სინდისის პატიმარი, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე გლდანის ციხეში არსებულ პირობებზე წერს. მის წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.
ზვიად ცეცხლაძე წერილში აღწერს საპატიმროში არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ეს გარემო ეხება არა მხოლოდ მას, არამედ ყველა რიგით პატიმარს.
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ზვიად ცეცხლაძის წერილს:
„ყოველთვის ვცდილობ, რომ ციხეში არსებულ დისკომფორტსა და გამოწვევებზე არ ვისაუბრო. არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი, რადგანაც მიმაჩნია, რომ კაცი გამოწვევებს პირისპირ უნდა შეერკინოს, ისინი გადალახოს და გაძლიერდეს. როგორც ჩვენი სულიერი მამა, მერაბ კოსტავა ამბობდა, უფალი მის საყვარელ შვილებს განსაცდელის ემბაზებში წვრთნის და, როგორც რუსთაველი გვასწავლის: „ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხვდეს მამაცურად“.
თუმცა საკითხები, რომლებსაც ამ წერილში შევეხები, მეხება არა მხოლოდ მე, არამედ ყველა რიგით პატიმარს.
ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ გავასაჯაროვო ის სისტემური წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რასაც ეს ბოლო დღეებია უფრო და უფრო მკაფიოდ ვხედავ. სისტემა არის აბსოლუტურად დეჰუმანიზებული, ადამიანების მიზანმიმართულ გატეხვასა და განადგურებაზე ორიენტირებული.
ოთხი კაცზე გათვლილ საკანში ვიმყოფებით ხუთნი, როცა 19 აგვისტოს ჩვენთან შემოიყვანეს მეექვსე პატიმარი (ბრალდებული), უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ფეხმოტეხილი კაცი, ჯერ ადმინისტრაციიდან D კორპუსში, შემდეგ კი E კორპუსში რამდენიმე სართული ატარეს ყავარჯნების გარეშე.
ადამიანი ცალ ფეხზე ხტომით შემოვიდა ჩვენს საკანში, რადგანაც მეორე ფეხი გიფსში აქვს შეხვეული და ამ ფეხზე დაყრდნობა მომდევნო თვენახევარი აკრძალული აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვედა საწოლი დავუთმეთ და მივეცით ყველაფერი, რისი გაღებაც ჩვენი მცირე რესურსებით შეგვეძლო, ჩვენ არ შეგვიძლია სამედიცინო დახმარების გაწევა.
ადამიანს უჭირს ფიზიკურად გადაადგილება, არ შეუძლია დამოუკიდებლად ბანაობა და საპირფარეშოთი ნორმალურად სარგებლობა. როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ვუთხარით, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ შეიძლება კაცის შემოყვანა ციხის კამერაში და ამის ნაცვლად „ერბეზე“ (ციხის საავადმყოფოში) დააწვინონ, გვიპასუხეს, რომ როგორმე თქვენით უნდა მიხედოთო.
ვუხსნიდით, რომ კაცს სჭირდება გიფსის გამოცვლა და ექიმის ზედამხედველობა სამედიცინო პირობებში. პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ როცა საჭირო იქნება, ექიმი მოუტანს წამლებსო. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ადამიანს ცარიელი ბალიში და ლეიბი აღირსეს, ოღონდ, იცით თეთრეული რატომ არ მოუტანეს? იმიტომ, რომ ციხეს ჩვენს კორპუსში ფიზიკურად იმდენი თეთრეული აღარ აქვს, რამდენი პატიმარიცაა. (ცხადია, ჩვენ საკუთარი თეთრეული მივეცით).
კვლავ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მოუტანეს ძველი, დაზიანებული, ცალი ყავარჯენი. საგანგებოდ უთხრეს, რომ მეორე ყავარჯენს რამდენიმე დღეში მოუტანდნენ. ოღონდ რაც მოუტანეს, ისიც უვარგისი აღმოჩნდა. ეს ცალი ყავარჯენი იყო საჭირო ზომაზე პატარა და რეზინის ძირიც ამძვრალი ჰქონდა, რაც სახიფათო იყო გამოსაყენებლად. პატიმარი იძულებული გახდა, რომ ეს ყავარჯენი უკან დაებრუნებინა.
რამდენჯერმე მოითხოვა სპეციალური იმიტირებული დასაჯდომი, რომლითაც შეძლებდა, რომ საპირფარეშოთი ესარგებლა. მოუტანეს რაღაც ძველი, დაჟანგული, ლითონის იმიტირებული სკამი საზარელი სუნით, რომელიც ასევე გატეხილი აღმოჩნდა და ყოვლად არაჰიგიენურობასთან ერთად, უსარგებლოც.
ადმინისტრაციამ რაღაც დროის შემდეგ შეცვალა ეს იმიტირებული დასაჯდომი ნაკლებად დაჟანგულით, თუმცა მისი სუნი კამერაში ყოფნას აუტანელს ხდის, ხოლო ზომით იმხელაა, რომ სხვებსაც კი უჭირთ საპირფარეშოთი სარგებლობა.
პატიმარი იძულებული გახდა ესარგებლა აღნიშნული იმიტირებული დასაჯდომით. არადა პენიტენციური კოდექსის 112-ე მუხლით „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად“. 113-ე მუხლის მიხედვით კი „ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს“.
ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანი შემოვიდა მძიმე სულიერი ტრამვით. აღმოჩნდა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას დაზიანებული ფეხი საერთოდ არ ჰქონდა შეხვეული და ასე გაატარა რამდენიმე დღე. ფეხი მხოლოდ ციხეში გადმოყვანის შემდეგ შეუხვიეს და რამდენიმე დღე კარანტინში საშინელ პირობებში ამყოფეს.
ზოგადად, კარანტინი საშინლად მოუწესრიგებელია. კედელზე ყველგან ტარაკნები არიან, წვიმისგან კამერაში გუბდება წყალი, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, საშინელ სუნთან ერთად, ვირთხებიც ამოდიან. სუფთა ადგილს ფიზიკურად ვერ იპოვი, რომ ჩამოჯდე და მაშინაც კი, როცა შუქი ანთია – უკუნეთი წყვდიადია.
კარანტინის აღნიშნულ საშინელ პირობებზე ნებისმიერი პატიმარი დაგემოწმებათ.
კარანტინში ყოფნისას მასთან შეიყვანეს ხნიერი მამაკაცი (70 წლამდე), რომელსაც დაემართა ეპილეფსიური შეტევა და ჩავარდა კრუნჩხვებში. როცა დახმარებას ითხოვდნენ, ციხის თანამშრომელმა უთხრა, რომ „მაგას ემართება ხოლმე ეგრეო“. საბრალო ხნიერ მამაკაცს დაეწყო უნებლიე შარდვა და სანამ არ მიხედეს, თავისივე შარდში მოუწია წოლა. ამ ფაქტის შემდეგ ადამიანს აქვს პანიკური შიში, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს კარანტინში.
პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლით „ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას“.
ადამიანის მსგავს სიტუაციაში ჩაგდება არის ღირსების შემლახავი, რაც აღნიშნულ სიტუაციაში გამოწვეული ფიზიკური და სულიერი ტკივილით უთანაბრდება წამებას. პატიმარს, პენიტენციური კოდექსის 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით ერგება სამედიცინო ზედამხედველობა. მეტიც, 142-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნათქვამია: „თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში“.
ამ ყველაფრით აღშფოთებულებმა, მოვითხოვეთ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კატეგორიული შეხვედრა (ციხის ადმინისტრაცია აქამდე არაერთხელ დაგვპირდა შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ). ვესაუბრეთ კორპუსის უფროსს. ავუხსენით, რომ ამ მძიმე ჯანმრთელობის მქონე ადამიანს ჩვენ სათანადოდ ვერ მოვუვლიდით. ჩვენ თავადაც ველით სამედიცინო დახმარებას. მე რამდენიმე თვეა კანის ექიმთან არ გადავყავარ, ხოლო ჩემი მეორე თანამესაკნე ორ კვირაზე მეტია ცდილობს ნახოს ექიმი და მიიღოს რენტგენის პასუხი (ხელი აქვს დაზიანებული).
მესმის, რომ ციხე გადავსებულია და რიგი უფლებებით ამიტომ ვერ ვსარგებლობთ, მაგრამ ვუთხარი, რომ მიუღებელია ადამიანებს ასე მოექცნენ. ასე ცხოველებსაც კი არ ეპყრობიან და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულების მოთმენას არ ვაპირებდით. პასუხად მივიღეთ „ზერელე“ ტონი და მუქარა – „შენ ციხე არ გინახავს“.
მე ძალიან მაინტერესებს, რა არ მინახავს ციხეში? რა პირობებით ვსარგებლობ, რომელიც ციხეს „კურორტად“ მიქცევს?
პირიქით, პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თითო პატიმრისთვის თავისუფალი სივრცე არ უნდა იყოს 4 კვ.მ-ზე ნაკლები, როდესაც ჩვენ თითო პატიმარი 1 კვ.მ-ზე ნაკლებ სივრცეში ვრჩებით საკანში.
როცა ჩვენ უნდა ვიყოთ უზრუნველყოფილი ჰიგიენითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით, ეს უკანასკნელი ციხეს არ გააჩნია.
სატელეფონო ზარის უფლებით ისე ვერ ვსარგებლობთ, როგორც ეს პენიტენციური კოდექსითაა გათვალისწინებული (116-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
მეზღუდება განათლების უფლება, ვერ ვსარგებლობ ციფრული სწავლის ფორმით (134-ე მუხლის მე-2 „ა“ ქვეპუნქტი), ციხეს დღემდე არ გადმოუცია ჩემთვის ელექტრონული წიგნაკი, რომელიც კანონით მერგება, როგორც სტუდენტს.
მონაწილეობას ვერ ვიღებთ სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში (94-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
ჩვენ ისიც კი გვეკრძალება, რომ დადგენილი წესით მივიღოთ მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში. ციხის ეკლესიაში გვიკრძალავენ ასვლას წირვის დროს (94-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
ბოლოს და ბოლოს, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია პენიტენციური კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული „ჯანმრთელობის დაცვის უფლება“.
ამ ყველაფერთან ერთად, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ერთ სივრცეში გვკეტავენ მაშინ, როცა პენიტენციური კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით „შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებულნი უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისგან“.
არამწეველებიცა და მწეველებიც ერთ პატარა, ჩაკეტილ ოთახში ვართ და არავის ანაღვლებს, რომ სიგარეტის ბოლი ყელს გვწვავს ყოველ ჩასუნთქვაზე. მიუხედავად იმისა, რომ 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით „ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე“. ჩვენ, 6კაცი, ერთ პატარა კამერაში ვყავართ გამომწყვდეულნი, რაც ხშირად იწვევს დაძაბულობას.
მსგავს სტრესულ გარემოში კი ხშირად შეუძლებელია ჭამა, ძილი და ვარჯიში.
ამ ყველაფრის შემდეგ რითი გვემუქრებიან, რომ „ციხე არ გვინახავს“? რა უნდა გვანახონ? ცემის კორიდორებში უნდა გაგვატარონ, თუ როცა ჩვენი ჯერი დადგება, ფეხმომტვრეული ცხოველებივით მოგვექცნენ? ან უმწეო მდგომარეობაში დარჩენილები საკუთარ შარდში ამოგვსვარონ?
თუ ასე დგას საკითხი, მე პირადად – ზვიად ცეცხლაძე – ვითხოვ, რომ ნამდვილი ციხე მანახოთ!
მიმიფურთხებია თქვენი კარცერისთვის, კარანტინისთვისა თუ დეესკალაციისთვის! თქვენ მარტო იმიტომ ვერ დაგვამარცხებთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვის ამ ეკლიან, უვალ გზაზე, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა გათელეს, ღვთის მადლი უხვად მოეფინება, ხოლო თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძის წერილი „დაფიონმა“ დღეს, 20 აგვისტოს, საღამოს გამოაქვეყნა. ჯერ-ჯერობით წერილზე განცხადება არ გაუვრცელებია პენიტენციურ სამსახურს. უწყების გამოხმაურების შემთხვევაში მასალა განახლდება.
პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილე, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს, 19 წლის ასაკში დააკავეს.
პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
9-თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას ბრალი 226-ე მუხლამდე გადაუკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია. საბოლოოდ, ზვიად ცეცხლაძეს 2,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





