Batumelebi | საწვავი და მონოპოლისტები საწვავი და მონოპოლისტები – Batumelebi
RU | GE  

საწვავი და მონოპოლისტები

 ეთერ თურაძე 

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნათიქ ჯავადლის ინფორმაციით, ერთი ლიტრი დიზელის საწვავი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 45 კაპიკი, ანუ 95 თეთრი ღირს. რატომ ღირს საქართველოში 1 ლიტრი დიზელის საწვავი 2,3 ლარი, როდესაც საწვავის ეს სახეობა თითქმის ასი პროცენტით აზერბაიჯანიდან შემოდის?ვინ იგებს ამით და ვინ ზარალდება? – გასულ კვირას „ბათუმელები” ამის გარკვევას შეეცადა. 

საქართველოში, კომპანია „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანული საწვავი იყიდება, დიზელი2 ლარი და 30 თეთრი ღირს, რაც თითქმის 150 პროცენტით მეტია აზერბაიჯანში არსებულ ფასთან შედარებით.

ფასებს თუ დავაკვირდებით, ნათელი ხდება, რომ საქართველოში ნებისმიერი სახეობის საწვავი, აზერბაიჯანთან შედარებით, მინიმუმ 1 ლარით ძვირი ღირს. ამ „კანონზომიერებას“ მხოლოდ „სუპერი“ არ ემორჩილება.

ორგანიზაცია „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის“ ხელმძღვანელის, ბექა კემულარიას თქმით, საქართველოში საწვავის წარმოუდგენლად მაღალი ფასია, მით უფრო, რომ საწვავის ტრანსპორტირებაში კომპანიები მიზერულ თანხას- ერთ ტონაზე 20 ლარს იხდიან (კემულარიას თქმით, ტრანსპორტირების ფასები საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზეამითითებული). საწვავით ვაჭრობაც ისევე იბეგრება, როგორც მზესუმზირით – 20% საშემოსავლო. გარდა ამისა, საწვავით ვაჭრობისთვის არსებობს აქციზის გადასახადიც – 1 ტონა დიზელზე 150 ლარი, 1 ტონა ბენზინზე – 250 ლარი.

ბექა კემულარიას თქმით, ერთი ლიტრი „რეგულარი“, საერთაშორისო ბაზრის ფასებისშესაბამისად, უნდა ღირდეს არა 2.10, არამედ – 1.70 ლარი, ანუ 40 თეთრით ნაკლები.

რატომ არ იცავს ხელისუფლება მოქალაქეებს მონოპოლისტებისგან და რატომ უქმნის მათ სასათბურე პირობებს? რატომ ღირს აზერბაიჯანში ერთი ლიტრი დიზელი 95 თეთრი და რატომ ღირს იგივე საწვავი 40 კილომეტრის მოშორებით, ანუ საქართველოში, 2.30 ლარი? – „ბათუმელების“ კითხვებსპროფესორი სამართლის საკითხებში, ლევან იზორია პასუხობს:

საქართველოში საწვავის ბიზნესში არსებობს კარტელური შეთანხმება, მონოპოლიები და ოლიგოპოლიები.ეს ფასები იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენთან მონოპოლიური ბიზნესი ერთი პირის ხელშია – ამ ბიზნესს ბატონი კეზერაშვილი დირიჟორობს: 5 კომპანია, რომელსაც საქართველოში შემოაქვს საწვავი, ფასებს ერთდროულ ადადგენს, ანუ კონკურენცია მათ შორის არ არსებობს.

ჩვენთან ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი, კომპანიები ერთ ლიტრ საწვავში საშუალოდ 25-30 თეთრს იგებენ, თუმცა აქვთ უფრო მეტი მოგებაც. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, როცა საერთაშორისო ბირჟაზე ფასი აიწევს, ფასს საქართველოშიც წევენ, მაგრამ როცა ბირჟაზე ფასი დაბლა მოდის, აქ დაწევა ავიწყდებათ. სულ ახლო წარსულში, 3 აპრილიდან, ბირჟაზე საწვავის ფასმა კლება დაიწყო, მაგრამ საქართველოში ფასი გაყინული იყო. მაგალითად, 3 აპრილიდან, როცა ფასი 400 დოლარით დაეცა, საცალო ბაზარზე კლება არ ყოფილა. ამ ორი თვის განმავლობაში საქართველოში კომპანიები ლიტრში 40-45 თეთრს იგებდნენ, რაც წლიურად 300 მილიონიდან ნახევარი მილიარდია.
აზერბაიჯანიდან საწვავის ტრანსპორტირება საზღვრამდე უფასოა. საზღვრიდან ქსელებამდე, სადაც პროდუქცია ნაწილდება, არის 40 კილომეტრი,ანუ ძალიან ახლოა.

რამდენად სანდოა ის ინფორმაცია, რომ ევროპული საწვავი შემოაქვთ, მაგალითად, „ვისოლს“ ან „გალფს“. არსებობს ამის გადამოწმების ბერკეტი?

 

გადამოწმების ბერკეტები პრაქტიკულად არ არსებობს. როდესაც ჩვენ ამ სახის ინფორმაციას ვითხოვთ შემომტანი კომპანიებისგან, არ გვეუბნებიან, ვის რამდენი საწვავი შემოაქვს და რა ფასად. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ჩვენს ქვეყანაში არათუ საწვავის, არამედ წამლის ხარისხიც კი არ კონტროლდება.

მე საერთაშორისო ბირჟაზე არსებული კონკრეტული ფასებით ვსარგებლობ, რასაც ვადარებ ჩვენ ბაზარზე არსებულ ფასს. ამ გამოთვლებით დავადგინე (განსაკუთრებით ეს აზერბაიჯანულ საწვავს ეხება, რომელიც ხარისხით დაბალია და უფრო ნაკლები უნდა ღირდეს), რომ საწვავის საცალო ფასი საქართველოში ყოველთვის 30 თეთრით მეტია საერთაშორისო ფასთან შედარებით… ჩვენთან 5 კომპანიის ქსელში, სინამდვილეში, მხოლოდ აზერბაიჯანული საწვავია განაწილებული, განსაკუთრებით „რეგულარის“ ტიპის. აბა, როგორ შეიძლება „გალფისა“ და „ვისოლის“ ჰქონდეს ევროპული `რეგულარის~ ტიპის საწვავი, რომელსაც აზერბაიჯანული „რეგულარის“ ფასი ექნება?

ეს ყველაფერი – მოცულობა, ფასი, მონოპოლიებს შეთანხმებული აქვთ და ზემოგებაზე მუშაობენ. აზერბაიჯანიდან შემოტანილ საწვავს შეუძლებელია ევროპიდან შემოტანილი საწვავის ფასი ჰქონდეს.

რაც მე ჩამოვთვალე, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით და 4-წლიან სასჯელსითვალისწინებს, მაგრამ აქამდე რეაგირება არ ყოფილა.

აზერბაიჯანში დიზელი ღირს 95 თეთრი, ჩვენთან – 2,30 ლარი. ამ შემთხვევაში ფასთა შორისი სხვაობა თითქმის 150%-ია. ერთი ლიტრი დიზელი რატომ ღირს მაინცდამაინც 2,30 ლარი და არა, ვთქვათ, 3,30.ფასი რა პრინციპით არის აღებული?

საშუალო აქვთ გამოთვლილი. საერთაშორისო ბირჟაზე თუ ფასი 50 დოლარით მატულობს, მაშინ ჩვენთან საცალო გაყიდვაში ფასი 5 თეთრით იზრდება.

 თქვენ თქვით, რომ კეზერაშვილი დირიჟორის როლს თამაშობს საწვავის ბიზნესში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ „გალფის“, „სოკარის“, „ვისოლის“ ერთი ხელი მართავს?

კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, – როგორ გახდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ისეთი შეძლებული, რომ 50%-იან წილს ფლობს „უნი გრუპში“ – „ლუკოილის“ დისტრიბუტორ კომპანიაში ან„გალფში“. ერთი წლის განმავლობაში „გალფიმ“ საცალო ბაზარზე 80-ზე მეტი სადგური გახსნა. თუ არა ხელშეწყობა ხელისუფლებისგან, თუარა მისი მონოპოლიური მდგომარეობა, სხვა ბიზნესი ამას ვერ შეძლებდა.

„სოკართან“ მიმართებაში რა ხდება, ის ხომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიაა?

ამ შემთხვევაში არსებობს შეთანხმება – საქართველო-აზერბაიჯანის მხარე მორიგებულია. თქვენ დღეს აზერბაიჯანიდან საწვავის შემოტანა რომ გინდოდეთ, ვერ შემოიტანთ, – „სოკარს“ აქვს მონოპოლიური მდგომარეობა. მათ შორის შეუძლებელია ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველოში რეალიზებისთვის აზერბაიჯანის გავლით საწვავის შეტანა. ერთადერთი, შეიძლება შემოიტანოთ ტრანზიტისთვის, ანუ საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში წაიღოთ. თავის მხრივ, დასავლეთიდანაც მხოლოდ ოთხ კომპანიასშეუძლია საწვავის შემოტანა.

 ლიცენზიის მიღებისთვის რაიმე შეზღუდვა არსებობს?

ლიცენზია კი არა – ფოთის პორტში იქნება თუ ბათუმის პორტში, იმდენ ხანს გაგაჩერებენ შენი პროდუქციით, იმდენ ჯარიმას დაგაკისრებენ და პრობლემები შეგექმნება საბაჟოზე, რომ პრაქტიკულად აღარ დაინტერესდები მეორედ შემოტანით.

ვინმე კონკრეტულს ხომ ვერ დაასახელებთ, ვისაც ხელოვნური პრობლემები შეუქმნეს? 

მე მქონდა იმპორტიორებთან მსგავსი მცდელობა, მაგრამ სწორედ ამ სახის პრობლემებს წააწყდნენ, – აზრი ცდასაც კი არ აქვს.

 ბენზინი იმდენად ძვირი არ ღირს, რამდენადაც დიზელი, არადა,  აზერბაიჯანში პირიქითაა. ეს რით შეიძლება აიხსნას?

არანორმალურია, დიზელი ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე „რეგულარის“ ტიპის საწვავი. ესეც ვიღაცის მიერ ხელოვნურად დადგენილი ფასია. აი, გლეხებს დიზელის შესაძენი ფული არ აქვთ. ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ჩვენთან აქციზის ფასია მაღალი – 250 ლარი ტონაზე. იბადება კითხვა, თუ სურთ, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს გლეხისთვის, მაშინ რატომ არ უკლებენ აქციზს, ეს ხომ ხელისუფლების ხელშია. აქციზის, ხელოვნურად გაბერილი ტრასპორტირების ფასების, საცალო ბაზარზე ფასის ხელოვნურად გაზრდის მსხვერპლი ხდება უბრალო გლეხი, რომელიც მიწის დასამუშავებლად დიზელს ვეღარ ყიდულობს.

„სუპერი“ აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც ერთი და იგივე ფასი რატომ ღირს?

ამ სფეროში მომხმარებელი ძალიან ცოტაა, აქედან გამომდინარე, დიდი ბრუნვა და მოგებაც არ არის. ყველაზე დიდი ბრუნვა და მოგება„რეგულარზე“ მოდის, ისე როგორც დიზელს მოიხმარენ ბევრს. შესაბამისად,მოგებაც ამ ორ პროდუქტზეამეტი. ამიტომაც ამატებენ რეგულარსა და დიზელზე ფასებს ხელოვნურად. ეს მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ფასის გაზრდა „სუპერზე“, რომელსაც ცოტა მომხმარებელიჰყავს. თანაც სუპერი ჩვენთან, ისე როგორც აზერბაიჯანში, ევროპიდან შემოდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე