12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„მირზა უმძიმეს მდგომარეობაშია. აპარატზეა შეერთებული, პრაქტიკულად სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის და სპეციფიური მედიკამენტებით გვჭირავს მისი სიცოცხლე. ამ მდგომარეობაში შეიძლება რამდენიმე დღეს გაძლოს. გამორიცხულია საზღვარგარეთ გადაყვანა. თავის ტვინი სისხლით არის სავსე, გაჟონვა მოხდა და ჩაექცა, საერთოდ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის,“ – განაცხადა იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის კოორდინატორმა თამთა დემურიშვილმა.
მირზა ცეცხლაძე ლეიკემიით არის დაავადებული. მას ძვლის ტვინის გადანერგვისათვის ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება. გასულ კვირას მირზას დასახმარებლად ჟურნალისტები გაერთიანდნენ და მკურნალობისთვის საჭირო ფულის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს. მოგვიანებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მირზას დასახმარებლად საჭირო თანხა გამოჰყო, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა მირზას სამკურნალოდ წაყვანა საზღვაგარეთ.
პირველი ივლისიდან აღწერა იწყება აჭარასა და გურიაში, 15 ივლისიდან იქნება კახეთში, ნოემბერ-დეკემბერი იქნება თბილისი და სამეგრელო და შემდეგი წლის თებერვალში ჩაერთვება ქართლი და იმერეთი. ამით დასრულდება პირველი ეტაპი.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, აღმწერები მივლენ თითოეულ ოჯახში სპეციალური რუკებით რომელიც თანამგზავრიდანაა გადაღებული. „ეს იქნება A სამი ფორმატის ფურცელი, რომელზეც გამოსახული იქნება რუკა. ამ რუკების შესაბამისად, პირველი ეტაპისთვის გაკეთდება 3 500 სააღწერო უბანი, რაც იმას ნიშნავს რომ პირველ ეპატზე ჩვენ ამდენივე აღმწერს გამოვიყენებთ“-ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე
ინტერვიუერის მთავარი ამოცანაა, როგორ ზაზა ჭელიძე ამბობს, არის რომ რუკაზე დატანებულ ყველა შენობაში მივიდეს და მისცეს ოჯახებს სპეციალური კოდი და მოხდეს ამ ოჯახში მცხოვრები პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. შეიძლება რუკაზე არ იყოს დატანებული რომელიმე ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსი, ამიტომ, აღმწერი პირები ვალდებულნი არიან, ასეთი შენობა რუკაზე დაიტანონ“.
განახლებული რუკები შევა მონაცემთა ბაზაში და ითვლება მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა. „ამის შემდეგ ქვეყანა დაიყოფა 11 ათას სააღწერო უბნად, რის შემდეგაც 16 გვერდიანი სააღწერო კითხვარით მოხდება მაცხოვრებლების გამოკითხვა თითოეულ ოჯახში. არის კითხვარი ოჯახზეც და ინდივიდზეც“.
აქცენტი გაკეთდება არა პიროვნების რეგისტრაციის მიხედვით, არამედ მისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით.
აღწერის ათვლის მომენტი, როგორც საქსტატის დირექტორი ამბობს, იქნება 2014 წლის 5 ნოემბრის ღამის 12 საათი. საველე სამუშაოები დაიწყება ხუთ ნოემბერს და დასრულდება 19 ნოემბერს. „თუ თქვენს ოჯახში არის მატება და ბავშვი დაიბადა ხუთი ნოემბრის შემდეგ, ის არ ჩაითვლება მოსახლეობის აღწერის ახალ მონაცემებში“.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ამ ტიპის აღწერაში ცდომილება არის მინიმუმი და რეალობასთან უფრო ახლოს დგას. „ჩვენ ფაქტობრივად ზევიდან ვითვლით ქვეყანას და ვარკვევთ ვინ სად არის, სხვანაირად, ფაქტობრივად შეუძლებელია. გარდა ამისა, უცხოელები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში შედიან ამ მონაცემებში და არ არის აუცილებელი რომ ისინი იყვნენ ქვეყნის მოქალაქე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახეზე მყოფი მოსახლეობა დავითვალოთ“.
აღწერის შემდეგ მოხდება ახალი მონაცემების შედარება 2002 წლის მონაცემებთან თითოეული სოფლისა და ქალაქის მონაცემების მიხედვით. მოსახლეობის საყოველთა აღწერის დროს, ყურადღება გამახვილდება მოსახლეობის იმ კატეგორიაზე, რომელიც მიიჩნევა ეკომიგრანტებად ან უსახლკაროებად.
„თუ პიროვნება ერთ წელზე მეტხანს ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასეთი პირი არ ვერ მოხვდება აღწერაში. ამ მონაცემერბით ფაქტობრივად ჩვენ გვეცოდინება რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით და განვაახლებთ ამომრჩეველთა სიასაც, კვლევის დროს ინფორმაციას ვიღებთ ყველა ტიპის დაწესებულებებიდან, მათ შორის მონასტრებიდანაც“.
საყოველთა აღწერის პირველადი შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის გაზაფხულზე.
ბათუმის იუსტიციის სახლში 20 ივნისიდან დღემდე 1400-მდე განაცხადიი შევიდა, განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღების თხოვნით.
ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერის თამარ სამსონიას თქმით, ეს საკმაოდ მაღალი აქტივობაა: „მიმდინარე წელს მთელს საქართველოში ატესტატების რაოდენობა 52 400-ია. გასულ 2012 წელს კი პირველადი ატესტატი 39 600 სკოლადამთავრებულზე გაიცა.
აბიტურიენტების იმ ნაწილის, რომლებმაც სკოლა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დაასრულეს, ატესტატი გადაეცემათ სრულიად უფასოდ, 10 დღის ვადაში.” – ამბობს ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი თამარ სამსონია.
რიგების თავიდან აცილების მიზნით იუსტიცის სახლში მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი აბიტურიენტებისათვის. თამარ სამსაონიას თქმით რეკომენდაციები გათვალისწინებულია ატესტატების მიღების მსურველთათვის და მოიცავს იუსტიციის სახლში დაბალი ნაკადების პერიოდებს, რათა მოხერხდეს გაზრდილი ნაკადების გამო წარმოქმნილი რიგების თავიდან აცილება.
„დისკომფორტისა და რიგების თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტეთ ატესტატების აღების მსურველებს რეკომენდაცია მივცეთ, რომ ამ დოკუმენტის მისაღებად იუსტიციის სახლს მიმართონ ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 12:00 საათამდე და 16:00-დან 18:00 საათამდე.” – ამბობს თამარ სამსონია. მისივე თქმით მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიზნით, იუსტიციის სახლი ატესტატების გაცემის პერიოდში ადამიანური რესურსების გაზრდილი შემადგენლობით მუშაობს.
ხელვაჩაურის ყოფილ გამგებელს სავარაუდოდ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის რემონტთან დაკავშირებით გამცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებულ ფინანსურ გარიგებაში ედება ბრალი. თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი არ ადასტურებს:
„დღეს იყო სასამართლო, თუმცა არ ვიცი ზუსტად რას ედავებიან, ხვალისთვის დაგიდგენთ ან პროკურატურას მიმართეთ“- განაცხადა მან „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
გურამ საფარიძე ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილი გამგებლის თემურ დუმბაძის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დაინიშნა. ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილედ კი ის 2010 წლიდან მუშაობდა.
2004-2010 წლებში კი ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის რეგიონალური ეკონომიკის განყოფილების უფროსი იყო. ხელვაჩაურის გამგებლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ის მცირე დროში აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოდან სარემონტო სამუშაოები იწყება. დასი დროებით საზაფხულო თეატრში გადავა და სპექტაკლებს იქ გამართავს.
„სახურავიდან დაწყებული სავენტილაციო, გათბობის სისტემებით დამთავრებული აბსოლიტურად ყველაფერი შეიცვლება. კაპიტალური რემონტი ტარდება. დაახლოებით წელიწადნახევარს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის მმართველმა თეიმურაზ კეჟერაძემ.
მისივე თქმით შეიცვლება თეატრის რამდენიმე წლის წინ გარემონტებული ფასადიც.
„ორი წლის წინ ბათუმის თეატრის ფასადი გადაიღება და კაპიტელები მოაოქროვეს. ამავე დროს წინა ფასადზე ძალიან უსახური ბარელიეფი დაამონტაჟეს. ეს ყველაფერი უნდა მოცილდეს თეატრს. თეატრმა უნდა მიიღოს პირვანდელი სახე. ახლა თეატრის შენობა ჰგავს კულტურის სახლს. მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში რაიონებში მეჩაიეების სახლი იყო, ასეთ სახლებს ჰგავს კლასიკური სტილის ძალიან კარგი შენობა ახლა,“- აცხადებს თეიმურაზ კეჟერაძე.
ბათუმის დრამატული თეატრის რემონტისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გაიღებს.
აუქციონის პირობებით მყიდველმა ქობულეთის პირსის შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახუთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ობიექტის შესყიდვიდან 2 წლის განმავლობაში უნდა შეძლოს. პირობებში ისიც არის ჩადებული, რომ სარგებლობაში არსებულ ვადაში, რაც 20 წლითაა განსაზღვრული, ახალმა მფლობელმა მას საზოგადოებრივი ობიექტის დანიშნულება უნდა შეუნარჩუნოს. პირსის შენობასთან ერთად იყიდება ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაც, 1064 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ამ ყველაფრის საწყის ფასად კი ეკონომიკის სამინისტრომ ელეტქრონული აუქციონის ვებგვერდზე 15 000 ლარი მიუთითა.
კაფე „რვაფეხას“, სადაც სტუდენტური კაფე უნდა გაკეთებულიყო სამინისტრო საიჯარო წესით გაასხვისებს, ყოველწლიურ საიჯარო ქირად კი 65 000 ლარია განსაზღვრული. შენობასთან ერთად მყიდველს „რვაფეხას“ მიმდებარედ არსებული 2053 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის განკარგვის შესაძლებლობაც ექნება.
საიჯარო წესით იყიდება ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული არასაცხოვრებელი 68, 5 ფართობიც, ამ შემთხვევაში სარგებლობის ვადად მხოლოდ ორი წელია მითითებული. წლის განმავლობაში კი სარგებლობის საფასურის სახით შემძენს 4 110 ლარის გადახდა მოუწევს.
ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი მტკნარ წყალზეც გამოაცხადა, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მოსაპოვებელი წიაღისეულის გამოყენება სამეწარმეო დანიშნულებითაა შესაძლებელი, განსაზღვრულია მოპოვების მოცულობაც რაც დღეშო 50 მ3 –ია. მოპოვების მოცულობის კონტროლს სამინისტრო ელექტრონული მრიცხველის გამოყენებით გეგმავს.
აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიცირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა კი დამატებით აუქციონი მდინარე აჭარისწყლიდან ქვიშა- ხრეშის ამოღებაზე გამოაცხადა.
აჭარის ეკონომიკის სამინისტროს აუქციონი აქვს გამოცხადებული ფიჭვნარის ტურისტული ზონის გასხვისებაზეც, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ქობულეთის ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სახელმწოფო ინვესტორებს მიწის ნაკვეთებს უფასოდ სთავაზობს, ინვესტორის მიერ დაგეგმილი სამუშაოს დროულად შესრულებისა და ობიექტის ექსპლუატაციის შესვლის შემდეგ კი მფლობელი 15 წლით თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისგან.
ამ დროისათვის ელექტრონულ აუციონზე ქონება გატანილი არ აქვს ბათუმის მერიას.
ელეტრონული აუქციონის წესით ქონების შეძენის შესაძლებლობა ინვესტორებსა და დაინტერესულ მოქალაქეებს 2010 წლიდან აქვთ.
ელექტრონული აუქციონის სისტემა და ვებგვერდი www.auction.ge საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან ერთად შეიქმნა.
ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა პატრიოტთა ბანაკს სახელი გადაარქვას და „მომავლის ბანაკი“ უწოდოს. ბანაკში სტუდენტების ნაცვლად მხოლოდ სკოლის მოსწავლეები დაისვენებენ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით ბანაკი ათდღიანი იქნება და მასში მონაწილეობა 14-15 წლის ასაკამდე წარჩინებულ მოსწავლეებს შეეძლებათ. მისივე თქმით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნიან მოთხოვნას, რათა სკოლებმა შეარჩიონ ის წარჩინებული მოსწავლეები რომლებიც ბანაკებში დასვენებას შეძლებენ. წელს ბანაკებში 2000-მდე ბავშვის დასვენებაა გათვალისწინებული. ასევე თუ წარჩინებულებს შორის სოციალურად დაუცველი ან დევნილი იქნება, პრიორიტეტი მათ მიენიჭებათ.
საზაფხულო ბანაკი „მხიარული მოგზაური“ სკოლის მოსწავლეებისათვის აქვს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს. სასწავლო, შემეცნებითი, გარემოსდაცვითი და გასართობი საველე ბანაკი 20 პერსონაზეა გათვლილი, აქედან 15 ბავშვი იქნება, ხოლო დანარჩენი პერსონალი.
„ბანაკი განხორციელდება საველე პირობებში. ერთი ნაკადის ბანაკში ყოფნის დრო არის 7 დღე. შერჩევას რაც შეეხება, ვარჩევთ წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რაც შეეხება ასაკს 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა ჩვენიი ბანაკი,“ – ამბობს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მესხიძე.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კიდევ ერთი ბანაკი „ჩვენებურებია“.
„ეს არის სპეციალური პროგრამა იმიერ ტაოში მცხოვრები ქართველებისათვის და ბათუმელი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მიზანი არის ახალგაზრდების დაახლოება. ხუთი დღე დავრჩებით ტაოში, შემდეგ ჩვენებურები ჩამოვლენ ბათუმში. გვინდა იქაური ბავშვები ვაცხოვროთ არა სასტუმროში, არამედ ოჯახებში. ბანაკში დაახლოებით 15 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას,“ – ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის კოორდინატორი გია ჭანკურიძე.
კიდევ ერთი ბანაკი სადაც მოსწავლეებს დასვენება შეუძლიათ საპატრიარქოსთან არსებული საზაფხულო ბანაკი „სამშობლოა“. თუმცა მასში რომ მოხვდე გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე.
„ჩვენთან ვინც ისვეებს, ესენი ძირითადად არიან მრავალსულიანი სასულიერო პირების ბავშვები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. გამომდინარე იქიდან რომ საეკლესიო დაწესებულებაა, შეღავათს ვუწევთ იმ სასულიერო პირებს, ვინც მრავალშვილიანია და არ აქვს საშუალება სადმე გაიყვანოს ბავშვი. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან დამსვენებლებს, უცხოეთის სამრევლოებიდან გვიკავშირდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და უშვებენ ბავშვებს. არის ასაკობრივი შეზღუდვა, 10 წლიდან 16 წლამდე ბავშვები დაისვენებენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში საზაფხულო ბანაკ „სამშობლოს“ დირექტორის თანაშემწე გიორგი შაინიძე.
ბანაკი ორ ნაკად არის გათვალისწინებული. პირველი ნაკადი პირველი-14 ივლისის ჩათვლით და მეორე ნაკადი 1-14 აგვისტოს ჩათვლით. თითოეულ ნაკადზე ჯამში 120 -130 ბავშვი დაისვენებს.
მიმდინარე წელს 35 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მერია ახალგაზრდების სამთო ბანაკში დასასვენებლად. ბანაკი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე ახალგაზრდები 8 დღის განმავლობაში აჭარაში, ჩირუხში დაისვენებენ, მეორე ეტაპზე, რაჭაში, შოვში, ხოლო მესამე ეტაპი ყაზბეგში, გველეთშია დაგეგმილი.
„ჯამში 110 ადამიანი დაისვენებს წეს სამთო ბანაკში. მონაწილეთა ასაკი არის 17 დან 28 წლამდე. ამ ასაკის გოგო-ბიჭებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. შერჩევის პრინციპებს რაც შეეხება, შერჩევა მოხდება პროფესიონალ მთამსვლელთა მიერ. მონაწილეები ჯანმრთელები და ფიზიკურად მომზადებულები უნდა იყვნენ რომ მთებზე გადასვლა შეძლონ,“ – ამბობს ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი ირაკლი გვარჯალაძე.
რა სარგებლობა მოაქვს საზაფხულო ბანაკებს ახალგაზრდებისთვის. სემინარ-ბანაკის კოორდინატორი საქართველოში სოფო ტალახაძე ამბობს რომ ბანაკი კარგი საშუალებაა არაფორმალური განათლების მისაღებად.
„ბანაკი, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, სასარგებლოა როგორც მონაწილეებისთვის, ისე ორგანიზატორებისთვის და ლიდერებისთვის. ბანაკში მიღებული განათლება, მიეკუთვნება არაფორმალურ განათლებას და გარდა იმ ფორმალური გაბათლებისგან განსხვავებით, რომელსაც ახალგაზრდები იღებენ უნივერსიტეტებში,. სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ეს გრძლედება ბანაკის ფარგლებს გარეთაც. ზოგადად 21-ე საუკუნის მიდგომა განათლებისადმი არის მიდგომა რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრეიბის მანძილზე. ბანაკი ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას. ამასთან საერთაშორისო ბანაკის შემთხვევაში, თუკი ეს არის უცხოენოვანი, ხელს უწყობს ენის ცოდნის განმტკიცებას,“ – ამბობს სოფო ტალახაძე.
26 ივნისს მსოფლიო ნარკოტიკებთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცოვრების წესის პოპულარიზაციას.
მოხალისეები და სპორტსმენები 1500 მეტრიან დისტანციაზე მოწყობენ გარბენს ბათუმის „არდაგანის“ ტბიდან აკვაპარკამდე, რის შემდეგაც მარათონის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცემათ.
მოკლე დისტანციაზე მართონული გარბენის შემდეგ ღონისძიებები გადაინაცვლებს აკვაპარკში, აქ ბათუმის კარატეს ფედერაციის მოზარდები საჩვენებელ ვარჯიშს, ხოლო პატარა მოცურავეები აუზში შეჯიბრს გამართავენ. ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სპორტული ცეკვების ფედერაციის მოცეკვავეები აკვაპარკის ტერიტორიაზე საცეკვაო ნომრებს შეასრულებენ. მკლავჭიდელები კი მინი შეჯიბრს, ისინი მოხალისეებთან ერთად გამოცდიან ძალას.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ჩართული არიან სოციალურ სახლებში დაბინავებული მოზარდები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი მათ სიურპრიზის სახით უკრაინული ცირკის „კრაკატუკის“ შოუზე დასასწრებ ბილეთებს გადასცემს. ღონისძიებებში მონაწილე ბავშვებისთვის „აკვაპარკში“ უფასო იქნება გამაგრილებელი სასმელები, ბუტერბროდები და ნაყინი. ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე სამინისტროსა და დეპარტამენტს ანტინარკოტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამადლობელო სიგელები გადაეცემათ.
ღონისძიებებში მონაწილეობენ: აჭარის მთავრობა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინიტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტმენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ტურიზმის დეპარტამენტი, დასქმების სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო.
კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის შემდეგ, აკადემიის რექტორმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სასწავლებლის ეზოში მზის საათი გახსნეს.
საზეიმო ღონისძიებების დამთავრების შემდეგ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შეურთდნენ. მომავალმა მეზღვაურებმა მემედ აბაშიძის გამზირის გავლით ნავსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს. სადაც ზღვაში დაღუპული მეზღვაურების საპატივცემულოდ ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე გაეროს გადაწყვეტილებით მანილას კონფერენციაზე 2010 წლის 25 ივნისს დაწესდა. ბათუმი წელს ამ დღეს მესამედ აღნიშნავს.
აბსურდი ნომერი ორი: კონკურსი გამოცხადდა ტელევიზიასა და რადიოში უკვე არსებულ სამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქშოუზე, რომელიც დე ფაქტო საავტორო გადაცემებია. ეს დაახლოებით იგივეა, სადმე გადააწყდეთ განცხადებას: “ვაცხადებთ კონკურსს “დათა თუთაშხიას” ავტორის პოზიციაზე.” ზედმეტი ამბიციებისთვის ბოდიშს ვიხდი.
აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტს რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიანიჭა. ტელევიზიასა და რადიოს კანონის ფარგლებში მოქცევას მხოლოდ პრეზიდენტის ხელწერა ან ვეტოს დაძლევაღა სჭირდება. ამ სიტუაციაში გაუგებარია, ვის და რატომ ეჩქარება კონკურსის ჩატარება, რომელიც კონკურსგავლილ ჟურნალისტებს ისევ საჯარო მოხელის სტატუსს სთავაზობს.
ტელევიზიის ხელმძღვანელის არგუმენტი ასეთია: კონკურსით თანამშრომლების შერჩევა დემოკრატიულია. პასუხი სწორია, მაგრამ არადამაჯერებელი. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა დემოკრატიაზე აპელირება არა მთავრობის მიერ დანიშნულ, არამედ იმ დირექტორს მოეხდინა, რომელსაც თავადაც კონკურსით შეარჩევენ (რასაც რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი ითვალისწინებს).
არ არსებობს სხვა, საფუძვლიანი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა გადაიდოს ეს კონკურსი სტატუსის მიღებამდე. ჰო და, ამიტომაც ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი წინასწარგანზრახული ქმედებაა. მიზანი ტელევიზიის ძველი კადრებისგან “გაწმენდა” თუ “გაცხრილვა-გამოცხრილვაა”. კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: კონკურსი რატომღაც მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხო, რომლებიც საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს ქმნიან. პირადად მე ეს ჟურნალისტებზე ზეწოლა მგონია. ამ ეჭვებს ერთი ფაქტიც ამყარებს. როცა ჟურნალისტებმა საკონკურსო გადაცემების უცნაური შერჩევითობის პრინციპი ზეწოლის კონტექსტში ვახსენეთ, დირექციამ სასწრაფოდ გამოაცხადა ვაკანსიები დარგობრივ თოქ-შოუებზეც. არადა, ეს გადაცემები რამდენიმე თვის წინ თავად ჩაუშვა ბადეში, ყოველგვარი კონკურსის გარეშე.
კითხვაზე, არის თუ არა გამოცხადებული კონკურსი ზეწოლა, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და გაუგებარია რატომ გამოიწვია გადაწყვეტილებამ ჟურნალისტების აჟიოტაჟი. თუმცა მის ამ განცხადებაში რამდენიმე ფრაზა მენიშნა: ტელევიზიაში ცვლილებებს საზოგადოება ითხოვს და რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკის შეცვლას არ ნიშნავს… რომ აჭარის ტელევიზია არის სტერეოტიპი, რომელიც უნდა დაინგრეს…
თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით არხის ერთადერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა “მთავარი დღეს”, სტერეოტიპია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს, თუ მაყურებელი დღეს არ ენდობა არხის ახალ ამბებს – რა გაეწყობა.
ეს ხმაური სამუშაოს დაკარგვისა და კონკურსის შიშით ატეხეთო, მითხრა ტელევიზიის ერთ-ერთმა ახალმა თანამშრომელმა. დაახლოებით ასე, პირადი ინტერესების გამო ატეხილ ხმაურად აღიქვა საზოგადოებამ 2005 წელს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების პროტესტი. მაშინ ვამბობდით, რომ სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავდნენ. დრომ აჩვენა, ამ დამოკიდებულებამ რა სამწუხარო შედეგი გამოიღო. იმედს ვიტოვებ, საზოგადოება ამჯერად უფრო მეტად აღმოჩნდება მზად, დაიცვას თავისუფალი სიტყვა.
9 წელი საჯარო მოხელის სტატუსი ჩემ მიერ შექმნილ ჟურნალისტურ პროდუქტს მუდმივად საეჭვოს ხდიდა. დავიჯერო, კონკურსგავლილ საჯარო მოხელეს მაყურებელი უფრო მეტად მენდობა? თუ ეს არგუმენტმოკლებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მე არ მინდა ეს კონკურსი ჩემი შეუსაბამო სტატუსის გასამყარებლად გავიარო.
„რამდენიმე კვირაღა დარჩა, ამიტომ ყველანი უნდა გავვერთიანდეთ, რომ გადავარჩინოთ პატარა მირზას სიცოცხლე,“ – ამბობს აჭარის რადიოს პროდიუსერი დავით ტრაპაიძე. დღეს ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად თანხას ბათუმის ქუჩებში აგროვებდა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანის გიორგი მოისწრაფიშვილის თქმით ამ დროისთვის მოქალქეების მხრიდან აქტივობა მირზას დასახმარებლად მაღალია.
0901500513 – ეს მირზას ნომერია. თუ მაგთის, ბილიანის ან ჯეოსელი-ლაილაის ტელეფონებიდან ამ ნომერზე ზარს გაუშვებთ, 1 ლარი მირზას ანგარიშზე ჩაირიცხება. აქვე ვწერ მირზას დედის ტელეფონის ნომერსაც – ვისაც 1 ლარზე მეტით შეგიძლიათ შეეწიოთ, მას დაუკავშირდით ტელეფონზე – 593 42 70 55
ასევე გახსნილია ანგარიში “საქართველოს ბანკში” GE61BG0000000285946400
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამაზ დავითაძემ თავისი ძმა, როინ დავითაძე, დაბის თემის რწმუნებულად მარტში დანიშნა. თამაზ დავითაძის გამგებლად დანიშვნის შემდეგ დაინიშნა მისი ბიძაშვილი, დავით დავითაძე, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, გამგებლის მეჯვარე თამაზ ქამადაძე -ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. გამგებლის ძმისშვილი, ეკა დავითაძე კი შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დასაქმდა.
გამგებლის ძმა, როინ დავითაძე ამბობს, რომ ის თემის რწმუნებულად მოსახლეობამ აირჩია და დასძენს, რომ ვინც მისი ძმის, ამჟამინდელი გამგებლის, თამაზ დავითაძის გვერდით იდგა, ზუსტად ისინი დაინიშნენ თანამდებობაზე და დაინიშნებიან კიდეც: „ჩემი ძმა თუ გამგებელია, ერთად ვიბრძოდით, ჩემი ოჯახის ყველა წევრი ერთად ვიყავით, თუ რამე საჭირო იყო, მის გვერდში ვიყავი და ვიმსახურებდი ამ თანამდებობას. ჩვენი ნათესავი არავინ დანიშნულა, ჩემი ქალიშვილი დაინიშნა უბრალო თანამდებობაზე, 120-ლარიან ხელფასზე. 7 წელია დამთავრებული აქვს და რამდენჯერაც მივაკითხეთ, იმ მთავრობამ არანაირი ყურადღება არ მოგვაქცია. ყველა ჩვენგანის მუშაობა, რაც ვიმუშავეთ წინასაარჩევნოდ, მგონი დაფასდა. ვინც ჩვენ გვერდით იყო, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა წინასაარჩევნოდ, მინიმუმი დავასაქმეთ და ვეცდებით დავასაქმოთ, ერთ დღეზე მოსკოვიც არ აშენებულა“.
„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით გამგებლის ნათესავები არიან გამგებლის თანაშემწე აგრაფინა არზიანი და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი რამაზ დავითაძეც, თუმცა ისინი გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფენ. ნათესაურ კავშირს უარყოფდა გამგებლის ძმისშვილი ეკა დავითაძეც, თუმცა მოგვიანებით მან ნათესაური კავშირი დაგვიდასტურა: „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ვმუშაობ, კულტურის ცენტრის დირექტორმა დამნიშნა. 10 წელია დამთავრებული მაქვს, ყოველ წელიწადს ყველა დაწესებულებაში განცხადება მაქვს დაწერილი, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, უფროსიც რომ შეიცვალა, კულტურის სახლში გამოჩნდა ახალი შტატი და თვითონ უფროსმა დამირეკა, რადგან გეოგრაფიის სპეციალისტი ვარ. მან ამიყვანა სამსახურში, გამგებელი არაფერ შუაშია“ – ამბობს ეკა დავითაძე.
ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამაზ ქამადაძემ კი თქვა, რომ გამგებელთან მეჯვარეობა კი არ აკავშირებს, არამედ მამამისი გამგებლის ნათლიაა: „12 წელია სხვა სამსახურში ვმუშაობდი მთავარ ბუღალტრად, სამსახურის ლიკვიდაცია მოხდა და განცხადება მქონდა დაწერილი. გამგეობაში ოთხი თვეა ვმუშაობ, გამგებელთან არანაირი ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს. მამაჩემი გამგებლის ნათლიაა, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის.“ – ამბობს თამაზ ქამადაძე.
რამაზ დავითაძე შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსად 10 მარტს დაინიშნა. მისი თქმით, სანამ იგი სამსახურის უფროსად დაინიშნებოდა, „ქართული ოცნების“ დაბის კოორდინატორი იყო. რამაზ დავითაძის თქმით, „ოცნების“ აქტივისტებიდან მის სამსახურში მხოლოდ ერთი აქტივისტი დაინიშნა მეხანძრედ, დანარჩენი თანამშრომლები კი მუშაობას განაგრძობენ. იგი გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფს: „გამგებელი ჩემი ნათესავი არ არის, მოგვარეები ვართ” – ამბობს რამაზ დავითაძე.
გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფს შუახევის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი დავით დავითაძეც, გამგებლის თანაშემწე აგრაფინა არზიანი კი ამბობს, რომ მისი ქმარი და გამგებელი მხოლოდ მოგვარეები არიან და არა ნათესავები.
„თანამდებობებზე გამგებლის ნათესავები და ძმაკაცები დაინიშნენ. ოქროპილაური, სადაც დავითაძეები ცხოვრობენ, პატარა სოფელია. იმდენი დავითაძე მოიყვანა, რომ ოქროპილაურის მუნიციპალიტეტი დაარქვეს შუახევს. იქ, სადაც არ ჰყავდა ნათესავი და ძმაკაცი, „ოცნების~ კოორდინატორები დანიშნა.“- ამბობს აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი სოსლან ზოიძე.
თამაზ დავითაძე
თავად მუნიციპალიტეტის გამგებელი თამაზ დავითაძე უარყოფს ნათესავების დანიშვნას და აცხადებს, რომ „მკვიდრი ნათესავი“ არავინ დაუნიშნია. ის აქვე დასძენს, 172 თანამშრომლიდან 40 თანამშრომელი შეცვალა და გასაკვირი არაფერი არ არის: „მოვიდა ახალი ხელისუფლება, აუცილებლად უნდა მოხდეს რეორგანიზება, ჩემი პრეროგატივაა თემისა და სოფლის რწმუნებულებად ვინც მინდა, ის დავნიშნო, მაგრამ იმის გამო, რომ არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა, გამგებლის ახლობელია, ნათესავიაო, ამიტომ თითქმის ყველა სოფელში ჩავატარეთ კრება და მოსახლეობამ შეარჩია კადრები, წარდგენილნი იყვნენ ჩვენი კოალიციის წევრები, ძველი რწმუნებულებიც. ჩემი ბიძაშვილი დღესაც უმუშევარია, რომელიც ჩვენს სფეროში პირველი დღიდან იყო, გავაგზავნე კურსებზე, გაიარა და დაინიშნება ახალგაზრდული ცენტრის უფროსად, მაგრამ მე არა, ბათუმი დანიშნავს. მე ვნიშნავ ვინც ღირსია და ვინც ჩვენს კოალიციაში იყო ძირითადად“ – ამბობს გამგებელი.
შუახევის გამგეობაში იანვრიდან დღემდე საკუთარი განცხადების საფუძველზე 33 სოფლისა და თემის რწმუნებული და გამგეობის სტრუქტურებში დასაქმებული 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მოხდა კადრების გადანაცვლებაც, რასაც გამგებელი ასე ხსნის: „ვერ შემოვიდა ზოგიერთი ჩვენს გუნდში, ჩვენ ვართ მოსული ხელისუფლება, რომ გლეხს დავეხმაროთ, რამდენიმეს მივეცი დისციპლინარული სასჯელი დაგვიანებისთვის, სამსახურში არ გამოცხადებისთვის ბრძანებებია დაწერილი, ვეღარ გაუძლეს იმ ძველ, აღვირახსნილ ცხოვრებას, დილით 9 საათზე სამსახურში მოვდივარ, არ დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ სამსახურში ვინმე მოვიდეს, ექვსი თანამშრომელი გავათავისუფლე, სამი -დავაქვეითე.“ – ამბობს გამგებელი.
„ამ პროექტის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ტრენინგები ადვოკატებისა და სამედიცინო პერსონალისათვის, რომელსაც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ვატარებთ. ვაწვდით ინფორმაციას რა უფლებები გაგვაჩნია როგორც პაციენტებს და როგორ უნდა იქნას დაცული პაციენტთა უფლებები. ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატებმა იცოდნენ და საზოგადოებასაც ვამცნოთ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამედიცინო მედიაციის სამსახურთან, რომლის საქმიანობის შესახებ ვაკეთებთ კვლევებს, ანალიზს თუ როგორ მუშაობს ეს სამსახური. შემდგომ ვაცნობთ მოსახლეობას რომ არსებობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება მედიაციის გზით. გვინდა რომ ადვოკატებიც და სამედიცინო პერსონალიც ფლობდნენ ინფორმაციას პაციენტების უფლებების შესახებ, იმდენად რამდენადაც ეს ძალიან მწვავე საკითხი გახდა დღეს. უამრავი დავაა სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვეულებს შორის, კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის, ვცდილობთ საინფორმაციო ვაკუუმი შევავსოთ და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში კოალიცია ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში პროექტის დირექტორმა მარინა კვაჭაძემ.
კოალიციის „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ მიზანია განავითაროს და ხელი შუეწყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, საქართველოში საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებასა და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ადამიანის უფლებათა უკეთესი რეალიზაციისათვის საერთაშორისო სტანდარტების და მათი განხორციელების მექანიზმების დანერგვასა და ეფექტურ ამოქმედებას.
დღეს ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს.
პრეზენტაციაზე ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების ანონსი წარმოადგინეს. მუსიკალური დოკუმენტური ფილმების ჩვენება ფესტივალზე ცალკე სექციის „მუსიკალური ფილმების“ სახით მოხდება.
ასევე ბათუმის კინოფესტივალზე სპეცალური სტუმრის სტატუსით Joe Boyd იქნება მოწვეული. Joe Boyd ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის PINK FLOYD-ის პირველი სინგლების პროდიუსერი და ლეგენდარული კლუბის UFO CLUB (ლონდონის ფსიქოდელიური ანდეგრაუნდის ცნობილი კლუბი) დამაარსებელი და მენეჯერი.
დღევანდელ პრეზენტაციას რეჟისორი და მუსიკალური პროდიუსერი ევგენი გორინი ესწრებოდა. რეჟისორმა ახალი ფილმის „მუსიკის მასწავლებლის სიზმრების“ შესახებ ისაუბრა, რომლის ნაწილიც აჭარაში გასული წლის ზაფხულში გადაიღეს. მასში ცნობილი ქართული ბენდის „ინსაიტის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი მონაწილეობდა. ფილმის პრემიერა სექტემბერში, ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება.
მიმდინარე წლის 27 მარტს, ურეკში, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ციხისძირში მცხოვრებმა რევაზ დავითაძემ საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც მას ერთ ფეხზე ამპუტაცია ჩაუტარდა. დაზარალებულს დაზიანებული აქვს მეორე ფეხიც.
რევაზ დავითაძე სამშენებლო კომპანია „გაგეტაში“ თვე ნახევრის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა კომპანიამ მას მკურნალობის ხარჯები არ აუნაზღაურა. დაზარალებულის ოჯახი საქმის ეფექტურ გამოძიებას და კომპანიისაგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. „ჩემს მეუღლეს დაჯდომაც კი აღარ შეუძლია, ისე მდგომარეობაშია“ – ამბობს მანანა დიასამიძე, რევაზ დავითაძის მეუღლე.
რევაზ დავითაძეს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე, რომელიც დაზარალებულს ადვოკატირებას უწევს, ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეფექტური რეაგირება არ ყოფილა. „მიუხედავად იმისა, რომ ფაქტთან დაკავშირებით ძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, გამოძიებას დამნაშავე პირი არ გამოუვლენია. აშკარაა, რომ სამართალდამცავები განზრახ არ ახდენენ რეაგირებას და მიკერძოებულად მოქმედებენ. ამიტომ, მივმართავ საქართველოს და აჭარის მთავარ პროკურორებს და მოვითხოვთ საქმეზე ქმედით რეაგირებას“.
გენო გელაძის განცხადებით, ორგანიზაცია ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი და დამნაშავეები დაისაჯონ. „გამოძიება უნდა გააგრძელონ სხვა პირებმა, რადგან ამ გამომძიებლების ქმედებაც იყოს გამოძიებული“.
დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „გაგეტას“ რევაზ დავითაძესთან შრომითი ხელშეკრულება ოფიციალურად არ ჰქონია გაფორმებული, რაც გენო გელაძის განცხადებით, ცალკე კანონდარღვევა. „გასარკვევია რამდენად ჰქონდა ამ კომპანიას მოწესრიგებული პროცედურული ხასიათის დოკუმენტაცია, სამშენებლო წესები, სტანდარტები და ა.შ“.
მანანა დიასამიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე ურეკის პოლიციის გამომძიებელმა ბექა მუჯირმა დაკითხა: „არც საგამოძიებო სტრუქტურები დაგვკავშირებია შემდეგ და არც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ყოფილა ყურადღება. თავიდან შეგვპირდნენ, მაგრამ შემდეგ კომპენსაციაზე უარი გვითხრეს“.
გენო გელაძის თქმით, ცალკე შეფასების საგანია საავადმყოფოს საკითხი. „ადამიანმა რომელმაც 34 დღე გაატარა საავამყოფოში, სახლში გაწერის შემდეგ აღმოჩნდა რომ მას დაზიანება მეორე ფეხზეც ჰქონდა მიყენებული, ხოლო როცა უკან მიბრუნდა, იმავე საავადმყოფომ მკურნალობაზე უარი განუცხადა“.
ორგანიზაცია საჩივარის შეტანას დღესვე აპირებს.
სამშენებლო კომპანია „გაგეტას“ ხელმძღვანელი თემურ ღაღეტაშვილი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებულ რევაზ დავითაძის მიმართ, კომპანიას არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია.
„გაგეტა“ არის დამკვეთი კომპანია, მშენებლობას აწარმოებს სხვა, ამიტომ, ვინც დაიქირავა დავითაძე, იმას მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ არ ვართ ვალდებული რომ კომპენსაცია გადავუხადოთ. ფეხი მოტეხა მძღოლმა და კომპენსაციაც მან უნდა გადაუხადოს“. თემურ ღაღეტაშვილი ვერ ასახელებს მშენებელ კომპანიას, ვის მიერაც იქნა დაქირავებული რევაზ დავითაძე.
რაც შეეხება გამოძიებას, გამომძიებელი ბექა მუჯირი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ ეკეთებს: „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ“ – აცხადებს იგი
რეგისტრირებულ ნათლობის მსურველთა რაოდენობა ათასზე მეტი იყო. ზუსტი ციფრი ამ დროისთვის უცნობია, რადგან მოსანათლად ბევრი ისეთი ადამიანი მივიდა, რომელიც არ იყო წინასწარ რეგისტრირებულთა სიაში. მოსანათლად მოსულ პირთა შორის იყვნენ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ასევე, სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, გიორგი ჩარკვიანი. საყოველთაო ნათლობაზე თითქმის ყველა ასაკის ადამიანი იყო მოსული. მათ შორის, ახალშობილები.
საყოველთა ნათლობა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სახელით ჩატარდა. მსგავსი ნათლობა ორშაბათს ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიმართა, სადაც 1500-მდე ადამიანი მოინათლა.
მდინარის იქით თურქული სოფელია, რომელსაც ხანდახან დურბინდით ვუყურებდი. მახსოვს, ზაფხულში, როცა სამუშაოდ ბაღჩებში გადიოდნენ, ხანდახან თეთრ ქსოვილს ააფრიალებდნენ ხოლმე აქეთა მხარისთვის, იოლად შესამჩნევი რომ ყოფილიყვნენ. ამას მოჰყვებოდა გაურკვეველი შეძახილები საზღვრის იქეთა მხრიდან, შემდეგ იგივე მეორდებოდა საპირისპირო მიმართულებით. სოფელში ყველა ამბობდა, რომ საზღვრის იქით ნათესავი ჰყავდა, იქედანაც ხშირად ისმოდა: “ჰეეეეეეეიიიი გამარჯობა ჭოოოოოო”, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი ზაფხულობით ხშირად მეორდებოდა, ახლა ვხვდები, რომ ჭოროხი ჩემთვის არასოდეს ყოფილა გამყოფი ზოლი, ის სოფლის ცოცხალი ნაწილი იყო, თავისი მოსილული ნაპირით, რომელზეც ფეხშიშველები დავდიოდით, რომელშიც ქალები მუხლებამდე იკაპიწებდნენ კაბებს და ფეხებს ისველებდნენ – “რევმატიზმს კურნავსო”…
მდინარის ნაპირზე, საზღვართან ახლოს კი, იქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ძველი ხიდი, რომლის ნახევარზეც ქართველი, მეორე ნახევარზე კი თურქი ჯარისკაცები ავტომატებით ხელში “გაჭიმულები” დგანან, ხანდახან მაყვლის საკრეფად გადავდიოდით. მაყვლის კრეფა საზღვრის დიდი მავთულებიანი ჭიშკრის შიგნით ჩვენი საყვარელი რიტუალი იყო. ხიდს რომ ჩავუვლიდით, თურქი ჯარისკაცების გასაგონად საგანგებოდ ვამბობდით ხმამაღლა ყველა იმ თურქულ სიტყვას, რაც ვიცოდით, მათ კი უბრალოდ ეღიმებოდათ და გაუნძრევლად იდგნენ “გაჭიმულები”.
ჭოროხში აღმოჩენილი, ან ჭოროხის მიერ გამორიყული ნივთების პოვნა კი სოფლის ზეიმად გადაიქცეოდა ხოლმე, ვინ იპოვა? როდის? რა არის?…
ერთ მშვენიერ დღესაც, როცა მდინარემ დინება შეწყვიტა და გამოჩნდა კალაპოტი, თეთრი გაპრიალებული ქვები, რომელზე გასეირნებაც კი შევძელით, გულწრფელად გეტყვით, არაფერი მტკენია. არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოუვიდა მდინარეს – ეს ყველაფერი იმდენად უცნაური იყო ჩემთვის, რომ ხიბლში ჩავვარდი. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ, მდინარე ჩვეული რეჟიმით მოედინება, ჩქარია, წყალუხვი და ცოტათი საშიშიც კი, შუადღისას კი კალაპოტში წვეთი წყალიც აღარ არის. ადგილ-ადგილ დატოვებული, ულამაზესი მწვანე გუბეები კი თითქოს გეძახის: “მოდი, იჭყუმპალავე.”
