიებსაც მოუპოვებიათ გამარჯვება, რომლებიც 20 წელია ბაზარზე არიან და ასევე, გამარჯვებულებს შორის ყოფილან ახალი სტარტაპებიც”.

გარდა პრიზებისა, რომელიც, ივანეს თქმით ნამდვილად სასარგებლო და ხელშესახებია, ბიზნესდაჯილდოების დახამარებით კომპანიები იღებენ მთავარს — იმკვიდრებენ ადგილს სამეწარმეო და ბიზნესეკოსისტემაში.

მცირე ბიზნესებს კი ივანე ურჩევს: „ეცადეთ, ბიზნესიდეა იყოს ექსკლუზიური, რადგან თანამედროვე სამყაროში, სადაც გარემო დინამიურად ვითარდება, მნიშვნელოვანია გამოირჩეოდე სხვებისაგან. რაც მთავარია, კონცენტრირებული უნდა იყო ციფრულ მიმართულებებზე, თანამედროვე მიდგომები ავტომატიზაციასა და ტრადიციებს უნდა შეუხამო.”

აკო ახალაია — მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი

აკო ახალაია უკვე წლებია ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის წევრია და ფიქრობს, რომ ღონისძიება ძალიან კარგი საშუალებაა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებისთვის გადაიაზრონ, თუ რას როგორ აკეთებენ, ასევე, მონაწილეებმა გაზარდონ ცნობადობა თავიანთი საქმიანობის შესახებ.

„ვაკვირდები, როგორ სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება ღონისძიება. ვფიქრობ, ბიზნესდაჯილდოებამ შეძლო და მრავალი ბიზნესის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა მიუხედავად იმისა, მათ გაიმარჯვეს, თუ – არა”.

ახალ და საინტერესო ნომინაციაში აკო ისეთ ბიზნესებს ელოდება, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობით უნიკალური ღირებულებები შექმნეს.

„ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ, ამიტომ საჭიროა კარგი პარტნიორის მოძებნა, შერჩევა და თანამშრომლობა. ჩვენ ბიზნესების სწორედ ისეთ ისტორიებსა და მაგალითებს ვეძებთ,  რომლებმაც ერთმანეთი გაზარდეს, ურთიერთობებით გაამდიდრეს, ცოდნა გაცვალეს, სინერგიით რაღაც ახალ მწვერვალზე ავიდნენ და ა.შ. თუნდაც ის, რომ ასეთი ნომინაცია არსებობს, ვფიქრობ, ბევრს დააფიქრებს და მომდევნო წლებში თანამშრომლობის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ.”

აკოს რჩევა ახალბედა ბიზნესებისთვის შემდეგია: „წელს მარკეტერის მთავარი მესიჯია – „ცადე“. გვსურს ადამიანებს, ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტითა და შესაძლებლობით გამბედაობისა და მცდელობებისკენ მოვუწოდოთ. მართალია, ბიზნესდაჯილდოებას ჩვენ არ ვაორგანიზებთ, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ „სცადოს და ნუ იქნება ისევ ისეთი“. როგორც ჩვენი მეგობარი, ბესიკ ხარანაული ამბობს, არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვას, ამიტომ ახალბედა ბიზნესებს მეტ გამბედაობას ვუსურვებ და რაც მთავარია, დიდ წარმატებებს.”

____

ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან. ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.

 

 

#გვარიდამიბრუნე – „სალამმა“ პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა

სამოქალაქო პლატფორმა “სალამმა” დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა. საქართველოს 25 ათასი მოქალაქე ითხოვს, აზერბაიჯანულ და სხვა ეთნიკური წარმომავლობის გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, როგორიცაა -ოვ(ა), -ევ(ა).

პლატფორმა “სალამის” წევრები გვარის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს 45 დღის განმავლობაში აგროვებდნენ მცხეთაში, დმანისში, კახეთში, გარდაბანში, რუსთავში, თბილისსა და სხვა რეგიონებში.

საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ხელმოწერები შეაგროვა, საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერაა შექმნილი. მათი მიზანი საკუთარი, თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების ჩამოშორებაა. თუმცა ამას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, კერძოდ ცვლილება უნდა შევიდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა  საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი 2021 წლის 2 აგვისტოს დაუჭირა.

კამპანია#გვარიდამიბრუნე 2 აგვისტოს დაიწყო.

პლატფორმა “სალამის” წევრები საქართველოს პარლამენტში ხელმოწერების შეტანისას 27 სექტემბერი, 2021 ფოტო: სალამი

38 წელი მეხანძრედ – ტყუპი ძმა მაიორის წოდებით და ტაშით გააცილეს სამსახურიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმას სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცეს.

60 წლის მეხანძრე მაშველებს, ტყუპ ძმას – ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს ბოლო სამუშაო დღე 23 სექტემბერს ჰქონდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძმები 38 წლის განმავლობაში მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

ტყუპი ძმა ტაშით გააცილეს სამსახურიდან.

მოსახლეობამ ხულო-ზარზმის გზა გადაკეტა – პროტესტი ხულოში

დღეს, 27 სექტემბერს, დილით, ხულოში მოსახლეობამ ხულო – ზარზმის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.

საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.  პოლიციისა და ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის, ნადიმ ვასაძის მისვლის შემდეგ მოსახლეობამ გზა გახსნა.

პროტესტის მიზეზი ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დროს ერთ-ერთი მოსახლის სახლის დაზიანებაა.

„ბათუმელების” ინფორმაციით გზის მშენებლობისას ერთ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა და ადგილობრივი მოსახლეების საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

“ბათუმელები” დაუკავშირდა ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ნადიმ ვასაძეს. ვასაძის თქმით, ის “ახლა მოსახლეობას ხვდება და კითხვებს მერე უპასუხებს”.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საავტომობილო გზა გახსნილია.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი 
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი 

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 29-30 სექტემბერს, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აჭარაში კოვიდის 48 ახალი შემთხვევაა | 27 სექტემბერი

27 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა.

26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.

დადასტურდა კოვიდის 663 ახალი შემთხვევა, 27 პაციენტი გარდაიცვალა

27 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13277  კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარაში – 48, იმერეთში – 123, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 19, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 58, კახეთში – 101, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

 

116 ჩანაწერი მეუფე დიმიტრიზე – სავარაუდოდ, სუსის ფაილები

სავარაუდო სუსის ფაილებში, უფრო კონკრეტულად კი სუსის ჩათში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი 116-ჯერ არის ნახსენები. დიმიტრი შიოლაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით სუსის ფაილებში წერია, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ გადააფიქრებინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა გასული წლის 6 სექტემბერს პატრიარქ ილია მეორეს გადადგომა და იმაზეც, მისმა მძღოლმა ეპისკოპოსის შვილიშვილები თურქეთში რომ გადაიყვანა მამასთან შესახვედრად.

სავარაუდო სუსის ფაილებში რამდენიმე ეპიზოდი უკავშირდება „1937 წელს საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ადამიანების იდენტიფიკაციისთვის ხარჯების გაღებას“.

ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ვინაიდან, მისი თქმით, ეს უკანასკნელნი უარს აცხადებენ 1937 წელს საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ადამიანების იდენტიფიკაციისთვის ხარჯების გაღებაზე. მიტროპოლიტის თქმით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ფინანსების გამოყოფაზე, საჯაროდ განუცხადებს საზოგადოებას, რომ სახელმწიფო უარს აცხადებს გარდაცვლილთა იდენტიფიკაციის საქმეში ეკლესიის მხარდაჭერაზე. დ.შიოლაშვილი ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დირექტორ ჯემალ პაქსაძეს და აცნობა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგეგმება გარდაცვლილების ქრისტიანული წესით დაკრძალვა არის სიცრუე, რის გამოც სთხოვა მომდევნო კვირას ე.წ მუფტთან შეხვედრის ორგანიზება, რაზეც ჯ.პაქსაძემ განაცხადა თანხმობა“.

ამავე ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტი დიმიტრი თბილისში „რეპრესირებულთა ნეშტების დაკრძალვის საკითხზე შეხვედრას გეგმავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთ ბეგლარ ქამაშიძესთან“.

ამ საკითხზე მომდევნო ჩანაწერების თანახმად, „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ რეპრესირებულთა ნეშტების დაკრძალვასთან დაკავშირებით მას ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დაჰპირდა დახმარებას. დ.შიოლაშვილის თქმით, მას გარდაცვლილთა ნეშტებზე სამხარაულის ექსპერტიზის ჩასატარებლად უკვე მობილიზებული აქვს 20 000 ლარამდე, რომლის გამოყოფაზეც უარი განაცხადეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობის სამინისტრომ და ხელისუფლებამ. მიტროპოლიტის თქმით, მისთვის ძალიან საწყენია ის ფაქტი, რომ მიცვალებულების ამოსვენება-დასაფლავების საკითხზე განზე დგომას ამჯობინებს შს და თავდაცვის სამინისტროები. რის გამოც მას უწევს ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება“.

კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, „საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს აცნობა – ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმიცხადეს, რომ რეპრესირებულთა ნეშტების დაკრძალვასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული პირობები. კერძოდ, სურთ, რომ საფლავებისთვის გამოინახოს ნეიტრალური ტერიტორია და დაკრძალვის ცერემონია არ გაიმართოს ბზობის დღესასწაულზე. დ.შიოლაშვილის განცხადებით, იგი მზადაა განახორციელოს ყოველივე ზემოაღნიშნული“.

___

2019 წლის აპრილში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას გადაეცა, აღმოჩენილია 150 – მდე ნეშტი.

სპეციალისტების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე მინიმუმ ორი სამარხია გასათხრელი.

ნეშტები ამ დროისთვისაც ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარდაფშია დასვენებული. უცნობია, ექსპერტიზამ რა დაადგინა და არც ის, სამომავლოდ რას აპირებს ხელისუფლება ამ ნეშტებთან მიმართებით.

___

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

ბათუმს 40 ახალი ავტობუსი აქვს

ბათუმის მერიამ ბათუმისთვის ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი შეიძინა. ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები ორი ტიპისაა. კერძოდ, EURO 5 სტანდარტის, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსით ერთდროულად  63 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ხოლო EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსით – ერთდროულად 53 მგზავრის გადაყვანა.

ბათუმის მერიის ცნობით, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

ავტობუსების პრეზენტაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 26 სექტემბერს მოაწყო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის გარდა დაწყებულია ავტოპარკის განახლება სხვა მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა 4 ახალი ავტობუსი.

ავტობუსების შესაძენად ბიუჯეტიდან 5 521 595 ევრო დაიხარჯა.

 

30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა – 25 სექტემბერი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 30 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 956  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  5.44%-ია.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

25 სექტემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარაში – 73, იმერეთში – 172, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 47, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 156, კახეთში – 151, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთში – 3.

საქართველოს მთიან რეგიონებში მოთოვა [ფოტო]

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლია გოდერძის უღელტეხილზე, ბახმაროში, ზეკარის უღელტეხილზე. მთელი ღამე თოვდა დაბა მესტიაშიც.

პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე
ფოტო: ოთარ იაკობაძე
ფოტო: გიორგი ენუქიძე
სოფელი მთისუბანი, ხულო
თოვლი მერიაყელის საზაფხულო იალაღებზე, 25 სექტემბერი, 2021

მთავარი ფოტო: ზეკარის უღელტეხილი, გიორგი ენუქიძე

 

„ჩემი ცხოვრებაა კინო“ – ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან

მას ბევრი პროფესია აქვს. არის რეჟისორი, მწერალი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, თუმცა თვითონ მიიჩნევს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ორი რამაა – კინო და პოეზია.

ლანა ღოღობერიძე წელს ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების სექციის ჟიურის თავმჯდომარე იყო. სწორედ კინოფესტივალის მიმდინარეობისას შეხვდა რეჟისორს „ბათუმელები“.

  • ქალბატონო ლანა, ვინაიდან ჩვენი ინტერვიუ ბათუმში იწერება, მინდა დავიწყო კითხვით ბათუმზე. რა გაკავშირებთ ამ ქალაქთან?

ბათუმი არის ძალიან მიმზიდველი ქალაქი. მართლაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. ჯერ ერთი ზღვის მდებარეობა, მერე ეს მცენარეები, ხეები… მშვენიერია. საერთოდ არის იმისთვის, რომ იყოს საფესტივალო ქალაქი.

24 წლის ვიყავი, როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, ასპირანტურა და აქ ვკითხულობდი ლექციებს – დასავლეთ ევროპის ლიტერატურას და ანტიკურ ლიტერატურას. მაშინ ინსტიტუტი იყო, ახლა უნივერსიტეტია. ძალიან მიყვარს ის დრო. ბევრი ჩემი სტუდენტი ჩემზე უფროსიც კი იყო იმ დროს. კარგი დრო იყო ძალიან.

  • ვიცი, რომ განსაკუთრებული კავშირი გაქვთ ზღვასთან. ბათუმში როგორ გრძნობთ ხოლმე ამ კავშირს?

მბორგავი ზღვა მართლაც სიმბოლოა სიცოცხლის, მოძრაობის… და პირიქით. პასტერნაკი ამბობს, სტუმრად არის ბავშვებთანო – აი, ისეთი როცა არის, მშვიდი და თითქოს ბავშვებს ეთამაშება. ამავე დროს ისეთიცაა, რომ შთანთქავს ადამიანებსაც, გემებსაც და სიცოცხლეც შეუძლია შთანთქას. ესეც არის ზღვა – ყველაფერი ერთად.

ყოველთვის მიყვარდა ცურვა. ბევრს ვცურავდი. ახლაც,ზღვაში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვიდრე ხმელეთზე.

სხვათა შორის, ტიციან ტაბიძეს აქვს ნათქვამი,

„მაისი ყველგან არის მაისი,

მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,

და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს

აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი“.

და მართლაც, საზღვარი სილამაზეს არ აქვს.

  • ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და მასზე გული შესტკივათ, ფიქრობენ, რომ  ძველი ბათუმი ნელ-ნელა ქრება და მის ადგილს ახალი, უსახურშენობებიანი ქალაქი იკავებს. თბილისსაც იგივე პრობლემა აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

სრულიად ვეთანხმები ამ შეფასებას.

საერთოდ, მიკვირს ჩვენი უდიერი დამოკიდებულება იმისადმი, რაც მართლა ჩვენი სიმდიდრეა, ნამდვილი სიმდიდრე. ძველი ბათუმი არის მიმზიდველი, თორემ ცათამბჯენებით ვერავის ვერ გააკვირვებ, აბსოლუტურად. ეს არის ის, რაც დღევანდელი სამყაროსთვის დამახასიათებელია ყველგან.

ბათუმს რაც მიმზიდველი აქვს, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ. ერთადერთი, მე მიხარია, რომ ძველი ბათუმი მაინც დარჩენილია რაღაცნაირად. მაინც ეს [ახალი ბათუმი] იქით არის, სადაც შეგიძლია არც კი გახვიდე. [ძველ ბათუმში] მიხარია, რომ შენობებიც შემონახულია. ბევრი შენობა კარგად არის რესტავრირებული. მართლა შენარჩუნებული აქვს ძველი იერი და  თან მიტოვებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ამიტომ მაინც ძალიან მომხიბვლელია დღესაც ბათუმი, მიუხედავად ამ ძალიან არასწორი ტენდენციისა.

  • ახალი ბათუმი თუ ნახეთ და თუ მოგინდებოდათ იქ ფილმის გადაღება?

არა, არ მიყვარს. არ მიყვარს საერთოდ. თბილისში კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობა ეს, მგონია.

ძალიან განვიცდი, რომ ვკარგავთ კოლორიტს, ქალაქების კოლორიტს ვკარგავთ, მაგრამ ერთადერთი ის მიხარია, რომ მაინც რჩება რაღაც. ჯერ მთლად ვერ გავანადგურეთ, ერთი სიტყვით.

არის ქალაქები, იგივე ესტონეთში, სადაც სრულიად შეინარჩუნეს ძველი ქალაქი, მთელი სისტემა, რამდენიმესართულიანი სახლები და არა ცათამბჯენები. ჩვენთან, გამოდის, რომ ყველაფერი გადავიდა მოგებაზე. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა.

  • თავისუფლება რას ნიშნავს თქვენთვის? რაში გამოიხატება?

არსი… არსი სიცოცხლის არის თავისუფლება და თავისუფლებისკენ მისწრაფება არის ის, რაც ადამიანს აქცევს ადამიანად.

ჩვენ გადავურჩით ტოტალიტარულ და ტერორისტულ სამყაროს [პირდაპირ შეიძლება ითქვას, 30-იან წლებში ნამდვილი ტერორი მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში,  ადამიანის დასათრგუნად იყო მიმართული მთელი სისტემა], იმიტომ, რომ მართლა გვქონდა სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი, ერთად არის ეს ორი ცნება რაღაცნაირად ჩვენთვის.

  • თქვენ დაიბადეთ საბჭოთა საქართველოში, ტოტალიტარულ რეჟიმში მოგიწიათ ცხოვრება. რა ასაკში გააცნობიერეთ, რომ თავისუფალ ქვეყანაში არ ცხოვრობდით?

ძალიან ადრე. ახლა შეიძლება ასე განზოგადებულად არ ფიქრობ, როცა პატარა ხარ, მაგრამ იმდენად დახშულ ატმოსფეროში ვცხოვრობდით, შიშის ატმოსფეროში, რომ ეს თავისთავად გიჩენდა შეგრძნებას, ინსტინქტით გრძნობდი, რომ რაღაც არის ამაში ძალიან არაბუნებრივი. თუმცა ცხადია, არ ვიცოდით.

ომის მერე ფილმები რომ შემოვიდა, იქ დავინახეთ სხვა სამყარო, სადაც ადამიანები თავისუფლად სუნთქავდნენ. ის, რომ ასეც შეიძლება არსებობდე, მაშინ დავინახეთ მგონი.

იყო ასეთი ფილმი, დუვივიეს „დიდი ვალსი“, შტრაუსის ცხოვრებაზე. აი, ისეთი სამყარო იყო, სადაც მეფობდა სიყვარული, სადაც იბადებოდა ხელოვნება, შემოქმედება… ეს იყო მართლა გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში. ვუყურებდით ათჯერ, თხუთმეტჯერ ამ ფილმს, იმიტომ, რომ ვზიარებოდით რაღაცას, რაც ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ იყო.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სავარაუდოდ უკანონოდ უსმენს ათასობით ადამიანს. შეიძლება ეს ჩაითვალოს ტოტალიტარიზმის საწყის ნიშნებად? თუ გადაჭარბებულია ასეთი შეფასება?

ეს მიუღებელია. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. საერთოდ მიუღებელია იმაში შეიჭრა, რაც არავის საქმე არ არის. ადამიანის ინტიმურ სამყაროში შესვლა უბრალოდ არ შეიძლება. ამიტომ მე ძალიან მაშინებს ეს და საერთოდ, არც მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ასეთი გზით რომ წავიდეთ, ჩიხში შევდივართ.

იმედი მაქვს, რომ გამოვალთ ამ ჩიხიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს.

  • როგორი ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობთ?

იცით, მე პრინციპულად გადავწყვიტე – საერთოდ არ ვლაპარაკობ პოლიტიკურ თემებზე. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მძიმეა ჩემთვის.

თან იმდენად პირადი თემაა ჩემთვის, რომ ლაპარაკიც არ მინდა. ვიცი, რომ არ არის ახლა ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობდით, რომელიც გვინდოდა. როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, დარწმუნებული ვიყავით, რომ პირდაპირ ავაშენებდით დამოუკიდებელ, თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს, სამწუხაროდ, არ მოხდა.

30 წელია რაღაც ხდება ისეთი, ხან ასე, ხან ისე… სულ უკან-უკან, ბორძიკით… მაინც მგონია, რომ მივდივართ დასავლეთისკენ და თავისუფლებისკენ. ეს კანონზომიერი პროცესია და ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. მაგრამ ის, რომ ახლა არ ვართ ასეთ სიტუაციაში, სრულიად ნათელია.

  • თუ გახსოვთ პირველი გასვლა საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა?  სად იყო და  რა ემოციები გქონდათ?

პირველად გამაგზავნეს ოფიციალურად აღმოსავლეთ გერმანიაში, 1961 თუ 1962 წელს. ეს იყო პირველი გასვლა საზღვარგარეთ და ძალიან დრამატული ჩემთვის.

გერმანელებმა ფესტივალისთვის აარჩიეს ჩემი ფილმი – „ერთი ცის ქვეშ“. ჩემი პირველი მხატვრული ფილმი იყო, რომელსაც საზღვარგარეთ აჩვენებდნენ. დიდი მოლოდინი იყო. უზარმაზარ დარბაზში ჩაქრა სინათლე და ფილმი დაიწყო უცებ მეორე ნოველით [„ერთი ცის ქვეშ“ სამი ნოველისგან შედგება, რომელიც ერთმანეთს მუსიკით უკავშირდება]. ცუდად დაიწყო, პირდაპირ მეორე ნოველიდან, გაჭრილი მუსიკით. ავღელდი, ვიფიქრე, რომ შეეშალა მექანიკოსს. გავვარდი, ავედი მასთან და ვეუბნები – გააჩერეთ, იმიტომ, რომ ეს დასაწყისი არ არის. მან ვერ გაიგო რას ვეუბნებოდი. მოკლედ, მერე მაჩვენა, რომ მოსკოვიდან, ოფიციალურად გაგზავნილი იყო მხოლოდ მეორე და მესამე ნოველა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა აარჩიეს ფილმი, მოსკოვში ჩათვალეს, რომ არ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირიდან ასეთი ფილმის გასვლა, თავადის ქალი მაიას ვნებების შესახებ. უბრალოდ მოჭრეს ნაწილი და ასე გააგზავნეს.

ისეთი სტრესი გადავიტანე… გავედი ქუჩაში. ბერლინი ჩაბნელებული იყო მაშინ, ძალიან არასასიამოვნო ქალაქი იყო, დავდიოდი და ვტიროდი. აი, ასეთი იყო ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ.

მერე კი მოვხვდი პარიზში და უკვე სულ სხვა იყო. თავისუფლების სული მართლა მაშინ შევიგრძენი. სულ უბრალოდ, იმიტომ, რომ შეიძლება დამჯდარიყავი კაფეში, მარტო და ერთი ყავა დაგელია. ეს ხომ ჩვენთან წარმოუდგენელი იყო.

მერე სულ ვოცნებობდი – ნეტა ისეთი დრო დადგეს,  რომ ჩვენთან, საქართველოში მარტო შევიდე კაფეში, ყავა დავლიო და ჩემთვის რაღაცებზე ვიფიქრო.

ეს ახლა ძალიან იოლად შესაძლებელია, მაგრამ თურმე მარტო ეს არ ნიშნავს თავისუფლებას.

  • როგორც ვხვდები ეს თქვენი პირველი შეჯახება იყო ცენზურასთან. შემდეგ როგორ გრძელდებოდა?

სულ მქონდა. ეს საერთო მოვლენა იყო, განსაკუთრებით კინოში. გამოსახულების ცენზურა ცოტა ძნელია, სიტყვის ადვილია. რაკი კინო არის სიტყვაც და გამოსახულებაც, სიტყვას ებრძოდნენ ძირითადად, მაგრამ საერთოდ ყველა ფილმის გატანა იყო ძალიან დიდი დაბრკოლებების გადალახვა.

სამი ფილმი საერთოდ დამიხურეს, ამიკრძალეს. ზოგი დავიწყე და ვერ გადავიღე, ზოგი შუამდე გადავიღე. აი, ასე. ყველა ფილმზე იყო ასე.

ერთადერთი ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირში [ცენზურის გარეშე] გადავიღე, იყო  „ორომტრიალი“, ე.წ. პერესტროიკის მერე. მაშინ მართლა აღარ იყო ცენზურა და როგორც მინდოდა, რაც მინდოდა, იმას ვამბობდი.

იქამდე სულ იყო ეს გაუთავებელი ბრძოლა, ჭიდილი… ხან რას გეუბნებოდნენ, ხან რას. ეს მოსკოვში, საქართველოში სულ სხვა სიტუაცია იყო, ასეთი წნეხი ცენზურის და იდეოლოგიის აქ არ გვქონდა. მაგრამ ის, რომ ფილმი გადაგეღო, გამოსულიყო და მერე მით უმეტეს ეკრანებზე გასულიყო, ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა.

მაგალითად, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ რომ გადავიღე, ერთი თვე ხდებოდა მოსკოვში ჩვენებები. ბოლოს  [ცენზურა] მივიდა ასეთ დასკვნამდე – „ამოჭერით ყველა ინტერვიუ, წარსულის თემა და იქნება მშვენიერი ფილმი ოჯახის შესახებ“. თუ ფილმი გინახავთ, მიხვდებით, ეს რას ნიშნავდა. ცხადია, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო.

მერე იმის გამო, რომ გერმანელებმა ნახეს ეს ფილმი, „ბერლინალეზე“ წაიღეს და ჩაერივნენ, რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, გაძვრა. ყველა ფილმზე ასე იყო.

  • ბევრი პროფესია გაქვთ – რეჟისორი, მწერალი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი. აქტიურად იყავით ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თქვენ რომელ როლში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?

ორი სფეროა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. ერთი, რა თქმა უნდა, კინო, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებაა კინო და მეორე – პოეზია. შემიძლია გითხრათ, რომ მართლა პოეზია მაცოცხლებს.

ჰაინეს და გოეთეს ლექსები ვიცი ზეპირად. ეს ისეთი სულიერი საზრდოა, ამით ვცოცხლობ.

ჩემი ახალი წიგნი გამოვიდა, „ვისთვის გალობს შაშვი“ – ასე ჰქვია. პანდემიის დროსაა დაწერილი. ქვესათაურია – „პანდემიით მოგვრილი და პოეზიით შეფერილი უთავბოლო ფიქრები“. რასაც აღძრავს პანდემია, მარტოობა, თან  ყველაფერი, რაც უკავშირდება პანდემიას, იმის შესახებ არის და იქ ეს დავწერე სწორედ.

ყველაფერი მიბიძგებდა იქითკენ, რომ ყველაფერი პოეზიის ჭრილში ხდებოდა ჩემთვის.

თუ რამე მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს – იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა და პოეზია. იმიტომ, რომ ეს გაზიარებთ სხვა სილამაზეს, სხვა მშვენიერებას, რისთვისაც ღირს სიცოცხლე.

  • მინდა გკითხოთ თქვენს დიპლომატიურ მისიაზე…

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ევროსაბჭოში და მერე იუნესკოში მუშაობის წლები. იცით რით იყო ყველაზე უფრო საინტერესო? 2000 წლის დასაწყისი იყო, ის წლები, როცა საქართველოზე არაფერი არ იცოდნენ. ზოგი საერთოდ თვლიდა, რომ რუსეთია. ზოგმა იცოდა, რომ სადღაც რუსეთის განაპირასაა. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მისია იყო გაგვეცნო საქართველო დასავლური სამყაროსთვის. რაც მთავარია, გაგვეცნო ჩვენი კულტურა.

მე მგონია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიაზრეთ საქართველოსთვის კულტურის როლი. ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. თუ რამით ვარ საინტერესო მსოფლიოსთვის, ეს ჩვენი კულტურაა. ძველი კულტურით, ახალი კულტურით… ეს არის ჩვენი თავისებურება, ჩვენი იდენტობა. ეს არის საინტერესო და ამის გაცნობაში მგონია, რომ რაღაც როლი მიმიძღვის. მართლა ყველანაირად ვცდილობდი, რომ ეს მომხდარიყო.

გარდა ამისა, როდესაც ელჩი ვიყავი ევროპის საბჭოში, ყოველთვის ვცდილობდი პირადად ჩემი პოზიციის გამოხატვას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ეს არ არის ადვილი, იმიტომ, რომ ასე არის მიღებული. ელჩი უნდა წარმოადგენდეს ოფიციალურ პოზიციას, რომელსაც ხშირად არ ეთანხმებოდა ჩემი პოზიცია და მე ვცდილობდი, რომ ესეც გამეცნო იქაური ელჩებისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო 43 ქვეყნის ელჩთან ურთიერთობა.

ძირითადად ყოველთვის საინტერესო ხალხია, მართლა წარმოადგენენ თავის ქვეყანას. ბევრთან დავმეგობრდი, ერთი სიტყვით, საინტერესო იყო.

  • რა არის თქვენს დიპლომატიურ საქმიანობაში ისეთი, რითაც ამაყობთ, რომ გამოგივიდათ?

