სიახლეები

მშენებლობაზე დაზარალებულს კომპანია მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებს

19.06.2013
მშენებლობაზე დაზარალებულს კომპანია მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებს

მიმდინარე წლის 27 მარტს, ურეკში, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ციხისძირში მცხოვრებმა  რევაზ დავითაძემ საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც მას ერთ ფეხზე ამპუტაცია ჩაუტარდა. დაზარალებულს დაზიანებული აქვს მეორე ფეხიც.

რევაზ დავითაძე სამშენებლო კომპანია „გაგეტაში“ თვე ნახევრის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა კომპანიამ მას მკურნალობის ხარჯები არ  აუნაზღაურა. დაზარალებულის ოჯახი საქმის ეფექტურ გამოძიებას და კომპანიისაგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. „ჩემს მეუღლეს დაჯდომაც კი აღარ შეუძლია, ისე მდგომარეობაშია“ – ამბობს მანანა დიასამიძე, რევაზ დავითაძის მეუღლე.

რევაზ დავითაძეს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე, რომელიც დაზარალებულს ადვოკატირებას უწევს, ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეფექტური რეაგირება არ ყოფილა. „მიუხედავად იმისა, რომ ფაქტთან დაკავშირებით ძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, გამოძიებას დამნაშავე პირი არ გამოუვლენია. აშკარაა, რომ სამართალდამცავები განზრახ არ ახდენენ რეაგირებას და მიკერძოებულად მოქმედებენ. ამიტომ, მივმართავ საქართველოს და აჭარის მთავარ პროკურორებს და მოვითხოვთ საქმეზე ქმედით რეაგირებას“.

გენო გელაძის განცხადებით, ორგანიზაცია ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი და დამნაშავეები დაისაჯონ. „გამოძიება უნდა გააგრძელონ სხვა პირებმა, რადგან ამ გამომძიებლების ქმედებაც იყოს გამოძიებული“.

დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „გაგეტას“ რევაზ დავითაძესთან შრომითი ხელშეკრულება ოფიციალურად არ ჰქონია გაფორმებული, რაც გენო გელაძის განცხადებით, ცალკე კანონდარღვევა. „გასარკვევია რამდენად ჰქონდა ამ კომპანიას მოწესრიგებული პროცედურული ხასიათის დოკუმენტაცია, სამშენებლო წესები, სტანდარტები და ა.შ“.

მანანა დიასამიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე ურეკის პოლიციის გამომძიებელმა ბექა მუჯირმა დაკითხა: „არც საგამოძიებო სტრუქტურები დაგვკავშირებია შემდეგ და არც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ყოფილა ყურადღება. თავიდან შეგვპირდნენ, მაგრამ შემდეგ კომპენსაციაზე უარი გვითხრეს“.

გენო გელაძის თქმით, ცალკე შეფასების საგანია საავადმყოფოს საკითხი. „ადამიანმა რომელმაც 34 დღე გაატარა საავამყოფოში, სახლში გაწერის შემდეგ აღმოჩნდა რომ მას დაზიანება მეორე ფეხზეც ჰქონდა მიყენებული, ხოლო როცა უკან მიბრუნდა, იმავე საავადმყოფომ მკურნალობაზე უარი განუცხადა“.

ორგანიზაცია საჩივარის შეტანას დღესვე აპირებს.

სამშენებლო კომპანია „გაგეტას“ ხელმძღვანელი თემურ ღაღეტაშვილი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებულ რევაზ დავითაძის მიმართ, კომპანიას არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია.

„გაგეტა“ არის დამკვეთი კომპანია, მშენებლობას აწარმოებს სხვა, ამიტომ, ვინც დაიქირავა დავითაძე, იმას მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ არ ვართ ვალდებული რომ კომპენსაცია გადავუხადოთ. ფეხი მოტეხა  მძღოლმა და კომპენსაციაც მან უნდა გადაუხადოს“. თემურ ღაღეტაშვილი ვერ ასახელებს მშენებელ კომპანიას, ვის მიერაც იქნა დაქირავებული რევაზ დავითაძე.

რაც შეეხება გამოძიებას, გამომძიებელი ბექა მუჯირი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ ეკეთებს: „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ“ – აცხადებს იგი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.