ცოტა ხნის წინ კი სულ სხვა რამ მოხდა, მოხდა ის, რომ სახელმწიფომ მდინარეზე კაშხლების აშენება გადაწყვიტა – ამაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე “ბათუმელებში” ბევრჯერ დავწერეთ, მაგრამ რაც იქ, ადგილზე ვნახე, ჩემთვის შოკი იყო. მიმონგრეული, გადათხრილი კალაპოტი, მძიმე ტექნიკა, ახალი ხელოვნური ქვაყრილი, რაღაც არეულ-დარეული და ამბავი ნაწილ-ნაწილ, წვეთ-წვეთად: “ამბობენ, დაბლობი თითქმის აღარ იარსებებს”; “ამბობენ, წყალი გზამდე ამოდისო”, “ამბობენ, კლიმატი შეიცვლება, სოფლები დაიცლებაო”, “იმასაც ამბობენ, სოფლები უნდა დაიცალოს, მაგრამ ხალხი, რომ არ აჯანყდეს ჯერ, არ ამხელენო” – საშინელი ემოცია გამიჩნდა, მაშინ წარმოვიდგინე, რომ ვიღაცამ უხეშად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მზაკვრულად შეცვალა, მოშალა ის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო.
მე არ ვამბობ – არ ააშენოს სახელმწიფომ, როცა ამის საჭიროება არსებობს, როცა მეტია სარგებელი, ვიდრე ზიანი, მაგრამ როცა სახელმწიფო ამბობს – მე ვაშენებ და შენი საქმე არ არის რას და რატომ, როცა ამის საჭიროება იქნება, მაშინ გეტყვი, როცა სახელმწიფო ბულდოზერით მოდის ჩემს ჭიშკართან და ჩემი ემოცია (უკვე ასე ვფიქრობ) ფეხზე ჰკიდია …
კი, ეს ის მომენტია, როცა სახელმწიფომ ადამიანების დამოკიდებულება არად ჩააგდო, სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, რაც ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს და პირობებს უცვლის. სახელმწიფომ იმ სოფლების ცხოვრება შეცვალა, სადაც მცხოვრები ადამიანები ამ დრომდე ნაკლებად ახსენდებოდა…
ამ კვირაში ბევრ დოკუმენტს გავეცანი, ბევრ ადამიანს ვესაუბრე, სტატიას ვამზადებდი იმაზე, თუ ოფიციალურად რა სარგებელს მიიღებდა სახელმწიფო იმისგან, რაც ხალხისგან მალულად წამოიწყო. რა გამოვარკვიე, ამაზე მესამე გვერდზე წაიკითხეთ. მე მხოლოდ ერთს დავამატებ. მახსოვს, ხუთი წლის წინ “ბათუმელებში” სტაჟიორი რომ ვიყავი, რედაქციაში ამბავი მოვიტანე, სოფლებში თურქი სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს ატარებენ-მეთქი, რედაქტორი დამეხმარა – სტატია დავწერეთ სათაურით „საიდუმლო ჰიდროპროექტები აჭარაში“ – მაშინ სახელმწიფომ პასუხისგან თავი შეიკავა. „ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ გამოაგზავნა ეს ხალხი, გაგვაფრთხილეს, იმუშაონ, ხელი არ შეუშალოთო“ – გვითხრა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა, თავად მინისტრმა კი გვითხრა, ამის შესახებ არაფერი ვიციო.
“სავარაუდოდ ერთ თვეში გავიტანთ მინერალურ წყალს ბაზარზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი, საჭირო დანადგარების ნაწილი ადგილზე მოიპოვება, ნაწილიც საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს” – ამბობს საწარმოს დირექტორი.
მეწარმეების განცხადებით საწარმო 20-25 ადამიანს დაასაქმებს და დღის განმავლობაში 10 000 ლიტრ წყლის ჩამოსხმას უზრუნველყოფს. ლევან ძნელაძის თქმით ერთი ლიტრი მინერალური წყლის საბითუმო ღირებულება, სავარაუდოდ, 60 თეთრით, 1,5 ლიტრისა კი – 45 თეთრით განისაზღვრება. წყლის ჩამოსხმა პოლიეთილენის ბოთლში არის დაგეგმილი.
“ამ წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, გამოიყენება ღვიძლის, ჰეპატიტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ქედის მოსახლეობა აღნიშნულ წყალს სამკურნალოდ დიდი ხანია იყენებდა. რაც შეეხება წყლის ჩამოსხმას, პირდაპირ ჩამოვასხამთ, ამისთვის რეზერვუარებს არ დავაყენებთ. ჩავატარეთ კვლევა, არსებობს ლაბორატორიული დასკვნები, რომლის შესაბამისადაც მივიღეთ ლიცენზია, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე მეტყველებს” – ამბობს ლევან ძნელაძე.
საწარმოს მფლობელები ადგილობრივი მეწარმეები: ქაზიმ ბალაძე, ლევან ძნელაძე და ანზორ მალაყმაძე არიან.
ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე გასული წლის სექტემბერში შეიქმნა. სპორტის ამ სახეობას 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლება, თუმცა წვრთნები აქ თებერვლის მერე აღარ ჩატარებულა, რადგან კორტის საფარი მწყობრიდან გამოვიდა. მწვრთნელიც და ახალგაზრდა სპორტსმენებიც საფარის აღდგენას რამდენიმე თვეა ელოდებიან.
ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ ფირმას წერილობითი მოთხოვნა საფარის აღდგენასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გაუგზავნა. სამსახურის უფროსი გია გათენაძე ამბობს, რომ ფირმას საგარანტიო ვალდებულება ხუთი წლით აქვს აღებული.
ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობის დამკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 84 667 ლარია, ტენდერი საკრებულომ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ შპს “გულები ო.დ”-თან მშენებლობის წარმოებაზე ხელშეკრულება 84 667 ლარზე გაფორმდა. კომპანიის დირექტორი ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ კორტების საფარის დაზიანება სიცივეში ჩატარებულმა სამშენებლო პროცესებმა განაპირობა და დასძენს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ობიექტი დროულად ჩააბარა, სიცივესა და ყინვაში შესრულებულმა სამუშაოებმა კი დროთა განმავლობაში საფარის დაზიანება გამოიწვია.
“ობიექტი სატენდერო პირობების მიხედვით ჩავაბარე, თუმცა გამგეობას დროის გახანგრძლივება ვთხოვე, რადგან ყინვა დაიწყო და გვინდოდა ხარვეზები აგვერიდებინა თავიდან, რაზეც უარი მივიღე. სიცივე ახალდასხმულ ფენას მოერია და ძირი მოიშალა. ექსპერტი მოვიყვანე, სპეციალისტმა მითხრა, საფარი ზაფხულში უნდა გაკეთებულიყოო, მე კი დოკუმენტაციას მივყევი და ამიტომ მოხდა ასე. პირველი შემთხვევაა, როცა ყინვამ ძალიან დამაზარალა.” – ამბობს ოთარ დიასამიძე.
ოთარ დიასამიძე ამბობს, რომ მან ობიექტი 2011 წლის ბოლოს ჩააბარა, მაგრამ როგორც კი დათბა, მოედნის ზედაპირი ამოცვივდა. გასულ ზაფხულს კომპანიამ მოედანი გადაღება, თუმცა ამან ხარვეზები ვერ გაასწორა. “ახლა ისევ გადასაღებია, სანამ გადავღებავთ, მანამდე მოყინული საფარია ამოსატეხი. სამუშაოების დაწყებას მომავალი კვირიდან დავიწყებთ. რაც შეეხება ფრენბურთის მოედანს, პროექტის მიხედვით რაც მევალებოდა, გავაკეთე. მხოლოდ ბადეა გასაბმელი, ეს კი ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩვენ არ გვევალებოდა ინვენტარის შეძენა” – აცხადებს ოთარ დიასამიძე.
მწვრთნელის მიშა ვაზაგაშვილის თქმით, ჩოგბურთის მოედნის საფარი რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, საჭიროა კორტების გადახურვა:
“ჩოგბურთის ჯგუფი სექტემბერში გოგონებით დაკომპლექტდა. თავდაპირველად ჩოგბურთის შესწავლის მსურველი გაცილებით მეტი იყო. ამ ეტაპზე წვრთნები არ ტარდება, კორტები არ არის გამართული და სად უნდა ჩავატარო? საფარი მწყობრიდანაა გამოსული, თავის დროზე, როცა გაიხსნა ჩოგბურთის მოედანი, კარგ მდგომარეობაში იყო, დროთა განმავლობაში გამოვლინდა ხარვეზები. აუცილებელია მოედნის გადახურვა, საფარი რომ არ დაზიანდეს. როგორც ვიცი, ზაფხულში უნდა გამართონ საფარი და სწავლებასაც სექტემბრიდან დავიწყებთ. ჩვენი მოსწავლეები II-III-IV კლასის მოსწავლეები არიან, სექტემბრისთვის დაგეგმილი გვაქვს ვაჟთა ჯგუფის გახსნაც” – ამბობს მიხეილ ვაზაგაშვილი.
კორტებისგან განსხვავებით ქვიშის ფრენბურთის მოედნით დღემდე არავის უსარგებლია. აქ არც ბადეა გაბმული და არც ჯგუფი ჩამოყალიბებულა. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მამუკა დიასამიძე აცხადებს, რომ თავის დროზე არ იყო გადაწყვეტილი რა ტიპის მოედანი უნდა მოწყობილიყო და რადგან თანხა არასაკმარისი იყო და სამუშაოები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, ვერც ინვენტარი გაითვალისწინეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყო, ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ აღმოჩნდა.
“ფრენბურთის მოედნის ინვენტარის შეძენისთვის 4-5 ათასი ლარია საჭირო, ეს თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გავითვალისწინეთ. კორექტირების ზეპირი მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნა ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატების გადასაწყვეტია” – ამბობს მამუკა დიასამიძე.
კითხვას, რატომ დარჩა უფუნქციოდ ფრენბურთის მოედანი და რატომ ვერ აღჭურვეს დღემდე 2011 წელს ჩაბარებული ობიექტი ინვენტარით, ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი პასუხობს: “ეს არის გასართობი მოედანი, ინვენტარი ადგილზე გვაქვს”, იგი აქვე იმასაც დასძენს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გია გათენაძის თქმით, სამომავლოდ ობიექტს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე აღარ ჩაიბარებენ: “გამგებელმა მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა ხელშეკრულებაში ჩაიდოს, ობიექტები აღარ ჩაბარდება ისე, თუ არ ექნება მას ექსპერტიზის დასკვნა. მართალია, 100%-იანი გარანტია ვერ იქნება, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად შეამცირებს ხარვეზების შემდეგ გამოვლენას.” – ამბობს გია გათენაძე.
“საწყისი სადგურის მშენებლობა უკვე დასრულებულია. დარჩა მხოლოდ ლელო სადგურისა და გასართობი ცენტრის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები” _ ამბობს “ჰესტოკ-ბათუმის” იურისტი რომან ფუტკარაძე.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საბაგიროს ტესტირება, რასაც ავსტრიული კომპანია “დოპერმაიერი” ხელმძღვანელობს. “უფრო ადრეც ვაპირებდით დასრულებას, მაგრამ ქარმა გასართობი ცენტრის ფასადზე მინა ჩაამტვრია. მინის შეკვეთას, ჩამოტანას და დამონტაჟებას გარკვეული დრო დასჭირდა. არის რიგი სამუშაოებიც, რომელიც ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული და ამასაც დრო სჭირდება. თუმცა ყველა სავალდებულო სამუშაო შესრულებულია” – ამბობს რომან ფუტკარაძე.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საბაგირო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა გაკეთებული და დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა.
საბაგიროს ტექნიკურ პერსონალს “დობერმაიერის” სპეციალისტები გადაამზადებენ. კადრების შერჩევაც და მომზადებაც მათ ვალდებულებში შედის. როგორც რომან ფუტკარაძე ამბობს, ამ ეპატისთვის თვრამეტ სპეციალისტს ამზადებენ.
რაც შეეხება საბაგიროს მუშაობის რეჟიმს, მუშაობის საათები მოთხოვნიდან გამომდინარე დადგინდება.
“ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ტურისტულ სეზონზე და მომხმარებლის ინტერესზე. თუ იქნება საჭიროება, შეიძლება 24 საათის განმავლობაშიც იმუშაოს”. – განმარტავს რომან ფუტკარაძე.
საბაგირო გზით სარგებლობის ფასი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, კომპანიის იურისტის თქმით, გასართობ ცენტრში ასვლა და ჩამოსვლა ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი. განსხვავებული ფასები იქნება ბავშვებისთვის.
საბაგიროთი სარგებლობისთვის პლასტიკური ბარათების შეძენა როგორც ჯიხურებში, ასევე საბაგიროს სადგურებში იქნება შესაძლებელი.
ფერიის მთაზე მდებარე გასართობ ცენტრ “არგოში” განთავსებულია საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, საბავშვო გასართობი ცენტრი და რესტორანი.
კომპლექსს გემის ფორმა აქვს და სახელწოდება “არგოც” აქედან მომდინარეობს.
ამ წუთებში ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სახალხო ნათლობა იწყება. მონათვლის სურვილი ამ დროისათვის 1300-მა ადამიანმა გამოთქვა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მონათლავს. მონათვლის მსურველთა უმეტესობა ბავშვია, თუმცა არიან უფროსი ასაკის ადამიანებიც.
პატრიარქი აჭარაში კიდევ ორ დღეს დარჩება. იგი 18 ივნისს ხიჭაურის უნივერსიტეტში მივა, სადაც მოსახლეობას და პროფესორ-მასწავლებელებს შეხვდება. 19 ივნისს კი საყოველთაო ნათლობა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ვინ უნდა იზრუნოს ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლის ფასადის მნიშვნელოვანი დეტალის შენარჩუნებაზე? – „ბათუმელები“ ამ შეკითხვით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბიძინა აფხაზავას დაუკავშირდა.
„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციისათვის. ამ შემთხვევაში ამაზე უნდა იზრუნოს ქალაქმა ან მეპატრონემ. ჩვენ უკვე მივმართეთ ბათუმის საკრებულოს განცხადებით და რამდენადაც ვიცი, საკითხი უნდა გაიტანონ საკრებულოს სხდომაზე. უნდა გამოცხადდეს ტენდერი სახლის გადასახურავად, რადგან წყალი ჩადის და შენობას აზიანებს. სახლზე დაზიანებულია არა ერთი, არამედ ორი ფიგურა და აუცილებელია შეკეთება, რადგან შესაძლოა ჩამოვარდეს და ქუჩაში ვინმე დააზიანოს. თუ ტენდერი გამოცხადდება, ვეცდები ჩართული იყოს არქიტექტორ-რესტავრატორი, რომელიც ფიგურებს შეაკეთებს.“ – განაცხადა ბიძინა აფხაზავამ.
სახლი მე-19 საუკუნის ბოლო წლებშია აგებული და ბათუმელ კომერსანტს საბაშვილს (საბაევს) ეკუთვნოდა. ქვაში გამოკვეთილი ატლანტის ფიგურები კი იაკობ ნიკოლაძის მოსწავლის, მოქანდაკე პოლოლიკაშვილს ნამუშევარია.
ფრენები კვირაში ერთხელ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ვარშავა-ბათუმის ავია-ფრენები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთში წარმოებული სარეკლამო კამპანიის ფარგებშია დაგეგმილი. დეპარტამენტი ბათუმის აეროპორტში ჩამოსულ პოლონელ სტუმრებს საზეიმო დახვედრას მოუწყობს.
აჭარულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან პოლონელებს, ხოლო დეპარტამენტის თანამშრომლები მათ აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო მასალებს გადასცემენ.
ფრენებს ახორციელებს საქართველოს ავიახაზებია პოლონურ კომპანია “Itaka”-ს დაკვეთით. ჩარტერულ რეისებზე ტურისტებს სამოგზაურო პაკეტები წინასწარ ააქვთ შეძენილი მთელი სეზონისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონი ჯერ კიდევ არ შესულა აქტიურ ფაზაში, 2013 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკური მონაცემებით პოლონელი ტურისტების რიცხვი გასული წლის იგივე პერიოდთა შედარებით 46 %-ითაა გაზრდილი. სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება, კონსულტაციებს და გამოკვლევებს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მენგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი გიორგაძე დაესწრება.
ანალოგიური აქცია 6 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტში, 27 ივლისს კი ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ამ დღეს აჭარაშიც აღნიშნავენ. დღეს სისხლის უანგაროდ გაღების მსურველებს შეუძლიათ აჭარის სისხლის გადასხმის სადგურს მიმართონ. დღესვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურების და სამედიცინო დაწესებულების 80-მდე თანამშრომელი სისხლს უანგაროდ გაიღებს.
სისხლის დონორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით 14 ივნისს, 11:00 საათზე სს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“-ს სისხლის ბანკში და შპს „აჭარის სისხლის გადასხმის სადგურში“ სისხლს უანგაროდ გაიღებენ შემდეგი საჯარო უწყებებისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
„აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“
„აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო“
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“
„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო“
შპს „ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“
შპს „აჭარის ნარკოლოგიური ცენტრი“
სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი“
შპს „ბათუმის სამშობიარო სახლი“
შპს „ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი“
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღის 2013 წლის კამპანიის თემა: „აჩუქე სიცოცხლე-გაიღე სისხლი“ ეძღვნება უანგარო დონორის მსოფლიო დღის 10 წლისთავს. კამპანიის მიზანია ყურადღება გამახვილდეს გაღებული სისხლის მნიშვნელობაზე, რომლის მეშვეობით ხდება არა მარტო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა, არამედ მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პედაგოგიური საბჭოების მოვალეობაში შედის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცება, სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. ასევე, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით გრიფმინიჭებული სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევა; პედაგოგიური საბჭო თავის წარმომადგენელს ირჩევს სამეურვეო საბჭოში, რომელიც შეუძლია ვადაზე ადრე გადაირჩიოს.
რამდენად ეფექტურად მუშაობს პედაგოგიური საბჭო და არსებობს თუ არა საკმარისი კომუნიკაცია პედაგოგიურ საბჭოებსა და სკოლის სხვა მმართველ რგოლებს შორის? ამ საკითხებზე „ბათუმელებთან“ მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეებმა ისაუბრეს.
ზოია სტურუა ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეა. მისი აზრით, დღეს პედაგოგიური საბჭოები დადგენილი სტანდარტებით მუშაობენ და მათგან ახალი ინიციატივები იშვიათია.
პედსაბჭოს სავალდებულო სხდომა სასწავლო გეგმის დამტკიცების დროს ტარდება მხოლოდ. გეგმას დირექტორი პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენს განსახილველად, შემდეგ კი მას სკოლის სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ასევე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს მოვალეობაა სემესტრული და წლიური შედეგების განხილვა, ანალიზი და სკოლის აკადემიური მდგომარეობის შემოწმება.
„პედაგოგიურ საბჭოში შედის საგნობრივი კათედრებიც, რომელთა ხელმძღვანელებიც არჩეულნი არიან ორი წლის ვადით. არ ნაზღაურდება არც პედსაბჭოს თავმჯდომარეობა და არც კათედრის ხელმძღვანელებს აქვთ ფინანსური მოტიცავია, ამიტომ, ამ თანამდებობებზე ძირითადად ერთი და იგივე პირები რჩებიან“. _ ამბობს ზოია სტურუა. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებში შედის განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ყველა სიახლის თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციის განხილვა.
როგორ აისახება პედსაბჭოს მუშაობა სკოლაზე? ზოია სტურუას თქმით ის, რაც ვერც პედაგოგიურ და ვერც ადმინისტრაციის დონეზე ვერ გვარდება, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა. „წესით, ყველა კლასში უნდა იყოს კომპიუტერი, რომ საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელი იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. კომპიუტერული კლასი კი არის ერთი და იქ ყველა გაკვეთილს ვერ ჩაატარებ. დიდი მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებულ სწავლებას, ეს ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ _ ვერა“.
ალეკო ყიფიანი
განსხვავებული რამ, რაც მეოთხე სკოლის პედსაბჭოს გაუკეთებია, სკოლაში გაძლიერებული ინგლისურის შემოღებაა: „პროექტი წარედგინა განათლების სამინისტროს, მოიწონეს და დააფინანსეს. მიდის ასევე მუშაობა სწავლების ხარისხზე საგნობრივ კათედრებთან, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სკოლის დონეზე ვერ გვარდება“. ზოია სტურუას თქმით ეს პრობლემა სახელმძღვანელოებს უკავშირდება. `მაგალითად, ჩვენ ქართულში არჩეული გვაქვს როდონაიასა და მაღლაკელიძის სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს ავტორები ერთმანეთს კი არ აგრძელებენ, არამედ იმეორებენ თემებს და მასალებს, რაც ბავშვისთვისაც მომაბეზრებელია და პედაგოგსაც პრობლემას უქმნის. აუცილებელია ამ ავტორების ერთმანეთთან კომუნიკაცია, რომ თემების ლოგიკური ბმა მოხდეს“. ზოია სტურუას აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა არსებობდეს რაღაც რგოლი, რომელიც განათლების სამინისტროს ან რესურსცენტრების ბაზაზე იარსებებს. `ჩვენ გვქონდა ერთხელ ამ ავტორებთან შეხვედრა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“.
პედაგოგის აზრით, რესურსცენტრებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხითაც. „არ არის საკმარისი ის ინფორმაცია, რასაც მასწავლებლები ვიღებთ. თუ არის რესურსცენტრი ჩვენი რეკომენდატორი, მაშინ ჩვენს განვითარებაზეც უფრო მეტად უნდა იზრუნოს და მოიტანოს ჩვენამდე ყველა სიახლე“. ზოია სტურუა ფიქრობს, რომ კვალიფიკაციის ამაღლებას დაეხმარება ღია გაკვეთილები, რომლებიც შემდეგ შეფასდება და გააანალიზდება.
პედსაბჭოს თავმჯდომარე საუბრობს პედაგოგების გადატვირთულ გრაფიკზეც, რომელიც, მისი აზრით, ცალკე პრობლემაა: „თუ მასწავლებელს 15 საათი აქვს ჩასატარებელი, ამასთან, არის დამრიგებელიც, პედაგოგიური საბჭოს წევრიც, ან კათედრაზე უწევს მუშაობა _ ეს ძალიან რთულია, რადგან ეს სამუშაოები არ არის ანაზღაურებადი, მასწავლებელი კი ცდილობს ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და მუშაობს რეპეტიტორად. ამიტომ პროფესიული განვითარებისთვის დრო აღარ ჰყოფნის. თუ გვინდა მეტი ეფექტი, მაშინ ფინანსური მოტივაციაც უნდა გაიზარდოს“.
ალეკო ყიფიანი პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეა. ის მე-2 საჯარო სკოლაში მუშაობს და მიიჩნევს, რომ პედაგოგიური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს მუშაობაც, ჯერჯერობით ფორმალურ სახეს ატარებს: „ძირითადად პედაგოგიური საბჭოს მუშაობა შემოიფარგლება სასწავლო პროცესის ანალიზით და ვცდილობთ, რომ მომაბეზრებელი არ იყოს მასწავლებლებისთვის და მხოლოდ კონკრეტულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ“.
კანონის თანახმად პედაგოგიურ საბჭოს შეუძლია რიგგარეშე სხდომების მოწვევაც, „თუმცა ასეთი ექსტრემალური საკითხები თითქმის არ ყოფილა განსახილველი. ამიტომ ცალკეული კლასების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას და მოვითხოვთ კლასის დამრიგებლისგან ანალიზს“.
ალეკო ყიფიანის აზრით დღეს პედაგოგიური საბჭო მხოლოდ სტანდარტული საკითხებით შემოიფარგლება და ნაკლებად მსჯელობს ბავშვისთვის საჭირო საკითხებზე: „მსჯელობს სასწავლო პროცესზე, შედეგებზე, ოლიმპიადებსა და რაღაც ამდაგვარ თემებზე, მაშინ როცა, საბჭო მომავლის საკითხებს უნდა წყვეტდეს, მაგალითად, არ ხდება იმის შესწავლა, რატომ იცვლებიან მოსწავლეები სწავლების მაღალ საფეხურზე, რატომ აღარ არიან ისინი წარმატებულები. პედსაბჭო უნდა ეძებდეს სკოლის სუსტ წერტილს და მის გამოსწორებაზე ფიქრობდეს, რადგან ეს აისახება სწავლების ხარისხზე“.
სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, ალეკო ყიფიანის თქმით, აღმზრდელობითი მეთოდია. „გია მურღულიამ თქვა და მეც ვიზიარებ, რომ სკოლის წარმატებას სამი კომპონენტი განაპირობებს: სწავლების ხარისხი, აღმზრდელობითი სისტემა და სკოლის მართვა. აქედან, ყველაზე მეტად დარღვეულია მეორე კომპონენტი, რისი გამოსწორებაც მარტო სკოლის რესურსით ძალიან ჭირს. რადგან მშობლის ასაკიც გაახალგაზრდავებულია, მოსწავლეს ვერც ოჯახიდან მოაქვს შედეგი და ვერც სკოლა აწვდის“.
ალეკო ყიფიანის მოსაზრებით, თანამედროვე სკოლა ბავშვს მეტ ტექნიკურ დავალებას აძლევს და ნაკლებ დროს უტოვებს მსჯელობისთვის: „მასწავლებლები ვეღარ ვლაპარაკობთ, იმდენი ტესტია შესავსები. აღარც ბავშვებს რჩებათ თხრობის დრო და სიტყვის ხელოვნებაც იკარგება“. ის იზიარებს მოსაზრებას, რომ პრობლემებია სახელმძღვანელოებშიც, რაც ასევე ართულებს მოსწავლის დაინტერესებას: „აუცილებელია, რომ სახელმძღვანელოს შედგენაში ჩაერიონ პედაგოგიკის ინსტიტუტები და ფსიქოლოგები. არ შეიძლება მეშვიდეკლასელ ბიჭებს, რომლებსაც ულვაშები აქვთ უკვე და შეყვარებულები არიან, ბოღრია დათვის ზღაპარი და ჭორიკანა შაშვის ამბავი ასწავლო.“
„სასწავლო გეგმაც და პედაგოგიური საბჭოებიც დემოკრატიის სახელით შენიღბული ფორმალობაა“ _ ამბობს ალეკო ყიფიანი, _ „რა გეგმები უნდა დააწყო, როცა ავტორს გთავაზობს სამინისტრო, მეთოდს გთავაზობს სამინისტრო და პედსაბჭო უძლური ხდება პრობლემების გადაწყვეტაში“.
ალეკო ყიფიანი პრობლემას ხედავს პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურაშიც: „არ შეიძლება 114 მასწავლებლიდან ყველა საბჭოს წევრი იყოს. ვერ მუშაობს ეფექტურად. დაბალი საფეხურის მასწავლებლებს მაღალი კლასის საკითხები არ აინტერესებთ, მაღალს _ დაწყებითის, ამიტომ გავყავი ამ ორი საფეხურის პედაგოგები და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვატარებ გაერთიანებულ სხდომებს. ჩემი აზრით, საბჭოს წევრთა რაოდენობაც უნდა იყოს განსაზღვრული, თუ გვინდა შედეგი“.
საბჭოს თავმჯდომარე უარყოფითად აფასებს სკოლის სამეურვეო საბჭოებსაც: „ესეც ზედმეტი დანამატია. იდეები მათგან არ მოდის და არ ხდება არსებითი მსჯელობა პრობლემებზე. ყველა წევრს იმის მიხედვით ირჩევენ, რამდენად სანდო და საჭიროა იგი დირექტორისთვის. თუ მარტო ფინანსები უნდა აკონტროლონ, არც ეგ აღარ არის საჭირო, რადგან ყველა ხარჯი დევს ელექტრონულად“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის, მანანა რატიანის აზრით, პრობლემების ნაწილი, რომელიც დღევანდელ სკოლაში გვხვდება, სწავლების პარადიგმის ცვლილებითაა გამოწვეული: „როცა ტრადიციული მეთოდი შეცვალა ინტერაქტიულმა და აუცილებელი მოთხოვნა გახდა სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება, ამასთან, აუცილებელი გახდა მასწავლებლების ერთმანეთთან თანამშრომლობა, ამან გამოკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები“.
მანანა რატიანი ამბობს, რომ ძველი თაობის პედაგოგებს არ ჰყოფნით გამოცდილება, რომ ახალ ჩარჩოებში იმუშაონ. „უფრო დიდი პრობლემაა მასწავლებელთა მოტივაცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლომდე იხარჯებიან, თუმცა ეს ასე არ არის. მეორე მხრივ კი, იმდენად ხშირია მიდგომების ცვლილება, ამან მასწავლებელი გახადა რეზისტენტული“.
მანანა რატიანი სხვა რამდენიმე პრობლემასაც გამოყოფს:
„პრობლემაა მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რადგან მარტო სერტიფიცირება არ არის გამოსავალი. სერტიფიცირებით მოწმდება სხვა ცოდნა და პრაქტიკაში სხვა რამის განხორციელება უწევთ. მასწავლებელთა ყველაზე დიდი ჯგუფი 50-60 წლის ასაკისაა, ამიტომ მათთან რთულია პერმანენტულ განვითარებაზე საუბარი, ახალი კადრების შემოდინება კი სკოლაში არ ხდება. კვლევების მიხედვით 8 000 მასწავლებლის დეფიციტი გვაქვს სკოლაში, მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში მიდიან ადამიანები სკოლაში სამუშაოდ. ამ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი საქართველოს მასშტაბით 120 სკოლაში იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარებას შეუწყობს ხელს. საპილოტე სკოლებში შეირჩევა შვიდი მასწავლებელი და ერთი სასწავლო ნაწილის გამგე, რომლებიც ითანამშრომლებენ ადგილობრივ კათედრებთან, რათა მოიკვლიონ და დაადგინონ ყველა საჭიროება, რაც სკოლის წინაშე დგას. ამაზე დაყრდნობით კი მომზადდება შეფასების მოდულები, შემდეგ და დაეხმარებიან სკოლას“.
ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა.
ჯემალ ანანიძის განცხადება საკრებულოში დღეს შევიდა. საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით ბათუმის საკრებულოს ბიურო მერის განცხადებას სამსახურიდან გადაყენების თაობაზე ხვალ დილით განიხილავს.
რატომ მიიღო ჯემალ ანანიძემ გადადგომის გადაწყვეტილება ამის შესახებ განცხადებას ის სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთში გააკეთებს.
ბათუმის უნივერსიტეტში კემპინგჯგუფი ტურიზმის ფაკულტეტის სამმა სტუდენტმა, მინდია კურცხალიძემ, რობი ბაქანიძემ და ბესო ბოლქვაძემ შექმნა. სტუდენტები თავად უწევენ ექსკურსიებს ორგანიზებას.
სტუდენტები პირველი ტურით დიდაჭარაში იყვნენ: „12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით გავედით, 200 სტუდენტის ტრანსპორტირებისათვის დაგვიფინანსა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა. მინიმალური თანხებით ვცდილობთ ტურების ორგანიზებას, თითო სტუდენტს მხოლოდ ხუთი ლარის გადახდა მოუწევს. ლოტოტრონის მეთოდს იმიტომ ვიყენებთ, რომ გვინდა სტუდენტები წავახალისოთ, რეგისტრაციის პროცესი უფრო საინტერესო გავხადოთ.“ – ამბობს მინდია კურცხალიძე, ერთ-ერთი ორგანიზატორი. კემპინგჯგუფის ორგანიზებით მალე სხვა ტურებიც გაიმართება.
კემპინგჯგუფი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ლოგოს გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. გამარჯვებული ლოგოს ავტორს კემპინგჯგუფი უფასო ექსკურსიით დაასაჩუქრებს.
დღეს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში დავით დუნდუა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნატოს კვირეულის ფარგლებში შედგა, საუბარი იყო საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე, ორგანიზაციის შექმნის ისტორიასა და მთავარ მიზნებზე.
უილიამ ლაჰიუმ შეხვედრის აქტიურ მონაწილეებს საჩუქრად ნატო-ს მაისურები და ქუდები გადასცა.
– ეს მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მიმართვის ავტორი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადრესატი უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძეა. ამ და სხვა პრობლემებზე, ვიდეოკადრებს სტუდენტები ფეისბუქის გვერდზე – „ბსუ კულისებში“ ათავსებენ. ირაკლი ჯაფარიძე, მენეჯმენტის I კურსის სტუდენტი, გვერდის ადმინისტრატორია, მან მეგობრებთან ერთად მსგავს პროტესტს მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილობა შენიშნა: „როცა უნივერსიტეტში ამდენი პრობლემაა და ადმინისტრაციას რეაქცია არ აქვს საყვედურებზე, საჯარო პროტესტზე, შევეცადეთ, რომ პროტესტი სხვანაირი ფორმით გამოგვეხატა. ფეისბუქზე შევქმენით გვერდი, რომელზეც წვდომა ბსუ-ს სტუდენტებს აქვთ, ამ გვერდზე ვათავსებთ ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს, ვიფიქრეთ, იქნებ ცინიზმმა მაინც გაამართლოს. სტუდენტებს მოსწონთ რასაც ვაკეთებთ, თუმცა მხარდაჭერას არ გამოხატავენ, სულ ოთხნი ვართ, გაჩერებას არ ვაპირებთ. არ ვიცი, დაემთხვა თუ ჩვენი აქტიურობის შედეგია, ფაქტია, ამ ვიდეოების განთავსების შემდეგ სარემონტო სამუშაოები დაიწყო.“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთ დერეფანში რომ საპირფარეშოს სუნი დგას, ამაზე სხვა სტუდენტებიც საუბრობენ:
„აუცილებელი არ არის საპირფარეშოში შესვლა, იქედან გამომავალი სუნი ფოიეში მიუთითებს იმაზე, რომ იქ ახლო–მახლო ოთახთაგან ერთ-ერთი საპირფარეშოა.“ = ამბობს „ბათუმელებთან“ სტუდენტი აჩი ხოზრევანიძე.
ნათია ქვარცხავა სამართალმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტია. მისი თქმით უნივერსიტეტში სისტემური პრობლემაა: „სასაცილოც კი არის ამ პრობლემის არსებობა, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა მწვავედ დგას, დერეფნებში სუნია, როგორია ლექციაზე საპირფარეშოს სუნი რომ გაწუხებს. დამლაგებლებზე ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ალაგებენ, პრობლემა უფრო სისტემურია. საპირფარეშოში არ იღებოდა ფანჯრები, რაც პრობლემას ამძაფრებდა, კაბინები არ არის მოწესრიგებული, წყლის ჩაშვება არ შეგიძლია. საერთოდ წყალი უმეტესად არ არის, რაც საშინელ მდგომარეობას ქმნის.“
სტუდენტი ლაშა მგელაძე ამბობს, რომ ამის შესახებ აქციების გარდა პროტესტს ყველა ფორმით გამოხატავდა: „სოციალების კორპუსში საშინელი მდგომარეობაა, ძველ კორპუსში ჰუმანიტარების მხარე ნორმალურ მდგომარეობაშია და სისუფთავეც არის, ჩვენს კორპუსში კი დერეფანშიც ვერ გაივლი, ჯერ საშინელი სუნია, მერე შიგ ანტისანიტარიაა, როცა შევდივართ, ფეხის წვერებზე დავდივართ, ფეხი რომ არ დაგვესვაროს, ტუალეტის ქაღალდიც არ დევს. წყალი არ არის, რომ ხელი დაიბანო, მეხუთე სართულიდან ხელების დასაბანად ეზოში გვიწევს ჩასვლა.“
სტუდენტების პასუხად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედიშერ ჩავლეიშვილი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და საპირფარეშოების პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდება: „სარემონტო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს. სტუდენტები წუხილს ნამდვილად ხშირად გამოხატავდნენ, ვიდეოები კი არ მინახავს, სოციალურ ქსელებში არ ვნახულობ ვიდეოებს, თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი – მეუბნებიან. საპირფარეშოების სუნის მიზეზი ის იყო, რომ არ ირეცხებოდა წესიერად, ხარვეზი სისტემური იყო, დამლაგებლები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებდნენ. ახლა არ მინდა ვთქვა, მაგრამ ტუალეტში შესვლის კულტურაც გვაკლია ყველას ალბათ.“
ღია ცის ქვეშ დარჩენილი ეკომიგრანტები ამბობენ, რომ არ აქვთ არათუ ჰიგიენის დაცვის, არამედ ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილების ელემენტარული პირობებიც. ამის მიუხედავად, მთავრობას ბიოტუალეტების დადგმაზე არ უფიქრია.
აჭარიდან წალკაში ეკომიგრანტები წლების წინ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით და ინიციატივით ჩასახლდნენ. სახელმწიფომ ისინი საბერძნეთში მიგრირებული ბერძენი ეროვნების მოქალაქეების სახლებში შეასახლა იმ გარანტიით, რომ სახლებს გამოისყიდდა. სახლები დღემდე არ გამოუსყიდიათ. ბოლო ერთი წელია სახლების მესაკუთრეების წარმომადგენლები ჩამოდიან წალკაში და ეკომიგრანტებს თავიანთ საკუთრების დაცლას სთხოვენ.
ეკომიგრანტების ინფორმაციით, წალკაში აჭარიდან ჩასახლებული 3300 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს, მთავრობამ ბერძენი მოქალაქეებისგან მხოლოდ 350 სახლი გამოისყიდა.
აჭარის მოქმედ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეკომიგრანტების პრობლემებზე ზრუნვა მათ კომპეტენციას ცდება და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავია.
ამ ყველაფერს კომპიუტერის ფანჯარაში ვხედავ ჩემს პატარა, მყუდრო ოთახში. არ ვიცი ვინ ზის მიკროავტობუსში – ჩემი მეგობარი, მეზობელი, უბრალოდ ნაცნობი ან ადამიანი, ვინც სადღაც მინახავს, მაგრამ ვერასდროს გავიხსენებ მას; შეიძლება ადამიანი, ვისთანაც ჩემი გზა არასდროს გადაიკვეთება. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, იმ მანქანაში ადამიანები სხედან და სხვა ადამიანები სასტიკად უსწორდებიან.
მანქანაში ნებისმიერი შეიძლება იჯდეს.
17-მდე და 17-ს მერეც ხშირად მესმის: „ვინ უშლით, ვინ უვარდებათ სახლში, ვინ არღვევს მათ უფლებებს?“ მაინტერესებს იმ პოტენციურ მკვლელს, ვინც იმ დღეს ფანჯარა ჩაამტვრია, მიკროავტობუსში ვიღაც ვირტუალური, არაქართველი „პიდარასტის“ მაგივრად თავისი ძმა, შვილი, მეგობარი რომ შერჩენოდა ხელში, რა მოუვიდოდა, გაიმეტებდა მოსაკლავად?
ერთ დღეს ბედნიერებმა რომ გაიღვიძოთ და საკუთარმა შვილმა გითხრათ, მამა საქმე მაქვს შენთან, იცი მე გეი ვარ, რა მოგივათ, რა დღეს დააყრით, ან თვითონ რა დღეში ჩავარდებით? თუმცა, ეს თქვენ როგორ დაგემართებათ, არადა, ნამდვილად შეიძლება დაგემართოთ…
ეს ისე, უბრალოდ.
იმ დღეს, 17 მაისს თბილისში გეიპარადი არ ყოფილა, იმ დღეს ჰომოფობიასთან, ანუ შიშთან ბრძოლის დღე იყო, თქვენ კი ადამიანებს ნამდვილი შიში აჩვენეთ.
წინ სამღვდელოება მიგიძღვოდათ, მათ მოგცეს კურთხევა მკვლელობაზე. სამღვდელოება კი ის ჯგუფია, ვისი საყვარელი სიტყვაც ბოლო დროს შიში გახდა… მათ ეშინიათ იმის, ვინც იძახის არ მეშინია, ვინც იძახის – მიყვარს. თქვენ ყველას რაღაცის, უცხოს, სხვანაირის გეშინიათ, ამ დროს ყველაზე მთავარი გავიწყდებათ – ის, რაც რეალურია, რისიც ნამდვილად უნდა გეშინოდეთ – ტყუილის, ტყუილის, რომელიც შეიძლება შვილებმა, მეგობრებმა გითხრან; ტყუილი, რომლის თქმაც შეიძლება უახლოეს ადამიანებს აიძულოთ. მაგრამ ეს არაა ყველაზე მთავარი შიში, თქვენ მარტოობის გეშინიათ, გირჩევნიათ მასის ნაწილი იყოთ, უმრავლესობის, ბევრის ნაწილი…
თითქმის არასდროს გამოვსულვარ ჩემი მყუდრო ოთახიდან რაღაცის გასაპროტესტებლად – ერთხელ მაშინ გამოვედი, როცა ციხის კადრები ვნახე და მეორედ 17-ში, იმიტომ, რომ ორივეჯერ ბევრი ცოტას უსწორდებოდა, ორივეჯერ ბევრი და ძლიერი „ცოტას“ ამცირებდა. ოთახში ვერ გავჩერდებოდი, იმიტომ არა, რომ დონ კიხოტი ვარ, ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ, ადამიანი მიყვარს. ეს იმათთვის, ვინც იძახის, ადრე სად იყავითო.
ეს თქვენთვის, ვინც ზნეობას ადამიანზე მაღლა აყენებთ. იქნება, როგორმე შეძლოთ და გაიგოთ, ადამიანისთვისაა ყველაფერი – სამშობლო, ღმერთი, ოჯახი და არა პირიქით. ეს ყველაფერი ადამიანის გარეშე არაფერია, არ არსებობს და ვერც იარსებებს.
თქვენ, იმ დღეს არაადამიანურად იქცეოდით, თქვენ ზნეობისა და მართლმადიდებლობის სახელით იმ დღეს სხვა ადამიანები მოკალით (არ აქვს მნიშვნელობა შეძელით ეს თუ ვერა).
მე მარტოობის მეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც არაადამიანობის მეშინია. მე თქვენნაირად ყოფნა მეშინია.
და როცა დავინახავ, რომ ბევრი ცოტას უსწორდება, იმედია არ შემეშინდება, ისევ გამოვალ ოთახიდან. მეშინოდეს მარტოობის, მერე რა.