აი, მე რაც გითხარით. საქართველოს ადგილი ევროპულ ცივილიზაციაშია. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. როდესაც ეს საბოლოოდ მოხდება და უკვე ჩავდგებით ამ რიგში, ამ კონტექსტში, [მარტო ის კი არა, რომ ჩვენ დავინახავთ ჩვენს თავს, არამედ დასავლეთიც დაგვინახავს ამ კონტექსტში], თუ რაღაც წვლილი მიმიძღვის ამაში, მაშინ მე ძალიან ბედნიერი ვარ. იმიტომ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია.

  • დიპლომატიაზე ვსაუბრობთ და გვერდს ვერ ავუვლით ახლანდელ პროცესებს. ენა, რომლითაც ელაპარაკება ჩვენი ხელისუფლება ახლა ევროპის ქვეყნების ელჩებს, რამდენად დიპლომატიურია, რამდენად გამართლებულია?

თქვენ ისევ გინდათ გადაიყვანოთ პოლიტიკურ ჭრილში, მე არ მინდა. ნათელია პასუხი ამაზე. არ შეიძლება. არის რაღაცები, რაც არ შეიძლება. ჯერ ეს ერთი საერთაშორისო სამართალი უნდა ვაღიაროთ მარტო სიტყვიერად კი არა, რეალურად, პრაქტიკულად.

რატომ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებას, ჩვენი თავისებურების შენარჩუნებას და ამავე დროს დამორჩილებას საერთო წესებისადმი. საყოველთაო სამართალი, საერთაშორისო სამართალი არის ძალიან მაღალი რანგის სამართალი. იმას უნდა დავემორჩილოთ და მაშინ ვიქნებით მართლა ევროპული ოჯახის წევრი.

  • რას ფიქრობთ თქვენს მაყურებელზე? დეკადების მიხედვით თუ შეგიძლიათ მომიყვეთ მათზე? მაგალითად, როგორი იყო მაყურებელი როდესაც თქვენი ფილმი „ინტერვიუ პირად საკითხებზე“  გამოვიდა და როგორი იყო „ოქროს ძაფის“ გამოსვლისას? 

ძნელია ამის თქმა. საზოგადოებრივი ინტერესი მაშინაც იყო ამ ფილმის მიმართ, მაგრამ ახლა, რაღაც დისტანციიდან, მგონი უფრო გამოჩნდა რა აინტერესებს მაყურებელს, აქაც და მსოფლიოშიც. საინტერესოა, რომ ახლა უფრო ძლიერია ინტერესი ჩვენი ფილმებისადმი საერთოდ და კონკრეტულად ჩემი ფილმების მიმართაც.

რომ ავიღოთ „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სულ არის სადღაც ამ ფილმის პრემიერა. ახლა იყო, მაგალითად, ჩინეთში, პეკინში და დიდი ინტერვიუ ჩამაწერინეს. მეპატიჟებოდნენ, მაგრამ შეუძლებელი იყო წასვლა. ცოტა ხნის მერე არის იაპონიაში.

ძალიან საინტერესოა, რომ ახლა არის ასეთი მძაფრი ინტერესი იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც ფილმებშია.

ეს რაღაც შინაგანი კმაყოფილებაა. გიხარია, რომ სადღაც, მარტო ევროპაში კი არა, ამერიკაში, სამხრეთ კორეაში, მაროკოში, მიანმარში – სულ სხვადასხვა ქვეყნებში ასეთი ინტერესია. მაგალითად, მიანმარში უნდოდათ ჩემი ფილმი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც ვერ გავაგზავნეთ, იმიტომ, რომ არ არის ისეთი ასლი, რომ გააგზავნო.

ახლა დიდი ამბავია იმაზე, რომ ვისბადენში უნდა იყოს ჩემი ყველა ფილმის რეტროსპექტივა, ძალიან ძნელია კარგი ასლების შეგროვება და აციფრვა, ძვირი ღირს და ტექნოლოგიურად ძნელია. მოკლედ, გვიჭირს ამ მხრივ.

  • უკანასკნელი 20 წელი ქართველი რეჟისორები ფილმებს 90-იანი წლების სიმძიმეებზე იღებდნენ. ბოლო დროს სხვა თემები წამოვიდა. თქვენ თუ ხედავთ სიახლეებს? დაიწყო ქართულმა კინომ 90-იანი წლების გავლენებიდან გამოსვლა? 

მე მართლა მიხარია, რომ ქართული კინო დღეს არის ცოცხალი ორგანიზმი. ძალიან საინტერესო, ერთმანეთისგან განსხვავებული ფილმები კეთდება.

თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ იყო უფრო შეზღუდული თემატიკა. ან აფხაზეთის ომის გამოძახილი, ან 90-იანი წლები, ძალადობა და ის სამყარო. ახლა მაგალითად, თუნდაც ეს ფილმი, რომელიც ბათუმის ფესტივალზეა წარმოდგენილი და გუშინ ვნახე, ალექსანდრე კობერიძის – „რას ვხედავ როცა ცას ვუყურებთ“, მართლა სულ სხვაა. ეგზისტენციალური პრობლემაა, სიყვარულის, მუდმივობის, ადამიანთა ურთიერთობების… რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, სიცოცხლეს, თავისთავად. შემიძლია ვთქვა, რომ ჰიმნია სიცოცხლის. ძალიან საინტერესოა, რომ ახლა, დღეს, ასეთი ტიპის ფილმიც დაიბადა საქართველოში, ასეთი ინტონაციით, თან ირონიული.

ცოცხალია ქართული კინო და იმიტომ არის ახლა ინტერესი ჩვენი კინოს მიმართ, მათ შორის ძველი კინოს მიმართ.

ახლა მოვიდა ძალიან საინტერესო თაობა ქართულ კინოში.  სხვათა შორის ბევრი ქალია, რაც მე ძალიან მახარებს, იმიტომ, რომ მართლა კარგი, ძარღვიანი კინოა ქალების მიერ გაკეთებული. პერსპექტივა გვაქვს ამ მხრივ.

  • საქართველოში მწერლობა ნიშნავს ღარიბად ყოფნას. ან ნიშნავს, რომ ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვა სამსახურში მუშაობ. მარტო მწერლობა ფუფუნებაა. რეჟისორების შემთხვევაში როგორაა?

რეჟისორებისთვის კიდევ უფრო. იმიტომ, რომ რეჟისორი (მაშინაც ასე იყო და ახლაც ასეა) თუ ფილმს არ იღებს, არ აქვს არავითარი შემოსავალი. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ეს საყოველთაო მოვლენაა. ძნელია. ყველგან ძნელია იყო ხელოვანი და ამით ირჩინო თავი.  ვიღაცას გაუმართლებს, ვიღაცას – არა. აქაც ძალიან ბევრია შემთხვევითობაზე დამყარებული. რას იზამ, უნდა გავუძლოთ ამასაც.

თუშეთში გზა დაზიანდა, მაშველებს მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

დღეს, 25 სექტემბერს, მაშველებს თუშეთიდან, ომალოდან მოქალაქეები გამოჰყავთ.

გუშინ, 24 სექტემბერს, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.

„ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთნენ.

ორი ვერტმფრენის მიერ უკვე განხორციელდა ფრენები, რის შედეგადაც თუშეთიდან 50-მდე პირის, მათ შორის ტურისტების თელავში უსაფრთხოდ გადმოყვანა განხორციელდა,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

„ასე მგონია, სადავეებს ვკარგავ“ – რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს პანდემიაში

ავტორი: მიდა მელაძე

„თბილისში ვსწავლობ, მაგრამ წარმოშობით ბათუმიდან ვარ, ამიტომ თავიდან ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნას შევძლებდი ბათუმში და პარალელურად კარგი განათლების მიღებას. რა თქმა უნდა, მეგობრებთან და კურსელებთან დაშორება, რაღაც მხრივ, გამიჭირდა, მაგრამ თავიდან პლუსს ვხედავდი. მომწონდა კიდეც, რომ არ მიწევდა დროის და ფინანსების ხარჯვა უნივერსიტეტში სასიარულოდ. მაგრამ მივხვდი, რომ ადამიანის, როგორც სოციალური არსების სტატუსი მეკარგებოდა იმიტომ, რომ სახლიდან ფაქტობრივად ვერ გავდიოდი.

ონლაინ სწავლამ მიმაჯაჭვა ჩემს ოთახს და მარტივი კომუნიკაციაც მავიწყდებოდა. მავიწყდებოდა ჭამა, წყლის დალევა და ასეთი უბრალო რაღაცები. კვირა ისე გადიოდა, არც ვიხედებოდი ფანჯრიდან. ახლა არც პანდემიის პირობების სწავლა მომწონს და არც სახლში დარჩენა.

სწრაფად მინდა, რომ რაიმე საზღვრებში ჩადგეს ჩემი ცხოვრება, თორემ ასე მგონია, სადავეებს ვკარგავ“, – ამბობს მარიამ კეკელიძე, სტუდენტი, რომელსაც ონლაინ სწავლების გამო, თბილისიდან ბათუმში დაბრუნება მოუწია.

ონლაინ სწავლება დიდ გამოწვევად იქცა სტუდენტებისთვის. არა ერთი სტუდენტი აღნიშნავს, რომ მათზე პანდემიამ ფსიქოლოგიურად იმოქმედა.

პანდემიამ ფინანსური გავლენაც იქონია სტუდენტებზე.

მაგალითად, ანა გორგილაძე, რომელიც ბათუმში სწავლობს გვიყვება, რომ პანდემიის დროს მოსწავლეები დაკარგა, რომელთა მომზადებაში ის გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა.

„ონლაინ სწავლა ნაკლებად ეფექტური გამოდგა, გამოცდებზე საუბარი ზედმეტია… პანდემიამდე მყავდა მოსწავლეები, რომლებსაც არ  უნდოდათ  სწავლის ონლაინ გაგრძელება, ხოლო ფიზიკურად ახლო კონტაქტი აკრძალული იყო. შესაბამისად მოსწავლეები დავკარგე.

გარდა ამისა,  ასოციალური გავხდი. ზოგადად მიყვარს ხალხში ყოფნა და სხვებთან კომუნიკაცია,  თან მუდმივად ოჯახში ყოფნაც არაა მარტივი და მათგან დასვენება ზოგადად, მნიშვნელოვანია. ცოტა აგრესიულიც გავხდი და კონფლიქტურიც“ – ამბობს ანა.

იგივე პრობლემაზე საუბრობენ სხვა სტუდენტებიც.

„ფინანსურად იყო პრობლემები, არის და გამწვავდა რაღაც კუთხით ახლა, მაგრამ ნამდვილად არა ისე, როგორც ამას აღწერს უმეტესობა.

მე არ მიმუშავია პანდემიის დროს, პირადი პრობლემების გამო, მაგრამ ჩემს ქალაქში, ქობულეთში, სადაც არც თუ ისე იოლია ზამთრით სამუშაოს ნახვა, ლამის შეუძლებელი გახდა“, – ამბობს გიორგი ჭყონია, რომელიც ბათუმში სწავლობს.

სტუდენტების თქმით, ონლაინ სწავლების დროს პრობლემური გახდა პრაქტიკული საგნების ჩატარებაც. ქრისტინა მუმლაძე, რომელიც თბილისში სწავლობს, ამბობს:

„ვსწავლობ არქიტექტურას, სწავლის ძირითადი ნაწილი არის პრაქტიკული სამუშაო და მნიშვნელოვანია ლექტორებთან ურთიერთობა, ჩანახატების კეთება და ხელით მუშაობა იდეაზე, რაც ონლაინ არ ხერხდება. საერთოდ რამდენიმე თვე მქონდა ფიქრები, რომ რა აზრი აქვს? მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო“.

ფოტომონტაჟი: მიდა მელაძე

არსებობს თუ არა სტატისტიკა, რომელიც აღწერს პანდემიის პირობებში ქართველი სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას? ასევე, საინტერესოა, თუ გაიზარდა ახალგაზრდების მიმართვიანობა ფსიქოლოგთან პანდემიის გამო? – ამ კითხვებით მივმართეთ ფსიქოლოგ ქეთევან ბერიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მასთან, როგორც პრაქტიკოს ფსიქოლოგთან, პანდემიის პერიოდში გაიზარდა ამ ასაკობრივი ჯგუფის მიმართვიანობა.

ქეთევან ბერიძემ აღნიშნა, რომ არ არის ინფორმირებული სტატისტიკის შესახებ, რომელიც აღწერს პანდემიის გავლენას  სტუდენტების ფსიქიკაზე, თუმცა მან მოიყვანა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ადამიანის მოთხოვნილებათა შორის პირველია ჯანმრთელობის, ხოლო შემდეგ სოციალიზაციის სურვილი.

ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლის ალტერნატივა ნაწილობრივი გამოსავალია, რომლის გარეშეც უარესს შედეგს მივიღებდით.   

„პირადი მომართვიანობის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ გაიზარდა ნევროზული რეგისტრის აშლილობები, ეს გახლავთ: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, როდესაც ადამიანები მუდმივად ასრულებენ ერთი და იგივე რიტუალებს. დაინფიცირებისგან დასაცავად განუწყვეტლივ იბანენ ხელებს, გაძლიერებულად ასუფთავებენ ყველაფერს.  იპოქონდრიული ნევროზული აშლილობა, როდესაც ადამიანს აქვს შიში არ დაავადდეს, პანიკური შფოთვები და ფობიები.

თუ ადრე შუახნის ადამიანები მომმართავდნენ, მაჩვენებელი გაახალგაზრდავდა, ეს ეხება ასევე დეპრესიის მქონე პაციენტების მომართვიანობასაც, რასაც ვუკავშირებ პანდემიას“.

ფსიქოლოგის თქმით, როცა მდგომარეობა კონტროლს აღარ ექვემდებარება და ადამიანს საკუთარი ძალებით უჭირს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავება, მიზანშეწონილია სპეციალისტის ჩარევა.

ქეთევან ბერიძე დასძენს, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პრევენციისთვის, სასურველია დისტანციის გათვალისწინებით შეხვედრა ღია სივრცეში ან ახალი ჰობით დაკავება, ასევე, მნიშვნელოვანია, დასვენებისა და მუშაობის საათების გადანაწილება, ძილის მოწესრიგება და სწორი კვება, რითაც შესაძლებელია ადაპტირება მიმდინარე პროცესებთან.

______________________________

მერკელი მიდის, ხვალ გერმანიაში არჩევნებია | ფოტო

26 სექტემბერს გერმანიაში ფედერალური არჩევნებია. ამ არჩევნებით დასრულდება გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მმართველობის 16-წლიანი პერიოდი.

ანგელა მერკელი 2005 წლიდან იყო გერმანიის კანცლერი. იგი 51 წლის ასაკში აირჩიეს კანცლერად. ამჟამად მერკელი 67 წლისაა.

მერკელი მეგობართან და მომავალ ქმართან ერთად პოლონეთში, უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. 1989 წელი. ფოტო: AFP
გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი და ახლად არჩეული ვიცე-კანცლერი ანგელა მერკელი, დრეზდენი, გერმანია, 1991 წლის 11 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/MICHAEL JUNG
2005 წლის 18 სექტემბერი, ქრისტიან-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ანგელა მერკელი ხმას აძლევს არჩევნებზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო
2005 წლის 22 ნოემბერი. ანგელა მერკელი ბუნდესტაგში ფიცს დებს. EPA/Peer Grimm
ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა, დიდი შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში, 2015 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/
MICHAEL KAPPELER
ზელენსკი, მერკელი, მაკრონი და პუტინი სამიტზე პარიზში, 2019 წელი. ფოტო: EPA/LUDOVIC MARIN
საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და ანგელა მერკელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო
მერკელი ჩიტების პარკში. 23 სექტემბერი, 2021 წ. ფოტო: დოიჩე ველე

შეიცვლება თუ არა ანგელა მერკელის ხანგრძლივი მმართველობის დასრულების შემდეგ გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის [EaP] ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით? ამ თემაზე გირჩევთ სტატიას – მერკელის მმართველობის დასასრული და არჩევნები გერმანიაში — რას უნდა ველოდოთ.

ბათუმში ღამით წვიმა და ქარია მოსალოდნელი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 25 სექტემბერს, ღამით მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი.

შესაძლებელია ჭექა-ქუხილი, მაღალმთიან აჭარაში კი ნალექი – თოვლ-ჭყაპის ან თოვლის სახით.

ღამით მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება – 17-22 მეტრი წამში.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი ღელვა, ზღვის წყლის ტემპერატურა კი უკვე 20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ, დღისით, ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გარდაიცვალა 15 წლის ირანელი ბიჭი, რომელმაც 2 ქალი იხსნა ხანძრისგან

ირანში ეროვნული გმირი უწოდეს 15 წლის ალი ლანდის, რომელიც მესამე ხარისხის დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 2 ხანდაზმული ქალი იხსნა ხანძრისგან.

შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა ირანში, ხუზესტანის პროვინციაში. 15 წლის მოზარდმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან 2 ქალი გამოიყვანა, თუმცა თავად 90-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. მკურნალობის მიუხედავად, ბიჭი 24 სექტემბერს გარდაიცვალა.

ირანში 15 წლის ალი ლანდის ეროვნული გმირი უწოდეს. „ტვიტერში“ გამოჩნდა პოსტერი, რომელზეც გამოსახულია, როგორ გამოჰყავს ბიჭის ცეცხლის ალიდან მოხუცი ქალი.

#HERO #AliLandi – ამ და სხვა ჰეშთეგებით ვრცელდება 15 წლის ალის ფოტო სოციალურ ქსელებში.

 

Exit mobile version