მთიანი აჭარა

ნეპოტიზმი და დავითაძეები

24.06.2013 • 2893
ნეპოტიზმი და დავითაძეები

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამაზ დავითაძემ თავისი ძმა, როინ დავითაძე, დაბის თემის რწმუნებულად მარტში დანიშნა. თამაზ დავითაძის გამგებლად დანიშვნის შემდეგ დაინიშნა მისი ბიძაშვილი, დავით დავითაძე, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, გამგებლის მეჯვარე თამაზ ქამადაძე -ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. გამგებლის ძმისშვილი, ეკა დავითაძე კი შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დასაქმდა.  

 

 

გამგებლის ძმა, როინ დავითაძე ამბობს, რომ ის თემის რწმუნებულად მოსახლეობამ აირჩია და დასძენს, რომ ვინც მისი ძმის, ამჟამინდელი გამგებლის, თამაზ დავითაძის გვერდით იდგა, ზუსტად ისინი დაინიშნენ თანამდებობაზე  და დაინიშნებიან კიდეც: „ჩემი ძმა თუ გამგებელია, ერთად ვიბრძოდით, ჩემი ოჯახის ყველა წევრი ერთად ვიყავით, თუ რამე საჭირო იყო, მის გვერდში ვიყავი და ვიმსახურებდი ამ თანამდებობას. ჩვენი ნათესავი არავინ დანიშნულა, ჩემი ქალიშვილი დაინიშნა უბრალო თანამდებობაზე, 120-ლარიან ხელფასზე. 7 წელია დამთავრებული აქვს და რამდენჯერაც მივაკითხეთ, იმ მთავრობამ არანაირი ყურადღება არ მოგვაქცია. ყველა ჩვენგანის მუშაობა, რაც ვიმუშავეთ წინასაარჩევნოდ, მგონი დაფასდა. ვინც ჩვენ გვერდით იყო, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა წინასაარჩევნოდ, მინიმუმი დავასაქმეთ და ვეცდებით დავასაქმოთ, ერთ დღეზე მოსკოვიც არ აშენებულა“.

 

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით გამგებლის ნათესავები არიან გამგებლის თანაშემწე აგრაფინა არზიანი და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი რამაზ დავითაძეც, თუმცა ისინი გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფენ. ნათესაურ კავშირს უარყოფდა გამგებლის ძმისშვილი ეკა დავითაძეც, თუმცა მოგვიანებით მან ნათესაური კავშირი დაგვიდასტურა: „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ვმუშაობ, კულტურის ცენტრის დირექტორმა დამნიშნა. 10 წელია დამთავრებული მაქვს, ყოველ წელიწადს ყველა დაწესებულებაში განცხადება მაქვს დაწერილი, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, უფროსიც  რომ შეიცვალა, კულტურის სახლში გამოჩნდა ახალი შტატი და თვითონ უფროსმა დამირეკა, რადგან გეოგრაფიის სპეციალისტი ვარ. მან ამიყვანა სამსახურში, გამგებელი არაფერ შუაშია“ – ამბობს ეკა დავითაძე.

 

 

ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამაზ ქამადაძემ კი თქვა, რომ გამგებელთან მეჯვარეობა კი არ აკავშირებს, არამედ მამამისი გამგებლის ნათლიაა: „12 წელია სხვა სამსახურში ვმუშაობდი მთავარ ბუღალტრად, სამსახურის ლიკვიდაცია მოხდა და განცხადება მქონდა დაწერილი. გამგეობაში ოთხი თვეა ვმუშაობ, გამგებელთან არანაირი ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს. მამაჩემი გამგებლის ნათლიაა, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის.“ – ამბობს თამაზ ქამადაძე.

 

 

რამაზ დავითაძე შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსად 10 მარტს დაინიშნა. მისი თქმით, სანამ იგი სამსახურის უფროსად დაინიშნებოდა, „ქართული ოცნების“ დაბის კოორდინატორი იყო. რამაზ დავითაძის თქმით, „ოცნების“ აქტივისტებიდან მის სამსახურში მხოლოდ ერთი აქტივისტი დაინიშნა მეხანძრედ, დანარჩენი თანამშრომლები კი მუშაობას განაგრძობენ. იგი გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფს: „გამგებელი ჩემი ნათესავი არ არის, მოგვარეები ვართ” –  ამბობს რამაზ დავითაძე.

 

 

გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფს შუახევის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი დავით დავითაძეც, გამგებლის თანაშემწე აგრაფინა არზიანი კი ამბობს, რომ  მისი ქმარი და გამგებელი მხოლოდ მოგვარეები არიან და არა ნათესავები.

 

 

„თანამდებობებზე გამგებლის ნათესავები და ძმაკაცები დაინიშნენ. ოქროპილაური, სადაც დავითაძეები ცხოვრობენ, პატარა სოფელია. იმდენი დავითაძე მოიყვანა, რომ ოქროპილაურის მუნიციპალიტეტი დაარქვეს შუახევს. იქ, სადაც არ ჰყავდა ნათესავი და ძმაკაცი, „ოცნების~ კოორდინატორები დანიშნა.“- ამბობს აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი სოსლან ზოიძე.

 

 

თამაზ დავითაძე
თამაზ დავითაძე

თავად მუნიციპალიტეტის გამგებელი თამაზ დავითაძე უარყოფს ნათესავების დანიშვნას და აცხადებს, რომ „მკვიდრი ნათესავი“ არავინ დაუნიშნია. ის აქვე დასძენს, 172 თანამშრომლიდან 40 თანამშრომელი შეცვალა და გასაკვირი არაფერი არ არის: „მოვიდა ახალი ხელისუფლება,  აუცილებლად უნდა მოხდეს რეორგანიზება, ჩემი პრეროგატივაა თემისა და სოფლის რწმუნებულებად ვინც მინდა, ის დავნიშნო, მაგრამ იმის გამო, რომ არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა, გამგებლის ახლობელია, ნათესავიაო,  ამიტომ თითქმის ყველა სოფელში ჩავატარეთ კრება და მოსახლეობამ შეარჩია კადრები, წარდგენილნი იყვნენ ჩვენი კოალიციის წევრები, ძველი რწმუნებულებიც. ჩემი ბიძაშვილი დღესაც უმუშევარია, რომელიც ჩვენს სფეროში პირველი დღიდან იყო, გავაგზავნე კურსებზე, გაიარა და დაინიშნება ახალგაზრდული ცენტრის უფროსად, მაგრამ მე არა, ბათუმი დანიშნავს. მე ვნიშნავ ვინც ღირსია და ვინც ჩვენს კოალიციაში იყო ძირითადად“ – ამბობს გამგებელი.

 

 

შუახევის გამგეობაში იანვრიდან დღემდე საკუთარი განცხადების საფუძველზე 33 სოფლისა და თემის რწმუნებული და გამგეობის სტრუქტურებში დასაქმებული 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მოხდა კადრების გადანაცვლებაც, რასაც გამგებელი ასე ხსნის: „ვერ შემოვიდა ზოგიერთი ჩვენს გუნდში, ჩვენ ვართ მოსული ხელისუფლება, რომ გლეხს დავეხმაროთ, რამდენიმეს მივეცი დისციპლინარული სასჯელი დაგვიანებისთვის, სამსახურში არ გამოცხადებისთვის ბრძანებებია დაწერილი, ვეღარ გაუძლეს იმ ძველ, აღვირახსნილ ცხოვრებას, დილით 9 საათზე სამსახურში მოვდივარ, არ დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ სამსახურში ვინმე მოვიდეს, ექვსი თანამშრომელი გავათავისუფლე, სამი -დავაქვეითე.“ –  ამბობს გამგებელი.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: