ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოდან სარემონტო სამუშაოები იწყება. დასი დროებით საზაფხულო თეატრში გადავა და სპექტაკლებს იქ გამართავს.
„სახურავიდან დაწყებული სავენტილაციო, გათბობის სისტემებით დამთავრებული აბსოლიტურად ყველაფერი შეიცვლება. კაპიტალური რემონტი ტარდება. დაახლოებით წელიწადნახევარს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის მმართველმა თეიმურაზ კეჟერაძემ.
მისივე თქმით შეიცვლება თეატრის რამდენიმე წლის წინ გარემონტებული ფასადიც.
„ორი წლის წინ ბათუმის თეატრის ფასადი გადაიღება და კაპიტელები მოაოქროვეს. ამავე დროს წინა ფასადზე ძალიან უსახური ბარელიეფი დაამონტაჟეს. ეს ყველაფერი უნდა მოცილდეს თეატრს. თეატრმა უნდა მიიღოს პირვანდელი სახე. ახლა თეატრის შენობა ჰგავს კულტურის სახლს. მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში რაიონებში მეჩაიეების სახლი იყო, ასეთ სახლებს ჰგავს კლასიკური სტილის ძალიან კარგი შენობა ახლა,“- აცხადებს თეიმურაზ კეჟერაძე.
ბათუმის დრამატული თეატრის რემონტისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გაიღებს.