სიახლეები

სწავლის შემდეგ ბანაკში

27.06.2013 • 3373
სწავლის შემდეგ ბანაკში

 

ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა პატრიოტთა ბანაკს სახელი გადაარქვას და „მომავლის ბანაკი“ უწოდოს. ბანაკში სტუდენტების ნაცვლად მხოლოდ სკოლის მოსწავლეები დაისვენებენ.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით ბანაკი ათდღიანი იქნება და მასში მონაწილეობა 14-15 წლის ასაკამდე წარჩინებულ მოსწავლეებს შეეძლებათ. მისივე თქმით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნიან მოთხოვნას, რათა სკოლებმა შეარჩიონ ის წარჩინებული მოსწავლეები  რომლებიც ბანაკებში დასვენებას შეძლებენ.  წელს ბანაკებში 2000-მდე ბავშვის დასვენებაა გათვალისწინებული. ასევე თუ წარჩინებულებს შორის   სოციალურად დაუცველი ან  დევნილი იქნება, პრიორიტეტი მათ მიენიჭებათ.

 

საზაფხულო ბანაკი „მხიარული მოგზაური“ სკოლის მოსწავლეებისათვის აქვს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს.  სასწავლო, შემეცნებითი, გარემოსდაცვითი და გასართობი საველე ბანაკი 20 პერსონაზეა გათვლილი, აქედან 15 ბავშვი იქნება, ხოლო დანარჩენი პერსონალი.

 

„ბანაკი განხორციელდება საველე პირობებში. ერთი ნაკადის ბანაკში ყოფნის დრო არის 7 დღე. შერჩევას რაც შეეხება, ვარჩევთ წარჩინებულ მოსწავლეებს,   რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.   რაც შეეხება ასაკს 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა ჩვენიი ბანაკი,“ – ამბობს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მესხიძე.

 

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კიდევ ერთი ბანაკი „ჩვენებურებია“.

 

„ეს არის სპეციალური პროგრამა იმიერ ტაოში მცხოვრები ქართველებისათვის და  ბათუმელი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მიზანი არის ახალგაზრდების დაახლოება. ხუთი დღე დავრჩებით  ტაოში, შემდეგ ჩვენებურები ჩამოვლენ ბათუმში. გვინდა იქაური ბავშვები ვაცხოვროთ არა სასტუმროში, არამედ ოჯახებში.  ბანაკში დაახლოებით 15 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას,“ – ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის კოორდინატორი გია ჭანკურიძე.

 

კიდევ ერთი ბანაკი სადაც მოსწავლეებს დასვენება შეუძლიათ საპატრიარქოსთან არსებული საზაფხულო ბანაკი „სამშობლოა“. თუმცა მასში რომ მოხვდე გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე.

 

„ჩვენთან ვინც ისვეებს, ესენი ძირითადად არიან მრავალსულიანი სასულიერო პირების ბავშვები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. გამომდინარე იქიდან რომ საეკლესიო დაწესებულებაა, შეღავათს ვუწევთ იმ  სასულიერო პირებს,  ვინც მრავალშვილიანია და  არ აქვს საშუალება სადმე გაიყვანოს ბავშვი. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან დამსვენებლებს, უცხოეთის სამრევლოებიდან  გვიკავშირდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და უშვებენ ბავშვებს.  არის ასაკობრივი შეზღუდვა,  10 წლიდან 16 წლამდე ბავშვები დაისვენებენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში საზაფხულო ბანაკ „სამშობლოს“ დირექტორის თანაშემწე გიორგი შაინიძე.

 

ბანაკი  ორ ნაკად არის  გათვალისწინებული. პირველი ნაკადი პირველი-14 ივლისის ჩათვლით  და მეორე ნაკადი 1-14 აგვისტოს ჩათვლით. თითოეულ ნაკადზე ჯამში 120 -130 ბავშვი დაისვენებს.

 

მიმდინარე წელს 35 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მერია ახალგაზრდების სამთო ბანაკში დასასვენებლად. ბანაკი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე ახალგაზრდები 8 დღის განმავლობაში აჭარაში, ჩირუხში დაისვენებენ, მეორე ეტაპზე, რაჭაში, შოვში, ხოლო მესამე ეტაპი ყაზბეგში, გველეთშია დაგეგმილი.

 

„ჯამში 110 ადამიანი დაისვენებს წეს სამთო ბანაკში. მონაწილეთა ასაკი არის  17 დან 28 წლამდე. ამ ასაკის გოგო-ბიჭებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.  შერჩევის პრინციპებს რაც შეეხება, შერჩევა მოხდება პროფესიონალ მთამსვლელთა მიერ.  მონაწილეები  ჯანმრთელები და ფიზიკურად მომზადებულები უნდა იყვნენ რომ მთებზე გადასვლა შეძლონ,“ – ამბობს ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი ირაკლი გვარჯალაძე.

 

 რა სარგებლობა მოაქვს საზაფხულო ბანაკებს  ახალგაზრდებისთვის. სემინარ-ბანაკის კოორდინატორი საქართველოში სოფო ტალახაძე ამბობს რომ ბანაკი კარგი საშუალებაა არაფორმალური განათლების მისაღებად.

 

„ბანაკი, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო,  სასარგებლოა როგორც მონაწილეებისთვის, ისე ორგანიზატორებისთვის და ლიდერებისთვის. ბანაკში მიღებული განათლება,  მიეკუთვნება არაფორმალურ განათლებას და გარდა იმ ფორმალური გაბათლებისგან განსხვავებით, რომელსაც  ახალგაზრდები იღებენ უნივერსიტეტებში,. სკოლებში და  სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ეს გრძლედება ბანაკის ფარგლებს გარეთაც. ზოგადად 21-ე საუკუნის მიდგომა განათლებისადმი არის მიდგომა რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრეიბის მანძილზე.  ბანაკი  ხელს უწყობს  პიროვნების ჩამოყალიბებას. ამასთან  საერთაშორისო ბანაკის შემთხვევაში, თუკი ეს არის უცხოენოვანი, ხელს უწყობს ენის ცოდნის განმტკიცებას,“ – ამბობს სოფო ტალახაძე.

 

გადაბეჭდვის წესი