ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აჭარაში დააკავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

„დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს უწყება.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტებზე.

საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებულები ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნები.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ვასილ მხეიძემ.

2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.

2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი – ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.

მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.

მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ – გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა – ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად.

პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 24 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ თავდაპირველად ბრალდება 2025 წლის 24 ოქტომბერს წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით. ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა და ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გავრცელა. ექს-პრემიერი აცხადებდა,  რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

რუსეთის ქალაქებში დრონები „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს დაესხნენ თავს

24 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთში დრონები თავს დაესხა კომპანია „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს რუსეთის ქალაქებში: კრასნოდარში, სტავროპოლის მხარეში და დაღესტანში.

შუაღამის შემდეგ სოციალურ ქსელებში კრასნოდარში „ოზონზე“ თავდასხმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოჩნდა, გავრცელდა ინფორმაცია „ოზონის“ საწყობში ხანძრის შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა.

ამავე დროს, ტელეგრამ-არხის, Astra-ს ცნობით, სტავროპოლის მხარეში, ნევინომისკში, „ოზონის“ დიდი საწყობი დრონების თავდასხმის შედეგად იწვის. სტავროპოლის გუბერნატორის განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს.

ნევინომისკში მდებარე „ოზონის“ ეს საწყობი კომპანიის რეგიონული ცენტრია, მედიის ცნობით, შენობა 93 514 კვადრატულ მეტრს მოიცავს და განკუთვნილია საკვები და არასაკვები პროდუქტების შესანახად, დასახარისხებლად და „ოზონის“ მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად.

გარდა ამისა, სოციალური მედიის ცნობით, დაზიანდა დაღესტანში ტიუბეს ინდუსტრიულ პარკში მდებარე „ოზონის“ დიდი ლოჯისტიკური კომპლექსი. ობიექტის საერთო ფართობი დაახლოებით 130,000 კვადრატული მეტრია.

თავდასხმის შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა. ობიექტი „ოზონისთვის“ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიაში.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 478 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 490. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 293 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 211 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 48 519 ერთეული [+68]
  • MLRS – 2 056 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 586 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 478 327 ერთეული [+1 761]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 368 ერთეული [+16]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 138 773 ერთეული [+554]
  • სპეცტექნიკა – 4 575 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 052 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის ქალაქებში დრონები „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს დაესხნენ თავს

 

 

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

1 თვის წინ დააგეს ჩვენს ქუჩაზე ასფალტი, რატომ თხრიან ხელახლა? – ბათუმის მერიის პასუხი

„დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს აეროპორტის გზატკეცილზე ახალი ასფალტი, როგორც იქნა, სრულად და დაასრულეს სამუშაოები, რატომ თხრიან ხელახლა?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს.

ირკვევა, რომ აეროპორტის გზატკეცილზე ამჯერად ტროტუარებს აწყობენ, ასევე ამოტეხილია ავტომანქანის სავალ ნაწილზე ახალი ასფალტის საფარის ნაწილი.

„აეროპორტის გზატკეცილზე დაგებულია ორი ფენა ასფალტის საფარი და მესამე ფენისათვის მიმდინარეობს წყალარინების ჭების მოყვანა ნიშნულამდე,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან დღეს, 23 აგვისტოს.

რატომ არ შესრულდა წყალარინების ჭების სამუშაოები ასფალტის საფარის დაგებამდე? როდის დასრულდება სამუშაოები? – ბათუმის მერიის პრესცენტრში დეტალური ინფორმაციის მოწოდებას ხვალისთვის დაგვპირდნენ.

ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი – 23 აგვისტო, „ბათუმელების“ ფოტო

ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი – 23 აგვისტო, „ბათუმელების“ ფოტო

„მოსამართლე ცეკვავა სავარძელში ჩაწვა და ხმა აღარ ამოუღია, ბოლომდე მიგვიშვა“ –  პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის

რა მიზანს აღწევს სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით ივანიშვილი? – ეს კითხვა ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ ადვოკატს მიხეილ ზაქარეიშვილს დავუსვით, იმის გასარკვევად, თუ რამდენად მასშტაბურია ზიანი, რასაც დამოუკიდებლობა დაკარგული სასამართლო დემოკრატიას აყენებს.

„კანონი ხომ არ შეიძლება იყოს ასეთი, ტროტუარზე დგომას გიკრძალავდეს? და როცა კანონია ასეთი, ხომ გახსოვთ, როგორ მოიქცა მოსამართლე ხუჭუა? მან თქვა, რომ ანტიკონსტიტუციური კანონებით ვერ გაასამართლებს ვინმეს…

ნიურნბერგის პროცესის დროს ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც მოსამართლეები გაასამართლეს, იყო ის, რომ ეს მოსამართლეები იცავდნენ ამორალურ, უსამართლო კანონს… ხუჭუას გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მართალია, სააპელაციომ გააუქმა, მაგრამ თუ მოსამართლე ხარ, უნდა მოიქცე ისე, როგორც უნდა მოიქცეს მოსამართლე,“ – გვესაუბრება მიხეილ ზაქარეიშვილი. იგი პროფესიით ადვოკატია და დააპატიმრეს – ტროტუარზე დგომის გამო.

2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად სცნეს. მათგან ხუთს პატიმრობა შეუფარდეს. მიხეილ ზაქარეიშვილი 5 დღით დააპატიმრეს.

მიხეილ ზაქარეიშვილი თავის დაკვირვებას გვიზიარებს მოსამართლეების უცნაურ ქცევაზე, როცა მათ სამუშაო მაგიდაზე „ტროტუარების საქმეები“ გაჩნდა.

„ცხადია, მოსამართლეები დირექტივას იღებენ კლანისგან, კლანია პოლიტიკური ხელისუფლების ქვემოთ. მოსამართლე ცეკვავას არანაირი შეხება არ ექნება „ოცნებასთან“, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რაღაც წინააღმდეგობა იყო: ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები ციხეში როგორ გავუშვათო.

დარწმუნებული ვარ, მითითება ექნებოდათ მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიეღოთ. ამიტომაც, თითოეული მოსამართლე, რომელიც იმ პერიოდში ტროტუარების საქმეების განიხილავდა, სხვადასხვა ფორმით ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას.

მოსამართლე ცეკვავამ, მაგალითად, მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ორი-სამი წინადადება თქვა, პროცესუალური უფლებები გაგვაცნო და ამის მერე სავარძელში ჩაწვა, ხმა აღარ ამოუღია, აი, მართლა მიგვიშვა ერთმანეთთან ბოლომდე…

სხვა დროს თუ მოსამართლეები გეუბნებიან, რომ სულ 5 წუთი გაქვს დრო და შეზღუდული ხარ, აქ მოსამართლეს ხელი არ შეუშლია. მე, ზოგადად, ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ესეც იცოდა მოსამართლე ცეკვავამ. გაწელა და გაწელა პროცესი. მერე უცებ ამბობს, ამოიწურა უკვე სხდომის დრო და გადავდოთო. შევთავაზე, იქნებ ბარემ დავამთავროთ-მეთქი და არა, სხვა პროცესი იწყებაო.

იმ სხდომაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შემდეგ სხდომაზეც არ მიიღებდა გადაწყვეტილებას: უკვე მორჩენილი ვიყავით კითხვა-პასუხის ეტაპს, მაგრამ მოსამართლემ გვითხრა, იქნებ ახალი კითხვები გაგიჩნდეთ, შემდეგ სხდომას კითხვა-პასუხის ეტაპიდან განვაგრძობთო.

მართლაც, შემდეგ სხდომაზეც არ გამოცხადდა გადაწყვეტილება.

ამ დროს მოსამართლე მანუჩარ ცაცუას სტრატეგია იგივე ტროტუარის საქმეებზე სხვა იყო: ყველა მტკიცებულებას უწუნებდა შსს-ს და ამის გამო გადადო რამდენიმე სხდომა. სხვა დროს, რომ დაუჩოქო და ეხვეწო, მტკიცებულება მოატანინეთ პოლიციასო, გიპასუხებენ, რომ ამ მტკიცებულებას მნიშვნელობა არ აქვს.

ნუ, ცირკი იყო, რა გითხრათ… ტროტუარის საქმეებზე სასამართლო დაახლოებით ერთი თვე მაქსიმალურად თავს იკავებდა. როგორც ჩანს, რაღაც ვაჭრობა მიდიოდა. არ ვიცი, რა გამოივაჭრეს, მაგრამ ვაჭრობდნენ… საბოლოოდ, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტროტუარების საქმე არ იყიდება კარგად: გზის გადაკეტვა კიდევ გასაგებია, რომ აი, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, მაგრამ ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება? ამიტომაც, წელს ოქმები ტროტუარზე დგომისთვის აღარ შეუდგენიათ…“ – გვიყვება მიხეილ ზაქარეიშვილი.

შსს ლოგიკა ამ საქმეებში იყო ის, რომ მცირერიცხოვან აქციებზე მონაწილეები ტროტუარზე ისე დგებოდნენ, რომ განზრახ უშლიდნენ ხელს სხვების გადაადგილებას, თუმცა ამ პოზიციის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც კი, შსს-ს მოსამართლესთან არ მიუტანია.

„ჩემს შემთხვევაში შსს ამტკიცებდა, რომ 9 აპრილის მემორიალთან, ორსაფეხურიანი კიბეზე, ზემოთ რომ მდგარიყავი, არ დაგიჭერდითო. მე მივიტანე მერიის ურბანული განვითარების სააგენტოს ოფიციალური რუკები, რომ ორივე საფეხურს ნამდვილად ერთი და იგივე სტატუსი აქვს.

ტროტუარის საქმეებში შსს-ს თავდაპირველად მოჰქონდა მტკიცებულებად ვიდეო, სადაც ე.წ. ზედხედით იყო დაფიქსირებული მოცემულობა. შემდეგ შეწყვიტეს ამ ვიდეოს მოტანა – ვიდეოში ნათლად ჩანდა, რომ ტროტუარი ნახევარზე მეტი ცარიელი იყო და არანაირი პრობლემა არ ექმნებოდა ვინმეს გადასაადგილებლად.

ჰქონდათ მოტანილი ასევე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 10 მეტრის სიგანის გზაზე ვდგავარ და ტროტუარი თავისუფალია. იქ არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ მოძრაობს, ანუ ცდილობს გასვლას. ვეკითხებოდი შსს-ს, რომ აი, ვის შევუქმენი დაბრკოლება, სად არის ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც დაბრკოლება შევუქმენი? მიპასუხეს, რომ თუკი „თავისუფლების მეტროდან “ამოვიდა ვინმე და იცის, რომ შენ დგახარ იქ, შეიძლება იფიქროს, რომ დაბრკოლება შეექმნება და სხვა გზით წავიდესო,“ – გვიყვება მიხეილ ზაქარეიშვილი.

რა მიზანს აღწევს სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით ივანიშვილი? – ვეკითხებით საუბრის ბოლოს ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ ადამიანს.

„სასამართლო მთავარი განმსაზღვრელია, ვართ თუ არა ავტოკრატიაში, დიქტატურაში თუ დემოკრატიაში. დამოუკიდებელი სასამართლო სპობს ყველანაირ საშუალებას, რომ იყოს დიქტატურა… დაჩაგრულ მოქალაქეს თუ შეგიძლია, რომ მიხვიდე დამოუკიდებელ სასამართლოში, ეს უკვე დიდი ძალაა.

სასამართლო არის წამყვანი ინსტიტუცია ამ რეპრესიებში, იმაში, სადაც არის ქვეყანა ახლა.

სასამართლო რომ ხელში არ ეჭიროს „ოცნებას“, შეუძლებელია, ის წარმატებას აღწევდეს. სიგიჟეების გამო გვიზიან ადამიანები ციხეში. ადამიანს დღეს ეშინია იმიტომ, რომ იცის, სამართალს ვერ მიაღწევს. როცა სასამართლო გაქვს, იტყვი, რომც დამაჯარიმონ, წავალ და ვიპოვი სამართალს.

დღეს რკინის ქალამნებიც რომ ჩაიცვა, სამართალს ვერ იპოვი,“ – ასრულებს მიხეილ ზაქარეიშვილი.

__

როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 24 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26– 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20  – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორი დღეს, 25 და 26 აგვისტოს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ზუგდიდში სამი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში, სოფელ ყულიშკარში სამი და სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა.

პირველადი ინფორმაციით, დების გარდაცვალების მიზეზი კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. გარდაცვლილი დები 60 წლამდე ასაკის არიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

დღეს, 23 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს იმ ახალგაზრდა კაცის ცხედარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ბათუმში ეძებდნენ.

დაწყებულია გამოძიება. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

რა ღირს ახალი თხილის ჩაბარება ბათუმის ბაზარში

ბათუმის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ახალ თხილს დაახლოებით 5 ლარად შეიძენთ. რაც შეეხება ჩაბარებას, ახალი თხილის ჩაბარების საშუალო ფასი 3-3.5 ლარია, თუმცა შესაძლოა მეთხილემ კილო თხილში ეს ფასიც ვერ აიღოს, თუ თხილის ჩამბარებელი შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე თხილს გატეხს და აღმოჩნდება, რომ ნაყოფი გაფუჭებულია.

მეთხილე 3 ლარს კილო თხილში იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თხილი სრულიად საღია.

„3 ლარი ღირს, მაგრამ რეალურად ლარნახევარი გამოდის, წელს ნახევარზე მეტი გაფუჭებულია, უმრავლესობას აღარ დაუკრეფია საერთოდ თხილი,“ – გვითხრეს ქობულეთელმა მეთხილეებმა.

თხილის ფასი დაახლოებით იგივეა, რაც გასულ წლებში იყო, თუმცა იმის გამო, რომ თხილის ბაღები დასავლეთ საქართველოში მასობრივად დაზიანდა, ხოლო „ოცნების“ მთავრობამ დახმარების ნაცვლად, სუბსიდიაც კი შეაჩერა, წელს თხილის ნაკლები მოსავალია.

როცა თხილის მოსავალში დიდი ნაწილი გაფუჭებულია, მეთხილეს იგივე შრომის გაწევა უწევს, ანაზღაურება კი, შემცირებულია.

ამ თემაზე:

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

ბათუმში გარდაცვლილი 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ძმა მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიების დაწყებას

„ვითხოვ შეიცვალოს საქმეზე კვალიფიკაცია – ეს იყო სავარაუდოდ მკვლელობა და არა თვითმკვლელობა და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მის სექსუალურ ორიენტაციასთან“, – ამბობს კუზმა იაკიმეცი, იგი ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი ტრანსგენდერი კაცის ძმაა.

21 წლის ბიჭის ცხედარი კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში, 2026 წლის 15 აგვისტოს პოლიციელებმა მას შემდეგ იპოვეს, როცა ამ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა მძაფრი სუნის გამო 112-ში დარეკეს.

„ექსპერტი ამბობს, რომ ცხედარზე ზედაპირული დათვალიერებით ძალადობის კვალი არ შეიმჩნევა, თუმცა დასადგენია გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნები ჯერ არ არსებობს. ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა გართულდეს გარდაცვალების მიზეზის დადგენა, რაგან ცხედარს უკვე გახრწნა ჰქონდა დაწყებული,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად მარკოიძე „ბათუმელებთან“. იგი გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

„დმიტრის სქესის შეცვლამდე ერქვა თამარა, მას ბოლოს პირველ აგვისტოს ვესაუბრე… 3 აგვისტოდან ჩემი ძმა ონლაინ აღარ იყო. ვვარაუდოდ, რომ ის შესაძლოა მოკლეს 3 აგვისტოს…

მითხრეს, რომ მუშაობენ თვითმკვლელობის ვერსიაზე, მაგრამ ბინაში ვიყავი, რომელიც სრულიად არეული დამხვდა, დიდი ალბათობით იქ სხვა ადამიანიც იყო,“ – ამბობს კუზმა იაკიმეცი.

ადვოკატ ზვიად მარკოიძის თქმით, რომ უკვე სამჯერ დაათვალიერა გამოძიებამ შემთხვევის ადგილი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„კუზმა იაკიმეცი დაზარალებულად უნდა იქნეს ცნობილი, რომ დაზარალებულ მხარეს შეძლოს გაეცნოს საქმის მასალებს, მაქსიმალურად ჩართული იყოს ამ საქმის გამოძიებაში,“ – გვითხრა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

დმიტრი მენიაევი რუსეთის მოქალაქეა. იგი 17 წლის იყო, როცა ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად და აქედან მუშაობდა დისტანციურ რეჟიმში.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 476 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 292 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 202 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 48 451 ერთეული [+69]
  • MLRS – 2 054 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 585 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 476 566 ერთეული [+1 925]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 352 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 138 219 ერთეული [+415]
  • სპეცტექნიკა – 4 569 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 052 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში უკრაინული დრონების სამიზნე ამჯერად „ოზონის“ საწყობი გახდა

 

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნება საარჩევნოდ 15 კვადრატის დამატებას დაგვპირდა და გადაგვაგდო“ – რას ჰყვებიან „შანხაის“ დასახლებაში

„ჩემი ბინა 50 კვადრატული მეტრია, ვითხოვდი მინიმუმ 15 კვადრატულის დამატებას, რაზეც უარი გვითხრეს. ამიტომაც ვთქვით უარი ახალ კორპუსზე,“ – ამბობს ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ მცხოვრები ნაზიბროლა ესებიძე. მის სამეზობლოშიც სხვა ოჯახებსაც უარი უთქვამთ მერიისთვის ე.წ. სოციალურ სახლზე.

ბათუმის მერიამ „შანხაის დასახლებაში“ ბიუჯეტში გათვალისწინებული 2 კორპუსიდან მხოლოდ ერთი ააშენა, მეორეს – აღარ აშენებს. „ობიექტურ მიზეზად“ მერია ასახელებს მოსახლეობას, რომელიც „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს.

ე.წ. შანხაის დასახლება ბათუმში

„ჩვენ წინასაარჩევნოდ დაგვპირდა „ოცნება“, რომ მინიმუმ 15 კვადრატულს დაგვიმატებდა, რატომ გადაგვაგდეს?“ – უთხრეს დღეს, 22 აგვისტოს„ბათუმელებს“ ე.წ. შანხაის დასახლებაში, სადაც დაახლოებით 150 ოჯახი ისევ გაუსაძლის და უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. თითქმის ყველა ოჯახი აქ პერიოდულად იტბორება, სახურავიდან წყალი ჩამოსდის, ძველი კორპუსის კედლები დანესტილი და დაბზარულია…

ამ მძიმე რეალობის მიუხედავად, „შანხაის დასახლებაში“ გვითხრეს, რომ ისევ ვიწრო ბინაში გადასვლას არ დათანხმდნენ.

ახალ კორპუსში სავარაუდოდ ის რამდენიმე ოჯახი გადავა, ვისი ბარაკიც იმ ადგილზე იყო, სადაც უკვე ახალი კორპუსია და რომლის შესასვლელთან დაცვის სამსახური დაგხდებათ: ჯერ შიგნით არავინ ცხოვრობს, ვერ შეგიშვებთო!

დასახლებაში გვიყვებიან, რომ დასრულებულ, ახალ კორპუსში ბინების ნაწილი გაიყიდება, ნაწილის დაკავება კი, თვითონ შეუძლიათ, მაგრამ მათთვის არაა მისაღები მერიის შეთავაზება:

„37 კვადრატულში მთავაზობდნენ იგივე ფართობის ბინას, რაც არ არის მისაღები. ორი შვილი მყავს. გამოდის, რომ მე და ჩემმა ცოლმა, ან ჩემმა შვილებმა ისევ სამზარეულოში უნდა დაიძინონ.

როცა ამბობენ, ხალხზე ვზრუნავთო, ეს არ არის ხალხზე ზრუნვა,“ – გვითხრა იაგო ბერიძემ.

იაგო ბერიძე

იაგო ბერიძე გვიყვება იმაზეც, რომ მძიმე პირობებში ცხოვრების მიუხედავად, სოციალური შემწეობა შეუწყვიტეს.

„სოციალური დაუტოვეს მხოლოდ ჩემს მცირეწლოვან შვილებს, არავის არაფერი არ განუმარტავს, რატომ შეგვიწყვიტეს სოციალური, არაფერი არ შეცვლილა, პირიქით გავღარიბდით უფრო… უკვე 2 თუ 3 თვეა, აღარ ვიღებთ დახმარებას.

მანამდე სამუშაოდ ვიყავი წასული პოლონეთში 3 თვით, მშენებლობაზე, მაგრამ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკან დავბრუნდი. ახლა ოჯახში დასაქმებული მხოლოდ მე ვარ,“ – ამბობს იაგო ბერიძე.

„მოლაპარაკება იყო მერიაში 2 თვის წინ. გვითხრეს, დარჩით მაშინ თქვენს ბარაკებშიო, ჩვენ ვითხოვდით 15-20 კვადრატულის დამატებას, რასაც მანამდე დაგვპირდნენ.. იყვნენ აქ მოსულები მანამდე მერიიდან,“ – გვიყვება ეთერ კვირიკაძე და ბარაკული ტიპის საცხოვრებელში დაბზარულ კედლებს გვაჩვენებს, ბინაში ჩამოსული წვიმით მიყენებულ ზიანს, ვიწრო სამზარეულოს, სადაც ორი ადამიანი ფეხზე მდგომიც კი, ვერ გაჩერდება. ბარაკული ტიპის საცხოვრებლის გადატიხრული მისაღების უკან, უფანჯრო ოთახში, ოჯახს საძინებელი მოუწყვია.

„მე ვითხოვდი მოეცათ ბინა ისე, რომ ორი ოთახი მაინც მქონოდა. არ მომცეს და მტოვებენ ასე, აქ აღარ იცხოვრება, კედლები ყანყალებს, რა დაგვეცემა თავში, არ ვიცით,“ – ამბობს ეთერ კვირიკაძე.

ეთერ კვირიკაძე

„დატბორილი ვარ სულ, აქ არ იცხოვრება, მაგრამ ვცხოვრობ,“ – მძიმე ჰაერი ვიწრო ოთახში შესვლისთანავე იგრძნობა ნათელა ქამაშიძესთან. ქალს ლეიბები და სხვა ნივთები ეზოში გამოუტანია: ასე ვცდილობ გაშრობას მზეზე, თუ მოვასწარიო.

„ჩემი ბინა 33 კვადრატულია, მაგრამ ეზოც ჩემია, რეესტრში გაფორმებული არ არის, მაგრამ წლებია მე მეკუთვნის… ვითხოვდი 65 კვადრატულს, რაზეც უარი მითხრეს,“ – გვითხრა ნათელა ქამაშიძემ.

ნათელა ქამაშიძე
ნათელა ქამაშიძის ბარაკული ტიპის საცხოვრებელი, სადაც ის ქმართან ერთად წლებია ცხოვრობს

„შანხაის დასახლებაში“ შევხვდით ისეთ ოჯახსაც, რომელიც ახალ კორპუსში შესვლას ელოდება:

„მე ვცხოვრობდი ერთ-ერთ ძველ კორპუსში, რომელიც უკვე დანგრეულია, იქ აშენდა ეს ახალი კორპუსი,“ – გვიყვება ჟუჟუნა კვირიკაძე, – „ჩვენთვის არ დაუმატებიათ კვადრატულობა, მაგრამ მისაღებია ახალ, მოწესრიგებულ გარემოში ყოფნა. ერთი სული მაქვს, როდის გამოცხადდება შესვლა.

ვიდრე შევალთ ახალ კორპუსში, მერია გვიხდის ქირის თანხას. ჩვენ ხუთსულიანი ოჯახი ვართ და გვაძლევენ 1200 ლარს. ამიტომაც, აქვე ვიქირავეთ ბინა,“ – გვითხრა ჟუჟუნა კვირიკაძემ.

გავესაუბრეთ ისეთ მოქალაქესაც, რომლებსაც აწყობს ფართობის დამატების გარეშე მიიღოს ახალი ბინა, მაგრამ მაინც თავის ბარაკში უწევს დარჩენა:

„მე ვცხოვრობ 28 კვადრატულში და თანახმა ვიყავი, ისევ 28 კვადრატულში მეცხოვრა ახალ კორპუსში, მაგრამ მითხრეს, რომ ამ ფართობის ბინა აღარ არის. შემომთავაზეს ქირით გასვლა, მაგრამ ესეც არ არის მისაღები, რადგან ჩემმა შვილმა მიიღო ახალ კორპუსში ბინა, მინდა მასთან ახლოს ვიყო, მოსავლელი ვარ უკვე,“ – გვითხრა ნარიე ცენტერაძემ.

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსება შემცირდა 10 920 200 ლარით, ხოლო მერიის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის შეთანხმების აქტში წერია, რომ – 15 277 179 ლარით.

  • „მცირდება ღონისძიების დაფინანსება [ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმების შედეგად ამოღებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, რის შესაბამისადაც შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება – 10 920 200 ლარით“, – წერს მერია ბიუჯეტის გადასახდელების ცვლილების პროექტში, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
  • „მხარეთა შეთანხმების“, ანუ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის გაფორმებულ დოკუმენტში კი წერია, რომ „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოების გაუქმებისა და კომუნალური სისტემის მიერთება/გამრიცხველიანების საფასურის ცვლილების შემდგომ ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემცირდა 15 277 179,67 ლარით“.

__

ამ თემაზე:

ბათუმის მერია სოციალურ სახლს აღარ ააშენებს – 32 მილიონ ლარად 2 კორპუსი უნდა აშენებულიყო

 

 

„ჰორმუზის სრუტე ისევ უკონტროლო ზონაა, სიტუაცია მიდის გართულებისკენ“ – ინტერვიუ ირანისტთან

„ამ ეტაპზე ჩანს, რომ ორივე მხარე სამხედრო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს… სიტუაცია მიდის გართულებისაკენ. მე ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში ამერიკა-ისრაელმა და ირანმა, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ ტრამპის მიერ დაანონსებულ „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე ირანის წინააღმდეგ“.

ირანისტის დაკვირვებით, ირანის დამარცხება მხოლოდ სანქციებით და ეკონომიკური ბლოკადით რთული იქნება, თანაც ამ ომში ჩართულ მხარეებს ეტყობათ, რომ ისევ სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადებიან.

„ბათუმელებმა“ ირანისტთან, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვასილ, რა ეტაპზე გადავიდა ირანთან კონფლიქტმა? ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ამჯერად „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას“ იწყებს.

17 აგვისტოს დამთავრდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ორთვიანი ვადა. ამ პერიოდში იყო, როგორც პირდაპირი მოლაპარაკებები, ისე არაოფიციალური მოლაპარაკებები, რასაც ტრამპის განცხადებაც ადასტურებს.

ტრამპმა თქვა, რომ განვლილი ორი თვის განმავლობაში, ანუ მემორანდუმის მოქმედების ვადაში, მარტო ოფიციალური მოლაპარაკებები კი არ გვქონდა, არამედ „გუშაგთა კორპუსთან“ დავამყარეთ პირდაპირი კავშირი, რაშიც დაგვეხმარა ქურთისტანის, ერაყის პრეზიდენტი – ნეჩირვან ბარზანიო.

ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო არაოფიციალური მოლაპარაკებები, თუმცა ირანის მხარემ საპასუხოდ განაცხადა, რომ არ ადასტურებს ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას – არანაირი მოლაპარაკება არ გვქონიაო. ირანელებს, ზოგადად, ასეთი რაღაცები ახასიათებთ. ქართველები ვართ და ირანს ვიცნობთ საკმაოდ კარგად – დახურული ტიპის საზოგადოებაა და სპეცსამსახურებიც შესაბამისად მუშაობენ, არ უყვართ არაფრის აფიშირება.

ჩემი აზრით, მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა ვერც იქ მივიდნენ იმ შედეგამდე, რაც უნდოდათ, ანუ რეზულტატი არ ჩანს.

  • ამჯერად რა იყო მოლაპარაკების საგანი, რა გაჟღერდა? 

ვფიქრობ, დახურული ტიპის მოლაპარაკებებიც გაიმართა იგივე საკითხებზე, რაზეც ვერ შედგა შეთანხმება მანამდე. რა უნდა ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს ერთმანეთისგან? ამერიკას აქვს რამდენიმე პუნქტი, რომელიც მისთვის არის  „წითელი ხაზი“. პირველია ბირთვული პროგრამა, რომელსაც ირანი ავითარებს.

ბირთვულ პროგრამაზე ირანი ამბობს, ვითომ შევაჩერებო, სინამდვილეში კი, არ აჩერებს – აგრძელებს, ანუ დროს აჭიანურებს. არ არსებობს ის რეალობა, რომ შენ გააკონტროლო – ირანი მიწის ქვეშ რას აკეთებს. იმდენი გვირაბი აქვს ირანს და დახურული ტიპის მიწისქვეშა თავშესაფარი, ქარხანა, ბაზა – სად რა აქვს გადატანილი, ვერავინ გაიგებს.

ამერიკა ითხოვს მეტ კონტროლს. თვითონ ამერიკელებმაც რომ შეამოწმონ, რა ხდება.

ამ ომის მერე განსაკუთრებით ითხოვს აშშ, რომ ირანმა შეწყვიტოს შორი მოქმედების რაკეტებისა და დრონების წარმოება. ამ ომის დროს რაკეტების გამოყენებით ირანმა დაბომბა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები. ამერიკა მიხვდა, რომ თუ ირანმა არ შეაჩერა ამის წარმოება, ვერ იცავენ ამერიკელები ბოლომდე თავს. ირანი ამაზეც უარს ამბობს.

ვასილ ღლონტი

მესამე მნიშვნელოვანი საკითხია შიიტური წინააღმდეგობის ღერძის აქტივობის გაჩერება, ანუ ირანმა შეწყვიტოს ლიბანის, იემენის, ერაყის და იგივე პალესტინური „ჰამასის“ და ისლამური „ჯიჰადის“ დაფინანსება, მათი სამხედრო მხარდაჭერა. ირანი მკვეთრ უარს აცხადებს და ამბობს, რომ ჩვენთვის ლიბანი, ერაყი, იემენი არიან ჩვენი პარტნიორები და მაგაზე ჩვენ ვერ წავალთ, რომ მაგათ დახმარება შევუწყვიტოთო.

ისრაელშიც ისეთი განწყობაა, რომ ომისთვის მზადებაა. ისრაელის სამხედრო წრეები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თუ ირანთან მოლაპარაკება ჩაიშალა, გააგრძელებენ სამხედრო კონფრონტაციას.

  • ტრამპის მხრიდან „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე“ განცხადება რას ნიშნავს, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამას? 

რადგან ამერიკისნაირი ქვეყანა სანქციებს გიწესებს, ამას, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე შედეგი ექნება და ძალიან გაუჭირდება ირანს. თუმცა არა მგონია, ირანს მარტო სანქციებით რამე უშველო, ან მოერიო – ირანი არის თვითკმარი ქვეყანა.

თუ ამერიკამ შეძლო და ირანს ყველა დერეფანი გამოუკეტა, მაშინ ყოჩაღ ამერიკას, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიო ისეა მოწყობილი, ყოველთვის შეგიძლია შენი რესურსები სადმე გაყიდო. იგივე რუსეთს შეხედეთ. რაც უკრაინაში ომია, რამდენი სანქციები დაუწესეს რუსეთს. 4 წელი გავიდა და ამ ბოლოს შეიქმნა ნავთობის და სხვა პრობლემები. სანქციების გამო რუსეთს ხომ არ შეუცვლია თავისი პოლიტიკა?

ტრამპის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ტოტალური ბლოკადა ექნება ირანს. ეს შეეხება იმ ქვეყნებს და კომპანიებს, რომლებიც ირანთან ურთიერთობებს აგრძელებენ, მათ დაემუქრებათ დიდი სანქციები. ამას შედეგი რაღაც დონეზე ექნება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო ზეწოლა გაგრძელდეს ამერიკის მხრიდან, რადგან მარტო სანქციებით ირანის დამარცხება შეუძლებელია.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ ორივე მხარე სამხედრო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ირანელებს ბევრი ადამიანი დაეხოცათ სამხედრო სტრუქტურებში, დაიწყეს ნელ-ნელა მათი შევსება და ახალი ხალხი წამოწიეს, ახალს პირობითად ვამბობ, რადგან ესენი არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, მაგალითად, მოჰსენ რეზაი დანიშნეს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად.

იგი „გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი ხელმძღვანელია, გენერალია, რუხი კარდინალი. იგი ერთი პერიოდი ჩრდილში გავიდა, თუმცა ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა „გუშაგთა კორპუსში“. მას ირანის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და კურირებდა ეკონომიკურ საკითხებს. სავარაუდოდ იგი პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებთან ერთად, აქტიურად გააკეთებს აქცენტს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე.

ეს კაცი ისრაელის და ამერიკის გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა, ყოველთვის გამოირჩეოდა მაგათთან კონფლიქტური ურთიერთობებით. ეგ ნიშნავს, რომ ირანი ემზადება ამერიკასა და ისრაელთან სერიოზული კონფლიქტისთვის.

  • 12 აგვისტოს განაცხადა ტრამპმა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს. აქ რა შეიცვალა?

ჰორმუზის სრუტე არის უკონტროლო ზონა. მე მაგას დავარქვი „პოლიტიკური ბერმუდის სამკუთხედი“. არ არსებობს გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გავა და არსებობს დამზღვევი მექანიზმი. თუ ვინმემ მოინდომა ამ გემის დაბომბვა, ვინ ესვრის რაკეტას, ვერ გაიგებ.

ჰორმუზის სრუტე ომანსაც ესაზღვრება. რამდენიმე დღის წინ ომანმა და ირანმა შეხვედრის მსგავსით რაღაც მოაწყვეს. ამაზე გაბრაზდა ტრამპი: ასეთი განცხადებაც კი გააკეთა: თუ ომანი ჩაერევა ჩვენსა და ირანის ურთიერთობებში და ხელს შეგვიშლის, ომანსაც კი დავბომბავთო.

  • ამასობაში, ისრაელში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და იქ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ოპოზიციას. ექსპრემიერმა ბარაკმა გააკრიტიკა ნეთანიაჰუ, მათ შორის, თურქეთთან ურთიერთობების გამწვავების გამო. რა იცვლება ისრაელში და რა ხდება კონკრეტულად ისრაელი-თურქეთის ურთიერთობაში? 

ჩახლართული სიტუაცია აქვთ. არჩევნები მოდის ასეთ რეალობაში: ირანთან ომი გაქვს, აქეთ ღაზას სექტორის თემა ჯერ არ მოგვარებულა და „ჰამასი“ ბოლომდე არ არის განადგურებული.

მართლაც თურქეთთანაც დაეძაბათ ურთიერთობა და ეს, ძირითადად, მოხდა სირიის გამო. სირიაში ასადის შემდეგ ხელისუფლებაში პროთურქული პარტიაა და მისი ხელმძღვანელია ალ-ჯულანი. ეგ აკონტროლებს სირიის დიდ ნაწილს, თუმცა ისრაელის მხარეს რაც არის სირიის ნაწილი, იქ ისრაელის ჯარები დგას და მას ისრაელი აკონტროლებს.

ახლახან ისრაელმა დაბომბა სირიის ახალი ხელისუფლების ავიაბაზა და გართულდა ურთიერთობები. ამ ავიაბაზაზე თურქებს უნდათ თავისი ჯარების შეყვანა. ფაქტობრივად, თურქეთი და ისრაელი ომის ზღვარზე იმყოფებიან, იმდენად გართულებულია სიტუაცია, თუმცა არა მგონია, საბოლოოდ თურქეთმა და ისრაელმა ერთმანეთს ომი დაუწყონ, ეგ ორივე ქვეყანას დაღუპავს – არ მოუტანს სიკეთეს არცერთს.

სხვათა შორის, თურქეთია ძალიან გააქტიურებული ახლო აღმოსავლეთში. თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა 2026 წლის 7 მარტს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომ თუ რომელიმე სხვა ქვეყანა დაესხმება ამ სამ ქვეყანას, ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. აი, მეხუთე პუნქტი რაც არის ნატოსი, იგივე მოდელია.

ბევრმა ამას „ისლამური ნატოც“ კი დაარქვა. შემდეგ ბანგლადეშმაც განაცხადა, რომ ჩვენც გვინდა მაგაში გაერთიანებაო. სერიოზული ძვრები გამოიწვია ამ ყველაფერმა, როგორც უკრაინის ომმა. ამ ახალი კავშირის ჩამოყალიბება შეიძლება პირდაპირ დავუკავშოროთ ირან-აშშ-ისრაელის კონფლიქტს. როგორც უკრაინის ომმა უნიძგა ფინეთს და შვედეთს ნატოშო გაწევრიანებისკენ, ასევე უბიძგა ირან-აშშ-ისრაელის ომმა პაკისტანს, თურქეთს და საუდის არაბეთს, რომ ასეთი კავშირი ჩამოეყალიბებინათ.

ფაქტობრივად, ახალი პოლიტიკური კავშირი ყალიბდება ჩვენ თვალწინ – ძლიერი, გავლენიანი, რომელსაც აქვს ყველაფერი. თურქეთს, მოგეხსენებათ, უძლიერესი სამხედრო ძალები ჰყავს, პაკისტანია და სამხედრო ძალები ძლიერი ჰყავს, თანაც ატომური იარაღი აქვს, საუდის არაბეთს არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ენერგეტიკა აქვს: ნავთობი, გაზი.

  • ჩანს, რომ მხარეები ემზადებიან უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებისთვის? აშშ-ში ახლოვდება შუალედური არჩევნები. ეს ფაქტორი რამდენად აიძულებს ტრამპს, შეთანხმდეს ირანთან? 

ირანმა ამერიკას წაუყენა ექვსი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს ამერიკამ. მე რასაც ვუყურებ, პირიქით, სიტუაცია მიდის გართულებისაკენ. ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში ამერიკა-ისრაელმა და ირანმა, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ.

ისეთ ჩიხშია ტრამპი, რომ ამ ომს ვერ აჩერებს. არც დიპლომატიური რესურსია. არჩევნების პერიოდი მოვიდა ამერიკაში და ძალიან ბევრი ამერიკელი ამ ომის მოწინააღმდეგეა: ბენზინის ფასი გაიზარდა და ჩვეულებრივი ადამიანი იმას ფიქრობს, თვითონ იყოს კარგად, სულ არ აინტერესებს, რა ხდება ოკეანის მიღმა.

იმის პროგნოზი, ტრამპი როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან, ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ეს ომი გაგრძელდება. ჰორმუზის სრუტის საკითხი ისევ ჰაერში იქნება დაკიდებული და გაიწელება ეს პროცესი.

„შემოდის მოსამართლე და გეუბნება, მეო ძალიან ბევრი ვიფიქრეო“: საქმე – „ბიძინა ყ არაა? არის?“

„პატიმრობა ყ-ს გამოყენებისთვის“ „ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება“, „პატიმრობა ფეისბუქსტატუსის გამო“, „ჯარიმა ზებრა გადასასვლელით სარგებლობის გამო“, „პატიმრობა გადაკეტილ გზაზე დგომისთვის“, – რა როლი აქვთ მოსამართლეებმა ამ საქმეებში? რა ჩაწერეს გადაწყვეტილებებში?

„ბიძინა ყ არაა? არის?“ – ამ წარწერით პლაკატის ხელში დაჭერის გამო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს ამბავი 2026 წლის 2 აგვისტოს მოხდა.

„ძირითადად მოსმენის რეჟიმში იყო მოსამართლე, თითქოს ყველაფერს ინტერესით ისმენდა, თუმცა შეკითხვები არ დაუსვამს,“ – პატიმრობიდან გამოსული თორნიკე თოშხუა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული პროცესის დეტალებს იხსენებს „ბათუმელებთან“:

„მოსამართლემ შეკითხვა თუ არ დასვი და მტკიცებულებები არ გამოიკვლიე, ისე როგორ უნდა მოჰფინო ბუნდოვან გარემოებას ნათელი? მოსამართლე იცავს პროტოკოლს და გითმობს დროს, რომ ისაუბრო, მაგრამ უარს გეუბნება, დაიბარონ პოლიციელები პროცესზე.

გადის მოსამართლე, მერე შემოდის უკან, რამდენიმე წუთში და გიცხადებს, მეო ბევრი ვიფიქრეო, რომ შენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმა ცალკე აღებული არ მიმაჩნია კანონდარღვევად, მაგრამ აი, მთლიან კონტექსტში – წინა დღეებში გამოხატული პროტესტი ერთმანეთს რომ დავადაროთ, უკვე ნათელია, რომ შენ, ფაქტობრივად, იგივე შეურაცხმყოფელი სიტყვა გაქვს გამოყენებული, რაც პირველ შემთხვევაშიო.

ვუთხარი მოსამართლეს, რომ ამ „ყ“-ში შეიძლება „ყოჩაღი“ ვიგულისხმე?

საინტერესო ისაა, რომ პირველ ბანერსა [პირველ ბანერზე თორნიკე თოშხუას ბანერზე ეწერა: „ბიძინა ყ…? კი/ არა]  და მესამე ბანერს შორის რაღაც არეული ამინდები დაემთხვა და პლაკატზე დავწერე: „ეს რა ყ… ამინდებია“. სასამართლოში მთავარი არგუმენტი ხომ ის ჰქონდათ, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვა გამოვიყენე და არაფერ შუაში არ იყო თითქოს ბიძინა, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიციელები მოვიდნენ, გადაიღეს ჩემი პლაკატი, ჩააგდეს თავიანთ ჩატებში და შსს-ს ვერიფიკაცია გავიარე.

შემდეგ დღეს კი, პლაკატზე გაჩნდა „ბიძინა“, ეს იყო მთავარი,“ – გვიყვება თორნიკე თოშხუა.

„მოსამართლეს ძირითადად აქვს მხოლოდ ნოტარიუსის როლი…“ – მიიჩნევს თორნიკე თოშხუა და ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეებს რეალურად არ გაურკვევიათ, როგორ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს კონკრეტული შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება?

„წვრილმანი ხულიგნობა ასე მარტივად გამოსაყენებელი მუხლი არ არის. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. მტკიცების ტვირთი არის ბრალდების მხარეს და მან უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ჩემმა ქმედებამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა… არანაირი მტკიცებულება არ იყო, მხოლოდ იყო ჩემი დაკავების კადრი.

საქმეში არ დაფიქსირებულა ის, რომ ვინმე შეწუხებულიყო ჩემი პლაკატით… ფაქტობრივად, წამების აწეული მქონდა პლაკატი ხელში, როცა ავტომატურ რეჟიმში მიიღეს ბრძანება და დამაკავეს. მტკიცებულება, რომ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა ამ ჩემი ბანერის გამო, საქმეში არ არსებობდა.

არ ჩათვალა მოსამართლემ საჭიროდ მოწმეების გამოკითხვა, არადა პოლიციელმა უნდა შეაფასოს სიტუაცია ან საფრთხე, რომელიც ჩემგან მომდინარეობდა. რატომ ჩათვალა საჭიროდ პოლიციელმა, რომ ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი გარემოება შენიშნა ჩემს ქმედებაში?

კანონი განმარტავს, რომ  ბანერზე მოცემულმა ინფორმაციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა უნდა გამოიწვიოს. მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვის დატანა არ არის საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამომწვევი. პირველ შემთხვევაში ზვიად ცეკვავამ მარტივად დაიჭირა შინაგან საქმეთა წარმომადგენლის მხარე და ადმინისტრაციული სახდელი დამაკისრა – ჯარიმა 3 ათასი ლარი, მეორე შემთხვევაში უკვე არც ეს შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მქონდა ბანერზე დატანილი,“ – გვითხრა თორნიკე თოშხუამ.

რა როლს ასრულებენ მოსამართლეები, როცა ივანიშვილი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს?

„მოსამართლე დღეს ნეიტრალური არ არის, იგი არ ასრულებს ნეიტრალური არბიტრის როლს და არის მხარე. მოსამართლე რეალურად მხოლოდ ჭანჭიკია, რომელიც ემსახურება რუსული, რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბების ინტერესს. სისტემა ცდილობს, რომ გაგაჩეროს, მოსამართლე არის დამხმარე ამ სისტემის, აღმასრულებელი მისი ნების.

გაშიშვლდა საერთოდ სისტემა. ამ კონკრეტული მოქმედებით კიდევ უფრო აღქმადი გახდა აი, რა დონეზე არის ეს სისტემა მიმართული ამ ერთი ადამიანის ინტერესების დასაცავად.

მაგრამ ვერანაირი უსამართლობა ამ პროტესტს ვერ გააჩერებს. ეს პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე ის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა,“ – ამბობს თორნიკე თოშხუა.

  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რა სტანდარტი დაამკვიდრა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ „თორნიკე თოშხუას საქმით“? 

„მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო ვარაუდის საფუძველზე. აბსოლუტურად უკანონოა ეს გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ვარაუდზე დაფუძნებული, პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ ჰქონდა მოსამართლეს და არ შეეძლო მინიმალური სამართლებრივი სტანდარტებითაც კი, ეცნო თორნიკე თოშხუა სამართალდარღვევად,“ – გვითხრა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა. იგი სასამართლოში თორნიკე თოშხუას ინტერესებს იცავდა:

„ყველანაირ კანონმდებლობას მოსამართლემ გადაუსვა ხაზი და გაითვალისწინა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. დაარღვია როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს გაუკეთა იგნორი, ისე მიიღო გადაწყვეტილება.

მოსამართლის ეს ქმედება მიემართება იმას, რომ ქვეყანაში შეიზღუდოს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება… ეს იყო პროტესტის ჩახშობის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომ აღარავის ჰქონდეს უფლება, ამოიღოს ხმა, თქვას ზედმეტი სიტყვა და დაემორჩილოს მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პირების მითითებებს,“ – გვითხრა ეკა ქობესაშვილმა.

___

ვრცლად:

როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება

 

რუსეთში უკრაინული დრონების სამიზნე ამჯერად „ოზონის“ საწყობი გახდა

22 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველი წარმატებული დარტყმა განახორციელეს რუსეთში, სამარის ოლქში, ჩაპაევსკში მდებარე „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრზე, რამაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ტელეგრამზე გავრცელებული ინფრომაციისა და ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, დრონების დარტყმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია, ობიექტიდან კი კვამლის სქელი ღრუბელი ამოდის.

„ოზონი“ რუსეთის ონლაინ საცალო ბაზარზე სიდიდით მეორე კომპანიაა Wildberries-ის შემდეგ. ეს არის დრონების პირველი შეტევა „ოზონზე“.

მედიის ცნობით, ჩაპაევსკში მდებარე 135,000 კვადრატული მეტრის ფართობის ლოგისტიკური ცენტრი ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი საწყობია.

2026 წლის ივლისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სისტემატურად დაიწყეს რუსეთში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განადგურება. ბოლო კვირეებში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძრები გაჩნდა „ვაილდბერისის“ 20-ზე მეტ დიდ საწყობში.

ამავე დროს 22 აგვისტოს, ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამარის რეგიონში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ქარხანა „როსნეფტის“ საკუთრებაა და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში ჩაერივნენ, ზიანი 374 715 ლარია – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, „დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს – ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 22 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 475 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 292 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 25 176 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 48 382 ერთეული [+64]
  • MLRS – 2 054 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 584 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 474 641 ერთეული [+1 792]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 344 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 137 804 ერთეული [+435]
  • სპეცტექნიკა – 4 565 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 049 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ყველაზე სისხლიანი ზაფხული უკრაინაში და მოახლოებული ზამთრის შიში – რა თქვეს ვაშინგტონში

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის მერია სოციალურ სახლს აღარ ააშენებს – 32 მილიონ ლარად 2 კორპუსი უნდა აშენებულიყო

ბათუმის მერიას „შანხაის დასახლებაში“ 2026 წლის ბოლომდე ორი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა, რაზედაც თავის დროზე ხელშეკრულება 32 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.

მშენებლობა სამი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგიმ“ დაიწყო, თუმცა 2026 წელს კომპანია და მერია შეთანხმდა, რომ ორიდან ერთი კორპუსი აღარ აშენდება. ამ შეთანხმების „ობიექტურ მიზეზად“ კი დასახელებულია მოსახლეობა, რომელიც თურმე „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს.

ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი ერთი კორპუსი აღარ აშენდება, შესაბამისი ცვლილება შეიტანეს ქალაქის ბიუჯეტში და ხარჯები შეამცირეს.

„სოციალური სახლის“ არაშენებით ბიუჯეტის ხარჯის შემცირებას დღეს, 2026 წლის 21 აგვისტოს, მხარი დაუჭირა ქალაქის საკრებულომ „ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობით.

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსება შემცირდა 10 920 200 ლარით, ხოლო მერიის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის შეთანხმების აქტში წერია, რომ – 15 277 179 ლარით.

  • „მცირდება ღონისძიების დაფინანსება [ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმების შედეგად ამოღებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, რის შესაბამისადაც შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება – 10 920 200 ლარით“, – წერს მერია ბიუჯეტის გადასახდელების ცვლილების პროექტში, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
  • „მხარეთა შეთანხმების“, ანუ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის გაფორმებულ დოკუმენტში კი წერია, რომ „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოების გაუქმებისა და კომუნალური სისტემის მიერთება/გამრიცხველიანების საფასურის ცვლილების შემდგომ ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემცირდა 15 277 179,67 ლარით“.

ბათუმის მერია, რომელიც „საცხოვრებელი სახლების მშენებლობის“ ქვეპროგრამით იწონებს თავს, ქალაქის ბიუჯეტის შესახებ კანონში წერს, რომ ამ ქვეპროგრამის ერთ-ერთი მიზანი „მუნიციპალური საბინაო ფონდისა“ და „ბათუმის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს“ შექმნა და „საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა“. სწორედ ამ ქვეპროგრამით იყო გათვალისწინებული „შანხაის დასახლებაში“ 2 კორპუსის მშენებლობაც.

რატომ არ აშენდება დაგეგმილი ორი კორპუსიდან ერთ-ერთი, რომლის მშენებლობაზეც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და ბიუჯეტში შესაბამისი თანხაც იყო გამოყოფილი?

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „ანაგს“ შორის მხარეთა შეთანხმება #19, 2026 წლის 25 ივნისით არის დათარიღებული.

ამ შეთანხმების მიხედვით კი, ზემოთ აღნიშნულ შეკითხვაზე „მხარეების“ პასუხი ასეთია:

„რაც შეეხება ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობას, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების მომენტიდანვე ვერ მოხერხდა მიმწოდებლისათვის საპროექტო ტერიტორიის სრულად გადაცემა. კერძოდ, შესაძლებელი იყო მხოლოდ ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ათვისება, რის გამოც სამუშაოების დაწყება განხორციელდა მხოლოდ „ა“ ბლოკზე.

მიუხედავად გასული პერიოდისა, დღემდე სრულად არ არის დაცლილი და მიმწოდებლისთვის გადაცემული „ბ“ ბლოკის მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორია, რამაც შეუძლებელი გახადა არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, სამშენებლო ფრონტის მომზადება და „ბ“ ბლოკის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

აღნიშნული გარემოება შპს „ანაგმაც“ არაერთხელ დააფიქსირა. შპს „ანაგი“-ს 2026 წლის 18 ივნისის კორესპონდენციით, სამმართველოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის მხრიდან „ა ბლოკზე“ სამუშაოები სრულად არის განხორციელებული, ხოლო „ბ ბლოკის“ სამშენებლო არეალში დღემდე განთავსებულია „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ არის დაცლილი მოსახლეობისგან, რის გამოც კომპანია მოკლებულია სამუშაოების დაწყების ფიზიკურ შესაძლებლობას.

აღნიშნული მომართვის საფუძველზე, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ 2026 წლის 16 ივნისის წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურს საპროექტო არეალში არსებული სახლების დემონტაჟისა და მოსახლეობის განსახლების ვადების დაზუსტების მოთხოვნით.

აღნიშნული წერილის საპასუხოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2026 წლის 23 ივნისის მოხსენებითი ბარათით ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია მოსახლეობასთან სრული შეთანხმების მიღწევისა და დემონტაჟის ზუსტი ვადების განსაზღვრა ობიექტური გარემოებების გამო“.

„ობიექტური გარემოებები“ უფრო მეტად დაკონკრეტებული არ არის, თუმცა „მხარეები“ შეთანხმებულან, რომ ეს ყველაფერი „სამართლებრივად ადასტურებს“, რომ მერიამ კომპანიას ტერიტორია „ობიექტური ფაქტორების“ გამო ვერ გადასცა. ამიტომ, „ბ“ ბლოკის მშენებლობა შეუძლებელიაო:

„ბ ბლოკის“ სამშენებლო ტერიტორიის თავისუფალ მდგომარეობაში მოყვანა და მიმწოდებლისთვის გადაცემა შეუძლებელი გახდა მუნიციპალიტეტის მხარეს არსებული ობიექტური ფაქტორების გამო. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, „ბ“ ბლოკის მშენებლობის განხორციელება ხელშეკრულების დარჩენილ მოქმედ ვადაში ობიექტურად შეუძლებელია“, – წერია შეთანხმების დოკუმენტში.

თუმცა, ამის შემდეგ, „მხარეები“ იმაზეც თანხმდებიან, რომ არა ეს „ობიექტური გარემოებები“, „ბ“ კორპუსი თურმე მაინც ვეღარ აშენდება ადრე დადგენილი სამუშაოების ღირებულების გამო.

„ამასთან, შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოების შესრულება მოქმედი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ფასებითაც, ვინაიდან ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების ღირებულება განსაზღვრული იყო კონკრეტული ვადის, მოცულობის, სამუშაო ფრონტის ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტის საფუძველზე“, – წერია შეთანხმებაში.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ხარჯთაღრიცხვიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ცვლილება შევიდეს „ა“ ბლოკის გაზმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და წყალმომარაგება-წყალარინების მიერთების/გამრიცხველიანების საფასურის ნაწილში, რომელთან დაკავშირებითაც მიმწოდებელს ასევე აქვს წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

შესაბამისად, „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოების გაუქმებისა და კომუნალური სისტემის მიერთება/გამრიცხველიანების საფასურის ცვლილების შემდგომ კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება
შემცირდა 15 277 179,67 ლარით და შეადგინა 17 198 330.10 ლარი“, – წერია მხარეთა შეთანხმებაში.

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“ ამ ორი კორპუსიდან ერთი [რომელიც წითელი ხაზებითაა გადახაზული], „ანაგთან“ 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აღარ აშენდება / რენდერი პროექტიდან
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიამ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლების მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა ადრეც შეცვალა. ყოველ შემთხვევაში უნდა შეეცვალა, ვინაიდან ამ დასახლებაში 2 კორპუსის მშენებლობაზე 2022 წელს გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა. მიზეზად კი დაასახელეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საჭიროებდა „არსებით კორექტირებას“.

ეს შეწყვეტილი ტენდერი 33 097 204 ლარით იყო გამოცხადებული.

ამ თემაზე: ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, 2 კორპუსის ასაშენებლად 33 მილიონია გამოყოფილი

ამის შემდეგ მერიას ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია.

რაც შეეხება „ანაგს“, ის გამარჯვებულად გამოავლინეს ტენდერში, რომელიც „შანხაის დასახლების“ გარდა კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებდა სხვა ადგილებშიც. ეს გაერთიანებული ტენდერი კი მერიის სამმართველოს 78 589 607 ლარით ჰქონდა გამოცხადებული 2022 წლის დეკემბერში.

ამ ტენდერის ფარგლებში „ანაგს“ ევალებოდა ბათუმში:

ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა [2 ერთეული სახლის]; 26 მაისის 13-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; კახაბრის ქ.№30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა; ს. ხიმშიაშვილის ქ.№94-96-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა [2022-2026 წწ სახსრებით]“.

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში კი პირველი სართულის ფართობს ბათუმის მერია არა „სოციალური დანიშნულებით“, არამედ მუნიციპალური ინსპექციისთვის გამოიყენებს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ამ კორპუსში 40-მდე სამუშაო ოთახს მოაწყობს, რემონტში კი 900 ათასამდე ლარს დახარჯავს.

ამ თემაზე: 900 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისის მოწყობაში

ინსპექციას ბათუმში, „სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე N94/96, საცხოვრებელი კორპუსის I სართულის სივრცეში საჯარო სამსახურის ოფისის მოწყობაზე“ ხელშეკრულება შპს „ვარმშენთან“ 839 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

აღნიშნული კორპუსის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში იგივე შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლითაც „შანხაის დასახლებაში“ „ბ“ კორპუსის აშენებაზე უარი თქვეს. თუმცა, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ხარჯთაღრიცხვა პირიქით, გაზარდეს.

„კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ს. ხიმშიაშვილის ქ. N94-96-ში მდებარე ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება გაიზარდა 838 444,35 ლარით და შეადგინა 21 674 905.77 ლარი“, – წერია მერიის სამმართველოსა და „ანაგის“ შეთანხმების დოკუმენტში.

ამ და სხვა ხარჯების შემცირება-გაზრდით კი თავდაპირველი, 78-მილიონიანი „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შემცირდა და განისაზღვრა 46 889 095,87 ლარით“, – წერია მხარეთა შეთანხმებაში.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ანუ 46,8 მილიონი ლარიდან, „ანაგზე“ დღეისათვის უკვე გადარიცხულია 39 964 449 ლარი [საერთო ღირებულების 85 პროცენტი].

„არ დამერიცხა, რატომ?“ – სოცდახმარების „ბაზის გაწმენდის“ შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვენ

„დაირიცხა სოციალურები თუ არა?“ – ყოველი თვის 20 რიცხვში ეს არის კითხვა, რომელიც სოციალურად დაუცველთა მიერ შექმნილ ფეისბუქ ჯგუფებში იწერება.

ათასობით სოციალურად დაუცველი, რომელიც გადამოწმებაში მოჰყვა, სწორედ 20 რიცხვში იგებს, რომ სოცდახმარების გარეშე დარჩა.

„არ დამერიცხა, სად გავარკვიო, რატომ არ დაირიცხა?“ – კითხულობს ერთი მოქალაქე.

„3 აგვისტოს მოვიდა ქულა, შეგვამოწმეს, არ დამრიცხვია, ნეტავ რატომ?“ – კითხულობს მეორე მოქალაქე.

„მე არ დამრიცხვია, ყოველ 20 რიცხვში მერიცხებოდა ხოლმე, მხოლოდ ბავშვი იღებს, ოჯახის სხვა წევრები არა,“ – ამბობს კიდევ ერთი.

„არც მე დამერიცხა. მესამე თვეა შეჩერებული მაქვს, არადა როგორი იმედი მქონდა,“ – წერს კიდევ ერთი.

„დაირიცხა და დაიხარჯა“ – წერს კიდევ ერთი მოქალაქე.

მსგავსი კომენტარები ასობითაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 7 თვეში სააგენტომ სოციალური დახმარება 133 324 ადამიანს შეუწყვიტა.

დღეს, 21 აგვისტოს, დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ქალმა, თეონა ჭალიძემ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა, რომ მონიტორინგი გაუწიოს სოციალურად დაუცველთა „ბაზის გაწმენდას“ რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

„სოციალური მომსახურების სააგენტომ ინტენსიური გადამოწმებების შედეგად მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა მოუხსნა 133 324 ადამიანს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს რომ თითქოს 39 530 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა… ამ სტატისტიკაში არ შედიან ის პირები, რომლებსაც საარსებო შემწეობის ოდენობა შეუმცირდათ, რადგან ზოგს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა გაეზარდა იმდენად რომ საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდა, მაგრამ თანხის ოდენობა შეუმცირდა.

პროგრამას ისედაც არაერთი ხარვეზი აქვს, რეალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ვერ ხედავს და საბაზისო დახმარების გარეშე ტოვებს, ამიტომ ზოგი განაცხადსაც კი აღარ აკეთებს, რადგან იმედი აღარ აქვს,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

თეონა ჭალიძის თქმით, სოციალურ შემწეობას უხსნიან ისეთ ოჯახებს, რომლებსაც არასრულწლოვანი ან შშმ ბავშვები ჰყავთ.

თეონა ჭალიძე სოცდახმარების სააგენტოს საქმიანობის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს

სოცდახმარების მოხსნის მიზეზთა შორის არის, მაგალითად, ზამთარში მაღალი კომუნალური გადასახადის გადახდა.

„უსამართლოა ის, რომ სოციალური შემწეობის მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი არის ზამთარში კომუნალური გადასახადის ოდენობა. სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეშის ყიდვა ძვირი უჯდება, ერთიანად ვერ ყიდულობს, ამიტომ ბუნებრივ აირს მეტს მოიხმარს და ამას არავინ ითვალისწინებს… არც იმას ითვალისწინებენ, რომ ზოგს ბუნებრივი აირი საერთოდ არ აქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიას უფრო მეტს მოიხმარს ზამთარში.

არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ დეკლარაცია არასწორად შეუვსეს და ზოგიერთი სოციალური აგენტი ვარაუდით ავსებს ფორმას.

სოციალური მომსახურების სააგენტო კი, საზოგადოებასთან ამ მასშტაბური „ბაზის წმენდის“ შესახებ დეტალურ ახსნა-განმარტებას არ აკეთებს, თუ რა კონკრეტული საფუძვლებით მოხდა ამდენი პირისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ათობით მოქალაქეს პრეტენზია აქვს სოციალური აგენტების მუშაობასთან დაკავშირებით და ეჭვობენ, რომ სოცაგენტები ხელმძღვანელობისგან არაფორმალური მითითებებით მოქმედებენ, რომ „რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუწყვიტონ ან შეუმცირონ საარსებო შემწეობა“.

„მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლოს საარსებო შემწეობის შეჩერება – შეწყვეტასთან დაკავშირებული კონკრეტული მავნე პრაქტიკები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

მივმართავ სახალხო დამცველს, რომ მონიტორინგი გაუწიოს ამ პროცესს და შეისწავლოს, რამდენად სამართლიანად ხდება „ბაზის გაწმენდა“, როგორც თავად უწოდებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ „ბაზის გაწმენდაზეა“ დამოკიდებული ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა და ბრძოლა გადარჩენისთვის.

სოციალური პროგრამების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ადამიანების გაჭირვებით მანიპულირება და სიღარიბის მაჩვენებელი სტატისტიკების ხელოვნური მართვა უნდა დასრულდეს,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სოცდახმარების მიმღებთა ოდენობა 2026 წლის თებერვლიდან მცირდება.

ამ შემცირების დაწყებას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „სოცდახმარების მიმღებთა ჭარბი რაოდენობა გადასახედი იყო“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო შვიდ თვეში ასეთია:

  • 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა – 710 226 პირი (184 921 ოჯახი);
  • 2026 წლის თებერვალი – 709 458 პირი (184 773 ოჯახი);
  • 2026 წლის მარტი – 667 793 პირი (174 111 ოჯახი);
  • 2026 წლის აპრილი – 645 920 პირი (166 841 ოჯახი);
  • 2026 წლის მაისი – 605 033 პირი (153 171 ოჯახი);
  • 2026 წლის ივნისი – 584 137 პირი (146 996 ოჯახი);
  • 2026 წლის ივლისი – 576 902 პირი (145 391 ოჯახი).

ამავე თემაზე:

133 324 ადამიანს დახმარება შეუჩერეს – სოცსააგენტოს 7 თვის სტატისტიკა

„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში

„არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი – მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძე, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრია.

მურმან დუმბაძეს ვესაუბრეთ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე და „ოცნების“ რიტორიკაზე: „ოცნების“ სხვა ყოფილი ლიდერებისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილის დაჯგუფებაში აგრესიულად არ უპირისპირდებიან.

„ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ სულ სიჩუმეში იქნება, ამას მოჰყვება რეიტინგის კლება. ამიტომაც, ცოტა უნდა იფაფხუროს, რომ რეიტინგი შეინარჩუნოს. მოკლედ, ღარიბაშვილი შუა წყალშია: იქეთ წავიდეს ცეცხლია, აქეთ – მეწყერი. ბიძინას რომ ძალიან დაარტყას, ბიძინასგან წნეხს მიიღებს, ბიძინა რომ ძალიან დააქოს, მისი სამომავლო მხარდამჭერებიდან ვეღარაფერს ვერ მიიღებს.

ჩემი აზრით, ჯერჯერობით მაინც ფრთხილობს ირაკლი ღარიბაშვილი. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უღალატებს და სამომავლოდაც ასე გააგრძელებს. ის არ აპირებს ბრძოლას. ასე ასრულებს საკუთარ წერილს, მე არავის არ ვებრძვი, საკუთარ თავს ვიცავო,“ – ამბობს მურმან დუმბაძე.

„ბათუმელებმა“ მურმან დუმბაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერია, დღეს იგი პარტიის „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელია:

  • ბატონო მურმან, თქვენთვის რას აჩვენებს „ოცნების“ ლიდერების და მხარდამჭერების რიტორიკა ექსპრემიერ ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე? „ოცნების“ სხვა ლიდერებისგან, მაგალითად, გახარიასგან განსხვავებით, ღარიბაშვილს აგრესიულად არ აკრიტიკებენ. 

მგონი, უფრო იმიტომ, რომ ღარიბაშვილი დატყვევებული ჰყავთ და ინდობენ. გახარიაც რომ დატყვევებული იყოს, მასაც ასევე მოექცეოდნენ. სიძულვილი, როგორც გახარიას, ისე ღარიბაშვილის მიმართ იქნება ერთი და იგივე ივანიშვილის მხრიდან.

ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან. ბიძინა ივანიშვილში არავითარი ცვლილება არ არის. ის არის ჩვეულებრივი „გადამგდები“, ყალთაბანდი, ჯიბგირი ადამიანი. რა დაპირებებითაც მოვედით ხელისუფლებაში, 2 ოქტომბერს უარყო პირდაპირი გაგებით – 2 ოქტომბერს მან ოფიციალურად განაცხადა უმრავლესობის სხდომაზე, რომ ვინც იქნებოდა მისიანი, იცხოვრებდა კარგად. ეს არის მისი სიტყვები.

მოვა დრო, როცა აღარ იქნება ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო, ამ საქმეზე შეიძლება საქმე აღიძრას მის მიმართ: 2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია – ანუ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თვეა გასული: მე და ბიძინა ივანიშვილმა ვიკამათეთ სერიოზულ საკითხზე.

შენ რამდენი ბიზნესი გექნება და მე – რამდენი, ამაზე არ გვიკამათია. სერიოზულ სახელმწიფო საკითხზე ვიკამათეთ და მეორე დღეს, ეს არის სადღაც 19-21 თებერვალი, ზუსტად არ მახსოვს, ივანიშვილმა დამირეკა ტელეფონზე. ის მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი. მან მითხრა: „ფრთხილად იყავი, მურმან, ქუჩაში არაფერი მოგივიდეს“. არის თუ არა ეს კრიმინალური განცხადება?

მე რამდენიმე ადამიანი გავაფრთხილე ამის შესახებ, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები. მათ არაფერი არ იღონეს…

როცა 2014 წელს პარტიიდან გამრიცხეს, მაშინ ვთქვი, რომ ივანიშვილმა ეს სიტყვა მითხრა. როცა საქართველოს მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირი, ანუ პრაქტიკულად პირველი სახელმწიფო პოლიტიკური პირი, მეორე სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიმართ აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს კრიმინალური განცხადებაა და ამაზე პროკურატურას უნდა ჰქონდეს რეაგირება.

  • თავის დროზე გაჩუმება რატომ არჩიეთ? 

2014 წლამდე გაჩუმება ვარჩიე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი თეთრ ცხენზე იჯდა და ჩემიანებიც ვერ დავარწმუნე, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ სიტყვებს გამოიყენებდა. ჩემიანების უმეტესობა ფიქრობდა, რომ შიშის დაძლევის პრევენციისთვის ვამბობდი ამას.

ეს კამათი ეხებოდა მთავრობის წევრს, რომელიც მერე გააგდო. ვუთხარი, რომ ეს კაცი არასახელმწიფოებრივად იქცევა-მეთქი. ახლა დაჩაგრულია და არ მინდა ვთქვა, ვის შესახებ ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს…

  • არსებობს მოსაზრება, რომ ივანიშვილის დაჯგუფებაში ბრძოლაა „ლიდერობაზე“ – კობახიძე და მდინარაძე უპირისპირდებიან ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან მას ამ დაჯგუფებაში შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს. 

ვნახულობ ამ ექსპერტულ შეფასებებს, მაგრამ მე ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ გეუბნებით: არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი, მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან.

არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან. ვერცერთი ადამიანი ვერ გადასცემდა მისი ოჯახის წევრს რაიმე წერილს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი, მისი დაწერილი, მისი ნათქვამი, მისი ინიციირებული და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილია ამ საქმის თავშიც და ბოლოშიც.

„ქართულ ოცნებაში“ ვინც დარჩა, ჩანს, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მაინც ირაკლი ღარიბაშვილს აქვს. ის არ არის პოლიტიკური ფიგურა, ისიც ფუტუროა – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ასე თუ ისე, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის გვერდით იყო.

ვერ დამისახლებთ ინტერვიუს, საჯარო გამოსვლას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, როცა ირაკლი ღარიბაშვილი რამეს ამბობს მიმდინარე პროცესებზე, საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ პირველ ოქტომბრამდე ივანიშვილის გვერდით იყო ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც მეგობარი. ამას უფასებს „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილს.

მურმან დუმბაძე
  • რა საფრთხე შეიძლება დაენახა ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილში დღეს? 

გახარიამ ხომ „ქართული ოცნებიდან“ რაღაც ხმები წაიღო – ეს აშკარაა. ახლა გახარიას რაღაც ხმებს რომ დაემატოს ღარიბაშვილის ხმები – ეს ბიძინა ივანიშვილს აკლდება. ამიტომ ის ამაზე ფიქრობს: შეიძლება ხვალ მესამე კაცი დაიბადოს, შეიძლება, ვიღაც გაჩნდეს კიდევ ახალი. ასე რომ, ამით ერთგვარად იზღვევს თავს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილმა პარტია რომ შექმნას, გაცილებით მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე მდინარაძე და კობახიძე ერთად აღებული. ამიტომაც, ივანიშვილისთვის ეს არის სამომავლო ხიფათი – როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არ იქნება, ხიფათია.

თანაც, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მესამე წერილში წერს ღარიბაშვილი, რომ ძალიან მიყვარს ბიძინა ივანიშვილიო.

  • ივანიშვილის მოღალატედ ცდილობთ, რომ გამომიყვანოთო… 

ზუსტად ისე ლაპარაკობს, როგორც ეკა ბესელია ლაპარაკობდა, სანამ ბოლომდე თავში არ ჩაარტყეს. ეკა ბესელია რომ წამოვიდა პარლამენტიდან, ვერავინ ვერ ათქმევინა აუგი ბიძინა ივანიშვილზე.

  • ღარიბაშვილს რა გათვლით აწყობს ისევ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დათბობა? 

ციხეშია. ეს არის მშიშარა ადამიანის მოსაზრება, ღარიბაშვილს არავითარი გაბედულება არ აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც მიშას დროს მიშა იყო, შევარდნაძის დროს შევარდნაძე იყო, ანუ მისი ოჯახი და მთელი მისი შემადგენლობა: სიმამრი, სიდედრი და ასე შემდეგ.

თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს კაცი მართლა მიხეილ სააკაშვილს ებრძოდა? ღარიბაშვილის ბიძია – დედის ძმა იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი გამგებელი დედოფლისწყაროში. ირაკლი ღარიბაშვილის მამა – ტარიელ ღარიბაშვილი დაბა დედოფლისწყაროს გამგებელი იყო.

ასე რომ, ეს ხალხი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მსახურები იყვნენ. მათ მოსწონდათ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც ხელისუფლება. არავითარი წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მათგან არ ყოფილა.

ამ ოჯახის გაზრდილი კაცია ირაკლი ღარიბაშვილი და, ბუნებრივია, იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს. მონა სხვაგვარად არ მოიქცევა.

  • 13 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილს ცოლი წერდა ფეისბუკში: „უფალმა არ გაგვწირა, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ“, დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ოჯახის აწიოკებაზე – მიმანიშნეს 75 წლის მამის დაჭერაზეო. ამას როგორ ხსნით? 

ნუნუკა თამაზაშვილიც ხომ რაღაც განსაკუთრებულ ოჯახში არ არის გაზრდილი. ნუნუკა თამაზაშვილის მამა იყო ცნობილი პოლიციელი – მას რაიმე აუგი უთქვამს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე ერთხელ მაინც?

ეს ხალხი ასე ცხოვრობს-  ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში: შევარდნაძის დროს შევარდნაძეა, აბაშიძის დროს აბაშიძეა, მიხეილ სააკაშვილის დროს მიხეილ სააკაშვილია. ასეთი ადამიანები არიან.ისინი ტივტივებენ მუდმივად და გააგრძელებენ ტივტივს, ვიდრე ჩვენ არ მოვიქცევით წესიერად – ამიტომაც, ჩვენ უნდა ვიყოთ წესიერი ხალხი.

ღარიბაშვილის განაცხადი ოჯახზე ერთგვარი პრევენციაა. როგორც ჩანს, ციხეში მას ფიზიკურადაც შეეხნენ – საავადმყოფოში იყო. მერე გარდაიცვალა ღარიბაშვილის ცოლის ძმის სიმამრი ძალიან საეჭვო ვითარებაში – ეს ყველაფერი ემატება ერთმანეთს. ახლა ღარიბაშვილი მარტოა საკანში, წერს და აქვეყნებს იმ წერილს, რასაც აქვეყნებს. ის ამბობს, რომ მაგარია, მაგრამ მაგარია ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

  • ამავე წერილში მიმართავს „ოცნებას“, სარკისებურად გიპასუხებთ ყველასო… 

ასე პასუხობს კობახიძეს და მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კი, სიყვარული და რიდი შენარჩუნებული აქვს.

ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ სულ სიჩუმეში იქნება, ამას მოჰყვება რეიტინგის კლება. ამიტომაც, ცოტა უნდა იფაფხუროს, რომ რეიტინგი შეინარჩუნოს. მოკლედ, ღარიბაშვილი შუა წყალშია: იქეთ წავიდეს ცეცხლია, აქეთ – მეწყერი. ბიძინას რომ ძალიან დაარტყას, ბიძინასგან წნეხს მიიღებს, ბიძინა რომ ძალიან აქოს, მისი სამომავლო მხარდამჭერებიდან ვეღარაფერს ვერ მიიღებს.

ჩემი აზრით, ჯერჯერობით მაინც ფრთხილობს. ის ამბობს, რომ ივანიშვილს არ უღალატებს და სამომავლოდაც ასე გააგრძელებს. ის არ აპირებს ბრძოლას. ასე ასრულებს საკუთარ წერილს, მე არავის არ ვებრძვი, საკუთარ თავს ვიცავო.

  • „ოცნება“ რატომ ინდობს ირაკლი ღარიბაშვილს, მაგალითად, გია ვოლსკი ამბობდა, განვიცდით ამ მდგომარეობას, რაშიც ღარიბაშვილი აღმოჩნდაო, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან, ვიღაც ცდილობს პროვოკაცია ჩამოაგდოსო. 

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ კარგად შესწავლილი აქვთ რეიტინგები და ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ სალიდერო პოზიციაზეა. იციან, რომ ის ხმები, რაც შეიძლება ღარიბაშვილის სახით ივანიშვილს გამოაკლდეს, საკმაოდ სოლიდური იქნება.

ეს არის კრიმინალური ბანდის სხვადასხვა წევრებს შორის დაპირისპირება. როგორც ფინანსური დაპირისპირება, ისე დაპირისპირება გავლენებში, კადრებთან მიმართებით და ასე შემდეგ.

  • რა იცვლება ამით არსებითად ივანიშვილის დაჯგუფებაში? ახერხებს ივანიშვილი დიქტატურის გზაზე კიდევ უფრო გაიმყაროს საკუთარი პოზიციები? 

არაფერი ამით არსებითად არ იცვლება. სამომავლო ხელისუფლება უნდა გავაფრთხილოთ, რაც გვითხრეს 300 წლის წინ, რომ არ შეიძლება იყო ხელისუფლებაში იმაზე უფრო მეტი ხნით, ვიდრე ამის ლეგიტიმაციას გაძლევს მოქალაქე. როცა მოქალაქე ლეგიტიმაციას არ გაძლევს, უნდა წახვიდე.

დღეს საქართველოში არის კლასიკური, ავტორიტარული რეჟიმი. თუ ჩვენ ნამდვილ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, რომელსაც ჰქვია „ერთი ადამიანი – ერთი ხმა“, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს, ბუნებრივია, წააგებს. მისი ხელისუფლებაში შენარჩუნების გზა გადის სწორედ ავტორიტარიზმზე: დღეს ეს უნდა დაჩაგროს, მერე ის უნდა დაჩაგროს, მერე რაღაც ახალი მესიჯი უნდა გამოაცხოს.

დემოკრატიით მართვა, თვითმმართველობით, არჩევნებით, კონკურენციით მართვა ბიძინა ივანიშვილს აღარ შეუძლია 2016 წლის შემდეგ. ამიტომაც, იგი დამარცხებულია…

შეუძლებელია, ამ რეჟიმში ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე გაქაჩოს. გამორიცხულია – იმიტომ, რომ მაგაზე მაგარი დიქტატორები არიან ხელისუფლებიდან წასული. შეიძლება, ეს გაგრძელდეს ერთი კვირა, ერთი წელი, თუ ათი წელი, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის დასასრული იქნება ძალიან ცუდი.

ბაგრატის ტაძართან მუზეუმ-ნაკრძალი ბალახითაა დაფარული – რას ამბობს სააგენტო

თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელი გვანცა ბერძენიშვილი, რომელიც 20 აგვისტოს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარე მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა, გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ არის ჯაგნარსა და ბალახებში ჩაფლული უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები.

მუზეუმ-ნაკრძალი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

მუზეუმ-ნაკრძალში, ბაგრატის ტაძრის უკან არსებული გალავნის იქეთ, რუსუდან მეფის დროინდელი კარის ეკლესიისა და სასახლეების ნაშთებია, რომლებიც ბალახითაა დაფარული.

ნახეთ ვიდეო: 

„აქ პატარა სასახლეები დგას, რომლებიც ერთმანეთზეა დაშენებული: აფხაზთა მეფის ლეონის სასახლე, ზემოდან არის ერთიანი საქართველოს მეფეების: დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სასახლეები, ზემოდან კი იშლება იმერეთის მეფის საცხოვრებელი. ანუ, დიდი მასშტაბის კომპლექსზეა ლაპარაკი“ – ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.

მან გვითხრა, რომ ამ ადგილებს კარგად იცნობს, რადგან მამამისი, არქეოლოგი დავით ბერძენიშვილი, ამ ტერიტორიაზე ხშირად ატარებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს და გვანცაც, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან, თან დაჰყავდა.

„ბაგრატის ტაძარს ვიცნობ ბავშვობიდან, ყოველ ზაფხულს დავდიოდი აქ, რადგან მამაჩემი არქეოლოგია და საკუთარი თვალით მინახავს, როგორი მდგომარეობა იყო აქ ადრე.

ამოდიოდნენ ისტორიის და არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ყოველ ზაფხულს გაწმენდით სამუშაოებზე და ასე არ იყო ბალახი მოდებული ყველაფერზე.

ბუჩქნარისგან რომ გაწმინდო ტერიტორია, ცხადია, ამას სჭირდება ფიზიკური შრომა. სტუდენტებიც მუშაობდნენ, მამაჩემიც მუშაობდა და სხვა არქეოლოგებიც და ეს კავშირი – უნივერსიტეტსა და ამ ნაკრძალს შორის არსებობდა.

პრაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუდენტებს ენახათ, როგორ უნდა გაიწმინდოს ძეგლი, როცა მასზე მცენარეა ამოსული.

ადრე ტურისტული მარშრუტიც იყო შექმნილი და აქ ბევრი ტურისტი ამოდიოდა. ახლა კი ყველაფერი ცუდ მდგომარეობაშია. ხეებისა და ბუჩქების გამო, ფაქტობრივად, აღარ ჩანს ისტორიული ძეგლების ფრაგმენტები და ყველაფერი ბალახშია ჩაფლული.

მოშლილია ინფრასტრუქტურა.

ბაგრატის ტაძრის გარდა, უკან მთელი კომპლექსია სასახლეების, აბანოების. უძველესი წყალგაყვანილობის სისტემაა აქ, რომელიც ახლა ხეებით არის დაფარული“- ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.

გვანცა ბერძენიშვილი

მისი თქმით, რესტავრაციის შემდეგ, ბაგრატის ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია საპატრიარქოს გადაეცა. ტაძრის ეზო გაწმენდილი და მოვლილია, მაგრამ ტაძრის უკან არსებული მუზეუმ-ნაკრძალი სახელმწიფოს საკუთრებაშია და მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„შედიხარ ბაგრატის ტაძრის ეზოში და ყველაფერი მოწესრიგებულია, გასუფთავებული, ხალხმრავალი ტაძარია და ტაძრის უკანა მხარე კი, ქალაქის ამხელა ნაწილი – მიტოვებული და მოუვლელია.

როგორც ვიცი, ამ მუზეუმ-ნაკრძალს ოფიციალური სტატუსიც აქვს და წესით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უნდა ზრუნავდეს მასზე, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ყველაფერი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

1-2 ადამიანს გავესაუბრე, რომლებიც ამბობენ, რომ კადრების ნაკლებობაა. სულ 2 ადამიანი მუშაობს ტერიტორიის დასუფთავებაზეო და თუ ასეა, მაშინ ეს არ არის საკმარისი, რადგან ტერიტორია დიდია და 2 ადამიანი ამას ვერ გაწვდება. 200 და 300 ლარად აღარავის უნდა მუშაობა. არც სტუდენტებს აქვთ, როგორც ჩანს, ინტერესი. ისედაც გარბიან ადამიანები ქალაქიდან, ქვეყნიდან და როგორც ჩანს, სოციალური პრობლემები ამ ინტერესებსაც აქრობს.

ისიც გასარკვევია, რატომ არ ამატებენ კადრებს. მე-13 საუკუნის რუსუდანის ეკლესია რომ ვახსენე, იმის ეზო ამ დილით ჰქონდათ მოთიბული. დანარჩენი ტერიტორია კი, სადაც ისტორიული ძეგლების ნაშთებია, ჯაგნარითაა დაფარული. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა ეს ადგილი.

ძალიან მტკივა გული, გაბრაზებული ვარ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოზეც, რადგან შესაძლოა ახლა არ გვაქვს ამ ძეგლების აღდგენის ფული, მაგრამ რაც გაკეთებულია, იმას რომ მიატოვებ და გააჩანაგებ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა“- ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ჰკითხა, რატომ არ იწმინდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, ვინ არის პასუხისმგებელი ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე და იგეგმება თუ არა ამ მხრივ მომავალში რაიმე. 

„მოცემული ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე გაწმენდილია და გაწმენდის პროცესი აქტიურად გრძელდება.

სამწუხაროდ, საიტმენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია ტერიტორიის მოწესრიგებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფდა ტერიტორიის სათანადო მოვლას. თუმცა უახლოეს მომავალში 2 საიტმენეჯერი დაემატება და ტერიტორია მუდმივად მოწესრიგებული იქნება“- მოგვწერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან.

სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალი სააგენტოს შემადგენლობაში შედის და მუზეუმს ცალკე ბიუჯეტი არ აქვს.

________________

მთავარ ფოტოზე: ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს ბალახით დაფარული მუზეუმ-ნაკრძალი.

რატომ „ბატონო მოსამართლევ“, როცა მოსამართლე ქალია? – ძალაუფლების ენა ქართულ სასამართლოში

ავტორი: თამარ ჩხიკვაძე 

___________________

სასამართლო არის ინსტიტუცია, რომელიც საზოგადოების წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის ღირსების დაცვის უმაღლეს სტანდარტს უნდა წარმოადგენდეს. მართლმსაჯულება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, იგი გამოიხატება იმ ყოველდღიურ პროფესიულ კულტურაშიც, რომელსაც სასამართლო ქმნის. ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია ენა, რომლითაც სასამართლო პროცესის მონაწილეები ერთმანეთს მიმართავენ.

ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. იგი ასახავს და, ხშირ შემთხვევაში, აყალიბებს საზოგადოებრივ წარმოდგენებს. ამიტომ, როდესაც სასამართლო პროცესში ქალ მოსამართლეს სისტემატურად მიმართავენ სიტყვით – „ბატონო“, საკითხი მხოლოდ ტრადიციას ან ეტიკეტს აღარ ეხება. იგი უკავშირდება იმ სიმბოლურ გზავნილს, რომელსაც მართლმსაჯულების სისტემა საზოგადოებას უგზავნის..

  • არსებული პრაქტიკა

საქართველოს სასამართლოებში დღემდე დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ქალ მოსამართლეებს ხშირად მიმართავენ სიტყვებით – „ბატონო მოსამართლე“ (იგივე პრაქტიკა არის დამკვიდრებული ქალ პროკურორებთან მიმართებაშიც).

აღნიშნული საკითხი 2021 წელს გახდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განხილვის საგანი. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის მიერ სახალხო დამცველისადმი წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მსგავსი მიმართვა ირიბად ამყარებს საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობა „მამაკაცურ“ პროფესიად აღიქმება.

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წახალისება არ დაადგინა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მიმართვის სავალდებულო ფორმას. თუმცა, გადაწყვეტილებაში პირდაპირ აღინიშნა, რომ ქალი მოსამართლეების მიმართ სქესთან შეუსაბამო მიმართვის გამოყენების პრაქტიკა რეალურად არსებობს და რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, პროფესიულ წრეებში გაემართათ დისკუსია აღნიშნულ საკითხზე და უზრუნველეყოთ ამ თემის ინტეგრირება სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში.

შესაბამისად, დავა დღეს აღარ ეხება მხოლოდ იმას, არის თუ არა ეს პრაქტიკა კანონსაწინააღმდეგო. კითხვა შემდეგნაირად უნდა დაისვას: შეესაბამება თუ არა აღნიშნული პრაქტიკა თანამედროვე მართლმსაჯულების, თანასწორობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებს.

რატომ არ არის  მიმართვა „ბატონო მოსამართლე“ გენდერულად მგრძნობიარე?

ქართული ენის სისტემაში სიტყვა „ბატონი“ წარმოადგენს მამაკაცის აღმნიშვნელ მიმართვის ფორმას, ხოლო მისი ქალური შესატყვისია „ქალბატონი“. შესაბამისად, „ბატონო“ თავისი შინაარსით ვერ ჩაითვლება გენდერულად მგრძნობიარე ტერმინად.

იმ ფაქტს, რომ მიმართვის ეს ფორმა მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ქალი მოსამართლეების მიმართ, არ შეუცვლია მისი ლექსიკური მნიშვნელობა. პირიქით, ეს პრაქტიკა ასახავს იმ ისტორიულ რეალობას, როდესაც სასამართლო სისტემა თითქმის მთლიანად მამაკაცებით იყო დაკომპლექტებული და მიმართვის ფორმებიც სწორედ ამ რეალობაზე იყო მორგებული.

დღეს, როდესაც ქალი მოსამართლეები საქართველოს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და მართლმსაჯულებას თანაბარი უფლებამოსილებით ახორციელებენ, პროფესიული კომუნიკაციაც უნდა ასახავდეს ამ რეალობას.

ქალი მოსამართლის მიმართ მამაკაცისათვის განკუთვნილი მიმართვის ფორმის გამოყენება არ წარმოადგენს გენდერულ მგრძნობელობას. პირიქით, იგი ქმნის წარმოდგენას, რომ ავტორიტეტისა და მოსამართლის როლის ნორმატიული ფორმა კვლავ მამაკაცურ იდენტობას უკავშირდება, ხოლო ქალი ამ როლში მხოლოდ იმ შემთხვევაში თავსდება, თუ მის მიმართაც იგივე, მიმართვის მამაკაცური ფორმა გამოიყენება.

  • საერთაშორისო გამოცდილება

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თანამედროვე სასამართლო სისტემები თანდათან ანიჭებენ უპირატესობას პროფესიულ და გენდერულად ინკლუზიურ მიმართვის ფორმებს.

ინგლისისა და უელსის სასამართლოებში ფართოდ გამოიყენება მიმართვის ფორმა “Your Honour” ან უბრალოდ “Judge”, რომელიც მოსამართლის სქესზე არ არის დამოკიდებული.

კანადის რამდენიმე იურისდიქციამ უარი თქვა ისტორიულ ფორმებზე, როგორიცაა “My Lord” და “My Lady” და ჩაანაცვლა ისინი გენდერულად ინკლუზიური ფორმებით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია „სექსიზმის პრევენციის შესახებ“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ენობრივი პრაქტიკების გადახედვას, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს. რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მათ შორის მართლმსაჯულების ორგანოებმა, ხელი უნდა შეუწყონ ისეთი კომუნიკაციის სტანდარტების ჩამოყალიბებას, რომლებიც პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებას და უზრუნველყოფს თანასწორ წარმომადგენლობას.

ეს მაგალითები ადასტურებს, რომ თანამედროვე მართლმსაჯულება სულ უფრო მეტად გადადის იმ მოდელზე, სადაც პროფესიული ავტორიტეტი გამოიხატება არა გენდერული, არამედ პროფესიული მიმართვის ფორმებით.

  • სამართლებრივი საფუძველი

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს ისეთი ქმედებების წახალისებას, რომლებიც ხელს უწყობს დისკრიმინაციას. ამავე დროს, თანამედროვე ანტიდისკრიმინაციული სამართალი აღიარებს, რომ თანასწორობის დაცვა მხოლოდ პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვით არ შემოიფარგლება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პრაქტიკების გადახედვასაც, რომლებიც ფორმალურად ნეიტრალურია, მაგრამ შინაარსობრივ დონეზე ინარჩუნებს ისტორიულ უთანასწორობას.

სახალხო დამცველმაც სწორედ ამიტომ მიუთითა, რომ აუცილებელია პროფესიული დისკუსია და შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ქალი მოსამართლეების მიმართ სქესთან შეუსაბამო მიმართვის გამოყენების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ: 

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეიმუშაოს პროფესიული რეკომენდაციები ქალი მოსამართლეების მიმართ გენდერულად შესაბამისი ან გენდერულად მგრძნობიარე მიმართვის ფორმების გამოყენების შესახებ;
  • საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის ინტეგრირება პროფესიული გადამზადების პროგრამებსა და ეთიკის შესახებ ტრენინგებში;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა სასწავლო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს გენდერულად მგრძნობიარე სასამართლო კომუნიკაციის სტანდარტებს;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ისეთი პროფესიული პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც სრულად შეესაბამება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.

ეს მოსაზრება არ ემსახურება ტრადიციების უარყოფას და არც რომელიმე პროფესიული ჯგუფის კრიტიკას. მისი მიზანია მართლმსაჯულების სისტემაში ისეთი პროფესიული კულტურის მხარდაჭერა, რომელიც პასუხობს თანამედროვე კონსტიტუციურ ღირებულებებს, ადამიანის ღირსების პატივისცემისა და გენდერული თანასწორობის პრინციპს.

სასამართლო არის ადგილი, სადაც ყველა მოქალაქემ უნდა დაინახოს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა არა მხოლოდ გადაწყვეტილებებში, არამედ სასამართლოს ყოველდღიურ ენასა და პრაქტიკაშიც აისახება. სწორედ ამიტომ, ქალი მოსამართლეების მიმართ გენდერულად შესაბამისი ან გენდერულად ნეიტრალური მიმართვის ფორმების დამკვიდრება არ წარმოადგენს მხოლოდ ლინგვისტურ ცვლილებას — იგი წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის მზაობას, საკუთარი პროფესიული კულტურა შეუსაბამოს იმ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც თავად ემსახურება.

_________________

თამარ ჩხიკვაძე არის IE University-ის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის სტაჟიორი. 

„მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა“ – ბრალდებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა წერს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ყველაზე სისხლიანი ზაფხული უკრაინაში და მოახლოებული ზამთრის შიში – რა თქვეს ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

რუსულმა იერიშებმა მიმდინარე ზაფხული უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბოლო წლების ყველაზე სისხლიან პერიოდად აქცია. ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუწყვეტელი დაბომბვა ადამიანურ ტანჯვას უმაღლეს ნიშნულამდე ზრდის, რის გამოც მილიონობით ადამიანი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.

ვაშინგტონში გავლენიანმა ორგანიზაციამ „ატლანტიკური საბჭო“ სწორედ ეს რეალობა განიხილა და ადგილზე არსებული კრიტიკული სიტუაცია წარმოაჩინა.

„ამ წელს, ყოველ თვეში, მსხვერპლი წინაზე მეტი იყო. წლევანდელი ივლისი მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მაღალი დანაკარგით გამოირჩეოდა… პირველ შვიდ თვეში დაშავებული და დაღუპული აღვრიცხეთ. ფრონტისპირა ზონები საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი კი დევნილია“, – აღნიშნა დანიელა ბელმა, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

დიდ ქალაქებში ბალისტიკური რაკეტები საჰაერო განგაშის ჩართვამდე ეცემა.

„ეს ძალიან შემზარავია. კიევში ვცხოვრობ და არასდროს ვყოფილვარ ისე შეშინებული, როგორც ახლა… ბალისტიკური დარტყმები ხდება იმავე წამს ან მანამ, სანამ განგაშის სირენა ჩაირთვება. ხვდები, რომ სრულიად უმწეო ხარ, რადგან თითქმის არაფერი გვაქვს ამ რაკეტების ჩამოსაგდებად“, – განაცხადა ოქსანა ნეჩიპორენკომ, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის მკვლევარმა და GoGlobal-ის თანადამფუძნებელმა.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, განადგურებული ენერგოსისტემის გამო მოსახლეობაში პანიკა იზრდება:

„ზამთარი ახლოვდება და ის ურთულესი იქნება. ხალხმა დაიწყო ფიქრი, სად წავიდეს ზამთარში. ჩემს გუნდსაც ვუთხარი, განსაკუთრებით ბავშვიან ოჯახებს – იფიქრეთ, სად გადახვიდეთ, რადგან კიევს აუცილებლად დაარტყამენ“, – დასძინა ნეჩიპორენკომ.

  • მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

მოსახლეობის ეს მძიმე მდგომარეობა მოსკოვის გათვლილი სტრატეგიის შედეგია.

„მოსკოვის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ მოსახლეობას, დატერორებით, დანებებას აიძულებდა. ეს იყო მათი ლოგიკა და დღემდე ეს რჩება. ეჭვგარეშეა, რომ ტანჯვა, რომელსაც ყველა ელის ამ ზამთარში, გამოწვეულია Patriot-ის სისტემების ნაკლებობით… ეს არის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა – ადამიანის მიერ შექმნილი და ომის დანაშაულებით განპირობებული“, – განაცხადა დიპლომატმა ჯონ ჰერბსტმა, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის უფროსმა დირექტორმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში.

  • ტრავმირებული ბავშვები და ცნობიერების დეფიციტი

თავშესაფრებში გატარებულმა წლებმა ბავშვებს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა წაართვა. ნეჩიპორენკომ აღნიშნა, რომ „არიან ბავშვები, რომლებიც ექვსი წელია სკოლაში არ ყოფილან… 83%-ს ემოციური სტრესი და განვითარების შეფერხება აღენიშნება“.

ამას ემატება ბავშვების რუსეთში იძულებითი დეპორტაცია.

„ეს არის რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მიზანმიმართული მცდელობა: წაიყვანონ უკრაინელი ბავშვები რუსეთში,  ჩაუტარონ ინდოქტრინაცია და მოახდინონ მათი მილიტარიზაცია… ესენი მოპარული ბავშვები არიან“, – განაცხადა მეგან მობსმა, R. Weatherman Foundation-ის პრეზიდენტმა.

მობსმა დასძინა, რომ დასავლეთის ენა ზედმეტად კლინიკური და მშრალია, რაც რეალურ ტკივილს ფარავს. ელჩმა ჰერბსტმა კი გააფრთხილა, რომ „სიტყვა „არაადეკვატურიც“ არასაკმარისია იმ ყურადღების აღსაწერად, რაც ამ კრიზისს ეთმობა“, ხოლო ბელმა ხაზი გაუსვა, რომ „რეალური მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ გამძლეობაზე საუბარი ფუჭია“.

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლივი მიწოდების გარეშე, მილიონობით უკრაინელი მოახლოებულ ყინვებს რუსული რაკეტების პირისპირ სრულიად დაუცველი შეხვდება.

რუსეთში, ქალაქ პერმში დრონები „ლუკოილის“ ქარხანას დაესხნენ თავს

21 აგვისტოს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ პერმს, სადაც მდებარეობს „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ტელეგრამ-არხები, რომლებიც სისტემატურად აშუქებენ რუსეთ-უკრაინის ომს, წერენ, რომ თავდასხმის სამიზნე პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც უკრაინიდან 1500 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

პერმის ხელისუფლება ადასტურებს დრონების თავდასხმას.

ტელეგრამ არხის, Astra-ს ცნობით, „ველიკოიე სავინოს“ აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. პერმის ზოგიერთ რაიონში ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა.

მედიის ცნობით, პერმში მდებარეობს რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ამარაგებს საწვავით, როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე რუსული არმიას.

ბულვარში ადმინისტრაცია სკვერს აწყობს – რატომ იხდის „ორბი“ ?

ბათუმის ბულვარში – დელფინარიუმისა და საზღვაო აკადემიის გასწვრივ, სკვერის აწყობენ. ამ სამუშაოების შესრულებაზე არც ტენდერი გამოუცხადებიათ და, შესაბამისად, არც ხელშეკრულება დაუდია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ კერძო კომპანიას ბიუჯეტიდან ფულს არ უხდიან:

„კერძო სექტორი აკეთებს. კეთილი ჟესტის ამბავში აწესრიგებს ტერიტორიას კომპანია, რომელიც საჯაროდ არის გამოკრული საინფორმაციო დაფაზე, შეთანხმების ამბავია. ჩვენი ბიუჯეტიდან ტენდერით არ ფინანსდება კონკრეტულად ეს მონაკვეთი სკვერის. ფიჭვების ნაწილს არ ეხებიან, გამწვანება დარჩა და სადაც ასფალტი და ფილები იყო, იქ მიდის მოპირკეთება“, – მოგვწერეს ბულვარის ადმინისტრაციიდან.

საჯაროდ გამოკრული ბანერის მიხედვით ადგილზე „ვიკონ ჯგუფი“ მუშაობს.

სამუშაოები ბულვარში

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანია „ვიკონ ჯგუფი“ ადგილზე „ორბი  ჯგუფის“ დაფინანსებით მუშაობს. კონკრეტულად რას აფინანსებს „ორბი“ სკვერის მოწყობის პროცესში? – ამ კითხვაზე ბულვარის ადმინისტრაციაში არ გვიპასუხეს.

შესაბამისად, მერიას ვკითხეთ, ამ სკვერის მოწყობის სანაცვლოდ ხომ არ იგეგმება კომპანიისთვის, რომელიმე მიმდინარე ან დაგეგმილ მშენებლობაზე კოეფიციენტის გაზრდა. მერიაში გვითხრეს, რომ – არა. პასუხი არ გვაქვს კითხვაზე – ხომ არ უკავშირდება ეს ადრე აღებულ ვალდებულებას?

საგულისხმოა, რომ სწორედ ამ  სკვერის მიმდებარედ „ორბს“ ორი დამტკიცებული სამშენებლო პროექტი აქვს, სადაც კომპანიას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი გაუზარდეს და იმდენად დიდი დრო გავიდა იმ პროექტების დამტკიცებიდან, რომ წესით მოსაკრებელი უკვე გადახდილი უნდა ჰქონდეს. თუმცა, როგორც ბათუმში სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით ამბობენ, „ყველაფერი შესაძლებელია.“

ბულვარის ადმინისტრაცია სკვერს აწყობს ისე, რომ ბიუჯეტიდან ფულს არ ხარჯავს

2024 წელს „ორბი ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა – შპს „ბრიტიშ დეველოპმენტმა“ რუსთაველის #44-ში, ხოლო შპს „ვესტინვესტმა“ ნინოშვილის #39-ში ბათუმის მერიას დაგეგმილი სამშენებლო პროექტების არქიტექტურული ნაწილი შეათანხმეს.

განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, კომპანიები პროექტების K2-კოეფიციენტის გაზრდას 16.0-მდე ითხოვდნენ. სავარაუდოდ, „ორბს“ სწორედ ამის „ვალი“ აქვს მერიასთან, რასაც ამ ფორმით იხდის და „კეთილი ჟესტი“ სინამდვილეში არაფერ შუაშია.

„ბათუმელები“ კომპანიის დირექტორთან, ირაკლი კვერღელიძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა. დაკავშირების შემთხვევაში მის განმარტებას აქვე გამოვაქვეყნებთ.

ალიანსის მშენებარე ობიექტის მარჯვნივ და მარცხვნივ „ორბის“ პროექტების რენდერები

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბათუმში სახელმწიფო სტრუქტურა პროექტს კერძო დაფინანსებით ახორციელებს.

მაგალითად, ბულვარში, იქ, სადაც კაფე „ტყუპები“ დაანგრიეს, ბათუმის მერია მუნიციპალურ სკვერს ისე აწყობს, რომ არც ტენდერი გამოუცხადებია და არც ბიუჯეტშია საამისოდ ფული გათვალისწინებული.

___

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

ვინ იხეირა „ტყუპების“ დანგრევით – მერიის კორუფციული გარიგებები ბათუმის ბულვარში

 

 

 

„ეს არის საბოტაჟი ქართული კინოსა და კულტურის წინააღმდეგ“ – როგორ ებრძვის კინოცენტრი რეჟისორს

ქართველ რეჟისორ, უტა ბერიას ეროვნულმა კინოცენტრმა არ მისცა ნებართვა ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე საჯაროდ ეჩვენებინა ფილმი „ცრემლსადენი გაზი“.

რეჟისორი ამას ცენზურის მცდელობად აფასებს, კინოცენტრი კი თავს იმართლებს და ამბობს, რომ „ვინაიდან ფილმის დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა“.

აკრძალვის მიუხედავად, ფილმის პრემიერა ფესტივალზე შედგა და მან დამოუკიდებელი ჟიურის ჯილდო მიიღო.

„წარმოიდგინეთ, რომ ქართველი მოჭიდავე სპორტსმენები გავიდნენ ოლიმპიადაზე. დიდი წარმატებაა ხომ?! ამ დროს ჭიდაობის ფედერაციიდან რომ დარეკონ ოლიმპიურ კომიტეტში და უთხრან: არ გვინდა ქართული დროშა აიწიოს ოლიმპიადაზე, ამიტომ დისკვალიფიკაცია მიეცით ჩვენს სპორტსმენებსო. შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?

დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, როცა ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი მისწერა ფესტივალის ორგანიზატორებს და მოითხოვა, არ ეჩვენებინათ ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას ფილმი „ცრემლსადენი გაზი“.

სპორტის მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ სპორტი უფრო ესმით ჩვენთან და მინდა უფრო გასაგები გავხადო, რომ რაც მოხდა ქართველი რეჟისორის ფილმთან დაკავშირებით, ეს იყო საბოტაჟის საქმე ქართული კინოს, ქართული კულტურის წინააღმდეგ,“ – რეჟისორი ამირან დოლიძე „ბათუმელებთან“ ეხმაურება უტა ბერიას წინააღმდეგ საქართველოს კინოცენტრის პოზიციას.

  • რა მოხდა

15 აგვისტოს, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის ჯილდო მიიღო. რეჟისორმა პრიზი სინდისის პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა.

19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფილმის ჩვენების შეფერხებას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ცდილობდა.

კერძოდ, რეჟისორ უტა ბერიას თქმით, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, როგორც ფილმის რეჟისორს, ისე ლოკარნოს კინოფესტივალს, გაუგზავნა წერილი და მოითხოვეს, რომ ფილმის საჯარო ჩვენება არ გამართულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამღებ ჯგუფს და საპროდიუსერო კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა.

„2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა წარმოების პროცესში მყოფებს არ მოგვცა, მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.

ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება.

შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ, ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს.

ჯერ ეცადნენ, რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს,“ – დაწერა ფეისბუქზე უტა ბერიამ, „ცრემლსადენი გაზის“ რეჟისორმა.

სახელოვნებო წრეებში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წერილი აღიქვეს როგორც თავისუფალი ხელოვანების წინააღმდეგ ბერკეტი და ცენზურის მცდელობა.

„ბათუმელები“ ესაუბრა კინორეჟისორ ამირან დოლიძეს.

ამირან დოლიძე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია. მისი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „ცხოველის“ პრემიერა 2019 წელს სწორედ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ხოლო იმავე წელს ბიაფზე [საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე] საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრიზი მიიღო.

ახალგაზრდა რეჟისორი „ბათუმელებთან“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პოლიტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის, რასაც ახლა კინოცენტრი აკეთებს არის „ქართული კულტურის საბოტაჟი“.

„კინოცენტრი, როგორც მთლიანად „ქართული ოცნება“, მტრულად მოქმედებს საკუთარი ქვეყნისა და კულტურის წინააღმდეგ.

წარმოიდგინეთ – ინსტიტუცია, რომელიც ქართული კინოს განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული კინო და, საბოლოოდ, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ წარმოჩნდეს. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი მტრობა საკუთარი ქვეყნისა და მისი კულტურის მიმართ?“ – სვამს კითხვას ამირან დოლიძე.

მხატვრული კინოს რეჟისორის თქმით, ყველაფერი 2021 წელს დაიწყო, როდესაც თეა წულუკიანი გახდა კულტურის მინისტრი და ეროვნულ კინოცენტრში ხელმძღვანელობა შეიცვალა. რეჟისორის თქმით, ამის შემდეგ კინოცენტრმა დაიწყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან თანხვედრაში მოსვლა, რამაც კინოხელოვანთა უმეტესი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადაიყვანა.

ბოიკოტი გრძელდება დღემდე.

ამირან დოლიძე, კინორეჟისორი

„თუ რამე არის ერის იდენტობის განსაზღვრელი, პირველ რიგში არის კულტურა. თუ გინდა, რომ იმ ხალხს, რომლის მმართველ ძალადაც იწერები, არ ჰქონდეს იდენტობა და იყოს ადვილი სამართავი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კულტურაზე უნდა დაარტყა. ასეც მოხდა.

უტა ბერიას ფილმთან დაკავშირებით რაც ხდება, მე ვიტყოდი, მარტო ცენზურა კი არა, ეს არის ღია საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის კულტურის წინააღმდეგ.

ეს არ არის რაღაცა ვიწრო ნიუსური, პოლიტიკური თემა, რომელიც მხოლოდ დღესაა აქტუალური. „ცრემლსადენი გაზი“ არის იმ შინაარსის ფილმი, რომელიც 10 წლის წინაც გასაგები იქნებოდა და 10 წლის მერეც გასაგები იქნება, იმიტომ, რომ მხატვრული ნაწარმოებია.

ჩემი ეთიკა არ მაძლევს უფლებას ვთქვა, როგორია ქვეყანა, რომელიც ადამიანს, ხელოვანს ხელს უშლის მხატვრული ნაწარმოების გაკეთებაში. ეს არის მიზანმიმართული მტრობა საკუთარი იდენტობის წინააღმდეგ.

ქართული კინო უკვე ხდებოდა ანგარიშგასაწევი ძალა. შეიძლება რესურსების უქონლობის გამო, ეს პროცესი ნელა მიდიოდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიყავით იმ ეტაპზე და ინერციით ვართ ჯერ კიდევ, რომ ჩვენი ფილმები მოხვედრილიყო საერთაშორისო, წამყვან ფესტივალებზე.

ჩვენმა თაობამ ვისწავლეთ, ჩვენი აზრის, ჩვენი იდენტობის გამოხატვა, ზუსტად ახლა სჭირდებოდა ხელშეწყობა ჩვენს სათქმელს. მაგრამ ხელშეწყობის ნაცვლად დღეს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა კულტურის ღია მტრობა. მტრულ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მსგავსი განზრახვა,“ – ამბობს რეჟისორი ამირან დოლიძე.

ლაშა ბუღაძე

„ეს არის „ქართული ოცნების“ სამარცხვინო, ბრიყვული და რეპრესიული ლოგიკა. ასე შემიძლია შევაფასო მათი ქმედება. იმის შიშით, რომ საერთაშორისო ფესტივალზე დიდ აუდიტორიას არ ეხილა რეჟისორის რეფლექსია ჩვენს პროტესტზე, მიიღეს უარესი შედეგი: ფილმი ნახა ძალიან ბევრმა ადამიანმა და ფილმმა დაიმსახურა ჯილდოც.

შესაბამისად, ნებისმიერი მათი ქმედება განპირობებულია მათივე, ვიმეორებ, უგუნურობით, არაადეკვატური თავდაჯერებულობით, რადგან ეს ადამიანები არ სწავლობენ ისტორიის გაკვეთილებს – შეუძლებელია ხელოვნებას მოუგოს რეჟიმმა ნებისმიერი ფასით, როდესაც ის ცდილობს ცენზურის ამა თუ იმ ფორმის განხორციელებას,“ – ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“ საუბარში.

თავად ლაშა ბუღაძეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოუწია სისტემის პირისპირ დადგომა – მისი რომანი „დამკვირვებელი“ ერთ-ერთი პატიმრის ახლობელს ქალთა ციხეში არ შეატანინეს.

შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა.

ხოლო 16 აგვისტოს მკითხველმა, რომელსაც რომანის ყიდვა სურდა, „ბიბლუსის“ ქსელში აღმოაჩინა, რომ წიგნის რამდენიმე ეგზემპლარზე უხამსი შინაარსის მქონე ნახატები იყო გაკეთებული.

მოგვიანებით, მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ გადამოწმდა ყველა მაღაზია.

„ვანდალური ქმედება გამოვლინდა მხოლოდ გლდანის მოლის ფილიალში. დაზიანებულია ჯამში 5 წიგნი, 3 ლაშა ბუღაძის და 2 ზურაბ ჭიაბერაშვილის – „ლიტერატურული ექსპრესი“, „დამკვირვებელი“, „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“.

„ბიბლუსის“ მონიტორინგის დეპარტამენტმა ვიდეომეთვალყურეობის კამერებით გამოავლინა ფაქტი, ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის.

ეს ქმედება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არის უპატივცემულობა როგორც წიგნისა და ავტორის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ „ბიბლუსის“ მიმართ,“ – ნათქვამია „ბიბლუსის“ განცხადებაში.

ლაშა ბუღაძე თავისი ნაწარმოების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ცენზურად აფასებს, ქმედებად, როდესაც სისტემამ ცენზურა შეახო ლიტერატურულ ტექსტს. მწერალი ამბობს, რომ აკრძალვამ ნაწარმოების პოპულარობა გაზარდა და რეალურად უკუშედეგი გამოიღო „ქართული ოცნებისათვის“

„ამ „აკრძალვით“ უფრო მეტი პოპულარობა მიიღო ჩემმა ტექსტმა. ცხადია, უტა ბერიას ფილმსაც ვერაფერს დაუშავებენ. უბრალოდ სავსებით შესაძლებელია, რომ შეუქმნან პრობლემები უშუალოდ ავტორს, რეჟისორს. აი, ეს არის რაღაცნაირად შურისმაძიებლური აქტი მისი თავისუფლების გამო.

რეჟისორი უტა ბერია სხვა კინემატოგრაფისტებთან ერთად, თანმიმდევრულად კრიტიკულია და ბოიკოტის პროცესშია ჩართული, ისე, როგორც ჩემი კოლეგები, მწერლები არიან ბოიკოტის პროცესში „წიგნის სახლთან“, იმიტომ, რომ „წიგნის ცენტრიც“ და „წიგნის სახლიც“ არის ნაწილი „ქართული ოცნების“ პარტიის – თავისუფალ ხელოვნებასთან და კულტურასთან მათ კავშირი არ აქვთ,“ – ამბობს ლაშა ბუღაძე.

მწერლის თქმით, ავტორიტარები ყოველთვის ეცდებიან რაც შეიძლება მეტი ამკრძალავი კანონი მიიღონ, თუმცა მას თავისუფალი შემოქმედი არ უნდა დაემორჩილოს.

„ავტორიტარიზმი ცდილობს, რომ იდიოტიზმი გვიქციოს ნორმად და უნებლიეთ შეიძლება ჩვენც დავიჯეროთ მათი ეს არგუმენტები. ყოველ ჯერზე ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს არის სისულელე, ეს არის არანორმალური და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ რეალობას.

ნორმალური რეალობა არის, რომ გაუქმდეს „რუსული კანონები“, დასრულდეს ეს სახიფათო თამაში რუსეთთან, [აღდგეს] ჩვენი რეალური დამოუკიდებლობა, საქართველო ისევ დაადგეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და გათავისუფლდნენ ჩვენი პოლიტპატიმრები.

ისინი ებრძვიან იმ ადამიანებს, ხელოვანებს, რომლებიც აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გვახსოვს დათო დოიაშვილის წინააღმდეგ მთელი კამპანია, რომელიც დასრულდა მისი მოხსნით მისივე დაარსებული თეატრიდან. გვახსოვს პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის შეტევა დათა თავაძის სპექტაკლის „ლიბერტეს“ წინააღმდეგ.

ეს ბრძოლა მიდის კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, თორემ კონფორმისტები საკმაოდ ბევრია, მათ შორის ხელოვნებაშიც.

უტა ბერია არის თავისუფალი, კრიტიკული შემოქმედი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი თავისი თაობის რეჟისორების. ეს უკვე პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

როგორი შეიძლება იყოს თავისუფალი ხელოვანების პასუხი ცენზურის მცდელობაზე? – ვკითხეთ მწერალს.

„თავად წინააღმდეგობის ფორმაა ხელოვნება ხშირ შემთხვევაში. ჩვენ ახლა ისეთ რეალობაში ვართ, რომ ნებისმიერი სიტყვა, აქტი თუ ჟესტი, არის დაკავშირებული პროტესტთან და თავისუფლების დაცულობასთან, ან მცდელობასთან, რომ დაიცვა შენი პროფესიული თავისუფლება, შენი, როგორც ინდივიდის თავისუფლება და შესაბამისად – საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფლებაც.

ეს შეიძლება ძალიან პათეტიკურად, აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ როდესაც უკვე კონკრეტული მაგალითები გვიჩნდება, რომ აკომპლექსებთ მხატვრული ტექსტები და მხატვრული ფილმები, ეს იმას ნიშნავს, რომ კინოს აქვს ძალა, თეატრს აქვს ძალა და საერთოდ, ზოგადად სიტყას აქვს ძალა. ვინ თუ არა თქვენ, ეს გადასარევად მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი არის სიმბოლო სწორედ ამ სიმამაცის და ზვიად რატიანიც უნდა ვახსენოთ, თავისთავად,“ – თქვა ლაშა ბუღაძემ.

20 აგვისტოს საღამოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი გამოეხმაურა უტა ბერიას განცხადებას, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების დაბლოკვის მცდელობასთან დაკავშირებით.

კინოცენტრმა დაადასტურა, რომ ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობა არ გასცა, თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

კინოცენტრის თანახმად, ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

„ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე“, – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კინოცენტრის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა საპროდიუსერო კომპანიას წერილი 2026 წლის 24 ივლისს გაუგზავნა, რაც „სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღლუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 27– 32 გრადუსი სითბო
    ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორი დღეს, 23 და 24 აგვისტოს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„მეც მოვაწერ ხელს“ – ემიგრანტების დავა ხმის დასაბრუნებლად საკონსტიტუციოში

„ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ემიგრანტების ხმების… როგორც კი მომმართავენ, ჩავერთვები და მეც ამ სარჩელის თანამონაწილე გავხდები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ანნა ხელაია.

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ახალ საკონსტიტუციო დავაზე ვესაუბრეთ: მას შემდეგ რაც „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის არჩევნებში საზღვარგარეთ 13 % აიღო, ხოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქართველ ემიგრანტებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდეს, ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ლელომ“.

მანამდე ემიგრანტების ჩამოსაშორებლად მიღებული კანონი გაასაჩივრა საიამ. კონსტიტუციურ სარჩელს ამზადებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“…

სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის დროს, მაგალითად, „ლელომ“ ემიგრანტებს მოუწოდა ამ სარჩელს შეუერთდნენ. ემიგრანტებთან გასაუბრებით ჩანს, რომ პოზიცია ერთიანი და მკაფიოა: იმის მიუხედავად, რომ კლანური მართლმსაჯულების პირობებში, ამ დავის პერსპექტივას ვერც ემიგრანტები ხედავენ, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს დავა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სარჩელის ავტორობას – უკვე გახდნენ სარჩელის თანაავტორი, ან მიმართვისთანავე გავხდებითო.

  • ანნა ხელაია: აქ სულ გვეკითხებიან, მიმართეთ ყველა ინსტანციას? 

„ვისაც ვიცნობ, ჩემს გარშემო, არავის აქვს იმედი, რომ ამ სარჩელს დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გადასადგმელი,“ – მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები, ანნა ხელაია.

ანნა ხელაია გერმანელ პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ახსენებს და ამბობს, რომ დასავლური ინსტიტუტები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ იმას: რამდენად მიმართეს მებრძოლებმა ყველა ინსტანციას საკუთარ ქვეყანაში.

„აქ სულ გვეკითხებიან: ყველა შესაძლებლობა უკვე გამოიყენეთ, რაც არის სამართლებრივი? მიმართეთ ყველა ინსტიტუციას? ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ყველაფერი ერთი კაცის ხელშია, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაფიოდ დასანახი ყველასთვის. უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ ყველა იურიდიულ ზომას მივმართეთ, რომ კანონის ფარგლებში ყველაფერი ვცადეთ.

სასწაული რომც მოხდეს და დაგვიბრუნოს ხმის მიცემის უფლება, ამითაც არაფერი იცვლება, თუ „ოცნება“ არ ჩამოშორდება ხელისუფლებას და იგივე საარჩევნო გარემოში ჩატარდება არჩევნები. მე ეს ჩემი თვალით ვნახე, როცა კოორდინატორი ვიყავი არჩევნებზე: ჩემი ხელით დარეგისტრირებული ადამიანების სიაც კი შეცვლილი იყო – ემიგრანტებს ყველანაირად შეუშალეს ხელი, რომ არ მიეცათ ხმა. იციან აქაური განწყობები, იციან, რომ აქ თავისუფალია ადამიანის ნება.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საარჩევნო უბნები ნაკლები ოდენობით გახსნეს, რათა ემიგრანტებს არ ჰქონოდათ საშუალება, ხმა მიეცათ,“ – ამბობს ანნა ხელაია.

ანნა ხელაია

ანნა ხელაია გვიყვება იმაზეც, რომ ემიგრანტებისთვის 2024 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ აშინებს „ოცნებას“ ემიგრანტების თავისუფალი ხმა:

„ეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ახლა, როცა საარჩევნო უფლება შეგვიზღუდეს. ჯერ რამხელა შეურაცხყოფაა ემიგრანტებისთვის ხმის წართმევა. დაინახეს მართლაც „ოცნებაში“, რომ ეს ძალიან დიდი პოტენციალია და ამით შეიძლება არჩევნები წააგონ.

მე კოორდინატორი ვიყავი გერმანიაში და ახლაც მომყვება ის შემართება, განწყობა, აქ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები დაღლილები საათობით რიგებში იდგნენ… ადამიანები მოვიდნენ და აღმოაჩინეს, რომ გადაწერილი არიან სხვაგან, აწვალებდნენ, სასწაული ხდებოდა, კონსულს შევხვდი და ისიც გაოცებული ჩანდა, ეს როგორო.

ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა განვაგრძოთ… ჩვენ აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – თავდაჯერებულობა ეტყობა ანნა ხელაიას.

  • დავით ძიძიშვილი: მე უკვე ვარ სარჩელის თანაავტორი… გეტყვით, როგორ არის ეს შესაძლებელი  

„საჭიროა მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გაკეთება, ეს ძალიან მარტივია,“ – ბელგიაში მცხოვრები ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი გვიყვება, როგორ გახდა თავად „ლელოს“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორი.

„წინასწარ უთანხმდები ნოტარიუსს საქართველოს იმ ქალაქში, სადაც გინდა, რომ მომზადდეს მინდობილობა. შემდეგ მიდიან ნოტარიუსთან ორი მოწმე – ერთ-ერთი არ უნდა იყოს ნათესავი. ისინი ადასტურებენ იმას, რომ ნამდვილად გიცნობენ. იქვეა იურისტი, ან იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვისაც გინდა, რომ გადასცე შენი მინდობილობა კონკრეტული მიზნობრიობით და ნოტარიუსი ამოწმებს ამ შეთანხმების ნამდვილობას. სულ ესაა.

ასე გავხდი მეც სარჩელის თანაავტორი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა,“ – ამბობს დავით ძიძიშვილი.

დავით ძიძიშვილი
  • რატომ არის მნიშვნელოვანი სარჩელის თანაავტორი ემიგრანტი გახდეს? – ვეკითხებით ემიგრანტების სარჩელის ერთ-ერთ ავტორს:

„რეალურად „ოცნების“ რეიტინგი ეს არის – დაახლოებით 13 %, რაც 2024 წლის არჩევნებში დაფიქსირდა საზღვარგარეთ მდებარე უბნებში. მაშინ, როცა ადამიანები არიან თავისუფალ გარემოში, არ ეშინიათ სუსის კონტროლის, სამსახურიდან გამოგდების და ასე შემდეგ, შეუძლიათ ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი.

„ჩამოდით და აქ მიეცით ხმა“ – ეს არაადეკვატურობის პიკია არაერთი ფაქტორის გამო, მათ შორის, არის ეს: როგორ უნდა გაატაროს საბაჟო პუნქტებმა 100 ათასი ადამიანი ერთ დღეში? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ვერ შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას, მათ შორის, საელჩოების თანამშრომლები…

პრობლემაა ლეგალური სტატუსიც – ვიცით, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყნიდან რომ გავიდეს, უკან ვეღარ დაბრუნდება.

გასაგებია, რაც არის „ოცნების“ განზრახვა, მაგრამ ჩვენ თუ ავდგებით და შევწყვეტთ ბრძოლას სამართლებრივი მექანიზმებით, ჩვენი რეალობა საერთოდ აღარავის ემახსოვრება. უნდა გავითვალისწინოთ რამდენი პრობლემაა მსოფლიოში. შენი პრობლემების შესახებ რაც უფრო მეტად ისაუბრებ, მეტ ნაბიჯს გადადგამ, მით უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამით.

სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. როცა ამ მექანიზმის გამოყენებით უსამართლო შედეგები დგება, გაცილებით უფრო მარტივია შემდეგ ასეთი ტიპის გადაწყვეტილების ახსნა საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიდრე იმის ახსნა, თუ რატომ არ მიდიხარ რაღაცის გასასაჩივრებლად,“ – ამბობს დავით ძიძიშვილი.

  • რის მიღწევა შეიძლება, თუ ემიგრანტები მასობრივად ჩაერთვებიან ამ კამპანიაში და მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს?

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებს ყოველდღიურ რეჟიმში აჩვენო, როგორ ცდილობ, გამოიყენო ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმები. როცა ამ დავაში შენი არგუმენტაცია ძალიან ძლიერია და შედეგი მაინც უსამართლოა, გაცილებით მარტივი ხდება, დააჯერო ნებისმიერ პარტნიორს უცხოეთში, რომ სასამართლოს 100 %-ით აკონტროლებს ივანიშვილი.

„ოცნება“ ეუბნება, მათ შორის, პარტნიორებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, მაგალითად, გიორგი ახობაძე ხომ გამართლდაო. ეს ხომ უსირცხვილო ტყუილია: ზვიადი და მზია პატიმრობაში ამყოფო და თურმე ახობაძე გამოუშვეს, მაგრამ ვიღაცაზე ეგ მოქმედებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია პროცესს ჰქონდეს სრული საერთაშორისო მხარდაჭერა.

საკონსტიტუციოში დავა მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის სამომავლო რეფორმის და გაჯანსაღების კუთხითაც. ეს ხომ ისეთი საქმეა, სადაც შავით თეთრზე გამოჩნდება, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო. როცა მოვა საქართველოში ახალი ხელისუფლება – იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება – შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე: რატომ ტარდება რეფორმა სასამართლოში? ასეთი ტიპის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების არსებობა კი, საშუალებას მოგვცემს, რომ დასაბუთდეს სასამართლო რეფორმის საჭიროება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ძიძიშვილმა.

  • კოკი იონათამაშვილი: სამწუხაროდ, ემიგრანტებს არ გაქვს ისეთი გავლენა, როგორც მოლდოვაში, მაგრამ „ოცნებას“ არ აწყობს მისი რეალური რეიტინგის გამოჩენა

ლატვიაში მცხოვრები კოკი იონათამაშვილმაც გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გახდეს სარჩელის თანაავტორი, თუ ტექნიკურად ეს საჭიროა.

„სამწუხაროდ, საქართველოში ემიგრანტებს არ გვაქვს ისეთი გავლენა არჩევნების შედეგებზე, როგორც, მაგალითად, მოლდოვაში იყო… პოლიტიკურად რაც „ოცნებას“ აზიანებს ძალიან, ეს არის არჩევნების შედეგებს როცა უყურებენ საზღვარგარეთ – გინდა მტერი და გინდა მოყვარე – ხედავს, რომ უცხოეთის უბნებში მხარდაჭერა მათ აქვთ 5-15%-ის ფარგლებში.

ეს არის „ოცნების“ რეალური რეიტინგი და ამის გამოჩენა არ უნდათ. ამიტომაც, გადაწყვიტეს არჩევნებიდან ემიგრანტების ჩამოშორება,“ – ამბობს კოკი იონათამაშვილი, იგი „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია. ის დაცინვად მიიჩნევს ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის შეზღუდვას.

კოკი იონათამაშვილი

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის საქართველოს მხარეს, ბუნებრივია, მისთვის აღმაშფოთებელია ეს მიდგომა, უპრეცედენტო დაცინვაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. რუსეთიც კი ვერ ბედავდა დიდხანს ამას…

საქართველოში ისეთი ლაჩარი ხელისუფლებაა, რომ ეს აგრესიულად და ხისტად იქცევა.

მე ხანდახან ცოტა მერიდება კიდევაც ხოლმე ამაზე საუბარი, რომ აი ემიგრანტებს ხმა როგორ წაგვართვეს, რადგან უარესებს აკეთებენ: ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, ამცირებენ, ციხეში სვამენ, მართლა აწამებენ და ამ ფონზე ჩვენ რომ ხმა შეგვიჩერეს, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა ქმედებები ფარავს ამ პრობლემას.

დღეს ძირითადი დარტყმა გადადის პოლიტპატიმრებზე, იმ ხალხზე, ვინც რუსთაველზეა, მედიაზე, მაგრამ ეს ერთიანი ბრძოლაა. როცა „ქართული ოცნება“ დამარცხდება, მათ შორის, იმიტომაც დამარცხდება და იმიტომაც სუსტდება, რომ საგარეო პოლიტიკის მხრიდან ზეწოლა ძლიერდება და პოლიტიკური კომუნიკაცია მცირდება, სანქციები გაიზრდება აუცილებლად და ამას ერთიან ბრძოლად ვუყურებ მე.

ეს სარჩელი ხელს შეუწყობს სწორედ ამას – საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას „ოცნებაზე“, – მიიჩნევს კოკი იონათამაშვილი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 474 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 286 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 170 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 48 318 ერთეული [+57]
  • MLRS – 2 052 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 581 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 472 849 ერთეული [+1 980]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 333 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 137 369 ერთეული [+551]
  • სპეცტექნიკა – 4 559 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 049 ერთეული [+39]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ასმეთაურს, რომელმაც ორი ჯარისკაცი გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის მერია „ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას 3.5 მილიონამდე ზრდის საწვავის ფასი გამო

როგორც ჩანს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მგზავრობის ფასის გაძვირებამ არ უშველა და მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდა მოითხოვა.

მერია სუბსიდიას 3,5 მილიონამდე ზრდის  და განმარტავს, რომ ზრდა საწვავის ფასის გაზრდამ გამოიწვია:

„იზრდება ღონისძიების დაფინანსება, მუნიციპალური ავტობუსებისათვის საწვავის ფასის გაზრდის გამო, რაც უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას“ – განმარტავს მერია.

შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში ბათუმის საკრებულომ 20 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

გარდა ამისა, მერია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  კაპიტალს ზრდის მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად. მერიის ინფორმაციით  დაგეგმილია 20 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსის შეძენა 2026-2027 წლებში.

ამ ღონისძიების დასაფინანსებლად მერიამ ბიუჯეტში 11 მილიონ 730  300 ლარი გაითვალისწინა.

2026 წლის თებერვლიდან ბათუმში ავტობუსით მგზავრობის საფასური  70 თეთრამდე გაზარდეს, მანამდე 30 თეთრი იყო. მათ ვინც სოციალური შეღავათებით სარგებლობდა, ეს შეღავათი შეუნარჩუნდა.

 მგზავრობის გაძვირებას ბათუმის საკრებულოში მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ აწიეს ხელი საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან.

„რას ნიშნავს, როცა პედაგოგი 30 წელია გაკვეთილს ატარებს, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს?“ – ინტერვიუ

განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება კიდევ ერთი წლით გადაუვადა. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის ანაზღაურების წესთან, რადგან ბოლო ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს მაღალ ხელფასის მიღება მხოლოდ საათების რაოდენობის მიხედვით შეუძლია.

ამიტომ, მასწავლებელს საკმარისი საათების რომ ჰქონდეს, მან ყველა იმ საგანში უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, რომელსაც სკოლაში ასწავლის.

რაზე მეტყველებს სამინისტრომ ეს ნაბიჯი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიის მასწავლებელს, შალვა მინდაძეს ესაუბრა.

  • ბატონო შალვა, წლებია არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა სამინისტრო იმ პედაგოგებს ტოვებს სკოლებში, რომლებმაც კომპეტენცია ვერ დაადასტურეს. იგივე მოხდა ახლაც, როცა ჯერ 2026 წლისთვის მოსთხოვეს საგნებში გამოცდების ჩაბარება, დღეს კი ეს ვადები ისევ გადაწიეს. რატომ აკეთებს ამას სამინისტრო?

ზოგადად, ეს ყველაფერი შეურაცხყოფად აღიქმება. როცა მასწავლებელს სთხოვენ კომპეტენციის დადასტურებას, ეს შეურაცხყოფად აღიქმება მათი მხრიდან. როცა ამაზე ვწერ, მეც შემომივარდებიან ხოლმე ფეისბუქზე და მლანძღავენ.

თუ სახელმწიფო ბავშვებს სთხოვს, რომ ისწავლონ, ჩააბარონ გამოცდები და მერე ეროვნულ გამოცდებზე თავი მოუყარონ ამ ცოდნას, იმავეს აკეთებს მასწავლებლის მიმართაც. რეალურად, მასწავლებელი უნდა იყოს ნომერ პირველი ადამიანი, რომელიც მაგალითს უნდა აძლევდეს სხვებს.

ამ დროს, როცა კითხვას უსვამ, აქვს თუ არა კომპეტენცია დადასტურებული, საერთოდ არ გპასუხობენ, ქულასაც არ ამბობენ ხოლმე. „ამდენი წელია სკოლაში ვარ და რაღა უნდა დავამტკიცოო“, – გეტყვიან ხოლმე დ ეს არის პრობლემა.

  • გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ მათ აქვთ უმაღლესი განათლება, აიღეს დიპლომი იმ საგანში, რასაც სკოლაში ასწავლიან და რატომ უნდა უწევდეთ კიდევ კომპეტენციის დადასტურება?

რატომ უნდა ნიშნავდეს სკოლაში თუნდაც 20-წლიანი მუშაობა ავტომატურად იმას, რომ ადამიანი 2026 წელსაც კომპეტენტურია იმ საგანში, რომელიც წლების წინ ისწავლა?

თანამედროვე მეცნიერება იცვლება, იცვლება ისტორიოგრაფია, სწავლების მეთოდები, პროგრამები, ტექნოლოგიები, მიდგომები, – ყველაფერი იცვლება და მასწავლებლის პროფესიაც მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. „მე 20 წელია ვასწავლი“ ეს არ არის საკმარისი.

მაგალითად ავსტრალიაში, 100-საათიანი პროფესიული პრაქტიკა უნდა დაადასტურო ყოველ ხუთ წელიწადში. თუ დიპლომი გაქვს და თუ 5 წლის წინათ კარგი მასწავლებელი იყავი, რა პრობლემაა, რომ დღესაც დაადასტურო ეს კომპეტენცია. აჩვენე რას აკეთებდი ბოლო წლებში იმისთვის, რომ პროფესიულად მაღალ დონეზე  დარჩენილიყავი.

თუნდაც ამ უმარტივესი გამოცდის ჩაბარებაზე პრობლემა რომ გაქვს, სასაცილოა, რადგან თვითონ ტესტის სტრუქტურა არის აბიტურინენტების ტესტზე მარტივი.

მაგალითად, ისტორიის ტესტში ამოვიდა ასეთი შეკითხვა – „რომელი ქალაქი იყო ასურეთის დედაქალაქი?“ ელემენტარული კითხვებია. თუმცა, საქართველოში ამ გამოცდებსაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ და ახლაც ეს ერთწლიანი გადავადება გადმოუგდეს მასწავლებლებს.

  • სამინისტრო თან სთხოვს მასწავლებლებს კომპეტენციას, თან ლოიალობას იჩენს მათ მიმართ გამოცდების ვერ ჩაბარების შემთხვევაში. რატომ აკეთებს ამას – იმიტომ, რომ ეშინია კადრების დეფიციტი არ შეიქმნას სკოლებში, თუ მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდეს ისინი?

სახელმწიფომ შექმნა სისტემა, სადაც ადამიანს აქვს კლასი, ჟურნალი, ნიშნების დაწერის უფლება, პასუხისმგებლობა ბავშვების განათლებაზე, მაგრამ მისი საგნობრივი კომპეტენციის საკითხი და მასწავლებლის ცოდნის ობიექტური შეფასების პრობლემა არასდროს არ მოუგვარებია ბოლომდე.

ვიზუალური ფასადი კარგია, მაგრამ თუ შიგნით ყველაფერი დაჭაობებულია, ერთ დღეს, ეს ფასადიც ჩამოიშლება.

ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ. როგორც კი პრობლემა ზედაპირზე ამოტივტივდება, ვადებს გადაწევენ, შეღავათებზე დაიწყებენ საუბარს – ჭაობიდან ამოსვლა არ უნდათ.

  • დღეს, როცა გამოცდების გადავადებაზე გაავრცელა სამინისტრომ ინფორმაცია, იმავე განცხადებაში წერდა სკოლებში კადრების დეფიციტის პრევენციაზე. ამ წლების განმავლობაში არაერთმა ახალგაზრდა თქვა საჯაროდ, რომ ჩააბარეს მასწავლებლის გამოცდები, დაადასტურეს კომპეტენციები სხვადასხვა საგანში. ეს ნიშნავს, რომ წესით, თუ არაკომპეტენტურ პედაგოგებს გაუშვებენ სკოლიდან, კადრების დეფიციტი მაინც არ უნდა შეიქმნას. ახალგაზრდა კადრების შეშვება არ უნდა სამინისტროს სკოლაში და ამიტომ არ ქმნის ვაკანსიებს?   

დღეს სკოლა ყველაზე პოლიტიზებული სივრცეა. მეორე მხრივ, სკოლა დასაქმების სოციალურ პროგრამასავითაა. ვინმეს თუ ჰყავს ნათესავი დირექტორი, დასვამს სკოლაში ბუღალტრად, მეგობარს მასწავლებლად და ასე შემდეგ და ასეთი კადრები მხოლოდ „გამვლელები“ არიან.

დღეს მასწავლებლის სამუშაო ადგილი უფრო ხელშეუხებლად აღიქმება, ვიდრე ბავშვის განათლების ხარისხი. მარტო იმას კითხულობენ „მასწავლებელმა სამსახური ხომ არ დაკარგა? არავინ კითხულობს – „ბავშვმა განათლება ხომ არ დაკარგა?“ სახელმწიფო ფიქრობს მასწავლებლის ხმებზე და არა ბავშვის მომავალზე. ამიტომ არის, რომ პოლიტიკასთან მიბმული ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტი, არის დრომოჭმული. შედეგზე ორიენტირებული აღარ არის.

თუ ადამიანი ამბობს, რომ 30 წელია გაკვეთილს ატარებს, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი შესაძლოა იყენებდეს ერთი და იგივე კონსპექტს, ერთი და იგივე რესურს და ცოდნას ვერ აახლებდეს.

როგორც უნივერსიტეტში გჭირდება კომპეტენციის დადასტურება, რომ შეინარჩუნო პროფესორის სტატუსი – დაწერო სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში, გამოაქვეყნო ნაშრომები და ასე შემდეგ, ასევეა მასწავლებლის შემთხვევაშიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში – უნდა დაადასტურო კომპეტენცია რომ შეინარჩუნო პედაგოგის სტატუსი.

არ შეიძლება მასწავლებელი არ ეცნობოდეს თანამედროვე კვლევებს და თუნდაც ეს გამოცდა, რომელიც არის რეალურად დაბალი დონის გამოცდა და მასწავლებლებს ამ არაფრის მომცემი გამოცდის ჩაუბარებლობასაც პატიობენ.

ეს ერთწლიანი გადავადებაც იმიტომ გააკეთეს, რომ მალე ახალი არჩევნები მოვა და მასწავლებლებს ხომ არ გაანაწყენებენ.

სახელმწიფო ორიენტირებულია მასობრივი ჯგუფების დაკმაყოფილებაზე პოლიტიკური ქულების დასაწერად. ვინც ვერ აბარებს, აიძულებენ, რომ ფორმალურად მაინც გადალახონ მინიმალური ზღვარი, რომ სტატისტიკა გაალამაზონ – „ნახეთ, რამდენი სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს“. რეალური ცოდნა კი არავის აინტერესებს.

მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც მათემატიკაში ან ფიზიკაში აქვს გამოცდა ჩაბარებული, მაგრამ სხვა საგანს ასწავლიან. რა აზრი აქვს ამას? არაფერი. ეს არის ფორმალობა და პოლიტიკური ქულებისთვის შექმნილი პროცესი.

ძალიან ცუდი ფრაზა ასევე „კარგი მასწავლებელია, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს“. რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი, თუ საკუთარ საგანში მინიმალურ ზღვარს ვერ აღწევს? როგორ დავადგინეთ მისი პროფესიონალიზმი?

ან როცა ამბობენ – „ბავშვებს უყვართ“, ეს არაა საკმარისი. კეთილი ადამიანი თუა, ეს საგნობრივ კომპეტენციასთან კავშირში არ არის. სამწუხაროდ, ამასაც ფარად იყენებენ და სწავლებისთვის საჭირო ცოდნა რომ არ აქვთ „საყვარელი“, „კეთილი“ და ყურადღებიანი“ ადამიანით ფუთავენ ამ ყველაფერს.

ის მასწავლებლები, რომლებმაც მართლა იშრომეს, ისწავლეს და ჩააბარეს, ყოველწლიურად ათასნაირ სამუშაო პროექტებში იღებენ მონაწილეობას, ამ ხალხს დააკლეს ხელფასები და მთლიანად მოშალეს პროფესიული პრესტიჟი.

თუ მართლა უნდათ ხარისხი, მასწავლებლის საგნობრივი გამოცდა ბავშვის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული და მასწავლებელს განვითარების საშუალებას უნდა აძლევდეს.

რთული გამოცდა უნდა დაიგეგმოს, რომლის ჩაბარებაც ხელფასის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

სახელმწიფოს მხრიდან სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მასწავლებლებზე მანიპულირება ხომ ცალკე სიგიჟეა.

Garibashvili’s Third Letter: Allegations Against “a Group Within the Team” and a Loyalty Ballad to Ivanishvili

Former Prime Minister and former Georgian Dream party chair Irakli Garibashvili, who is currently imprisoned, has issued his third letter this week, claiming that he was blackmailed into admitting to new corruption charges in an effort to eliminate “even a 1% chance” of his returning to politics.

Even after three letters, it remains unclear what prompted the team, a particular group within it, or Ivanishvili himself to seek assurances that Garibashvili would leave politics for good. The only explanation he offers is that he was targeted because of “false perceptions, imagined scenarios, envy, fears and suspicions created by a particular group within the team.”

In his latest letter, Garibashvili said the alleged pressure included, for the second time, an “insinuation that my seventy-five-year-old father could be arrested.”

Garibashvili again repeated what he had said in his previous letters, stressing that he had remained silent for a long time and agreed to take “all this terrible pain and tragedy” into his heart and “bear it all patiently and in silence” because of his “boundless gratitude and absolute loyalty” to Bidzina Ivanishvili. He repeatedly emphasised that he had never acted against Ivanishvili and remained loyal to him, while also insisting that he is not fighting anyone even now and is “merely defending” himself and his family.

The letter, which is filled with literary and metaphorical references, ends with a quotation from one of Georgia’s most renowned writers, Vazha-Pshavela, which Garibashvili uses to stress that he will not make a deal with the “enemies” and will remain loyal to Ivanishvili. He also warns the experts and government spokespeople speaking against him that they may soon be ashamed of their own statements once they come to understand “my side of the story.”

Garibashvili again named Georgian Dream parliamentary leader Mamuka Mdinaradze, saying that the letter containing the alleged demand to admit to the new corruption charges was delivered to his family by a person acting on Mdinaradze’s behalf.

Letter:

“I have heard the comments made by representatives of the authorities, as well as the false and defamatory statements made by their experts. I watch the unbridled propaganda filling television and social media. All of this was, of course, expected, and I understand their objective perfectly well. But I want to tell you: you are struggling in vain. This letter was delivered by Mdinaradze, through a close friend of his, to a member of my family. That person found himself caught up in this mess purely by chance, which is why I am deliberately withholding his name and surname.

As for Mdinaradze, if he does not wish to harm innocent people, he should stop spreading lies and take full responsibility. I want to remind the public once again that I have now been sitting silently in prison for eight months. Not a single word of mine has been heard publicly. I have taken not one step either to the right or to the left.

Now I address the authorities: From the very beginning, you set up a dirty provocation against me, laid an underhanded trap for me. I took you at your word; I followed you sincerely, with blind and wholehearted trust. But you deceived me and cast me aside. You sacrificed me. You burst into my home as though I were a robber and a criminal, terrorised my family, my wife and my children; you stormed into the homes of my mother and father, my father-in-law and mother-in-law…

I took all this terrible pain and tragedy into my heart and bore it all patiently and in silence, because of my twenty-year relationship with Bidzina Ivanishvili, because of the immense love, respect, boundless gratitude and absolute loyalty I have for him… And also because of the interests of my political family, my team and our country, I took this entire burden upon myself without a word and walked on my own feet to the merciless sacrificial altar you had prepared for me.

As a result, you sent me to prison for five years, because of false perceptions, imagined scenarios, envy, fears and suspicions created by a particular group within the team. You condemned me to prison and sacrificed me for absolutely no reason. And now you do not even leave me in peace in prison. You have come after me with this letter, demanding that I admit to a corruption charge in order to insure even the one-percent risk you have identified — to ensure that I leave politics forever.

All of this was accompanied by immoral blackmail and pressure — including, for the second time, an insinuation that my seventy-five-year-old father could be arrested. You touched such deep layers of my heart and soul that, quite literally, you made me explode and left me no other choice… I am fighting no one; I am only defending myself and my family. Therefore, I will be forced to respond in kind to every step you take against me.

As for the disgraceful and defamatory campaign you have organised on social media and television, and the false opinions and narratives being put forward by your experts and spokespeople, I will tell you only this: be careful — soon you will be ashamed of your own statements, once you come to understand the truth of my side of the story.

You all know me well. I am still the same Irakli Garibashvili I have always been. I still have the same pure heart, and the same loyalty with which I served our homeland, all of you, and the entire team. You are struggling in vain and to no avail to portray me as a traitor to the country, to the team, and to Bidzina Ivanishvili. I will not ‘make peace with the wicked’… I have never acted against my country, and I never will. So stop and be silent!

And finally, I want to state once again, clearly: I am fighting no one, nor am I fighting against anyone; I am only defending myself and my family.”

„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს

სინდისის პატიმარი, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე გლდანის ციხეში არსებულ პირობებზე წერს. მის წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.

ზვიად ცეცხლაძე წერილში აღწერს საპატიმროში არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ეს გარემო ეხება არა მხოლოდ მას, არამედ ყველა რიგით პატიმარს. ამავე დროს, სპეციალური პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ზვიად ცეცხლაძის წერილს:

„ყოველთვის ვცდილობ, რომ ციხეში არსებულ დისკომფორტსა და გამოწვევებზე არ ვისაუბრო. არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი, რადგანაც მიმაჩნია, რომ კაცი გამოწვევებს პირისპირ უნდა შეერკინოს, ისინი გადალახოს და გაძლიერდეს. როგორც ჩვენი სულიერი მამა, მერაბ კოსტავა ამბობდა, უფალი მის საყვარელ შვილებს განსაცდელის ემბაზებში წვრთნის და, როგორც რუსთაველი გვასწავლის: „ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხვდეს მამაცურად“.

თუმცა საკითხები, რომლებსაც ამ წერილში შევეხები, მეხება არა მხოლოდ მე, არამედ ყველა რიგით პატიმარს.

ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ გავასაჯაროვო ის სისტემური წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რასაც ეს ბოლო დღეებია უფრო და უფრო მკაფიოდ ვხედავ. სისტემა არის აბსოლუტურად დეჰუმანიზებული, ადამიანების მიზანმიმართულ გატეხვასა და განადგურებაზე ორიენტირებული.

ოთხი კაცზე გათვლილ საკანში ვიმყოფებით ხუთნი, როცა 19 აგვისტოს ჩვენთან შემოიყვანეს მეექვსე პატიმარი (ბრალდებული), უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ფეხმოტეხილი კაცი, ჯერ ადმინისტრაციიდან D კორპუსში, შემდეგ კი E კორპუსში რამდენიმე სართული ატარეს ყავარჯნების გარეშე.

ადამიანი ცალ ფეხზე ხტომით შემოვიდა ჩვენს საკანში, რადგანაც მეორე ფეხი გიფსში აქვს შეხვეული და ამ ფეხზე დაყრდნობა მომდევნო თვენახევარი აკრძალული აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვედა საწოლი დავუთმეთ და მივეცით ყველაფერი, რისი გაღებაც ჩვენი მცირე რესურსებით შეგვეძლო, ჩვენ არ შეგვიძლია სამედიცინო დახმარების გაწევა.

ადამიანს უჭირს ფიზიკურად გადაადგილება, არ შეუძლია დამოუკიდებლად ბანაობა და საპირფარეშოთი ნორმალურად სარგებლობა. როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ვუთხარით, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ შეიძლება კაცის შემოყვანა ციხის კამერაში და ამის ნაცვლად „ერბეზე“ (ციხის საავადმყოფოში) დააწვინონ, გვიპასუხეს, რომ როგორმე თქვენით უნდა მიხედოთო.

ვუხსნიდით, რომ კაცს სჭირდება გიფსის გამოცვლა და ექიმის ზედამხედველობა სამედიცინო პირობებში. პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ როცა საჭირო იქნება, ექიმი მოუტანს წამლებსო. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ადამიანს ცარიელი ბალიში და ლეიბი აღირსეს, ოღონდ, იცით თეთრეული რატომ არ მოუტანეს? იმიტომ, რომ ციხეს ჩვენს კორპუსში ფიზიკურად იმდენი თეთრეული აღარ აქვს, რამდენი პატიმარიცაა. (ცხადია, ჩვენ საკუთარი თეთრეული მივეცით).

კვლავ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მოუტანეს ძველი, დაზიანებული, ცალი ყავარჯენი. საგანგებოდ უთხრეს, რომ მეორე ყავარჯენს რამდენიმე დღეში მოუტანდნენ. ოღონდ რაც მოუტანეს, ისიც უვარგისი აღმოჩნდა. ეს ცალი ყავარჯენი იყო საჭირო ზომაზე პატარა და რეზინის ძირიც ამძვრალი ჰქონდა, რაც სახიფათო იყო გამოსაყენებლად. პატიმარი იძულებული გახდა, რომ ეს ყავარჯენი უკან დაებრუნებინა.

რამდენჯერმე მოითხოვა სპეციალური იმიტირებული დასაჯდომი, რომლითაც შეძლებდა, რომ საპირფარეშოთი ესარგებლა. მოუტანეს რაღაც ძველი, დაჟანგული, ლითონის იმიტირებული სკამი საზარელი სუნით, რომელიც ასევე გატეხილი აღმოჩნდა და ყოვლად არაჰიგიენურობასთან ერთად, უსარგებლოც.

ადმინისტრაციამ რაღაც დროის შემდეგ შეცვალა ეს იმიტირებული დასაჯდომი ნაკლებად დაჟანგულით, თუმცა მისი სუნი კამერაში ყოფნას აუტანელს ხდის, ხოლო ზომით იმხელაა, რომ სხვებსაც კი უჭირთ საპირფარეშოთი სარგებლობა.

პატიმარი იძულებული გახდა ესარგებლა აღნიშნული იმიტირებული დასაჯდომით. არადა პენიტენციური კოდექსის 112-ე მუხლით „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად“. 113-ე მუხლის მიხედვით კი „ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს“.

ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანი შემოვიდა მძიმე სულიერი ტრამვით. აღმოჩნდა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას დაზიანებული ფეხი საერთოდ არ ჰქონდა შეხვეული და ასე გაატარა რამდენიმე დღე. ფეხი მხოლოდ ციხეში გადმოყვანის შემდეგ შეუხვიეს და რამდენიმე დღე კარანტინში საშინელ პირობებში ამყოფეს.

ზოგადად, კარანტინი საშინლად მოუწესრიგებელია. კედელზე ყველგან ტარაკნები არიან, წვიმისგან კამერაში გუბდება წყალი, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, საშინელ სუნთან ერთად, ვირთხებიც ამოდიან. სუფთა ადგილს ფიზიკურად ვერ იპოვი, რომ ჩამოჯდე და მაშინაც კი, როცა შუქი ანთია – უკუნეთი წყვდიადია.

კარანტინის აღნიშნულ საშინელ პირობებზე ნებისმიერი პატიმარი დაგემოწმებათ.

კარანტინში ყოფნისას მასთან შეიყვანეს ხნიერი მამაკაცი (70 წლამდე), რომელსაც დაემართა ეპილეფსიური შეტევა და ჩავარდა კრუნჩხვებში. როცა დახმარებას ითხოვდნენ, ციხის თანამშრომელმა უთხრა, რომ „მაგას ემართება ხოლმე ეგრეო“. საბრალო ხნიერ მამაკაცს დაეწყო უნებლიე შარდვა და სანამ არ მიხედეს, თავისივე შარდში მოუწია წოლა. ამ ფაქტის შემდეგ ადამიანს აქვს პანიკური შიში, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს კარანტინში.

პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლით „ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას“.

ადამიანის მსგავს სიტუაციაში ჩაგდება არის ღირსების შემლახავი, რაც აღნიშნულ სიტუაციაში გამოწვეული ფიზიკური და სულიერი ტკივილით უთანაბრდება წამებას. პატიმარს, პენიტენციური კოდექსის 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით ერგება სამედიცინო ზედამხედველობა. მეტიც, 142-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნათქვამია: „თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში“.

ამ ყველაფრით აღშფოთებულებმა, მოვითხოვეთ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კატეგორიული შეხვედრა (ციხის ადმინისტრაცია აქამდე არაერთხელ დაგვპირდა შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ). ვესაუბრეთ კორპუსის უფროსს. ავუხსენით, რომ ამ მძიმე ჯანმრთელობის მქონე ადამიანს ჩვენ სათანადოდ ვერ მოვუვლიდით. ჩვენ თავადაც ველით სამედიცინო დახმარებას. მე რამდენიმე თვეა კანის ექიმთან არ გადავყავარ, ხოლო ჩემი მეორე თანამესაკნე ორ კვირაზე მეტია ცდილობს ნახოს ექიმი და მიიღოს რენტგენის პასუხი (ხელი აქვს დაზიანებული).

მესმის, რომ ციხე გადავსებულია და რიგი უფლებებით ამიტომ ვერ ვსარგებლობთ, მაგრამ ვუთხარი, რომ მიუღებელია ადამიანებს ასე მოექცნენ. ასე ცხოველებსაც კი არ ეპყრობიან და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულების მოთმენას არ ვაპირებდით. პასუხად მივიღეთ „ზერელე“ ტონი და მუქარა – „შენ ციხე არ გინახავს“.

მე ძალიან მაინტერესებს, რა არ მინახავს ციხეში? რა პირობებით ვსარგებლობ, რომელიც ციხეს „კურორტად“ მიქცევს?

პირიქით, პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თითო პატიმრისთვის თავისუფალი სივრცე არ უნდა იყოს 4 კვ.მ-ზე ნაკლები, როდესაც ჩვენ თითო პატიმარი 1 კვ.მ-ზე ნაკლებ სივრცეში ვრჩებით საკანში.

როცა ჩვენ უნდა ვიყოთ უზრუნველყოფილი ჰიგიენითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით, ეს უკანასკნელი ციხეს არ გააჩნია.

სატელეფონო ზარის უფლებით ისე ვერ ვსარგებლობთ, როგორც ეს პენიტენციური კოდექსითაა გათვალისწინებული (116-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

მეზღუდება განათლების უფლება, ვერ ვსარგებლობ ციფრული სწავლის ფორმით (134-ე მუხლის მე-2 „ა“ ქვეპუნქტი), ციხეს დღემდე არ გადმოუცია ჩემთვის ელექტრონული წიგნაკი, რომელიც კანონით მერგება, როგორც სტუდენტს.

მონაწილეობას ვერ ვიღებთ სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში (94-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

ჩვენ ისიც კი გვეკრძალება, რომ დადგენილი წესით მივიღოთ მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში. ციხის ეკლესიაში გვიკრძალავენ ასვლას წირვის დროს (94-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

ბოლოს და ბოლოს, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია პენიტენციური კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული „ჯანმრთელობის დაცვის უფლება“.

ამ ყველაფერთან ერთად, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ერთ სივრცეში გვკეტავენ მაშინ, როცა პენიტენციური კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით „შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებულნი უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისგან“.

არამწეველებიცა და მწეველებიც ერთ პატარა, ჩაკეტილ ოთახში ვართ და არავის ანაღვლებს, რომ სიგარეტის ბოლი ყელს გვწვავს ყოველ ჩასუნთქვაზე. მიუხედავად იმისა, რომ 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით „ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე“. ჩვენ, 6კაცი, ერთ პატარა კამერაში ვყავართ გამომწყვდეულნი, რაც ხშირად იწვევს დაძაბულობას.

მსგავს სტრესულ გარემოში კი ხშირად შეუძლებელია ჭამა, ძილი და ვარჯიში.

ამ ყველაფრის შემდეგ რითი გვემუქრებიან, რომ „ციხე არ გვინახავს“? რა უნდა გვანახონ? ცემის კორიდორებში უნდა გაგვატარონ, თუ როცა ჩვენი ჯერი დადგება, ფეხმომტვრეული ცხოველებივით მოგვექცნენ? ან უმწეო მდგომარეობაში დარჩენილები საკუთარ შარდში ამოგვსვარონ?

თუ ასე დგას საკითხი, მე პირადად – ზვიად ცეცხლაძე – ვითხოვ, რომ ნამდვილი ციხე მანახოთ!

მიმიფურთხებია თქვენი კარცერისთვის, კარანტინისთვისა თუ დეესკალაციისთვის! თქვენ მარტო იმიტომ ვერ დაგვამარცხებთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვის ამ ეკლიან, უვალ გზაზე, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა გათელეს, ღვთის მადლი უხვად მოეფინება, ხოლო თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძის წერილი „დაფიონმა“ დღეს, 20 აგვისტოს, საღამოს გამოაქვეყნა.

21 აგვისტოს მის წერილს პენიტენციურ სამსახური განცხადებით გამოეხმაურა, ზვიად ცეცხლაძის წერილს „ცრუ ინფორმაცია“ უწოდა და პატიმარი „საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულა.  

„მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე სასჯელის მოხდის მიზნით განთავსებულია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, ისევე როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ შეუფერხებლად ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური სერვისებით.

სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პერსონალი. სამსახურს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, სამუშაოებს ატარებს დამატებით, არაგეგმურად.

ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო სერვისი მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ ან მონოპროფილურ კლინიკაში.

შესაბამისად, მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია.

მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებს არასათანადო მოპყრობაში.
ზვიად ცეცხლაძე, ასევე, ცდილობს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, როდესაც საუბრობს სასჯელის მოხდის პირობებზე ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში.

მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საშიშროების მომეტებული რისკი და განთავსებულია დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებს ნახევრად ღია დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების უფლებებით“ – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილე, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს, 19 წლის ასაკში დააკავეს.

პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

9-თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას ბრალი 226-ე მუხლამდე გადაუკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია. საბოლოოდ, ზვიად ცეცხლაძეს 2,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

________

მასალა განახლდა 21 აგვისტოს, პენიტენციური სამსახურის განცხადებით. 

„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე

ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად.

გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი კლინიკაში მოთავსებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.

„საშინელებაა, როცა შენი სიცოცხლე იწირება და პასუხს არავინ აგებს. პოლიცია ჩვენს ქვეყანაში არ იცავს ადამიანს… პოლიცია იმისთვისაა, რომ დაიცვას მოქალაქის უფლებები, მაგრამ არ იცავს, სადაა? თითქმის ერთი წელი გახდა და გამოძიებას პასუხი არ აქვს. საერთოდ არაფერს არ მპასუხობს გამომძიებელი, დაზარალებულის სტატუსიც კი არ მომანიჭეს, რომ გავიგო, რა ეტაპზეა გამოძიება.

ის მაინც მითხრან, რომ სეირან, ბოდიში, თქვენი ცოლია დამნაშავე. ჩემი ცოლი, ირინა 60 წლის გახდებოდა, გუშინ იყო მისი დაბადების დღე,“ – გვიყვება სეირან ბაროიანი.

ისკუი [ირინა] ბაროიანი
„იმ დილითაც სახლიდან ადრე გავიდა ირინა,“ – სეირან ბაროიანი ავარიის დღეს იხსენებს „ბათუმელებთან“. – „ირინა ბავშვის მომვლელად მუშაობდა. სახლიდან როცა გადიოდა, დამიბარა, რა უნდა დამეხვედრებინა საღამოს სახლში, რა უნდა შემეძინა გარეთ…

ჩვენ 40 წელი ერთად ვცხოვრობდით, ორი შვილი გვყავს…

საღამოს ირინას გოგო შვილისთვის დაურეკავს, ჯერ შენთან გამოვივლიო. მერე მირეკავს გოგო: დედა, მგონი, სადღაც დაიკარგა, ვერ ვუკავშირდებიო. მეც დავიწყე რეკვა, მაგრამ სულ გათიშულს აჩვენებდა…. თურმე ირინას ტელეფონი ამ დროს დამტვრეულია უკვე.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ მე ამ საშინელი ავარიიდან 45 წუთის შემდეგ მიკავშირდებიან, როცა გონება დაკარგული ირინა რეფერალურ საავადმყოფოშია დამტვრეული და რეანიმაციაშიც კი არ აუყვანიათ – მას შემდეგ აიყვანეს, როცა იქ მივედი.

ირინა ღამის ორზე გარდაიცვალა – სისხლდენა ვერ შევაჩერეთო, ექიმებმა,“ – გვიყვება სეირან ბაროიანი და ხაზს უსვამს იმას, რომ ავარიის შესახებ მან პირველად იმ კაცის სიმამრისგან გაიგო, ვინც ქვეითად მიმავალ ქალს დაეჯახა. კლინიკაში შეხვედრის დროს მძღოლის სიმამრს სეირან ბაროიანისთვის უთქვამს, რომ ის პოლიციელია. სეირან ბაროიანი არ გამორიცხავს იმას, რომ არაეფექტური გამოძიება შესაძლოა ამ გარემოებასაც უკავშირდებოდეს.

მძღოლის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. ამ დრომდე გამოძიებას სეირან ბაროიანისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი. როცა პირს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მას გამოძიება აცნობს ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებ. ამ შემთხვევაში კი, შსს-ს უპასუხოდ დაუტოვებია სეირან ბაროიანის ადვოკატის მიერ 2026 წლის იანვარში წერილობით გაგზავნილი შეკითხვა: „გთხოვთ, გვაცნობოთ რა სტადიაზეა სისხლის სამართლის საქმე და როდის იქნება მიღებული მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება,“ – აღნიშნულია შსს-სთვის გაგზავნილ წერილში.

„იმ დღეს მძღოლის სიმამრმა დამირეკა, რომ ასეთი ამბავია და უკვე რეფერალურშიაო. ავარიიდან უკვე 45 წუთი გასულია… მალევე მივედი კლინიკაში და მიცნო, აუ, სეირან, თქვენ ხართო? ყველაფერზე „ატვეჩაი“ ვართო. ამას მეუბნება ადამიანი იმ დროს, როცა ჩემი ცოლი უკვე სისხლისგან იცლება და რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი არ იყო აყვანილი, „ემერჯენსის“ განყოფილებაში იყო ისევ… მან მითხრა, რომ პოლიციელია.

მერე გავიგე, რომ თავდაპირველად სასწრაფოში დაურეკავთ ადამიანებს, რომელსაც კორპუსიდან დაუნახავთ ეს ავარია. მძღოლს, რომელიც ირინას დაეჯახა, არ დაურეკავს სასწრაფოში, რომ ქალი გადაერჩინა.

გამოძიებას აქვს ამ ავარიის ვიდეო ჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ სწრაფად მოდის ეს ავტომანქანა შუა ზოლში, დაინახა, რომ წინ გაჩერებულია ავტომანქანა, რომელიც ატარებდა ამ დროს ჩემს მეუღლეს და „აბგონი“ გაუკეთა იმ ავტომანქანას, ამ გასწრების პროცესში დაეჯახა ჩემს ცოლს მარცხენა მხრიდან… ამ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვებია 40 კმ. საათი და წარმოიდგინეთ, ადგილზე რომ დაამსხვრია ადამიანი, რა სიჩქარით მოდიოდა.

მთელს ამხელა მონაკვეთში არსად იყო ზებრა გადასასვლელი. მას შემდეგ მოაწყვეს, როცა იქ 5 ადამიანი დაიღუპა. ზებრაც მოაწყვეს და მწოლიარე პოლიციელიც.

ერთი წელია ექსპერტიზას ველოდებითო, ეს ხომ არაა ლოგიკური? რა ექსპერტიზას სჭირდება 1 წელი? რა ექსპერტები არიან? ამ საქმის გამომძიებელს, არჩილ ხარაზს  ვურეკავ ტელეფონზე და თქვენ საიდან გაქვთ ჩემი ტელეფონის ნომერიო, მე გადავეცი ექსპერტიზას მასალა და მეტი არ ვიციო.

მძღოლს, ან მის სიმამრს მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, ხვდებოდნენ ჩემს ნათესაობას, მაგრამ მე ვიყავი კატეგორიული: საერთოდ არ დამელაპარაკონ, არ მინდა ფულის შეთავაზება. გასვენებას ავიღებთ თავზეო… ვუთხარი, ვინც მომიგზავნეს, რომ არ ვყიდი ჩემი ცოლის სულს. ჩემი მოთხოვნა მხოლოდ ერთია, დაისაჯოს დამნაშავე კანონიერად.

მეუბნებიან, რა აზრი ექნება ამას: პირობითს მისცემენ, ჯარიმას გადაიხდის, ან 2-3 წელი იქნება ციხეში, ამით რა იცვლება? – ჩემი კატეგორიული მოსაზრებაა, რომ ამას უდიდესი ძალა აქვს. არ ვიცი, სხვანაირად როგორ გამოვხატო ეს, როგორ მინდა, რომ დაისაჯოს დამნაშავე,“ – გვითხრა სეირან ბაროიანმა.

„ბათუმელბი“ ამ შემთხვევის შესახებ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან. უწყებაში არც ის დაგვიკონკრეტეს, რა სახის ექსპერტიზა ტარდება.

Exit mobile version