ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა ოთხ ნაწილად შეეძლებათ

 ქეთი ლაბაძე 

 

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვა სასწავლო წლის განმავლობაში, ოთხ ნაწილად შეეძლებათ.

 

15 სექტემბრამდე სტუდენტებმა სწავლის საფასურის მეოთხედი უნდა გადაიხადონ.

 

 

გასულ წლებში სტუდენტები სწავლის თანხას შემოდგომასა და ზამთრის სესიების წინ ფარავდნენ, რის გამოც, სტუდენტების ერთი ნაწილი საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა და სტუდენტის სტატუსი უჩერდებოდა.  

 

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლის მინიმალური გადასახადი 1500 ლარია, ხოლო მაქსიმალური- 2500.

 

სწავლა უნივერსიტეტის ბაკალავრიატში 17 სექტემბერს იწყება, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი 1 ოქტომბერს.

ახალი ინტერნეტ პროვაიდერი ქობულეთში

თათია ლაშაური

 

დღეიდან ქობულეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ახალი ინტერნეტ პროვაიდერი „ა – ნეტი“ მომემსახურება.

 

 

 კომპანია მომხმარებელს სრულ საკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს. მაღალტექნოლოგიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და უკაბელო ინტერნეტი, სატელეფონო და საკაბელო მომსახურება – ამ სერვისების ჩართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონიმუმ 18 ლარი დაუჯდება, ოქტომბრის ბოლომდე კი ინსტალაცია უფასო იქნება.

 

 

კომპანია „ა-ნეტი“ დაფარვის ზონის გაზრდას დაახლო მომავალში აჭარას ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.  

ეშმაკის ბორბლიდან მგზავრები ავარიული გათიშვის შედეგად ჩამოიყვანეს

„6 მაისის პარკის“ დირექტორის, გელა ბოლქვაძის განცხადებით, იმ დროისათვის ეშმაკის ბორბალზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ატრაქციონის სათადარიგო დიზელის ძრავის საშუალებით, „ეშმაკის ბორბალი“ მექანიკურად დაუშვეს ძირს. 

 

„112-ის სამაშველო ბრიგადის გამოძახება საჭირო არ აღმოჩნდა. დიზელის ძრავით ავამუშავეთ ბორბალი და მგზავრები ჩამოვიყვანეთ. ამ დროისათვის ატრაქციონი ტექნიკურ შემოწმებას გადის და, სავარაუდოდ, ხვალ უკვე ჩაირთვება“, – აღნიშნა გელა ბოლქვაძემ. 

 

მისივე თქმით, „ეშმაკის ბორბალი“ ტექნიკურ შემოწმებას თვეში ერთხელ გადის.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბათუმში  ამ ატრაქციონის ავარიულად გაჩერება გახდა საჭირო. 

„მომავალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრის შესახებ

ალექსანდრე ლომოური, პარტია „მომავალი საქართველოს“

 

მე, პარტია “მომავალი საქართველოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. გუშინ, 10 სექტემბერს შევხვდი ბათუმის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს და მათი პრობლემები მოვისმინა. მოსახლეობას ქვეყანაში რეალური ცვლილებები სურს და ეს ცვლილებები ძალიან მალე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.

 

 

ბათუმელებმა პარტია „მომავალ საქართველოსა“ და მის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატეს და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.

მოსახლეობა დაიღალა ქვეყანაში გამეფებული უსამართლობით, უკანონობითა და იმ ცრუ დაპირებებით, რომელიც აქამდე იყო.

ახლა დროა, ბათუმელების კეთილდღეობისათვის რეალურ ცვლილებებს მოჰყვეს რეალური ნაბიჯები, რომელსაც მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება საპარლამენტო არჩევნების დროს.   

ქედის “ბეთლემი” პირველ ლიგაში

 

 თავიდან მოვყვეთ, როდის შეიქმნა “ბეთლემი” და როდის ჩაუდექით მას სათავეში?

 ქედაში საფეხბურთო გუნდი გასული საუკუნის 1950-1960-იან წლებში ჩამოყალიბდა და საქართველოს პირველობებზე სხვადასხვა სახელით ასპარეზობდა. 1980-1990-იან წლებში მე დავინიშნე მთავარ მწვრთნელად. მაშინ კარგი გუნდი გვყავდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, ანუ ქართული საბჭოურს გამოეყო, პირველივე წელს მივიღეთ საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობა. 1/64 ფინალიდან დავიწყეთდა მეოთხედფინალამდე გავაღწიეთ, მხოლოდ იქ დავმარცხდით ფოთის “კოლხეთთან”. არადა, ფოთელებმა იმ წელს თასის ფინალი ითამაშეს. მერე იყო ხანგრძლივი ჩავარდნის პერიოდი და ასე 10-15 წელი ბურთი აღარ გაგორებულა. საბოლოოდ კი გადაწყდა აღგვედგინა ეს გუნდი. ორი წელი რეგიონალლიგის დასავლეთ ზონაში ვასპარეზობდით. პირველ წელს მეხუთე ადგილი დავიკავეთ, შარშან კი პირველი ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ, მეორე ადგილზე გავედით.

რთული სეზონი გქონდათ?

 კი, ძალიან რთული იყო. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ, მეორე წრე კი ძალიან ცუდად დავიწყეთ -ხუთი შეხვედრიდან სამი წაგება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი მოგება. თუმცა საკუთარ თავში ძალები მოვნახეთ და ბოლო 8 შეხვედრა ზედიზედ მოვიგეთ, რამაც განაპირობა კიდეც პირველი ლიგის საგზურის მოპოვება.

 პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება ბევრს არ ექნება…

ვერ დაგეთანხმებით. ჩვენთან ისეთი ბიჭები თამაშობენ, რომლებსაც ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაშიც უთამაშიათ, ვიტალი დარჩიძე, კახა ქაცარავა, ლევან ბექთაშევი, ვასო კუნჭულია. მათ გარდა დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე: გიორგი კახიანი “ბაღდათიდან”, ლაშა კალანდაძე და გიორგი ხაჩიძე “ოზურგეთიდან”, ასევე “მაჭახელადან” დავითაძე, ანანიძე და სეიდიდი. ოთხი ფეხბურთელი ქედის მკვიდრია. კარგი ბიჭები არიან, ვფიქრობ, ურიგო გუნდი არ გვეყოლება.

 პირველივე სეზონში უმაღლეს მიზნებს არ დაისახავდით ალბათ …

 დასამალი რაა და წელს პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. როგორც იცით, პირველ ლიგაში “შუქურა” და “ადელი” თამაშობენ, თუმცა პირველობა ორ ქვეჯგუფადაა გაყოფილი, მათ ჩვენთან შედარებით გაუმართლათ, ჩვენს ქვეჯგუფში კი საკმაოდ ძლიერი გუნდები მოხვდნენ: თბილისის “დინამო-2”, ლანჩხუთის “გურია”, “მაღაროელი”, “მეშახტე” და “გაგრა”, რომელმაც შარშან ევროპის ლიგაზე ითამაშა. ასე რომ, კონკურენცია მართლაც დიდია.

თამაშებსაც სად გამართავთ?

ქედაში კარგი სტადიონი გვაქვს, უბრალოდ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ტრიბუნების კეთილმოწყობა, საფარის განახლება და ასე შემდეგ. ჩემპიონატის მატჩებს ქედაში ვუმასპინძლებთ.

 გუნდს ვინ აფინანსებს? 

აჭარის მთავრობა და ქედის მუნიციპალიტეტი. კლუბის პრეზიდენტი ბაქარ ბარამიძე გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ “ბეთლემის” მეორე მწვრთნელია ვახო ქაცარავა.

ხელფასების პრობლემა არახალია ქართული კლუბებისთვის…

 ჩვენთან ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა და იმედია, არც შეიქმნება.

 უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდები გამარჯვებისთვის პრემიალურ თანხებსაც იღებენ…

 ჩვენთანაც მასე იქნება. წარმატების შემთხვევაში ბიჭებს აუცილებლად წავახალისებთ.

 რამდენი ფეხბურთელი იქნება გუნდში?

 24 ფეხბურთელი მყავს განაცხადში. შევხედავთ ჩვენს შედეგებს და შესაძლოა, სამომავლოდ გავძლიერდეთ კიდეც.

სასურსათო მაღაზიების ძარცვის სერია

მაღაზიის გატეხის პირველ მცდელობას სოფელ ბაბუჩოღლებში აგვისტოს ბოლო რიცხვებში ჰქონდა ადგილი. მძარცველებმა მაღაზიის უკანა კედლის კარის გამომტვრევა სცადეს, თუმცა კარს შიგნით არსებული გისოსების გატეხა ვეღარ შეძლეს. იმავე დღეს სამი მაღაზია მახუნცეთშიც გაქურდეს, ორი მაღაზია მახუნცეთის ცენტრში და ერთიც ცენტრიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით, ე.წ. „გვირაბთან“.

 

 

მახუნცეთში თენგიზ მახარაძის მაღაზიაში მძარცველები მაღაზიისა და საცხოვრებელი სახლი გამყოფი კედლის გამოტეხის შემდეგ შევიდნენ. მაღაზიის მესაკუთრის განცხადებით, გატანილია 500 ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სახის საქონელი. თენგიზ მახარაძე: „15-20 დღის წინ მოხდა ქურდობა, შაბათი დღე იყო, მეზობელი მაღაზიის მეპატრონემ გამაგებინა, ჩემი მაღაზია გაქურდეს და თქვენიც გატეხილიაო. ქურდებმა რკინის სეიფი გაიტანეს მაღაზიის გარეთ – ნავაჭრი, 500-ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე საქონელი წაიღეს, ძირითადად ძვირად ღირებული სასმელები და სიგარეტები. შეტყობინებისთანავე ადგილზე მოვიდა პოლიცია, ექსპერტიზა… ორჯერ მოვიკითხე და მითხრეს, რომ ძიება მიმდინარეობს“. 

 

იმავე დღეს თენგიზ მახარაძის მაღაზიის გარდა მახუნცეთში მზიური ბერიძის მაღაზიაც გაქურდეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაქურდეს მახუნცეთში „გვირაბთან“ არსებული კაფე-ბარის მაღაზია. აქ მძარცველები სამზარეულოს კარებიდან შევიდნენ. როგორც დაწესებულებების თანამშრომლები ამბობენ, მძარცველებმა მხოლოდ 60-80 ლარის პროდუქტი გაიტანეს.  

 

 

მარინა სამნიძე, კაფეს თანამშრომელი: „30 წელია მახუნცეთის ბინებში ვცხოვრობ, ბინის კარები დღით არასოდეს დამიკეტია, გაქურდვის მცვდელობა არასოდეს ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.  

 

ორი წელია რაც კაფე არსებობს, პირველად ახლა გატეხეს, კაფეს თავისი მაღაზია აქვს, ძირითადად, სიგარეტები, სასმელები და ტკბილეულობა იყიდება. ქურდობა სავარაუდოდ ღამით მოხდა _ დილით მოსულებს მაღაზია გაქურდული დაგხვდა. სამზარეულოს კარებიდან შესულან, ეს კარები დაკეტილი კი იყო, ალბათ, გამოტეხეს. სასმელები და სიგარეტები იყო წაღებული, გაეჩხრიკათ ხის კარადა, სადაც საჭირო დოკუმენტაციას ვინახავთ, სხვა ყველაფერი ისევე დაეტოვებინათ, კარებიც კი დაეხეურათ – “პატიოსანი ქურდები”  ყოფილან”. 

 

ბაბუჩოღლებში მეორე მაღაზია 31 აგვისტოს გაძარცვეს. მაღაზიის გამყიდველის, სულიკო ვერძაძის თქმით, ქურდებმა მაღაზიიდან სწრაფი გადახდის აპარატი, ფული და 150 ლარის პროდუქტი გაიტანეს: `გადახდის აპარატი აქვე, ახლოს დაამტვრიეს და თანხა წაიღეს. აპარატში 800 ლარამდე უნდა ყოფილიყო, ქსელმა აპარატის გათიშვის დრო – ღამის პირველი საათი და 50 წუთი უჩვენა”. 

 

სასურსათო მაღაზიები დაბა ქედასა და სოფელ წონიარისშიც გაძარცვეს, წონიარისში ორი მაღაზია, ქედაში – ერთი.  

 

აქამდე მაღაზია ქედაში მხოლოდ ორი წლის წინ გაქურდეს _ სოფელ პირველი მაისის ცენტრში მდებარე მაღაზიაში ქურდები კარზე დატანებული ფანჯრიდან გადავიდნენ. მესაკუთრის, ლამარა თებიძის თქმით, ქურდებმა მაშინაც სიგარეტები, პური და ფული გაიტანეს: “ქურდებმა მაღაზიის უკანა ნაწილში განთავსებული სათავსოს კარებზე, ზედა ნაწილში არსებული ფანჯარა გამოამტვრიეს, მოხსნეს გისოსები და ისე შემოვიდნენ. განსაკუთრებული არაფერი წაუღიათ, ხურდა ფული მქონდა _ 100-ლარამდე და 200-ლარამდე თანხის პროდუქტი. ქურდობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა, გამოიძიეს თუ არა არ ვიცი, პასუხი არ მიმიღია, მოკითხვითაც კი არ მომიკითხავს, დიდი თანხა არ იყო და აღარ შევაწუხე. მას შემდეგ ფანჯრები და კარები დავჭედე და მაღაზიას ძველებურად ვამუშავებ”.  

 

 

მაღაზიების ძარცვის შემთხვევის მომრავლებასთან დაკავშირებით ქედის პოლიციის რაიონული სამმართველო “ბათუმელებთან” კომენტარს არ აკეთებს. “მეტი საინტერესო ვერაფერი ნახეთ?!” – პოლიციაში მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლნენ.  

აჭარას ერთი მედალი ერგო

ბათუმის ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში უფროსებს შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა კუთხის სპორტსმენი (6 წონითი კატეგორია, 105 ფალავანი) მონაწილეობდა. აჭარის ნაკრები ტურნირზე შვიდი სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მათგან მხოლოდ ერთმა, მძიმეწონოსანმა ვახტანგ ზოიძემ შეძლო, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ქუთაისელ ლაშა გურულთან. გიორგი დიასამიძემ (90 კგ.) კი, რომელიც ასევე აჭარის ნაკრების წევრია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა წააგო. წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ:

60 კგ. პაატა მერებაშვილი (გორი);

66 კგ. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი);

73 კგ. გიორგი პაპუნაშვილი (გორი);

81 კგ. ზვიად კაპანაძე (ხაშური);

90 კგ. იასონ ნემსაძე (ქუთაისი);

+90 კგ. ლაშა გურული (ქუთაისი).

სექტემბრის ბოლოს აჭარა ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს.

“დინამო”, საეჭვოა, “შუქურამ” გაინაღდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დაუპირისპირდა. პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდმა უმაღლესლიგელ „დინამოს“ არა მარტო წინააღმდეგობა გაუწია, არამედ დაამარცხა კიდეც, რასაც არავინ ელოდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ლვოვის „კარპატიდან“ განათხოვრების წესით ჩამოყვანილმა მეკარემ ივან პიცანმა და ფორვარდმა ალექსანდრ ტიმჩიშინმა, თუმცა თავი მათ არაფრით გამოუჩენიათ. მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი უფრო საკუთარ თავთან დამარცხდა, ვინაიდან მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა. „განმეორებით მატჩში ძალიან გაგვიჭირდება“, – დასძინა ბოლოს გია გურულმა. რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთელებმა გასვლით შეხვედრაში ოზურგეთის „მერცხალი~ 3:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ბათუმელთაგან განსხვავებით, ფაქტობრივად გაინაღდეს.

 

საქართველოს თასის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრები 17-18 სექტემბერს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონს ოქრო წაართვეს

რამაზ ზოიძე (მარცხნივ)
რამაზ ზოიძე (მარცხნივ)

ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სამმა ფალავანმა აჭარიდან ვერცხლის მედლები მოიპოვა. 42 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენადი ჩიტაძემ (მწვრთნელი – ავთო აბულაძე) და 63 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (მწვრთნელი – ლევან შავაძე) მხოლოდ ფინალური შეხვედრები წააგეს და ვერცხლს დასჯერდნენ. რაც შეეხება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რამაზ ზოიძეს, ფინალში მისი და აზერბაიჯანელი ფალავნის ჭიდაობისა და ოქროს მედლის ბედიც მსაჯებმა გადაწყვიტეს. თუ რა მოხდა კონკრეტულად ბაქოს ხალიჩაზე, ამაზე „ბათუმელებთან“ რამაზ ზოიძემ, მარად არძენაძის მწვრთნელმა, ისაუბრა. 

 

ირაკლი დარცმელიძე

ცურვა – პერსპექტივა და დღევანდელობა

სასტუმრო მარინას საცურაო კომპლექსი

– ბათუმის ღია ჩემპიონატი ჩავატარეთ, რომელშიც ჩვენს გარდა თბილისის (4 გუნდი), რუსთავისა და ჭიათურის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. გვინდა, რომ მომავალი წლიდან ამ ტურნირმა საერთაშორისოს სტატუსი შეიძინოს. სწორედ ამ ასპარეზობისას დავინახეთ ჩვენი მოცურავეების პერსპექტივა, სწორი მუშაობისა და სათანადო თანადგომის შემთხვევაში, მათ დიდი შანსი აქვთ 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოხვდნენ. გეტყვით მათ გვარებსაც: თემურ შავლიძე, საშა კულბაჩნი, ქეთინო თავართქილაძე და … ხალვაში. ამათგან კულბაჩნი და თავართქილაძე ჩემთან ვარჯიშობენ, დანარჩენები კი საშა ცინცაძესთან, „პლაზაში“.

– ბატონო გიორგი, სწორი მუშაობა და სათანადო თანადგომა ახსენეთ,  რას გულისხმობთ?

– დიდი ხანია რაც ცურვას ვასწავლი, მწვრთნელი ვარ. დღეს ბავშვები ჩვენთან კვირაში სამ დღეს, თითო საათს ვარჯიშობენ, ეს კი საკმარისი ნამდვილად არ არის. თუ რეალურ შედეგს გვინდა მივაღწიოთ, მაშინ მეტია საჭირო.

– და რა უშლით ხელს?


– ფინანსები. როგორც იცით, წვრთნები სასტუმრო კომპლექს `მარინას~ საცურაო აუზზე მიმდინარეობს. იქ გადასახადი თვეში 80 ლარია. ბავშვი კვირაში სამჯერ ვარჯიშში იხდის ამ ღირებულებას. ვისაც კი სპორტთან რაიმე შეხება აქვს, მიხვდება, რომ ეს ზღვაში წვეთია. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ ბავშვს, ვისაც არა მარტო ცურვის სწავლის სურვილი აქვს, არამედ უნდა სპორტსმენად ჩამოყალიბდეს, ყოველდღიური ვარჯიშის ფინანსური საშუალება არა აქვს.

– შეღავათები არ გაქვთ?

– ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ აჭარის სპორტის დეპარტამენტიდან ვიღებთ დაფინანსებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს საწვრთნელი შეკრება გავიაროთ და რამდენიმე ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა, ისიც საქართველოს მასშტაბით. ეს კი ნამდვილად არ არის საკმარისი.

– გამოსავალს რაში ხედავთ?

– გამოსავალი ერთია – უნდა აშენდეს ერთი საცურაო აუზი, სადაც მწვრთნელები დაინიშნებიან და ოფიციალურად მიიღებენ ხელფასს, ბავშვები კი არ გადაიხდიან მეცადინეობაში ფულს. მაშინ ბევრი შეძლებს ვარჯიშს და წარმატების მიღწევის რეალური შანსიც გაჩნდება. ეს კი, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

– მწვრთნელების დეფიციტს განიცდით?

– ძველი თაობის მწვრთნელებიდან მხოლოდ მე დავრჩი. `ბათუმი-პლაზაში~ არის ორი მწვრთნელი საშა ცინცაძე და ირაკლი ვოლკოვი, რომელთაც აქვთ ლიცენზია და იქაც ასწავლიან ცურვას, მაგრამ თუ გვინდა სერიოზულ შედეგზე ვიფიქროთ, სამი მწვრთნელი საკმარისი ნამდვილად არაა.

– ვინ გეგულებათ ბათუმში, ვინც მწვრთნელად მუშაობას შეძლებს?

– ნარგიზ ცივაძე, ტატიანა ანაფრენჩუკი, არტიომ არუთუნიანი, კარინა ხაჩატურიანი, დავით გოგუა და ბევრი სხვა… მაგრამ მათ მწვრთნელობა რომ შესთავაზო, მაშინ სათანადო ბაზა უნდა გქონდეს. დღეს კი ბათუმში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც ცურვის სწავლაა შესაძლებელი – „მარინა“ და „ბათუმი პლაზა“. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბათუმის სასპორტო სკოლაში ცურვის მასწავლებლის შტატი არ არსებობს. ვერც გავამტყუნებთ, ბაზა არა გვაქვს, არადა რა კარგი აუზი გვქონდა?! მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ბათუმში გაიზარდა იგორ ომელჩენკო, სახელოვანი მოცურავე, რომელიც დღე სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.

მწვრთნელიც რომ გამოჩნდეს, სათანადო კურსები უნდა გაიაროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დროსთან ერთად სწავლების მეთოდიკაც შეიცვალა. ავიღოთ ჩვენი ოლიმპიელი ირაკლი ბოლქვაძე, მან 200-მეტრიანი დისტანცია 2,15 წუთში დაფარა, 20 წლის წინ ეს მსოფლიო რეკორდი იყო, ახლა კი… მაიკლ ფელპსი ნახეთ რა სიჩქარით ცურავს და დასკვნას თავად გააკეთებთ. თუმცა, თუ ირაკლის მწვრთნელის, ირინა მაჟულინას სიტყვებს ვენდობით, ამ ბიჭს აქვს რეალური პერსპექტივა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2016 წელს გაიმართება, გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენოს.

– მახსოვს ბათუმში, ადრე, ზღვაზე ასწავლიდით ცურვას მსურველებს. დღეს რამდენად ბვერს აინტერესებს ცურვის შესწავლა?

– სამწუხაროდ, რაც ჩვენი აუზი დაანგრიეს, მას მერე სპორტის ეგ სახეობა ლამის ჩაკვდა. დაახლოებით 15 წელი ზღვაზე ვასწავლიდი ცურვას. კლუბ „ტონუსში“ საშა ცინცაძე ავარჯიშებდა ბავშვებს და ასე ვთქვათ, არ დავკარგეთ ცურვის ტრადიციები, მაგრამ არდაკარგვა ერთია და აღდგენა მეორე. ახლა აუზზე ვმუშაობ. დაინტერესება არის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, სათანადო ფინანსების უქონლობის გამო, ბევრი ვერ ახერხებს მოსვლას.

–  როგორც ვიცი, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია?

– გვაქვს ასეთი იდეა. ორი აუზია ამჟამად ბათუმში, „მარინასა“ და „პლაზაში“. „მარინაში“ 25-მეტრიანია, „პლაზაში“ კი ოლიმპიური სტანდარტებისაა – 50-მეტრიანი, თუმცა ტრიბუნები არ არის მაყურებლებისთვის. ზამთრის ჩემპიონატები, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს, ხშირად იმართება 25-მეტრიან აუზებზე, ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ბათუმში ჩემპიონატების ჩატარება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, ვნახოთ რა გამოვა.

ინციდენტი მთავრობის სახლთან

მოქალაქე ლელა აბესაძე აცხადებს, რომ დღეს, 12 საათზე, მას აჭარის მთავრობის სახლთან ინციდენტი მოუხდა სამთავრობო დაცვის უფროსის მოადგილესთან, კახა ტუღუშთან.  ლელა აბესაძე ამბობს, რომ კახა ტუღუშმა ის სიტყვიერად შეურაცხყო. აბესაძის განცხადებით, დღეს მას კახა ტუღუშთან სურდა საუბარი: „მან მითხრა, რომ თქვენთან საქმე არ მაქვსო და შევიდა შენობაში, საიდანაც გინება დამიწყო“.


მანამდე, 5 სექტემბერს აბესაძე შეხვდა კახა ტუღუშს. როგორც თვითონ იხსენებს,  ტუღუშისთვის უნდოდა ეკითხა, „თუ შარშან, რომელ თვეში მისცა გამოძიებას ჩვენება ჩემ საქმესთან დაკავშირებით. კახა ტუღუშმა მითხრა, რომ ის მესამე განყოფილებაში არ დაუბარებიათ და არც ჩვენება მიუცია“.


როგორც ლელა აბესაძე ამბობს, საქმე ეხება ერთი წლის წინ, 21 აგვისტოს მომხდარ ფაქტს, როდესაც ლევან ვარშალომიძის დაცვის უფროსმა – ვახტანგ კაზაზიშვილმა ის სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. ლელა აბესაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა და პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა. ლელა აბესაძე ამბობს, რომ ამ ინციდენტის თვითმხილველი იყო კახა ტუღუში.


ლელა აბესაძე ამბობს, რომ ის ერთი წელია ცდილობს გაიგოს პროკურატურამ საქმე აღძრა მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე თუ არა. მას სწორედ ამ ინფორმაციის დაზუსტებისთვის სჭირდებოდა შეხვედრა კახა ტუღუშთან – უნდოდა ეკითხა დაკითხეს თუ არა ის მოწმის სტატუსით.


ლელა აბესაძე კახა ტუღუშს ტყუილსა და სამსახურის ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. ის ფიქრობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის შოთა რიჟამაძეს, ბათუმის პროკურორს. თუმცა, არ არის დარწმუნებული ამას მოხერხებს თუ ვერა.

საარჩევნო მდივნები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპელ დემოკრატობამდე“

ზეინაბ რინკავოი ბათუმის #1 საარჩევნო უბნის წევრად „ევროპელი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. უბნის დაკომპლექტებიდან რამდენიმე დღეში მას კომისიის მდივნის თანამდებობა ჩააბარეს. ამავე უბანზე და ამავე თანამდებობაზე ის 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“-ის კვოტით იყო წარდგენილი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ამ უბანზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა.

 

„საარჩევნო უბნებზე მდივნის კანდიდატურა დაეთმოს ოპოზიციას“, – ეს იყო ერთ-ერთი იმ საკითხებს შორის, რაზეც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. მაშინ ბათუმის #79 ოლქის საუბნო კომისიებში პოზიციების გადანაწილებისას მდივნების თანამდებობა „ქრისტიან დემოკრატების“, „მრეწველებისა“ და პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“-ის წარმომადგენლებმა დაიკავეს. ამჯერად „მრეწველები“ „კოალიცია ქართული ოცნების“ შემადგენლობაში გაერთიანდნენ, „ჩვენ თვითონ“-მა კი სახელი შეიცვალა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპელი დემოკრატების“ სახელით მონაწილეობს.

 

ამ პარტიის დამფუძნებელი პაატა დავითაია საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების) კვოტით შევიდა. 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის კი „ევროპელი დემოკრატები“ და გიორგი თარგამაძის „ქრისტიან დემოკრატები“ ერთ ბლოკად დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, ერთიანი საარჩევნო სიით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.  

 

დოკუმენტებით დადგინდა, რომ ისინი, ვინც ახლა უბნებზე „ევროპელი დემოკრატების“ კვოტით მოხვდნენ და ისევ მდივნებს თანამდებობები დაიკავეს, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდენ. 

 

104 უბნიდან მხოლოდ ხუთ უბანზე იმუშავებს მდივნის პოზიციაზე „კოალიცია ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ერთ უბანზე მდივნის თანამდებობა „კონსერვატორებს“ ერგოთ, კიდევ ერთზე კი „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელს. კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის, ავთანდილ ბერიძის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე მათ კანდიდატურა თითქმის ყველა უბანზე დააყენეს, თუმცა კომისიებმა არჩევანი „ევროპელ დემოკრატებზე“ შეაჩერეს. ის ამის მიზეზად, „ამ პარტიისა და “ქრისტიან-დემოკრატების“ ხელისუფლებასთან კავშირს“ ასახელებს. 

 

„მდივნებზე თუ მეკითხებით, მე არ ვარ პასუხისმგებელი მათზე, რადგან მდივნებს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა. როცა მე მომაკითხა ადამიანმა, თქვენთან მინდა ვიყოო და გამომიგზავნა იმეილი, სადაც გავეცანი მის მონაცემებს, ჩავთვალე, რომ ის ღირსია იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილი. მან უბანზე ჩემი პარტიის ინტერესები კი არა, საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაიცვას და თუ არ დაიცავს, კომისიის სხვა წევრებს შეუძლიათ უჩივლონ და დააჯარიმონ. თუ მასთან იქნება პრეტენზიები, მე ამაზე პასუხისმგებელი ნამდვილად ვიქნები. და თუ კანონს დაიცავს, მაშინ რა შუაშია თქვენი კითხვები? – ყველაზე დიდი ოპოზიციონერი ახლა ბიძინა ივანიშვილია ხომ? – ის თავიდან ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელი, ნინო ბურჯანაძე კი 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის მარგარიტ ტეტჩერი იყო. მე  არ მაქვს კუდის და სოდის აპარატი პარტიაში, რომ ვამოწმო, ვინ ვისი მომხრე იყო და სად იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ „ევროპელმა დემოკრატმა“ ლევან გაბრიჩიძემ. 

 

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს სწავლობს, ამბობს: – როცა საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნები ხდებიან ერთი, ამ შემთხვევეში „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ევროპელი დემოკრატების“ ბლოკის წარმომადგენლები, ეს მიუთითებს ხელისუფლების სერიოზულ სიმპათიაზე ამ პოლიტიკური ბლოკის მიმართ. მისივე თქმით, `ზუსტად იგივე ხდება მთელ ქვეყანაში… თუკი გავითვალისწინებთ იმ რეიტინგებს, რაც აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყანაში, უფრო უპრიანი იქნებოდა, მინიმუმ გაეყოთ ეს პოზიცია და ის თანაბრად შეხვედროდა ოპოზიციურ გაერთიანებებს.

 

ამ ბლოკიდან წარდგენილი კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა, 2008  წელს ნაციონალურმა მოძრაობამ დანიშნა საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ძალიან მეეჭვება, რომ ერთბაშად ყველამ შეიცვალა პოლიტიკური შეხედულება და ნაციონალები უეცრად „ევროპელი დემოკრატები“ ან „ქრისტიან-დემოკრატები“ გახდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორ პოლიტიკურ ბლოკს შორის სერიოზული სიახლოვეა. ამის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებით კომპლექტდება ის კვოტა, რომელიც დღეს ოპოზიციას გააჩნია კომისიის მდივნების სახით“.

 

ნაციონალური მოძრაობის მობილიზაცია ბათუმში

ბათუმში არიან აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები, რომელთა მობილიზებას სოფლის რწმუნებულები უწევდნენ კოორდინაციას. მათ შორის არის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები.  

 

 

„27 ადამიანი ჩამოვედით, პლუს თექვსმეტი – ერთი მარშუტკა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც” – უთხრა „ბათუმელებს” სოფელ ადაძეების სოფლის რწმუნებულმა. სოფელ ხიჭაურის რწმუნებულის ცნობით კი მათი სოფლიდან 19 ადამიანი ჩამოვიდა. 

 

 

მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსულებიდან ზოგი ამბობდა, რომ საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდა, ზოგი კი აცხადებდა, რომ მათი ბათუმში მგზავრობა  „ნაცმოძრაობამ”  უზრუნველყო. „გვითხრეს თათბირია ბათუმში და უნდა წახვიდეთო. კონცერტსაც ველოდით და სადილსაც, დიდი ხანია აქ ვდგავართ და დავიღალეთ“ – უთხრა ბათუმელებს გიორგი ბერიძემ.   

 

 

„რად მინდოდა კონცერტი, კონცერტი თავში მაქვს, პრეზიდენტი მოვაო და მასთან მინდოდა შეხვედრა“, – ამბობს ოთარ ირემაძე.   

 

 

აქციაზე ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ჯემალ ანანიძე, ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. „როგორც მხარდამჭერი ამ ნიშნითაც ვარ და როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, რომელიც თვალყურს უნდა ადევნებდეს პროცესებს“ – განაცხადა,  ჯემალ ანანიძემ.   ამ ნიშნით იმყოფებოდა აქციაზე გელა მახარაძეც, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ზურა ჭურკვეიძე და სხვა საჯარო მოხელეები. ერას მოედანზე მობილიზებული იყვნენ საჯარო სკოლის მასწავლებლები, სტუდენტები და სახელმწიფო შპს-ეების, „ბათუმის წყალის“ და „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები. 

 

 

ჯემალ ანანიძის განცხადებით, კონცერტს ნაციონალური მოძრაობის ორგანიზიებით გამართა   და მის ორგანიზებაში ქალაქის მერია არ ჩარეულა. „კონცერტი არ გამართულა „ბათუმობის“ ფარგლებში, შესაბამისად კონცერტის თანხებისა და სანდასუფთავების ტექნიკის შესახებ საკითხი, ნაციონალურ მოძრაობასთან უნდა გაარკვიოთ“. 

 

 

 

 

 

საკრებულოს ახალი წევრი და საპატიო ბათუმელები

საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების  კომისია გაერთიანდა, რომლის თავმჯდომარედ, საკრებულოს უმრავლესობის წევრი, დავით კასრაძე დაინიშნა. შეიქმნა ახალი, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია, რომელსაც ზაურ ფატლაძე უხელმძღვანელებს. ხელმეორედ დამტკიცდა კომისიის წევრთა შემადგენლობაც.    

 

 

სხდომაზე დაამტკიცეს, საპატიო ბათუმელების სიაც. ეს წოდება მხატვარ ამირან გაგნიძეს, სპორტსმენ ვახტანგ ქორიძეს, ექიმ ვაჟა ბაღოშვილს, ქორეოგრაფ რეზო ჭანიშვილსა და საკრებულოს წევრს, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, ზაურ ფატლაძეს მიანიჭეს.    

 

  

საკრებულომ ბათუმის საპატიო მოქალაქის სტატუსი რამდენიმე უცხოელსაც მიანიჭა, ამათგან ერთი, თურქეთის მოქალაქე, ქ. კუშადასის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტი ზაფერ თინგაზია, ორი კი ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი, ავსტრიელი ერიხ კაშკა და იმავე პროექტის  კონსულტანტი, გერმანელი მათიას ჰითცელია.   

 

   

საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის დროს, საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა შენიშვნები გამოთქვა:  „ეს ადამიანები ბათუმის მეგობრები არიან თუ ნაციონალური მოძრაობის? ჩვენ, ოპოზიცია არ ვყოფილვართ ჩართული ამ პროცესებში და არ ვიცით, რა ნიშნით იმეგობრებდით ამ ადამიანებს. ერთადერთი ის ვიცი, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე საკრებულოს წევრების ცოლები დადიოდნენ და ოპოზიცია კი არასდროს მიუწვევიათ“ – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.  

 

 

ამავე სხდომაზე, საკრებულომ  „ბათუმობის“ სახალხო დღესასწაულის გამართვის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც 8-9 სექტემბერს უნდა გაიმართოს. ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, „წლევანდელი ბათუმობა არის ნაცმოძრაობის წინაასაარჩევნო ღონისძიება და რადგან აქამდე ეს ღონისძიება ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არცერთ წელს არ გამართულა“. 

 

 

ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 230 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

აქცია კუთვნილი ბინების მოთხოვნით

თათია ლაშაური

30-მდე ადამიანი შეიკრიბა დღეს ბათუმში, მთავრობის სახლთან. მოქალაქეეები ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში იმ ბინებს ითხოვენ, რომლის საფასურიც, მათივე თქმით, უკვე გადახდილი აქვთ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მშენებლობა, რომელიც „ცენტრ პოინტმა“ 2006 წელს დაიწყო, გაურკვეველ ვითარებაში შეჩერდა. შემდეგ მშენებარე კორპუსი კომპანია „დექსუსის”  საკუთრებაში გადავიდა და 2012 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოებიც აღდგა, თუმცა ეს სახლი ამჟამად ბათუმის მერიას ეკუთვნის.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა თანხა „ცენტრ პონტს“ გადაუხადეს და მერიას მათ წინაშე ვალდებულება არა აქვს აღებული.  „შპს „ცენტრპოინტიჯგუფი“ გაჩერდა, ვეღარაშენებსბინებს, შესაბამისადარისვალდებულებაშესასრულებელიმისმიერ. ცენტრპოინტიაშენებდა  მერიისთვის, რომვერდაამთავრაცენტრპოინტმა, ავდექითდაჩვენთვითონვამთავრებთ, ჩვენივეხარჯებით. რაციმასნიშნავს, რომეგშენობანაგებობაარისმერიისდავისწინაშეცმერიასვალდებულებაარაქვს, ერთკვადრატსაცვერმიიღებს.“ _ განაცხადაგელამახარაძემ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა.

„ცენტრ პოინტი ჯგუფს” 2010 წლდან კომპანია „დექსუსი” მართავს. აქ ამბობენ, რომ კომპანია არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. „ამ ადამიანებს ვთავაზობთ სხვადასხვა კომერციულ ფართობს და სხვადასხვა ობიექტებში გადასვლას. ისინი, ვისაც აქვს სრული დაფარვა, მიიღებენ ალტერნატიულ ფართობს, ხოლო დანარჩენები გადანაწილდებიან სხვადასხვა ობიექტებში. ანუ ჩვენ ვთავაზობთ მათ ბათუმის მაგნოლიაში კომერციულ ფართობს და ასე შემდეგ.  დიდი იმედი მაქვს, რომ  გამოსავალი იქნება. საბოლოო  ჯამში მიხვდებიან, რომ გამოსავალი აქციის ფორმა არ არის, არამედ არის ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კომპანია „დექსუსის“ პიარმენეჯერმა  ნატა თოფურიამ.

თანხა, რომელიც აქციის მონაწილეებმა „ცენტრ პოინტს” გადაუხადეს დაახლოებით 800 ათას დოლარს შეადგენს.

 

სტატია ამავე თემაზე: „ცენტრ პოინტის“ პირამიდის მსხვერპლი 65 ოჯახი ბათუმში 

ბათუმი სეზონის მიწურულს

ტურისტული ბუმის დასრულებასთან ერთად ბათუმში ღამის გართობის სეზონიც დასრულდა. კლუბების შესასვლელებთან უკვე ვეღარ შეხვდებით გაუთავებელ რიგებს და აღარც გვიან ღამით შეგაწუხებთ ხმამაღალი მუსიკა. შემოდგომის ბათუმში კლუბური ცხოვრება მშვიდმა გარემომ ჩაანაცვლა, თუმცა სექტემბრის თვეშიც იგეგმება რამდენიმე კულტურული ღონისძიება.

8-9 სექტემბერს ქალაქი ბათუმობას ზეიმობს. ორდღიანი დღესასწაული ბათუმის მერიის ორგანიზებით ხორციელდება. მოეწყობა ღია მსვლელობები, თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვა და სხვა ფესტივალები. ქალაქის მერია ბათუმთან დამეგობრებული ევროპული ქალაქების წარმომადგენლებს გონიოს ციხეში უმასპინძლებს. როგორც ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი მამუკა თამაზაშვილი აცხადებს, ბათუმობა 2012 საკმაოდ შთამბეჭდავი და გამორჩეული იქნება. დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

6 სექტემბერს, ერას მოედანზე, ღია ცისქვეშ, ლაზური ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ლაზ საზოგადო მოღვაწეს, ჰასან ხელიმიშს მიეძღვნება.  თურქულ ანსამბლებთან ერთად ფესტივალზე მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ. ღონისძიება 9 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.

მათთვის, ვინც შვებულება სექტემბერში დაგეგმეს, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ბათუმის დელფინარიუმი, კინოთეატრი „აპოლო”, პიაცა და ბარების უმეტესობა. სეზონის მიწურვას არც ბათუმის ცირკი უშინდება და 7,8,9 სექტემბერს უკრაინელ და ბელორუს დასებთან ერთობლივ წარმოდგენას გეგმავს.

„ღარიბი“ და „გაღლეტილი“ მაღალჩინოსნების ოფიციალური ქონება

პრეზიდენტის მიერ „გაღლეტილ მინისტრად” მოხსენიებულ ვანო მერაბიშვილს თბილისში 45 კვ.მ ბინა აქვს. მერაბიშვილს შარშან ხელფასის სახით 75 ათასი ლარი მიუღია. საბანკო ანგარიშებზე მინისტრი თითქმის 150 ათას ლარსა და 33 ათას დოლარს ინახავს. თუმცა, ქართული მედია, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ შს მინისტრი რამდენიმე სასახლეს იშენებს, მათ შორის ერთ-ერთს თბილისში, ეგრეთ წოდებულ სიხარულის ქუჩაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა სწორედ ამ ქუჩაზე იშენებს სახლებს. 

 

 

ეს ფოტო 2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მისულ მიხეილ სააკაშვილს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გადასცა. ბაღათურიას თქმით, სახლი შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის
ეს ფოტო 2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მისულ მიხეილ სააკაშვილს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გადასცა. ბაღათურიას თქმით, სახლი შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის

 

 

 

 

ვანო მერაბიშვილს თავისი პირველი დეკლარაცია 1999 წელს შეუვსია. დეპუტატის რანგში მყოფი მერაბიშვილი წერს, რომ თბილისში ორი ბინა აქვს. 2005 წლისთვის უშიშროების მინისტრ მერაბიშვილს თბილისში უკვე ერთი ბინა, 17 წლის მერსედესი და 21 წლის „გაზ 24“ აქვს. 2005 წელს მერაბიშვილი ინიშნება შს მინისტრად, მისი ყოველთვიური ხელფასი 2980 ლარია. საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება: 13 ათასი ლარი და 2300 დოლარი.

 

2010 წელს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, 34 წლის ეკატერინე ზღულაძე, თბილისში თავის მეუღლესთან, იმჟამად „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ შეფთან, გეგა ფალავანდიშვილთან 34 კვადრატულ მეტრ ბინას იყოფს.

 

მომდევნო წელს ეკა ზღულაძის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება – გეგა ფალავანდიშვილი მეუღლის გრაფიდან იშლება, მისი ქონება კი იზრდება – თბილისში 122 კვ.მ. ბინასა და 133 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართობს (სხვენი) ყიდულობს. 

 

ეკა ზღულაძეს შარშან 35 ათასი ლარი უნდა მიეღო ხელფასის სახით, მაგრამ 72 ათასით მეტი შეხვდა, ანუ 107 ათასი ლარი აიღო. საზოგადოებისთვის უცნობია, ეკა ზღულაძის სამმაგი ოდენობის პრემიით დაჯილდოება რით იყო გამოწვეული.

 

ეკატერინე ზღულაძეს ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2007 წელს აქვს შევსებული. მაშინ მერაბიშვილის მოადგილეს 17 250 ლარი ხელფასის, ხოლო 20 ათასი ლარი პრემიის სახით მიუღია. 

 

ვებგვერდზე არ იძებნება ქონებრივი დეკლარაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოსო თოფურიძის სახელზე. თოფურიძე შევარდნაძის მთავრობაში პოლიციელი იყო, ახლა კი ყველა გახმაურებულ დაკავებას ხელმძღვანელობს. სოსო თოფურიძე ამბობს, რომ კანონის ყველა დამრღვევს მიწვდება დასაჭერად. წესით, ამ საქმის კეთებაში მას ხელისუფლება იმდენივეს უნდა უხდიდეს, რამდენსაც ეკა ზღულაძეს (მოადგილეების ხელფასის ზღვრულ ოდენობას კანონი არეგულირებს). 

 

თოფურიძის ხელქვეითსა და კოლეგას, აჭარის კუდ-ის უფროსს, თეიმურაზ პატარიძეს, დეკლარაციის მიხედვით, არანაირი ქონება არ აქვს. `ბათუმელების~ ჟურნალისტური გამოძიებით კი დადგინდა, რომ 2006 წელს ქუთაისიდან ბათუმში კუდ-ის უფროსად გადმოყვანილი პატარიძე ცხოვრობს ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ბინაში. ეს ბინა, რომელიც საბაზრო ფასის მიხედვით 250 ათასი დოლარი ღირს, ასევე ქუთაისელ მეწარმეს, მამუკა თევდორაძეს სახელმწიფომ 50 ათას ლარად მიყიდა. თევდორაძემ, თავის მხრივ, ბინა საფასურის გარეშე კუდის უფროსს დაუთმო.

 

იმავე სახლის ეზოში, სადაც თემურ პატარიძე ცხოვრობს, მეზობლების თქმით, კუდ-ის უფროსმა ორსართულიანი სახლიც აიშენა. 2006 წლის შემდეგ თემურ პატარიძის ოჯახის საკუთრებაში კიდევ რამდენიმე სახლი აღმოჩნდა. პატარიძემ 2010 წელს ხელფასის სახით 68 ათასი ლარი მიიღო, რაც სამჯერ მეტია 2006 წელს მის მიერ მიღებულ 21 ათას ლარზე. 

 

მარტვილელი გოჩა ფარულავა კი ის მოხელეა, რომელმაც პოლიციელების, მათ შორის თემურ პატარიძის საქმიანობის კანონიერება უნდა გააკონტროლოს (კანონით პროკურატურა შს სამინისტროს საქმიანობას ზედამხედველობას უწევს). ფარულავა აჭარის პროკურორად 2011 წლიდან მუშაობს. მას ორი წლის წინ სახელმწიფოსგან 88 ათასზე მეტი, ხოლო შარშან 82 ათასი ლარი მიუღია.

 

საკუთარი შემოსავალი აქვს გოჩა ფარულავას მეუღლესაც – შარშან ანა ვაჩეიშვილს 30 ათასი ლარი მიუღია `ავერსი ფარმასგან~, სადაც ის სამედიცინო წარმომადგენელია (აჭარის პროკურორის მეუღლის საქმიანობა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დამსაქმებელი კომპანიის მედიკამენტების შესყიდვის შეთავაზებას ითვალისწინებს), რვა ათასამდე ლარი კი – კიდევ ერთი კომპანიისგან. გოჩა ფარულავას სულ 46 კვადრატული მეტრი ბინა აქვს, ისიც რუსთავში. ქონებას მიწის სახით ფლობს გარდაბანსა და მარტვილში.

 

გოჩა ფარულავას ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2006 წელს შეუვსია. მისი მთელი შემოსავალი მაშინ 35 ათასი ლარი ყოფილა. 

 

ჯონი ბაკურიძის, აჭარის ყოფილი საპატრულო პოლიციის უფროსის, სახელმწიფოსგან მიღებული შარშანდელი შემოსავალი 25 ათასი ლარი იყო. მას შარშან 1000 ლარის მოგება მიუღია კომპანია „ევროპელისგან“, რომელიც 2007 წელს დაუფუძნებია. ჯონი ბაკურიძეს ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2005 წელს აქვს შევსებული. 2006 წლის დეკლარაციაში კი აფიქსირებს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1591 ლარი იყო. ჯონი ბაკურიძე ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მეუღლის 170 კვადრატულ მეტრ ბინაში ცხოვრობს. 

 

რამდენიმე დღის წინ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად გიორგი ჭანტურია დანიშნეს. ის მანამდე აჭარის სოდ-ის უფროსი იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჭანტურია აჭარაში გადმოსვლამდე ქალაქ ოზურგეთში საქმიანობდა. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, მოახერხა თუ ვერა საკუთარი ხელფასით გიორგი ჭანტურიამ თუნდაც ერთი სახლის ყიდვა ბათუმში. მას ქონებრივი დეკლარაცია არც ერთხელ არ შეუვსია, ყოველ შემთხვევაში 30 მარტისთვის მისი მონაცემები შესაბამის ვებგვერდზე არ იძებნებოდა. გიორგი ჭანტურიას ნახვა ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე შეუძლებელია კაბინეტშიც – მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ „უფროსს სამსახურში ვერ ნახავთ, ის ობიექტებზეა გასული“.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ შარშან სახელმწიფოსგან 43 ათასამდე ლარი მიიღო. მას, ისე როგორც წინა წლებში, ქონება არც შარშან შეუძენია. თუმცა რეგისტრირებული შენაძენი ბინის სახით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ძმას აქვს – მან თბილისის ძველ უბანში ორი ბინა იყიდა, რომელთა საბაზრო ფასი, ფართობის მიხედვით, ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს. ირაკლი ვარშალომიძე ოფიციალურად არანაირ ბიზნესს არ ეწევა და არც სხვის ბიზნესს მართავს.

 

 

ცნობილია, რომ ლევან ვარშალომიძე მშობლებისა და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბათუმში. ამ ოჯახმა 2004 წლის შემდეგ რვა ბინა დაირეგისტრირა ბათუმის ცენტრალურ უბანში. საჯარო რეესტრში არ იძებნება, ვისი საკუთრებაა ბათუმის ცენტრში კიდევ ერთი, 702 კვადრატულ მეტრი ფართობი. ამ მისამართის შესახებ რეესტრში სხვა არაფერი იძებნება გარდა იმისა, რომ ფართობის საკადასტრო ნახაზი ირაკლი ვარშალომიძეს აქვს მომზადებული.

 

2004 წლის შემდეგ ვარშალომიძეების ოფიციალური ქონების საბაზრო ფასი მილიონს აჭარბებს. ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშაობს, ხოლო ირაკლი ვარშალომიძის საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი.

 

დაუსაბუთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ძმა და მამა არაერთ მილიონიან ბიზნესს აკონტროლებენ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოში არ არსებობს. თუმცა უცნობია, რეალურად ვინ დგას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების უკან, რომლებიც აჭარაში საქმიანობენ.

 

ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ ინვესტორის ვინაობა გასაიდუმლოებული რჩება.  

 

გაზეთ „ბათუმელების” არქივიდან 

აჭარის საპატრულოს უფროსი ისევ შეიცვალა



აჭარის საპატრულო პოლიციას 23 ივლისიდან ახალი უფროსი ჰყავს. ანზორ ბალაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ჭანტურია შეცვალა. 

 

 

ანზორ ბალაძე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადადგომის შემდეგ დააწინაურეს – ის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან შს აჭარის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

 

 

ბოლო რვა თვის განავლობაში აჭარის საპატრულო პოლიციაში ეს უკვე მეორე ცვლილებაა. მანამდე, 2004 წლიდან ამ თანამდებობაზე ჯონი ბაკურიძე მუშაობდა, რომელიც „ტელეარხ 25-ის“ ჟურნალისტთან კონფლიქტის მოტივით, ამ წლის თებერვალში დაითხოვეს სამსახურიდან. 

 

 

ჯონი ბაკურიძე მაშინ გიორგი ჭანტურიამ შეცვალა, რომელიც მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 

 

 

გიორგი ჭანტურია ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

ნერვების ომი მედიაში


 

 თამარ, უშიშროების საბჭოს მდივანმა AP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ, კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს. ეს ახალი ტაქტიკა თავად „ინფო 9“-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს,  გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან“. გიგა ბოკერიასაქვს თუ არა ამ განცხადების გაკეთების უფლება? 

 

 

როდესაც ბოკერია ამბობს, რომ ის ვერ ხედავს დანაშაულს „ინფო 9“-ს ჟურნალისტის,ეკატერინე დუგლაძესთან დაკავშირებით, ეს არის მწვანე შუქი იმისათვის, რომ საქმე არ გამოიძიონ.

 

 
ის არ არის უფლებამოსილი პირი,ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს. როდესაც ის სუბიექტურ შეფასებას აკეთებს, არღვევს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, რადგან სახელმწიფო უშიშროება ეს არის სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება. ის არ არის პარლამენტის წევრი, რომელსაც შეუძლია გამოხატოს მსგავსი აზრი. მაგალითად, გოკა გაბაშვილი, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს, მასთან დაკავშირებით ასეთ შეფასებას არ ვაკეთებთ, რადგან ის არის პოლიტიკოსი და მას სიტყვის თავისუფლება მაღალ რანგში აქვს დაცული. უშიშროების საბჭოს მდივანს კი მსგავსი ტიპის გამოხატვის უფლება არ აქვს – მისი ყოველი ასეთი გამოხატვა შეიძლება ჩაითვალოს მედიაზე ზეწოლად. 

არის თუ არა ბოკერიას ეს განცხადება იმის დასტური, რომ მედიაჯგუფი ხელისუფლებამ შექმნა?  

 

საზოგადოებამ ზუსტად იცის, ვინ აფინანსებს „ინფო 9“-ს – დიდი ფინანსური რესურსი ჩაიდო ამ საქმეში, ლამის ყველა სოფელში თითო წარმომადგენელი ჰყავთ. „ინფო 9“ არ მალავს, საიდან აქვს ფინანსური წყარო, რაც ყველასთვის ნათელია, მაგრამ გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ამდენი კარგად აღჭურვილი მედიაჯგუფი, რომელიც „ინფო 9“-ის ყველა ჟურნალისტს თან დაჰყვება. მათ არ აფინანსებს არც ივანიშვილი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, მაშინ საიდან ამდენი კამერა- მიკროფონი, ტრანსპორტი, საწვავი, ხელფასი. ეს ყველაფერი ხომ საიდანღაც მოვიდა. და ვინ იღებს ამით სარგებელს? აი, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები არიან. 

 

 ეკატერინე დუგლაძეს მედიაჯგუფის წევრები ეჭრებიან პირად ცხოვრებაში პატარა შვილთან ერთად სეირნობის დროსაც კი, შეურაცხყოფენ სიტყვებით,  – „ფუ, რას გავხარ, შენ ვინ წაგიყვანს ცოლად“. არის თუ არა ეს რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა და რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, ამისგან თავი რომ დაიცვას?

 

 უშიშროების საბჭოს მდივნის ინტერვიუში კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება თითქოს არ ერევა არაფერში და გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია. თუმცა აქ არც ისე მარტივად არის საქმე – გამოხატვის თავისუფლების დაცვა გულისხმობს იმას, რომ სადაც საჭიროა ხელისუფლება უნდა ჩაერიოს. ჟურნალისტებს 24 საათის განმავლობაში დასდევენ, უვარდებიან სახლში, მათი პირადი ცხოვრება ხელყოფილია, არ აძლევენ მუშაობის, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ამას ემატება მათი არაეთიკური ამორალური რეპლიკები. ამ ფონზე ვერც ერთი ადამიანი თავის სამსახურებრივ მოვალეობას სრულყოფილად ვერ შეასრულებს.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ზეწოლა არ არის მარტო ფიზიკური. როცა ჟურნალისტს ურტყამენ, მარტივია თქმა – არ უნდა დაარტყა. მაგრამ როცა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი, ეს უფრო ღრმა პრობლემაა.

 

შეიძლება ამას ვუწოდოთ მედიაში ნერვების ომი. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ „მაესტროსა“ თუ „ინფო 9“-ის ჟურნალისტები ამას ვეღარ უძლებენ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ „მაესტროს“ ჟურნალისტის ნანა ფაჟავას ფაქტი, როდესაც მას უმტყუნა ნერვებმა, გადალახა ზღვარი და მიკროფონი მოიქნია. ის დაუყოვნებლივ დაიბარეს დაკითხვაზე, სამაგიეროდ, როდესაც „ინფო 9“-ის ჟურნალისტები მიმართავენ პოლიციას, მათ არავინ ეკითხება, რა ტიპის ზეწოლას განიცდიან. ფაჟავას სიუჟეტის ყურებისას მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ მას უნდა მოეთმინა, მაგრამ რატომ უნდა ითმინოს ყოველთვის „ინფო 9“-მ და „მაესტრომ“?!

„ინფო 9“-ის ჟურნალისტები მიმართავენ პროკურატურას, საკანონმდებლო ორგანოს… ყოველი კონკრეტული საკითხი უნდა შეისწავლონ და უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამას აკეთებს. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონივრულობა და დაკითხოს ეს ხალხი – ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაუნდა დააყენოს. 

 

 როცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

 

გიგა ბოკერია ინტერვიუში ხაზს უსვამს იმას, რომ „ინფო 9“- ს ჟურნალისტები ცუდად იქცევიან. ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავმიჯნოთ: „ინფო 9“-ს რესპონდენტი არის ხელისუფლება, საჯარო მოხელე, მედიაჯგუფი კი დასდევსჟურნალისტებს. ნებისმიერი მედიის როლი არის ხელისუფლების კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვა. შესაბამისად, „ინფო 9“-ს შეუძლია ასეთი მეთოდები გამოიყენოს, მით უფრო, რომ ეს ჟურნალისტები არც ერთ შემთხვევაში არ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგალითად, გამგეობის თანამშრომელზე. მედიაჯგუფების ინტერესის საგანი კი არ არის ხელისუფლება, არც ადამიანი, ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს, მათი ნერვების მოშლით არიან დაკავებულები. 
ნებისმიერ ქვეყანაში ჟურნალისტების პირველი ფუნქცია არის იმის კონტროლი, თუ როგორ იცავს ხელისუფლება ადამიანის უფლებებს, სხვა ყველაფერი მეორადია. შესაბამისად, მთავარი წყალგამყოფი ამ ორი ჯგუფის საქმიანობაში არის ის, რომ „ინფო 9“ მიკერძოებულად თუ მიუკერძოებლად ასრულებს მედიის ფუნქციას – ცდილობს აკონტროლოს ხელისუფლება და ადამიანის უფლებები, რომლის დაცვაც ხელისუფლების მოვალეობაა. მედიაჯგუფი ამას არ აკეთებს.

 

ხელისუფლება არ ამბობს, რატომ არ არის ეკატერინე დუგლაძის შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. თუ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება არც ერთ არგუმენტს არ წარმოადგენს, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას. ამ ფონზე შეუძლებელია ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, რომ ის ხელს უწყობს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

 

 

რა შეცვალა „ინფო 9“-ისა და მედიაჯგუფის გამოჩენამ ქართულ ჟურნალისტიკაში? 

 

ვიღაცის აზრით, „ინფო 9“ არის მართული მედია, რადგან დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. მაგრამ ანალოგიურად შეგვიძლია შევაფასოთ ძირითადი წამყვანი არხები – „რუსთავი 2“ და „იმედიც“ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“  ინტერესების გამტარებლები არიან…

 

ინფო 9“-ს გამოჩენა ვიღაცისთვის შეფერხებაა საკუთარ საქმიანობაში, შესაბამისად, შეიქმნა დაბრკოლებები მის გასანეიტრალებლად გაურკვეველი წარმომავლობის მედიაჯგუფების სახით. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ამ მედიაჯგუფების შექმნას ჰქონდეს, არის ის, რომ საზოგადოება დაიბნეს და ვერ გაარკვიოს, რომელი მედია არის მართალი და რომელი – არა.  

 

ძალიან რთულია თქვა, რა არის გამოსავალი, მაგრამ ერთი უდავოა – ამ სიტუაციაში საზოგადოება დაკარგავს ნდობას მედიის მიმართ და ეგ იქნება დამანგრეველი როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის: თუ საზოგადოება უკვე აღარ ენდობა მედიას, რომელიც სასიცოცხლო როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, იქ რთული იქნება დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

 

 

 ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტების მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდება საზოგადოებაში?

 

ყველაზე მეტად საზოგადოება, რომელიც ვერ ენდობა ვერავის. საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ მას არავინ ემსახურება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ადგენს. კონსტიტუცია ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 
დაზარალდება მედიაც – თუ მას საზოგადოება არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ეყოლება მაყურებელი. ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ მედიამ საკუთარი რეპუტაცია დაიბრუნოს.  

 

ამ ვითარებით მეტნაკლებად ხელისუფლება სარგებლობს.

ინტერვიუ გაზეთ „ბათუმელების” არქივიდან.  

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი” გაიხსნა

 ქრისტინა ფარჯიანი 

 

 

დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ტაო–კლარჯეთი“ გაიხსნა, რომელიც  8 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენციაში 30–მდე უცხოელი და 80–მდე ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.

 

კონფერენცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით იმართება.    

 

 

პროექტის მიზანი ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელთა მიერ  ერთობლივი პროექტების განხორციელება და განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი მიკრორეგიონებისა და იმ ძეგლების შესწავლის გააქტიურება, რომლებიც თურქეთში კაშხალების მშენებლობის გამო უახლოეს მომავალში დაიტბორება.  

 

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბუბა კუდავას განცხადებით, ტაო-კლარჯეთში ძეგლების შესწავლა ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდობი არ იყო, სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია. 

 

 

კონფერენციას მონაწილე ავსტრიელმა  ისტორიკოსმა, ბრუნო ბაუმგარტნერმა,  ოშკთან და  იშხანთან ერთად, ნაკლებად ცნობილი ძეგლების შესწავლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  „კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ტაო–კლარჯეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და იქ საქართველოს კულტურასთან დაკავშირებული დოკუმენტებია შემონახული.“  

 

 

ხვალ, კონფერენციის მეორე დღეს, თურქი მეცნიერები იშხანის ეკლესიის რესტავრაციის პროექტს წარადგენენ. მოხსენებაში საუბარი იქნება რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.   

 

 

კონფერენცია ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. პროექტი 8 აგვისტოს ტაო–კლარჯეთში ექსპედიციით დასრულდება.   

  

„მემარჯვენეებს“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბათუმში მაჟორიტარი კანდიდატი არ ჰყავთ

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ამის მიზეზი  არ არის  ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება. 

 

„ჩვენ აქცენტს მხოლოდ პარტიის წევრებზე და  რეგიონში პარტიული სტრუქტურების  ხელმძღვანელებზე ვაკეთებთ, ამიტომ მათ მივეცით არჩევანი, რომ კენჭი ეყარათ  საპარლამენტო  ან უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. მათ მიიღეს გადაწყვეტილება   და აქცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე  გააკეთეს, გარდა ერთისა.  ხულოში  დავით თავართქილაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭი ეყარა საპარლამენტო არჩევნებზე.“ – აღნიშნავს მანანა ნაჭყებია.

 

 

აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი პაატა მგელაძე ამბობს, რომ „რესურსის არ ქონა  – ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია. მიზეზი ის არის, რომ  მხოლოდ პოლიტიკურ სახეებზე გავაკეთეთ აქცენტი და უმაღლესი საბჭო იყო ჩვენი პრიორიტეტი.“

 

 

დაარსებიდან დღემდე აჭარის უმაღლეს საბჭოში „მემარჯვენეები“არასდროს ყოფილან წარმოდგენილი,  მათ უმაღლესი საბჭოს  არჩევნებში  არასდროს მიუღიათ მონაწილეობა. 

 

 

პაატა მგელაძე ამბობს, რომ წარსული ანალიზი, როცა პარტია  უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე – შეცდომაა და ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ. 

 

 

„ახალ  მემარჯვენეებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის  ექვსივე ოლქში ჰყავთ კანდიდატი წარდგენილი. ექვსივე მათგანი პარტის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები არიან.

ბათუმის ოლქში – ჯუმბერ მიქელაძე, ხულოში – ხათუნა კახაძე, ქედაში – გელა გორგილაძე,  შუახევში – იოსებ დავითაძე, ხულოში –  ნანა ხალვაში, პაატა მგელაძე კი  პროპორციული სიის პირველი ნომერია.

ქვეყნის მასშტაბით პარტიას 15 000 წევრი ჰყავს. აჭარის მონაცემი პარტიას ჯერ დაზუსტებული არა აქვს.

ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა განახლდება

 თათია ლაშაური  

 

 

1035 პირველკურსელი და განახლებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები – ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 17 სექტემბერს განახლდება. რეგისტრაცია გავლა სტუდენტებს 10 სექტემბრიდან შეუძლიათ.   

 

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ამჟამად 4000-ზე მეტ სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ოცამდე  ფაკულტეტია,  უნივერსიტეტს პრესსამსახურის განცხადებით ყველაზე მოთხოვნადი ბოლო წლებში ტურიზმის მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ფაკულტეტზე სწავლის საფასურიც  მაღალია – 2250 ლარი წელიწადში. შედარებით დაბალი კონკურენციაა საინჟინრო და სამთო-სამრეწველო განხრებზე, სადაც განათლების მიღება წლიურად 1500 ლარი ღირს.  

ერთი დღე ქედის ყველაზე პატარა სოფელში

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, თამაზ კობალაძის ოჯახში შეშის ღუმელი ანთია. ოჯახის დიასახლისმა, შორეთ ნინიძემ, ოჯახის გარეთა საქმეები დაასრულა და სადილის მზადებაშია. ღუმელში ხაჭაპურს  აცხობს და მხალი დროულად რომ მოიხარშოს, ღუმელს შეშას უმატებს. მხალი დუღს, გვერდით სათლით წყალიც დუღდება. ქალბატონი შორეთი ამბობს, რომ რადგან ოჯახს უჭირს, შეშის ღუმელს ამიტომ ანთებს, ყოველდღე პურსა და საჭმელს ზედ აკეთებს და ზაფხულის ცხელ დღეებს ღუმელთან ატარებს.  

კობალაძეების ხუთსულიან ოჯახში არავინ მუშაობს, ოჯახი არც სახელმწიფო დახმარებას იღებს, მათი შემოსავალი პენსიაა. „უმუშევრობამ და გაჭირვებამ აიძულა ჩემი შვილი სამუშაოდ თურქეთში წასულიყო, რა უნდა ქნა და რით უნდა ირჩინო თავი, სამსახურიარაა, არც დახმარება, სოფელში რას მოიყვან ისეთს, რომ თავი ირჩინო?გლეხის მოყვანილი ყველაფერი იაფია…ახლა ყველა თურქეთში მიდის. დახმარება ვითხოვე, მანქანა გყავთო, ძველიდან მყავს მანქანა, მანქანა ხომ არ მაჭმევს. საავადმყოფოში მივედი და სანამ წამალს დავლევდი, 200 ლარი დამიჯდა“- ამბობს შორეთ კობალაძე. 

საუბრისას იგი გადასახლებას იხსენებს, როცა გასული საუკუნის შუაწლებში მისი ოჯახი ყაზახეთში გადაასახლეს: „5 წლისა ვიყავი, როცა გაგვასახლეს, პატარაობაში გარდამეცვალა დედა, მერე გასახლება, რაც იქ გადავიტანეთ გახსენებაც არ მინდა. გასულ წელს თქვეს, 10 000 ლარს მიიღებთო, გადასახლებულებს კომპენსაცია ეკუთვნითო. საბუთები შევკარი, ეს მინდობილებაო, ადვოკატიო, 200 ლარი დამიჯდა საჭირო საბუთების შეკრება, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მივიღე ცნობა, რომ ნამდვილად ვიყავი გასახლებული – ეს ისედაც ვიცოდი, მერე ითქვა, რომ 420 ლარი გვეკუთნოდა. ესაა სამართალი?”

65 წლის თამაზ ცინცაძე სოფლის ისტორიას მიყვება და არსებულ პრობლემებზე მესაუბრება: „ჩვენი სოფლის ზევით სოფელია – უჩხითი ჰქვია. სოფელი დაქანებულა, მიწა ჩამოწოლილა და ამ მიწაზე მოსახლეობა დასახლებულა. ახალდასახლებულ ადგილს ქვესოფელს ეძახდნენ, აქედან წამოვიდა სახელწოდება ქოსოფელი. სოფელი პატარაა, მაგრამ აქ მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს, არ მომწონს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ადრე კოლექტივი იყო და შემოსავალი გვქონდა, ტყემალი იყო, ვაშლი თუ სხვა ხილი, ვაბარებდით, ახლა არც ჩაბარება არ არის და არც არაფერი, მსხალია თუ ვაშლი ხის ძირშივე ლპება, ბათუმში თუ წაიღებ, კაპიკებში უნდა გაყიდო, რომ არ დაგრჩეს გასაყიდი, ზოგჯერ კაპიკებშიც არ იყიდება. ოჯახში ოთხი სული ვართ და არავინაადასაქმებული, ორი პენსიონერი ვართ, ეს არის ოჯახის შემოსავალი, ყველაფერთან ერთად შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, თვალისპრობლემა აქვს“.

როგორც მოსახლეობა ამბობს,სოფლის პროგრამის ფარგლებშისოფელში ელექტროწისქვილი რამდენიმე წლის წინ აშენდა, თუმცა დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი, რადგან ვერ მოხდა წისქვილის ქსელში ჩართვა, „წისქვილი გააკეთეს და დღემდე ვერადა ვერ ჩართეს, ცარიელ შენობას რა აზრი აქვს? სოფელი ადრე წყლის წისქვილს ამუშავებდა, ახლა წყლის პრობლემა გვაქვს“ – ამბობს თამაზ ცინცაძე.

სოფელში ოთხკლასიანი დაწყებითი სკოლაა. ოთხი კლასის დასრულების შემდეგ ბავშვები მეზობელ სოფელში დადიან და დღის განმავლობაში 4 კილომეტრის გავლა უწევთ. 

სოფლიდან ქალაქში მგზავრობა 2 ლარი ღირს, ერთი ტომარის გადატანა კი – 1 ლარი.სოფელს თავისი სამარშრუტო ტაქსი არ აქვს. „მარშრუტკა~ მაშინ გადადის სოფელში, თუ მგზავრები მეზობელი სოფლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს დაურეკავენ და გასვას სთხოვენ. სოფელი მაგისტრალიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული, სოფლის გზა გაფუჭებულია. `ვითომ მოხრეშეს, გაწვიმდა და ატალახდა” – ამბობს ანზორ ცინცაძე.

ორსართულიან ხის სახლში 74 წლის ხასან ბასილაძე მარტო ცხოვრობს. იგი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროსა და მინისტრთა საბჭოში მუშაობდა, სოფელს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც პენსიაში გავიდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. დღისით მცენარეებს უვლის, ნათესავ-მეგობრებს სოფლიდან ხილ-ბოსტნეულს უგზავნის, დასვენებისას წიგნებს კითხულობს და ტელევიზიით ახალ ინფორმაციასაც ეცნობა.მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უჭირს, ამბობს, რომ ყველაფრით კმაყოფილია:„საკმაოდ მომწონს დღევანდელი ცხოვრება, როგორაა იცი? _ ყველაფერი შედარებითია. ზოგს არ მოსწონს დღევანდელობა, მას არ მოსწონს, ვისაც არც წინა ცხოვრება მოსწონდა, არის პლუსი და მინუსიც.სოფლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხალხი გაჭირვებულია, ყველა პენსიაზეა დამოკიდებული, პენსია რომ არ ჰქონდეს, ხალხი მშიერი იქნება. მოსავალი არ არის, სიმინდით და ლობიოთი ხომარ იცხოვრება. მე პენსიაც მაქვს და მარტოხელობის დახმარებაც, მარტოხელა კაცი ვარ, მაგრამ მოწყენილი არ ვარ“.

სოფელში მოახლოებულ არჩევნებზეც საუბრობენ. „კანონი არის, უნდა მიხვიდე არჩევნებზე, მივალ და ჩემს არჩევანს დავაფიქსირებ, მჯერა არჩევნების“ – ამბობს შორეთ ნინიძე.თამაზ კობალაძე კი „ნაციონალების“ დაპირებებს იხსენებს და ამბობს, რომ დაპირებები არ სრულდება: „გზა სარემონტოა, მოვიდნენ ნაციონალური პარტიიდან, გავაკეთებთ, გავაკეთებთო – წავიდნენ და აღარ მოსულა არავინ. რაც დაიწყეს, არაფერი გაკეთებულა ნორმალურად“.

„სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს, სარწყავ წყალზე რომ არაფერი ვთქვათ. ორი წლის წინ მოვითხოვეთ სარწყავი არხის გაკეთება და არ გაგვიკეთეს, მთავრობამ არ ჰყოფნის ფინანსებიო, შემდეგ სასმელი წყლის წყალშემკრები ბასეინის გაკეთება გადავწყვიტეთ სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით, მაგრამ ვერც ის გაკეთდა არასაკმარისი თანხის გამო, წელს ისევ ბასეინის გამართვას მოვახმარეთ გამოყოფილი თანხა“-  გვიამბობს ანზორ ცინცაძე.

თინა 26 წლისაა და ოთხი წლის შვილი ჰყავს. მას საკუთარი გვარის დასახელება არ სურს. როგორც თინა ამბობს, მისთვის ყველაზე მტკივნეული უფულობაა: „მაშინ, როცა ბავშვი რაღაცის ყიდვას გთხოვს და ჯიბეში ერთი თეთრიც არ გაგაჩნია, საშინელებაა. არც მე ვმუშაობ და არც ჩემი ქმარი. ოჯახს პენსიონერები პენსიით გვარჩენენ. აუცილებლად მივალ არჩევნებზე, იქნებ რამე გვეშველოს”.

ვინ არიან მდიდრები, რომლებსაც შალვა ნათელაშვილი ქონების ჩამორთმევით ემუქრება

შალვა ნათელაშვილი

„პირველსავე კვირაში, უკანონოდ მითვისებულ ქონებას ჩამოვართმევთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს დედის ძმის ჩათვლით, რომელმაც მიიტაცა ოქროს საბადო, მიიტაცა ბათუმისა და თბილისის აეროპორტი. ისევე როგორც ჩამოვართმევთ ქონებას ბანდიტ ძმებ ბეჟუაშვილებს, მათ ჩამოვართმევთ ჭიათურმარგანეცს. ისევე, როგორც ჩამოვართმევთ ნავთობბროდუქტებით ვაჭრობის მონოპოლიას კრიმინალ და ნარკომან კეზერაშვილს.  სახელმწიფო საკუთრებად გამოვაცხადებთ მთელ ენერგეტიკას. ბათუმის პორტიდან გავაძევებთ სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ბეჟუაშვილების დაქვემდებაში მყოფ პროკურორებს, რომლებიც არაფერ კავშირში არ არიან ბიუჯეტთან და ჩვენი მეზღვაურების დასაქმებასთან. ჩვენ გამოვაცხადებთ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის სახელმწიფო რაციონალიზაციას, საიდან წამოსული მილიარდებიც დღეს თავს იყრის, კეზერაშვილისა და სააკაშვილის ბანდის ხელში. აი ამ სიმდიდრით, რომელსაც ჩამოვართმევთ ბანდიტებს, გამოვაცხადებთ უფასო განათლების პრინციპს საბავშვო ბაღიდან ასპირანტურამდე.“ –  განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრაზე.

 

„არავითარი ნატო არავითარი კატო“ – ამ სიტყვებით „ლეიბორისტების“ ლიდერმა პარტიის კიდევ ერთი წინასაარჩევნო პრიორიტეტი გამოკვეთა. ის ამომრჩეველს რუსეთის ბაზრის გახსნასაც დაპირდა: „ვერანაირი პოლიტიკური ძალის მოსვლა ჩვენ ვერ გადაგვარჩენს, თუ არ გაიხსნა რუსეთის აუთვისებელი ბაზარი. ისევე, როგორც არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი, არ არსებობს მთავრობას უნდოდეს ნატოში შესვლა და იმავდროულად რუსეთმა გააღოს საზღვარი, ნატოზე უნდა ითქვას უარი.“ – პარტიის ლიდერის ამ განცხადებას დარბაზში მყოფთა ოვაციები მოჰყვა.

ამომრჩეველთან შესახვედრად გიორგი გუგავა და კახა ძაგანიაც იმყოფებოდნენ.  შეხვედრას ხუთასამდე ამომრჩეველი ესწრებოდა. ბონის კულტურის სახლში არსებული 400 ადგლიანი დარბაზი მთლიანად შევსებული იყო, დამსწრეთა მცირე რაოდენობა კი ფეხზე იდგა. შეხვედრის დაწყებამდე პარტიის კოორდინატორებმა დარბაზში მსხდომებს პარტიის ლიდერთან კითხვების დასასმელად კალამი და ფურცლები დაურიგეს.

გამოსვლის დასასრულს შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები წარადგინა.

აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების მოგებას „ლეიბორისტების“ სახელით ქობულეთიდან – ბელა ბერაძე;  ხელვაჩაურიდან – ბიძინა დუმბაძე; ქედიდან – ნაიმე ძნელაძე; შუახევიდან – თამარ მიქელაძე; ხულოდან – ზაურ დეკანაძე; ბათუმიდან კი პარტიის აჭარის კოორდინატორი – დავით რობაქიძე შეეცდება.

საქართველოს პარლამენტში აჭარიდან წარდგენილ ლეიბორისტთა სია კი ასე გამოიყურება: ბათუმიდან – თამაზ დევაძე, ქობულეთიდან ნუგზარ რომანაძე; ხელვაჩაურიდან – რუსლან მალაყმაძე; ხულოდან ნაირა აბესაძე. შუახევიდან  – მადონა დავითაძე. 

 

ცესკო ცემის ფაქტს გამოეხმაურა

ცესკო გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სცემეს ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. ჰასმიკ მარანგოზიანის ცემის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გმობს აღნიშნული ძალადობის ფაქტს და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.


ზაფხულის ფესტივალი ბათუმში

ქეთი ლაბაძე

ბათუმში ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მესამე დღეს, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მსმენელების წინაშე კვლავ ელისო ბოლქვაძე წარსდგა,  ამ ფესტივალზე ეს მუსიკოსის  ბოლო გამოსვლა იყო.

„მუსიკის კიდევ ერთი ზეიმი შედგა, შოპენთან და ბეთჰოვენთან შეხება არამარტო მუსიკოსებისთვისაა სასიამოვნო, არამედ დილეტანტებზეც საოცრად მოქმედებს. ძალიან გვასიამოვნა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, ორკესტრი, როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე იყო, ძალიან მიხარია, რომ ფესტივალი გრძელდება და კიდევ გვექნება საშუალება, ვეზიაროთ ჭეშმარიტ ხელოვნებას.” –  აღნიშნა მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ კონცერტის დასრულების შემდეგ.

ზაფხულის ფესტივალის მსმენელი, დიანა ხომერიკი თავის გულწრფელ ემოციებს ვერ მალავდა: „არაჩვეულებრივი ფესტივალია, ძალიან ვარ ნასიამოვნები, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად.”

ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება, მათ შორისაა სარა გუბაკი: „ძალიან ლამაზი საღამო იყო, მოხიბლული ვარ მუსიკით.”

კლასიკური მუსიკის მოყვარული ბათუმელ ნინო გაბუნია უკმაყოფილებას გამოთქვამს ფესტივალზე მაყურებლის ნაკლებობის გამო: „აღფრთოვანებულივარ მუსიკით და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი მცირე რაოდენობა დადის მსგავს კონცერტებზე, როცა პოპმუსიკის კონცერტებზე მსმენელის ტევა არ არის.”

ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი  გრძელდება და 5 და 8 სექტემბერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ისევ უმასპინძლებს.

ქობულეთში ხანძრის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთში, ხანძრის შედეგად დაშავებული რევაზ სირაძე დღეს, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. რევაზ სირაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო. დაშავებული თბილისში, დამწვრობის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.   

 

 

შეტყობინება ხანძრის შესახებ ქობულეთის სახანძრო სამსახურმა, ამ სამსახურის რაზმის უფროსის, ჯიმშერ ევგენიძის თქმით, გუშინ, დილის ათის ნახევარზე მიიღო. ცეცხლი კერძო სახლს კოსტავას ქუჩაზე წაეკიდა. მეხანძრეები ამბობენ, რომ მათ არ იციან კონკრეტულად რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა პირველად ვერსიად ბუნებრივი აირის ღია ონკანს განიხილავენ: „შესაძლოა დაზარალებულმა შუქი აანთო სახლში შესვლისას და ამან გამოიწვია ხანძარი” – ამბობენ ქობულეთის სახანძრო სამსახურში. მეხანძრეების თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახი: გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები.   

 

 

ხანძრის გაჩენის მიზეზებს ქობულეთის პოლიცია იკვლევს, სადაც ხანძრის მიზეზად ასევე ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

ინციდენტი „ქართული ოცნების” ოფისში

 

მისი განცხადებით ოფისში სიგნალიზაციის სისტემა ჩაირთო და შემთხვევის ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც დააკავა  პირი, გვარად ხინიკაძე. ის ოფისის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების დროს დააკავეს. 

 

 

„ქართული ოცნების“ ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე აცხადებს, რომ პირი, რომელიც საპატრულო პოლიციამ დააკავა, უკვე თავისუფალია. ამ ინფორმაციის გადამოწმება  ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. 

 

 

ნაკაიძის განცხადებით აღნიშნული პიროვნება ამოიცნეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც. მისი თქმით, ამ პიროვნებამ  ხუთ ნომრიანი მაისურით ორჯერ სცადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა ქობულეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ნაკაიძის განცხადებით ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო -მასალა  „ინფო 9“- ს გააჩნია. 

 

 

გაზეთი „ბათუმელები“ სახლის მეპატრონეს, ზურაბ ცენტერაძეს  დაუკავშირდა, რომელიც უკვე დაკითხეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ცენტერაძის მობილური სხვა პირმა აიღო და განაცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებს ცენტერაძე, მოგვიანებით, თავად დაუკავშირდება. 

 

 

„ბათუმელები“ ფაქტის გადამოწმების მიზნით შსს პრესამსახურის უფროსს, სალომე მახარაძესაც დაუკავშირდა. სალომე მახარაძემ განაცხადა, რომ კომენტარს ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გააკეთებს. 

 

 

 „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მისამართით  უკვე  მესამე პროვოკაცია განხორციელდა. მისი განცხადებით, 29 აგვისტოს, ბერას კონცერტის შემდეგ, ტერიტორიაზე ვერცხლისფერი ჯიპი, ნომრით – 004 – გამოჩნდა, საიდანაც  გადმოვიდა პირი, რომელიც  ბერას და ბიძინა ივანიშვილის მისამართით  იგინებოდა. მურმან დუმბაძის განცხადებით, ბათუმის ოფისთან 3 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 8 – 9 საათზე ორი პირი მოვიდა და ივანიშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია აცხადებს, რომ ქობულეთში, „ქართული ოცნების“ ოფისში მომხადარი ფაქტი აშკარა სამართალდარღვევა და   ორგანიზაცია აპირებს თვალი მიადევნოს, როგორი რეაგირება მოყვება ამ ფაქტს სამართლდამცავების მხრიდან. 

 

ამ ეტაპზე უცნობია აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე.

სად შოულობენ სტუდენტები ჯიბის ფულს

შოთიკო ნაკაშიძე
შოთიკო ნაკაშიძე

 

შოთიკო ნაკაშიძე: საკმაოდ მხარჯველი ვარ, თუ ჯიბეში ფული მიდევს, ის აუცილებლად უნდა დავხარჯო, დღის განმავლობაში სულ მცირე ათი ლარი მჭირდება, სიგარეტში, ტრანსპორტსა და ლუდში, ლუდის გარეშე ხომ ასეთ სიცხეში შეუძლებელია გაჩერება. უყაირათო ნამდვილად ვარ, ფულს არასოდეს ვაგროვებ, რადგან დღევანდელი დღით ვცხოვრობ! სამწუხაროდ ჯერ არ ვმუშაობ, არც არის შესაძლებლობა, რომ ნორმალურ ადგილას დასაქმდე, ვაკანსიები მხოლოდ მიმტანებზეა, რაც ყველასთვის არ არის მიმზიდველი. ამიტომაც მშობლების კმაყოფაზე ვარ, ამასთანავე აზარტულიც ვარ და ხშირად მიმართლებს კიდეც, შეიძლება ითქვას, თამაშიც ჩემთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ძირითად დროს ვუთმობ სწავლას, სპორტსა და გართობას.  

 

 

ანი მახარაძე
ანი მახარაძე

ანი მახარაძე: სტუდენტი ვარ, ისევე როგორც ყველა სტუდენტს, მეც ბევრი ხარჯი მაქვს, სწავლის გადასახადიც საკმაოდ ბევრია. მე თბილისში ვსწავლობ, შესაბამისად ბინის დაქირავება მიწევს, ამიტომაც მრცხვენოდა ჩემი მშობლების, როცა ჯიბის ფულსაც მათ ვთხოვდი, დღეში მინიმუმ ათი ლარი მჭირდება, გადავწყვიტე მემუშავა. მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ, ახლა სეზონური სამუშაო მაქვს, თბილისში რომ ჩავალ, მინდა რაიმე სტაბილური სამსახური ვიშოვო და ჩემი პროფესიით დავსაქმდე, ჩემს ნაცნობებში რაღაც ნაწილს მაინც „უტყდება“ მიმტანად მუშაობა, სტუდენტებისთვის კი სხვა ვაკანსიის შოვნა ძალიან რთულია. მე ეს პრობლემა არ მაქვს, მინდა მშობლებზე არ ვიყო დამოკიდებული და საკუთარი ჯიბის ფული მქონდეს. 

 

 

 

 

ლაშა მგელაძე
ლაშა მგელაძე

 

ლაშა მგელაძე: ძალიან მხარჯველი ვარ, წინასწარ ხარჯის გაწერა არ მჩვევია, რაც ჩემს მომავალ პროფესიას არ შეეფერება, ფინანსებზე ვსწავლობ. უყაირათობა კი, წესით, ამ პროფესიის ხალხმა ყველაზე ნაკლებად უნდა გამოიჩინოს. სტუდენტი ვარ, დროს სწავლას ვუთმობ, ამიტომ ჯერჯერობით საკუთარი შემოსავალი არ გამაჩნია, მშობლების ხარჯზე მიწევს ცხოვრება. ვეწევი, ამიტომ ყოველდღიურად სიგარეტის ფული მჭირდება. 

საწვავი და მონოპოლისტები

საქართველოში, კომპანია „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანული საწვავი იყიდება, დიზელი2 ლარი და 30 თეთრი ღირს, რაც თითქმის 150 პროცენტით მეტია აზერბაიჯანში არსებულ ფასთან შედარებით.

ფასებს თუ დავაკვირდებით, ნათელი ხდება, რომ საქართველოში ნებისმიერი სახეობის საწვავი, აზერბაიჯანთან შედარებით, მინიმუმ 1 ლარით ძვირი ღირს. ამ „კანონზომიერებას“ მხოლოდ „სუპერი“ არ ემორჩილება.

ორგანიზაცია „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის“ ხელმძღვანელის, ბექა კემულარიას თქმით, საქართველოში საწვავის წარმოუდგენლად მაღალი ფასია, მით უფრო, რომ საწვავის ტრანსპორტირებაში კომპანიები მიზერულ თანხას- ერთ ტონაზე 20 ლარს იხდიან (კემულარიას თქმით, ტრანსპორტირების ფასები საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზეამითითებული). საწვავით ვაჭრობაც ისევე იბეგრება, როგორც მზესუმზირით – 20% საშემოსავლო. გარდა ამისა, საწვავით ვაჭრობისთვის არსებობს აქციზის გადასახადიც – 1 ტონა დიზელზე 150 ლარი, 1 ტონა ბენზინზე – 250 ლარი.

ბექა კემულარიას თქმით, ერთი ლიტრი „რეგულარი“, საერთაშორისო ბაზრის ფასებისშესაბამისად, უნდა ღირდეს არა 2.10, არამედ – 1.70 ლარი, ანუ 40 თეთრით ნაკლები.

რატომ არ იცავს ხელისუფლება მოქალაქეებს მონოპოლისტებისგან და რატომ უქმნის მათ სასათბურე პირობებს? რატომ ღირს აზერბაიჯანში ერთი ლიტრი დიზელი 95 თეთრი და რატომ ღირს იგივე საწვავი 40 კილომეტრის მოშორებით, ანუ საქართველოში, 2.30 ლარი? – „ბათუმელების“ კითხვებსპროფესორი სამართლის საკითხებში, ლევან იზორია პასუხობს:

საქართველოში საწვავის ბიზნესში არსებობს კარტელური შეთანხმება, მონოპოლიები და ოლიგოპოლიები.ეს ფასები იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენთან მონოპოლიური ბიზნესი ერთი პირის ხელშია – ამ ბიზნესს ბატონი კეზერაშვილი დირიჟორობს: 5 კომპანია, რომელსაც საქართველოში შემოაქვს საწვავი, ფასებს ერთდროულ ადადგენს, ანუ კონკურენცია მათ შორის არ არსებობს.

ჩვენთან ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი, კომპანიები ერთ ლიტრ საწვავში საშუალოდ 25-30 თეთრს იგებენ, თუმცა აქვთ უფრო მეტი მოგებაც. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, როცა საერთაშორისო ბირჟაზე ფასი აიწევს, ფასს საქართველოშიც წევენ, მაგრამ როცა ბირჟაზე ფასი დაბლა მოდის, აქ დაწევა ავიწყდებათ. სულ ახლო წარსულში, 3 აპრილიდან, ბირჟაზე საწვავის ფასმა კლება დაიწყო, მაგრამ საქართველოში ფასი გაყინული იყო. მაგალითად, 3 აპრილიდან, როცა ფასი 400 დოლარით დაეცა, საცალო ბაზარზე კლება არ ყოფილა. ამ ორი თვის განმავლობაში საქართველოში კომპანიები ლიტრში 40-45 თეთრს იგებდნენ, რაც წლიურად 300 მილიონიდან ნახევარი მილიარდია.
აზერბაიჯანიდან საწვავის ტრანსპორტირება საზღვრამდე უფასოა. საზღვრიდან ქსელებამდე, სადაც პროდუქცია ნაწილდება, არის 40 კილომეტრი,ანუ ძალიან ახლოა.

რამდენად სანდოა ის ინფორმაცია, რომ ევროპული საწვავი შემოაქვთ, მაგალითად, „ვისოლს“ ან „გალფს“. არსებობს ამის გადამოწმების ბერკეტი?

 

გადამოწმების ბერკეტები პრაქტიკულად არ არსებობს. როდესაც ჩვენ ამ სახის ინფორმაციას ვითხოვთ შემომტანი კომპანიებისგან, არ გვეუბნებიან, ვის რამდენი საწვავი შემოაქვს და რა ფასად. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ჩვენს ქვეყანაში არათუ საწვავის, არამედ წამლის ხარისხიც კი არ კონტროლდება.

მე საერთაშორისო ბირჟაზე არსებული კონკრეტული ფასებით ვსარგებლობ, რასაც ვადარებ ჩვენ ბაზარზე არსებულ ფასს. ამ გამოთვლებით დავადგინე (განსაკუთრებით ეს აზერბაიჯანულ საწვავს ეხება, რომელიც ხარისხით დაბალია და უფრო ნაკლები უნდა ღირდეს), რომ საწვავის საცალო ფასი საქართველოში ყოველთვის 30 თეთრით მეტია საერთაშორისო ფასთან შედარებით… ჩვენთან 5 კომპანიის ქსელში, სინამდვილეში, მხოლოდ აზერბაიჯანული საწვავია განაწილებული, განსაკუთრებით „რეგულარის“ ტიპის. აბა, როგორ შეიძლება „გალფისა“ და „ვისოლის“ ჰქონდეს ევროპული `რეგულარის~ ტიპის საწვავი, რომელსაც აზერბაიჯანული „რეგულარის“ ფასი ექნება?

ეს ყველაფერი – მოცულობა, ფასი, მონოპოლიებს შეთანხმებული აქვთ და ზემოგებაზე მუშაობენ. აზერბაიჯანიდან შემოტანილ საწვავს შეუძლებელია ევროპიდან შემოტანილი საწვავის ფასი ჰქონდეს.

რაც მე ჩამოვთვალე, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით და 4-წლიან სასჯელსითვალისწინებს, მაგრამ აქამდე რეაგირება არ ყოფილა.

აზერბაიჯანში დიზელი ღირს 95 თეთრი, ჩვენთან – 2,30 ლარი. ამ შემთხვევაში ფასთა შორისი სხვაობა თითქმის 150%-ია. ერთი ლიტრი დიზელი რატომ ღირს მაინცდამაინც 2,30 ლარი და არა, ვთქვათ, 3,30.ფასი რა პრინციპით არის აღებული?

საშუალო აქვთ გამოთვლილი. საერთაშორისო ბირჟაზე თუ ფასი 50 დოლარით მატულობს, მაშინ ჩვენთან საცალო გაყიდვაში ფასი 5 თეთრით იზრდება.

 თქვენ თქვით, რომ კეზერაშვილი დირიჟორის როლს თამაშობს საწვავის ბიზნესში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ „გალფის“, „სოკარის“, „ვისოლის“ ერთი ხელი მართავს?

კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, – როგორ გახდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ისეთი შეძლებული, რომ 50%-იან წილს ფლობს „უნი გრუპში“ – „ლუკოილის“ დისტრიბუტორ კომპანიაში ან„გალფში“. ერთი წლის განმავლობაში „გალფიმ“ საცალო ბაზარზე 80-ზე მეტი სადგური გახსნა. თუ არა ხელშეწყობა ხელისუფლებისგან, თუარა მისი მონოპოლიური მდგომარეობა, სხვა ბიზნესი ამას ვერ შეძლებდა.

„სოკართან“ მიმართებაში რა ხდება, ის ხომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიაა?

ამ შემთხვევაში არსებობს შეთანხმება – საქართველო-აზერბაიჯანის მხარე მორიგებულია. თქვენ დღეს აზერბაიჯანიდან საწვავის შემოტანა რომ გინდოდეთ, ვერ შემოიტანთ, – „სოკარს“ აქვს მონოპოლიური მდგომარეობა. მათ შორის შეუძლებელია ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველოში რეალიზებისთვის აზერბაიჯანის გავლით საწვავის შეტანა. ერთადერთი, შეიძლება შემოიტანოთ ტრანზიტისთვის, ანუ საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში წაიღოთ. თავის მხრივ, დასავლეთიდანაც მხოლოდ ოთხ კომპანიასშეუძლია საწვავის შემოტანა.

 ლიცენზიის მიღებისთვის რაიმე შეზღუდვა არსებობს?

ლიცენზია კი არა – ფოთის პორტში იქნება თუ ბათუმის პორტში, იმდენ ხანს გაგაჩერებენ შენი პროდუქციით, იმდენ ჯარიმას დაგაკისრებენ და პრობლემები შეგექმნება საბაჟოზე, რომ პრაქტიკულად აღარ დაინტერესდები მეორედ შემოტანით.

ვინმე კონკრეტულს ხომ ვერ დაასახელებთ, ვისაც ხელოვნური პრობლემები შეუქმნეს? 

მე მქონდა იმპორტიორებთან მსგავსი მცდელობა, მაგრამ სწორედ ამ სახის პრობლემებს წააწყდნენ, – აზრი ცდასაც კი არ აქვს.

 ბენზინი იმდენად ძვირი არ ღირს, რამდენადაც დიზელი, არადა,  აზერბაიჯანში პირიქითაა. ეს რით შეიძლება აიხსნას?

არანორმალურია, დიზელი ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე „რეგულარის“ ტიპის საწვავი. ესეც ვიღაცის მიერ ხელოვნურად დადგენილი ფასია. აი, გლეხებს დიზელის შესაძენი ფული არ აქვთ. ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ჩვენთან აქციზის ფასია მაღალი – 250 ლარი ტონაზე. იბადება კითხვა, თუ სურთ, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს გლეხისთვის, მაშინ რატომ არ უკლებენ აქციზს, ეს ხომ ხელისუფლების ხელშია. აქციზის, ხელოვნურად გაბერილი ტრასპორტირების ფასების, საცალო ბაზარზე ფასის ხელოვნურად გაზრდის მსხვერპლი ხდება უბრალო გლეხი, რომელიც მიწის დასამუშავებლად დიზელს ვეღარ ყიდულობს.

„სუპერი“ აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც ერთი და იგივე ფასი რატომ ღირს?

ამ სფეროში მომხმარებელი ძალიან ცოტაა, აქედან გამომდინარე, დიდი ბრუნვა და მოგებაც არ არის. ყველაზე დიდი ბრუნვა და მოგება„რეგულარზე“ მოდის, ისე როგორც დიზელს მოიხმარენ ბევრს. შესაბამისად,მოგებაც ამ ორ პროდუქტზეამეტი. ამიტომაც ამატებენ რეგულარსა და დიზელზე ფასებს ხელოვნურად. ეს მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ფასის გაზრდა „სუპერზე“, რომელსაც ცოტა მომხმარებელიჰყავს. თანაც სუპერი ჩვენთან, ისე როგორც აზერბაიჯანში, ევროპიდან შემოდის.

“სად წავიდა სკამები?”

ბორის მიქელაძე ვაჟთან ერთად
ბორის მიქელაძე ვაჟთან ერთად

 მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელი  მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადაირჩიეს,   განახლდა მოძრაობის  აჭარის  რეგიონული  შემადგენლობაც.

 

 მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“  სერგო ჯავახიძემ  გადაიბარა, აჭარაში  რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა კი – ბორის მიქელაძემ. ის ამ მოძრაობის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ხელვაჩაურში. მიქელაძე ნოღაიდელის   დროსაც იყო ამ პარტიაში, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის   არჩევნებამდე,  როგორც თავად ამბობს, შტაბი პროტესტის ნიშნად დატოვა.  მას დღეს ყოფილ  თანაგუნდელებთან შეკითხვები აქვს, მაგალითად: „სად წავიდა  შტაბების კუთვნილი     სკამები  და კომპიუტერები“. ავეჯის გარეშე დარჩენილ რეგიონულ შტაბში პოლიტიკური  მოძრაობის ახალი პროგრამაც  არ აღმოაჩნდათ.

 

 ბორის მიქელაძე აბაშიძის დროს „აღორძინების“ მიტინგებზე  აქტიური პირი იყო.  „ვარდების  რევოლუციის“ შემდეგ  უმუშევარი დარჩა. იგი  აბაშიძის დროს  მის ყოფილ დამსაქმებელს,  ცნობილ ბიზნესმენ თენგიზ ბაკურიძეს ბრალდებებს  8 წლის შემდეგ   უყენებს. 

 

 ინტერვიუ ბორის მიქელაძესთან  

 

 

– განხეთქილების  შემდეგ  რეგიონული  თავმჯდომარის პოსტზე  აგირჩიეს,  ნოღაიდელმა ყოფილი თანაპარტიელების  მისამართით განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილისა და ადეიშვილის დაკვეთას ასრულებდნენ. ამ განცხადების ადრესატი თქვენც  ხართ თუ არა?

 

– მოძრაობაში მოხდა განხეთქილება, პრობლემა ფინანსური დავალიანების საკითხია. სასამართლოში არის საქმე, ნელ-ნელა ირკვევა, ვინ იყო დამნაშავე. ბათუმსა და ხელვაჩაურში კარდაკარის თანხები გადასახადია. მე, სხვათაშორის, ამ განხეთქილებამდე ადრე წავედი მოძრაობიდან, შევნიშნე, რომ მსგავსი რამის გაკეთებას აპირებდნენ. მივმართე ბატონ ზურაბსაც, ნუგზარ კაკალაძესაც, რომ თუ თქვენ აპირებთ, რომ ხალხს საქმე გააკათებინოთ და თანხა არ გადაუხადოთ, მაშინ მე ვტოვებ არა მოძრაობას, არამედ შტაბს-მეთქი. რამდენიმე თვის შემდეგ ხალხის უკმაყოფილების შესახებ ტელევიზიით მოვისმინე. ეს იმის ბრალია, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში დანიშნეს ხალხი, რომლებიც თავისთვის აკეთებდნენ ყველაფერს. ქალაქში შტაბს ხელმძღვანელობდა ჯუმბერ  კობალაძე, რომელიც საკრებულოს წევრია, ხოლო ხელვაჩაური უშიშროების ყოფილ თანამშრომელს, დავით სამნიძეს ანდეს. მეტსაც გეტყვით – აჭარაში ჩვენს ოფისებში გვქონდა ყველაფერი, შემდეგ დაიკარგა:  სკამები, კომპიტურები, მაგიდები, საქაღალდეები, ტელევიზორები, დივან-სავარძლები   გაქრა. ვისაც  ვეკითხები, მეუბნებიან –  არ ვიციო.

 

– ვის ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული ინვეტარზე?

– ქობულეთის საკრებულოს მაშინდელი  წევრი ნუგზარ კაკალაძე იყო რეგიონის მასშტაბით ხელმძღვანელი და ფინანსებს ზაზა დავითაძე ხელმძღვანელობდა. რეგიონის მასშტაბით მოძრაობაში ყველაზე წესიერი კაცი გურამ ხოზრევანიძე იყო.

 

– ნოღაიდელმა ჯავახაძისა და მისი  მხარდამჭერების მისამართით თქვა, რომ არიან „ნასედკები“ და აგენტები. ვარაუდობენ, რომ თქვენი მოძრაობა შეიძლება იყოს ხელისუფლებისგან მართული…

 

-ეს პარტია რომ ხელისუფლებასთან იყოს კავშირში, ჩვენ ასე ვიქნებით? ერთი თეთრი არ გვაქვს ოფისში  და სკამი.

  

– ის რომ სკამი და ხელფასები არ გაქვთ, საკმარისი არგუმენტია ამ ვარაუდის გასაბათილებლად?

 

 

–       ჩვენ  ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ და ვაკრიტიკებთ. თუ დამნაშავეა, შეიძლება პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოჯახიდან მეუღლე გაუშვა და შვილები. ბრალდებას ხელისუფლებასთან  თანამშრომლობის შესახებ, სჭირდება ფაქტები და დამტკიცება. მე პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს ნოღაიდელთან, ერთი თვის წინ ვნახე  და ვისაუბრეთ. 

 

– პოლიტიკური საკითხები განიხილეთ? 

 

– ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს, მაგრამ არ დამიჯერებთ და არ მიკითხავს. მეორე დღეს აპირებდა უცხოეთში წასვლას, არ ვიცი, სხვა  პირადი საქმე ჰქონდა,  თუ   ბიზნესს დაუბრუნდა. ყოველდღიური კონტაქტი არ მაქვს. 

 

 

ნოღაიდელის ჩამოცილების შემდეგ საგარეო პოლიტიკის კურსი ხომ არ შეგიცვლიათ, „ედინაი რასიასთან“ გაფორმებული თანამშრომლების ხელშეკრულების შემდეგ თქვენ ოპონენტები პრორუსული ორიენტაციის  მოძრაობად მიგიჩნევდნენ, ამაზე რას იტყვით? 

 

– საგარეო პოლიტიკა ასეთია, რომ ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა  რუსეთთანაც და აშშ-სთანაც. რამდენიმე დღის წინ ბატონი სერგო გამოვიდა ეთერით და იქ გამოიტანა ხელშეკრულება, რომელიც „ედინაია რასიასთან“ ჰქონდა გაფორმებული და ის იყო ასეთი ფორმით: ზურაბ ნოღაიდელმა გააფორმა ხელშეკრულება „ედინაია რასიასთან“ და არა – მოძრაობასთან. ესე იგი, თუ ნოღაიდელი არ იქნება თავმჯდომარე, ეს ხელშეკრულება ბათილია და სერგო ჯავახაძემ ის დახია პირდაპირ ეთერში. 

 

 

– პარტიას  ფინანსურად ვინ ეხმარება? 

 

– სახელმწიფოსგან ვიღებთ დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების შემდეგ. დღეს ისეთი დროა, ხალხს ქუჩაში რომ ვხვდებით,  ხელის ჩამორთმევის გვეშინია და ვინ დაგვაფინანსებს. 

 

 

– ასლან აბაშიძის დროს აღორძინების მიტინგებზე აქტიურობდით. ოპონენტები თქვენს  პოლიტიკურ წარსულს არ გახსენებენ? 

 

 

– მე ვიცავდი ასლან აბაშიძეს, მე უფლება მაქვს ვუჭერდე მხარს   ვინმეს, მაგრამ რაც ჩემზე განხორციელდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს იყო  უკანონობა. 6 მაისს მივედი სამსახურში, მაშინ ბონის ბაზრის დირექტორის მოადგილე და დაცვის უფროსი ვიყავი. ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ მითხრა, რომ  მე ბაბუინი ვარ და სამსახური უნდა დავტოვო, მითხრა, რომ მე დამიჭერდნენ, რადგან გამოვდიოდი მიტინგებზე. ვუთხარი – მე თუ მიტინგზე მივდიოდი,  თქვენ მაგზავნიდით-მეთქი. მაიძულებდა, როგორც მისი ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსს,  წავსულიყავი და სიტყვით გამოვსულიყავი, სამარშრუტო ტაქსს ბენზინს  უსხამდა და აგზავნიდა ხალხს. მე ბაბუინი ვარ და ის არა? აბაშიძის დროს ბაკურიძე ფლობდა სასტუმროებს „ლ ბაკურს“,  „ბონს“,  „წერეთელს“…  ასლანის წასვლის შემდეგ შეიძინა  კინოთეატრი „თბილისი“,  ცირკი,  „დომბიტა“,  აჭარპურის ქარხანა  და აშენებს ახლა სახლს. თენგიზი  გახდა სამმაგად მდიდარი და ბორია მიქელაძემ დაკარგა სახლ-კარი. ესაა სამართალი? 160 ლარი მქონდა ხელფასი, დღე-ღამე ტერიტორიაზე ვიყავი და  შრომის წიგნაკშიც არ ჩამიწერა, 6 მაისს  სახლში წავედი და დამხვდნენ უშიშროების თანამშრომლები, თმა გამითეთრდა და შაქარმა ამიწია. ნახეს, რომ რემონტიც არ მქონდა, შიდა პატიმრობა მქონდა, ცუდად არ მექცეოდნენ მაგრამ გარეთ არ მიშვებდნენ. გამოაცხადეს, რომ ვისაც იარაღი აქვს, უნდა ჩააბაროსო  და მე ეს მოჩენილი ხალხი არ მიშვებდა  გარეთ. იარაღი მართლაც მქონდა, მაქვს ეჭვი, რომ ბაკურიძეს უნდოდა ჩემი დაჭერა, რომ მისი ამბები არ მეთქვა. მე დავურეკე პოლიციელ  ნიაზ დავითაძეს, კანონის თანახმად მოვიდა ის ჩემთან სახლში, ჩაბარების აქტი გაფორმდა და ჩავაბარე იარაღი მას. შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი დაკავება უნდოდათ თურმე. სპეცოპერაცია რომ დაიგეგმა, ოქრუაშვილი გენპროკურორი იყო და უთხრეს, რომ მე იარაღის ჩაბარება მოვასწარი, ისევ ნიაზს აგზავნიდნენ აქტის  ეგზემპლარის გამოსართმევად. ნიაზმა უთხრა მათ, რომ ამ აქტის ათობით ეგზემპლარი მქონდა. მე გადავრჩი დაჭერას, მაგრამ  პოლკოვნიკ კაცს  სამსახური დაატოვებინეს და პენსიასაც არ უნიშნავენ დღემდე.

ავტოავარია ბათუმში

დღეს ავტოავარია მოხდა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. „ნიკორას“ ფურგონი და BMW -ეს ტიპის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, შეჯახების შედეგად დაშავებულები არ არიან.

ქეთი ლაბაძის ფოტო

კობა დავითაშვილის და ჯონდი ბაღათურიას პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს გამოეთიშენ

 ნათია ზოიძე

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია  სამ პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს. ესენია  ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, კობა დავითაშვილის   „ხალხის პარტია“  და  მამუკა  ხიმშიაშვილის  ახლად დაფუძნებული პოლიტიკური სუბიექტი  „სახალხო მოძრაობა.“ 

რეგისტრაციას გაუქმების მიზეზი კი ის არის, რომ ამ პარტიებმა 1 სექტემბრის    დღის 18 საათისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას არ წარუდგინეს პარტიული სია და მაჟორიტარი კანდიდატები. 

კობა დავითაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ ვთქვით, რომ არ ვაპირებდით „ქართულ ოცნებასთან“  კონკურენციას  და სიტყვა შევასრულეთ“. 

„ბათუმელების“ კითხვაზე –  მაშინ რატომ   გაიარა  რეგისტრაცია  პარტიამ უსკოში,  დავითაშვილი ასე პასუხობს:  „იყო საფრთხე, ქართული ოცნება არ გაეტარებინათ  რეგისტრაციაში და მაშინ ჩვენი მეშვეობით მოხდებოდა არჩევნებში მონაწილეობა“. დავითაშვილი  კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პიროვნულად შეუერთდა, ის ბლოკის საპარლამენტო სიაშია. 

ჯონდი ბაღათურია კი მიზეზად რესურსის  საპარლამენტო არჩევნებისთვის  კონცენტრაციას ასახელებს და ასევე  ამბობს, რომ უმაღლესი საბჭო მაინც  უფუნქციოა. „ქართული დასის“ ლიდერი ასევე განმარტავს, რომ  პარტია არ წარადგენს  საპარლამენტო არჩევნებისთვის ბათუმის  ოლქში და „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მურმან დუმბაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.  ის აცხადებს,  რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო  და „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები  არ განახლებულა. 

რატომ გამოეთიშა „სახალხო მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, „ბათუმელებისთვის“ მიზეზი  უცნობი დარჩა. მოძრაობის დამფუძნებელი, მამუკა ხიმშიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

უსკოს ბოლო მონაცემებით  აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატებისთვის 8 პოლიტიკური სუბიექტი აგრძელებს  ბრძოლას: დემოკრატიული სიმართლის პარტია; შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტური პარტია; ახალი მემარჯვენეები; საარჩევნო ბლოკი  ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება;  სამართლიანი საქართველოსთვის; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -მეტი სარგებელი ხალხს; საარჩევნო ბლოკი გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება; კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო. 

უმაღლესი საარჩევნო კომისიას  პარტიული სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გატარებისთვის დრო 6 სექტემბრამდე აქვს.

სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციურ სამართალში

ბათუმი ოლიმპიადის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს, რომელსაც აღნიშნულ სახელმწიფოებში წინ უსწრებდა შიდასაუნივერსიტეტო და შიდარესპუბლიკური შესარჩევი ტურები. ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სახელმწიფო წარმოდგენილია რამდენიმე სტუდენტით. საკონკურსო სტატიათა პრეზენტაციის შედეგების საფუძველზე, ჟიური გამოავლენს ყოველი სახელმწიფოდან ერთ გამარჯვებულს.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ დემატრაშვილის განცხადებით, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების რიცხვი იზრდება, თუ შარშან ხუთი სახელმწიფო იყო წარმოდგენილი, წელს შვიდია და მომავალ წელს კი იმედოვნებენ, რომ ოლიმპიადაში 15-მდე სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ გეოგრაფიით არის მნიშვნელოვანი, არამედ  იმითაც, რომ წარმოდგენილი ნაშრომების თემატიკა ძალზე აქტუალურია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი სარგებლობა როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მაღალია. ველოდებით, რომ იქნება ახალი იდეები, ინოვაციური მიდგომა იქნება განხილული“, – აღნიშნა დემეტრაშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი ოლიმპიადის კოორდინატორია საქართველოს მხრიდან. მისი შეფასებით, საქართველოს საკმაოდ სერიოზული დელეგაცია ჰყავს.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოხდეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარება,  კონსტიტუციური პრაქტიკის გაზიარება, რაც, რა თქმა უნდა, სამომავლოდ იმისი წინაპირობაა, რომ თითოეულმა ქვეყანამ სხვა ქვეყნების მაგალითზე, უფრო და უფრო დახვეწოს კონსტიტუცია თუ კანონმდებლობა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი დავითურის თემაა ,,მთავრობის სოლიდარული პასუხისმგებლობა: შედარებითი ანალიზი და 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“. დავითურის თქმით, ეს ოლიმპიადა მას დიდ გამოცდილებას აძლევს.

არზუ ჰასანოვა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და წელს უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ოლიმპიადაში.

„მე ძალიან მომეწონა ეს ოლიმპიადა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს. ჩემი პრეზენტაციის თემაა „სამართლიანი სასამართლოს უფლება“. ვფიქრობ, რომ ეს ოლიმპიადა ბევრისმომტანი იქნება“, -აღნიშნა ჰასანოვამ.

ოლიმპიადაში მონაწილეთათვის სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები დააწესეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ.

II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის მონაწილეები 5-7 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სტუდენტურ საზაფხულო სკოლაში, სადაც ლექციებს წაიკითხავენ პროფესორ-მასწავლებლები, ოლიმპიადაში მონაწილე სახელმწიფოთა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან

ვის ემუქრება „საშუალო ასაკის“ კრიზისი

  • ქალბატონო რუსუდან, რას უწოდებენ საშუალო ასაკის კრიზისს და რატომ აშინებს ეს ასაკი ადამიანების ერთ ნაწილს?

დღეს დასავლეთში და მთელს მსოფლიოში ახალგაზრდობის კულტია. თუ გინდა, რომ წარმატებული იყო, ახალგაზრდულად უნდა გამოიყურებოდა, ფიზიკურად მიმზიდველი უნდა იყო – შესაძლოა ეს არის ასაკის, დაბერების შიში.

საშუალო ასაკად განიხილება 40-65 წელი. კრიზისის პერიოდი შეიძლება 35 წლის ადამიანს დაუდგეს, შეიძლება 55 წლისას. ზოგადად, საშუალო ასაკის კრიზისთან დაკავშირებით არის სპეციალისტების აზრთა სხვადასხვაობა – ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს სულად არ არის დამსხვრეული იმედების, რაღაც დაღმართის დაწყების პერიოდი და პირიქით, ეს არის აყვავების, ახალი ცხოვრების დასაწყისი, როცა, მართალია, გარკვეული ბიოლოგიური ცვლილებები ხდება, მაგრამ ადამიანი აცნობიერებს თავის ასაკს და მისთვის ეს პრობლემა არ არის.

როდესაც ვსაუბრობთ საშუალო ასაკის კრიზისზე, ამ ტერმინში დებენ უარყოფით შინაარსს, რომ ადამიანი რთულ მდგომარეობაშია. თავისთავად საშუალო ასაკი არის გარდამავალი ეტაპი ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის. ახალგაზრდობა მიდის, მაგრამ ჯერ არ ვართ იმ ასაკში, რომელშიც არიან პენსიონერები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად საშუალო ასაკის კრიზისზე წარმოდგენა არის გადაჭარბებული.

ზოგიერთი მკვლევარი ამას ეძახის მითს საშუალო ასაკის შესახებ. არიან ფსიქოლოგები, რომლებიც არ განიხილავენ ამ ასაკს, როგორც კრიზისულ პერიოდს. ისინი ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული თანმიმდევრობით ხდება რაღაც მოვლენები, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური… როდესაც ამ ასაკამდე მოდის, ის მზად არის გარკვეული ცვლილებისთვის და არ ელოდება, როდის დაატყდება ეს ცვლილებები ერთბაშად. იგი ამას ხვდება მომზადებული.

თუმცა როგორ გაივლის ამ პერიოდს, პირველ რიგში დამოკიდებულია ადამიანზე.

  • რა იცვლება საშუალო ასაკისას ისეთი მნიშვნელოვანი, რაც ადამიანის მდგომარეობას კრიზისულს ხდის?  

განვითარების ყველა ეტაპი ადამიანისგან მოითხოვს ახალ ცოდნას, ახალ უნარს. იცვლება ადამიანის როლი: თუ კი ადრე მასზე მშობლები ზრუნავდნენ, ახლა მან უნდა იზრუნოს მათზე, ამავე დროს სხვა ურთიერთობა ყალიბდება შვილებთან, რომლებსაც აღარ სჭირდებათ ის მზრუნველობა, რაც ადრე იყო საჭირო. ხშირად ეს პერიოდი ემთხვევა ოჯახის ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც შვილები ტოვებენ ოჯახს, მშობლები რჩებიან მარტო – ესეც მოითხოვს სიტუაციის გააზრებას და ახლებურად ცხოვრებას.

ადამიანს აქვს პერიოდი, როცა რაღაც ასაკში თვალს გადაავლებს ცხოვრებას და გარკვეულწილად იმედგაცრუებული რჩება…

ბუნებრივია, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ნახევარი ცხოვრება გაიარა, აღარ არის ახალგაზრდა და შესაბამისად არა აქვს ის შესაძლებლობები, რაც ადრე ჰქონდა, ფიქრობს, რომ ბევრი რამ ვერ გააკეთა  და ამის უკან დაბრუნება, დროში დაწევა შეუძლებელია. გააჩნია, რა მიზნები ჰქონდა ადამიანს დასახული, იმის მიხედვით, რას მიაღწია – ეს ახდენს გავლენას. თუ ვერ მიაღწია ბევრ დასახულ მიზანს, მაშინ იმედგაცრუება უფრო დიდია და შეიძლება ადამიანს დეპრესია დაემართოს.

ეს არის პერიოდი, როცა ადამიანი ფიქრობს, რას მივაღწიე, ვინ ვარ, ის ენერგია, რაც დავხარჯე, ღირდა თუ არა ამ ყველაფრისთვის. რაღაცის გადაფასება ხდება და ადამიანი ფიქრობს – რა ვქნა? საინტერესო ის არის, რომ ხშირად ამ კრიზისის წინაშე დგებიან ისინი, რომლებიც წარმატებულები არიან, სასურველი პროფესია აქვთ, ფინანსურად კარგად არიან, კარგი ოჯახი აქვთ და აი უცებ, არაფერი უნდათ და არაფერი უხარიათ.

  • რა არის გამოსავალი ამ დროს?

მას სჭირდება დრო, მაგრამ ეს ერთ წელზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. შეიძლება მოძებნო სხვა საქმე, გააკეთო ის, რისი გაკეთებაც დიდი ხნის მანძილზე გინდოდა, მაგრამ ვერ მოახერხე. ეს არის ძალიან ინდივიდუალური, პიროვნებაზეა დამოკიდებული, მის ინტელექტზე, ინტერესებზე, ტემპერამენტზეც კი. მაგალითად, სანგვინიკებს, ცნობილია, რომ უფრო ადვილად გადააქვთ კრისული სიტუაციები.

  • საშუალო ასაკის კრიზისის გადატანა კაცებს უფრო უჭირთ თუ ქალებს? არსებობს ასეთი განსხვავება?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საშუალო ასაკის კრიზისი უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ. ქალის ურთიერთობების სფერო გაცილებით ფართოა, ვიდრე – მამაკაცის. გარდა ამისა, ქალისთვის ჩვეულებრივია ვიღაცაზე ზრუნვა, დახმარება და მას ცოტა დრო რჩება იფიქროს ამ თემაზე და დეპრესიაში ჩავარდეს. თუმცა გააჩნია, რა იყო ამ ქალისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ქალი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქმარი და შვილები, ბუნებრივია არ ფიქრობს ამაზე მანამ, სანამ შვილები არ წავლენ სახლიდან. ეს უფრო ხშირად დიასახლისებს ემართებათ, თითქოს უფუნქციოდ რჩებიან, შვილებზე ყოველდღიური ზრუნვა იყო მათი ცხოვრების საზრისი  და ამის გარეშე ცხოვრება თითქოს ცარიელდება. ასეთ ადამიანს მეტი შანსი აქვს, დაემართოს დეპრესია, ვიდრე მას, ვისაც სამსახური აქვს.

ჩვეულებრივ, ჩვენ გვინდა ყველაფერში წარმატებულნი ვიყოთ, ოჯახშიც, სამსახურშიც – ეს ყველაფერი ერთად ძალიან ძნელია, დიდ ენერგიას ითხოვს. თუ ადამიანი ხედავს, რომ ოჯახშიც და სამსახურშიც ვერ არის წარმატებული, ესეც შეიძლება გახდეს დეპრესიის მიზეზი. სხვათა შორის, კვლევებით დადგენილია, რომ დიასახლისები უფრო დეპრესიულები არიან, ვიდრე – დასაქმებული ქალები. გამოდის, რომ ქალი, რომელიც მუშაობს, ორმაგი დატვირთვა აქვს, ზოგადად უფრო კარგად გრძნობს თავს. და რატომ ხდება ეს – თუ დასაქმებულმა ქალმა, მაგალითად, ვერ შეძლო კარგი სადილის მომზადება, ის კონპენსირდება სამსახურში, ანუ სხვაგან აღწევს წარმატებას.”

  • რამდენად სწორია მოსაზრება, რომ საშუალო ასაკის კრიზისის გამო ახალ პარტნიორს ირჩევენ ადამიანები?

ამ ასაკში მამაკაცი ხედავს, რომ ჭაღარა შეეპარა, ფიზიკური შესაძლებლობებიც ისეთი არ არის, ცვლილებები ხდება სექსუალურ ცხოვრებაშიც, ჰორმონებიც მცირდება, მაგრამ მას არაფრით უნდა შეეგუოს აზრს, რომ შევიდა სოლიდურ ასაკში და ეძებს ახალგაზრდა პარტნიორს, რომ საზოგადოებას აჩვენოს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. იგივე შეიძლება მოხდეს ქალის შემთხვევაშიც. თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ასაკის კრიზისი შეიძლება გახდეს ოჯახის დაშლის მიზეზი. თუ მეუღლეებს შორის არ არის ემოციური სიცივე და პრობლემები, ეს არ ხდება.

  •  ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ასაკი ნელ-ნელა ხდება პირობითი ცნება და ადამიანს სულ უფრო მეტ ხანს შეუძლია თავი იგრძნოს ახალგაზრდად. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? 

დაბარების პროცესი გარდაუვალია, ეს ბიოლოგიური პროცესია, მაგრამ ის, თუ რა ასაკში დაბერდები, დამოკიდებულია ადამიანზე. როცა ახალგაზრდა ხარ, არ ფიქრობ იმაზე, რომ დაბერდები და უყურადღებოდ ექცევი შენს სხეულს. მინდა გიამბოთ კვლევის შესახებ, რომელიც ჩაატარეს ორ, 90 წელს გადაცილებული ადამიანების ჯგუფზე. ერთმა ჯგუფმა დაიწყო ვარჯიში, მეორემ – არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ვარჯიშობდნენ, იყო უკეთესი, ვიდრე დანარჩენის. ნებისმიერ ასაკში ამას ეფექტი აქვს. რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ზრუნვას საკუთარ ჯანმრთელობაზე, მით უფრო გვიან მოვა სიბერე. ყოველთვის შეიძლება დროის გამონახვა საკუთარი თავისთვის.

„მოდერნიზებული” მატარებელი თბილისი-ბათუმი

ხშირად გამიგია, დღეს როგორც დაიწყებ, ისეთი იქნება საღამომდეო. ზუსტად ამ განწყობით წავედით ბილეთების ასაღებად. სამწუხაროდ, როცა გვქონდა დაგეგმილი, იმ დროს ვერ წავედით, ბილეთები აღარ იყო. სხვა დღის ბილეთების აღება მოგვიხდა. ამის გამო შეგვექმნა პრობლემა ბინასთან დაკავშირებით. ჩვენი წასვლა გადაიდო რამდენიმე დღით, მაგრამ იმდენად გვიხაროდა წასვლა, ბევრი არ გვინერვიულია.

 

დადგა გამგზავრების დღეც. ბაქანზე მისულებს დაგვხვდა მატარებელი, რომელსაც ნამდვილად ვერ დაარქმევდი მოდერნიზებულს. ვაგონში იდგა საშინელი სუნი. კუპეში შესულებმა არა მოდერნიზებული გარემო, არამედ პირიქით, არაკომფორტული გარემო აღმოვაჩინეთ, კონდიციონერის გამო ძალიან ციოდა. იძულებულები გავხდით, ბარგი ამოგველაგებინა და ჩაგვეცვა. თავზეც კი პირსახოცი გვქონდა ოთხივეს შემოხვეული. რამდენჯერაც გაჩერდა მატარებელი, იმდენჯერ ლამის თავი მივარტყით რაღაცას. მატარებლის მკვეთრი გაჩერების გამო დაძინება შეუძლებელი იყო.

ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მგონი, ბუნებრივია, რომ რამდენიმესაათიანი მგზავრობის დროს ადამიანს მოუნდება ტუალეტში შესვლა, მაგრამ ჩვენი დროის მატარებელში შეუძლებელია ამ ოთახით სარგებლობა. ძალიან სიბინძურეა, ხელის ხლება შეგეზიზღება ყველაფერზე, ისეა.

 

ასე რომ, ჩვენი მგზავრობა „მოდერნიზებული“ მატარებლით დამღლელი აღმოჩნდა. ბათუმში ჩამოსულები, გამოძინებულების მაგივრად, ვიყავით ნატანჯები, ოთხივეს თავი გვტკიოდა.

 

 

მოსაზრებების შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს batumelebi.ge -ს პოზიციას. 

 

Exit mobile version