მთავარი,სიახლეები

133 324 ადამიანს დახმარება შეუჩერეს – სოცსააგენტოს 7 თვის სტატისტიკა

10.08.2026
133 324 ადამიანს დახმარება შეუჩერეს – სოცსააგენტოს 7 თვის სტატისტიკა

მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში სოციალური დახმარება 7 235 ადამიანს მოუხსნეს.

ჯამურად, ბოლო 7 თვეში, სოციალური დახმარების გარეშე 133 324 ადამიანი (39 530 ოჯახი) დარჩა.

თუ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას გავაანალიზებთ, ბოლო წლებში სოცდახმარების მიმღებთა ოდენობა მკვეთრად იზრდებოდა, 2026 წლის თებერვლიდან კი შემცირება დაიწყო.

ამ შემცირების დაწყებას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „სოცდახმარების მიმღებთა ჭარბი რაოდენობა გადასახედი იყო“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო შვიდ თვეში ასეთია:

  • 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა – 710 226 პირი (184 921 ოჯახი);
  • 2026 წლის თებერვალი – 709 458 პირი (184 773 ოჯახი);
  • 2026 წლის მარტი – 667 793 პირი (174 111 ოჯახი);
  • 2026 წლის აპრილი – 645 920 პირი (166 841 ოჯახი);
  • 2026 წლის მაისი – 605 033 პირი (153 171 ოჯახი);
  • 2026 წლის ივნისი – 584 137 პირი (146 996 ოჯახი);
  • 2026 წლის ივლისი – 576 902 პირი (145 391 ოჯახი).

ვის უხსნიან სოციალურ დახმარებას?

ამ კითხვაზე პასუხის მიღება ყველაზე მარტივად სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერილი ათობით მოქალაქის კომენტარიდან შეიძლება.

მოქალაქეები წერენ, რომ მათ სოციალური შემწეობა უსამართლოდ მოუხსნეს და მაღალი სოციალური ქულა არასწორად მიანიჭეს.

გთავაზობთ რამდენიმე მოქალაქის ისტორიას, რომელიც საჯაროდ დაიწერა:

„მარტოხელა მამა 3 შვილს უვლის და არ აქვს არანაირი შემოსავალი გარდა 3 ძროხის ნაწველი რძისა. შემოწმების შემდეგ მისცეს მაღალი ქულები და სოციალური მოუხსნეს, ესაა სამართალი? ესაა? გამაგებინეთ,“ – წერს მოქალაქე ნათელა დავითაძე.

„ჩემს აგენტს მოვიკითხავ, აღდგომის წინ დღეს გამწარებული რომ შემოვარდა. ნეტა როგორ გძინავს ღამე ჩემი შვილების ცოდვით? არაფერი ცოდვა მადლი რომ არ იცით. მთავრობას ყველა დალხენილი ჰყავს. მოვა არჩევნები და გლეხები გაგახსენდებათ, მაგრამ ვინც გაამწარეთ ნუ მიაკითხავთ სჯობს,“ – წერს მოქალაქე ნინი ბერიშვილი.

„შშმ პირი ვარ, ქვრივი, ქირით, 2 მცირეწლოვანი დევნილი ბავშვით, საშემოსავლო დამერიცხა ჩემი ჯანმრთელობის მისახედად და სოციალური მომიხსენით. მივიტანე ცნობა, რომ ეს დახმარება იყო ჩემი ჯანმრთელობის მისახედად და არა მუდმივი ხელფასი და არც განიხილეთ. მაინტერესებს რას ემსახურება ეს. მაინტერესებს ჩვენს ქვეყანაში ამ ფასების პირობებში თქვენ რამდენი გყოფნით ოჯახის მისახედად? არავითარ ფუფუნებაზე არ ვამბობ. ნუთუ ჩემი დახმარების თანხა მამდიდრებდა?“ – სვამს კითხვას მოქალაქე ნათია წულაია.

„საბრალო, გაჭირვებულ ხალხს სოციალურს უნდა უხსნიდეთ თუ პირიქით, [უნდა] დაუნიშნოთ?

რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა, ვისაც მართლა უჭირს? ხელფასი მე არ მაქვს მაღალი, ქმარი უმუშევარი მყავს სოფელში, რა უნდა ქნას კაცმა? ორი შვილი მყავს, რა უნდა ქნა, ოჯახი საიდან [უნდა] არჩინო? რომ დაერიეთ ამ ხალხს, რომ მოუხსენით დახმარება, ვისაც მართლა უნდა ქონდეს იმას არ აძლევთ, ვისაც არ ჭირდება იმას უნიშნავთ.

მაღალი ხელფასი რომ მქონდეს და ვმუშაობდე, რად მინდა თქვენი დახმარება? იმხელა ქულა მომანიჭეთ ყველაზე მდიდარი მე ვყოფილვარ. სად არის სამართალი ან სად ვეძიოთ? თქვენ კი ხართ კარგად, სხვას რას დაეძებთ. სოფლები დაცარიელდა, აღარავინ დარჩა, ვერაფერს ნახულობენ, გარბიან სოფლებიდან. ვინც დარჩა, იმასაც გააქცევთ. დაგრჩებათ ბურთი და მოედანი, იყავით მარტო თქვენ,“ – წერს მოქალაქე ფიქრია შვანგირაძე.

მსგავსი ათობით კომენტარია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.

10 აგვისტოს მდგომარეობით, სააგენტოს კომენტარები წაშლილი არ აქვს და არც არაიდენტიფიცირებადი პირების კომენტარები გვხვდება.

ამავე თემაზე:

კობახიძის თანახმად, გადასახედია სოცდახმარების მიმღებთა ჭარბი რაოდენობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: